რა ბედი ელის „მარიგოლდს“?! – ქართული ბრენდი პანდემიის გამო გაკოტრების პირასაა
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო რამდენიმე თვის წინ გაუქმებული შეზღუდვები კვლავ ამოქმედდა. იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები დროებით აიკრძალა როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. დაბადების დღის, ქელეხისა და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა ათ კაცს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად დააზარალა ქართული ბიზნესსექტორი და არამარტო.
თბილისის ქუჩებში თუ ფეხით გაისეირნებთ და განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, თითქმის ყოველ მესამე შენობის ვიტრინაზე შეგხვდებათ წარწერა: „ქირავდება“, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარა ბიზნესები, რომლებიც აქამდე, შეძლებისდაგვარად, ახერხებდნენ არსებობას და ხალხი თავს ირჩენდა, დღეს სრულიად განადგურებულია. ელვის სისწრაფით იკეტება ტანსაცმლის, საქორწილო კაბების მაღაზიები და საკვები ობიექტები.
გაკოტრების პირასაა ქართული ბრენდი „მარიგოლდი“, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი შეჰქონდა ქართული კულტურის პოპულარიზაციაში უცხოეთში და ყოველთვის ორიენტირებული იყო ხარისხზე, თუმცა ყველასთვის საყვარელი ადგილი დღეს შესაძლოა, დაიხუროს და ფუნქციონირება შეწყვიტოს.
როგორც „მარიგოლდის“ დიასახლისი და დამფუძნებელი თამარ ნადირაძე „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, თუ ისინი ვერ შეასრულებენ ოქტომბრის ბოლომდე დაკისრებულ ვალდებულებებს, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ და შესაძლოა, მუშაობა ვეღარ გააგრძელონ.
თამარ ნადირაძე:
_ ყველასთვის ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ რა გვექნა? _ ვემორჩილებოდით იმას, რასაც გვეუბნებოდნენ და გვითითებდნენ. ჩვენ, ისევე როგორც სხვა პატარა ბიზნესსექტორებს, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულები, ძალიან გაგვიჭირდა. პირადად ჩემს ოჯახში არავინ არის სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული და, შესაბამისად, დასაქმებულიც. მხოლოდ მეუღლეს აქვს პენსია.
_ ქალბატონო თამარ, ორმაგად დაზარალდით თქვენ და ყველა ის პატარა ბიზნესი, რომლის შემოსავალიც დამოკიდებული იყო ქორწილების სეზონურ პერიოდზე _ შემოდგომაზე.
_ რა თქმა უნდა! ამ ბიზნესში მოღვაწე ყველა ადამიანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არავის გვაქვს პარალელური შემოსავლის წყარო. წინაპანდემიის დროს, ფაქტობრივად, საარსებო პურის გარეშე დავრჩით, ელემენტარულიც არ გაგვაჩნდა. მთელი ეს წლები სახელის მოპოვებაზე ვიმუშავეთ. „მარიგოლდი“ ქართული ბრენდია, რომელიც ემსახურება სილამაზესა და ქართულ კულტურას. ამ ყველაფერში კი ძალიან დიდი ინვესტიცია, ჩავდეთ რომ ხარისხი შეგვენარჩუნებინა. თქვენ კარგად იცით, ძალიან ბევრი მიწვევა, გასვლა გვქონდა უცხოეთში და საოცრად აქტიური პერიოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში. უცებ საშინელმა დეპრესიამ მომიცვა.
_ მით უმეტეს, საკმაოდ დიდი ვალდებულება გაქვთ სახელმწიფოს წინაშე. გადასახადებისგან თუ განთავისუფლდით?
_ დღგ-ისგან არ გავუთავისუფლებივართ, სახელმწიფოს წინაშე უზარმაზარი ვალდებულებები გვაქვს, ამის გარდა, არის ბანკები, რომლებიც ძალიან ახლო მომავალში (ამაში უკვე დღეს დავრწმუნდი) აბსოლუტურად ყველაფერს წაგვართმევენ და ქუჩაში დაგვტოვებენ. მოგეხსენებათ, რომ ადამიანი როცა საქმეს იწყებს, მასში აბსოლუტურად მთელ თავის რესურსს დებს და ასე ვარ მეც. ყველაფერი რაც მქონდა, ამ საქმეში ჩავდე.
_ ფასებზე მინდა გკითხოთ: განახევრდა თუ პირიქით, მოიმატა საქორწილო კაბების ყიდვა-გაქირავებამ?
_ საქორწილო ბიზნესში, ფაქტობრივად, ყველაფერი მესამედზე დავიდა. თუ პროდუქტებზე ფასებმა აიწია, ჩვენ პირიქით, დავწიეთ და მიზერულ თანხებზე დავიყვანეთ ყველაფერი. რისი საშუალებაც იყო, იმას ვერგებოდით, რომ პური არსობისა გვქონოდა, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებები დაგვეფარა და ბიზნესს საკუთარი თავი შეენეხა. ჩვენთან დასაქმებული ქალბატონები ყველა სახლში გავუშვი, რომელთა უკანაც ოჯახები დგას.
_ თქვენთან დასაქმებული რამდენიმე ათეული ადამიანი უმუშევარი დარჩა?
_ რა თქმა უნდა. სამსახურში დავდივართ მე, ჩემი ქალიშვილი და ჩემი რძალი. დაქირავებული თანამშრომელი უკვე დიდი ხანია, აღარ მყავს. მეორე ტალღის შესაძლებლობაზე უცხოეთში მცხოვრები ჩემი მეგობრებიც მაფრთხილებდნენ და, შესაბამისად, ჩვენთან რომ ნოემბრის მომხმარებლები მოდიოდნენ, ყველას ვეუბნებოდი, 25 ოქტომბერს მოსულიყვნენ, რადგან ბევრი რამ გარკვეული იქნებოდა, თუ რა მოხდებოდა ნოემბერში, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ 25 ოქტომბრამდე ამოქმედდებოდა აკრძალვები?
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვინც კი ჩვენთან მოდიოდა, ყველას წინასწარ ვეკითხებოდი, თუ რამდენკაციან ქორწილს აპირებდა. ამ დედოფლებიდან მაქსიმუმ 120-კაციანი ქორწილი დამისახელეს და ისიც გარე სივრცეში, დანარჩენი ქორწილები შეადგენდა 50, 60, 80 და 100 კაცს. გამომდინარე იქიდან, რომ მართლა ვერ წარმოვიდგენდით მსგავსს აკრძალვებს, ნელ-ნელა დავიწყეთ მუშაობა, გადახდები, თანხის გადადება იმისთვის, რომ გვეარსება, რადგან სახელმწიფო ვერ გვეხმარება. ეს არ არის ის ბიზნესი, სადაც დიდი ფული იშოვება. წლების წინათ რომ დამეტოვებინა საქართველო, დღეს ძალიან კარგად ვიქნებოდი. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ როდესაც გათანამედროვებული ქართული კოლექცია გავაკეთე, მთელი უცხოეთი მოვიარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის. უსაზღვროდ მიყვარს ჩემი ქვყეყანა, დღე და ღამე მქონდა გასწორებული, რომ სახელი მოგვეპოვებინა, ხარისხი დაგვედო, სიახლე შემოგვეტანა ქართული მოდის ბიზნესში, სფეროში, უფრო განვვითარებულიყავით და…
_ და უცებ ერთი ხელის მოსმით ნადგურდება ბიზნესი.
_ საშინელება ხდება! უცებ აიკრძალა ყველაფერი! ერთ-ერთი გოგონა, დედოფალი, რომელსაც ჩვენთან უნდა ჩაეცვა კაბა, ცუდად გაგვხიდა, ისტერიკაში ჩაგვივარდა, რადგან სამჯერ გადადო ქორწილი და არ დაგვავიწყდეს, რომ 50-კაციან ქორწილზეა საუბარი. რამდენიმე დღის წინ დამირეკეს ივენთმენეჯერებმა და მითხრეს, რომ გავსულიყავით და საპროტესტო აქცია მოგვეწყო, მაგრამ უარი ვუთხარი.
_ რატომ?
_ არ მინდოდა, რადგან ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ. მიყვარს ჩემი ქვეყანა და საქმიანობა. ვშრომობ და იმას ვაკეთებ, რაც მესმის და ვიცი. პოლიტიკისგან შორს ვარ.
_ თუმცა თქვენ ხომ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით არ გადიოდით იმ აქციაზე?
_ კი ბატონო, მაგრამ ყველაფერს სხვა სახე მიეცემოდა. ამიტომ მოგმართეთ ჟურნალისტებს დახმარებისთვის. ჩემი თხოვნა არის, რომ ვისაც ხელეწიფება, ოქტომბრის ბოლომდე დაუშვან თუნდაც 100-კაციანი ქორწილები. ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან ის პასუხისმგებლობა, რაც ამ ადამიანების მიმართ, ჩვენი ოჯახების, სახელმწიფოს წინაშე გვაქვს შევასრულოთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ერთადერთ რამეს ვთხოვ ხელისუფლებას, რომ ოქტომბრის ბოლომდე გვაცადოს მუშაობა.
_ თუმცა ამ მესიჯების გაჟღერება საპროტესტო აქციაზეც შეგეძლოთ.
_ რა თქმა უნდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო პერიოდია და კარგად ვხედავთ, როგორ შეიძლება გამოიყენონ ჩვენმა ოპოზიციონერებმა ესა თუ ის სიტუაცია. გარდა ამისა, არ ვიცი, ვისთან მივა ჟურნალისტი და რა მხრივ დაიწყებს ამ ყველაფრის გაშუქებას, ვინ როგორ შემოაბრუნებს თემას სათავისოდ და ბევრი სხვა ნიუანსია, რომელში გარევაც ნამდვილად არ მინდა. უბრალოდ, ყველას ვთხოვ, ვისაც ეს ეხება, რომ გვაცადონ მუშაობა ოქტომბრის ბოლომდე მაინც. თუკი შეიძლება, 200-კაციანი კონცერტები მოეწყოს, სადაც ხალხი ერთმანეთთან ჩახუტებულია, ცეკვავს და ა. შ., რატომ არ შეიძლება, 50-კაციანი ან თუნდაც 100-კაციანი ქორწილების გადახდა, რომელიც ყველა წესის დაცვით ჩატარდება?
აქტიური პერიოდი გვაქვს სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბრის შუა რიცხვები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტალღის მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, ნოემბრის შეკვეთები არ აგვიღია. რა ვქნა დღეს, როდესაც საარსებო მინიმუმიც კი არ დაგვიტოვეს და საშიმშილოდ გაგვწირეს? ამას არავინ მოელოდა. ამიტომ მინდოდა თქვენთან, ჟურნალისტებთან შეხვედრა, რომ ჩემი ხმა ყველასთვის მიმეწვდინა. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრთან ან სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ასე ადვილად არ ინიშნება შეხვედრები. წლების წინათ სავაჭრო პალატის წევრები ვიყავით და ყოველთვის იმართებოდა მსგავსი შეხვედრები, გვეკითხებოდნენ, ვეკითხებოდით, აზრებს ვცვლიდით… ახლა? ხომ შეიძლებოდა, ვინმეს დავებარებინეთ, მოესმინათ ჩვენთვის? მერე რა, რომ არ გვაქვს დიდი ბიზნესი, არ ვართ მილიონერები, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, ვის უკანაც ოჯახები დგას.
22 წელია, ამ საქმეს ვემსახურები, სიყვარულით ვაკეთებ ყველაფერს, ეს ჩემთვის სულის საზრდო იყო. დღეს რა გავაკეთოთ? რით ვიარსებოთ? სახელმწიფო რამეს გადამიხდის? ერთხელ ავიღეთ 200-200 ლარი და ესეც, მაპატიეთ, მაგრამ პური, ზეთი, ბრინჯი და კარაქი რომ იყიდო, მხოლოდ ამისთვის გეყოფა, ისიც ერთი კვირა. ოჯახი ვერ იარსებებს ამ 200 ლარით, მაგრამ არც მინდა. უბრალოდ, მომეცი საშუალება, რომ ვიმუშაო და 24 საათი ვიშრომებ. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ფეხი ფეხზე გადადებულები სხედან. როცა არ ვმუშაობ, მაშინ ცუდად ვარ, მით უმეტეს, როცა აკეთებ და საყვარელ საქმეს ემსახურები.
_ ქალბატონო თამარ, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დათმობაზე არ წამოვიდა და პატარა ბიზნესებს არ მისცა არსებობის საშუალება, რა ბედი ელის „მარიგოლდს“?
_ მთელი ცხოვრება რაც ვიწვალე, თუნდაც ამ შენობას, სადაც ჩვენ ვართ და რომელიც ბანკით მაქვს გამოტანილი, ყველაფერს დავკარგავ. „მარიგოლდი“ აღარ იარსებებს, ეს ბედი გველის და დავრჩები ქუჩაში. უბრალოდ, ფსიქოლოგიურად ვერ გავუძლებ, მართლმადიდებელი ადამიანი ვარ და თავს ვერ მოვიკლავ, ვერ ჩავიდენ უპატიებელ ცოდვას, როგორ შევხედო ჩემს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში. თავის დროზე ოჯახი გვერდით დამიდგა, ყველაფერი რაც ჰქონდა ჩემს ოჯახს, ამ საქმეში ჩადო, რადგან ჩემი სულის წყარო იყო და ყველანაირად ხელს მიწყობდა. ჯანმრთელად ვიყავი მაშინ, როცა ვმუშაობდი, ვშრომობდი და 24 საათი დღე-ღამე მქონდა გასწორებული. რა დავაშავე, რატომ გვართმევენ სიცოცხლის უფლებას მე, ჩემს შვილებს, თანამშრომლებს, რატომ?! ჩემსავე ქვეყანაში უცხოელზე მეტად რატომ მჩაგრავ?! მას თუ ბორდელების გახსნის უფლება აქვს, მე რატომ მართმევ უფლებას, რომ სილამაზეს ვემსახურო და ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო, რატომ მტოვებ ქუჩაში მშიერს?! ეს გარდაუვალი იქნება.
_ რა იმედები არსებობს?
_ არანაირი! ერთადერთი, ყველა დედოფალს ვეუბნები, რომ დაიცადონ, იქნებ, დღეს და ხვალ დაუშვან 50-80-კაციანი ქორწილები მაინც, თავისი ყველანაირი წესის დაცვით. იქნებ, ოქტომბრის ბოლომდე გვაცადონ მუშაობა. ადამიანი იმედით ცოცხლობს
გიორგი საკარული