პუტინმა ბრეჟნევი დაამარცხა, ქართველი ბრეჟნევი კი ჯერაც კაბინეტშია
ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი რუსეთის პრეზიდენტია! უპრიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ კვლავ აირჩიეს, კვლავ გახდა, მაგრამ ამით მთავარი საზრისი არ იცვლება _ ვ. ვ. პუტინი რუსეთს მართავდა, მართავს და დედამიწისა და არა მსოფლიოს, როგორც ეს ცალკეულმა მედიასაშუალებებმა თარგმნეს, მმართველობისთვისაც ემზადება.
ეს ამბავი ხომ ვლადიმირ ვოლფოვიჩმა დაგვიანონსა. მართალია, კრემლის რუპორის _ ჟირონოვსკის სიტყვები სხვანაირად ჟღერდა, _ ანუ პლანეტარულ ლიდერს ვირჩევთო. მაგრამ ამით არაფერი იცვლება. ისე, მაგარი სანახავი იქნება ვ.ვ.პუტინი იუპიტერის პლანეტარულ მმართველთან მოლაპარაკებებზე, ან სულაც ვენერასთან _ თუ შეატოვებს ამის შემდეგ თავზე თმებს ალინა კაბაევა, ესეც სადარდებელია. მაგრამ რაღა დროის ირონიაა _ ვ.ვ. პუტინმა საბჭოთა კავშირის ერთი რეკორდი გააუმჯობესა და ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევს გადაუსწრო. ეს უკანასკნელი ხომ 18 წელი მართავდა საბჭოეთს, პუტინს უკვე შეუსრულდა მმართველობის 18 წელი და ახლა სტალინის რეკორდის დასამხობად ემზადება.
პრინციპში, შემდგომი 6 წლის თავზე იგი მართლაც გაუტოლდება იოსებ ბესარიონის ძე სტალინს, რომელიც ერთპიროვნულად (1929 წლიდან) მართავდა საბჭოეთს 24 წლის განმავლობაში. სხვათა შორის, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რუსეთის მმართველობას, ეტყობა, სხვა სახის ხიბლი აქვს. გახსოვთ, სიცოცხლის ბოლო წლებში ბრეჟნევი, ლამის, კვარტალში ერთხელ ახალი მედლითა და ორდენით რომ ჯილდოვდებოდა, პუტინი კი „ხალხის სიყვარულით“ ჯილდოვდება და არჩევნებიდან არჩევნებამდე მოსიყვარულეთა რაოდენობას ზრდის. პირველ არჩევნებში ვ.ვ. პუტინმა ხმების 52,9% მიიღო, 18 მარტს კი 75%-ს გადააჭარბა. სულაც არ იქნება გასაკვირი ამ მაჩვენებლის კორექტირება, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ღორი ხომ არ არის _ პრეზიდენტია.
***
18 მარტის არჩევნებს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ჰქონდა, რომელსაც მსოფლიო მედიამაც მიაქცია ყურადღება. პირველი: პუტინმა თქვა, რომ ის არ აპირებს, კენჭი იყაროს 2030 წელს. ამ დროისთვის 77 წელს მიუკაკუნებს, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ კენჭს არ იყრის 2024-ში. არ უთქვამს, რადგან არავის უკითხავს. ხოლო ვინც 2030 წელზე ჰკითხა, გასაგებია, რატომაც, ანუ 2018 წელს პუტინმა მსოფლიო და რუსეთის მოსახლეობა თანაბარწილად გააფრთხილა, რომ ახლა 6-წლიანი კი არა, 12 წლიანი არჩევნები მოიგო. ასეთ პირობებში, თუ მართლაც შეასრულა თავისი სიტყვა და მანამ ვინმემ ან რამემ ბოლო არ მოუღო, ი.ბ. სტალინსაც გადაასწრებს და უპირობო რეკორდსმენიც გახდება.
სისულელეა იმაზე საუბარი, თითქოს მომავალ არჩევნებამდე რუსეთში მძლავრი ოპოზიციური ძალა გამოჩნდება და შეძლებს რეჟიმის შეცვლას ან დამხობას. ამ პრიზმაში ერთადერთი, ვინც და რაც პუტინს დაჯაბნის, გარე ფაქტორებია და ეკონომიკის გაცამტვერება ქვეყნის ორ უმთავრეს ცენტრში _ მოსკოვსა და პეტერბურგში. რუსი მილიარდერების იმედი _ მათი გაერთიანებისა და ერთობლივი შეტევის _ ნურავის ექნება, რადგან ამ მილიარდერების დამოკიდებულება ვ.ვ-ზე საკმაოდ დიდია. რომელი დაიჯერებთ, რომ ალეკპეროვი ან აბრამოვიჩი მოიკლავენ თავს პუტინის დამხობით? ორივე მშვენივრად გრძნობს თავს ალბიონზე, მათი ქონება კი ამ „სიმშვიდის“ გამო ყოველდღიურად იზრდება.
რუსული არჩევნების ნოვაცია _ ელექტრონული წესით ხმის მიცემა იყო. დემოკრატიით „გააკვირვეს“ მსოფლიო და თანამოქალაქეები. თუმცა მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ის ფაქტი, რომ რუსმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის პროცესი დილიდანვე „მოითავა“. რა გასაკვირია, რუსეთი ხომ საკუთარ იმპერატორს _ „უფლის ხელდასხმულს“ ირჩევდა. უფრო სწორად, უფალს აძლევდა თანხმობას: „მოვიდეს სუფევა პუტინის, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა ეგრეცა პლანეტასა ზედა“… და მერე რა, თუ ეს ლოცვა ვ.ვ-ს კონკურენტმა, უფრო სწორად, მოციქულმა ვლადიმირ ვოლფოვიჩმა წარმოთქვა და არა კირილმა. ტექსტი ხომ მაინც ერთ ადგილას იყო დაწერილი და განაწილებისას მას შეხვდა.
ორშაბათს, დილით, მშვიდად გაღვიძებული და პუტინის სადღეგრძელო შესმული ერი ნირვანაში იმყოფებოდა, რამეთუ „მესამე რომს“ „ღირსეული“ იმპერატორი ჰყავს. ანუ იმპერია მედგრად გააგრძელებს გზას პლანეტარული სიდიადისკენ, თუნდაც იმიტომ, რომ „Два Рима пали, третий стоит, а четвертому не бывать“, _ როგორც ეს ფილოფეიმ ბრძანა.
ოფიციალური რუსული მედიის განცხადებით (საარჩევნო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით), არჩევნებზე დარღვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. პუტინი დასავლეთს დემოკრატიას ეთამაშება, თორემ სახლში რომ „ყვავის“ დემოკრატიული პროცესები, ეს რუსეთის მოსახლეობისთვის ისედაც კარგად არის ცნობილი.
***
უმთავრესი შედეგი იმ პოლიტიკური სპექტაკლის, რომელიც რუსეთში 18 მარტს გაიმართა, ის არის, რომ უახლოესი 6 წლის, თუ 12 არა, განმავლობაში მსოფლიოს პუტინთან მოუწევს საუბარი.
„გვინდა თუ არა, მოგწონს თუ არა, ჩვენც და მთელ მსოფლიოსაც სწორედ პუტინთან ექნება საქმე, როგორც, მინიმუმ, უახლოესი 6 წლის განმავლობაში. რამ შეიძლება შეუშალოს ხელი? სირიაში, უკრაინაში, „სოლსბერიში“ თეორიულად შესაძლო მარცხი ბევრს ვერაფერს დააკლებს: მაშინვე ჩაკეტავს ტელესივრცეს და „გადაიზამთრებს“. ერთადერთი, რამაც შეიძლება მისი რეჟიმი დაშალოს, მხოლოდ ისეთი გამანადგურებელი მარცხია, რაც თვით „დერჟავულობის“ კულტურულ და მენტალურ კოდს მოსპობს, როგორც გერმანული ნაციზმი მოსპო „1945 წელმა“. ოღონდ… დღეს „ბირთვული ეპოქაა“ და მსოფლიო ომი ბირთვულ კატასტროფას ნიშნავს. ეს იციან ვაშინგტონშიც, ლონდონშიც და ბერლინშიც. მთავარი პრობლემა სწორედ ესაა!“ _ აცხადებს ანალიტიკოსი ნიკა იმნაიშვილი.
სწორედ ეს არის დღეს მსოფლიოსთვის მთავარი, რადგან რამდენიც არ უნდა უკიჟინოს დასავლეთმა რუსეთის ხელისუფალს დემოკრატიული გარდაქმნების აუცილებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სიტყვის თავისუფლება ეს აბსოლუტურად უნაყოფო ქმედებაა. „რუსის კოდი“ სწორედ „მესამე რომია“ _ იმპერია და ამ კოდის გამო ის მზად არის, თვალი დახუჭოს ყველაფერზე, გადაყლაპოს ყველა შეურაცხყოფა და დამცირება. მავანი იტყვის, რომ რუსეთში არიან „ნათელი თავები“ და რუსეთში არის „ნათელი გონება“. ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა, ნებისმიერი პერსონა, რომელიც რუსეთის სათავეში მოვა სხვა გეგმით _ გარდა მესამე რომისა, დაემხობა და რაოდენ დიდი დემოკრატიც არ უნდა იყოს „ტახტზე“ ასვლამდე, კრემლი მაინც თავისას უზამს და თავის ჭკუაზე მოაქცევს.
გამოსავალი? _ კი, არის! თან ორი. ერთი საზრისის ცვლილებაა, მეორე _ რუსეთის ნგრევა.
ჰიპოთეტურ მსჯელობას მაინც სჯობს, რეალობას დავუბრუნდეთ. პუტინის ფრაზა: „ჩვენ განწირულები ვართ გამარჯვებისთვის“, რომელიც მან არჩევნების დასრულების შემდეგ წარმოთქვა, გარკვეულ სარკაზმსაც შეიცავს, თუმცა საკმაოდ ფრთიანი ფრაზაა, განსაკუთრებით „განწირულების“ კონტექსტში. არჩევნებამდე ორი დღით ადრე მან საკუთარ გუნდს დაავალა „ეროვნული მიზნების“ შემუშავება ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში. თითქოს 18 წელი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთის მოსახლეობისა და არა ბომონდის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე დაფიქრებულიყო. თუმცა ესეც საკმაოდ მიზანმიმართული პიარსვლაა და ამას დიდი სიტკბოთი „მიირთმევს“ გაღატაკებული რუსეთის პერიფერიის მოსახლეობა და თქვენ წარმოიდგინეთ, საშუალო „კლასიც“, რომლის გაგება კლასიკურისგან დიდად განსხვავდება.
ისე, ამ გაღატაკებულ პერიფერიას რუსი სეთურისგან სხვა რა სურს? არც არაფერი! თან იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული იდეის ერთ-ერთი კომპონენტი _ სიღატაკის ორჯერ შემცირებაა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პუტინის „დავალებების“ შემდეგი ნუსხა: სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა 2024 წლისთვის 78 წლამდე, ხოლო 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 80 წელი უნდა გახდეს. რუსეთის საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა 73 წელი იყო. რა გინდა, რომ თქვა? „ზრუნავს“ იმპერატორი ქვეშევრდომებზე.
სხვათა შორის, პუტინი მოითხოვს ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის ზრდასაც, ანუ ქვეყანაში სექსუალური აქტების რაოდენობაც უნდა გაიზარდოს და აბორტების რაოდენობაც შემცირდეს. ეს ფორმულა უეჭველი კირილმა შესთავაზა. ისე, აბორტებზე, რაღაც, ამ ბოლო დროს, საქართველოშიც მოვისმინე, ვგონებ.
არჩევნების წინ გაახსენდა ვვადიმირ ვლადიმიროვიჩს, რომ რუსეთში გზებიც განსაახლებელია, აეროპორტებიც თანამედროვე სტანდარტებზე უნდა გადაეწყოს და საერთოდაც _ ქვეყანამ, სახელმწიფომ ინფრასტრუქტურას უნდა მიხედოს.
პუტინის ამოცანები ჯანდაცვასაც ეხება და შრომის ნაყოფიერების ეფექტიანობის ზრდასაც.
რამდენად შეძლებს „იმპერატორი ვლადიმირი“ დანაპირების შესრულებას საერთაშორისო სანქციების პირობებში, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპი არცთუ ისე მაღალია, ამაზე პასუხს მომავალი გაგვცემს. რუსეთის ფინანსთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ 2020 წლისთვის ეკონომიკის ზრდის ტემპი 3,1%-ის მიაღწევს. სხვა მონაცემებს აქვეყნებს მსოფლიო სავალუტო ფონდი, რომლის მიხედვითაც 2018 წელს რუსეთში ეკონომიკის ზრდის ტემპი 1,7%, 2019 წელს კი 1.5% იქნება.
სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის ექსპერტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას რეფორმების გატარება გაუჭირდება. მათი ინფორმაციით, 2018-2019 წლებში ეკონომიკის ზრდის ტემპი 2%-ის დონეზე იქნება.
რუსეთის ეკონომიკის მთავარი წყაროს _ ნავთობის _ ფასი მსოფლიო ბაზარზე, ექსპერტების მონაცემებით, 2019 წელს ბარელზე 50 დოლარამდე შემცირდება, რაც მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს რუსეთის ხელისუფლების დასახული მიზნების განხორციელებას.
ასეთ პირობებში რუსეთის იმპერატორს დასჭირდება სხვა სახის _ იმპერიის სახელით მოპოვებული გამარჯვებები. მართალია, შორი რადიუსის რაკეტის ანიმაციამ წინასაარჩევნოდ თავისი როლი შეასრულა და რუსეთი ცივი ომის ფაზაში ოფიციალურად შეიყვანა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ვ. ვ. არც კი ეცდება ამ ანიმაციის რეალობად ქცევას და მას ცალკეული ლოკალური გამარჯვებები დასჭირდება.
სად? ვის წინააღმდეგ? არჩევანი დიდია.
***
ასეთ პირობებში, როდესაც პუტინმა ბრეჟნევის რეკორდი მოხსნა და მარავლორდენოსანი გენმდივანი აქტუალური აღარ არის, იქნებ, საქრთველომაც აუწყოს ფეხი მოვლენებს და დროულად გაუშვას სახლში ბრეჟნევად შერაცხული პრემიერი. მინიმუმ იმიტომ, რომ ბრეჟნევის ეპოქის, თუნდაც, ალეგორიული ფაზა თვით რუსეთშიც დასრულებულია.
!
კოკა წერეთელი