პაატა მანჯგალაძე: „ივანიშვილი ლუსტრირებულია, ახლა არჩევანი არის ქვეყნის მოსახლეობაზე“

ირინა მაკარიძე

უკვე დაიწყო 2024 _ საარჩევნო წელი. ამ წელს ადამიანები მოსალოდნელ ცვლილებებსა და ცხოვრების გაუმჯობესებას უკავშირებენ. თუ როგორ აპირებენ მოქალაქეების მხარდაჭერის მიღებას და რას დაუპირისპირებენ სახელისუფლებო კამპანიას, რატომ დასჭირდა მმართველ გუნდს ვეტერანი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და რა საკადრო რესურსი დარჩა „ოცნებას“ _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე:

_ „ქართული ოცნება“ დაკავებულია  შიდაქოცური გარჩევებით: რა უთხრა ივანიშვილმა გახარიას, მერე გახარიამ რა უთხრა ივანიშვილს. ეს არ აინტერესებს ხალხს, ხალხს აინტერესებს, როდის მოვლენ ისეთი ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებიც დაკავებული იქნებიან არა შიდა გარჩევებით, კინკლაობით, არამედ საქმის კეთებით. ჩვენ ვიცით, რომ 12 წელია გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არც ერთი პრობლემა ხალხისთვის არ მოუგვარებია, სულ მტრის ხატის ძებნით, სიძულვილით, ადამიანების ერთმანეთზე დაგეშვით, დაშინებით, დათრგუნვით არის დაკავებული. ჩვენ, „გამარჯვების კოალიცია“, ვეძებთ, პირველ რიგში, კოალიციას ხალხთან, რომ ხალხის პრობლემის, გასაჭირის, სატკივრის გადაწყვეტა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგი და არა ვიწრო პარტიული გარჩევები. ჩვენ სოფელ-სოფელ, ოჯახ-ოჯახ ყველგან მივალთ და ყველას ვეტყვით, რომ ეს სიღარიბე, ეს უმუშევრობა, უპერსპექტივობა განაჩენი არ არის და ყველას ერთად შეგვიძლია ცვლილებები. ევროპასთან ერთად შეგვიძლია მშვიდობისა და კეთილდღეობის მოტანა, ევროპასთან ერთად შეგვიძლია სიმდიდრის მოტანა. რუსებთან და „ქოცებთან“ ერთად არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა არ გვექნება. ეს უნდა ვიცოდეთ, ამიტომ გარბის ათასობით ადამიანი ქვეყნიდან, რომ ამის პერსპექტივა არ არსებობს. არის ეკონომიკური ძვრები, რადგან რუსეთი დაკეტილია და საქართველომ შეიძინა ფუნქცია, მაგრამ ეს არ მიდის ხალხამდე. „ოცნების“ ჩინოვნიკები ამისთვის არიან ხელისუფლებაში, ეს ივანიშვილმაც აღიარა, რომ ისინი ხალხს ძარცვავენ. მათ ხელისუფლება სჭირდებათ ხალხის საძარცვავად. ჩვენ ხალხთან ერთად გვჭირდება მმართველობა, რომ ეს სიკეთე, ეს დოვლათი წამოვიდეს ხალხთან. ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის.

_ გვაქვს ამის გამოცდილება და ახლაც ვხედავთ, რომ წინაასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად ხელისუფლება ზრდის სოციალურ პროგრამებს, ამას რას დაუპირისპირებთ?

_ ეს დროებითია. გროშებს გვიხდიან ჩვენ და მილიონებს იდებენ ჯიბეში.  ამის ახსნას ვცდილობთ ჩვენ ხალხისთვის. თვითონ ტენდერებს იგებენ, მილიონერები გახდნენ, ვისაც ერთი სართული ჰქონდა, მეორე სართული დაამატა, ვისაც ერთი სახლი ჰქონდა, მეორე შეიძინა. ჩვენ, ზოგადად, განვითარებისა და სხვისი გამდიდრების წინააღმდეგები კი არ ვართ, მაგრამ ხალხი რომ ღარიბდება და „ქოცი“ მდიდრდება, ამაზე ვსაუბრობთ. ეს უნდა დაბალანსდეს, რომ ყველამ თანაბრად მიიღოს სიკეთე ამ ქვეყნისგან. 800 ათასი ადამიანია ქვეყანაში ისეთი, რომელსაც უჭირს არჩევანის გაკეთება, წამალი იყიდოს, თუ პური. მაღალი საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე პენსიონერებს დაუგროვდათ ბანკის ვალები. ამ დროს შესაძლებელია, ერთჯერადად ამ ადამიანებს ეს დავალიანება გადავუხადოთ, მაგრამ არა, რაღაც სოციალური, ე. წ. დასაქმების პროგრამები მოიფიქრეს და, მაგალითად, გურიის ერთ-ერთ სოფელში, ნასაკირალში, გვითხრეს, რომ 72 მეეზოვე და მესაფლავე დანიშნეს. ასეთ პროგრამებს არ სჯობია, რომ მიზნობრივი პროგრამები გავაკეთოთ? ყველამ აღიარა უკვე, რომ სკოლებში ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, რაც ხელს უშლის ბავშვთა განვითარებას. ბავშვთა კვების საკითხი რომ მოგვარდეს, სულ სჭირდება 200-დან 250 მილიონამდე. ამ მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის პროგრამების დაფინანსების ნაცვლად „ოცნება“ აფინანსებს ისეთ პროგრამებს, რომლითაც საკუთარი მხარდამჭერების გულის მოგებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ამ ნაძარცვ ფულს არჩევნებზე 150 ლარის სახით აძლევენ ადამიანებს. უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ხალხი, რომელიც ხმას ყიდის. ყველას შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც გაჭირვებისა თუ სხვა მიზეზის გამო აკეთებენ ამას. ნაძარცვიდან გადმოუგდებენ 100 ლარს და მერე 4 წელი არიან ხელისუფლებაში. ე. ი. თვეში 2 ლარის სანაცვლოდ ყიდიან ხმას? ეს უნდა გავაგებინოთ ხალხს, რომ ამით უფრო მძიმე მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავსაც და კიდევ უფრო ღრმა ჭაობში ეფლობა ქვეყანა.

_ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მესამედ მობრუნებისას ხალხის გაჭირვება  არ უხსენებია, ის ოპოზიციის სისუსტესა და საკუთარი პოლიტიკური გუნდის პრობლემებზე საუბრობდა. რას იტყვით ამაზე და არის თუ არა მისი პოლიტიკაში დაბრუნება ერთგვარად, დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესრულება და ჩრდილოვანი მმართველობის დასრულება?

_ არავითარი გარანტია ივანიშვილისთვის ჩრდილიდან გამოსვლა არ არის. ოლიგარქია ნიშნავს არა ჩრდილში ან სინათლეში მყოფ ადამიანს, არამედ  ფინანსური რესურსის გამოყენებით არალეგიტიმური ძალაუფლების ფლობას, ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას. ამ ნაბიჯითა და მის მიერ გაკეთებული განცხადებით, განსაკუთრებით „საპატიო“ თავმჯდომარედ თავის დანიშვნითა და საკუთარი თავისთვის პრემიერის წარდგენის უფლების მინიჭებით, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების 100-პროცენტიანი წილის მფლობელი არის თვითონ. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს 5-ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიის მქონე ქვეყნისთვის? როგორც დიდი ბიჭი პატარა ბავშვებს, ველოსიპედივით ათხოვებს ხელისუფლებას და მერე არჩევნების დროს უკან იბრუნებს. მესამეჯერ აკეთებს ამას, ეს სამარცხვინო არ არის? მიკვირს, ამას როგორ ეგუებიან „ქართულ ოცნებაში“?  ქვეყნის შეურაცხყოფაა, როცა ხელისუფლება ეკუთვნის არა ხალხს, არამედ კერძო პირს _ ივანიშვილს.  

_ გამოითქვა მოსაზრება, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება, ივანიშვილი პრეზიდენტად გაიყვანოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

_ არსებობს ვერსიები და მეც ვეთანხმები, რომ ივანიშვილისთვის მთავარი არის უსაფრთხოება. ამ ლოგიკით მოქმედებს ის. მისი ალგორითმი, როგორც მას უყვარს თქმა, არის უსაფრთხოების ამოცანა. პრეზიდენტობა თუ ამაში მოეხმარება, უკან არ დაიხევს. არ არსებობს რამე, რასაც ივანიშვილი მისი პირადი უსაფრთხოებისა და სიმდიდრის წყურვილიდან გამომდინარე არ გააკეთებს. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებისგან არანაირ სასიკეთო ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ივანიშვილი არის ლუსტრირებული, გაშიფრულია ბოლომდე, როგორც იტყვიან, „მეფე შიშველია“, ახლა არჩევანი არის ჩვენზე, ქვეყნის მოსახლეობაზე.

_ დანიის ელჩის მიერ მის ოლიგარქად მოხსენიებას მოყვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მწვავე რეაქცია, რას იტყვით ამის შესახებ?

_ მთავარი არის არა ის, რა თქვა ელჩმა, არამედ რა რეაქცია ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. ჯერ ერთი, რაც თქვა ელჩმა, სიმართლე იყო. ანუ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ახსენა და ამას მოყვა დანიაში დიპლომატიური ნოტის გაგზავნა. დანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა გააფუჭეს კერძო პირის ხსენების გამო, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოგვიკლეს რუსებმა და სახელმწიფო ინსტიტუტების მსგავსი რეაქციები ჩვენ არ გვინახავს. მხოლოდ სამძიმრის განცხადება ვნახეთ. რა გამოდის, სახელმწიფო ივანიშვილისთვის არსებობს? მოქალაქეა გინტურიც და მოქალაქეა ივანიშვილიც. ივანიშვილი რომ ვიღაცამ აუგად მოიხსენია, მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები გადაეფარა და გინტური რომ მოგვიკლეს, პატრიოტი კაცი ტაძარში ლოცვის გამო, სად იყო მაშინ სახელმწიფო? ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო გვჭირდება ჩვენ და არა ერთ კონკრეტულ კერძო პირზე. ეს არის განსხვავება ჩვენსა და „ქოცებს“ შორის.

_ ივანიშვილმა ისაუბრა გუნდის შიგნით პრობლემებზე, კორუფციის რისკებზე, აქედან გამომდინარე, გაჩნდა მოლოდინი საკადრო ცვლილებებზე. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე და იქნება თუ არა ეს გამოსავალი „ოცნებისთვის“?

_ მე მგონი, ივანიშვილმა მომენტუმი გაუშვა. თუ წლების წინათ ახალდამწყები სტაჟიორის აღტყინებით შესციცინებდა თვალებში ივანიშვილს ღარიბაშვილი ან კალაძე, ახლა ასე არ არის. მათ დააგროვეს ქონება, გამოცდილება, სიმდიდრე ხალხის ძარცვით. ახლა ივანიშვილი სულაც არ არის ხელშეუხებელი ავტორიტეტი მათთვის. ეს დაინახა ივანიშვილმა სწორედ, _ როცა მისი გუნდის შიგნით ზომაზე მეტად დიდი ქონება გროვდება, მერე ისინი იბრძვიან არა ლიდერის ავტორიტეტისთვის ან სახელმწიფოსთვის, არამედ საკუთარი ქონების გადასარჩენად. ეს კარგად იცის ივანიშვილმა და ეს აქვს ყველაზე დიდი საფრთხე ახლა, რაც არის შიდაპარტიული რყევები.

_ რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, რამდენად მოსალოდნელია იგი?

_ ადრე შეეძლო ადვილად გაშვება, მაგრამ ახლა არ ვიცი, რამდენად შეძლებს. ან გაუშვებს, ან ვერ გაუშვებს. თუ გაუშვებს, მერე შეიძლება იმ გაშვებულმა კომპრომატების გამოქვეყნება დაიწყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს ყაზახეთის მაგალითი, ტოკაევიც ზუსტად ისეთივე სტაჟიორი იყო ნაზარბაევისთვის, როგორც დღეს ღარიბაშვილი და კობახიძეა ივანიშვილისთვის, მაგრამ როცა დაუპირეს მიჩოჩება, ნახეთ, ხომ, რა გააკეთა? _ წაიღო ძალაუფლება სრულად. არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს. არ ველოდები, რომ ტოკაევის მსგავსი გაქანება აქვს რომელიმეს „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ მაგალითისთვის ვამბობ, რომ მუდმივი არაფერია ამ ქვეყანაზე, მათ შორის, არც მონობა და მორჩილება. თუ გადავხედავთ, ყველა ხელისუფლება შიდა რყევებმა დაშალა და დაანგრია. ასე მოხდა, სამწუხაროდ, ეროვნული ხელისუფლების დროსაც, როცა თენგიზ სიგუა და რაღაც ჯგუფი გამოეყო მას, იგივე მოხდა შევარდნაძის დროსაც, როდესაც ავთანდილ ჯორბენაძემ ცალკე დაიწყო მოლაპარაკებები, „ნაცმოძრაობის“ დროსაც იყო შიდა დაპირისპირება და დაძაბულობა, უნდა ვაღიაროთ. იგივე იქნება „ქართული ოცნების“ დროსაც, ეს არის სიმპტომი, რომ ხელისუფლება მთავრდება.

_ რამდენად აქვს ივანიშვილს თუნდაც პრემიერის შეცვლის რესურსი ახლა?

_ დიდი არჩევანიც არ აქვს. ერთი, ვინც შეიძლება პრემიერად წარადგინოს, ეს არის გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც „ქართუდან“ მოყვება, უსაფრთხოებას კურირებს, ინფორმაციას ფლობს, შემოწმებული კაცია და შეიძლება მასზე გააკეთოს არჩევანი, მაგრამ როგორც გუმბარიძემ ვერ უშველა კომუნისტებს, ვერც ლილუაშვილი უშველის „ოცნებას“.

_ ამ დროს ივანიშვილი ოპოზიციის სისუსტეზე ლაპარაკობს. რას ემსახურება ამაზე აპელირება?       

_ სისულელეა, რომ ოპოზიცია სუსტია და ამიტომ „ოცნებაში“ ერთმანეთს დაერევიან, ეს არის პიარკამპანიის ნაწილი, რომ ვითომ ოპოზიცია სუსტია. სინამდვილეში, კაცი მხართეძოზე იყო წამოწოლილი აბასთუმანში და დაბრუნდა პოლიტიკაში. ეს რას ნიშნავს, _ კარგად არის ივანიშვილი და ოპოზიციაა სუსტი, თუ პირიქით არის? ხალხში განწყობა გახლავთ ნეგატიური, „ქართული ოცნების“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, შიდა კვლევებს ატარებენ და ნახეს, რომ ცუდად აქვთ საქმე, ვერ ხდება საკუთარი მხარდამჭერების კონსოლიდირებაც კი, გრავიტაციის ცენტრი ვერ გახდა და ვერც გახდება ვერც ღარიბაშვილი და ვერც კობახიძე, ამიტომ კულისებიდან გამოიყვანეს ვეტერანი ივანიშვილი.