„პადოშადან“ ელისაშვილამდე, ანუ „დაურეკე ალეკოს“ „ქოცური გრეხები“
ყველა პოლიტიკურ ეპოქასა და რეჟიმს თავისი „პადოშა“ და ჯონდი ჰყავს. ამ მხრივ გამონაკლისი არც „ქოცრეალობაა“, თუმცა ამჯერად მართონი იმაზეა გამოცხადებული, თუ ვინ გახდება თანამედროვე „პადოშა“ ან, სულაც, – ჯონდი. დღევანდელი მონაცემებით, ამ რბოლაში დაწინაურებული, ჯერჯერობით, ალეკოა, ელისაშვილი, აი, ის ელისაშვილი, რომელსაც ხალხმა, ჯერ კიდევ, დიდი ხნის წინათ ქართული პოლიტიკის „ბურატინო“ შეარქვა და რომელსაც არცთუ შორეულ წარსულში, ე. ი., 31 ოქტომბრის არჩევნებამდე, ერთ–ერთმა კახელმა გლეხმა უთხრა, არ ჩაი…ვაო, მაგრამ ელისაშვილმა იმდენი მოახერხა, რომ მარტო კი არ ჩაი…ვა, არამედ გადაი…ვა. ჰოდა, როგორც სოციალურ ქსელში ახლა ხუმრობენ, ის კახელი გლეხი, თურმე, ინტენსიურად ურეკავს „ბურატინოს“, რომ „კეთილების დისერტაცია“ (ეს ირაკლი ოქრუაშვილის ტერმინია – გ. ა.) მოასმენინოს, მაგრამ ხალხის ბედზე „დამაშვრალ“ ალეკოს, თურმე, ნუ იტყვით და, „მობილნიკი“ მუდმივად გამორთული აქვს – ახლა, დიდი კაცია, „ოცნებაში“ განავალი და, ალბათ, არ უნდა, რიგითმა მოკვდავებმა შეაწუხონ!
ისე, თავის დროზე, ალბათ, „პადოშებიც“ (ეს იმ ადამიანების კრებსითი სახელია, რომლებმაც 2008 წელს საერთო ოპოზიციურ გადაწყვეტილებას უგანეს, ცდუნებას ვერ გაუძლეს და პარლამენტში მაინც შევიდნენ) ფიქრობდნენ, რომ ხალხი მათ ნაბიჯს გაამართლებდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ „კოლექტიური პადოშებიდან“ უმრავლესობამ პოლიტკარიერა დაამთავრა, ანუ შეიძლება, პოლიტიკაში ფორმალურად არიან, მაგრამ მათი აზრი არავის აინტერესებს. ისე, ამ „კოლექტიური პადოშებიდან“ ზოგი არცთუ დიდი ხნის წინ „გაქოცდა“ და სარფიან თანამდებობასაც გამოჰკრა ხელი, არადა, თავის დროზე, ივანიშვლისა და, საერთოდ, მთელი „ოცნების“ გაგონებაზე ისეთი რეაქცია ჰქონდა, გეგონება, უხსენებელი დაინახაო, მაგრამ… როცა საქმეში „მწვანე“ ერთვება, ადამიანს უხსენებელიც შეგიყვარდება და… მამალი მგელიც.
ჩვენში დარჩეს და, ახლაც დადის ხმა, რომ „თანამედროვე პადოშების“ გადასაბირებლად „ოცნებამ“ სერიოზული მაყუთი დახარჯა. აი, მაგალითად, საუბარია 50 მილიონზე, თუმცა ელისაშვილი თავს იგიჟებს, მე უფულო კაცი კი ვარ, მაგრამ ფულის გადახდას ვერავინ გამიბედავსო. სხვათა შორის, ამ თავგაგიჟებაზე „დაურეკე ალეკოს“ ნიკა გვარამიამ კარგად უპასუხა, – უფულო კაცი რომ ხარ, ფულს სწორედ ამიტომაც გაძლევენო.
ერთი სიტყვით, ელისაშვილის შემთხვევა იმის ნათელი მაგალითია, რომ გმირები დემონებად იქცევიან ხოლმე. სხვათა შორის, სწორედ ეს დრამა თამაშდება კორონაპანდემიის კუთხითაც, ანუ მომაკვდინებელი ვირუსის პირველი ტალღის დროს (როცა ქვეყანაში სულ ასამდე თუ ორასამდე ინფიცირებული გვყავდა), შებინდებისას, მთელი თუ არა, ნახევარი ერი აივნებზე ვიდექით, ტაშს ხელების გადატყავებამდე ვუკრავდით და იმნაძე-ცერცვაძე-გამყრელიძის მისამართით ისტერიულად ვსკანდირებდით – „მუშ-კე-ტე-რე-ბი!“ თუ გულწრფელები ვიქნებით, ახლა, ამ ჯოჯოხეთური აღტყინების თითოეულ ჩვენგანს გვრცხვენია და საჯაროდ თუ არა, გულში მაინც ვკითხულობთ: რა გვიხაროდა?!
მართლაც, რა გვიხაროდა ან ტაშს რას ვუკრავდით – იმას, რომ მსოფლიოს კორონარუკაზე საქართველო ყველაზე გაწითლებულია თუ იმას, რომ სანაქებო „მუშკეტერებმა“ „ოცნების“ ნარატივების გატარება დაიწყეს? – ეს რიტორიკული კითხვაა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც…
რაც შეეხება „გაელისაშვილებურ“ ქართულ პოლიტიკას, ყველანი ვთანხმდებით, რომ, ადრე თუ გვიან (და ეს „ადრე თუ გვიან“, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება), მხოლოდ ელისაშვილების კი არა, „ოცნების“ მზეც ჩაესვენება, მაგრამ რა იქნება მანამდე, სანამ ეს „მზის დაბნელება“ დაიწყება?
ელისაშვილი ამბობს, რომ 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება, თუმცა არც პროპორციულ სიას დახურავს და იმ შემთხვევაში, თუ პოლიტპატიმრები განთავისუფლდებიან და 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიც პატიოსნად დაითვლება, მაშინ პარლამენტში შევა. „ხმების პატიოსნად დათვლა“ რას ნიშნავს, არავინ იცის, რადგან ეს იურიდიული ტერმინი არაა, თუმცა სად იურისპრუდენცია და სად – ელისაშვილი? აი, ის ელისაშვილი, რომელსაც, თურმე, ნუ იტყვით და, თავისი ირაკლი კობახიძე ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, „მთავარის“ პირდაპირ ეთერში „დაურეკე ალეკომ“ ღიად თქვა, მოლაპარაკებებზე მე სხვა, მეორე კობახიძე ვნახეო.
ზოგადად, ელისაშვილისა და „ოცნების“ „ფაჩა-ფუჩი“ ახალი არაა. აი, ჯერ კიდევ, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს კულუარებში ამბობდნენ, რომ ელისაშვილი შესაძლოა, „ოცნების“ პროპორციულ სიაში ყოფილიყო, თუმცა, საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მან საბურთალოს დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყარა კენჭი. მოარული ხმის თანახმად, მაშინ მისი გამარჯვება მმართველმა გუნდმა უზრუნველყო, თუმცა ამ წლების განმავლობაში ელისაშვილს ისეთი „ეჭირა“, რომ „ოცნებას“ მასზე დიდი ოპოზიციონერი თითქოს არ ჰყავდა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ არ არს საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდეს. ჰოდა, ამ ბატონისა და „ოცნების“ ურთიერთსიმპათიაც აგერ, სულ ახლახან გასაჯაროვდა…
ისე, ერთი შეხედვით, ელისაშვილს გარკვეული ქარიზმა აქვს და ისეთ შთაბეჭდილებასაც ქმნის, რომ ხალხსა და ქვეყანაზე ზრუნავს. აი, მაგალითად, ჟურნალისტობის პარალელურად, თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარი“ დააფუძნა და წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობას ასრულებდა.
თბილისზე, განსაკუთრებით, ძველ თბილისზე ზრუნვა, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, თავის დროზე, ელისაშვილი „მე-9 არხის“ ჟურნალისტი იყო, აი, იმ „მე-9 არხის“, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა და, ჯერ კდიევ, „ვარდების რევოლუციამდე“ მაუწყებლობდა (2012 წლის არჩევნების შემდეგ აღდენილ „მეცხრე არხზე“ ელისშვილს აღარ უმუშავია). ჰოდა, ვინაიდან და რადგანაც პოლიტიკაში კონსპიროლოგია ერთობ მოდურია, რატომ არ უნდა დავუშვათ გონივრული ალბათობა, რომ ელისაშვილისა და „ოცნების“ „მამა-მარჩენლის“ კოლაბორაცია სწორედ მაშინ დაიწყო?
გამორიცხული არაფერია, თუმცა რაც ზუსტად არ ვიცით, იმის მტკიცებას ვერ დავიწყებთ. აი, სამაგიეროდ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ელისაშვილს მკვახე გამონათქვამები ახასიათებს. რამდენიმე კვრიის წინ, „ტვ პირველის“ ეთერში ლამის ვენებს იხსნიდა და „ოცნების“ მისამართით ამბობდა, დეპუტატის მანდატი ერთ ადგილას გაიკვეხოსო. უფრო ადრე, კერძოდ, ოთხი წლის წინ კი დებოში და ხელჩართული მუშტი-კრივი „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში გამართა.
„საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი, საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „მაესტროს ფაქტორის“ პირდაპირ ეთერში მოხდა.
ელისაშვილმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი მოსულიშვილი ქრთამის აღებაში დაადანაშაულა, რაზედაც სოსო მანჯავიძემ მას მოუწოდა, კონკრეტულ ფაქტებზე ესაუბრა.
„ასეთი ტიპის ბრალდებაზე რეაგირება არც უნდა იყოს. რას ნიშნავს, შენ ხარ მექრთამე? რადგან ჩემი ლოგიკური მსჯელობით ეს დავადგინე?! ეს ნორმალურად მიგაჩნიათ თქვენ?! ეს ნორმალური თანაცხოვრების წესია?! ეთერში ნუ ძველბიჭობ, შენი საძველბიჭო მალე დასრულდება“, – უთხრა მანჯავიძემ ელისაშვილს, რის შემდეგაც ელისაშვილმა მას „პარტიიდან გამოგდებული უწოდა“.
„ჭკუას ნუ მასწავლი. პარტიიდან გაგდებული ხალხის ჭკუის დარიგება არ მჭირდება. პარტიიდან არ გაგაგდო ინაშვილმა?! ფული შემიჭამა, რა არამზადააო, არ ამბობდა?! და ეს კაცი ჭკუას მარიგებს!“ – ციტირებდა იმდროინდელი ონლაინმედია ელისაშვილის სიტყვებს.
ასე და ამგვარად: ხვალ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. დღევანდელი მონაცემებით, ვიცით, რომ „ბუტკაში“ ხვალ არა, მაგრამ უახლოეს მომავალში „დაურეკე ალეკო“ შევა. მას, როგორც სოციალურ ქსელში ჩვენი გამოცემის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე წერს, „რესპებიც“ მიჰყვებიან და „ოცნების“ „კრებაც“ მხიარუი იქნება, მაგრამ უბედურების ზარი მალე რომ ჩამოჰკრავს, ამასაც ყველანი ვხვდებით.
დიახ, ყველამ, ვინც პოლიტიკურ ალგორითმში ყასიდად მაინც ერკვევა, იცის, რომ „ოცნების“ დღეები დათვლილია და რაც უნდა იძახოს კობახიძემ, ოპოზიციურ პარტიებს ავკრძალავთ და საბიუჯეტო დაფინანსებას აღარ მივცემთო, ამით რეალობა არ შეიცვლება. „კულულას“ მოჩვენებითი რიხი მხოლოდ ხავსზე მოჭიდებაა და მეტი არაფერი.
ასე რომ, ნახვამდის კი არა, მშვიდობით, ალეკო!
მშვიდობით, „ოცნებავ“!
დაბოლოს, ანუ პოსტ კრიპტუმის მაგიერი: „დაურეკე ალეკოს“ შეიძლება ჰგონია, რომ 2008 წლის მოვლენების გმირები თუ ანტიგმირები მის ახლანდელ გადაწყვეტილებას მოიწონებდნენ და ტაშს დაუკრავდნენ, მაგრამ როგორც მიხეილ სააკაშვილი იტყოდა, ნურას უკაცრავად! აი, მაგალითად, „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია, ერთ-ერთი ქართული სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლა სტრატეგიული შეცდომა იქნება:
„მათ არ სთხოვენ, რომ მაინცდამაინც 11-ში შევიდნენ. მოთხოვნაა, რომ, ზოგადად, იყვნენ პარლამენტში და თან აძლევენ სახის შენარჩუნების საშუალებას. განცხადება, რომელსაც „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აკეთებს, რომ დროს გადაავადებენ, ამით ფიქრობენ, ეს მწვავე ფონი ჩაცხრება და ესენი ჩუმ–ჩუმად შეიპარებიან პარლამენტში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სტრატეგიულო შეცდომაა. თუ აპირებენ შესვლას, უნდა თქვან და ეს პოზიცია და არჩევანი იქნება. თუ დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერი გქვია, შენი აზრი და პოზიციაც უნდა გქონდეს…“
***
ერთი სიტყვით, „დაურეკე ალეკოს“ წამლადაც რომ უნდოდეს, ერთი გულშემატკივარიც აღარ დარჩება.
რას ვიზამთ, ყველა ადამიანი საკუთარ ბედს თავად ქმნის…
გიორგი აბაშიძე