ოჯახური დავა _ მამა შვილის ნახვის უფლებას ითხოვს
დავა შვილისთვის ჩეხეთის მოქალაქე პრჟემისლ ანტონისა და ოლივია ანტონის შორის წლებია, გრძელდება. ბავშვი 6 წლის განმავლობაში მამასთან იზრდებოდა, თუმცა ის 2018 წლიდან დედასთან ცხოვრობს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. როგორც მამა აცხადებს და ფსიქოლოგთა დასკვნებიდანაც დგინდება, დედა არაჯანსაღ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და ბავშვს შურისძიებისთვის იყენებს, რაც, მამის თქმით, გამოიხატება ბავშვზე მანიპულირებითა და მამისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის სწავლებით.
„ქრონიკა+“ პრეჟემისლ ანტონის ესაუბრა:
_ ჩეხეთის მოქალაქე ვარ, მე და ოლივია ანტონი 2013 წელს დავქორწინდით. გარკვეული პერიოდი ჩეხეთში ვცხოვრობდით. 2014 წელს დაიბადა ჩვენი შვილი, რის შემდეგაც გადავედით საცხოვრებლად კვიპროსში. ქორწინებიდან მალევე აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეუღლე მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს, გარდა ამისა, გართობის მიზნით ის ხშირად მოგზაურობდა მეგობრებთან ერთად, სოციალურ ქსელში აზიარებდა ამორალურ ფოტოებს, რაც შეუსაბამო იყო ჩემი ოჯახის შეხედულებებთან. ეს დამტკიცებულია ჩეხეთის სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებით. მხოლოდ 2018 წელს ოლივიას ჰქონდა 46 საერთაშორისო ფრენა. ჩეხეთში ნარკოტიკული საშუალებები არ იყო ხელმისაწვდომი, რის გამოც მას ეწყებოდა დეპრესია და ხდებოდა აგრესიული, ამიტომ ის ხშირად დაფრინავდა ჩემი და ჩვენი შვილის გარეშე, მეგობრებთან ერთად, ისეთ ქვეყნებში, სადაც ნარკოტიკები მარტივად ხელმისაწვდომი იყო, მცირეწლოვან შვილზე კი მე და დედაჩემი ვზრუნავდით.
_ რატომ არ მოითხოვეთ განქორწინება?
_ 2015 წელს, ადვოკატების თანხლებით, შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომლის პირობებიც ასეთი იყო: ჩვენს შვილზე სრული მეურვეობა გადმომეცა მე, ბავშვი ცხოვრობდა ჩემთან, თუმცა, ამავე ხელშეკრულების მიხედვით, ჩემს მეუღლეს ნებისმიერ დროს ჰქონდა ბავშვის ნახვის უფლება, ასევე ოლივიას ყოველთვიურად ვუხდიდი 1100 ევროს. მე ვიცოდი მისი ხასიათის შესახებ: მას იმდენად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა, რომ ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ჩემი მეუღლე მაშანტაჟებდა, რომ ბავშვს რუსეთში გაიტაცებდა. ის, რომ მე მასთან ქორწინებაში დავრჩი, ვფიქრობ, ეს იყო ერთადერთი ბერკეტი, თუკი ოლივია მართლაც გაიტაცებდა ჩემს შვილს, მე სამართლებრივი საფუძველი მექნებოდა მათ მოსაძებნად. ასე ვიფიქრე. ამიტომ, დროებით, სანამ სხვა საკითხებს არ მოვაწესრიგებდით, არ მივიღე განქორწინების გადაწყვეტილება. ჩემს მეუღლესა და შვილს შორის კომუნიკაცია, როცა ის სამოგზაუროდ იყო, ინტერნეტის საშუალებით ხდებოდა. ამის არაერთი დამამტკიცებელი ვიდეო თუ აუდიო მასალა არსებობს. სწორედ ამ მიზნით ჩამოვედი 2017 წელს საქართველოში ჩემს შვილთან ერთად, რომ მას ენახა დედა და მასთან კონტაქტი არ დაეკარგა. დედა ამ დროს საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა და ესწრებოდა ოპერატორის კურსებს, კვირაში რამდენიმე საათი. ამ მიზნით დატოვა მცირეწლოვანი შვილი თვეების განმავლობაში. 2018 წელს კი ჩამოვედი საქართველოში, ვინაიდან ჩეხეთის სასამართლოში დადგინდა, რომ მე და ოლივიას დავა სასამართლოს წესით სწორედ საქართველოში უნდა გაგვეგრძელებინა. ამის შემდეგ შვილთან ერთად კვიპროსზე დავბრუნდი, რათა საქართველოში გადმოსასვლელად მოვმზადებულიყავით.
სწორედ ამ მომენტით ისარგებლა ოლივიამ. მიმართა ყველა უწყებას, რომ ბავშვი გავიტაცე. შემილია წარმოვადგინო მტკიცებულებები, რომ მისთვის ცნობილი იყო ბავშვის გადაადგილების შესახებ. გარდა ამისა, მეუღლე მაბრალებდა ჩემი შვილის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობას. ამ ტიპის ბრალდებებს ხშირად იყენებენ დედები მამების წინააღმდეგ, ეს ფორმა გავრცელებულია არა მარტო საქართველოში. ჩემთვის მძიმეა მორალურად იმ სისასტიკეების მოსმენა, რასაც მაბრალებენ, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი ძალადობის ფაქტი არ დადგენილა, არც ექსპერტიზისა და არც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. მისი სტრატეგიაა, მაბრალოს ის, რასაც თავად აკეთებს. რომ იხილოთ ფოტო და ვიდეო მასალა, რაც მაქვს, მიხვდებით, ის რა წარსულის ადამიანია და როგორ მოქმედებს ბავშვის თანდასწრებით. ამას რატომ არ ითვალისწინებენ საქართველოში, ჩემთვის გაუგებარია, თუმცა ვაპირებ, ჩემი შვილის უფლებების დასაცავად, მისი ბავშვობის გადასარჩენად, მივმართო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ასევე გაეროს ბავშვთა კომიტეტს, რადგანაც ფსიქოლოგიური დასკვნების თანახმად, ვანესას უვითარდება AჩE (არასასურველი ბავშვობის გამოცდილება) სინდრომი, რაც ბავშვს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. იგი იზოლირებულია, არ ჰყავს მეგობრები, დედა თვითნებურად უზღუდავს განათლების უფლებას მაშინ, როცა მამამ უზრუნველყო მისთვის ქართული განათლება და დაარეგისტრირა სკოლაში, აქვს მეტყველებისა და მეხსიერების პრობლემები, ვერ საუბრობს მშობლიურ ენაზე. მზრუნველობის სააგენტოს ფსიქოლოგების მოხსენებების თანახმად, ბავშვის განვითარება რეგრესშია 2020 წლის 2 ივნისის შემდგომ და აღენიშნება მწვავე დეპრესიის ნიშნები. არ უტარდება სათანადო სამედიცინო და ფსიქოლოგიური გამოკვლევები და სავალალო რისკებს ექვემდებარება.
2020 წლის 2 ივნისს მზრუნველობისა და მეურვეობის სააგენტომ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მოტყუებით გადაიყვანეს დედის, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, საცხოვრებელ გარემოში, ცრუ სექსუალური ხასიათის ბრალდებების საფუძველზე ჩემ წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, რომელიც სასამართლომ უკანონოდ ცნო. სააპელაციო სასამართლოს დროებითი განჩინებით კი განმესაზღვრა ჩემს შვილთან ურთიერთობის პირობები: პარასკევს 12 საათიდან კვირას 18 საათამდე შემიძლია წავიყვანო ჩემთან, დანარჩენ დღეებში კი მქონდეს მასთან შეუზღუდავი სატელეფონო კომუნიკაცია.
_ თქვენი მეუღლის შურისძიების მიზეზი რა იყო?
_ როგორც აღვნიშნე, ის მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს. შესაბამისად, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო (შემიძლია გიჩვენოთ ვიდეომასალა). აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის არ არის ადეკვატური. ბავშვის ნახვის უფლებას არ მაძლევს, მისი თქმით, სოციალური სამსახური არ ურჩევს, რომ მე ბავშვთან მქონდეს კონტაქტი. ზრუნვის სააგენტო არღვევს საკუთარ მიზანს, იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სოციალური მუშაკები კი, თავიანთი ქმედებებითა თუ უმოქმედობით, მხოლოდ ხელს უწყობენ ბავშვში მამის მიმართ გაუცხოების სინდრომის მშენებლობას და ეხმარებიან დედას მამის მტრული ხატის ჩამოყალიბებაში. იმას, რომ ოლივიას ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის სტაბილური, ამას ადასტურებს ერთი ფაქტიც: 2020 წლის დეკემბერში ოლივიამ პოლიციას მიმართა, თითქოს მე დრონის საშუალებით ვუთვალთვალებდი მას და ბავშვს. ოლივიას თქმით, მის ბინასთან შენიშნა მფრინავი დრონი, რა დროსაც თითქოს დავურეკე ჩემს შვილს და ვუთხარი, რომ ვხედავდი. იმისთვის, რომ ჩემი შვილის ფსიქოლოგიურ განვითარებას დავაკვირდე ექსპერტებთან ერთად და ასევე ცრუ ბრალდებებისგან თავი დავიცვა, ჩემს შვილთან საუბარს ვიწერ, მაშინაც ჩავიწერე და ამ ჩანაწერში ჩემს შვილს მსგავსს არაფერს ვეუბნები, რაც დგინდება ნოტარიულად დამოწმებული ვიდეოს ავთენტიკურობის აქტით, ასევე დამტკიცდა თავად სასამართლო პროცესზე, როდესაც გაუქმდა ის შემაკავებელი ორდერი, რომელიც ჩემ წინააღმდეგ გამოიცა იმ საფუძვლით, რომ დრონის საშუალებით ვუთვალთვალებდი ჩემს შვილსა და ოლივია ანტონის, რის შედეგადაც მან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ასევე მტკიცებულება, ვიდეო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც დრონი ჩემი შვილის სახლთან დაფრინავდა, ჩაწერილია მანამ, სანამ მე ჩემს შვილს დავურეკავდი, დროში არ ემთხვევა. შესაბამისად, ჩემ მიმართ ბრალდება, რომ თითქოს შვილს დრონით ვუთვალთვალებდი, არ დადასტურდა არც სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ბავშვი დედასთან გადავიდა საცხოვრებლად სექტემბერში, ის აღწერს, როგორ ვძალადობდით თითქოს მე და დედაჩემი მასზე, ყაზბეგში დასვენების დროს. თან ბავშვი ალაპარაკდა ახლა, 6 წლის ასაკში და ყვება იმ ფაქტებს, როცა ის იყო 4 წლის. ფსიქოლოგებიც აღნიშნავენ, რომ თუ რამე ხდებოდა, ამას ბავშვი სადმე მანამდეც იტყოდა და თან შეუძლებელია, 4 წლის ასაკში მსგავსი ხასიათის ფაქტები აღიქვას და შემდეგ 6 წლის ასაკში ისაუბროს ბავშვმა. სწორედ ამას ადასტურებენ ფსიქოლოგთა დასკვნები, რომ ვანესას მდგომარეობა საგანგაშოა, დედა შედეგების გაუთვალისწინებლად ახდენს არასრულწლოვანის სექსუალურ საკითხებში გაცნობიერებას, ასწავლის მას და პრაქტიკულად უხსნის, რაზე ისაუბროს ბავშვმა, რათა ცრუ ბრალდებები წაგვიყენოს მე და ბებიას. რეალურად, აწვდის იმ ინფორმაციას, რაც სახიფათოა ამ ასაკის ბავშვის ცნობიერებისთვის. შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მივიღოთ ამით.
საყურადღებოა, რომ სამხარაულის ექსპერტიზაზე გამოკითხვისას ყაზბეგის ისტორიები საერთოდ შეიცვალა და ბავშვი ამბობს, რომ სექსუალური ხასიათის მოქმედებები მხოლოდ თბილისში მოხდა. მაშინ, როცა წინა ოქმში ნათქვამია, რომ ეს ხდებოდა თბილისში, ბათუმსა და ყაზბეგში.
_ თქვენს შვილთან ბოლო კომუნიკაციის დროს ბავშვს ჰქონდა თუ არა აგრესია თქვენ მიმართ?
_ როცა ჩვენ შორის ბოლო საუბარი შედგა, ჩემს შვილს ვკითხე, სურდა თუ არა ჩემთან შეხვედრა? მან მითხრა, რომ ჩემი ნახვა სურდა. მას ჩემ მიმართ აგრესია არ ჰქონია. მინდა აღვნიშნო, რომ ფსიქოლოგები წერენ, ბავშვს მეტყველების პრობლემები აღენიშნება, იგი ლოგოპედს საჭიროებსო. მან ძალიან განიცადა ჩემთან განშორება. მით უფრო განიცდის, რომ საერთოდ კონტაქტი აღარ აქვს ჩემთან. ვანესა იყო გადაცემა პროფილში, სადაც ეტყობა ბავშვს დეპრესია. ის ძველებურად მხიარული და ბედნიერი არ არის. ისიც კი არავინ შეაფასა, რამდენად იყო ბავშვის საუკეთესო ინტერესი, როცა ის ტელეეკრანზე გამოჩნდა, არც სახე დაუფარეს და მისი თანდასწრებითვე ისაუბრა დედამ ნეგატიურად ჩემსა და დედაჩემზე.
_ თქვენი თქმით, ბავშვს თქვენი ნახვა სურს. რა გზით ეცადეთ შვილთან შეხვედრას?
_ მე ისიც არ ვიცი, სად ცხოვრობს ჩემი შვილი. როცა ვეცადე შეხვედრის დაგეგმვას, მოვითხოვე, შეხვედრას დასწრებოდნენ იურისტები და ფსიქოლოგები, რაზედაც ოლივია არ დამთანხმდა. ჩემთვის კი მნიშვნელოვანი ამ შეხვედრაზე სპეციალისტების დასწრებაა, რათა თავიდან ამეცილებინა ოლივიას მხირდან მორიგი ცრუ ბრალდებები.
მინდა ვთქვა, რომ 6 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი კვირა იყო ის პერიოდი, როცა ჩემს შვილთან არ ვიყავი. მას ჩემ მიმართ სხვანაირი ემოციური მიჯაჭვულობა აქვს. მის ამ დამოკიდებულებას ჩემ მიმართ, ვერც ოლივია და ვერც სოციალური სამსახური ვერ შეცვლის. მე მაქვს ფოტოები, სადაც ჩანს, როგორი ბედნიერია ჩემი შვილი ჩემთან ერთად. მინდა მივმართო მათ, ვინც ყოფილი მეუღლისგან ან მეგობარი გოგონასგან ან ასეთი ცრუ ბრალდებების, სოციალური სააგენტოდან უმოქმედობის მსხვერპლია, არასდროს დანებდეთ და ყოველთვის ბოლომდე დაიცავით თქვენი შვილის უფლებები.
„ქრონიკა+“ პრეჟემისლ ანტონის ადვოკატ მარი საბიაშვილს ესაუბრა:
_ ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ოლივიასა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შორის დაიდო, მათი შვილი გადადიოდა მამის ერთპიროვნული ზრუნვის ქვეშ. ასევე მეოთხე პუნქტის მიხედვით, განისაზღვრა დედისა და შვილის ურთიერთობის საკითხები. შინაარსიდანაც ირკვევა, რომ ბავშვი საცხოვრებლად მამასთან დარჩა მხარეთა შეთანხმებით. მას შემდეგ, რაც 2018 წელს პრეჟემისლ ანტონი საკუთარ შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ოლივია ანტონიმ მიმართა საქართველოს, ჩეხეთისა და კვიპროსის შესაბამის ორგანოებს, რომ ბავშვი არამართლზომიერად გადაადგილდებოდა. დაიწყო ძებნა და პარალელურად, ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ვერ პოულობდა ბავშვს. მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ დედამ იცოდა, სადაც იყო ბავშვი, რადგან მუდმივად კონტაქტზე იყო მასთან. დედა თავად ხშირად სტუმრობდა საქართველოს და ისიც საცხოვრებლად გადმოსული იყო საქართველოში. სწავლობდა კიდეც შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, ბავშვი კი მამასთან და ბებიასთან ერთად იზრდებოდა კვიპროსში.
რეალურად, ბავშვის გადაადგილება განპირობებული იყო შექმნილი გარემოებებისა და ყოფითი პირობებიდან გამომდინარე, თორემ ბავშვი ისედაც მამასთან ცხოვრობდა.
დავაში, რა თქმა უნდა, ჩაერთო ბავშვზე ზრუნვის სააგენტო. თავდაპირველად, მათი დასკვნები დადებითი იყო მამის მიმართ. აღწერდნენ, რომ ბავშვს მამასთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა შემდეგ ალაპარაკდნენ დედის მიერ წაყენებულ ბრალდებებზე, რომ თითქოს მამა ძალადობდა ბავშვზე. სამწუხაროდ, იმგვარი ბრალდებებია გაჟღერებული, რომ მამისთვის ეს ცალკე მორალური და ემოციური ტრავმაა. ყველაზე დიდი ტრაგედია გახლავთ ის, რომ ეს ბრალდებები არ დასტურდება არც ერთი ექსპერტიზის დასკვნით. როგორ მიგაჩნიათ, მამა რომ საერთაშორისო ძებნილი იყოს, ორი წელია სასამართლო პროცესები მიმდინარეობს და მამის ადგილსამყოფელი ცნობილია, მათ შორის, მამა სატელევიზიო ეთერებში გამოვიდა, არავინ დააკავებდა? ან კიდევ მამას რომ ის დანაშაული ჩაედინა, რასაც ბავშვის მიმართ აბრალებენ, სააპელაციო სასამართლო მისცემდა ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობას, მით უფრო, მის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანით? სწორედ ესაა დედის სტრატეგია, რომ ავრცელოს ცრუ ინფორმაციები.რაც შეე
ხება ბავშვზე ზრუნვის სამსახურს, ეს სამსახური არათუ მხოლოდ ამ საქმეში, ზოგადად, ვერ უზრუნველყოფს მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, რასაც დიდი ხანია საჯაროდ ვამბობ. არსებობს მამის მიერ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები, სადაც საუბარია სააგენტოს თანამშრომელთა გადაცდომებზე. რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება. გარდა ამისა, 38 წლის გამოცდილების მქონე ფსიქოლოგები აფასებენ, რომ ბავშვის დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა, დაუყოვნებლივ საჭიროებს ბავშვი კომპლექსურ ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას, არაერთი განაცხადია ამასთან დაკავშირებით შესული სააგენტოში, თუმცა ისინი განჩინების აღსრულებასაც კი ვერ უზრუნველყოფენ, რომ ელემენტარულად ურთიერთობა იქონიოს მამამ შვილთან.
ამ საქმიდან ის დგინდება, რომ სააგენტომ, სრულიად უსაფუძვლოდ, შემაკავებელი ორდერით (რომელიც შემდეგ სასამართლომ გააუქმა) გამოიყვანა ბავშვი მამის ოჯახიდან, მოტივით, რომ მამა ვითომდა უკრძალავდა ბავშვს დედასთან ურთიერთობას (არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები), ხოლო დღეს, როცა იგივე ხდება დედის მხრიდან და მეტიც, სკანდალურ დასკვნებს აკეთებენ ფსიქოლოგები, სააგენტო აღარ რეაგირებს. რატომ არ დგინდება ამ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები, გაურკვეველია.
_ ელოდებით თუ არა რეაგირებას სააგენტოს მხრიდან?
_ სიმართლე გითხრათ, არანაირ რეაგირებას არ ველოდები. თუმცა ფორმალურად მივმართეთ საჩივრით და ვითხოვთ შესაბამისი ქმედებების განხორციელებას. ამასთან, ვაპირებთ საცხოვრებელ ადგილზე დავას, აგრეთვე, ვაპირებთ სისხლის სამართლის მიმართულებით გარკვეული მოქმედებების განხორციელებას, მათ შორის, დავაყენებთ სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხს. დედის მიმართ გამოძიება უკვე დაწყებულია ბავშვზე ძალადობის მოტივით, თუმცა სწორედ ესაა ჩვენს ქვეყანაში პრობლემა, რომ, რეალურად, არც ერთი უწყება მყისიერად არ რეაგირებს ბავშვთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ხმამაღლა იტყვი რამეს და ინტრიგანი ხარ. საოცარია, თუ თანამშრომლებს სთხოვ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას, თუ მათ არ ელაქუცები, უკვე ინტრიგანი ხარ.
„ქრონიკა+“ ბავშვის დედის, ოლივია ანტონის ადვოკატ ლოლა კურკუმულს ესაუბრა:
_ პრეჟემისლ ანტონის თქმით, მისი მეუღლე, ოლივია ანტონი, ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა, გასართობად დადიოდა მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში და შვილს ყურადღებას არ აქცევდა, ასევე პრეჟემისლის თქმით, ოლივიას არ აქვს ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, _ რას უპასუხებთ მას?
_ ბავშვის მამა სასამართლოზე არაერთ ცრუ ბრალდებას ავრცელებს ოლივიას მისამართით, რაც წერილობითაც დაფიქსირებულია, მაგრამ ყველა სასამართლო შემადგენლობამ ამ ორი წლის განმავლობაში გამოიკვლია ოლივია ანტონის პიროვნება. ჩვენ საქმეში ჩავდეთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც ცალსახად დასტურდება, რომ ოლივია ანტონის ორგანიზმში არ აღმოჩნდა არანაირი ნარკოტიკული საშუალება. გარდა ამისა, 2018 წლის პირველი მაისიდან 2020 წლის ივნისამდე დედა-შვილს რამდენჯერმე ჰყავდათ ერთმანეთი ნანახი სოციალური მუშაკისა და სასამართლოს ჩართულობით. სწორედ ეს მამასთან ყოფნის პერიოდი გამოიკვლია სოციალური სამსახურის ფსიქოლოგმა და გამოიკვეთა ბავშვის პრობლემები. ახლა მამა ცდილობს, ეს ყველაფერი შემოატრიალოს და ამბობს, რომ ბავშვი დედასთან იყო, როცა ეს გამოიკვლიეს. დედასთან კი იყო, მაგრამ ფსიქოლოგმა ის პრობლემები გამოიკვლია, რაც მამასთან თანაცხოვრებისას ჰქონდა. ეს იყო დედის დეფიციტი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტები. რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, თავს შევიკავებ, რადგან არის ამორალურ საკითხებზე საუბარი, რაზედაც გამოძიებაა დაწყებული და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მივცემ თავს უფლებას, რომ რაიმე განვაცხადო. ამაზე პოლიციამ რეაგირება გააკეთა, გამოკითხა ბავშვი და დედა, ასევე ფსიქოლოგი, რომელმაც ეს დასკვნა დადო. გამოძიება დაწყებულია. ჩვენ ამ დრომდე ველოდით, რომ ბრალი გამოიკვეთებოდა და რაღაც შედეგი დადგებოდა საქმეზე, თუმცა, ჯერჯრობით, შედეგი არ დამდგარა.
_ ბავშვის მამა ამბობს, რომ მას არ აძლევს დედა შვილის ნახვის შესაძლებლობას. ეს ნაწილი, რომ განმარტოთ.
_ როცა გამოძიება დაიწყო მამის მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე, თავად განაცხადა უარი საკუთარ შვილთან ფიზიკურ კონტაქტზე, ამას თვითონ აღიარებს და ეს სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლის შემადგენლობით კოლეგიას პროცესზე განუცხადა. ეს ოქმშიც ფიქსირდება, ახლა ამბობს, რომ ვითომ და შვილი ხანგრძლივი დროით არ უნახავს, არადა, თავად თქვა უარი, _ მე მივიღე მძიმე გადაწყვეტილება, სანამ გამოძიება არ დასრულდება, ჩემს შვილს არ ვნახავო, _ ეს იყო მისი პოზიცია. შემდეგ, როცა გამოძიება დაიწყო მის მიერ ბავშვის მიმართ სავარაუდო ქმედებზე, სოციალურმა სამსახურმა გააკეთა ანგარიში, რომ რეკომენდაციას არ უწევდნენ მამა-შვილის ფიზიკურ კონტაქტს სოციალური სამსახურის ჩართულობის გარეშე. ახლა ცდილობს, დაჩაგრულის როლი მოირგოს, თითქოს ბავშვს არ ანახებენ. ეს ბოლო რამდენიმე თვეა, ნამდვილად არ ვეუბნებით ოლივია ანტონის მისამართს, ამის მიზეზი გვაქვს, რადგან ის ფარულად ადევნებდა თვალს ოლივიასა და მის შვილს, ეს იგრძნო ოლივიამ, რაზედაც აცნობა პოლიციას და მამის მისამართით შემაკავებელი ორდერი გამოიწერა. ახლა სიამაყით აცხადებს, რომ გაუქმდა მის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი. თუმცა ამ კაცმა „დრონი“ ააფრინა დედა-შვილის აივნის წინ, სადაც ისინი ისხდნენ, რა დროსაც მამამ დაურეკა შვილს და უთხრა, რომ ფანჯარა ჰქონდათ ღია. ეს წერია ფსიქოლოგის ანგარიშში, სადაც ბავშვმა თავისით თქვა ეს ყველაფერი, თუმცა სასამართლომ მტკიცების მეტი სტანდარტი მოითხოვა. ამ ფაქტის შემდეგ არ ვეუბნებით მისამართს.
_ მამა აცხადებს, რომ არსებობს სასამართლოს დროებითი განკარგულებები, რომელსაც ოლივია ანტონი არ ასრულებს და რომლის თანახმადაც მამას აქვს ბავშვის ნახვის უფლება,. რატომ არ სრულდება სასამართლოს ეს განკარგულებები?
_ ეს არის ტყუილი, დროებითი განკარგულება ნიშნავს დროებითს და მოქმედებს მანამ, სანამ სასამართლო წარმოება არ დასრულდება. სასამართლო კი რამდენიმე ხნის წინ დასრულდა. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ გამოიტანა და დაწერა, რომ მანამდე არსებული ყველა დროებითი განკარგულება გაუქმდესო. ანუ ის დროებითი განკარგულება გაუქმებულია და აღარ არის ძალაში.
_ მამის თქმით, სავარაუდო ძალადობის შესახებ კონკრეტული მტკიცებულებები საქმეში მის წინააღმდეგ არ დევს. რა კონკრეტული საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ მამა ბავშვზე ძალადობდა?
_ ბავშვი, სანამ დედასთან გადმოვიდოდა საცხოვრებლად, მანამ ეს ეჭვები გვქონდა, რაც გაგვიჩინა იმან, რომ არ ვიცოდით ბავშვის საცხოვრებელი მისამართი. რასაც პრეჟემისლ ანტონი ამბობდა, ეს იყო „ფეიქ“ მისამართები. ოლივია ამ მისამართებზე საათობით ელოდა იმის ნახვას, როგორ მიჰყავდა მამას ბავშვი სახლში, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა, რადგან ეს მისამართები იყო ყალბი. გარდა ამისა, სოციალურ სამსახურს ყოველთვის ჰქონდა განცდა, რომ რეალურად ეს მამა-შვილი ამ მისამართებზე არ ცხოვრობდა, რადგან ლამის ნახევარი საათის განმავლობაში 2-3 მისამართს იცვლიდა, გარემოს ეტყობოდა, რომ არ იყო მათი საცხოვრებელი. გარდა ამისა, მამას არაჯანსაღი მიჯაჭვულობა ჰქონდა ბავშვზე, საზოგადოებისგან სრულიად იზოლირებას უკეთებდა. ამ ყველაფერმა გაგვიჩინა იმის საფუძველი, რომ გვეფიქრა, ეს კაცი არ იყო ჯანსაღი ფსიქიკის მქონე. გარდა ამისა, მეორე ინსტანციის სასამართლოში მოსამართლემ ბავშვის გამოკითხვა მოითხოვა. გამოკითხვის შემდეგ ოლივიამ გადაწყვიტა სახლში დაბრუნება, რა დროსაც პრეჟემისლმა გამოიძახა პატრული, სასამართლოს ტერიტორიაზე დადგა სცენა, დედა-შვილს არ აძლევდა წასვლის საშუალებას. 5-6 საათის განმავლობაში გაგრძელდა ეს ყველაფერი. ბავშვი დაიღალა, გაბრაზდა და იგრძნო შიში, რომ დედას კარგავდა, _ ამის შესახებ ფსიქოლოგი წერს. სწორედ მაშინ უთხრა ბავშვმა დედას მამის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე, ფსიქოლოგმა ეს ჩათვალა საფრთხედ და დაინიშნა პროტოკოლით გამოკითხვა, თოჯინებითა და გენიტალიებით, რის შემდეგაც დაიდო დასკვნა, რაც გამოძიების საფუძველი გახდა. სოციალურმა სამსახურმა თავად გაუგზავნა კრიმინალურ პოლიციას დასკვნა. დღემდე ეს საქმე არის აქტიური, შედეგი კი არ დგას. რამდენიმე დღის წინ ამ საქმეზე გენერალურ ინსპექციაშიც ვიჩივლეთ. საქმეში არის სამხარაულის დასკვნა, სადაც წერია, რომ ვერ გამოიკვეთა, ბავშვი არის თუ არა ძალადობის მსხვერპლი დედის ან მამის მხრიდან. ძალიან ცუდად იმუშავეს. ვინც ბავშვთან იმუშავა კარგად, ეს იყო მცხეთის სოციალური სამსახურის ფსიქოლოგი, ეს ქალბატონი კვირაში ერთხელ, როგორც საჭიროა, ისე მიოდიოდა ბავშვთან, ყველანაირ ვითარებაში ნახულობდა მას, ასე დადო დასკვნები დედასთან კარგი ურთიერთობის შესახებ და როგორ დაზიანდა მამის მხრიდან ბავშვის ფსიქიკა, როცა დედას ჩამოაცილა. ბატონ პრეჟემისლს რაც აქვს დასკვნები, ეს არის კერძო ფსიქოლოგების დასკვნები, რომლებსაც თავად უხდის თანხას და რომლებმაც ბავშვის ნახვის გარეშე გამოიტანეს ფსიქოლოგიური დასკვნები. სასამართლომ დაწერა კიდეც, რომ ფსიქოლოგის ეს დასკვნები არ არის სარწმუნო, რადგან ბავშვი და დედა არ არის გამოკვლეული, არც ერთმანეთთან ურთიერთობაში, არც ცალკე. სასამართლომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაკვნებს დაუჯერა.
ნენე ინჯგია