რაზე ისაუბრეს ნიკა მელიამ და მიხეილ სააკაშვილმა?

გიგა გელხვიიძე

რა გეგმები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას? რა ნაბიჯს გადადგამს ის უახლოეს მომავალში? _ ეს კითხვები მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია.

ბოლო პერიოდში მელია არაერთხელ გამოჩნდა საჯარო სივრცეში საკუთარი პოზიციით, გამართა აქცია, „ქართულმა ოცნებამ“ იგი დააკავა კიდეც. ის აქტიურად აგრძელებს პოლიტიკურ გზას და გეგმავს, რომ ოპოზიციურ ფლანგში დიდი ცვლილებები შეიტანოს და გადადგას ნაბიჯები, რომლებიც პირდაპირ იქნება მიმართული ხელისუფლების ცვლილებისკენ. ახლა მთავარ კითხვად რჩება, _ მელია ამას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად აპირებს თუ ცალკე, დამოუკიდებელ მოთამაშედ წარდგება ქართული პოლიტიკის შინაშე?

აქვს თუ არა მას კონტაქტი ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან? რას ფიქრობს ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილზე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ნიკა მელიას ესაუბრა:

_ ბატონო ნიკა, რა ხდება ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე?
_ ქართულ პოლიტიკურ ველზე, სამწუხაროდ, ხდება ის, რაც არ უნდა ხდებოდეს, კერძოდ, ქართველი ხალხის ინტერესებს არავინ იცავს. აღნიშნული მოცემულობა შესაცვლელია და შეიცვლება. ოლიგარქიული ხელისუფლება ზრუნავს მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე, მაგრამ ხელისუფლება უნდა შეცვალოს უკეთესმა ალტერნატივამ. ამ წლებში ხალხმა გამოცდილება მიიღო და მათთან სულ ცოტა კონტაქტიც კი საკმარისია, რომ მიხვდეს ადამიანი, თუ ვისი სჯერა ხალხს. სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა გარკვეული კასტა, მათ შორის, ოპოზიციაშიც, რომელსაც შესაძლებლად მიაჩნია ხალხის იგნორირებით და ვიწრო ჯგუფის ინტერესებით პოლიტიკურ აქტორად ყოფნა. მალე ასეთი ადამიანები დარწმუნდებიან, რომ არათუ გამარჯვებაა შესაძლებელი მსგავსი მიდგომით, არამედ პოლიტიკაში ყოფნაც კი შეუძლებელი გახდება. გამოსავალი არის ის, რომ ოპოზიციური პარტიები გაიზარდონ, რაც მხოლოდ ივანიშვილის სამართლიანი ლანძღვით კი არ უნდა წარმოჩინდებოდეს ალტერნატივად საზოგადოებისთვის, არამედ უკეთესი სტანდარტის ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ, ამის ხელშესახები სხვაობა უნდა დავანახოთ ქართველ ხალხს. ახალგაზრდების პროცესებში ჩართვით, კვალიფიკაციით, ინოვაციით და არა 2003-2012 წლების რეინკარნირებით მავანთა მხრიდან და 2012-2023 წლების მომავალში ხილვის ჟინით, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია და მეტი უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას, პირველ რიგში, სიმართლით და ღირსებით, არა კლანური მმართველობით, არა ოლიგარქიული მისწრაფებებით, მათ შორის, ოპოზიციაში მყოფ მილიონერთა კლუბის წარმომადგენლებსაც ვგულისხმობ. ამ ქვეყანაში ყველამ იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არც გაზრდილი პენსიის, არც დაგებული გზის, არც აშენებული სიღნაღისა და ბათუმის გამო გადაირჩიეს. რის გამოც გადაირჩიეს ეს პარტია 2012 წელს, რის შეცვლასაც მე ვცდილობდი, სამწუხაროდ, ყველაფერი ერთიანად იქნა თავმოყრილი დღევანდელი ენმ-ს მენეჯმენტში.
_ „ედისონ რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევით არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია ზოგადად ოპოზიცია და, მათ შორის, მთავარი ოპოზიციური პარტია. რა უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ ამ კვლევის შედეგებიდან? რაზე აქვს სამუშაო მას?
_ მთავარი, ხალხის ინტერესი უნდა იყოს ასახული შესაბამისი დოზითა და ხარისხით. ადამიანების ინტერესი საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ხელისუფლებას მიტაცებული აქვს მართვის სადავეები, ყველა სახელისუფლებო შტო. სამწუხაროა, ოპოზიციაში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მონსტრთან ბრძოლაში მონსტრს თუ დაემსგავსებიან, ქართველ ხალს დაარწმუნებენ, რომ ისინი იქნებიან ბიძინა ივანიშვილის უკეთესი ალტერნატივა. არავითარ შემთხვევაში. მიუხედავად იმ რთული პოლიტიკური ფონისა, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, სადაც იმედგაცრუება მატულობს, დარწმუნებული ვარ, სულ ცოტა ხანში ქართველი ამომრჩეველი დაინახავს გზას, რომელსაც იგი უნდა დააგეს, მაგრამ ეს იქნება მართალი გზა, რომელიც კონტრასტულად განსხვავებული იქნება ივანიშვილის მახინჯი მმართველობისგან. რა სახეს მიიღებს ეს გადალაგება ოპოზიციაში, რა შეთავაზებები ექნებათ ქართველ პოლიტიკოსებს, ამას დავინახავთ, მაგრამ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, _ ქართველი ამომრჩეველი გაიზარდა და მას ვეღარავინ მოატყუებს. მიმაჩნია, რომ დიდი მორალური უპირატესობით შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ვიღაცას მიაჩნია ოპოზიციაში, კერძოდ, ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს. მე ამ ადამიანებთან საგვარეულო დავა კი არ მაქვს, უბრალოდ, ისინი არიან ხელშემშლელი ფაქტორი, _ როდესაც გინდა, დაამარცხო ივანიშვილი, რომელმაც მიიტაცა მართვის სადავეები და მეოთხე ვადასაც უმიზნებს, ამ დროს კი საზოგადოებას ალტერნატივად უსახავენ კეზერაშვილ-მერაბიშვილს, წარმოუდგენელია, არ არსებობს. 100 წელიწადიც რომ გავიდეს, ივანიშვილის დამარცხება კეზერაშვილ-მერაბიშვილით შეუძლებელია. ამიტომ საზოგადოებამ უნდა გაიგოს: ალტერნატივა იქნება ჯანსაღი, საღი, კვალიფიკაციაზე ორიენტირებული და არა წარსულის აჩრდილები, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია ქართულ პოლიტიკაში არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ აქვთ ფული და ამ ფულის კიდევ უფრო მეტად უზრუნველსაყოფად სჭირდებათ პოლიტიკაში ყოფნა.
_ „გამარჯვების პლატფორმა“ _ რამდენად შეძლებს ენმ-ს მოქმედი მენეჯმენტი და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ივანიშვილთან ბრძოლას?
_ თუ ვინმეს აწყობს დღევანდელი ე. წ. გამარჯვების პლატფორმა, რომელიც დაარქვეს და ყველაფერია გამარჯვების გარდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. თუ ვინმე არის ბედნიერი, ეს გახლავთ ივანიშვილი, რადგან ოპოზიციის არაფორმალურ მმართველებად წარმოჩენილი არიან კეზერაშვილ-მერაბიშვილი. ეს მოცემულობა შეიცვლება. კეზერაშვილ-მერაბიშვილის უხეში ჩართვით პარტია ორად გაყვეს იდეოლოგიურად. ეს პარტია გახლიჩეს კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა. ძალიან ბევრს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, ეს ყველაფერი განგებ ხომ არ კეთდება, რათა ივანიშვილის პოლიტიკურ წისქვილზე დაესხას წყალი? კიდევ ერთხელ ვამბობ, რის გამოც გადაირჩიეს ეს პარტია 2012 წელს, რის შეცვლასაც მეც და ძალიან ბევრი ადამიანი ვცდილობდით, დღეს ყველაფერი ერთიანად პარტიის ამ მმართველობაშია აკუმულირებული, კრებსით სახელს ვუწოდებ, _ კეზერაშვილ-მერაბიშვილის. ხომ ვიცით, რომ „ოცნებას“ იდეოლოგიური საფუძველი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ოღონდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს. ათი წელი ამას საუბრობდნენ, რასაც ვუპირისპირებდით ძალიან ბევრ სიმართლეს წლების განმავლობაში. ახლა ეს მენეჯმენტი იქცა იდეალურ საპყრობილედ ბიძინა ივანიშვილისთვის დაბალი ინტელექტით, დეკვალიფიკაციით, ძალმომრეობითა და რეპრესიით საკუთარ პარტიაში. გარე მაყურებელმა, პოტენციურმა ამომრჩეველმა როგორ შეიძლება, რომ სურვილი გაიღვივოს და მუხტი გაუჩინოს, რომ ასეთ არასამართლიან ხალხს მხარი დაუჭიროს? მერაბიშვილსა და კეზერაშვილს რამე კარგი რომ უნდოდეთ ქვეყნისთვის, ისინი რა რეპუტაციულ ზიანსაც აყენებენ მთელ ოპოზიციას, უნდა ითვალისწინებდნენ და გვერდზე იწეოდნენ, მაგრამ მათი ჟინი არის ის, რომ კი არ გაიწიონ, მაქსიმალურად მოიწიონ. მოგებაზე ორიენტაციით კი არ არიან ორიენტირებულები, ოპოზიციაში ძალაუფლების წყურვილით არიან განპირობებული, ხაზს ვუსვამ _ ოპოზიციაში. ეს ხდება ან ბიძინას ნებით ან მათი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოცემულობა ხელს აძლევს ბიძინა ივანიშვილს. ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს და აუცილებლად შეიცვლება. ყველა დარწმუნდება, რომ ხალხის სიტყვა არის საბოლოო და ორი-სამი მილიონი არ არის გადამწყვეტი. ჩვენი მომავალი განისაზღვრება გულწრფელი ემოციებით, საღი აზრით და არა მერაბიშვილ-კეზერაშვილ-ივანიშვილით. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი, დათო კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ერთია იმ მხრივ, რომ არცერთი მათგანი ხალხის ინტერესს არ ასახავს.
_ სოფო ჯაფარიძის ფაქტორი…
_ როდესაც სოფო ჯაფარიძე გაჰყვა მიხეილ სააკაშვილს და მისი წარმომადგენლის ტვირთი აიღო საკუთარ მხრებზე, მე მას ვუსურვე წარმატებები და იქვე ვთქვი, რომ ძალიან მძიმე ტვირთი იქნებოდა. ასეც ვხედავთ, რამდენად მძიმეა ეს ტვირთი, მაგრამ პატივია იყო გულწრფელი ამ ბრძოლაში. მძიმე რატომ არის ეს ყველაფერი იცით? მას ძალიან ბევრი შინაური და გარეული მტერი ეყოლება და ეს უკვე ჩანს. სახეზეა მათ შორის ე. წ. მილიონერთა კლუბის წარმომადგენლები, რომლებსაც თითქოს ოპოზიციური ჟინი აქვთ და ბიძინა ივანიშვილის შეცვლა უნდათ, სინამდვილეში კი ფულის შოვნის გარდა არაფერი ადარდებთ. ამ ადამიანების აქტიურობას უფრო ვხედავ სოფო ჯაფარიძის წინააღმდეგ და ეს უფრო თვალნათელი გახდება მომავალში. მას ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ ამ რთულ გზაზე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ და ამ ათი წლის განმავლობაში ეს არაერთხელ დამიფიქსირებია, რომ ბოლო ბრძოლა იქნება უკომპრომისო, მაგრამ იქნება სიმართლით და ღირსებით სავსე, თუმცა ეს ბრძოლა უნდა იყოს ქართველ ხალხთან ერთობით და არა იმ ადამიანებთან, რომლებსაც საკუთარი საფულის მეტი არაფერი აინტერესებთ.
_ აქტიურად ხვდებით მოქალაქეებს. როგორი განწყობებია ხალხში და რას ფიქრობენ ისინი ორად გახლეჩილ ენმ-ზე?
_ საზოგადოებას მომწიფებული აქვს პოზიცია და მოსაზრება, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ისევ ელოდება ადეკვატურ ალტერნატივას, ვის უნდა დაუდგეს გვერდით რეალურად _ იმას, ვისაც უფსკრულში მიაქანებს „ქართული ოცნება“? გამორიცხულია. ან იმას, ვისაც ბიძინა ივანიშვილობა სურს მომავალში ოპოზიციიდან? ესეც გამორიცხულია. არსებობს „რუსული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის გეოპოლიტიკური არჩევანი რუსეთია, ამასაც ხედავს მკაფიოდ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ელოდება საღ ალტერნატივას. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საზოგადოება თუკი დაინახავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილში სურვილს, რომ მათ უნდათ რეალური ცვლილება და აქვთ ძალა, თავის სათქმელს იტყვის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გინდოდეს ბიძინა ივანიშვილი დღეს საქართველოს მოქალაქედ და მმართველად, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ გინდოდეს მერაბიშვილ-კეზერაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით მომხრეს უნდა, რომ პარტიაში შეიცვალოს მძიმე უსამართლობა. იქ, სადაც არის მერაბიშვილი და კეზერაშვილი, არ იქნება გულწრფელი ბრძოლა, სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესი. ბურთი ახლა არის მათ მოედანზე, მიიღებენ შესაბამის ზომებს, კი ბატონო. განხილვისთვის ღირს თუ არა ბრძოლა ამ პლატფორმიდან, ჩვენ მზად ვართ, თუმცა დღეს ეს შესაძლებლობები დაკარგულია. მაგრამ სანამ ერთ თანამოაზრეს მაინც სჯერა, რომ შესაძლებელი არის პარტიაში აღდგეს წესრიგი და ხალხის ინტერესი გახდეს უზენაესი, მანამ მე არ ვიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას ათასობით თანამოაზრესთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ კეზერაშვილ-მერაბიშვილმა ბოლომდე შეინარჩუნეს მიტაცებული პარტია, ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ ადამიანებთან, რომლებიც მხოლოდ ივანიშვილთან ბრძოლის იმიტაციას ახდენენ და არა რეალურად იბრძვიან ამ რეჟიმის წინააღმდეგ.
_ გაქვთ თუ არა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან?
_ მიხეილ სააკაშვილთან ბოლო ერთი თვის განმავლობაში მქონდა რამდენჯერმე კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, წერილობითი, ეპისტოლარული, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და მათ შორის იმაზე, რაზედაც ვსაუბრობ თვეების განმავლობაში.
_ როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილი მის მიერ დაარსებული „ნაციონალური მოძრაობის მდგომარეობას?
_ ეს, ალბათ, თავად ბატონი მიხეილის სათქმელია და არა ჩემი, მაგრამ არ არსებობს ობიექტურად განწყობილი ადამიანი, რომელიც კმაყოფილია დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობით“. რთულად წარმოსადგენია, რომ თავად სააკაშვილი იყოს კმაყოფილი. მაგრამ სიმართლე არის ერთი: სადაც იქნება სიმართლე, იქ იდგება ნიკა მელია.
_ უკვე საკმაოდ დიდი შეხვედრა გქონდათ ამომრჩეველთან. რამდენადაც ვიცი, კიდევ გეგმავთ. რა გზავნილები გაჟღერდება ამ შეკრებებზე?
_ ჩვენ გვექნება სხვადასხვა ქალაქში ანალოგიური შეკრებები, რომელიც გავმართეთ თბილისში, 29 ოქტომბერს გვექნება ქუთაისში, ნოემბრის დასაწყისში _ სამეგრელოში, კახეთსა და ა. შ. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს ხალის ინტერესებიდან გამომდინარე.
_ თუ ნიკა მელიას ცალკე მოთამაშედ ვიხილავთ, რომელ პოლიტიკურ ძალასთან შეიძლება ითანამშრომლოს მან ოპოზიციური ფლანგიდან?
_ ძალიან ბანალური პასუხი შეიძლება იყოს ამაზე. მე რომ შემოვედი ქართულ პოლიტიკაში, მსურდა, რომ ვყოფილიყავი ხალხის, თბილისელების, ქუთაისელების, თელაველებისა და ყველას წარმომადგენელი პოლიტიკაში და ასეთი მოწოდებით ვარ დღესაც. ეს რაც შეეხება უბრალოდ მიდგომას, როგორიც მე მაქვს პოლიტიკური პროცესებისადმი. იმ შემთხვევაში, თუ კეზერაშვილ-მერაბიშვილმა საბოლოოდ დააკონსერვა პარტია, რომელიც მათ მიიტაცეს და ხედავთ, რომ 9 თვის განმავლობაში, კვირიდან, კვირამდე, რეგრესია, მაშინ, ბუნებრივია, მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას თანამოაზრეებთან ერთად. ამიტომაც ვმართავთ ამ შეხვედრებს. არაერთი შანსი მივეცით ენმ-ს მენეჯმენტს, რომ გადმოდგან ნაბიჯი ერთიანობისკენ, მაგრამ ამას სჭირდება არაფორმალური მმართველებისგან განთავისუფლება. თუ ამას არ აკეთებენ, ბუნებრივია, მერე საბოლოოდ გადაწყვეტილებას მივიღებთ და თუ მოგვიწია პოლიტიკური ბრძოლის წარმართვა დამოუკიდებლად, ეს იქნება სხვა პლატფორმა. ბუნებრივია, ეს ჯერ არარსებული პლატფორმაა. მე არც ვფიქრობ და არც ვგეგმავ, რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას უნდა შევუერთდეთ, მაშინ, როდესაც არის ათასობით გამოცდილი და გულანთებული ადამიანი, რომელსაც დაემატება კიდევ უფრო ბევრი. ასეთ შემთხვევაში, თუ სხვა გზა არ დაგვრჩა, დარწმუნებული ვარ, ჩემთვის პრიორიტეტი მაინც დარჩება ერთობა საერთო სტრატეგიული მიზნის გარშემო იქ, სადაც იქნება წესიერი, მართალი ხალხის ერთობა _ საწყის ეტაპზე პატარა თოვლის გუნდის სახით და ეს გუნდა გადაიქცევა დიდი ერთობის ზვავად, ეს დიდი ერთობის ზვავი გადაიქცევა, საბოლოო ჯამში, დიდ დემოკრატიულ ტალღად, რომელიც დაარტყამს ივანიშვილის რეჟიმს. დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტთან ურთიერთობას მისი ამომრჩევლის ნახევარი არც უშვებს და არც ახსენებს. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება მერაბიშვილისა და კეზერაშვილის პირობებში საერთო ერთობაზე ლაპარაკი? იმაზე კი არ ვსაუბრობ, რომ ამ ხალხმა პარტია დააზიანა მხოლოდ. კი, ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა და გამოსწორებადია თუ არა ეს, ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ მთავარი რაც კეზერაშვილ-მერაბიშვილმა გააკეთა, ეს არის ის, რომ საერთო ოპოზიციური ბრძოლა და ფრონტი შეასუსტა ივანიშვილის წინააღმდეგ და მომავალი განსჯის ამას. რამდენად ეს განზრახ თუ უნებლიეთ გააკეთეს, საკითხავია. ჩემი პოზიცია მაქვს, მაგრამ ამის შესახებ შემდეგ.
_ ენმ-ს მოქმედ მენეჯმენტთან თუ გაქვთ კონტაქტი და რამე სახის მოლაპარაკება?
_ ენმ-ს არ ჰყავს მენეჯმენტი, შესაბამისად, კონტაქტი მათთან ვერ მექნება. არ არის დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტი თვითმყოფადი. ეს არის მწარე, მაგრამ სიმართლე და პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, თუ სიმართლე არ ვთქვით. ეს მენეჯმენტი არ იღებს არანაირ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას კეზერაშვილ-მერაბიშვილის გარეშე და ეს არის ჩემი რწმენა, შემდგარი ფაქტი. ნებისმიერი გულშემატკივარი, მათ შორის, ენმ-ის ამას ობიექტურად უნდა აფასებდეს და ასე აფასებს უმრავლესობა. ეს არ არის უბრალოდ ჯიბრში ჩადგომა ვინმეს წინააღმდეგ, ეს არის გულისტკივილით ნათქვამი, ვინაიდან სასწორზე დევს ამ ქვეყნის მომავალი. თანამედროვე ქართველებს, ვინც ცოცხლები ვართ, შეგვიძლია მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ ამ ქვეყანაში სახელმწიფოებრივი ინტერესების გასატარებლად და როდესაც ვხედავ, რომ ოპოზიციაში პარტია, რომელსაც ჯერ კიდევ წარმოვადგენ (შანსს ბოლომდე ვაძლევ მენეჯმენტს იმისთვის, რომ არ გახლიჩოს ორად პარტია), იმართება ფულიანი ადამიანების მიერ და პოლიტიკური, ქართული აზრი საერთოდ დაკარგული აქვთ, თავიდან ბოლომდე კომერციულ ინტერესებს ატარებენ, სამწუხაროდ, ნიჰილიზმს ზრდის. ჩემი თანამოაზრეების ამოცანაა, რომ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში მოვაგვარაოთ.
_ თუ ნიკა მელიას კვლავ ვიხილავთ ერთობლივ ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, იქნებიან თუ არა ამ ბრძოლაში ის სახეები, რომლებიც ასევე გაემიჯნნენ მოქმედ მენეჯმენტს, თუნდაც ხატია დეკანოიძე?
_ პირდაპირ გეუბნებით: იქ, სადაც არის დათო კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის გავლენის აჩრდილი, აი, ამ ადამიანებს, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, იქ ვერ ვიხილავთ. სადაც კეზერაშვილ-მერაბიშვილი არის ქართველი ადამიანის ინტერესი, იქ მე არ ვიქნები.
_ გრიგოლ ლილუაშვილის საპარლამენტო მოხსენებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რამდენად დაცულია დღეს საქართველო შიდა და, მით უფრო, გარე საფრთხეებისგან? რამდენად არის სუსი ინფორმირებული პროცესების შესახებ?
_ ლილუაშვილმა ყველაფერი იცის და მთელი უბედურებაც ეს არის. მაგრამ ის არ მიიჩნევს თავს ანგარიშვალდებულად, რომ თქვენ, მე და ჩვენნაირ მოქალაქეებს ამაზე ესაუბროს. მიტაცებული სახელმწიფო სწორედ ამას გულისხმობს, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება აღარ არის შენთან ანგარიშვალდებული. დიახ, ესაა სახელმწიფოს მიტაცების ფენომენი. დარწმუნებული ვარ, თავიდან ბოლომდე არიან საქმის კურსში ქვეყნის შიგნით მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი არ ზრუნავენ და ვერც იზრუნებენ პროცესების დემოკრატიულად განვითარებაზე. მათ უბრალოდ ხელისუფლების შენარჩუნება უნდოდათ და ენდომებათ მომავალშიც. ამ ადამიანებისგან ნუ ელოდებით სახელმწიფოებრივ, კვალიფიციურ, შორს მიმავალ გეგებს, ეს ხალხი არის ბიძინა ივანიშვილის აგენტი.
_ თუ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ქვეყანაში დაიწყო შიდა არეულობა, რა ნაბიჯს გადადგამს „ქართული ოცნება“ წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე?
_ ხშირად პოლიტიკაში ბევრი რამ არ იგეგმება. დღეს მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც რეგიონში ევროპის კონტინენტზე ხდება, შენარჩუნდეს მშვიდობა, მაგრამ ეს მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს თავისუფლების არდაკარგვის პირობებში. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის რეაქცია ყველა ეტაპზე იქნება ადეკვატური. ამის პროგნოზირება, რა მოხდება, როგორ მოხდება, ქართველ ხალხს მივანდოთ.
_ დაბოლოს, ათბალიანი შკალიდან რამდენით შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით დღეს?
_ შეიძლება, ნაწილი თქვენი მკითხველისთვის სუბიექტური ვარ, მაგრამ როგორც მოქალაქე ხელისუფალს შევაფასებდი იმდაგვარად, რომ არცერთ ქულას არ დავუწერდი. ამ 11 წლის განმავლობაში რომელი მოქალაქის კეთილდღეობაზე იზრუნა ამ ადამიანმა ან რა რეფორმა გაატარა, რომ ქვეყანაში მოქალაქეს დარჩენა და ცხოვრების გაგრძელება უხაროდეს? როგორ შეიძლება, ერთი ქულა მაინც მივანიჭოთ? ეს რეჟიმი, პირველ რიგში, ხასიათდება ქართველი ხალხის გაღარიბებითა და გაღატაკებით. ოლიგარქიულ მმართველობაში, პირველ რიგში, ვგულისხმობთ ხალხის ძარცვას. ხახლის ძარცვით არის ეს ხელისუფლება დაკავებული და როგორ შეიძლება, ასეთ დროს რამე სახით მისცეს დადებითი შეფასება ამ ხელისუფლებას ვინმემ?