„რასაცა შასცემ შენია“
„მეტ-ნაკლებად შევეცი“. იმედი მაქვს, მკითხველი ბრალს მე არ დამდებს უხამსობაში და მინისტრს მოსთხოვს პასუხს. აი, იმ მინისტრს, თამარ მეფის ტიტულატურაზე გრძელი ტიტული რომ აქვს: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, რატომღაც, სათაურიდან „ძეგლთა დაცვის“ რომ ამოუგდეს. არადა, ახლა სწორედ მაგას აკეთებს _ მარხავს და ძეგლს, ანუ „პამიატნიკს“ ადგამს ჩვენს განათლებას, ჩვენს მეცნიერებას, ჩვენს კულტურასა და სპორტს. იმედი მაქვს, რედაქცია „მეტ-ნაკლებად შევეცის“ არ შეასწორებს და მის ნაცვლად იმას არ დაწერს, რაც წესით უნდა ეთქვა პარლამენტში გამოსულ მინისტრ ბატიაშვილს: „მეტ-ნაკლებად გავეცი“.
გაცემა, როგორც ჩანს, არ უყვარს ბატონ მინისტრს და, ალბათ, „ვეფხისტყაოსანსაც“ ასე კითხულობს: „რასაცა შასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“.
ახლა, სულ ერთ წამს წარმოიდგინეთ, რომ გამოსულიყო კახა ლომაია და ეთქვა „შევეცი“, რა მოჰყვებოდა ამას? და რა მოჰყვა ახლა? _ არც არაფერი. ოდენ ქირქილი და „გაპრავება“ ქოცთაგან, რომ, თურმე, მექანიკურად თქვა და მორჩა.
ვერაფერს იტყვი, რა უნდა თქვა, როდესაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, პრეზიდენტმა ყური მიგვაჩვევინა: „სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო“, „მსოფლიოში მოცემულობა და ახალი იდეები, ნოვაციები, ეს ყველაფერი ერთად უნდა შევტყნათ და…“
შემდეგ მერმა გაავარჯიშა ყური გამოექანეთო და მიჩვეული ყური უკვე ისე ისმენს ამ „შევეცის“, აღარც ეხამუშება.
ეს სიტყვა რომ მართლა უბრალო წამოცდენა იყოს, ალბათ, არც ღირდა დიდად ყურადღების გამახვილება, მაგრამ საქმეც ის არის, რომ რაც ბატონმა მინისტრმა დააბრახუნა, სწორედაც რომ იმას უკეთებს ჩვენს განათლების სისტემას. მიმდგარია და… მიზანმიმართულად ანადგურებს და სპობს იმასაც კი, რაც არის, გაუმჯობესებასა და რაიმეს რეფორმირებაზე ხომ ზედმეტიცაა ლაპარაკი.
გამოცდები ბავშვებისთვის სტრესიაო _ მისდგა და საერთოდ გააუქმა გამოსაშვები გამოცდები. ზოგადმა უნარებმა არ გაამართლაო და გასაუქმებელიაო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოსო. მოკლედ, აქამდე თუ „მეტ-ნაკლებად შეგეცით“, „ბოლომდე შეგცემთ“ და ყოფას გიტირებთო, _ გვეუბნება საქართველოს ისტორიაში ყველაზე უარესი განათლებისა და კულტურის მინისტრი.
აუქმებს გამოცდებს და ეს უხარიათ მარტო ბავშვებს, რომლებსაც სწავლა ეზარებათ და მხოლოდ იმ ყეყეჩ, გამოტვინებულ მშობლებს, რომლებიც ერთი მეტრით წინაც ვერ იყურებიან და ვერ ხვდებიან, ეს გაიოლება რამდენად გაურთულებს ცხოვრებას მათ შვილებს.
და კიდევ ერთი კაცია კმაყოფილი ქვეყანაში. ემზარ კვიციანი. კარგია გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელსო. არ ვიცი, რომელი მდინარის პირას ჩამოჯდომა და დაფიქრება ამოხსნის იმ მიზეზობრივ კავშირს, რომელიც გამოცდების არსებობა-გაუქმებასა და ერის გადაშენება-გამრავლებას აკავშირებს ერთმანეთთან. მაინც, რა ჰგონია გამოცდები ამ ემზარ კვიციანს, პრეზერვატივი თუ ვანო ჯავახიშვილის თქმის არ იყოს, _ კონტრაცეპტივი? თუ იმას იმედოვნებს, რომ ბავშვებს რაკი სამეცადინო აღარ ექნებათ, ბავშვების გაკეთებას დაიწყებენ? ამით ვმრავლდებით? არა, ემზარი მარტო კვიცების იმედად არაა და საქმეში ემიგრანტებს და აგენტებსაც რთავს. აგერ, გვახარა კიდეც, მალე ფონდი დაფუძნდებაო, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და ეს ფული ახალი ოჯახების გაძლიერებას მოხმარდებაო. თურმე აგენტები ივლიან და გამოავლენენ _ ვინ ვისი შეყვარებულია და ვინ ვერ ბედავს დაოჯახებას. აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიანო. პირველად დახმარება იქნება და მერე ყველა ბავშვზეო.
აგანგალა განგალა. ბიუჯეტს კი არ აჰკიდა ეს ტვირთი ან რომელიმე ბობოლა ბიზნესმენს, არა, პირდაპირ ემიგრანტებს „დაუზაკაზა“ მათი შენახვა. ხო, აბა რა, ადამიანი ოჯახიდან იმიტომ გადაიხვეწა, საკუთარი შვილები იმიტომ დაზარდა „სკაიპით“, რომ ახლა დადგეს და სხვის შვილებსაც შეუნახოს ცოლი და მონაგარი.
ან იმ აგენტებმა მაინც რით უნდა გამოავლინონ, ვინ ვისი შეყვარებულია და ვინ რის გამო ვერ ბედავს დაქორწინებას? რამე თერმომეტრი ექნებათ, იმას ატაკებენ და დაადგენენ სიყვარულის გრადუსს?
ბოლოს და ბოლოს, სად ვცხოვრობთ, აწყვეტილი გიჟუების ქვეყანაში, სადაც ყველა ერთად შეიშალა? აგერ, გორში მოწაფემ მოწაფე დაკბინა; ისევ გორში მშობელმა მასწავლებელი გაძუყნა, წიხლქვეშ გაიგდო და გაიფინა, როგორ თუ ჩემს შვილზე ხელი აწიეო; ისევ გორში მამამ არასრულწლოვან შვილზე იძალადა; რუსთავში გიჟმა ბიძამ 13 წლის ანგელოზივით ძმისშვილი მოკლა. უფრო სწორედ, ეს ბავშვი შეურაცხადი ბიძის ხელით მოკლა სახელმწიფომ, ამ სახელმწიფოს ჯანდაწვად ქცეულმა ჯანდაცვამ და უმსგავსო, ნამუსგარეცხილმა ექიმებმა. აი, იმ ექიმებმა, რომელთაც ეს გიჟი და გადარეული წინა ღამეს მიუყვანეს და იმათ უკან გამოუშვეს. წესიერად არც გასინჯეს, აქ ადგილი არ გვაქვსო და გვერდით კლინიკაში გადაამისამართეს, სადაც დღეს უკვე მკვლელის ახლობლებს, ავადმყოფის დატოვებასთან ერთად, 3 ათასი ლარის დატოვებაც მოსთხოვეს და რაკი ფული ვერ დაუტოვეს, არც ის ავადმყოფი დაიტოვეს და საბრალო ბავშვს სახლში გაუგზავნეს შეურაცხადი ბიძა, რომელმაც მისი სიცოცხლე მოსპო.
გეკითხებით, ეს ქვეყანაა? გახსოვთ, რამდენი წლის წინ გოდებდნენ სპეციალისტები, რომ ის მიდგომა, რომელსაც სახელმწიფო მიმართავდა ფსიქიატრიული პაციენტების მიმართ, გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანდა? არ მიგვიყვანა? ან რომ დამდგარან და გაჰკივიან ეს ვითომ სპეციალისტები, პაციენტს დარჩენის სურვილი არ ჰქონდაო, თქვენ ბევრი შეურაცხადი გინახავთ, რომელსაც ფსიქიატრიულ კლინიკაში დარჩენა უნდა? ძალიან მაინტერესებს, რა ნამუსით დაიძინებს ყველა ის ექიმი თუ პირი, ვისმა უსულგულობამ და სიხარბემაც დამდგარი შედეგი განაპირობა?
იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო იძულების წესით ახდენდეს შეურაცხად პირთა საზოგადოებისგან იზოლირებას, ოჯახებს აიძულებდეს მათ ჩაბარებას, იქით ოჯახებს სწოვენ ფულს. გეკითხებით, შეურაცხადი პირები მარტო საკუთარ ოჯახს უქმნიან საფრთხეს, თუ მთლიანად საზოგადოებას? ვინც ძმისშვილი მოკლა, სხვის შვილზე ხელი აუკანკალდება? და გინდაც მარტო საკუთარ ოჯახს უქმნიდნენ საფრთხეს, ის ოჯახი თქვენს სახელმწიფოშია თუ მტერ სახელმწიფოში? გეკითხებით თქვენ, ვინც სრულიად უკაპიკოდ მკურნალობთ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ჩამოსულ აფხაზ და ოს სეპარატისტებს, აი, იმათ, ვინც ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდა და ვინც ქართველების სისხლით ხელ-პირს იბანდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მერე სადღაც, არ ვიცი, ვის თვალში იკეკლუცოთ, საკუთარ მოქალაქეებს ასე უნდა ექცეოდეთ? მტერს უფასოდ მკურნალობთ, უფასოდ აძლევთ ძვირადღირებულ მედიკამენტებს და ამ ქვეყნის მოქალაქეებს ისე ექცევით, როგორც მტრებს!
მართლა გეკითხებით, ვინ მოგაგზავნათ ამ ქვეყნის დასაქცევად და გასანადგურებლად? ვინ დაგავალათ ჩვენი ამოწყვეტა? თუ ეს ასე არაა, რატომ იქცევით ყველა ასე ხმაშეწყობილი? განათლების მინისტრიც და ფსიქიატრიულის ექიმიც, გამომძიებელიც და მწვრთნელიც? აგერ, რაც დათუნაშვილის მწვრთნელმა თქვა, ყოველგვარ ზღვარს სცდება! მარტო გეგეშიძე კი არაა დასაჭერი იმის გამო, რომ ჯაჭვით დარბის და უსწორდება მოჭიდავეებს, არამედ დათუნაშვილის მწვრთნელი ნუგზარ სხირელიც ჩამოსაშორებელია!
„ზურაბ დათუნაშვილს საქართველოდან წასვლას არავინ აიძულებს, არც ეუბნებიან. თუ უნდა ახლა წასვლა, დათუნაშვილის გარდა ნახევარი საქართველოა გასული. წავიდეს და იაროს. ჭიდაობა ამით არაფერს დაკარგავს“. გეკითხებით თქვენ, ეს უნდა ამოუვიდეს პირიდან ამხელა კაცს, მწვრთნელს?
იცით, თავის დროზე რატომ მოიკლა თავი სრულიად ახალგაზრდა, ქართული კინოს კაშკაშა ვარსკვლავმა, გოჩა აბაშიძემ? როლიდან მოხსნეს, შევიდა დირექტორთან, აუხსნა სიტუაცია, მაგ ჰონორარის იმედი მქონდა, ვალები მაქვს, თავს მოვიკლავო და იმ დირექტორმა მოაძახა, _ ჟორა შავგულიძე მოკვდა, იმას არავინ გადაჰყვა და შენ ვინ გადმოგყვებაო. დაახლოებით იგივე ბრძანა ამ ვაჟბატონმა მწვრთნელმა! ასე უნდა ელაპარაკონ ახალგაზრდა ადამიანს? მით უმეტეს, მას, რომელსაც სცემეს, დაჩაგრეს, უსამართლოდ მოექცნენ? და უკაცრავად, ეს ჭიდაობის ფედერაცია მაგათ მამაპაპეული დუქანი ჰგონიათ? ეგ ფედერაცია ჩემი, თქვენი ჯიბიდან ამოღებული გადასახადებით ფინანსდება, კეთილი ინებონ და დაემორჩილონ დამკვეთის, შემნახავის მოთხოვნებს, თუ არადა, დათუნაშვილი კი არა, თვითონ წაბრძანდნენ, გახსნან მართლა თავისი დუქნები და თუ უნდათ, სულ არმატურა ურტყან ერთმანეთს თავყბაში მაგან და გეგეშეიძემ. და მაინც, რას ნიშნავს, დათუნაშვილის წასვლით ჭიდაობა არაფერს დაკარგავს? თუ ასე არაფრის მაქნისი იყო, რას გამოჰყავდათ ასპარეზობებზე და უკაცრავად, ვინ გავა ტატამზე, თვითონ? ბრეჟნევის პარალელურკლასელი სხირელი თუ ჯაჭვიანი გეგეშიძე?
მაგრამ რა გინდა ქნა ქვეყანაში, სადაც დიდიან-პატარიანად ყველამ გააფრინა! აგერ, ტურიზმის შეფად 28 წლის გოგო დანიშნეს და უკვე თავი გაითქვა! გუგულა ძალოს, რომ იტყვიან, კენგურუს ნახტომით გადაასწრო!
„ჩვენ გვინდა, უფრო მეტი ხარისხიანი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში“, _ აი, ეს ბრძანა 1990 წელს დაბადებულმა მარიამ ქვრივიშვილმა, თავი რომ მოაქვს მაგისტრობით და 2016 წელს ჩერნოვეცკის რომ სწირავდა ფულებს და ეკონომიკის მამა-მინისტრ ქობულიას რომ დიდი გამოცდილების მქონე ჰგონია. მაინც, რას გულისხმობს ქობულია დიდ გამოცდილებაში და საიდან, რანაირად უნდა ჰქონდეს დიდი გამოცდილება 1990 წელს დაბადებულ ადამიანს? აკვნიდან წამოხტა და შეუდგა იმ მდიდარი გამოცდილების დაგროვებას? ბაკალავრიატი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაამთავრა _ მარკეტინგისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, მაგისტრატურა _ თავისუფალ უნივერსიტეტში. 2012-2013 წლებში კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. 2013 წლიდან ის შპს „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზეა. ასევე იყო ავიაკომპანია ფლყდუბაი-ს რეგიონული მენეჯერი საქართველოში.
აი, ესაა ის დიდი გამოცდილება, ქობულიას რომ ასე ეამაყება! დგას და თავს იწონებს, ქვრივიშვილს ბაკალავრისა და მაგისტრის წოდება აქვს ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის მიმართულებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანიაო. მოიცა და ბაკალავრისა და მაგისტრის „წოდებით“ აკვირვებთ ვინმეს? ეკონომიკის მინისტრს ისიც ვერ გაუგია, რომ ბაკალავრი და მაგისტრი აკადემიური ხარისხია და არა წოდება! მის მოწონებულ და მის მიერ აღზევებულ ქვრივიშვილს კი ის ვერ გაუგია, რომ ადამიანებს არავინ ახარისხებს თანამედროვე სამყაროში! არავინ უწოდებს ადამიანს ხარისხიანს და უხარისხოს! პასუხი რომ მოსთხოვეს, მერე გამოყვეს ენა მის ადმინისტრაციაში და თქვეს, „ხარისხიან ტურისტში“ „მაღალმხარჯველიან ტურისტებს“ გულისხმობდა ქალბატონი მარიამიო. ადმინისტრაციაშიც სულ „მზექალა შანიძეებსა“ და „შუქია აფრიდონიძეებს“ არ უმუშავიათ? ბოსმა დააბრეხვა ხარისხიანი ტურისტი, ხელქვეითმა ჩააზუსტა „მაღალმხარჯველიანი ტურისტი“… ვაი, თქვენს ხელში საქართველოს… ქართულ ენას! დაატრიალეთ მაგ პირში ენა ქართულად და თქვით: „შეძლებული ტურისტი“, მდიდარი, მხარჯველი და შეეშვით უხარისხოს და ხარისხიანის ძახილს! თუ რამეა, პირველ რიგში, თქვენ თვითონ ხართ სრულიად უხარისხო მასპინძლები! და ნამდვილად ვერ გიშველით თქვენი განათლების მინისტრის შეშლილი ნოვაცია _ ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებლის გახსნა. მაინც, რა უნდა ისწავლოთ იმ სასწავლებელში, სტუმრობა თუ მასპინძლობა? თუ საკუთარ სამშობლოში სტუმრად ქცევის სიტკბოების დამუღამება?
ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც თათარიახლად ცხვება მითები. ზუსტად ისე, როგორც ახლა გამოაცხო ერთმან ქოცმან ამა სოფლისამან.
„ის დრო აღარ დაბრუნდება, როდესაც მიშას ძახილით უცნობს 200 პოლიციელი სცემდა“, _ არ გეგონოთ, რომ ეს რომელიმე კლიმაქსიანმა დედაკაცმა თქვა რომელიმე „მარშუტკაში“. ეს იმ 40 არაშენებული ტუალეტის დიდოსტატმა „არსუკიძემ“ _ თვით ზაზა ხუციშვილმა თქვა. დიახ, დიახ, აი, იმან, ოდესღაც გიტარაამოგდებული რომ გაჰკიოდა. 200 კაცმა ერთდროულად ნეკა თითი რომ გატაკოს, ფეხზეც ვერ ადგები, ნაცნობო ბატონო და უკაცრავად, თქვენი უცნობი ჰერაკლეა თუ აგამემნონი?
რეზო შატაკიშვილი