ოპოზიციის მასშტაბური აქციების სერია ბათუმში
3 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების სერია დაიწყო. პოლიტიკური პარტიების ლიდერების მთავარი გზავნილები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარება და ბიძინა ივანიშვილის წასვლაა.
აქცია ყოველდღიურ რეჟიმში იყო დაანონსებული აჭარის მთავრობის სახლის წინ, მაგრამ 4 ნოემბერს ბათუმში, საარჩევნო ოლქის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჩაიმსხვრა საოლქო კომისიის შენობის გვერდით მდებარე სილამაზის სალონის ვიტრინა, რის გამოც 5 ადამიანი დაშავდა.
აქციის დროს დავშავდი მე, „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტი ხვიჩა მამულაძე; „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე, შსს-ს ოპერატორი და აქციის 2 აქტივისტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ ფაქტის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ საგანგებო ბრიფინგზე გადაწყვეტილება მიიღო და აქციები დროებით 8 ნოემბრამდე გააჩერა:
„ჩვენ კვირამდე დაანონსებული გვქონდა ყოველდღიური აქციები, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი ეს რესურსი, ვინც აქ ვართ, ერთად გავდივართ, ვიშლებით მთელ აჭარაში, ვხვდებით ყველა მოქალაქეს, ვუხსნით კიდევ ერთხელ, თუ რა მნიშვნელოვანია მათი არჩევანის დაცვა. კვირას, 8 ნოემბერს, სამ საათზე, თბილისის აქციის პარალელურად, ვიკრიბებით აქ და მაშინ ნახავს ხელისუფლება იმ ხალხის ძალას, ვისაც მოპარა არჩევნები“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
8 ნოემბრიდან ისევ განახლდა ბათუმში ოპოზიციის აქცია. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. აქციის მონაწილეები მთელ ღამეს აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშლილ კარვებში ათენებდნენ.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რას აპირებენ პოლიტიკური ლიდერები? როგორ გააგრძელებენ ისინი ბრძოლას? რა მოლოდინი აქვთ? დაემორჩილებიან თუ არა შეზღუდვებს, კომენდანტის საათს, რომელიც საქართველოში უკვე დღეიდან ამოქმედდა, რაც ითვალისწინებს საღამოს 22:00-დან დილის 5 საათამდე შეზღუდვას გადაადგილებაზე.
გთავაზობთ ლიდერების კომენტარებს:
ბექა დიასამიძე _ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მაჟორიტარობის კანდიდატი:
„მთვარი გზავნილი არის, რომ პირველ რიგში დავიბრუნოთ გაყალბებული ხმები, მეორე: გადადგეს თამარ ჟვანია დაკავებული თანამდებობიდან გუნდთან ერთად… მესამე: ჩავატროთ ხელახალი არჩევნები და გავუშვათ ეს ხელისუფლება სახლში… დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ბევრი ადამიანი გამოვიდა გარეთ ხმების დასაცავად და გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ.
ყველა უბანზე გვყავდა წარმომადგნელი, მაგრამ მათი მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ცესკოს თანამშრომლები ფსიქოლოგიურად ავიწროებდნენ ჩვენს წევრებს, რამდენიმე გამოუშვეს კიდეც უბნებიდან ხმების დათვლის დროს, მაგრამ მაინც შევძელით ხმების დაცვა. ოქმები ჩასწორდა, ბევრი ოქმი შეუსაბამო იყო არსებულ რეალობასთან. საჩივარი დავწერეთ, მაგრამ იგი რეაგირების გარეშე დარჩა“.
ირაკლი კუპრაძე _ „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი:
„არჩევნები გაყალბდა! _ ეს არის ფაქტი. დღეს ოპოზიცია ასე ერთანი არასდროს ყოფილა. ერთმანეთისგან განსხვავებული პარტიები და ადამიანები ერთ გუნდათ შეიკრნენ. საზოგადოება დააღალატა და მოატყუა ბიძინა ივანიშვილმა. მთვარი მოთხოვნაა განმეორებითი არჩევნები, რათა შევძლოთ დამოუკიდებელ, პარტიების ზეწოლისგან, ფინანსური ჩარევისგან, ტერორისგან თავისუფალ გარემოში ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები, რაც გააჯანსაღებს პოლიტიკურ გარემოს, გამოგვიყვანს ყველა კრიზისიდან. ეს არის ძირითადი ნაწილი. ბძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, სანამ არ მივაღწევთ სასურველ შედეგს. ივანიშვილი ვერ მოუგებს ქართველ ხალხს, რადგან ღირსება მეტია ფულზე“.
გოჩა გუგუნავა _ „ჩვენი საქართელო _ სოლიდარობის ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი:
„ვაპირებთ მოსახლეობის აზრისა და ხმების დაცვას, რაც მოგვპარა „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა. ბოლომდე აქ ვიდგებით, სანამ არ ჩავატარებთ რიგგარეშე არჩევნებს. არ გავჩერდებით, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. აქ გაშლილი გვაქვს რამდინიმე კარავი და ვაპირებთ, ღამითაც გამოვხატოთ პროტესტი. ჩვენ ვიცავთ ყველა წესს და დაუმორჩილებლობას ვუცახადებთ კომენტანდის საათს, რომელიც ორშაბათიდან ამოქმედდება“.
ლევან ვარშალომიძე _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი:
„მთავარი არის ქართველი ხალხის ღირსება, რომელიც სასტიკად შეილახა. სადაც ხალხი დადგება, იქ ვიქნებით ჩვენც. ჩვენი გეგმა ძალიან მარტივია _ ერთხელ და სამუდამოდ გაუქმდეს შედეგები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. მოსახლეობასთან ერთად დავდგებით ყველაგან და დავიცავთ მათ ხმას, ყოველდღე ვიბრძოლებთ“.
მურმან დუმბაძე _ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი:
„90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს მოქალაქე ქუჩაში გამოდის ერთდერთი მოთხოვნით, რომ მის გარემოში ქვეყანაში იყოს სამართალი. როცა სამართალი არ არის, ხალხი გამოდის გარეთ და დგება ერთად. 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ არჩევნები ჩატარდა გაყალბებით, უსამართლოდ, ზეწოლის ქვეშ, დაძალებით სუსის მიერ, საქართველოს მოქალაქეების ნება ადეკვატურად არ აისახა და ხალხი გამოვიდა ქუჩაში. ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, ვერც ერთი პოლიტიკური ლიდერი, ვერც ერთი პოლიტიკოსი ამ ხალხს ვერ ეტყვის, რომ შევიდეს სახლში უკან, რადგან მისი პოლიტიკური უფლებაა, დაიცვას საკუთარი ხმა, რომელიც მან გასცა არჩევნებზე. დავუშვათ, ამ შედეგით, რაც ცესკომ დადო, ადვილი მისახვედრია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წააგო ეს არჩევნები და მოიგო ოპოზიციამ. 1 970 000 ამომრჩევლიდან 1 000 000 ხმა მიიღო ოპოზიციამ, 900 000 ხმა მიიღო ხელისუფლებამ, ანუ ხელისუფლება პრორორციული წესით დამარცხდა. ბიძინა ივანიშვილი ამაზე უნდა დათანხმდეს. თუ ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, მაშინ ქვეყანაში იქნება მუდმივი დესტაბილიზაცია ქუჩებში, სახელმწიფო შენობებთან და მუდმივი დაძაბულობა ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ეს კი სახელმწიფოს ჩამორჩენის მთვარი მიზეზი გახდება. კომენდანტის საათი დაუწესებიათ სხვა ხელისუფლებებსაც. საქართველოს მოქალაქეს სამართალი, მშვიდობა უნდა, კომენდანტის საათი კი მშვიდობას ვერ მოიტანს. ხალხი კომენდანტის საათს კი არ ითხოვს, არამედ სამართლიანობას. თუ სამართლიანობა დამკვიდრდება, ჩვენ წავალთ სახლებში, თუ არადა, აქ დავრჩებით ბოლომდე“.
ბონდო თედორაძე _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი:
„დღეს მიმდინარეობს ხმების დაცვის პროცესი. ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ოპოზიცია გაერთინდა, არც ერთი შესულა პარლამენტში და დადგა ხალხთან ხმების დასაცავად, რომელიც წაგვართვა ბიძინა ივანიშვილმა. უპრეცედენტო შანტაჟი და მოსყიდვა ვიხილეთ. კარგად ვიცით, თუ როგორ იხდიდა შავ ფულს ბიძინა ივანიშვილი თითოეულ ხმაში, თითოეულ ამომრჩეველში და იმ ადამიანებში, რომლებიც რეალურად იყვნენ ჩვენი მომხრეები და ისინი მოისყიდა. მაგრამ ძალიან ბევრ უბანზე ოპოზიციამ ხმების დათვლის პროცესში გაიმარჯვა, თუმცა ოქმები საპირისპიროდ დაიწერა. სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბევრმა ჩვენმა წარმომადგენელმა კი გვიღალატა დიდი თანხის საფასურად და ამ მარაზმსა და ბევრ სიბინძურეზე დახუჭეს თვალი, თუმცა იმაზე, რომ არჩევნები რეალურად გაყალბდა, ჩვენ კი არა, „ქართული ოცნების“ მომხრეებიც საუბრობენ. პირადად შევესწარი ძალიან ბევრ ფაქტს, სადაც „კარუსელი“ დაატრიალეს, ასევე დაარიგეს ფული, გვაქვს ვიდეო და ფოტო მასალა. ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, აქ ვიცავთ წართმეულ უფლებას“.
შეგახსენებთ: ოპოზიციური პარტიები პროტესტის ნიშნად არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.
ბათუმის სასამართლოში ოპოზიცია 300-ზე მეტ ოქმს ასაჩივრებს.
ხვიჩა მამულაძე