პოროშენკო ავსტრალიისგან ურანის შესყიდვას იმედოვნებს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და ავსტრალიის პრემიერმინისტრმა ტონი ებოტმა ბირთვული ენერგიის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა განიხილეს. ორი ქვეყნის ლიდერებმა, უკრაინის მიერ ავსტრალიისაგან ურანის შესაძლო შესყიდვის პროექტი წარმოადგინეს. იუწყება სააგენტო РИА Новости. უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის არსებობის ისტორიაში ოფიციალური ვიზიტით პირველად ესტუმრა ავსტრალიას. პეტრო პოროშენკო ორდღიანი სტუმრობის პერიოდში მელბურნს, კანბერუს და სიდნეის მოინახულებს, სადაც ის რიგ საქმიან შეხვედრებს გამართავს. დონბასის რეგიონში საომარი მოქმედებების გამო ქვეყნაში წარმოქმნილი ქვანახშირის დეფიციტის შესავსებად უკრაინამ ნახშირის შესყიდვა საზღვარგარეთ დაიწყო. ხელისუფლება სამხრეთ აფრიკას გაურიგდა, თუმცა კომპანია ,,Steel Mont“-ის მესვეურების განცხადებით, უკრაინული მხარის მხრიდან არასანდო პარტნიორობის მიზეზით ისინი მომავალში კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებენ. უკრაინული მხარე იძლებული გახდა ქვანახშირი მეზობელი რუსეთისგან შეიძინოს. ენერგეტიკის მინისტრის იური ზიუკოვის განცხადებით, კიევმა შესაძლოა ქვანახშირი დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდანაც იყიდოს.