რატომ იცლება ჭიათურა და რატომ იქცა თბილისი თავკომბალად?

საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის რაოდენობა შესამჩნევად მცირდება. იმერეთის მუნიციპალიტეტები ამ კუთხით გამონაკლისი არ არის. ადამიანების ერთი ნაწილი დასაქმების მიზნით უცხოეთში მიდის, ხოლო არიან ისეთებიც, რომლებიც უკეთესი ცხოვრების მოლოდინში დედაქალაქს ირჩევენ.

 

თბილისში მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, ძირითადად, სწორედ ქვეყანაში არსებული შიგა მიგრაციის შედეგია, რაც არა მარტო რეგიონებისთვის, არამედ უშუალოდ ქვეყნის მთავარი ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას უნდა წარმოადგენდეს. რჩება განწყობა, რომ ცენტრალური ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებს შექმნილ სურათს და ვერ აღიქვამს დედაქალაქის თავკომბალად წარმოქმნის საშიშროებას.

ჭიათურას, რომელიც, ერთ დროს, ინდუსტრიულ ცენტრად მიიჩნეოდა და რომლის მოსახლეობაც მარგანეცის მოპოვების ხარჯზე თანდათან იზრდებოდა, დღეს მოსახლეობა ტოვებს. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში, 2012 წელთან შედარებით, 15 700 ადამიანით ნაკლები ცხოვრობს. ეს კი არცთუ ისე დიდი ტერიტორიული ერთეულისთვის საკმაოდ სოლიდური ციფრია.

ადგილობრივების დიდი ნაწილი მოსახლეობის გადინების ძირითად მიზეზად უმუშევრობას ასახელებს. მათი განცხადებით, ოჯახის ერთი წევრი თუკი მუშაობს, ეს დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შექმნილ ტენდეციას არა მარტო სამუშაო ადგილების ნაკლებობას, არამედ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას და სიმსივნური დაავადებების მატებას უკავშირებენ. მაშინ, როცა მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილების შესაქმნელად მაქსიმუმს აკეთებენ, სიტუაცია არ იცვლება. ჭიათურელთა დასაქმების ერთადერთი ადგილი, ბაზრობებისა და მცირე სავაჭრო ობიექტების გარდა, „ჯორჯიანმანგანეზია“, რომელიც 3500 თანამშრომლისგან შედგება.

ადგილობრივები განსაკუთრებულ პრობლემას ახალგაზრდების მიერ ქალაქის დატოვებაში ხედავენ. მათი თქმით, თუკი არსებული ტემპი შენარჩუნდება, რამდენიმე წელიწადში მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებისგან სრულიად დაიცლება.

თუკი ჭიათურაში მოხვდებით, აუცილებლად უნდა გაისეირნოთ ქალაქის ქუჩებში ღამის საათებში, რათა რეალურად აღიქვათ ის საშიშროება, რაც ქალაქის დაცარიელებას მოასწავებს. მაღლივი კორპუსების ფანჯრების უმეტეს ნაწილში დაბინდების შემდეგ შუქი არ ინთება. ეს არა ელენერგიის გათიშვის, არამედ დაცარიელებული ბინების შედეგია, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში საკუთარი ქალაქის მომავალთან დაკავშირებთ შიშსა და უიმედობას იწვევს.

„სოფლებიდან ჯერ რაიონში მოდიან, შემდეგ კი _ თბილისში“, _ ასე დაგვიხატა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების გადაადგილების სქემა ადგილობრივმა მკვიდრმა, რევაზ მწყერაშვილმა, რომლის აზრითაც, თუკი ხელისუფლება პროცესის შესაჩერებლად რაიმე ღონისძიებებს არ მიმართავს, არა მარტო ჭიათურას, არამედ ბევრ სხვა მუნიციპალიტეტს გაქრობა ელოდება.

იგივე პოზიცია აქვს თინათინ ცერცვაძეს, რომლის ოჯახის შემოსავალიც გარევაჭრობით მიღებულ რამდენიმე ლარზეა დამოკიდებული. ქალბატონი თინათინი ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა და მშობლიურ ქალაქში საკუთარი შვილის მომავალს ვერ ხედავს.

„26 წლის შვილს უმაღლესი სიმწრით დავამთავრებინე. მინდოდა, სამსახური ეშოვა და თავისი თავი მაინც ერჩინა. დედა როგორ უნდა არჩენდეს ამხელა ბიჭს?! ვერაფერი ნახა. ვიცი, ადგება, მიმატოვებს, წავა ისიც თბილისში მისი ამხანაგებივით“, _ განაცხადა თინათინ ცერცვაძემ, რომელსაც ეშინია, რომ შვილის დედაქალაქში გადაბარგების შემდეგ მის სახლში მარტოობა დაისადგურებს.

„მიგრაციას ხელს უწყობს დაუსაქმებლობა. მოსახლეობა აქედან ეკოლოგიურ მდგომარეობას კი არ გაურბის, არამედ უფრო სიდუხჭირეს, უმუშევრობას, სოციალურ მდგომარეობას, ყველაფერ იმას, რაც ქალაქშია. მაღაროში მუშაობა გამოუვალი მდგომარეობაა. თუმცა მაღაროში შესულ მუშას, რომელიც გვირაბში შედის, იმდენად დაბალი ხელფასი აქვს, რომ ურჩევნია ქალაქიდან გავიდეს და სხვა რამ მოძებნოს. მანგანუმის ბიზნესში თუ არაა ადამიანი ჩართული, შემოსავალი ნაკლებია“, _ ამბობს ჭიათურაში მცხოვრები ქეთევან კაპანაძე, რომლის მოსაზრებასაც ნაწილობრივ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭიათურელთა კავშირის“ ხელმძღვანელი, შოთა გაფრინდაშვილი. იგი მიგრაციის მთავარ მიზეზად მანგანუმის ღია წესით მოპოვების შედეგად შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას ასახელებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ამის აღსაკვეთად დროულ ღონისძიებებს უნდა მიმართოს.

„ეს არ არის ერთ კონკრეტულ ქუჩაზე, ან ქალაქის რომელიმე ნაწილში. მთელ მუნიციპალიტეტში გაუდაბნოების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ასეთი ქალაქისგან, რა თქმა უნდა, ცდილობენ, თავს უშველონ. ბევრი საცხოვრებელი სახლი გაიყიდა თავის ეზოებიანად. კოოპერატივებიდან ორ კაპიკს აიღებენ და ამ ფულით თბილისში გარბიან. ასიდან შეიძლება ერთი ან ორი დაბრუნდეს“, _ ამბობს „ჭიათურელთა კავშირის“ ხელმძღვანელი. ღია კარიერების არსებობა ჭიათურისთვის მართლაც სერიოზული პრობლემაა. სოფლების დიდი ნაწილი მანგანუმის მტვერშია მოქცეული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ნედლეულის მოსაპოვებლად, ყოველგვარი წესების დარღვევით, იჩეხება მწვანე საფარი, რომელიც, შესაძლებელია, ვეღარ აღდგეს. სწორედ მანგანუმის ღია წესით მოპოვებაა იმის მიზეზი, რომ ჰაერში მტვრის მატება ნორმას საგრძნობლად აღემატება. ყოველივე ეს კი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა აზრით, ადამიანების სიმსივნით გარდაცვალების მიზეზია.

„სიმსივნით დაავადებულთა შორის გახშირდა პანკრიასის სიმსივნე. ერთ თვეში მხოლოდ ერთ კორპუსში 3 ადამიანი გარდაიცვალა და სამივე ამ ვერაგი დიაგნოზით. საკმაოდ მომატებულია გულ-სისხლძარღვთა და ბრონქული პრობლემებით დაავადებულთა რიცხვი“, _ ამბობს შოთა გაფრინდაშვილი.

მუნიციპალიტეტიდან მოსახლეობის მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს ჭიათურის გამგებელს. ზურაბ კუპატაძის განცხადებით, ეს არა მარტო მაღაროელთა ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემაა, რომლის სათავეც გასული საუკუნის 90-იანებიდან მოდის. თუმცა გამგებელი მიიჩნევს, რომ დღეს მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია.

„ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს მათი კეთილდღეობისთვის, რომ შეაჩეროს მიგრაცია, განსაკუთრებით სოფლად. ამის მაგალითად თუნდაც „მთის კანონი“ გამოდგება, რომლითაც ჭიათურაში 16 მაღალმთიანი სოფელი სარგებლობს. ვფიქრობ, ეს რიცხვი, ეტაპობრივად, კიდევ გაიზრდება“, _ მიაჩნია ზურაბ კუპატაძეს.

საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზე საუბრის პარალელურად გამგებელი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობების ჩამონათვალსაც გვამცნობს.

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ყველა სოფელში ფუნქციონირებდეს საბავშვო ბაღი, რაც ასევე ხელს შეუწყობს მიგრაციის შეჩერებას სოფლად. მუნიციპალიტეტში შექმნილი ყველა სოციალური პროგრამა ორიენტირებულია ჭიათურაში რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე, რადგან ამითაც ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას და უკეთესი პირობების შექმნას. თუმცა ეს საკმარისი არ არის და კიდევ მეტს გავაკეთებთ, რომ აქაურ მოსახლეობას ყოფითი პირობები გავუუმჯობესოთ“, _ განმარტავს გამგებელი, მაგრამ რთული წარმოსადგენია, როგორ მოახერხებს ადგილობრივი ხელმძღვანელობა თუნდაც საბავშვო ბაღების მშენებლობით, ან სოციალური პროგრამებით, რომელთა უმრავლესობა ერთჯერადია და ადამიანების მძიმე მდგომარეობას მაინცდამაინც ვერ ცვლის, არათუ დააბრუნოს, არამედ შეაჩეროს მოსახლეობის გადინების არსებული ტენდეცია? ეს შიში კი განსაკუთრებით მაშინ ჩნდება, როცა გახსენდება, რომ დღევანდელ 39 000-იან ჭიათურაში 2012 წელს მოსახლეობის რიცხოვნობა 55 300 იყო.

ჭიათურა იმერეთში არ არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც მოსახლეობის შემცირების მხრივ შეშფოთების საგანი შეიძლება იყოს. უიმედობის განცდა არა მარტო პატარა მუნიციპალიტეტებში, არამედ ქუთაისშიც შეიმჩნევა, რის გამოც საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი თანდათან ცარიელდება. ხელისუფლების მცდელობაში ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე ადგილობრივები ქვეყნის რეგიონების თანაბარი განვითარების შესაძლებლობის პერსპექტივის დასამარებას ხედავენ, რასაც, მათი აზრით, შედეგად თბილისის კიდევ უფრო ზრდა და დედაქალაქის მოსახლეობისთვის მეტი პრობლემის შექმნა მოჰყვება.

ხვიჩა ვაშაყმაძე