პაატა დავითაია: „კრემლმა აფხაზეთის მიერთების პროცესი დაიწყო“
იმ დროს, როცა „ქართული ოცნება“ პარლამენტში ოპოზიციის შეთრევას ცდილობს, ოკუპირებულ რეგიონებში საინტერესო და ჩვენთვის სახიფათო პროცესები დაიწყო. აფხაზები მრავალი წლის მანძილზე ეწინააღმდეგებოდნენ კანონის მიღებას, რომლითაც რუსები ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენას შეძლებდნენ. რამდენიმე დღის წინ კრემლმა საწადელს მიაღწია. რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მოითხოვენ აფხაზურ პასპორტს, სოხუმი დაუკმაყოფილებს მოთხოვნას. აფხაზური პასპორტით აღჭურვილი რუსი კი უპრობლემოდ შეძლებს ჩვენი მიწების გადაფორმებას.
მართალია, კანონი უკვე მიღებულია, მაგრამ მოსკოვი აფხაზეთის დღევანდელ ხელისუფლებას ბოლომდე არ ენდობა. ეს ადამიანები აფხაზეთის რეალური დამოუკიდებლობის მომხრეები არიან. ჩვენი მკითხველისთვის, ალბათ, ცნობილია, რომ აფხაზთა პრემიერი ანქვაბი მოსკოვში გადის მკურნალობის კურსს. ის უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საავადმყოფოში წევს. აფხაზეთს რეალურად ის განაგებდა. მისი იზოლირების შემდეგ რუსებმა სოხუმში საპროტესტო აქციებს გაუკეთეს ორგანიზება. მოსახლეობის ნაწილი პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შამბას გადადგომას ითხოვს.
რა პროცესები დაიწყო აფხაზეთში? ვინ გააგზავნა კრემლმა სოხუმში? რატომ უნდა ვიყოთ ტერმინებთან ფრთხილად? როგორ უნდა ვუპასუხოთ სეპარატისტებისა და ოკუპანტების ქმედებებს? _ ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ოკუპირებულ რეგიონებში ცუდი ამბები ხდება. ცხინვალმა ჩვენს მოქალაქე ზაზა გახელაძეს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აფხაზებმა 9 წლით გაუშვეს ციხეში ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც გაბედა და აფხაზური დროშა დაწვა.
_ ოკუპირებულ რეგიონებში ასეთი ამბები ხშირად ხდება. ეს არც პირველი შემთხვევაა და, სამწუხაროდ, არც უკანასკნელი იქნება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები წლებია, იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს. საერთაშორისო ორგანიზაციები ამაზე უკვე ღიად ლაპარაკობენ. პროტესტს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლებაც. ახლა ესაა მაქსიმუმი.
მინდა, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს ვთხოვო, რომ ასეთი გატაცებების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ ტერმინოლოგიებში. ცხინვალიც და აფხაზეთიც საქართველოა და ჩვენ მათთან საზღვარი ვერ გვექნება. აფხაზეთიც და ცხინვალიც არის საქართველო და არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მოქალაქეები მათ ტერიტორიაზე გადავიდნენ. განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ იმის თქმას, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს. რა საზღვრის უკანონო გადაკვეთა?! ეს არის საქართველო და უნდა ვთქვათ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი მოქალაქე გაიტაცა.
დამიჯერეთ, ტერმინოლოგიით საუბარი არის პრინციპული საკითხი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მოხდა საზღვრის კვეთა, ამით ხაზს ვუსვამთ, რომ არსებობს საზღვარი. ამას ნელ-ნელა ეჩვევიან უცხოელებიც. აქედან გამომდინარე, უნდა შევცვალოთ ტერმინოლოგია. ვთქვათ, რომ კრიმინალურმა რეჟიმმა საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეს აღუკვეთა თავისუფლება.
მინდა, დავაკვირდეთ იმასაც, თუ როგორ მოქმედებენ ეს რეჟიმები. რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, ისინი საქართველოს მოქალაქეებს მაინც ასამართლებენ. მთელი მსოფლიო რომ დაინგრეს, სანამ არ გაასამართლებენ, მანამდე არ უშვებენ. იცით, რატომ იქცევიან ასე? ამით ისინი თავიანთ ე. წ. სახელმწიფოებრიობას უსვამენ ხაზს. ამიტომ ვამბობ, რომ ტერმინოლოგიას ყურადღების მიქცევა სჭირდება. კრიმინალური რეჟიმი გვეუბნება, მე სახელმწიფო ვარ, ჩემი კანონები მაქვს, რომელიც დაარღვიე და ამიტომ გასამართლებო.
_ ტერმინოლოგიის შეცვლის გარდა ჩვენ არაფერი შეგვიძლია?
_ როგორ არ შეგვიძლია! ამ მექანიზმის ამოქმედება არის აუცილებელი. ჩვენს მოქალაქეებს ხომ კონკრეტული მოსამართლე ასამართლებს. მას ბრალდებას ხომ კონკრეტული პროკურორი უყენებს. ამ ადამიანების ვინაობა ყველასთვის ცნობილია. მე მაინტერესებს, რატომ არ ცხადდება ეს მოსამართლეები და პროკურორები ძებნილად? მათზე ძებნა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს.
_ ამით რა შეიცვლება?
_ ბევრი რამე. მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზევე თავისუფლებას უზღუდავენ. ნებისმიერ ასეთ პირზე ინტერპოლით უნდა გამოვაცხადოთ ძებნა. ამ პროკურორებისა და მოსამართლეების 80% რუსეთის მოქალაქეა. მათ რუსეთშიც პრობლემები შეექმნებათ.
_ რუსეთში რატომ შეექმნებათ პრობლემები?
_ იმიტომ, რომ რუსეთიც ინტერპოლის წევრი ქვეყანაა. ასე უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. ახლა რას ვაკეთებთ? ვტეხთ ერთ ამბავს, _ ვაიმე, მიუსაჯეს 20 ან 12 წელი! ამბავიც უნდა ავტეხოთ, მაგრამ ამას სამართლებრივი ქმედებებიც უნდა მივაყოლოთ. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ზაზა გახელაძეს მიუსჯიდნენ. ესენი ნებისმიერს ასამართლებენ და ამით, როგორც უკვე გითხარით, ხაზს უსვამენ თავიანთ სახელმწიფოებრიობას. ჩვენ კი შეცხადების დონეზე ვრჩებით. მესმის, რომ მათთან ახლა ომს ვერ დავიწყებთ, მაგრამ ვიმოქმედოთ. მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ ვიღაც ჭიჭიკო პროკურორმა და მოსამართლემ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეს თავისუფლება აღუკვეთეს. როდესაც ამ ჭიჭიკოზე ინტერპოლით ძებნას გამოვაცხადებთ, მეორე მოსამართლე და პროკურორი დაფიქრდება, გაიმეორონ იგივე თუ არა?
_ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ პროკურორებსა და მოსამართლეებზე ძებნის გამოცხადება იმ დროს, როცა სეპარატისტთა ლიდერებზე არ გამოგვიცხადებია ძებნა? მაგალითად, იგივე კოკოითზე.
_ ეს საერთოდ სხვა თემაა. რაც დევნილი გავხდი, იმ დღიდან მოყოლებული გავყვირი, რომ სეპარატისტთა ლიდერებზე ძებნა უნდა გამოვაცხადოთ. ძებნის გამოცხადებას ვითხოვდი იმათზეც, ვინც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა. ერთადერთი, ვის წინააღმდეგაც სანქცია გაიცა, იყო აფხაზეთში კონფედერაციის ჯარების სარდალი შამილ ბასაევი.
_ ვინ გასცა მასზე სანქცია?
_ აფხაზეთის პროკურორმა ანზორ ლაცუზბაიამ.
_ ბასაევზე სანქცია თუ იყო გაცემული, რანაირად შემოვიდა ის საქართველოში?
_ ბასაევი საქართველოში არასდროს ყოფილა.
_ 1999-2000 წლების ზამთარში პანკისს არ აფარებდა თავს?
_ სხვა ჩეჩენი საველე მეთაურები ნამდვილად იყვნენ პანკისში, ბასაევი აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოში არ ყოფილა. პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამათ წინააღმდეგ ძებნის გამოცხადებას. ყველა მათგანზე უნდა გაიცეს სანქცია. მე მოგიყვანთ ყარაბაღის მაგალითს. ყარაბაღის ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი სანქცირებული იყო აზერბაიჯანის პროკურატურის მიერ. ყველა მათგანზე გამოცხადდა ძებნა. როდესაც დღის წესრიგში დადგა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ვერავინ ხმა ვერ ამოიღო.
_ აზერბაიჯანმა ბაგრამიანის ბატალიონის იმ მებრძოლების წინააღმდეგაც აღძრა საქმე, რომლებიც ყარაბაღში საომრად წასასვლელად დაირაზმნენ, მაგრამ მათ ჩასვლამდე დამთავრდა ომი.
_ ძალიან სწორადაც მოიქცა. აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურას ყველა ყარაბაღელი ჩინოვნიკი სანქცირებული ჰყავდა. ამ პროცესში მეც აქტიურად ვიყავი ჩართული.
_ თქვენ რატომ იყავით ჩართული?
_ მათ ჩემთან გაიარეს კონსულტაციები და ჩემი რჩევები სრულად გაითვალისწინეს. სულ ვამბობდი, რომ სამართლებრივი ბაზა უნდა შეიქმნას და მერე დაიწყოს აღდგენა. ჩვენ მათი გასამართლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში რომ დავიწყოთ, ერთი ამბავი ატყდება. ვიღაცები გამოვარდებიან და იტყვიან, ჩვენს მოქალაქეებს რატომ დევნიო.
_ ასეთები მრავლად გამოვარდებიან.
_ მრავლად რომ არიან ასეთი ჭკვიანები, ამიტომაც ვამბობ, რომ საჭიროა სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება. ვინც აფხაზეთსა და ცხინვალში ხელისუფლება მიიტაცა, ვინც ჩვენს მოქალაქეებს თავისუფლება აღუკვეთა, ყველა უნდა იყოს სანქცირებული. ხმაური კარგია, მაგრამ საჭიროა სამართლებრივი რეაგირება. ამით ჩვენ ყველას ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო. მარტო განცხადებებით მათ ვაღიარებთ მხარედ და მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ საზღვარი გადაიკვეთა, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის სერიოზული პრობლემაა.
_ სამართლებრივი შეფასებები კარგია, მაგრამ სხვანაირადაც ხომ შეიძლება ჩვენი მოქალაქეების დაცვა.
_ როგორ არ შეიძლება. სპეციალური დოქტრინა უნდა შეიქმნას, სადაც ეწერება, რომ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს საოკუპაციო ზოლი. უნდა იყოს ბლოკ-საგუშაგოები, უნდა ხდებოდეს პატრულირება. სპეციალური სამინისტროც კი უნდა შეიქმნას.
_ რა სამინისტრო უნდა შეიქმნას?
_ ოკუპირებული რეგიონების მართვის სამინისტრო. კი გვყავს შერიგების სამინისტრო, მაგრამ კაციშვილმა არ იცის, რას აკეთებს. ამ მიმართულებით საგარეოც მუშაობს, მაგრამ მათ თავისი დღის წესრიგი აქვთ. დევნილობაში მყოფი ლეგიტიმური მთავრობები თავისას უბერავენ. ყველას ეშინია ინიციატივის გამოვლენა, ყველა თავის კომპეტენციაშია ჩაკეტილი. როდესაც იარსებებს ოკუპირებული რეგიონების მართვის სამინისტრო, ყველაფერი აქ მოიყრის თავს. დოქტრინასაც დადებს და მთელ მსოფლიოსაც გააგებინებს, თუ რა ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. ჩვენ ვიცით, რომ რუსებმა კიდევ დაიწყეს ე. წ. საზღვრის გადმოწევა. ერთ-ერთ ტყეში ხეებიც მონიშნეს და იქ გაივლის საოკუპაციო ზოლი.
_ ჩორჩანის ტყეზეა საუბარი?
_ დიახ. ამის ასე დატოვება არ შეიძლება! საჭიროა ერთიანი მიდგომა და ამას სჭირდება სამინისტრო, რომელიც კონკრეტულად ოკუპირებულ რეგიონებზე იმუშავებს. უკვე რამდენი ხელისუფლება გამოვიცვალეთ, მაგრამ არავის სურს ამ პრობლემებისთვის თვალის გასწორება. ყველა რაღაცნაირად სირაქლემის პოზაშია.
_ „ნაციონალების“ მმართველობის დროს ჩვენს მოქალაქეებს ასე ხშირად არ იტაცებდნენ. ახლა რამ გაამწარა ეს კრიმინალები?
_ „ნაციონალების“ დროს, უფრო სწორად, აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს ასე ხშირად მართლა არ იტაცებდნენ. იმ პერიოდში ე. წ. საზღვარი მკაცრად კონტროლდებოდა. არავის ეძლეოდა იმის საშუალება, რომ იქით გადასულიყვნენ. ახლა თავისუფლად მიდი-მოდიან. ამით სარგებლობენ კრიმინალები და თავისუფლებას უზღუდავენ მათ. მივეჩვიოთ ტერმინოლოგიით საუბარს და გაცილებით მეტი დრო დავუთმოთ ოკუპირებულ რეგიონებს. აზერბაიჯანში მთავარი თემა ყოველთვის ყარაბაღი იყო. აფხაზეთი და ცხინვალი რომ საქართველოა, ეს ვის ახსოვს? ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ნებისმიერ გამოკითხვაში მეოთხე ან მეხუთე ადგილზეა.
_ ზოგჯერ უფრო ქვევითაც არის.
_ ძალიან სამწუხაროა. დაკარგული ტერიტორიები ქართველებისთვის პრიორიტეტი აღარ არის. არც ცხინვალი ადარდებს ვინმეს და არც _ აფხაზეთი.
_ აფხაზეთში რა ხდება? გაგრაში სერიოზული ხანძრები იყო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსებმა შეგნებულად გადაწვეს იქაურობა.
_ ეს ხანძრები ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. საეჭვო ვითარებაში ჩნდებოდა ხანძრის კერები, მაგრამ ამ თემაზე ახლა ყურადღების გამახვილება არ ღირს. არ ღირს იმიტომ, რომ ახლა ოკუპირებულ რეგიონში გაცილებით სერიოზული პროცესები დაიწყო, რომელიც ჩვენ ყურადღების მიღმა დაგვრჩა.
_ რა პროცესებზე საუბრობთ?
_ გასულ კვირას აფხაზეთში დაიწყო გამოსვლები. მოსახლეობის ნაწილი პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შამბას გადაყენებას ითხოვს.
_ რატომ ითხოვენ მათ გადაყენებას?
_ თითქოს მათ მოითხოვეს საქართველოსთან დიალოგის წარმოება.
_ გამოსვლებისთვის კარგი დრო შეურჩევიათ, პრემიერი ალექსანდრე ანქვაბი მოსკოვის საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული. რამდენიმე კვირაა, იქ მკურნალობს კორონავირუსზე.
_ ანქვაბი სოხუმში რომ ყოფილიყო, ასეთი ამბები არ დაიწყებოდა. არაერთხელ გითხარით, რომ აფხაზეთის რეალური მმართველი არის ალექსანდრე ანქვაბი. მისი იზოლირების შემდეგ დაიწყო შეტევა ბჟანიასა და შამბაზე. შამბაც, ბჟანიაც და ანქვაბიც არიან პროაფხაზი პოლიტიკოსები. მათ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება არ სურთ, მაგრამ რუსეთში შესვლის წინააღმდეგებიც არიან. რუსებს კი აფხაზეთის მიერთება უნდათ. მრავალი წლის მანძილზე ცდილობდნენ რუსები, აფხაზები დაერწმუნებინათ, რუსეთის შემადგენლობაში შესულიყვნენ. აქამდე არ გამოუვიდათ. პროაფხაზური ორიენტაციის პოლიტიკოსები უშლიდნენ ხელს. მოსკოვმა ახლა გადაწყვიტა, რომ ისინი დაასრულოს და ძალაუფლება აფხაზეთში სრულად აიღოს ხელში.
_ შეძლებენ ამას?
_ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ გამოუვათ. ამაზე ის გადაწყვეტილებაც მეტყველებს, რაც რამდენიმე დღის წინ მიიღეს. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად გაიფორმებენ აფხაზურ პასპორტებს. აქამდე აფხაზები იღებდნენ რუსულ პასპორტებს, ახლა რუსებს მისცემენ აფხაზები ამ დოკუმენტებს.
_ აფხაზებს რუსული პასპორტების მიღება რომ სურდათ, გასაგებია, მაგრამ რუსებს რა ჯანდაბად უნდათ აფხაზური პასპორტები?
_ როგორ არ უნდათ! ამ პასპორტების წყალობით ისინი შეძლებენ აფხაზეთში არსებული მიწების დაპატრონებას. აქამდე რუსეთის მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას.
_ რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს აფხაზური პასპორტის მიღებას?
_ რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დაწერს განცხადებას, მიიღებს აფხაზურ პასპორტს. აფხაზური პასპორტის მქონე რუსი კი თავისუფლად შეძლებს უძრავი ქონების შეძენას.
_ აფხაზები ხომ ამას ეწინააღმდეგებოდნენ?
_ დიდი ხანი ეწინააღმდეგებოდნენ. რუსების არაერთ ზეწოლას გაუძლეს, მაგრამ ბოლოს მაინც იძულებული გახდნენ, დაეთმოთ. ამ დათმობას რუსები არ სჯერდებიან და ცდილობენ, აფხაზური ორიენტაციის პოლიტიკოსები ჩამოაშორონ ხელისუფლებას. საბაბად მოიგონეს, რომ მათ საქართველოსთან დიალოგი უნდათ.
_ ესენი საქართველოსთან დიალოგს იმ შემთხვევაში თანხმდებიან, თუ მათ დამოუკიდებლობას ვაღიარებთ. ამ პირობით არძინბაც კი გვთავაზობდა დიალოგის დაწყებას.
_ პროტესტის ორგანიზატორებმა ძალიან კარგად იციან, რომ შამბასა და ბჟანიას საქართველო გულზე არ ეხატებათ, მაგრამ მათ წინააღმდეგ პროტესტის დასაწყებად საბაბი სჭირდებოდათ და დიალოგის ხსენებაც კი არ აპატიეს.
_ აფხაზური პასპორტის თემას დავუბრუნდეთ: ოფიციალურად გადაწყდა, რომ რუსები ამ პასპორტებს მიიღებენ?
_ თებერვლის დასაწყისში მოეწერა ამ შეთანხმებას ხელი. შეთანხმება უკვე ამოქმედდა. რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს აფხაზური პასპორტის მიღებას, აფხაზური პასპორტით კი მიწას იყიდის. ამ ხერხით რუსები ხელში ჩაიგდებენ მთელ ზღვისპირეთს.
_ რუსეთში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, მათ შორის, აფხაზეთიდან ლტოლვილებიც. ისინი ახლა რუსეთის მოქალაქეები არიან. მათაც ხომ შეუძლიათ აფხაზური პასპორტების მიღება და იქ ქონების შეძენა?
_ ამას აფხაზები არ დაუშვებენ. აფხაზები მათ აფხაზურ პასპორტს არ მისცემენ. სამაგიეროდ, რუსეთის სხვა მოქალაქეებს გაეხსნებათ გზა აფხაზური მიწების დასაპატრონებლად. მინდა, ხაზგასმით ვთქვა და ყველას გავაგებინო, რომ რუსეთი იწყებს აფხაზეთის სრულ მიერთებას. ამ რეგიონის ანექსიის პროცესი დაწყებულია. დიდი ხანი იჭიდავეს აფხაზებმა. არ უნდოდათ, რომ რუსებს აფხაზეთში უძრავი ქონება შეეძინათ, მაგრამ ბოლოს მაინც დათმეს.
_ ჩვენ ამას ვერანაირად ვერ შევუშლით ხელს?
_ ვერანაირად. ერთადერთი გამოსავალია საბრძოლო მოქმედებების დაწყება, რასაც ვერ შევძლებთ. ჩვენ მხოლოდ სამართლებრივად შეგვიძლია ვიმოქმედოთ. უნდა აღვძრათ სისხლის სამართლის საქმეები. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რა უკანონობები ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. მხოლოდ განცხადებების კეთება საქმეს არ შველის. ამდენი წელია, ამას ვლაპარაკობ, მაგრამ ვერავის გავაგებინე და სიმართლე გითხრათ, მეც დავიღალე.
ჩვენთან, რატომღაც, ჰგონიათ, რომ ვიღაცა ვიღაცას მოელაპარაკება და პრობლემა მოგვარდება. სამწუხაროდ, ვერავინ ვერავის მოელაპარაკება. იმის მაგივრად, რომ საქმე აკეთონ, აფხაზეთის მთავრობა ფულს ხარჯავს, რათა საქართველოს მოქალაქეებს აფხაზური ენა შეასწავლოს.
_ ეს მართლა უცნაური გადაწყვეტილებაა.
_ რა თქმა უნდა, უცნაურია. ვინმე ისეთი მიამიტია, რომ ჰგონია, ამით აფხაზეთი დაბრუნდება? აფხაზებს საერთოდ არ აინტერესებთ, გვეცოდინება თუ არა მათი ენა.
_ აფხაზები თავად არ ლაპარაკობენ აფხაზურად და ჩვენ რატომ უნდა ვიცოდეთ?
_ მეშვიდე კლასის ზევით აფხაზეთში აფხაზური ენა აღარ ისწავლება. ბიუჯეტიდან ამაზე ფულის ხარჯვა სისულელეა. საქართველოში აფხაზურად არავინ ილაპარაკებს. ეს ფული სხვა რამეს უნდა მოხმარდეს. აფხაზეთის მთავრობამ სხვანაირად უნდა იმოქმედოს. საქმე არაფერი აქვთ და მთელ მსოფლიოს მაინც გააგებინონ, თუ რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში. რუსეთმა ამ რეგიონის მიერთება დაიწყო. ძალიან მალე ამ ხელისუფლებასაც შეცვლიან და იქ ისეთ კადრს დასვამენ, რომელიც აფხაზეთს რუსეთში შეიყვანს. მოსკოვს უკვე შერჩეული ჰყავს ახალი მმართველი. ის სურკოვის გამოზრდილი კადრია. ეს ვლადისლავ არძინბას ახლო ნათესავია. ამ ახალგაზრდას არ უყვარს საქართველო და არც აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრეა. მისთვის არსებობს რუსეთი. რუსეთი ახლა აფხაზეთში არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს აწყობს. ეს აქციები შეიძლება, ბჟანიას ხელისუფლების ჩამოგდებით დასრულდეს.
შორენა მარსაგიშვილი