რა გახდა წიწამურთან წყალსადენზე ავარიის გამომწვევი მიზეზი _ სამსახურებრივი გულგრილობა თუ კორუფცია?
თამუნა მჭედლიშვილი
დედაქალაქის რამდენიმე რაიონს, დაახლოებით, 70 ათასზე მეტ აბონენტს, სასმელი წყალი უკვე მრავალი დღეა, არ მიეწოდება. შექმნილ მძიმე სიტუაციას ამძაფრებს ზაფხულის ცხელი დღეები, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა და მოცემულობას კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის მოსახლეობისთვის.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ოფიციალური განცხადება 16 ივნისს გააკეთა და მოსახლეობას აცნობა, რომ „სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. აღნიშნული წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება. იმისთვის, რომ მოსახლეობას ეტაპობრივად მივაწოდოთ სასმელი წყალი, კომპანია ალტერნატიული გზებით რეზერვუარების შევსების გეგმაზე მუშაობს. აღნიშნულ პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის“.
ფაქტია, ბოდიში ვერ შველის და უშველის უწყლოდ დარჩენილ დედაქალაქს. კითხვებს, რომლებსაც ლეგიტიმურად ითხოვს მოსახლეობა, აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი.
რა მოხდა რეალურად სოფელ წიწამურში? ვინ არის დამნაშავე _ სახელმწიფო თუ კომპანია, რომელსაც აქვს ლიცენზია და ვალდებულია, 24-საათიანი მომარაგებით უზრუნველყოს მოსახლეობა სასმელი წყლით? რა როლს თამაშობს შექმნილ ვითარებაში გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურისა და მცხეთის რაიონის მუნიციპალური სამსახურის პასუხისმგებლობა? აქვს თუ არა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და საკმარისი სამარაგე რეზერვუარები GჭP-ის აბონენტების 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად რამდენიმე კვირის განმავლობაში? რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი _ სამსახურებრივი გულგრილობა თუ კორუფცია? ვინ არის მთავარი დამნაშავე? _ სწორედ ამ თემების ირგვლივ გაზეთი „ქრონიკა+“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილ წევრს, იურისტ ირაკლი აბესაძეს:
_ ბატონო ირაკლი, უკვე ერთი კვირაა, რაც დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარს სასმელი წყალი საერთოდ არ აქვს ან შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. სოფელ წიწამურთან ნაყარი მიწის ჩამოშლამ მთავარი წყალმომარაგების მაგისტრალური მილი დააზიანა. კომპანია GჭP-ის განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა და შექმნილი საგანგებო სიტუაციის რეგულირება. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისში შექმნილ მძიმე ვითარებაზე?
_ შემთხვევა, როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი _ 10 ათასობით ოჯახი, აბონენტი დარჩა უწყლოდ ფაქტობრივად რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს არის ძალიან ნათელი და მკაფიო მაგალითი სახელმწიფო უწყებების უპასუხისმგებლობის, მთლიანი სახელმწიფო სტრუქტურების მოშლილობისა და მაღალი ალბათობით _ კორუფციის! რატომ? _ ვსაუბრობთ მაგისტრალურ წყალდსადენზე, რომლის დაცვაც სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა. გარდა იმისა, რომ თავად მაგისტრალურ წყალსადენზე არ შეიძლება მსგავსი ნარჩენების დაყრა, მას თავისი გასხვისებისა და დაცვის ზოლი აქვს _ რამდენიმე ათეული მეტრი აქეთ-იქით, რათა ავარიის შემთხვევაში დროულად იყოს შესაძლებელი მისვლა და სამუშაოების ჩატარება. მით უმეტეს, დაუშვებელია მასზე რამე მასალის დაყრა და მსგავსი ტიპის ავარიის გამოწვევა.
_ ვის ბრალეულობასა და პასუხისმგებლობას ხედავთ, სახელმწიფოსი თუ კომპანიის?
_ თავიდან დაბნეულობა გამოიწვია ამ კითხვამ. შემხვდა რამდენიმე კომენტარი, სადაც, მათ შორის, წყალმომარაგების კომპანიასაც ადანაშაულებდნენ… პირველ რიგში, აღვნიშნოთ, რომ „ჯი-ვი-პი“, ისევე როგორც სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები, ამ ქვეყანაში იხდის გადასახადებს, რათა სახელმწიფომ თავისი ფუნქცია შეასრულოს და იქ, სადაც კერძო კომპანიის ქონება არის დასაცავი, სწორედ სახელმწიფომ გაწიოს შესაბამისი ზედამხედველობა და კონტროლი. თავად „ჯი-ვიპ-ის“ თანამშრომლებსაც, რომლებსაც ალბათ არაერთხელ გაუვლიათ ამ გზაზე, შეეძლოთ აღნიშნული პრობლემის შემჩნევა… მათ უნდა მიემართათ თხოვნით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, გამოეჩინათ ყურადღება… მაგრამ ეს არ არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენაზე. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ეს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს ეკისრება _ პირველ რიგში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის დეპარტამენტს.
_ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა, _ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე…
_ რაც შეეხება თავად შსს-ს განცხადებას, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე აღძრა, პირდაპირ ამტკიცებს, რომ ამ შემთხვევაში სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების მინიმუმ დანაშაულებრივ გულგრილობაზე არის საუბარი, თუ აღარ ვისაუბრებთ ქრთამის აღებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენების თაობაზე.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორი მუხლით: ეს არის სხვისი ქონების დაზიანება და უკანონო ქმედებით გარემოსთვის ზიანის მიყენება. ორივე მუხლი არის მიმართული იმ პირების მიმართ, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენები თუ სხვა ინერტული მასალები დაყარეს და, ფაქტობრივად, უნებართვო ნარჩენების საყრელი სივრცე მოაწყვეს… მაგრამ არაფერია ნათქვამი ამ მუხლებში თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის შესახებ. ეს მაშინ, როდესაც თავად სისხლის სამართლის კოდექსის 306-ე მუხლი _ გარემოსთვის ზიანის მიყენება _ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომას მაშინ, როდესაც პირს ერთხელ მაინც დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ე. ი. ადმინისტრაციული ორგანოებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ ამ ადგილზე ხდებოდა სისტემატურად ნარჩენების უკანონო და უნებართვო განთავსება. ეს რომ ასე იყო, ამას ადასტურებს ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, _ ქალაქ მცხეთის რაიონის გამგეობამ დაადასტურა, რომ ერთი წლის წინათ სწორედ ამ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ნარჩენების დაყრისთვის ჯარიმა გახლდათ გამოწერილი.
ისიც აღვნიშნით, რომ ეს მილიონობით კუბმეტრი ნაყარი მიწა და სამშენებლო ნარჩენი არ არის ერთ ღამეში დაყრილი, სახელმწიფოს ამის გაკონტროლება რომ ვერ მოესწრო. ეს არის წლების განმავლობაში დაყრილი ნარჩენი. ეს იყო პრობლემა, რომელიც გროვდებოდა წლების მანძილზე და ბოლოს მიგვიყვანა ამ უმძიმეს შედეგამდე. თუკი მინიმუმ ერთი წლის წინათ სახელმწიფოსთვის ცნობილი გახლდათ ამ ადგილზე ნარჩენების უკანონო დაყრის შესახებ, რისთვისაც ადმინისტრაციული ჯარიმა გამოწერა, მაშინ ასევე კანონის პირდაპირი მოთხოვნაა ისიც, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის დროს მხოლოდ ჯარიმა არ არის გათვალისწინებული. ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, სავადებულოა წარმოქმნილი ზიანის გამოსწორება. ამიტომ სახელმწიფო ვალდებული იყო, მიეთითებინა და დაევალდებულებინა ის პირი, ვის მიმართაც გამოწერა ჯარიმა, რომ აღნიშნული ნარჩენები ამ ადგილიდან გაეტანა. თუკი ის ამას არ გააკეთებდა, საკუთარი ძალებით გაესუფთავებინა ტერიტორია და შემდგომ მოეთხოვა ანაზაღაურება გაწეული სამუშაოებისთვის იმ კერძო პირისთვის, ვის მიმართაც ჯარიმა გამოიწერა.
_ საბოლოო ჯამში, რა მივიღეთ?
_ საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რომ სახელმწიფო, ერთი მხრივ, გვეუბნება, _ ვიცოდი, რომ აქ ნარჩენები იყრებოდაო. შესაბამისად, შეუძლებელია ამტკიცონ, რომ არ იცოდნენ იქ მაგისტრალური წყალსადენის შესახებ და არაფერს აკეთებდა ამ შესაძლო ავარიის თავიდან ასაცილებლად… ამას ცალსახად იურისტობაც არ სჭირდება. ეს არის სისხლის სამართლის წესით ჩადენილი დანაშაული, მინიმუმ, სამსახურებრივი გულგრილობა. ე. ი. არ ასრულებ პირდაპირ შენზე დაკისრებულ მოვალეობას, გარემოსთვის მიყენებული ზიანი რომ გამოსწორდეს, რომლის შესახებაც შენთვის ცნობილია, და ამ კანონიერ ვალდებულებას არ ასრულებინებ სამართალდამრღვევს, ამას შედეგად მოსდევს ის მძიმე ზიანი, რომელიც გამოიხატა როგორც კერძო კომპანიისთვის მიყენებულ მრავალმილიონიან ზარალში, ისე მოსახლეობისთვის მიყენებულ უმძიმეს ზიანში (რამდენიმე კვირიანი თუ თვიანი პერიოდით მოსახლეობის უწყლოდ ყოფნა დედაქალაქში).
ასე რომ, სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ საკითხზე არის ერთადერთი და მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს თანამდებობის პირების, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის, მათ შორის, მცხეთის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა, რომელიც თავადვე აღიარებს, რომ მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო ამ უნებართვო და უკანონო ნაგავსაყრელის მოწყობის შესახებ.
_ აქვს თუ არა „ჯი-ვი-პის“ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და რესურსი იმისა, რომ დედაქალაქის მოსახლეობა, კომპანიის 10 ათასობით აბონენტი, ავარიის აღმოფხვრამდე უზრუნველყოს 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით? რამდენად მალე აღადგენს სასმელი წყლის მიწოდებას დედაქალაქელებისთვის კომპანია?
_ თავად კომპანიის განცხადებებიდან გამომდინარე, ამბობენ, რომ ორი კვირა დასჭირდებათ ავარიის სრულ ლიკვიდაციამდე. შესაძლებელია თუ არა ტექნიკურად ორი კვირის განმავლობაში ასეთი მასშტაბური ავარიის ლიკვიდაციისთვის სამუშაოების შესრულება და 24-საათიან რეჟიმში წყალმომარაგების უზრუნველყოფა 10 000 აბონენტისთვის _ ეს არის სუფთა ტექნიკური სკითხი. ამ კუთხით პირდაპირი ცოდნა არ გამაჩნია. „ჯი-ვი-პის“ უნდა ჰქონდეს და აქვს კიდეც 100-ზე მეტი სამარაგე რეზერვუარი, საიდანაც გარკვეული მცირე ავარიების შემთხვევაში უნდა ხდებოდეს და ხდება მოსახლეობის უწყვეტად წყალმომარაგება. მაგრამ არის მეორე საკითხი…
_ რას გულისხმობთ?
_ კომენტარის გაკეთების დროს, ყოველ ჯერზე, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას გავუსვი ხაზი. რატომ?! „ჯი-ვი-პი“, როგორც წყალმომარაგების კომპანია, არის წყალმომარაგების ლიცენზიის მქონე კომპანია. მას ექსკლუზივი, შესაბამისი ლიცენზია აქვს, დედაქალაქის, ქ. მცხეთისა და ქ. რუსთავის მოსახლეობა რომ მოამარაგოს სასმელი წყლით. მთავარი სალიცენზიო პირობა ამ შემთხვევაში არის დედაქალაქის 24-საათიანი წყალმომარაგება, რომელიც დიდი ხანია, მას შესრულებული უნდა ჰქონდეს. მისი ტექნიკური ინფრასტრუქტურა უნდა უზრუნველყოფდეს დედაქალაქის 24-საათიან მომარაგებას. ამიტომ თუკი საკითხს ისე დავსვამთ, რომ მასშტაბური ავარიის შედეგად მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად კომპანიას შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია, მაშინ ესეც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, როგორც ლიცენზიის გამცემის! იგი, როგორც მაკონტროლებელი უწყება, ვალდებულია, აკონტროლებდეს და აიძულებდეს კომპანიას იმ სამართლებრივი საშუალებებით, რომელსაც ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონი იძლევა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს. თუ ასეთი ინფრასტრუქტურის არსებობა შესაძლებელია და ეს „ჯი-ვი-პის“ დღეს არ გააჩნია, მაშინ ამაშიც ეკონომიკის სამინისტრო და სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები არიან დამნაშავენი, რომლებიც 12 წელია ბრძანდებიან ხელისუფლებაში და თურმე არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სალიცენზიო პირობები, ვალდებულებები წყალმომარაგების კომპანიიდან სრულდებოდეს. ასე რომ, გასაგებია კომპანიის პასუხისმგებლობაც და გასაგებია მოსახლეობის აღშფოთებაც. გადასახადებს იხდი, გაქვს მილიონობით შემოსავალი, მოგება და შესაბამისს ინფრასტრუქტურასაც უნდა აწყობდე, მაგრამ ჩემი, როგორც მოქალაქის, პრეტენზიაც და მოთხოვნაც მიმართული იქნებოდა სახელმწიფოსკენ, იმიტომ რომ ჩვენ დაქირავებული გვყავს სახელმწიფო აპარატი, რათა მსგავსს კომპანიებს, რომელებსაც თავად სახელმწიფომ მისცა ლიცენზია, სთხოვდეს მოსახლეობის სახელით და ის აკონტროლებდეს მოსახლეობისვე სახელით ამ ვალდებულებების შესრულებას. ამ ნაწილშიც დამნაშავეც და მთავარი პრეტენზიის ადრესატიც არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო და შესაბამისი სტრუქტურები, მათ შორის, თბილისის მერიაც, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ „ჯი-ვი-პისთვის“ ლიცენზია მისი გაცემული არ არის, ძალიან მჭიდროდ უნდა მუშაობდეს დედაქალაქის წყალმომარაგების უფლების მქონე კომპანიასთან და უნდა ჰქონდეს კონკრეტული, დეტალური ინფორმაცია: რა ინფრასტრუქტურის არსებობა არის შესაძლებელი თბილისის შემთხვევაში? არსებობს თუ არა ეს ინფრასტრუქტურა და თუ არ არსებობს, აუცილებლად უნდა იყენებდეს შესაბამის ბერკეტებს, რომ კომპანიამ ასეთი ინფრასტრუქტურა შექმნას.
ამიტომ, დაწყებული ავარიით, სადაც ცალსახად მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო და შესაბამისი თანამდებობის პირები არიან დამნაშავენი და გამოძიება ამ მუხლითაც უნდა მიმდინარეობდეს, დაუყოვნებლივ უნდა გამოიკვეთოს ის თანამდებობის კონკრეტული პირები და სტრუქტურები, რომლებიც მინიმუმ გულგრილად ეკიდებოდნენ თავისი მოვალეობის შესრულებას (თუ ქრთამის აღებაზე არ ვისაუბრებთ), დასრულებული იმით, რომ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მაკონტროლებელი არის სახელმწიფო. ეს ავარია ზუსტად ამიტომ არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენი სტრუქტურის ჩავარდნაა ერთდროულად სახეზე. სწორედ გულგრილობა და უპასუხისმგებლობაა იმის მიზეზი, რომ დღეს, ზაფხულის ასეთი ცხელი დღეების დროს, ათი ათასობით ადამიანი არის დარჩენილი სასმელი წყლის გარეშე დედაქალაქში.
_ თანამდებობის პირებისა და სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მასშტაბური უპასუხისმგებლობისა და გულგრილობის შემთხვევაში, სასმელ წყალში დივერსიული აქტის განხორციელების გამორიცხვაც არ შეიძლება… ღმერთმა დაგვიფაროს…
_ ამიტომაც ვამბობ, რომ მაღალი ალბათობით, აქ ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეული პირების ინტერესებზე და მათი თანამდებობების ბოროტად გამოყენებაზე, ვსაუბრობთ ქრთამის აღებაზე და არა მხოლოდ სამსახურებრივ გულგრილობაზე! სხვა კუთხითაც შევხედოთ, აბა, სიტუაციას: წავიდეთ და მე და თქვენ ხუთი ტომარა ქვიშა დავყაროთ სადმე, თუ რამდენიმე წუთში არ მოგვივა შეტყობინება ჯარიმის გადასახადის შესახებ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტიდან და თუ ვინმე დაგვაცლის ასე ჩვენს ნებაზე დავყაროთ მიწის ნარჩენი, სადაც მოგვესურვება?.. ეს არის აბსურდი. ამიტომ ძალიან ცალსახად, პირდაპირი ნიშნებია, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირები ისე იქცეოდნენ, ეს მხოლოდ უბრალო გულგრილობაც კი არ იყო.
„ქრონიკა+“-მა გამოარკვია, რომ ტერიტორია, სადაც მაგისტრალური წყალსადენის მილი გადის, კერძოდ, 7,885 კვ. მ., მიწის ნაკვეთი, 2017 წელს ქონების სააგენტომ ფიზიკურ პირს იჯარის უფლებით გადასცა. ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული ტერიტორიით სარგებლობის კონკრეტული დაზუსტებული წესები. წლების განმავლობაში დაგროვილმა ნაყარმა მასალამ კი არაგვის ხეობაში დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი წარმოქმნა. იჯარით გაცემის შემდეგ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი აუცილებელ და სავალდებულო მონიტორინგს ტერიტორიაზე არ ახორციელებდა. დღეს ყველა პასუხისმგებელი სტრუქტურა დუმს.
არის თუ არა მიწის მეწყრული შლის განმეორების საშიშროება ავარიის ტერიტორიაზე? რა როლს თამაშობს გეოლოგი ექსპერტების შეფასებები და დასკვნები მსგავსი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად? რატომ ჭრიან ფერდობებს მასობრივად თბილისში და რას გამოიწვევს მათი არასწორ ადგილას დასაწყობება? _ ამ საინტერესო თემების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორ თეა გოდოლაძეს:
_ ქალბატონო თეა, გავიგეთ, რომ ჩახვედით სოფელ წიწამურთან ავარიის ადგილზე, რა მდგომარეობა დაგხვდათ?
_ დღეს ჩავედით ადგილზე და დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები ვნახეთ. რა მოხდა? _ უტილიზებული მიწა არასწორ ადგილას დაყარეს. გეოლოგიური დასკვნა ამ შემთხვევაში არის მეორეხარისხოვანი. რამდენად კანონიერად ხდებოდა ნაყარი მიწის ამ ტერიტორიაზე განთავსება, ეს არ ვიცი… ალბათ, შესაბამისი უწყებები გამოიკვლევენ. კომპანია GჭP-ი ინტენსიურად აწარმოებს წყლის მილის განთავისუფლებას ნაყარი გრუნტისგან და აღდგენით სამუშაოებს. უზარმაზარ ნაყარ „მთას“ ატერასებენ, რათა მაგისტრალურ მილამდე დავიდნენ.
_ რამდენად დიდი რისკი არსებობს, რომ ნაყარი მიწა ისევ დაიძრას? ცნობილია, რომ ნაყარი მიწის მხოლოდ დატერასება მიმდინარეობს… უზარმაზარი, დაახლოებით ნახევარი მლნ კუბმეტრი მიწაა.
_ სამუშაო რისკის შემცველია და მადლობა სამუშაოს შემსრულებლებს. დიახ, თუ არ გაიტანეს არაკონსოლიდირებული გრუნტი, ის საფრთხის შემცველია… ნაშალი მასალა აუცილებლად უნდა გაიტანონ. წყლის დაბინძურების რისკიც დგას დღის წესრიგში. ან წვიმა რომ მოვიდეს და გადაადგილებული მიწა ისევ დაიძრას, რას ვშვრებით? მილის აღდგენით წყლის მიწოდება ალბათ განახლდება, მაგრამ პრობლება არ და ვერ გადაწყდება.
დავიწყოთ იქიდან, რომ ასეთი სახით მიწის უტილიზაცია არაფრით არ შეიძლება. ვერის ხეობაში რაც ხდება _ ნაშალი მასალის დადეპოზიტება _ ეს მომავალში უარეს პრობლემას გამოიწვევს, გეუბნებით. სამწუხაროდ, ყველას იმის მოსმენა სურს, რაც მხოლოდ ესიამოვნებათ, მე კი იმას არ ვლაპარაკობ, რაც მთავრობას სიამოვნებს… ამიტომ მათი „საყვარელი“ პერსონა არანაირად არ ვარ. კიდევ ერთხელ: ამდენი გრუნტის მოჭრა კორპუსების ასაშენებლად წარმოუდგენელ ზიანს მოიტანს. ნახეთ, რა ხდება ვაშლიჯვარში?!. მთლიან ფერდებს ჭრიან. სად მიაქვთ ეს მიწა? სად ასაწყობებენ, აკონტროლებს ვინმე?
_ რას გულისხმობთ? რა შესაძლებელი საფრთხეები არსებობს და რა უშლის ხელს პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრას?
_ ეს გრუნტის მასა არასტაბილურია და პრობლემებს კვლავაც გამოიწვევს. ცენტრალური მილი ქვემოთ გადის და ამ არაკონსოლიდირებული ნაგვის სიმაღლე საკმაოდ დიდია, ამიტომ დატერასება არ უშველის პრობლემის გადაჭრას. ეს მასა უნდა გაიტანონ. მილის ტრაექტორიის შეცვლა უფრო რთული პრობლემაა, თანაც ხანგრძლივი. ძალიან მინდა, მომავალში ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, სადაც რისკის მართვა და დაზღვევა მხოლოდ სიტყვები არ იქნება.