რა ახალი საფრთხეები გააჩინა შოვის სტიქიამ?
გიგა გელხვიიძე
შოვის ტრაგედიამ ქვეყანაში კიდევე ერთი მნიშვნელოვანი თემის გაცოცხლება გამოიწვია. 2023 წლის 3 აგვისტოს შემდგომ მწვავე საუბარი მიდის იმაზე, თუ რომელი რეგიონია ქვეყანაში სტიქიურად ყველაზე აქტიური და სად შეიძლება არსებობდეს საშიშროება, რომ მოხდეს ის რაც ვიხილეთ შოვში ან მასზე უარესი.
აღნიშნულთან ერთად აქტიურად დგას დღის წესრიგში კითხვა, გვაქვს თუ არა პრობლემურ რეგიონებში წინასწარი შეტყობინებების სისტემები, რომლებიც მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გვამცნობენ?
ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება გეოგრაფს, გეოლოგ გიორგი დვალაშვილს:
_ რაჭის მოვლენებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში ახლა ურო აქტუალურად დგას საკითხი, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ზოგადად საქართველო და არა მხოლოდ კონკრეტული რეგიონი მეწყერსაშიშ ზონდ _ როგორია თვენი შეფასება და რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ კიდევ?
_ მეწყერი კავკასიონზე, ზოგადად, არ ფიქსირდება. მეწყერი არის სულ სხვა რამ. მეწყერი რომ ყოფილიყო შოვში, ადამიანები არ დაზიანდებოდნენ და ვერც ის პროცესები განვითარდებოდა, რაც მოხდა. ამიტომაც უნდა ითქვას, რომ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ ეს იყო მეწყერი, თავიდანვე არასწორი გახლდათ. როგორც ასეთი, მეწყერი არ იწვევს მასიურ კატასტროფებს, სულ სხვა პროცესებით ვითარდება და უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ კავკასიონის ასეთი დახრილობის ფერდობზე მეწყერი ვერასდროს განვითარდება, ვერც გეოლოგიურ წარსულში, ვერც დღეს და ვერც მომავალში.
_ მაშინ რა მოხდა შოვში?
_ რაც შეეხება ამ პროცესს, რაც მოხდა, ეს ბოლო 15 000 წლის განმავლობაში საქართველოს ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში, სოფელსა თუ ხეობაში ფიქსირდებოდა და ფიქსირდება დღესაც. შესაძლოა, ყოველდღიურად არ ხდება, მაგრამ რაღაც დროს აუცილებლად მოხდება. იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ ამ ტერიტორიაზე ეს არ იყო ახალი მოვლენა და კიდევ შეიძლება მოხდეს, არის სოფელ გლოლაში არსებული საკმაოდ დიდი ტონიანი ქვები, რომელიც წინა საუკუნეებში თუ ათასწლეულებში ჩამოიტანა იქ მყინვარმა. არსებობს ასეთი კანონზომიერება, თუ მეცნიერებაში საზოგადოებას არ აქვს რაღაც განსაკუთრებული კატასტროფა დაფიქსირებული, ამ კატასტროფას მოსახლეობა და სხვადასხვა უწყებები არ აღიქვამს, როგორც სტიქიურ პროცესს. რეალურად ეს არის საერთაშორისო ნომენკლატურა და ამას ვერც გავექცევით და ვერც შეცვლით, ამის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია.
სტიქიური პროცესი ეწოდება მოვლენას, რომელიც აზიანებს ადამიანის მიერ შექმნილ ინფრასტრუქტურას, ეს შეიძლება საცალფეხო ბილიკიც კი იყოს და ის დააზიანოს და შესაბამისად ეს გადაკვალიფიცირდეს სტიქიურ მოვლენად და ამ შემთხვევაში აქ ასეთი მოვლენა (არ ვგულისხმობ წყალმოვარდნებსა და სხვა მოვლენებს, რომლებიც ბოლო 34 წლის განმავლობაში ხშირად იყო) ნამდვილად არ დაფიქსირებულა, რადგანაც აქ მთავარი იყო კლიმატის ცვლილების საკითხი, რომელიც ძალზე აქტუალურია და 1989 წელს, როდესაც შოვში წყალმოვარდნა იყო და იქ ალაგ-ალაგ მეწყრებიც დაფიქსირდა, მაშინ მსგავსი მასშტაბები არ დაფიქსირდებოდა. რადგანაც 1989 წელს, მყინვარები უკან არ იხევდნენ ასეთი მასშტაბით და რომ წარმოვიდგინოთ ვიზუალურად, ყოველწლიურად იქ ტონობით ლოდები გროვდება და საჭიროა ძალიან დიდი წლის მასა, რომელიც ამ ლოდებს მოიყვანს მოძრაობაში.
_ საუბრობენ იმაზე, რომ მდინარეში წყალი მოდიოდა და ის არ დაგუბებულა. რა ფაქტორის შეიძლებოდა ეს მასა წარმოექმნა დიდი ოდენობის წყლის გარეშე?
_ შემიძლია დიაგნოზი დავსვა მეცნიერულად. ჯერ ეს ერთი მანდ მყინვარწვერები არ არის, მყინვარწვერია ერთი მთა და ეს ყველაფერი უკავშირდება მყინვარსა და ყინულის იმ მასას, რომელიც ფიზიკის ძალით, როდესაც რაღაც საფუძველი გამოეცლება, იძვრება. ეს არ არის ახალი, ეს პროცესი ჩვენ გვქონდა დევდორაკის ხეობაში და ამის გამოცდილება გვაქვს. ვერ დავიწყებთ მკითხაობას, რა მოხდა, როგორ და რატომ. ეს პროცესი რეალურად განვითარდა და აქ ყველაზე მთავარი ფაქტორი არ არის ადამიანი, ეს არის ბუნებრივი კატაკლიზმა, როდესაც წყდება ყინულის უზარმაზარი მასა, ამ შემთხვევაში გაუმღვალი ყინულის, სადაც მის ნაპრალებში არის ათეულობით ტონა წყალი, ანუ ეს წყალი, ყინულის მასა და ქვა-ღორღი ერთად მოვიდა მოძრაობაში. ამ სამი კომპონენტიდან რომელიმე რომ არ ყოფილიყო, მაგალითად, რომ არ ყოფილიყო ყინულის მასა, ყინულზე დასრიალდა ქვა და მოძრაობაში ის მოიყვანა წყალმა, ანუ სამივე კომპონენტი ერთობლივად. ფიზიკურად ამ პროცესის შეჩერება მოხდა იქ, სადაც უფრო გაივაკა და დახრილობის ძალამ იკლო. ანუ 2800-დან 1700 მეტრამდე, მთელი ერთი კილომეტრის დახრილობაზე, ზემოდან ქვემოთ ეს მოვლენა ძალიან სწრაფი ტემპით უნდა განვითარებულიყო და ამის საფუძველს გვაძლევს ის ფოტოები, რომელიც ჩვენ სატელიტური გამოსახულების მიხედვით გვაქვს და ასევე შვეულმფრენიდან გადაღებული კადრებით, რომლითაც შეიძლება გვემსჯელა და ვმსჯელობთ კიდევაც. პირდაპირ ისეთი ადამიანი, რომელიც იქ ამ პროცესს უყურებდა, შეიძლება იყო ვინმე, რომელიც ტყეში გახლდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გვაქვს ხელმოსაჭიდი არაფერი სხვა, გარდა ფოტო-ვიდეო გამოსახულებისა და იმ ისტორიული პროცესების, რომლებიც ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში, თუნდაც ამ ხეობაში.
_ გატარდა თუ პრევენციული ღონისძიებები შოვში და, ზოგადად, რამდენად ეთმობა დღეს საქართველოში ყურადღება ამ საკითხს?
_ ამისთვის საჭიროა კვალიფიცირება, ამ ხეობაში ბოლო პერიოდში ასეთი დამანგრეველი მოვლენა ფიზიკურად არ ფიქსირდებოდა ადამიანის მეხსიერებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ასი წლის განმავლობაში არ იყო, აღარასოდეს მოხდება. რაზედაც ახლა არის საუბარი, ამის დამონტაჟების შესაძლებლობას სჭირდება რამე წინაპირობა, ეს წინაპირობა არა ისტორიულ ან გრძელვადიან პროგნოზში, არამედ უკვე მომხდარი უნდა იყოს, ეს ყველგან ასეა.
მე რომ დავასახელო დღეს 120 ხევი საქართველოში და 120-ვე ხევზე გაკეთდეს ეს ადრეული შეტყობინების სისტემა, ელემენტარულად, 120 ხევის შემსწავლელი არც კადრები არის საქართველოში, არც მეთვალყურე აღმოჩნდება და არც ტექნიკა და არც შესაბამისი ბიუჯეტი არის.
აღნიშნული სისტემა არსებობს დევდორაკის ხეობაში და გეტყვით, რატომ გაკეთდა იქ: 2007 წელს ჩამოვიდა იქ, მაგრამ არ იყო ასეთი მასშტაბების, თუმცა როდესაც ჩამოვიდა ეს ყველაფერი და ჩაკეტა ტერიტორიები, და საკმაოდ დიდ მასშტაბებს მიაღწია. ამის შემდგომ გაკეთდა იქ ადრეული შეტყობინების სისტემები. ეს მარტო საქართველოსთვის კი არა, სხვა ქვეყნებისთვისაც კი არის სამაგალითო კომპლექსი. გარდა ამ სისტემების დამონტაჟებისა, იქ საევაკუაციო ბილიკები გაკეთდა და ყველაფერი მუშაობს, მაგრამ ის, რომ მოხდა რაღაც, ახვიდე და დაამონტაჟო ეს სისტემები, ასე არ ხდება. ამ ყველაფერს სჭირდება საფუძვლიანი კვლევა. მივიდნენ სპეციალისტები და დაამონტაჟონ _ ასე არ ხდება.
თუნდაც თბილისი რომ ავიღოთ, როდესაც მეწყერი განვითარდა, ამ სისტემის გაკეთებას შემდგომ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, ანუ ჩვენ რომ ვამბობთ, ამ ხეობაში ეს რომ ყოფილიყო, არის რაღაც ვარაუდის დონეზე გაკეთებული გაცხადებები, რადგანაც ახლა რატომ არ იყო და რომ ყოფილიყო, ეს არის უბრალოდ დროის ფუჭი ხარჯვა. გასაგებია, რომ იქ ვიღაცის ბრალეულობამდე მივდივართ მაგრამ…
_ ფაქტია, რომ არ იყო _ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ?
_ გეტყვით, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის: მას სჭირდება ზუსტი და დეტალური კვლევა, სად არის საჭირო, რომ ეს სისტემები დაიდგას. დეტალური შესწავლაა საჭირო მყინვარის, რადგანაც ძველი ინფორმაცია არ არის ამ შემთხვევაში უკვე გამოსადეგი, მაგალითად, შეიძლება 15 წლის წინათ იყო ხუთი ტონა ლოდნარი მასალა, მაგრამ დღეს 10 ტონამდე ავიდა, რადგანაც მას კიდევ დაემატა მასალები, ასეთი სიტუაცია არის… ადრეული შეტყობინების სისტემა რაც არის მსოფლიოში და მუშაობს, იქ სპეციალისტების აქტიური ჩართულობის დეტალური კვლევებით და წინასწარი მონაცემების საფუძველზე ხდება მუშაობა. უახლოეს მომავალში ფიზიკურად ამ სისტემის დამონტაჟება არც კი უნდა მოხდეს, რადგანაც მას სჭირდება დეტალური ინფორმაციის შეფასება, იმისა რაც გვაქვს, რადგანაც შესაძლებელია, რომ ისეთი წერტილი შეირჩეს, რამაც შეიძლება რაც კი იმუშაოს.
_ რა შეგიძლიათ გვითხრათ სხვა მყინვარებზე?
_ ჭალაათის მყინვარი სარისკოა, რადგანაც ბოლო 5 წელიწადში იქ 2 -ჯერ მოხდა ასეთი შემთხვევა, თუმცა ის არ იყო მსგავსი მასშტაბების. ასევე ძალიან დიდი რისკის შემცველია სხვა მყინვარები. საქართველოში 555 მყინვარია და მინიმუმ 100 მყინვარი, ხეობა და აუზი შეიძლება დავასახელოთ, სადაც შეიძლება ასეთი პროცესები არ მოხდეს 2023 წელს, მაგრამ მოხდეს 2033 წლამდე. ამიტომ რა უნდა ვქნათ? უნდა გავაკეთოთ ყველაზე მთავარი რამ, რადგანაც შეიძლება ვინმეს გაეცინოს ახლა, მაგრამ ადრეული შეტყობინების სისტემა არ არის გამოსავალი! მთავარი გამოსავალია, მოვშორდეთ მდინარეებს! თუ გზას გავიყვანთ, ავაცილოთ მდინარის შესაძლო გავლის ადგილს და იქ მაქსიმალურად უნდა შემცირდეს დასახლება, არ ვსაუბრობ მხოლოდ მოსახლეობის არსებობაზე. დღეს ძალიან ბევრი მარკირებული ტურისტული მარშრუტი არის, რომელიც ასეთი რისკის შემცველ ხეობებში გადის და არავის უფიქრია ამაზე, მაინც და მაინც იქაც მსხვერპლი უნდა დაფიქსირდეს, რომ გაიაზრონ? შეიძლება ვიღაცამ უბრალოდ ჩანთა მოიგდო ზურგზე და გაიარა ეს ნაწილი და სხვას იმდენად აღარ მიაქცია ყურადღება, რადგანაც მხოლოდ გავლაზეა საუბარი და იმ ტერიტორიებზე არ მომხდარა რაღაც მსგავსი პროცესი 100 წლის მანძილზე, მაგრამ თუ არ მომხდარა დღეს, შეიძლება მოხდეს ხვალ, ზეგ და ტურისტულ მარშრუტს რომ აკეთებ და ასეთი ბილიკი გაგყავს, საჭიროა კარგად დაფიქრება და გააზრება.
_ მდინარეები, რომლებიც მოედინებიან მყინვარებიდან, რა დროს ხდებიან ისინი ყველაზე მეტად საშიშები?
_ ამას აქვს თავისი კანონზომიერება. მდინარეები, რომლებიც სათავეს იღებენ მყინვარებიდან, 365 დღიდან აქტიურად საშიშები არიან 90 დღე და ამ 90 დღიდან მაქსიმალური საშიშროების შეიძლება იყოს 65 დღე, როდესაც არის ძალიან ძლიერი სიცხე ან ძალიან ძლიერი წვიმა. იანვარში, თებერვალში, მარტში ეს მდინარეები საერთოდ არ არის საშიში მსგავსი პროცესებისთვის.
_ კლიმატის ცვლილება რამდენად აისახება საქართველოზე?
_ კლიმატის ცვლილება აისახება ყველაფერზე, გასული უახლოესი დღეების მანძილზე საქართველოს რეგიონებში დაფიქსირდა ძალიან მაღალი ტემპერატურა. ასევე აისახება სეზონების ცვლილებაც. Iს, რომ დიდი ოდენობით თოვლი არ მოვიდა წელს და გვიან შემოდგომაზე, იანვრამდე ბევრი თოვლი არ იყო, ეს ქმნის სწორედ საშიშროებებს. ამ პერიოდებში ბევრი თოვლი რომ მოსულიყო, ის იქნებოდა სტაბილური, რადგანაც თოვლი კვებავს მყინვარს და იმ თოვლზე არ ხდება ამდენი ქვისა და ღორღის დაგროვება, რომლებიც შემდგომში ითხოვს ტრანსპორტირებას, თუ მას წყალმა და ბუნებრივმა პირობებმა ხელი შეუწყო.
_ რომელი ბუნებრივი კატასტროფებია ყველაზე მეტად მოსალოდნელი საქართველოს ტერიტორიაზე და მათგან რომლის პრევენცია არის შესაძლებელი?
_ შევთანხმდეთ იამზე, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ტორნადოც კი დაფიქსირდა, ანუ ისეთი რამ, რაც ფიზიკურად არ ფიქსირდებოდა და ესეც ირიბად უნდა დავაკავშიროთ კლიმატის ცვლილებასთან, თუმცა მას, საბედნიეროდ, არ ჰქონია ისეთი მასშტაბები, როგორებიც აქვს ჩვენთვის ნაცნობ სხვადასხვა ქვეყანაში. ასე რომ, კლიმატის ცვლილების დროს ბევრი რამ არის მოსალოდნელი. თუ 20-30 წლის წინათ გლაციალური (მყინვარული წარმოშობის, _ რედ.) ღვარცოფები არც კი განიხილებოდა საქართველოში, დღეს დავდექით ამ საფრთხის წინაშე, ისევე როგორც დღეს თუ ერთი არის, რაღაც პერიოდის შემდეგ 20 შეიძლება გახდეს ტორნადოც. ასე რომ, კლიმატის ცვლილების შესაბამის მოდელირებასთან უნდა ვიყოთ ადაპტირებული და მან თუ რამე ცვლილება განიცადა, უფრო მეტი რისკების საფრთხეა. მეტის თქმაც შეიძლება: 20 წლის წინათ საქართველოში არ ფიქსირდებოდა არც ტალახიანი წვიმები და არც ტალახიანი თოვლი. ანუ ტალახიანმა თოვლმაც კი თავისი კვალი დატოვა და ირიბად იმოქმედა ამ გლაციალური (მყინვარული) ღვარცოფების ფორმირებაში, ანუ თუ თბილისში ხშირად ვხედავთ ტალახიან წვიმას, ამის მსგავსად მყინვარებზე მოდის ტალახიანი თოვლი და ისინი ხელს უწყობენ სხვადასხვა პროცესს. რეალურად რომ ვთქვათ, საქართველოში, კლიმატის ცვლილებების პარალელურად, ბევრი სხვადასხვა, ახალი პროექტი განვითარდა და გარკვეული საფრთხეებიც გაჩნდა. შეიძლება რამე ახალი კურორტია და რამე ახალი მშენებლობა კეთდება, ხომ? ამიტომ თუ არ მოვახდენთ ადაპტირებას ამ პროცესების მიმართ, გვექნება ორი რამ: ესთეტიკურად რაღაც მიმზიდველ გარემოს ავითვისებთ და პარალელურად თავს ჩავიგდებთ საფრთხეში, სადაც ადრეული შეტყობინების სისტემები ვერ უშველის პროცესებს (შეიძლება 51%-ს უშველოს, მაგრამ 49% დარჩეს რისკის ზონაში). გამოსავალი არის ის, რომ ზონირება უნდა მოხდეს მაღალ დონეზე და ადამიანი ადაპტირდეს, რომ რისკის შემცველი პროცესებს და ტერიტორიებს მაქსიმალურად განერიდოს. სხვა დანარჩენი პროგნოზები შეიძლება იყოს ადრეულ პერსპექტივაში ეფექტიანი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი შედეგს ვერ მოგვცემენ, რისკი ყოველთვის იქნება.
_ ისევ შოვის ტრაგედიას მინდა დავუბრუნდე და გკითხოთ მდინარის შესახებ, _ საკმაოდ ბევრი ვერსია ვრცელდება მდინარესთან დაკავშირებით, სადაც ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ მდინარეში იყო წყალი, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ არ ყოფილა, დაიწრიტა და გარკვეული ფოტოებიც კი გამოქვეყნდა. შეიძლებოდა თუ არა, მდინარის დაშრობისა და მისი დაგუბების გარეშე ასეთი სისწრაფე განევითარებინა ნაშალ მასალას, მკითხველისთვის რომ მეტი სიცხადის მომცემი იყოს ეს საკითხი?
_ ფიზიკურად არ მინახავს დამშრალი მდინარე და ამის მიხედვით ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ თეორიული თუ პრაქტიკული ასპექტის მიხედვით, ეს მდინარე საკითხავია, იყო თუ არა დამშრალი. ანუ დამშრალი იყო თბილისას ხეობაში, სადაც ეს პროცესები უშუალოდ განვითარდა და მისი დაშრობის კვალი რომ ნახოს ადამიანმა, სასაზღვრო პოლიციის მიერ უნდა იქნას გაცემული ნებართვა. შესაბამისად, ამის მიხედვით მარტივად დადგინდება, თუ რამდენჯერ და რამდენმა ადამიანმა შეამოწმა ეს.
საკითხავია, სად მოხდა მდინარის დაშრობა. შესაძლებელია, ეს იყო ბუბისწყალი, რომელიც შოვის ტერიტორიაზე გაედინება, მაგრამ ბუბისწყალი თუ იყო, ურთიერთგამომრიცხავი ფაქტია ის, რომ ბუბისწყალში არ მომხდარა წლის დონის არც კლება და არც მომატება, ამიტომ ეს აჩენს კითხვის ნიშნებს.
არის მესამე ვარიანტიც _ ჭანჭახი, თუმცა ესეც გამორიცხულია, რადგანაც ჭანჭახის ხეობაში არაფერი მომხდარა საერთოდ, შეფერილი წყალიც კი არ დაფიქსირებულა მდინარეში და, შესაბამისად, ჭანჭახის ხეობაშიც წყლის დაწყვეტის კადრები, შეიძლება, არც იყოს.
მე მაქვს ხელმოსაჭიდი ფოტო და ვიდეომასალები, რომელთა დახმარებითაც მარტივად შეიძლება აღადგინო ის პროცესები. გარდა ამისა, თამამად ვსაუბრობ ამ ხეობასთან დაკავშირებით, რადგანაც 15 წლის განმავლობაში აქ ვცხოვრობდი, მწვერვალ თბილისაზე ძალიან ბევრი დრო მაქვს გატარებული სამუშაო პროცესში, იქ არაერთი მყინვარი გვაქვს აღწერილი.
რაც შეეხება კიდევ ერთს, გარდა ამ მდინარის დაწყვეტის თემას, ეს კადრები ყველამ ნახა, მათ შორის, მეც და ჩვეულებრივად აღვიქვი ის, რომ გლოლაში ხიდი რომ მიაქვს მდინარეს, იქ წყალი ფიზიკურად აღარ იქნებოდა, რადგანაც უზარმაზარი მოცულობის მასამ ჩაკეტა მდინარე ჭანჭახი, შესაბამისად, მთავარ მდინარე ჭანჭახზე წყალი დაწყდა, მე ვსაუბრობ 3 აგვისტოზე, 15:10 საათის ინტერვალზე. იქ დღემდე არის ტბა, შესაბამისად, ეს ტბა საიდან გაჩნდა? მდინარე ჭანჭახის წყალი შეგროვდა და ეს წყალი არ წამოვიდა. შესაბამისად, ამ სტიქიიდან ერთი-ორი საათი ვინმემ ფოტო გადაიღო ან რამე? ასევე როდესაც ხიდის ნგრევის პროცესს ვუყურებთ, იქ წყალი არ არის, იქ ღვარცოფი მოდის მხოლოდ, მანამდე იქ წყალი დამწყდარი იქნებოდა და კი ბატონო, ეს არის ჩვეულებრივი, რადგანაც მდინარე ბუბისწყალმა და ღვარცოფმა ჩაკეტა ხეობა და ამ ხეობაში წყალი ვერ წამოვიდოდა ფიზიკურად, რადგანაც ის იყო შეტბორილი.
_ თქვენც ახსენეთ ტბა, რომელიც ამ პროცესებიდან გაჩნდა და ის ასევე სატელიტის მიერ გადაღებული კადრებიდანაც ფიქსირდება. არის თუ არა მოსალოდნელი, რომ რამე სახის პროცესი განვითარდეს კიდევ, აღნიშნული ტბის არსებობიდან გამომდინარე, რომელიც შექმნის დამატებით პრობლემებს და საფრთხეებს, თუნდაც იგივე სოფელ გლოლის მოსახლეობისთვის უახლოეს პერიოდში?
_ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ამ ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რადგანაც სადაც ტბა გაჩნდა, იმ მიდამოებში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა სტიქიის დროს, რადგანაც არის ე. წ. მჟავე წყლების ტერიტორია, შესაბამისად, ეს წყალი არ არის ისეთი რისკის შემცველი, რომ გასკდეს ჯებირი და წამოვიდეს, რაც სოფელ გლოლას დააყენებს საფრთხის ქვეშ.
რაც შეეხება შოვს, იქ ფიზიკურად ვეღარაფერს ვიზამთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, საჭიროა მონიტორინგი, რადგანაც ეს ტბა იქ არ უნდა დარჩეს, გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად იგივე პროცესები განვითარდა ჭანჭახშიც. ჭანჭახის მყინვარი შედარებით უფრო რთული არის, ვიდრე თბილისა. ჭანჭახის ზემო წელში, მამისონის გზაზე არის გაჩენილი ბუნებრივი ტბა, რომელიც კალაპოტს მოცილებულია და ის ამ რამდენიმე ათასი წლის წინათ გაჩნდა და ზუსტად ასეთმა პროცესმა გააჩინა, რომელიც ახლა იყო შოვში. ასე რომ, ეს ტბა თუ ტბორი, რომელიც ახლა წარმოიქმნა, არის გარკვეული რისკის შემცველი, მაგრამ მასშტაბები არ არის ამ ტბის ისეთი, რომ რაღაც ჯებირი გაირღვეს და მძიმე შედეგების მომცემი გახდეს. დღევანდელი სიტუაციით ასეა.
_ შოვის ტრაგედიის შემდგომ გაირკვა, რომ 2023 წელს დამტკიცებული არის პროექტი, რომლის მიხედვითაც ხეობაში, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, უნდა აშენდეს სასტუმრო კომპლექსი. მაინტერესებს, რამდენად არის მიზანშეწონილი ამ პერიმეტრზე მსგავსი კომპლექსის აშენება და თუ მაინც აშენდება, რა სახის საევაკუაციო გეგმა უნდა ახლდეს მას თან?
_ აღნიშნულ პროექტს არ ვიცნობ სრულად, მაგრამ ფიზიკურად ამხელა ტრაგედიისა და კატასტროფის შემდგომ იქ რომ სამუშაოები განახლდეს, ამას სჭირდება დეტალური შესწავლა და შეფასება. შესაბამისად, იქ, სადაც ამ სტიქიამ გაიარა, რამის აშენება სრულიად დაუშვებელია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგანაც ვერაფერ ისეთ დაცვას ვერ გაუკეთებ. მთლიანად რომ წარმოვიდგინოთ, 10-დან 15%-მდეც არ არის ის მასალა, რაც ჩამოიშალა და დანარჩენი გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს 100 წელიწადში კიდევ ჩამოიშალოს, ამას ვერავინ გამორიცხავს, აქ მარტო თბილისაზე არის საუბარი და ასევე ბუბის ხეობაშიც რთული სიტუაციაა _ ის გაცილებით დიდი ხეობაა, ვიდრე თბილისა. თბილისას სიღრმე იყო 75 მეტრი, როდესაც ჩვენ გავზომეთ და ბუბის არის სადღაც 80 მეტრი, იქვე არის კიდევ ერთი მყინვარი ცისკარა, რომელიც თუ ჩამოიშალა, შოვის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს და არ ვიცი, ასეთი პროექტის განხორციელების შემთხვევაში, თუ ამ ყველაფერს არ გაითვალისწინებენ და ამას საზოგადოება ტაშით შეხვდება, მაშინ საზოგადოების პრობლემა გვქონია და არა კონკრეტული პიროვნების. რადგანაც ასეთი უზარმაზარი სტიქიის გავრცელების არეალში, ჯერ კიდევ როდესაც საბჭოთა კავშირში მოხდა მანდ მშენებლობა, იმ დროს მხოლოდ და მხოლოდ ეყრდნობოდნენ, მარტივად რომ ვთქვათ, მეხსიერებას, მაშინ არ იყო მყინვარის უკან დახევა აქტუალური, რადგანაც ის პირიქით, წინ მოდიოდა და ახლა, ამ დროში, 1989 წლის მონაცემებით, მშენებლობა არის გაუმართლებელი, თუ არ მიექცა ყურადღება იმას, რაც მოხდა 2023 წელს. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ისევ იმას, რაც უკვე გვაქვს.
შეგახსენებთ: შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანების ცხედრებს ჯერ კიდევ ეძებენ, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 24 მათგანია ნაპოვნი.