რამდენად უსაფრთხოა სკოლა – სპეციალისტები მიდგომის შეცვლის აუხილებლობაზე ალაპარაკდნენ
სკოლა ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს მეცნიერული, სასწავლო-საგანმანათლებლო ან შემოქმედებითი მოღვაწეობის, საშუალებების, რესურსების ერთობლიობას.
განათლების მიღების უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლითაა განსაზღვრული. სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აქვთ ბავშვებს ამ უფლების განხორციელებისა და ხარისხიანი განათლების მიღების უფლება.
ამავდროულად, სკოლები ვალდებულები არიან, არა მხოლოდ შესაბამისი ცოდნით, არამედ აუცილებელი უსაფრთხოებითაც უზრუნველყონ მოსწავლეები.
თუმცა არის კი უსაფრთხო სწავლა ქართულ სკოლებში?
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ძალადობის ფაქტები ბავშვებზე, რომლებიც უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაფიქსირდა.
მკვლელობა, თავდასხმა, ბულინგი, დაპირისპირება, კონფლიქტი _ დღეს ყველაზე ხშირად სკოლებთან მიმართებით სწორედ ამ სიტყვებს გაიგებთ.
მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში სასწავლო დაწესებულებები ძალადობისა და კონფლიქტური ფაქტების სიხშირის გამო მოექცა.
2017 წლის ოქტომბერში სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში წარადგინა, რომელიც ძალადობის კუთხით სკოლებში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.
2016-2017 სასწავლო წლის მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ, საქართველოს მასშტაბით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირია ძალადობის ფაქტები. ასევე გამოვლინდა მოსწავლეთა შორის ბულინგის შემთხვევებიც.
საქართველოს მასშტაბით 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის, 98 საჯარო, 5 კერძო და 6 სკოლა-პანსიონი შემოწმდა.
მონიტორინგი UNICEF-ის მხარდაჭერით სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერების ფარგლებში ჩატარდა.
მონიტორინგის შედეგად შემაშფოთებელი ვითარება გამოვლინდა: ძალიან ხშირია როგორც მასწავლებლის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევები, ასევე, ბულინგი თანატოლებს შორის.
ეს ბოლო და ყველაზე ახალი კვლევაა, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში გამოვლენილი ძალადობის შესაფასებლად ჩატარდა.
2018 წლის სტატისტიკა ამ კუთხით, ჯერჯერობით, არ გამოქვეყნებულა, თუმცა რეალობა ცხადყოფს, რომ ვითარება საგანგაშოა და ყოველდღიურად იზრდება სკოლებში ძალადობის შემთხვევები და კიდევ უფრო მძიმდება მისი თანმდევი ფორმები.
რა საშუალებებია ძალადობის პრევენციისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რა შეიძლება გაკეთდეს ამ მასშტაბური და კომპლექსური პრობლემის მოსაგვარებლად?
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, მანდატურის სამსახურის შემოღება სწორედ ძალადობრივი ფაქტების შემცირებასა და მსგავსი სახით გამოვლენილი ბულინგის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.
განათლების მინისტრი ასევე საუბრობს საპატრულო პოლიციის პატრულირებაზე საჯარო სკოლებში, რათა თავიდან ავიცილოთ მოზარდებს შორის ნებისმიერი სახის დაპირისპირება და კონფლიქტი. მისივე განმარტებით, ამის საჭიროება შექმნა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებულმა კრიმინალურმა შემთხვევებმა მოზარდებს შორის სკოლის ტერიტორიაზე.
2014 წელს მიიღეს ძალადობის პრევენციის სტრატეგია, რომლის მეექვსე თავი სკოლებში ძალადობის შემთხვევებს ეხება.
სწორედ ამ სტრატეგიაშია განმარტებული სკოლის როლი და ძალადობის გამომწვევი მიზეზები და ფორმები სკოლაში.
სტრატეგიაში ნათქვამია, რომ სკოლაში ძალადობის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს სკოლაში მიმდინარე პროცესების მიმართ მასწავლებელთა და მოსწავლეთა გულგრილობა წარმოადგენს. მოსწავლეთა იზოლაცია სკოლის ცხოვრებისაგან,
მასწავლებლებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ურთიერთობის ნაკლებობა ხშირად განაპირობებს ვანდალურ საქციელს, რადგან მოსწავლეები საკუთარ თავს სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებასთან ვერ აიგივებენ.
არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოსწავლეებში გამოვლენილ ძალადობასა და სკოლის პროგრამის ათვისების სირთულეს შორის. სასკოლო
საგნებში წარუმატებლობა (რაც, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს დასაქმების სამომავლო პერსპექტივაზე) ფსიქოლოგიურ სტრესს, სკოლისა და
წარმატებული თანატოლებისგან გაუცხოებას განაპირობებს, ეს კი აგრესიისა და ძალადობრივი გამოვლინებების ერთგვარი საფუძველია.
პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე:
_ საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და არასათანადო მოპყრობისგან, მათ შორის, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან; მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა ურთიერთობის ფართო მასშტაბით გავრცელებული ფორმაა; სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებების შესახებ; ამასთან, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ ხორციელდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მიმართული რეაგირება; არასაკმარისია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც. სკოლებს არ გააჩნიათ ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა.
სკოლაში ძალადობის პრობლემაზე საუბრისას უნდა განისაზღვროს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. კონკრეტულად: რა სახის ძალადობაზეა საუბარი, ვინ არის უშუალოდ მოძალადე და რა ფორმით ვლინდება ეს ძალადობა საგანმანათლებლო სფეროში?
სკოლაში ბავშვთა მიმართ ძალადობის რამდენიმე ფორმა არსებობს: ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური და ა. შ., გამოვლენილი ფორმების შესაბამისად.
მოძალადე შეიძლება იყოს უშუალოდ მასწავლებელი ან სკოლაში მომუშავე თანამშრომელი, რომელიც სხვადასხვა ფორმით ძალადობს მოზარდზე.
ასევე განსაკუთრებით გახშირდა უშუალოდ მოზარდებს შორის დაპირისპირებისა და კონფლიქტის შემთხვევები, რომელიც ფატალურადაც მთავრდება.
პრობლემად რჩება ის ფაქტიც, რომ რეალურად ძალადობა არასწორად განისაზღვრება.
საგანგაშოა თავად ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ესმის ძალადობის გავლენა მოზარდის ფსიქიკაზე და ბულინგის შედეგები, რომელმაც შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს მოზარდის ფსიქიკის ჩამოყალიბებაში.
სკოლაში ძალადობის ფენომენსა და მისი პრევენციის გზებზე საუბრობს სკოლაში მოსწავლეებთან მომუშავე ბავშვთა ფსიქოლოგი თამარ ჩოჩიშვილი:
_ ძირითადად, როდესაც ბავშვი თავისზე სუსტზე ძალადობს, უნდა ვიფიქროთ, რომ თავად არის სადღაც სხვა გარემოში ძალადობის მსხვერპლი,
ამიტომ შემდეგ თავად ძალადობს სხვაზე სხვა გარემოში იქ, სადაც გასდის. მსხვერპლი აუცილებლად მასზე სუსტია, შეიძლება რაიმე ფიზიკური ნაკლიც ჰქონდეს.
მოკლედ, ძალადობენ უკვე არჩეულ მსხვერპლზე როგორც შეუძლიათ: სიტყვიერად, ემოციურად თუ ფიზიკურად.
მსხვერპლი ხშირად სირცხვილის გამო არ აღიარებს, რომ მასზე ძალადობენ, ან იმის გამო, რომ აშინებენ და ხშირია შემთხვევა, როცა ბულინგის ბოლო სუიციდია.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გახშირდა ძალადობის შემთხვევები სკოლებში, ამის მიზეზი არის, თუნდაც, უამრავი ძალიან აგრესიული ინტერნეტთამაში; ის, რომ მშობლებს შვილებისთვის აღარ სცალიათ; ბავშვებმა ემოციების კონტროლი არ იციან;
გადატვირთული გრაფიკის გამო აღარ აქვთ თავისუფალი დრო ჯანსაღი ურთიერთობებისთვის, როცა ითამაშებენ, ემოციებს გაცვლიან, კინოში წავლენ. პრევენციის გზად მივიჩნევ, რომ სკოლებში ფსიქოლოგები დაბრუნდნენ და ისინი მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან კი არა, ყველა მოსწავლესთან თანაბრად მუშაობდნენ. ასევე საჭიროდ მივიჩნევ სოციალური სამსახურების გაძლიერებას. სოცმუშაკებმა ისეთ ოჯახებთან უნდა იმუშაონ, სადაც ეჭვია, რომ ბავშვები ძალადობის მსხვერპლი არიან და პოტენციურად თავადაც მოძალადეები.
მანამდე კი, სანამ სახელმწიფო ძალადობის პრევენციის სტრატეგიაზე მუშაობს და მანდატურის ინსტიტუტის გაძლიერებით აპირებს პრობლემის აღმოფხვრას საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ყოველდღიურად იზრდება მსხვერპლ და მოძალადე მოზარდთა რაოდენობა, რომლებიც სკოლაში სამეცადინოდ კი არა, საქმის გასარჩევად დადიან.
ანა ურუშაძე