რა შესაძლო ვარიანტებს ამუშავებს გამოძიება ცოტნე გამსახურდიას დაჭრასთან დაკავშირებით?

19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს _ ცოტნე გამსახურდიას. დღესდღეობით სულ დაკავებულია 5 პირი. ჯერ შსს-ს ოფიციალურ ვერსიას მოგაწვდით და შემდეგ ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ, თუ რას იძიებს კონკრეტულად საგამოძიებო კრიმინალისტთა ჯგუფი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს: 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. _ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 4 პირი _ 1990 წელს დაბადებული თ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ს., 1982 წელს დაბადებული პ.ყ. და 1973 წელს დაბადებული კ.ჩ. _ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ.ღ.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, ცოტნე გამსახურდიას, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირები სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს _ 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით“.
„ქრონიკა+“-მა ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, თუ რა შესაძლო ვარიანტებს ამუშავებს გამოძიება.
2009 წლის 29 ოქტომბერს პოლიციამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია დააკავა. ცოტნე გამსახურდია ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2008 წლის ნოემბრიდან იძებნებოდა და ბრალად ედებოდა კონსტიტუციური წყობილების დასამხობად შეთქმულებაში მონაწილეობა. რაც მთავარია, მას 1999 წელს მაღლაკელიძის დაჭრაც გაუხსენეს. თუმცა ძირთადი აქცენტი დავით ბაჯელიძის მკვლელობის მცდელობაში ედებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტნეს ადვოკატ ქეთი ბექაურს უტყუარი მტკიცებულბები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამსახურდიას დავით ბაჯელიძის დაჭრასთან არაფერი აკავშირებდა (ეს უკნასკნელი მისი მეზობელი და მეგობარი იყო), პოლიციამ ეს გარემოება არ გაითვალისწინა.
ახლა კი ყურადღებით! გთავაზობთ ცოტნე გამსახურდიას დაცვის მხარის ჩვენებას იმ ინციდენტთან დაკავშირებით:
„28 ოქტომბერს დაზარალებული თავად ცოტნე გამსახურდიაა. როგორც მან მითხრა, საღამოს შინ ბრუნდებოდა, კოლხურ კოშკთან მისულს უკნიდან ვიღაც მიეპარა და მძიმე საგანი ჩაარტყა თავში. მან გონება დაკარგა და დაეცა. სახლში მოგვიანებით მოვიდა გონს და არაფერი ახსოვს. ცოტნე უდანაშაულოა, არ გამოვრიცხავ, ეს მორიგი პროვოკაცია იყოს. შემთხვევის ადგილიდან იარაღი ამოღებული არ არის. ნაპოვნია მხოლოდ მასრა და ტყვია, მაგრამ ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, ერთი და იგივე იარაღიდან არის ნასროლი თუ არა. არც დაზარალებულ დავით ბაჯელიძის ჩვენება ჩანს სადმე. საქმეში არსებობს მხოლოდ მოწმის ირიბი ჩვენება. გამსახურდიას წინააღმდეგ ჩვენებას იძლევა მეზობელი, რომელიც წლების განმავლობაში კოლხურ კოშკს ძარცვავდა. გამსახურდიას ხელზე აღმოჩენილი დენთის კვალი კი ვერ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას“.
ყველას კარგად ახსოვს, როგორ გამოაცხადა მაშინ ცოტნე გამსახურდიამ განთავისუფლების მოთხოვნით იზოლატორში შიმშილობა. პირველი პრეზიდენტის შვილს ესეც არ აკმარეს _ ციხეში ყოფნისას ოზურგეთელმა გივი ბაჯელიძემ ცოტნე გამსახურდია შვილის, კახა ბაჯელიძის მკვლელობაში დაადანაშაულა, რომ ვითომცდა, როდესაც 2001 წელს კახა ბაჯელიძე ბულგარეთში წავიდა, ცოტნე ამ დროს მოსკოვში იყო. კახამ მას ფული გაუგზავნა და ცოტნე ბულგარეთში ჩაიყვანა. ბაჯელიძეების ოჯახის წევრების თქმით, ბულგარეთში კახა ბაჯელიძის ნაქირავებ ბინაში ცოტნე გამსახურდიასა და კახა ბაჯელიძის გარდა, კიდევ სამი პირი ცხოვრობდა, მაგრამ მკვლელობას ცოტნეს აბრალებდნენ. არადა, ბულგარელ სამართალდამცველებს ჩვენება აქვთ შავით თეთრზე, სადაც წერია, რომ ბიჭებს მეძავები ჰყავდათ აყვანილი, რომლებმაც ისინი გაძარცვეს და კახაც დაჭრეს.
გამოძიება დეტალებს არ ახმაურებს, მაგრამ მოკვლევა რამდენიმე მიმართულებით მიდის.
რაც შეეხება თავად ცოტნე გამსახურდიას, ყველაფერი დამთხვევას დავაბრალოთ, მაგრამ არც ის გვაწყენს გავიხსენოთ, თუ რას წერდა პირველი პრეზიდენტის შვილი დაჭრის წინ.
ცოტნე გამსახურდიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული 14 დეკემბრის განცხადებიდან დავიწყებ:
„ციხეში რომ ვიყავი, როდესაც მძიმე ავადმყოფებს ვეხმარებოდი და მათ გამო კონფლიქტი მქონდა ადმინისტრაციასთან, ე. წ. მაყურებლები, ბოზბანდა მეუბნებოდა: რა იყო, შენ არაფერი გაგიჭირდება, რას იწუხებ ამ ვიღაც გლდანის ციხის „შკონკის“ ქვეშ ნაგდები ფარჩაკებისთვის თავსო. შენ გამო მერე ის ადმინისტრაცია ჩვენ შეგვავიწროებსო! იმაზე მომაგონდა, ნაძირალა „ქოცები“ რომ ვაჟა გაფრინდაშვილს აგინებენ, პროვოკაცია მოუწყო ჩვენს მშობლიურ ხელისუფლებას და იმიტომ გადავიდა იქით მხარესო. ამ ჯიშის „ბიდლოსთვის“ კაცთმოყვარეობა უცხოა, სიბრალული, სხვისი მდგომარეობის გათავისება ამათი ტვინის ქერქს არ ძალუძს, ესენი მხოლოდ საკუთარი უკანალის ტემპერატურით გრძნობენ სამყაროს…“
16 დეკემბერი:
„სწორედ ერთი წლის წინ, მე და ჩემმა უფროსმა ძმამ, კონსტანტინემ, დავიწყეთ შიმშილობის აქცია მთავარ პროკურატურასთან, ამ ბოროტების ბუდესთან, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით. მართალია, პარლამენტმა ხუთი წლით გააგრძელა ამ საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა კანონში ცვლილებით, მაგრამ, მიუხედავად დაპირებებისა, ბიძინე ივანიშვილის ჩინურ ფანტომასს, ვინმე თადუმაძეს, ამ საქმის გამოსაძიებლად არაფერი გაუკეთებია. პირიქით, ყველანაირად ცდილობს მკვლელებისთვის ხელის დაფარებას!“
18 დეკემბერი:
„ერთი ძღ…რი დაუწერეთ ქალბატონ თეას. მოღალატური განცხადებები, გმირი თანამოქალაქეების ოჯახის გინება გამოხატვის თავისუფლება ყოფილა, ხოლო კონფორმიზმი და მონობა _ მისასალმებელი საქციელი. პატრიოტები და პრინციპული ადამიანები პროვოკატორები და სულელები არიან და ვინც საკუთარი ჯამის იქით არ იყურება, ისინი _ „გენეტიკურად ჭკვიანები!“ ნაგავი, სახელად „ქართული ოცნება“…
იგივე თარიღი:
„რამდენმა ბავშვმა დატოვა ასე სკოლა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო? რამდენს დაენგრა ბავშვური ოცნება, რამდენს ჩაუქრა შუქი თვალებში? აქ რომ ვწუხვართ და ვტირით, რას გავაკეთებთ მათ დასახმარებლად? დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ხედავს ჩემს ნაწერს, რომ ვნახოთ ასეთი ბავშვები, ვისაც მართლა ექნება სწავლის სურვილი და არა წამხედურობის, ათ ლარს რამდენი გაიღებთ წელიწადში ამ 30 ათასიდან? ბავშვების ქცევასა და მოსწრებას გავაკონტროლებდით, დირექტორებიც წამოვიდოდნენ შეღავათებზე, ასე მგონია. იშვიათად, ფაქტობრივად, ვერ ვიხსენებ წლების მანძილზე, რომ მე ვინმეს დავლაპარაკებოდი საქართველოში სოციალურად სასარგებლო საქმეზე და ვირზე შემჯდარიყო, ასეთი ჩათლახი ხალხიც არ ვართ, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციებისა…“
19 დეკემბერი:
„მეზიზღება ეს დედამოტ…ნული ჯგრო თავისი ძაღლებით, ღორმუცელა მღვდლებით, ფარისეველი, კორუმპირებული მთავრობით, „პრაშმანდოვკა“ ელიწით და ლაქუცა ბიზნესმენებით!“
ახლა კი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს რაც შეეხება. აი, რას წერდა გამსახურდია მის „დაბრუნებასთან“ დაკავშირებით:
„ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში ისმის კითხვა, _ რატომ, რა მიზნებით, რა ფაქტორების გამო დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი? ყველას გვახსოვს მისი წლების წინათ გაკეთებული განცხადება, რომ თუ რაიმე კატასტროფული არ მოხდა, ის არ დაბრუნდება და მისი მოსვლა ქრისტეს მეორედ მოსვლასაც კი შეიძლება შევადაროთ. მაშ, რასთან გვაქვს საქმე, რატომ მიატოვა საკუთარი ფინანსური იმპერია და კვლავ დაუბრუნდა ქართულ პოლიტიკას?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ივანიშვილი არ მოსულა სახელმწიფო მართვის სისტემაში: ის საკუთარ პარტიას დაუბრუნდა, გახდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, ადვილი გამოსაცნობია, რომ მას საქვეყნო მიზნები და ჩვენზე დარდი კი არა, საკუთარი პარტიული სტრუქტურის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნები ამოძრავებს. არავითარი ოფიციალური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მას რეალურად არც ახლა აუღია.
ზღაპარია ისიც, რომ ივანიშვილი დასავლეთმა ან სხვა გარე ძალის ცენტრმა აიძულა დაბრუნებულიყო. დასავლელი მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნები და ორგანიზაციები რახანია სხვადასხვა ფორმით აკრიტიკებენ მის არაფორმალურ მმართველობას და ამ პარტიული ფარდის მიღმა მოვლენას მხარს არ დაუჭერდნენ.
ვფიქრობ, საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნება“, რომელმაც 2016 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, სულ რაღაც, 23% მიიღო და ისიც მაჟორიტარული სისტემის მაქინაციების წყალობით, სერიოზულ კრიზისს განიცდის. დღეს ეს 23%-იც, რეალურად, განახევრებულია, თუ უფრო ნაკლები არა, და კობახიძე-ზარდიაშვილი-თალაკვაძის ყიყინით ფონს რომ ვერ გავლენ, ამას ივანიშვილი კარგად ხვდება. პოლიტიკურად გამოუცდელი და პიროვნულად უავტორიტეტო ბიჭბუჭების იმედად ყოფნას ის აღარ აპირებს. მხარდამჭერთა რაოდენობა კატასტროფულად შემცირებულია, ხოლო რაც უფრო მცირეა ჯგუფი, რომელიც ცდილობს მოიპოვოს კონტროლი უმრავლესობაზე, მით მეტია პოლიტიკური დაძაბულობა და სავარაუდო მძიმე შედეგები. რამდენიმე თვეში საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელსაც, მართალია დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს საარჩევნო ციკლებში, მაგრამ სერიოზული სიმბოლური დატვირთვა აქვს შინაც და გარეთაც: მათი სამარცხვინოდ წაგება 2020 წლისთვის პოლიტიკური განაჩენი იქნება. ხალხში რეალური იმედი და შესაძლებლობა გაჩნდება დისკრედიტებული და კორუმპირებული „ქოცების“ მოშორებისა.
დღეს ივანიშვილს დიახაც ბევრი აქვს დასაკარგი და ესაა მისი „მეორედ მოსვლის“, კატასტროფის მიზეზი: დამშეული, მოტყუებული, იმედგაცრუებული 90% უკიდურეს მდგომარეობამდეა მისული. თავად შეიძლება გაასწროს, მაგრამ დაკარგავს უზარმაზარ პირად ქონებას და გამწარებული მასა მის თავხედ, უცხვირპირო მონებს ხეებზე ჩამოკიდებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, საკუთარი პარტიის რიგებში მეტი დისციპლინა და მობილიზაცია შეიტანოს, რათა შეძლოს ძალაუფლების შენარჩუნება. ესაა და ეს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნებას“ ვეღარაფერი უშველის. ამათი ზღაპრებისა და დემაგოგიის დამჯერებელი, მონების მცირე ნაწილის გარდა, აღარავინაა. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? გავაგრძელოთ ძიება, დისკუსია, მცდელობა, იქნებ 2020 წელს მაინც ამოვიდეთ ერთპარტიული მმართველობიდან და ამ ერთმა მუჭა ერმა ბოლო-ბოლო მოვახერხოთ საუკეთესო წარმომადგენლების _ თუნდაც სხვადასხვა პოზიციაზე მყოფთა _ წინ წამოწევა საერთო მიზნებისთვის. თუ საერთოდ გვინდა პლანეტის სცენაზე დარჩენა“, _ წერს გამსახურდია.

12 წლის ბიჭი იყო ცოტნე, ჩეჩენ „ბოევიკებს“ კარტში რომ უგებდა. მამამისი ხუმრობდა, „ჩემს ჩეჩენ „ბოევიკ“ დაცვას ეშინია ამ ლაწირაკისო!“

თამარ როსტიაშვილი