რა შემთხვევაში დათანხმდება „ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს?!

მმართველი პარტია კვლავ უარს ამბობს რიგგარეშე არჩევნებზე. მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე ოპოზიციონერი უკვე შეიტყუეს პარლამენტში,  ხოლო ელისაშვილი და ირაკლი კობახიძის კურსელი, ლევან იოსელიანი ფაქტიურად ჯიბეში უზით, მათ ხმაში ძველებური ფოლადი აღარ იგრძნობა.

საქმე იმაში გახლავთ რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკელებს დაპირდა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით დანიშნავდა რიგგარეშე არჩევნებს და ამას იმ შემთხვევაში გააკეთებდა, თუ მსხვილი პოლიტიკური პარტიები პარლამენტში არ შევიდოდნენ. საუბარია ნაციონალურ მოძრაობაზე, „ევროპულ საქართველოზე“, „ლელოზე“ და „სტარტეგია აღმაშენებელზე“.

აღნიშნული პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში არ შედიან. მათგან ჯერ არავინ შესულა. ვიღაცებს კი აქვთ საკანონმდებლო ორგანოში წამოჯდომის სურვილი, მაგრამ ხალხის რისხვის ეშინიათ. დანებებას არც მმართველი პარტია აპირებს. „ოცნების“ ემისრები კულუარულად მართავენ ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს და ცდილობენ რამენაირად პარლამენტში შეიყვანონ.

ბარიერგადალახული პარტიების თითქმის ყველა წევრმა დაწერა განცხადება, რომ მათ დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს. „ქართული ოცნება“ მათთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ჩქარობს. იმედი აქვთ რომ ნაციონალური მოძრაობიდან რამდენიმე კაცს შეიტყუებენ. მერე უკვე თამამდ იტყვიან რომ პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არის წარმოდგენილი და რიგგარეშე არჩევნების თემაც მოიხსნება.

ამით „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას კიდევ რამდენიმე წლით შეინარჩუნებს. და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ თავისი მომხრეები, რომლებსაც დაპირდნენ რომ ნაციონალურ მოძრაობას დაამთავრებდნენ. დამთავრების ნაცვლად ნაცებს ემუდარებიან პარლამენტში შემოდითო. ჩინური ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეც კი აღარ აყრის ქოქოლას ოპოზიციას.

კულუარული მოლაპარაკებები ცალკეულ ოპოზიციონერებთან ისევ გრძელდება. ვნახოთ შეაბამენ თუ არა ვინმეს დეპუტატის მანდატს.

ამასობაში ოპოზიცია პროტესტის გამწვავებას აანონსებს. ჯერ ისევ საახალწლო სუფრასთან სხედან. თებერვალში ვალენტინობაზეც ასწევენ ერთ-ორ ჭიქას და მერე თუ კიდევ რაიმე დღესასწაულები არ იქნა, გარეთ გამოვლენ.

რამდენად დაუდგება მათ საზოგადოება გვერდით, ეს უკვე სხვა საკითხია. სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი ფანგანის ამბავმა ყველა დააფიქრა, ღირს კი ამ ოპოზიციისს გვერდით დგომა, რომელიც მზადაა გადაგიაროს იმისთვის, რომ ვიღაცას თავი კონსტრუქციულად მოაჩვენოს.

ვინც არ იცით გეტყვით, რომ ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა ირაკლი ჩავლეიშვილს. რომელიც გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ პარტიული სიით მოხვდა აჭარის უმაღლეს საბჭოში. ოპოზიცია არც აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის, ჩავლეიშვილი კი შვიდა.

შორენა მარსაგიშვილი