„პრეზიდენტი საქმის გასარჩევად დადის“ _ რა მოხდა კაკაბაძის 2-ში?
„პრეზიდენტი საქმის გასარჩევად დადის, გაიყვანონ თუ არა ეზოში კანალიზაცია“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-სთან „არქი ჯგუფის“ მცხოვრები სალომე მჭედლიძე.
უფრო კონკრეტულად კი, „არქი ჯგუფის“ საცხოვრებელ კორპუსში, რომლის მისამართია პოლიკარპე კაკაბაძის #2, ტარდებოდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, მათ შორის, კანალიზაციის მილების გაყვანა, რის გამოც, მეზობელი კორპუსის მცხოვრებლებმა იჩივლეს. ერთ-ერთმა კი, „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ქეთევან კაპანაძემ, 2020 წლის შემოდგომით, საცხოვრებელი ბინის ეზოში პრეზიდენტი აღნიშნული სამუშაოების შეჩერების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მიიყვანა. „არქის“ მცხოვრებლების თქმით, პრეზიდენტის მისვლის შემდეგ სამუშაოები შეწყდა და არ დასრულებულა.
„ქრონიკა+“-მა მოიპოვა ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნამდვილად იმყოფებოდა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში.
კორპუსის მცხოვრებლებს პრეტენზიები აქვთ „არქი ჯგუფის“ მისამართითაც.
სალომე მჭედლიძის თქმით, მას რომ სცოდნოდა, ასეთი პირობები იქნებოდა, იქ ბინას არ შეიძენდა:
„მე ბინა 2017 წელს შევიძინე, სულ სხვა პირობებით ვიყიდე. პატარა ბავშვი მყავს და ასე იყო გათვლილი, რომ კეთილმოწყობილი ეზო იქნებოდა. 2019 წლის ოქტომბერში გადმოვედი საცხოვრებლად. ჩემი პრეტენზიაა, რომ მილებიდან ჟონავს წყალი და არ აკეთებენ. შეიძლება, ეს კორპუსი თავზე ჩამომენგრას. წყლის გამო ისეთი სუნია, რომ ფანჯარას ვერ ვაღებ საძინებელსა და მისაღებში. მეტიც: ზაფხულში აივანზე ვერ ვსხდებით სუნის გამო. ასევე საშინელი ანტისანიტარიაა, ვირთხები დარბიან. ელიტარული კორპუსი ვიყიდე, რადგან მართლა მეგონა, რომ სასწაულ კორპუსში ვიცხოვრებდი და რეალურად საღორეში აღმოვჩნდი. „არქის“ სხვა კოპრუსები არ მაინტერესებს, მე სადაც გადავიხადე თანხა, ის უნდა ჩამბარდეს. კომპანიის წარმომადგენლები 2020 წლის ნოემბრის დასაწყისში მოვიდნენ და შეგვპირდნენ, რომ თვის ბოლომდე დაიწყებდნენ სამუშაოებს და ერთ თვეში დაასრულებდნენ, თუმცა პირობა პირობად დარჩა. ასევე მანქანა მყავს და ფარეხის შეძენა მინდა, თუმცა აზრი არ აქვს, რადგან ავტოფარეხით მცხოვრებლები ვერ სარგებლობენ. მე რომ მცოდნოდა, ასეთი პირობები იქნებოდა, ამ ბინას არ შევიძენდი. როგორც კი სალომე ზურაბიშვილი გამოჩნდება ადგილზე, შეწყდება სამუშაოები. პრეზიდენტი დადის საქმის გასარჩევად, გაიყვანონ თუ არა ეზოში კანალიზაცია. უფრო კონკრეტულად, სხვა კორპუსის მეზობლებმა იჩივლეს, რომ არ გაეყვანათ კანალიზაცია, მათ მოიყვანეს ზურაბიშვილი 2020 წლის შემოდგომაზე, რის შემდეგაც ეს სამუშაოები გაჩერდა. ვითხოვთ, რომ დროზე მოაწესრიგონ“, _ ამბობს სალომე მჭედლიძე.
ერთ-ერთი მცხოვრები, დარეჯან ფოჩხუა, ამბობს, რომ ავტოფარეხით ვერ სარგებლობს და კომპანიისგან ითხოვს მიეცეს საკუთარი ქონებით სარგებლობის უფლება:
„თავდაპირველად აქ იყო იტალიური ეზო, სადაც 7 მესაკუთრე ვცხოვრობდით. ეს ადგილი 2007 წელს შეისყიდა სამშენებლო კომპანიამ, 2008 წელს დაიწყეს სამშენებლო სამუშაოები და ჩვენ ქირას გვიხდიდნენ. თავდაპირველად მუშაობდა „თბილისი ექსკლუზივი“, რომელმაც მშენებლობა სხვა კომპანიას გადააბარა, საბოლოოდ კი „არქი ჯგუფი“ იყო მეოთხე კომპანია, რომელმაც გააგრძელა მშენებლობა. უკვე 9 წელია, რაც „არქი ჯგუფია“ ინვესტორი. 2019 წელს ჩაგვბარდა ბინები, თუმცა ხარვეზებით. მათ შორის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ჩემს შემთხვევაში ელემენტარული ფანჯარა არ არის სამზარეულოს ოთახში, რომელსაც გასანიავებლად გამოვიყენებთ, ამ მიზეზით გაზს არ მირთავენ, რადგან გადმოკიდება არ აქვს კარს ევროსტანდარტის მიხედვით, მათი გაკეთებული კარი კი პირდაპირ იღება. როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, მაშინ, როცა ამ ბინებს აშენებდნენ, ევროგაღება არ იყო გათვალისწინებულიო. მათ ვთხოვე, რომ თავიანთი შეცდომა გამოესწორებინათ, თუმცა არ გაითვალისწინეს. მე პირადად არ მაქვს ამის საშუალება, რომ ეს გავაკეთო, 300 დოლარი სჭირდება. ვერ ვსარგებლობ გათბობით და, ფაქტობრივად, სიცივეში მიწევს ჯდომა, როცა აქ მოვდივარ.
გარდა ამისა, ვერ ვიყენებთ ავტოფარეხს, ამოქოლილია ის ადგილი, საიდანაც ავტოფარეხში უნდა შევიდეთ _ ტერიტორიაზე, რა გზითაც მანქანები უნდა შევიდნენ ავტოფარეხში, კორპუსში შემოსასვლელი კიბეა. იმ შემთხვევაში შევძლებთ ავტოფარეხის გამოყენებას, თუკი ამ კიბეს გააუქმებენ ან პანდუსს დაამატებენ. როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, დროებითი კიბე გააკეთეს და მათი თქმით, მოგვიანებით გადმოგვცემენ ავტოფარეხს. რას ნიშნავს მოგვიანებით გადმოცემა, ჯერჯერობით, ვერ გავარკვიეთ. როცა ამ შემოთავაზებას დავთანხმდი და მშენებლობა დაიწყო, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, მას შემდეგ 13 წელი გავიდა და ჯერ კიდევ არ დაუსრულებიათ, დავბერდი ამათ ლოდინში. ჩვენი ქონება დროულად გადმოგვცენ“.
მარიამ ბასილაშვილის თქმით, იგი ბინას ვერ აქირავებს, რადგან ქირაობის მსურველები მოუწესრიგებელი ეზოს გამო უარს ამბობენ:
„13 წელი ველოდებოდით, როდის დამთავრდებოდა, აქედან 9 წელი „არქი ჯგუფის“ ლოდიში გავატარეთ, როდის დაასრულებდა ჩვენს საცხოვრებელ ადგილს. როცა კომპანიაში მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოსაწერად მივედი, აქტში ჩაწერეს, რომ ავტოფარეხი მოგვიანებით გადმოგვეცემოდა, კონკრეტული დრო არ იყო მითითებული, თავიანთ სასარგებლოდ აქვთ შედგენილი. ორი წელი გავიდა და დღემდე ვერ ვსარგებლობთ ჩვენი კუთვნილი ქონებით. მაქვს კონკრეტული კითხვები „არქი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორთან, როდის დასრულდება ეს ობიექტი სრულად, მათ შორის, ეზო და რა არის რეალური მიზეზი იმისა, რის გამოც ვერ ასრულებენ? სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, რომ თითქოს ხან მეზობელი ჩივის და ხან მერია გაკეთების უფლებას არ აძლევს. ტურისტული ზონაა და ეზო საშინელ მდგმარეობაშია, სადაც ხის საპირფარეშო დგას, კარი საერთოდ მოგლეჯილია, გარდა ამისა, ეზოში წყლის მილები გასკდა, ჟონავს წყალი და ავტოფარეხებში ჩადის. როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, ეს პრობლემაც ჩვენ უნდა მოვაგვაროთ. მაქვს მეორე ბინა და მსურს მისი გაქირავება, ბინის კლიენტები როდესაც მოდიან, ყველა იმას მეკითხება, თუ როდის მოწესრიგდება ეზო. მოუწესრიგებელი ეზოს გამო ბინას ვერ ვაქირავებთ. ჩვენ ვითხოვთ, „არქი ჯგუფის“ წარმომადგენლები მოვიდნენ და კონკრეტულად გვითხრან, როდის დაასრულებენ ეზოს კეთილმოწყობას და როდის შევძლებთ საკუთარი ავტოფარეხის გამოყენებას? თუ ამ ყველაფერს დროულად არ გააკეთებენ, მაშინ სასამართლოში შევიტანთ საჩივარს. დაგვხოცეს ნერვიულობით, ამ კომპანიამ შეგვიწირა“.
„ქრონიკა+“ აღნიშნულ თემის შესახებ „არქი ჯგუფს“ დაუკავშირდა და განმარტება სთხოვა, თუმცა ამ დრომდე მათგან ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია.
რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩარევას სამუშაოების შეწყვეტის ნაწილში, პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა კითხვაზე, _ ადასტურებს თუ არა აღნიშნულ ფაქტს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და რა განმარტებას გაააკეთებს ამ საკითხის შესახებ, გვიპასუხა: „პრეზიდენტს მსგავსი უფლებამოსილება არ გააჩნია“.
ნენე ინჯგია