პუტინის კლანი ხელისუფლებასა და ბიზნესში

დასაწყისი იხ. წინა ნომერში

დამოუკიდებელი საექსპერტო მოხსენება
ბ. ნემცოვი, ვ, მილოვი, ვ, რიჟკოვი, ო. შორინა

გამოცემა The New Times-მა დეტალური ანალიზი გამოაქვეყნა, თუ როგორ დაიკავეს პუტინის ნათესავებმა, კოლეგებმა სუკ-იდან და პეტერბურგის მერიიდან და მათმა შვილებმა მნიშვნელოვანი თანამდებობები ხელისუფლებასა და ბიზნესში (მასალა „მათი სახლი _ რუსეთი“). სუკ-ის ყოფილმა თანამშრომლებმა, პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა ხელში ჩაიგდეს კრემლსა და თეთრ სახლში.

სერგეი ივანოვი _ კოლეგა სუკ-იდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.
იგორ სეჩინი _ კოლეგა სუკ-იდან და პეტერბურგის მერიიდან _ ვიცე-პრემიერი, რომელიც კურირებს ნავთობგაზის კომპლექსსა და ენერგეტიკას.
ნიკოლაი პატრუშევი _ უსაფრთხოების ოფიცერი, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.
ვლადიმირ კოჟინი _ პუტინის საქმეთამმართველი, რომელიც პუტინის გელენჯიკის ვილის სკანდალში აღმოჩნდა გარეული, ასევე სუკ-ის ყოფილი თანამშრომელია.
იგორ ლევიტინი _ ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი.
ანდრეი ბელიანინოვი _ ფედერალური საბაჟოს სამსახურის უფროსი.
იგორ შჩეგოლოვი _ კავშირგაბმულობის მინისტრი.
კონსტანტინე რომოდანოვსკი _ ფედერალური სამიგრაციო სამსახურის დირექტორი.
რაშიდ ნურგალიევი _ შსს მინისტრი _ ყველა ეს პირი სუკ-ის ყოფილი თანამშრომელია.
პუტინი არ ივიწყებს თავის თანამშრომლებს სანკტ-პეტერბურგიდან:
ცესკოს ოდიოზური თავმჯდომარე ვლადიმერ ჩუროვი პუტინის ქვეშევრდომი იყო სანკტ-პეტერბურგის მერიაში.
დიმიტრი კოზაკი _ რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი _ კოლეგა მერიიდან.
დიმიტრი მედვედევი _ პუტინის თანაშემწე მისი ვიცე-მერობის დროს.
ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ პუტინის კლანმა ლიდერის პოზიციები დაიკავა რუსული ეკონომიკის განსაკუთრებით მნიშვნელოვან დარგებში.
პუტინის ქვეშევრდომი სანკტ-პეტერბურგის მერიიდან, ალექსეი მილერი, „გაზპრომის“ ხელმძღვანელია. უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები ვალერი გოლუბევი და ალექსანდრ მედვედევი _ „გაზპრომის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები.
უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები საბანკო სექტორშიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ. ანდრეი კოსტინი (სუკი) ხელმძღვანელობს VTB ბანკს; ვლადიმირ დმიტრიევი (უსაფრთხოების სამსახური) _ ვნეშეკონომბანკს, ანდრეი აკიმოვი _ გაზპრომბანკს; დიმიტრი გორელოვი _ ბანკ „როსსიას“ თანამფლობელი, კომპანია „პეტრომედის“ დამფუძნებელი და პუტინის მილიარდდოლარიანი ვილის მშენებლობაში ჩართული პირი, ასევე სუკ-იდანაა; სერგეი ჩემეზოვი (სუკი) „როსტექნოლოგიის“ მმართველია, რომელშიც 439 საწარმო შედის; უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ნიკოლაი ტოკარევი _ მსხვილი მენავთობე _ კომპანია „ტრანსნეფტს“ ხელმძღვანელობს.
უსაქმოდ არ არიან დარჩენილები პუტინის ნათესავებიც: ბიძაშვილი იგორი ღსს _ „მასტერბანკის“ ვიცეპრეზიდენტია. ბიძაშვილიშვილი ვერა ღსს _ „განზაკონბანკის“ ვიცეპრეზიდენტი. კიდევ ერთი ნათესავი, ალექსანდრ პუტინი _ ღსს „რიცფორდკრედიტის“ ვიცეპრეზიდენტი.
პუტინი არც თავისი მეგობრების შვილებს ივიწყებს. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი ვაჟი დენის ბორტნიკოვი VTB ბანკის მმართველი საბჭოს წევრია; დიმიტრი კოზაკის ვაჟი VTB _ კაპიტალის საინვესტიციო მენეჯერი; სერგეი ივანოვის უფროსი ვაჟი ალექსანდრე _ „ვნეშეკონომბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი; უმცროსი, სერგეი _ ხელმძღვანელობს სადაზღვეო საზოგადოება „სოგაზს“. პატრუშევის ვაჟი _ დიმიტრი, „როსსელხოზბანკის“ მმართველობის თავმჯდომარეა; ნიკოლაი შამალოვის (კოოპერატივი „ტბა“) ვაჟი იური _ „გაზპრომბანკის“ მმართველობის თავმჯდომარის მოადგილე და უმსხვილესი არასახელმწიფო საპენსიო ფონდის, „გაზფონდის“, პრეზიდენტი. მეორე ვაჟი _ ქიმიური კომპანია „სიბურის“ ვიცეპრეზიდენტი.
ამგვარად, ოჯახები, კლანები, თანამდებობების გადანაწილება ხელისუფლებასა და ბიზნესში ნაცნობებისთვის და ახლობლებისთვის აყალიბებს ქვეყნის მართვის მყარად მაფიოზურ და, ამავე დროს, უკიდურესად არაეფექტიან, კორუმპირებულ სისტემას.
ახლახან პუტინმა თავისებურად უპასუხა შეკითხვას ცხოვრების არსის შესახებ: მამაკაცისთვის მთავარი ახალი შეგრძნებებია.
რუსეთის მმართველი „ელიტა“, რომელიც ღარიბი საბჭოური ბავშვობიდან და სიყმაწვილიდან მოდის, გააფთრებული დაეძგერა ფუფუნების საგნებს და ატრიბუტებს, რომელიც ოდესღაც უცხოურ ფილმებში ჰქონდა თვალმოკრული. „იარაღით გაჯიბრება“ შეცვალა ფუფუნებით გაჯიბრებამ და ეს მოხდა იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 70% სიღარიბესა და, მეტწილად, სიღატაკეშიც კი ცხოვრობს.
პოლიტიკოსები და მოხელეები, რომლებიც ოფიციალურად მხოლოდ ხელფასით ირჩენენ თავს, ცდილობენ, არ ჩამორჩნენ თავიანთ მეგობარ მილიარდერ-ოლიგარქებს ყველაზე ნატიფ გართობაში, ტკბობაში, ძვირფასი ნივთების მოხმარებაში, ეჯიბრებიან რა რუსეთის მეფეებსა და არისტოკრატებს წარსულიდან და არაბ შეიხებს აწმყოდან. ფუფუნებით გაჯიბრებაში მთელ დაბალ ვერტიკალს სახელმწიფოს პირველი პირები უქმნიან ბიძგს თავიანთი მაგალითებით.

იახტები

2011 წლის დასაწყისში სოჭში შევიდა ახალი, პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს მიერ (ანუ ბიუჯეტის ფულით) ნაყიდი წარმომადგენლობითი კლასის იახტა „სირიუსი“, ღირებულებით 26 მილიონი ფუნტი სტერლინგი. იახტა გათვლილი იყო 11 სტუმარსა და ეკიპაჟის 12 წევრზე. პრეზიდენტი მასზე სახელმწიფოებისა და ხელისუფლებების მეთაურების მიღებას გეგმავდა, მათ შორის, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის დღეებში. იახტაზე 6 VIP-კაიუტა და 50-ზე მეტი ნომერია. „სირიუსზე“ სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებაშია ღვინის სარდაფი, კაიუტ-კომპანია ზღვის ხედის პანორამებით, SPA-აუზი ჩანჩქერით, ჯაკუზი, ბარბექიუ და სხვა სიამოვნებანი. ასეთი იახტის შესანახად საჭიროა წელიწადში მისი ღირებულების 10%, ანუ 2 600 000 ფუნტი სტერლინგი (რაც შეესაბამება რუსეთის 1400 მოქალაქე პენსიონსერის წლიურ პენსიას).
შედარებისთვის: სახელმწიფო იახტა აქვს ძალიან ცოტა სახელმწიფოს მეთაურს, ხოლო ვისაც აქვს _ შეუდარებლად მოკრძალებული. ფინეთის პრეზიდენტის იახტა 2 მილიონი ევრო ღირს, ბელგიის მეფის _ 4,6 მლნ. ევრო, ხოლო ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II საერთოდ იახტის გარეშე დარჩა „ბრიტანიასთან“ დამშვიდობების შემდეგ.
„სირიუსმა“, ოფიციალური ვერსიით, შეცვალა პრეზიდენტის ჩამოწერილი, 45-მეტრიანი იახტა „კავკასია“, რომელიც 1980 წელს ლეონიდ ბრეჟნევისთვის აიგო. 2000-იანი წლების დასაწყისში იახტას ძვირადღირებული მოდერნიზაცია ჩაუტარდა, რომელიც გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან დაფინანსდა და სხვადასხვა მონაცემის საფუძველზე 1-დან 2,8 მლნ. დოლარამდე შეადგინა. დღეს ჩამოწერილ იახტაზე დააყენეს ახალი კონდიციონერები, სახლის კინოთეატრი, მოაწყვეს ძვირფასი ჯიშის ხის მასალით გაკეთებული ავეჯით და ა. შ.
ამას გარდა, მდინარეებისა და ტბებისთვის სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებაშია ძველი (1973 წ.) გემი „როსსია“, მოდერნიზებული 2005 წელს პეტერბურგის „ჩრდილოეთის გემსაშენში“, რომელიც საექსპლუატაციოდ მიიღეს პრეზიდენტის საქმეთა მმართველმა ვ. კოჟინმა, ქალაქის გუბერნატორმა ვ. მატვიენკომ და პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ი. კლებანოვმა. „როსსიაზე“ განთავსებულია: ლუქსის კლასის სამი კაიუტა, ცხრა 2-ადგილიანი კაიუტა, საკონფერენციო დარბაზი, კაიუტ-კომპანია, რესტორანი და საუნა. გემის სიგრძე 86 მეტრია. რა დაუჯდა სახელმწიფოს შესრულებული სამუშაოები, საიდუმლოა, თუმცა საუბარია, დაახლოებით, 1,2 მლნ. დოლარზე.
მაგრამ საქმე ამ იახტებით არ შემოფარგლულა.
როგორც „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, პუტინის დროს ძვირადღირებული იახტების შეძენა და მოხმარება ჩვევად იქცა.
2003 წელს, სანკტ-პეტერბურგის 300 წლისთავისთვის ჰოლანდიაში შემუშავდა და რუსეთში აიგო 32- მეტრიანი იახტა „პალადა“ (4-6,7 მლნ. დოლარი).
მისთვის დამახასიათებელია ისეთივე სტილი: ძვირფასი გემბანი, ავეჯი, თეთრი ტყავის სავარძლები და დივნები. სამი გემბანი, კაიუტები და სალონები საერთო ფართობით _ 390 კვ. მ. დაბურული ფანჯრები, საუნა, სახლის კინოთეატრი. ერთ-ერთი გემბანი გარეშე თვალისთვის დაფარულია. კედლებზე პეტრე პირველის ფერწერული პორტრეტებია. იახტა გათვლილია 8 სტუმარზე. 2003 წელს „პალადაზე“ პუტინთან ერთად ისადილეს ტონმა ბლერმა და გერჰარდ შროდერმაც.
ამავე იუბილესთან დაკავშირებით 3 მლნ. დოლარად ნაყიდი იყო VIP კატარღა „ქარიშხალი“, რომელიც ამჟამად რუსეთის სსფ-ის ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო ბაზას ეკუთვნის.
კრემლის ფლოტილიის ჭეშმარიტ ბრილიანტს წარმოადგენს მეგაიახტა „ოლიმპია“, რომელიც სოჭის პორტში 2002 წლის ზაფხულში გამოჩნდა. ეს 57-მეტრიანი, ხუთგემბანიანი იახტა, რომლის ღირებულება 50 მლნ. დოლარია, მსოფლიოს 100 უდიდესი მეგაიახტის სიაში შედის. შესაბამისად, ყოველწლიური ხარჯი მისი შენახვისთვის 150 მილიონ დოლარს შეადგენს. მეფური სტანდარტებისაა მისი ინტერიერიც: წითელი ხე, მარმარილო და ა. შ.
„ოლიმპიის“ კავშირი (რომელიც დარეგისტრირებულია ოფშორულ კომპანიაზე) კრემლთან მხოლოდ სოჭის პორტის თანამშრომლების მონაყოლით არ დგინდება. გემის დაცვაში შემჩნეულია დაცვის ფედერალური სამსახური, ხოლო ექსპლუატაციაში მიიღო სპეციალურმა კომისიამ მოსკოვიდან. წყარო კრემლიდან იუწყება, რომ იახტით პუტინი სარგებლობს. „ოლიმპიას“ მართავდა კვიპროსზე დარეგისტრირებული Unicom Management Services, რომელიც ღია სს „სოვკომფლოტის“ შვილობილი კომპანიაა. „სოვკომფლოტის“ 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა, მისი დირექტორების საბჭოს თავმჯდომარე კი იგორ შუვალოვია _ იმ დროს პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე. არსებობს მოსაზრება, რომ „ოლიმპია“ შეიძინა და პუტინს აჩუქა რუსმა მილიარდერმა და პუტინის მეგობარმა რომან აბრამოვიჩმა.
2010 წლის დეკემბრის დასაწყისში ბრიტანელმა მოსამართლე ენდრიუ სმიტმა დადგენილება გამოიტანა „სოვკომფლოტის“ დავასთან დაკავშირებით, მისი ყოფილი გენდირექტორის დ. სკარგასა და ბიზნესმენ ი. ნიკიტინის წინააღმდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნახსენებია საყურადღებო ფაქტი: სკარგამ ახსენა იახტა, რომელიც პუტინს აჩუქეს. „ფორბსის“ შეკითხვაზე, _ რომელ იახტას გულისხმობდა? სკარგამ უპასუხა, რომ საუბრობდა „ოლიმპიაზე“.
სად არის დღეს „ოლიმპია“, ვინ არის მისი მფლობელი და იყენებს თუ არა მას რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება? _ ბურუსითაა მოცული.
თუ თავს მოვუყრით ინფორმაციას, პუტინ-მედვედევის ტანდემს მინიფლოტილია აქვს, რომელიც 5 იახტისა და კატარღისგან შედგება. მათი საერთო ღირებულება 110 მლნ. აშშ დოლარია (3,3 მილიარდი რუბლი). ამას გარდა, მათი შენახვა ასობით მილიონ რუბლს საჭიროებს ყოველწლიურად. ამ მიმართებით, რუსეთის ხელისუფალნი გვერდს უმშვენებენ არა დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერებს, არამედ საუდის არაბეთის მეფეს და მის ოჯახს (15 მეგაიახტა), სხვა არაბ სულთნებს და შეიხებს (9 მეგაიახტა), ასევე სილვიო ბერლუსკონის (4 იახტა)… თუმცა ბერლუსკონის თავისი იახტები დეკლარირებული აქვს, რადგან ხელისუფლებაში მოსვლამდე ის ბიზნესმენი და მილიარდერი იყო, განსხვავებით რუსეთის ლიდერებისგან.

ვილები და სასახლეები

რუსული ტანდემი არანაკლები ვნებით არის განმსჭვალული ძვირადღირებული ვილების, სასახლეებისა და მამულებისადმი. სასახლეებს მალავენ, ნიღბავენ, ძვირფას უძრავ ქონებას ხშირად ფორმალურად წერენ სახელმწიფო კორპორაციების ბალანსზე და კერძო პირებზეც _ პუტინისა და მედვედევის მეგობრების სახელზე, მაგრამ ინფორმაცია მაინც ჟონავს საინფორმაციო საშუალებებში.
ამავე დროს, რომელიმე ობიექტის კუთვნილების საკითხი შეიძლება ირიბი ნიშნით ამოვიცნოთ: დაცვის ფედერალური სამსახურის წარმომადგენლების ხშირი ვიზიტით.
ზოგადად, პრეზიდენტსა და პრემიერს უკავშირებენ 26 ძვირადღირებული ობიექტს _ როგორც რუსეთში, ასევე უცხოეთში.
ოფიციალურად პირველ პირებს 5 რეზიდენცია აქვთ. მედვედევს „გორკი 9“ (მოსკოვთან), „ბოჩაროვ რუჩეი“ (სოჭი) და „დოლგიე ბროდი _ ვალდაი“ (ნოვგოროდი). პუტინს _ ნოვო-ოგარევო (მოსკოვთან) და რივიერა (სოჭი).
ასევე სახელმწიფოს ბალანსზეა კიდევ 10 ობიექტი, რომელიც ქვეყნის ხელისუფალთა განკარგულებაშია: კონსტანტინეს სასახლე (ქ. სტრელნა სანკ-პეტერბურგთან), „შუისკაია ჩუპა“ (კარელია), „ვოლგის კლდე“ (ვოლგის კუიბიშევის წყალსაცავი), „ტანტალი“ (სარატოვის სიახლოვეს), „ანგარის ხუტორი“ (ირკუტსკის ოლქი), „მცირე წყარო“ (ეკატერინბურგთან), „სევასტიანოვის სახლი“ (ეკატერინბურგი), „ფიჭვები“ (კრასნოიარსკის მხარე), „მაინ დორფი“ (გოთიკური სტილის ციხესიმაგრე რუბლიოვკის შოსეზე), „Ðóñü“ (ტვერის ოლქი, „ზავიდოვოს“ სანადირო მეურნეობა). ბევრი მათგანი წლების განმავლობაში ცარიელია, მაგრამ მაინც დიდი სახსრები იხარჯება მათ შესანახად, დაცვისთვის და მაღალი უფლებამოსილების „პატრონების“ მიღებისთვის მზადების მიზნით.
მიმდინარეობს ახალი რეზიდენციის მშენებლობა შორეულ აღმოსავლეთში _ კუნძულ როსსიისკიზე.
რეზიდენცია 560 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული, ბიუჯეტს 7,7 მილიარდი რუბლი დაუჯდება. 2012 წელს საექსპლუატაციოდ გადაეცა ახალი სახელმწიფო რეზიდენცია ბალტიის ზღვაზე კალინინგრადის ოლქში.
პრესა ამ ტანდემს ისეთ ობიექტებს უკავშირებს, როგორებიცაა: „მთვარის მდელო“ (სათხილამურო კომპლექსი ადიღეაში), „ბარვიხა“ (სახელმწიფო აგარაკი რუბლიოვკის შოსეზე), ე. წ. უსს-ს საიდუმლო ობიექტი მოსკოვის მახლობლად, სახელწოდებით „აბც“, „დოქტორ ვინტერის აგარაკი“ (სარატოვი, კარელია).
არანაკლებ ინტერესს იწვევს ისტორია „მაღალი სტუმრის სახლზე“ პარიზის მახლობლად, რომელიც, პრესის ინფორმაციით, პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს აშენებულია 30 მლნ. ევროდ _ ვერსალის მსგავსი ფუფუნებით. ვინ არის მფლობელი? ვინ აანაზღაურა ხარჯები? რა ფუნქცია აქვს სასახლეს? _ ეს ყველაფერი დღემდე საიდუმლოს წარმოადგენს.
საყურადღებოა, რომ როდესაც ჟურნალისტები ინფორმაციას ითხოვენ პირველი პირების ქონების შესახებ, ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოა.
და ეს ყველაფერი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან სახელმწიფოს პირველი პირების „ლამაზი ცხოვრება“ ანაზღაურდება ბიუჯეტიდან, ანუ გადასახადების გადამხდელებიდან. ეს კი ნიშნავს, რომ ამ კატეგორიის ინფორმაცია არ უნდა იყოს გასაიდუმლოებული. მეწარმემ სვერდლოვსკის ოლქიდან, სერგეი კარპოვმა, რომელმაც გენერალურ პროკურატურას ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართა, გამოთვალა, რომ მთელი ეს ფუფუნება რუსეთის საზოგადოებას, ჯამურად, 164 მლნ. რუბლი დაუჯდა (სამი წლის ბიუჯეტი ისეთი მსხვილი რეგიონისა, როგორიცაა ალტაის მხარე: სკოლებით, საავადმყოფოებით, კულტურის სახლებით და 2,5 მილიონი მოსახლეობით).
სხვათა შორის, როგორც ჩანს, ალტაის მთების სილამაზემ პუტინი ისე მოხიბლა, რომ მდინარეების უსრულისა და კატუნის, შეერთების ადგილზე მიმდინარეობს გრანდიოზული მშენებლობა. ფორმალურად დამკვეთი და მფლობელი „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია „გაზპრომნეფტია“, რომელიც 1,5 მილიარდ რუბლს ხარჯავს მშენებლობისთვის. საყურადღებოა გზა (21 კმ. მთიან მონაკვეთზე). ბიუჯეტიდან გამოყოფილია 190,5 მილიონი რუბლი კილომეტრისთვის, რაც მთლიანად შეადგენს 4 მილიარდ რუბლს. ამგვარად, გაზპრომმენავთობეებისთვის თავად კომპანიიდან და გადასახადების გადამხდელების ჯიბეებიდან გადახდილი უნდა იყოს 5,5 მილიარდი რუბლი მაშინ, როდესაც მთელი ალტაის რესპუბლიკის ბიუჯეტი შეადგენს 9 მილიარდ რუბლს. სრულიად გაურკვეველი მიზეზით კორპორაციული ბაზის მშენებლობას იცავენ დფს-ს თანამშრომლები. შესვლა ტერიტორიზე აკრძალულია. პუტინთან ამ მშენებლობის კავშირს ადასტურებს ალტაის სენატორ რალიფ საფინის განცხადება, რომელიც მან რესპუბლიკის პარლამენტის სხდომაზე გააკეთა. არ ვიცით, რამდენად ღირს იმის თქმა, რომ მშენებლობა საჭირო დამადასტურებელი განცხადებების გარეშე მიმდინარეობს; ფეთქდება მთები; ზიანდება უნიკალური ლანდშაფტი; დაკარგულია 40 უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი! აქვე აშენებულია ელექტროსადგური 110 კილოვატის სიმძლავრით, ხოლო ტრასაზე ერთდროულად მუშაობდა 100 ერთეული მძიმე ტექნიკა.
თუმცა ეს ისტორია ფერმკრთალდება „სასახლის“ უკანასკნელი სკანდალების ფონზე.
2010 წელს ქვეყნიდან წასულმა ბიზნესმენმა სერგეი კოლესნიკოვმა, რომელიც ადრე პუტინის ახლო მეგობარი იყო, პრეზიდენტ მედვედევს წერილი მისწერა იმის შესახებ, რომ შავი ზღვის სანაპიროზე პრემიერ პუტინისთვის მდიდრული სასახლე შენდება, რომლის ღირებულებაა 30 მილიარდი რუბლი (1 მილიარდი აშშ დოლარი).
როგორც „ახალმა გაზეთმა“ გაარკვია, გადაწყვეტილება სოფელ პრასკოვეევკასთან (კრასნოდარის მხარე, ქ. გელენჯიკის მახლობლად), სასახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, 2005 წელს მიიღეს. დოკუმენტები მომზადდა და ხელმოწერილ იქნა პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს მიერ, ხოლო სამუშაოებს ასრულებდა კომპანია „ლირუსი“, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნიკოლაი შამალოვთან (კოოპერატივი „ტბა“).
შედეგად, შავი ზღვის სანაპიროზე „აღმოცენდა“ ულამაზესი ქალაქი, რომელიც მოიცავს უზარმაზარ შენობებს იტალიურ სტილში, ორთავიანი არწვით შემკული დიდი ალაყაფის კარით, გამაჯანსაღებელი კომპლექსით, ვერტმფრენის მოედნით (სამი ვერტმფრენისთვის), „ჩაის სახლი“, ლიფტი პლაჟზე გასასვლელთან და ა. შ. და ეს ყველაფერი სახელმწიფოს განკარგულებით გაშენებული ფიჭვის ტყის გაჩეხვის შედეგად მოსუფთავებულ ტერიტორიაზე. კომპლექსს სამ წელიწადში დაემატა გზა. ტერიტორიას იცავს ადგილობრივი მილიცია, კერძო დაცვის სამსახური და, რა თქმა უნდა, დაცვის ფედერალური სამსახური.
ბატონ შამალოვის განკარგულებაში, როგორღაც, აღმოჩნდა არა მხოლოდ სასახლე, არამედ _ სახელმწიფო მიწის საკმაოდ დიდი მონაკვეთი. შესაბამისი განკარგულება გასცა პრეზიდენტის საქმეთამმართველმა ვ. კოჟინმა. კოლესნიკოვის თქმით, პუტინი პირადად უთმობდა დიდ ყურადღებას მშენებლობას, ხოლო ფული შამალოვის ხელში აღმოჩნდა „ისეთი წყაროების შეჯერების საფუძველზე, როგორებიცაა: კორუფცია, ქურდობა და მექრთამეობა“. ამ თანხამ შეადგინა 148 მლნ. დოლარი, რომლის ნაწილი გელენჯიკის სასახლის მშენებლობისთვის იყო გამოყენებული. მშენებლობას აწარმოებდა „სამხედრო ნაწილი 1473“, ხოლო დაცვისთვის ისევ დფს-ს იყენებდნენ.
რა სახსრებით შენდებოდა სასახელე? როგორ აღმოჩნდა სახელმწიფოს მიწა კერძო პირების ხელში? ვინ არის „შავი ზღვის ვერსალის“ ნამდვილი დამკვეთი და პატრონი? _ ამ კითხვებზე პასუხი დღესაც არ გვაქვს.
მას შემდეგ, რაც კოლექსნიკოვის წერილმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, 2011 წლის მარტში სასწრაფოდ გაფორმდა ერთი ხელშეკრულება: სასახლე შეისყიდა არკადი როტენბერგის პარტნიორმა, ნოვოროსიისკის საზღვაო პორტის თანამფლობელმა ა. პონომარენკომ (სავარაუდოდ, 350 მლნ. დოლარად). კოლექსნიკოვი ამტკიცებს, რომ ამ შესყიდვით მიზნობრიობა არ შეცვლილა, რადგან ეს მხოლოდ კვალის არევის მცდელობა იყო და სასახლის მფლობელი უცვლელია.
ანალოგიური ისტორიაა დიდი უტრიშის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობასთანაც, რომელიც გელენჯიკთან ახლოს მდებარეობს. ეს საიდუმლო ობიექტი ამჯერად დიმიტრი მედვედევის სახელს უკავშირდება. ოფიციალური „ლეგენდა“ გვაუწყებს, რომ ეს არის „ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელი“ კომპლექსი, რომლის მშენებლობის ინიციატორი ასევე პრეზიდენტის საქმეთა მმართველობის სტრუქტურებია. 120 ჰექტრის ფართობის მიწა 2008 წელს 49 წლით გადაეცა არაკომერციული პროექტების ფონდს, რომლის დამკვირვებელთა საბჭოს თავმჯდომარე აღმოჩნდა ილია ელისეევი, მედვედევის სტუდენტობის დროინდელი მეგობარი. ელისეევი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა „გაზპრომშიც“, მედვედევის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობის დროს.

ბინები და მანქანები

ამ ფონზე სრულიად უმნიშვნელოდ გამოიყურება ოფიციალურად დეკლარირებული ბინები და ავტომობილები, რომლებსაც ფლობენ პირველი პირები.
მედვედევს აქვს ორი ბინა მოსკოვში (174 კვ. მ. და 364,5 კვ. მ.). ერთი _ პეტერბურგში.
მოსკოვის დიდ ბინაში 4 საძინებელი, კაბინეტი, სასადილო, მდიდრულად მოწყობილი მისაღები და სამი საპირფარეშოა. კოლონები მთის ბროლისგანაა გამოკვეთილი, ხოლო იატაკი მარმარილოსია. ყიველთვიური ხარჯი ამ ბინის მოსავლელად 5000 დოლარს შეადგენს. თავად ბინის ღირებულება 5-7 მლნ. დოლარია.
ვლადიმირ პუტინი ოფიციალურად თითქმის არავითარ უძრავ ქონებას არ ფლობს. მხოლოდ 77 კვ. მ.-იანი ბინა, მიწის მცირე ნაკვეთი და ავტოფარეხი, ასევე ახალი „ნივა“.

ქეთევან ენუქიძე