რამდენი ნაბიჯი აშორებს უჩა მამაცაშვილს მილიონერ გოჩა ენუქიძის ქონებამდე?!
სამი მოწვევის მილიონერ დეპუტატს, რომელიც მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია, ერთი შეხედვით, კახეთთან არაფერი აკავშირებს, რადგან უკანასკნელი სამი მოწვევის პარლამენტში 2-ჯერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახე იყო, ხოლო 2016 წლიდან, არც მეტი არც ნაკლები, „გაქოცდა“.
რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთის, ჯერ კიდევ, მოქმედ და აწ უკვე კანდიდატ მაჟორიტარ გოჩა ენუქიძეზე გიამბობთ.
საზოგადოებისთვის საინტერესო არასდროს ყოფილა, იჯდა თავისთვის დათვის ბუნაგში და არც ჩანდა და არც ხმაურობდა. როგორც სხვა დანარჩენი უმრავლესობა, არც მას გაუგიჟებია თავი საკანონმდებლობლო ორგანოში დიდი აქტიურობით. თუმცა ის უკვე 12 წელია, პარლამენტარია. არ გაიკვირვოთ _ მართლა პარლამენტარია. არც ერთხელ უკადრებია პარტიული სიით შესვლა, ის სამივეჯერ ხალხის ინდივიდუალური რჩეული აღმოჩნდა. როგორც ზემოთ ვთქვით, არც მეტი არც ნაკლები, სულ რაღაც, 2 პარტია აქვს გამოცვლილი. ორჯერ „ნაციონალი“ იყო, ერთხელ _ „ოცნებიდან“ და ახლა ანგარიში რომ გაათანაბროს, ისევ „ოცნებაა“. ამობობენ, მისი ჩაუქრობელი პოლიტიკური ვარსკვლავის საიდუმლო მის მილიონებს უკავშირდებაო.
მაგრამ არც იმდენი მილიონი აქვს, რამდენიც, წესით, ბოლო პერიოდში უნდა მოეგროვებინა.
სანამ „ქრონიკა+“ თავის ექსკლუზივს გამცნობთ, მანამდე ამ ჩვენი ღარიბი და დაქცეული ქვეყნის მილიონერი დეპუტატის ქონებას გადაგახედებთ:
გოჩა ენუქიძის ქონების ღირებულება, დაახლოებით, 5 181 800 ლარია. ის, როგორც წესი, სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია ხოლმე. მაგალითად:
2017 წლის პირველ სექტემბერს მან „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ჩარიცხა 50 000 ლარი, 2016 წლის 29 ივლისს კი 55 000 ლარი. მანვე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ 60 000 ლარით დააფინანსა.
მისი ქონებრივი დეკლარაციით ვიგებთ, რომ ჰყავს მეუღლე _ დეა მელაძე და და 2 შვილი _ თინათინი და გიორგი.
გოჩა ენუქიძე ფლობს 346,78 კვ.მ. ფართობის საცოხვრებელ სახლს ამბროლაურში, რომელიც მიწის ნაკვეთთან ერთად 2018 წელს შეიძინა;
2398 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს ასევე ამბროლაურში, რომელშიც 2018 წელს 125 000 ლარი გადაიხადა;
აგარაკს ბაკურიანში, რომელიც 2017 წელს ააშენა და 200 000 ლარი დაუჯდა;
მემკვიდრეობით მიღებული აქვს 136 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში;
ფლობს 169 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში, 643 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, დიღომში;
169 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს ბაკურიანში, რომელშიც გადახდილია 30 000 აშშ დოლარი;
65,8 კვ.მ. ფართობის ბინას თბილისში, ჭავჭავაძეზე, რომელიც 2016 წელს 160 000 ლარადაა შეძენილი;
ასევე ბინას თბილისში, რომლიც 2002 წელს 27 600 ლარად შეიძინა;
დეკლარაციის მიხედვით, მის მფლობელობაშია 1018 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ამბროლაურში, რომელიც 2007 წელს ნასყიდობის სახით აქვს აღებული;
ბინას წყნეთში, რომელშიც 2009 წელს გადახდილია 18 600 ლარი;
43 კვ.მ. ფართობის ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2014 წელს 35 084 ლარადაა შეძენილი;
კიდევ ერთ, 22,6 კვ.მ. ფართობის ავტოფარეხს, რომლის ღირებულება 17 542 ლარი იყო;
ისევ თბილისი _ ბინა, რომელშიც 2016 წელს გადახდილია 494574,01 ლარი.
ის ფლობს მსუბუქ ავტომანქანა Porshe Cayenne GTS -ს, რომელშიც 2016 წელს 120 000 ლარია გადახდილი;
გოჩა ენუქიძეს წლების განმავლობაში შეძენილი აქვს ფასიანი ქაღალდები, არის „ლიბერთი ბანკის“ ფასიანი ქაღალდების მფლობელი, სადაც 1 201 278 ლარის ფასიან ქაღალდს ფლობს;
ფასიანი ქაღალდები აქვს შეძენილი ასევე Bank of Georgia Group PLC -ში, რომელთა რაოდენობაა 4500 და რომელშიც გადახდილი აქვს 62697,64 გირვანქა სტერლინგი;
ენუქიძეს ფასიანი ქაღალდები შეძენილი აქვს TBC Bank Group PLC -შიც, მათი რაოდენობაა 3400, ჯამური ფასი კი 48 453,86 გირვანქა სტერლინგია;
5000-ის რაოდენობის ფასიანი ქაღალდები აქვს Georgia Healthcare Group PLC -ში, რომელთა ჯამური ოდენობაა 10 511,4 გირვანქა სტერლინგი და 3000 ფასიანი ქაღალდი Georgia Capital PLC -ში, ჯამური ოდენობა კი 30 811,46 გირვანქა სტერლინგია.
გოჩა ენუქიძემ 2018 წლის 12 თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის ანაზღაურების სახით აიღო 53 580 ლარი. უჭირდა და ხელფასზე უარს როგორ იტყოდა?
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გოჩა ენუქიძეს „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე აქვს 27 500 ევრო, ხოლო შემოსავალი მიიღო 412,5 ევრო;
„თიბისი ბანკში“ ჰქონდა 300 000 ევროს ოდენობის სესხი, ხოლო ამ სესხის გასავალმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 106849,54 ევრო.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს, გოჩა ენუქიძეს ოჯახის დასვენებისა და სამოგზაურო ხარჯი ჰქონდა 25 000 ლარი, რაც პარლამენტარის მთელი ერთი წლის ხელფასის ნახევარს შეადგენს.
ეს გოჩა ენუქიძის მცირე ფინანსურ-ეკონომიკურ მიმოხილვად ჩავთვალოთ. ახლა გადავიდეთ უფრო მნიშვნელოვანზე _ სად აქვს მას წილები და მთავარი კითხვა, _ ვისთან ერთად? 2016 წლამდე მოსული გულმხურვალე „ნაციონალი“ როგორ შეიძლებოდა გამხდარიყო მოულოდნელად „ქოცი“?
მაშ, ასე! _ გოჩა და კომპანიები
შპს „გალაქსი ინვესტის“ 50%-იანი წილის მფლობელი;
ის არის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის 20%-იანი წილის მფლობელი;
ის არის შპს „იბერკომპანის“ 100%-იანი წილის მეპატრონე;
შპს „ალიანს მოტორს-თბილისის“ 12,5%-იან წილის მეპატრონე;
შპს „კასლეთი 1-ის“ 45%-იან წილის მფლობელი;
შპს „არქი თაუერის“ 25%-იანი წილის მფლობელი.
გოჩა ენუქიძის ოჯახის წევრთა ქონება არცთუ ურიგოა. პარლამენტარის მეუღლე დეა მელაძე ფლობს 2385 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს საგურამოში, რომელიც 2016 წელს საჩუქრის სახით მიიღო; კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს საგურამოში, რომელშიც 2000 წელს 6000 ლარია გადახდილი; 1300 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს საგურამოში, რომელიც 2006 წელს 23 563 ლარადაა შეძენილი. დეა მელაძის საკუთრებაშია 750 კვ.მ. ფართობის აგარაკი საგურამოში, რომელიც 2000 წელს მისმა მეუღლემ ააშენა და 500 000 დოლარი დაუჯდა. მელაძე ფლობს 250 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს ბაკურიანში, რომელიც 2015 წელს 25 000 ლარადაა შეძენილი. ენუქიძის მეუღლის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Toyota LandCriuser -ი, რომელიც 2016 წელს 55 000 ლარადაა შეძენილი. დეკლარაციის მიხედვით დეა მელაძე არის შპს „გამას“ 25%-იანი წილის მფლობელი. ენუქიძის ქალიშვილი, თინათინ ენუქიძე, არის შპს „ევრო ტესტის“ 25%-იანი წილის მფლობელი, ასევე შპს „ჯგუფი ბაფის“ ერთ-ერთი პარტნიორი, შპს „იბერკომპანისა“ და შპს „იბერვაინის“ დირექტორი, შპს „რივერსაიდ დიღმის“ დირექტორი, შპს „სქაი ბათუმის“ დირექტორი და შპს „ვიემ მაშინის“ დირექტორი.
ერთი შეხედვით, პატარა ოლიგარქის ქონება ისეთივეა, როგორც სხვა დანარჩენი რეგიონის ოლიგარქების. მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო „მაგრამ“, _ მისი ქალიშვილი, სულ რაღაც, 2017 წლიდან ჩნდება შპს „ჯგუფი ბაფის“ პარტნიორად. არადა, ეს შპს იმ პარტნიორებს აერთიანებს, რომლებიც გოჩა ენუქიძის სხვა კომპანიებშიც აქტიურად ფიგურირებენ. მაგალითად, ზაზა ვაშაკიძე, კახა ქურასბედიანი, ნაზი ლიპარტელიანი, ნიკოლოზ პატარაძე, გოჩა ხაბულიანი და სხვანი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ერთსა და იმავე დღეს უცებ ერთად მოიწადინებდნენ ხოლმე და ერთსა და იმავე საათზე შეჰქონდათ შესაწირი ხან „ნაცმოძრაობასთან“ და ხან _ „ოცნებასთან“. შესაბამისად, დასკვნა მარტივია: შპს „ჯგუფი ბაფი“ არა ვიღაცების, არამედ გოჩა ენუქიძის ე. წ. პეხოტაზე გაფორმებული კომპანიაა, რომელიც „ჯგუფი ბაფის“ ბუღალტრული აღრიცხვიანობის ფორმირებისთვის არსებობს. რას საქმიანობს „ჯგუფი ბაფი“, ამაზე შემდეგ ნომერში ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე საინტერესო სხვა რამეა, _ უცებ, ასე მოწმენდილ ცაზე, ამ კომპანიას კიდევ ერთი მეწილე გამოუჩნდა _ 2017 წელს, გოჩა ენუქიძის ქალიშვილისა და სიძის სამეგობროს გარდა, კომპანიის თამაშში შედის უჩა მამაცაშვილის ცოლისძმა _ კოკა კოკოლაშვილი.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით:
_ ენუქიძეს ნდობა-არნდობა არ არის აქ მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მას მერე, რაც 2016 წლიდან ის უჩა მამაცაშვილის კურთხევით ხდება „ქართული ოცნების“ სახე პარლამენტში, იქ მამაცაშვილს უკვე სხვა ინტერესები აქვს. ანუ ენუქიძის ბიზნესში თავისი დესპანი ჯერ მცირე დოზით _ 8%-ით უნდა გაგზავნოს. მამაცაშვილი ისევე ენდობა ცოტა ადამიანს, როგორც თავად მისი დეიდაშვილი ივანიშვილი. ამიტომ მისი ერთადერთი დასაყრდენი მისი ცოლისძმაა.
_ რა განათლება აქვს ამ ცოლისძმას?
_ განათლება არ სჭირდება მამაცაშვილს, მას სჭირდება მახვილი ყური, კარგი სმენა, ცოცხალი თვალები და გამჭრიახი გონება. როგორც ვიცი, კოკოლაშვილს ამის ყველა უნარი აქვს. ის წარმოშობით კახეთიდან არის. კახეთში დაბადებული და გაზრდილია ისიც და მისი დაც. ასე რომ, მამაცაშვილი კახელების სიძეა. მართალია, ოჯახი რუსთავში ცხოვრობს, მაგრამ მთავარია ცოლისძმა, რომელიც უჩას მარჯვენა ხელია.
_ ენუქიძეს რომ დავუბრუნდეთ…
_ გოჩა ენუქიძეს სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ის უკვე წლებია, უჩას ტყვეა. მისი ბიზნესი, პრაქტიკულად, მამაცაშვილის სკანირების ქვეშაა. თუ უნდა, რომ შეინარჩუნოს რაღაც ნაწილი, მაინც მას უნდა დაემორჩილოს. თუ წინააღმდეგი წავა, მას გასაგებად აუხსნა 2015 წლის ბოლოს მამაცაშვილმა, როგორ განვითარდებოდა მილიონერი დეპუტატის ბედი ბიზნესშიც, ქართულ პოლიტიკაშიც და ციხეშიც… ამიტომ როლები შეიცვალა და ასე გახდა გოჩა ენუქიძე „ნაციონალებიდან“ „ოცნების“ მხარდამჭერი. ეს იციან „ნაციონალებმაც“
_ ისე, ენუქიძე არასდროს ყოფილა ორატორი და მჭევრმეტყველი პარლამენტში…
_ ენუქიძე პარლამენტში არასდროს შეუყვანიათ სალაპარაკოდ… ის ყოველთვის მსხვილი საფულე იყო. წინა ხელისუფლება ხელს უწყობდა საფულის გაზრდაში და მოგებასაც იღებდა იქიდან. მაგრამ ახლა საფულის ჩამორთმევისა და გაყოფის გადაწყვეტილება მიაღებინა უჩამ.
ასეა, _ მამაცაშვილი ხან იქ არის, სადაც მას არ ელიან. საინტერესოა, რამდენი ნაბიჯი აშორებს მამაცაშვილს ენუქიძის ქონების სრულ დაპატრონებამდე?!
კომპანია „ჯგუფი ბაფის“ დაახლოებით 20-წლიანი საინტერესო ისტორიის შესახებ მომდევნო ნომრებში მოგიყვებით…
მაკა მოსიაშვილი