რატომ იწელება 5 თვეში დასამთავრებელი ბიზნესდავები 3 წლის მანძილზე და სად არის გამოსავალი?

ქართულ პრაქტიკაში ბიზნეს და სამოქალაქო დავების რამდენიმეწლიანი განხილვის ტენდენცია კარგა ხანია, დამკვიდრდა. სასამართლოში ამბობენ, რომ დავები ძალიან ბევრია, რასაც მოსამართლეების რაოდენობა არ ჰყოფნის. ამის შედეგად ჭიანურდება საქმის წარმოება, უკვე არსებულ და გადადებულ სასამართლო სხდომას კი ახალი დავა ემატება და მისი მოგვარების გზებიც გადაუჭრელი რჩება.

„ქრონიკა+“ ესაუბრა კომპანია „OK & CG“-ს დამფუძნებელსა და იურისტ ოთარ კაჭკაჭაშვილს:

_ ბიზნესდავები ყველაზე ხშირად პარტნიორებს შორის ხდება. არის ძალიან ბევრი დავა, რასაც წინასწარ გაუთვლელი და დაუგეგმავი ბიზნესი იწვევს. ხშირად ბიზნესდავებს განაპირობებს შეუთანხმებელი გარიგებები და კონტრაქები. ძალიან დაბალია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ბიზნესსაქმიანობის დაწყების წინ იურიდიულ მომსახურებას იყენებენ. ერთ-ერთი პრობლემური საკითხია ისიც, რომ ხშირად პარტნიორები ერთმანეთთან სამართლებრივად დაურეგულირებელ ურთიერთობებში შედიან, რაც სამომავლოდ ბევრ გაუგებრობასა და დავას წარმოშობს. შემდეგ კი ამ დავების მოგვარება დროში გაჭიანურებულია, რადგან სასამართლო სხვადასხვა მიზეზის გამო მათი განხილვის ვადებს ახანგრძლივებს, რაც, საბოლოო ჯამში, ძალიან არაეფექტიან სისტემას გვაძლევს.
_ რა არის გაჭიანურების რეალური მიზეზი და როგორ შეიძლება იგი გადაიჭრას?
_ ვფიქრობ, მიზეზი არასწორი მენეჯმენტია. კანონში წერია, რომ სასამართლომ საქმე ერთ სხდომაზე უნდა დაასრულოს. „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში“ გვიწერია, რომ დავები უნდა განიხილებოდეს 2-დან 5 თვემდე ვადით, თუმცა ფაქტია, რომ პრაქტიკაში დავების გადასაწყვეტად 1-დან 3 წელი გვჭირდება.
მიზეზად მოჰყავთ სასამართლოს გადატვირთულობა, დავების სიმრავლე და კადრების სიმწირე, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ეს არის მენეჯმენტის პრობლემა! სავსებით შესაძლებელია, თუკი სასამართლოს სწორი მენეჯმენტი ექნება, არსებული კადრებითა და რესურსებითაც შეძლებს ამ პრობლემის აღმოფხვრას. ყოველ შემთხვევაში, კანონში რაც გვაქვს, 5-თვიანი ვადა, შეიძლება, მან 2 ან 3 თვით გადაიწიოს და არა 3 წლით! თუ არადა, მაშინ კანონში უნდა შევიტანოთ ცვლილება და დავწეროთ, რომ დავების განხილვისთვის სასამართლოს სჭირდება 3 წელი, რათა ადამიანებს მოლოდინი ჰქონდეთ, რომ თუკი სასამართლოს მიმართავენ, იცოდნენ, დავას დასჭირდება წელიწადი და მეტი! ის, რომ კანონსა და რეალობაში ამხელა აცდენაა, მოქალაქეებისთვის დიდი დისკომფორტია, ამიტომაც ვფიქრობ, რომ მათთვის ეს ტყუილის თქმის ტოლფასია და შედეგად ვიღებთ იმას, რომ გაურკვეველი მიზეზებით დავების გადადების გამო ადამიანები ერიდებიან დავების წარმოებას, მაშინაც კი, თუკი მხარე დარწმუნებულია საქმის წარმატებულად დასრულებაში.
_ როგორც ცნობილია, გასული წლის აგვისტოდან 500 000 ლარზე მეტი თანხის ბიზნესდავას 4 მოსამართლე განიხილავს. რამდენად სწორი მიდგომა იყო ეს და რამდენად გააუმჯობესა მდგომარეობა მან?
_ ამ ცვლილების მიზანი იყო, დავები შემჭიდროვებულ ვადებში განხილულიყო, თუმცა ძირეულ ცვლილებებს ვერ ვხედავთ. ზოგადად, მიდგომა კარგია, რადგან რაც უფრო მეტად სპეციალიზდება სასამართლოები, მეტად ეფექტიანი და მოქნილი იქნება იგი, თუმცა მეწარმეებს ვურჩევდი, რომ ხშირად გამოიყენონ ისეთი განხილვები, როგორიც არის არბიტრაჟი, რადგან შედეგის მიღწევა ამ ფორმით უფრო მარტივია.
არბიტრაჟი არის ჩვეულებრივი სამეწარმეო წარმოქმნილი სუბიექტი, შპს, სააქციო საზოგადოება და ა. შ., რომელიც მთლიანად დაკომპლექტებულია იურისტებისგან, ისინი არიან განმხილველები, უფლებამოსილებით აღჭურვილები და მათი საბოლოო გადაწყვეტილება სავალდებულოა. ამიტომ სანამ არბიტრაჟი შემოვა და ის განიხილავს საქმეს, საჭიროა წინასწარ კონტრაქტში ჩაიდოს, რომ თუკი დავა წარმოიშობა, კონკრეტულმა არბიტრაჟმა განიხილოს; თუმცაღა არბიტრაჟის შესახებ კანონით მისი ლეგალიზება უნდა მოახდინოს სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ.
ამის პრაქტიკა პირადად ჩვენ ძალიან ხშირად გვქონია და ვფიქრობთ, რომ დღეს საქართველოში უკვე საკმაოდ ბევრი, კომპეტენტური და კარგი რეპუტაციის არბიტრაჟის ინსტიტუტი გვაქვს.
_ რა თანხებზეა ხოლმე დავა?
_ 100 000 ლარზე დაბლა თითქმის აღარ, ძირითადად, ასეა.
_ და მაინც, რა გესახებათ ყველაზე დიდ პრობლემად?
_ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ერთ-ერთი არის სასამართლო დავების ვადა, რის გამომწვევ მთავარ პრობლემად ვასახელებ არასათანადო მენეჯმენტს. რა თქმა უნდა, მენეჯერი არ უნდა იყოს მოსამართლე, ანუ არ არის საჭირო, რომ სასამართლოს საქმეთა მართვის მენეჯერი თავად მოსამართლე იყოს, თუმცა ამ კონკრეტული საკითხის მოგვარებაზე მენეჯერმა უნდა იფიქროს, რომელიც ისეთ მექანიზმს შეიმუშავებს, რაც დავების სწრაფად, დროში სწორად გაწერილ ვადებში განხილვა-გადაწყობას უზრუნველყოფს.
ეს მექანიზმი იუსტიციის საბჭოს აქვს, რომ გააკონტროლოს და სწორად მიმართოს დავების განხილვები.
ჩვენს პრაქტიკაში ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა დავა იმ მიზეზით გადაიდო, რომ, თურმე, ერთ მხარეს დოკუმენტის წარმოდგენა დაავიწყდა ან რაიმე მსგავსი, არადა, სასამართლო საკმარის ვადას აძლევს მხარეებს, რომ მთავარი სხდომისთვის მოემზადონ და თუ ის ჩაინიშნა, გადადების ალბათობა მინიმუმამდე დავიდეს; დღეს კი პირიქითაა და შეიძლება, სასამართლო დავა ნებისმიერი პატარა მიზეზითაც გადაიდოს.
მომხრე ვარ, რომ მაქსიმალურად სპეციალიზდეს სასამართლოები და მოსამართლეებიც. დავების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, საჭიროა, ვიწრო სპეციალიზაციაც, რაც, თავის მხრივ, ძალიან წაადგება საქმეს. ასევე, რეგიონებს თუ ნახავთ, იქ 1 მოსამართლეზე 10 საქმე მოდის, როცა თბილისში 1 მოსამართლეზე 300 საქმეა მიმაგრებული. ამიტომ როცა მენეჯმენტზე ვსაუბრობთ, ამ საქმეს ასე დავარეგულირებდი: რეგიონებიდან მივლინებით ჩამოვიყვანდი მოსამართლეს და მათზე გავანაწილებდი დავების განხილვას. პრობლემის მოგვარებას ამ გზითაც შევეცდებოდი და საქმეების ასე გადანაწილება ახალ პრაქტიკასაც დაამკვიდრებდა. მით უმეტეს, რომ ამის უფლებას კანონიც იძლევა.
_ თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული დავა, რომელიც საქმის გაჭიანურებას უკავშირდება?
_ რადგან პრობლემურ საკითხს ვეხებით, სულ ცოტა ხნის წინათ გვქონდა ასეთი შემთხვევა: დავა სამ წელიწადს გაგრძელდა და, საბოლოოდ, მხარეები იმ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რომ განცხადება დაწერეს და დავა შეწყვიტეს! ერთის მოთხოვნა მეორის მიმართ 50 000 ლარი იყო, მეორეც არანაკლები ოდენობის თანხას ითხოვდა, მაგრამ მათ დავა შეწყვიტეს! საქმის ასეთი ვადით გაჭიანურებით, ფაქტობრივად, თავიანთი საქმეც მიატოვეს, მათი განწყობა სასამართლოსადმი, ადვოკატისა და, საერთოდ, ამ ინსტიტუტისადმი სრულიად ნიჰილისტური გახდა(!). თან იმდენად, რომ შეიძლება აღარასდროს გაეკარონ მას!
არადა, სასამართლო ხომ სახელმწიფოს ის ერთ-ერთი ორგანოა, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, მოქალაქე და მეწარმე იმიტომ იხდის გადასახადს, რომ საჭიროების შემთხვევაში ხარისხიანი და მისთვის საჭირო მომსახურება მიიღოს.
მართლია, ადრე, 5 წლის წინანდელ პერიოდში, საამართლოსადმი მიმართვიანობა უფრო ნაკლები იყო და ბოლო წლებში გაიზარდა, თუმცა ახლა უკვე ამ პრაქტიკის გამო, რასაც გაჭიანურებული სასამართლო დავები ჰქვია, მოქალაქეების განწყობაც შეიცვალა და მოსახლეობის სასამართლოსადმი მიმართვამ იკლო, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია ორ რამეზე: დროსა და ფინანსებზე _ რა დაუჯდება კონკრეტულ პირს იგი და რამდენ ხანში? ამიტომ, როცა მოქალაქეები ასეთ კითხვას უსვამენ ადვოკატს, თუ რა პერიოდი დასჭირდება დავის გადაწყვეტას, ის ორდინალურად პასუხობს, რომ მართალია, კანონში წერია ვადით 2-დან 5 თვემდე, მაგრამ შესაძლოა, დავა 3 წელიწადს გაგრძელდეს! ეს კი მეწარმეებს გაურკვევლობაში აგდებს. ამიტომ ისინი ხშირად იღებენ გადაწყვეტილებას, არ იდაონ სასამართლოში და საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ. არადა, რომ არა მენეჯმენტის პრობლემა, გადაწვეტილების მიღება და საქმის კეთება ძალიან მარტივია!

ნინო ტაბაღუა