ოთხი წლის წინათ დაწყებული მშენებლობა და უბინაოდ დარჩენილი 60 ოჯახი

გიგა გელხვიიძე

2020 წელს ბათუმში მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექს GREEN FAMILY -ის მშენებლობა დაიწყეს, რომელსაც სათავეში ედგნენ შპს „გრინ ბიჩის“ წარმომადგენლები ივანე ლიპარტელიანი და რამაზ კაკაბაძე.

როგორც ირკვევა, საცხოვრებელი ფართების უმეტესი ნაწილი იმთავითვე გაიყიდა და, შესაბამისად, GREEN FAMILY -ს მომავალმა მცხოვრებლებმა უკვე დაიწყეს მზადება რამდენიმე წელიწადში ახალ საცხოვრებელ სახლში გადასასვლელად.

მას შემდეგ, რაც GREEN FAMILY -ს კომპლექსის საძირკვლის ჩაყრა დასრულდა, ნაცვლად სართულების აშენებისა, სამშენებლო პროცესი გაჩერდა.

„ქრონიკა+“-ს დაუკავშირდნენ GREEN FAMILY -ს მომავალი მცხოვრებლები, რომლებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მათთან უკვე კონტაქტზე აღარ გამოდიან, არ აბრუნებენ არც საცხოვრებელი ფართებისთვის აღებულ თანხებს და არც მშენებლობას აგრძელებენ.

ერთ-ერთი დაზარალებული, რუსუდან ღლონტი, გვიყვება, რომ GREEN FAMILY -ს წარმომადგენლები რამაზ კაკაბაძე და ივანე ლიპარტელიანი, მასთან და სხვა დაზარალებულებთან საუბრის დროს, აგრესიაზე გადავიდნენ და საბოლოოდ მათ სატელეფონო ზარებსაც კი აღარ პასუხობენ.

რუსუდან ღლონტი _ GREEN FAMILY -ს დაზარალებული:

_ რუსუდან, როდის დაიწყო მშენებლობა და როდის შეიძინეთ პირადად თქვენ მომავალი საცხოვრებელი ფართი „გრინ ფემილის“ მშენებარე კორპუსში?

_ აღნიშნული მშენებლობის პროექტის განხორციელება კომპანია „გრინ ფემილიმ“, სადაც მე შევიძინე ბინა, დაიწყო 2020 წელს.

გაყიდვები დაიწყო საძირკვლის ჩასხმისთანავე. გაფორმდა ყველასთან კანონიერი ხელშეკრულებები და დავიწყეთ გადახდები. მე პირადად სრული თანხა შევიტანე თავიდანვე, რომ შემდგომში ეს თანხა არ დამხარჯვოდა და ზოგმაც ნაწილ-ნაწილ. ზოგი ყოველთვიურ თანხას იხდიდა, ზოგი _ ვისაც რამდენი ჰქონდა.

_ როდის მიხვდით, რომ საქმე ისე არ მიდიოდა, როგორც ეს განსაზღვრული იყო?

_ დაიწყო მშენებლობა, საძირკველი ამოიყვანეს და გაჩერდა. შემდგომ, 2023 წელს, თითქოს კიდევ დაიწყეს რაღაც ჩოჩქოლი და პირველი სართულის ბოძებამდე ამოიყვანეს საძირკველი.

_ როგორი იყო თქვენი და სხვა ადამიანების რეაქცია ამ ყველაფერზე?

_ რა თქმა უნდა, ხალხი გაბრაზდა, როცა 2023 წელს უნდა ჩაბარებულიყო მშენებლობა და არ იყო ჩაბარებული, საძირკველს ვერ გასცდნენ. ამის შემდგომ ზოგმა ხელშეკრულების შეჩერება მოითხოვა, ზოგმაც თანხის დაბრუნება და ა. შ.

ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ გამოდიან კონტაქტზე. როცა მივდიოდით მანამდე, ვითხოვდით თანხას, ვითხოვდით გარკვევას, თუ რა ხდება, იქნებ ჩვენც დაგეხმაროთ რამეში-მეთქი. ძალიან უხეშად გვიცილებდნენ თავიდან ან გვაიმედებდნენ თითქოს, მაგრამ ყველაფერი ძველებურად იყო და არაფერი იცვლებოდა.

_ სამართლებრივი დავის წამოწყება არავის უცდია ამ საქმეზე?

_ რამდენიმემ უჩივლა, დაიჭირეს და გამოუშვეს გირაოთი გარეთ.

სიმართლე გითხრათ, დაჭერა ჩვენც არ გვაწყობს, რადგანაც მაინც გირაოთი გამოუშვებენ და თუ მაინც მიუსაჯეს, ამ შემთხვევაში ცხრაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ და ჩვენ კიდევ ცხრა წელი ვერ დაველოდებით, რომ მეპატრონეებმა ხარჯი გაგვისწორონ ან მშენებლობა დაიწყონ. ყველაზე მთავარი რაც არის, მიუხედავად მათი დაუდევრობისა და ცუდი ურთიერთობისა ჩვენთან, რამდენიმე კომპანია მივიდა და შესთავაზა, რომ ჩვენ დავასრულებთ მშენებლობასო.

_ და რა ხდება ამ მხრივ? შედგა შეთანხმება?

_ ყველაფერი დაყადაღებული აქვთ, მგონი, ძირს დავარდნილი ფოთოლიც კი დაყადაღებულია. რომელი ინვესტორიც კი მივა და შესთავაზებს, რომ მე ვიყიდი ამ პროექტს და ავაშენებო, ეუბნებიან სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას და არ უღირს ეს ინვესტორს, რადგანაც თითქმის 60% გაყიდულია ფართის და ამ ახალმა ინვესტორმაც ხომ უნდა მოიგოს რამე? ასე ტყუილად ვინ რას გააკეთებს?!

ესენი (რამაზ კაკაბაძე და ივანე ლიპარტელიანი) გადაახდევინებენ რაღაც დავალიანებებს და როდესაც მიდის საქმე გადაფორმებამდე, მაგალითად, ერთი მეპატრონის წილი მაინც რომ გადაფორმდეს, რათა ინვესტორმა იგრძნოს თავი დაცულად, ამ დროს უკვე უარს ეუბნებიან და იცილებენ თავიდან. არც თავად აშენებენ და არც სხვას აძლევენ აშენების საშუალებას.

_ რამდენი გადაიხადეთ პირადად თქვენ, რომ ბინა შეგეძინათ აღნიშნულ მშენებარე კორპუსში?

_ მე 20 000 დოლარი გადავიხადე და ნამდვილად არ მაწყობს ეს პროცესები. ეს ფართი ვიყიდე კერძო პირისგან, ვისაც ჩემამდე ჰქონდა ნაყიდი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? პრინციპში, რამდენიც მაქვს გადახდილი, ის ვალდებულება რაც ეკისრებოდა იმ ადამიანთან, იგივე ვალდებულება გადმოვიდა ჩემთან იურიდიულად. ოთხი წლის წინათ მე მაგ თანხაში ვიყიდე ბინა მეორე შვილისთვის და დღეს ამ თანხით რამეს ვიყიდი?

_ ხელშეკრულება გააფორმეთ?

_ რა თქმა უნდა და მე ვარ ასპროცენტიანი მფლობელი. იურიდიულად, რეესტრით, ყველაფერი ჩემს სახელზეა გატარებული _ ჩემი 42 კვადრატული მეტრის ფართი.

_ რას ამბობენ სხვები?

_ სხვებთანაც აქვთ კანონიერი ხელშეკრულება, მაგრამ ზოგს ნაწილი აქვს შეტანილი, ზოგს ყოველთვიური გადახდა. ყველას სჭირდება თავისი თანხა.

_ რას გეუბნებოდნენ, როცა ხვდებოდით?

_ ჯერ გვპირდებოდნენ: ვიწყებთ ამ თვეში, იმ თვეში, მაგრამ როცა უკვე ჩვენც ვღიზიანდებოდით და მივდიოდით აგრესიით, რომ ან თანხა დაგვიბრუნეთ ან რაიმე სხვა გზა მოძებნეთო, ძალიან უხეში და ბინძური სიტყვებით ცდილობდნენ ჩვენს თავიდან მოცილებას. კარგი, შევიტანე განაცხადი სასამართლოში, მაგრამ მე რა ხეირი ამით? პირიქით, ისევ მე ვზარალდები და მე რომ დაზარალებული ვარ, ეს ისედაც ცნობილია, ამისთვის ფურცელზე ბეჭდის დარტყმა არ არის საჭირო. ვიცი, რომ დაზარალებული ვარ და კიდევ ვიმეორებ, რომ დააკავებენ, ჯარიმას გადაახდევინებენ და გამოუშვებენ. მე ამით რა? _ არც არაფერი ჩვეულებრივად მიგრძელდება ბრძოლა და სირბილი ჩემი საკითხისთვის. გავმათხოვრდით, რასაც ჰქვია.

_ იურისტი თუ გყავთ, რომელიც გეხმარებათ სამართლებრივ ნაწილში, თუნდაც კონსულტაციების სახით?

_ იურისტი კი გვყავდა აყვანილი, მაგრამ ყველგან ერთი პასუხია. შეიძლება დააკისრონ თანხის გადახდა, მაგრამ ეს იქნება განაწილებით, შეიძლება ათი წელი მიხადოს ეს თანხა თეთრებით და მე კიდევ უფრო გამიუფასურდეს გადახდილი ფული. ჩვენ გვინდა დახმარება, რომ მოვიდეს ინვესტორი, გადაუფორმონ (ინვესტორს) თავიანთი წილი და ინვესტორმა გააგრძელოს მშენებლობა. გარდა ამისა, ჩვენ მივმართეთ ბათუმის მერიას. ბათუმის მერიამ გვითხრა, რომ ჩვენს პრეროგატივაში არ შედის ეს ყველაფერი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვთქვათ, იურიდიულად, რომ ჩამოვართვათ პროექტი. შემდეგ ვთხოვეთ, რომ სუბსიდირება გაეკეთებინა ამ პროექტის მერიას და მას აეშენებინა და ჩვენ გვექნებოდა მასთან საქმე, მას გადავუხდიდით იმ დარჩენილ თანხას, რომელიც აქვთ გადასახდელი სხვებს. თუმცა მერიამ ამაზეც უარი გვითხრა და განაცხადა, რომ თავად კომპანიამ უნდა მიმართოს აღნიშნულთან სუბსიდირება დაკავშირებით მერიას, რომ მოხდეს.

_ რა არის თქვენი მოთხოვნა ამ შემთხვევაში?

_ ჩვენ გვინდა, რომ აშენდეს კორპუსი, მოინახოს ინვესტორი, მოხდეს მოლაპარაკება და საბოლოოდ დასრულდეს ეს მშენებლობა.

ქალბატონი რუსუდანის მსგავსად საუბრობენ სხვა დაზარალებულებიც. დავით პატარიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ასევე ელოდება საკუთარ საცხოვრებელ ფართს უკვე მეოთხე წელია, თუმცა უშედეგოდ.

პატარიძე არ გამორიცხავს, რომ რამაზ კაკაბაძესა და ივანე ღლონტის უკან იდგეს ვინმე, ვინც მათ ზურგს უმაგრებს და შესაბამისად ამ ადამიანების გასდით ყველაფერი.

დავით პატარიძე _ GREEN FAMILY -ს დაზარალებული:

_ ბატონო დავით თქვენს შემთხვევაში რა ხდება, რამდენი გაქვთ გადახდილი და არას გეუბნებიან ეს ადამიანები, როდესაც მათ მიმართეთ?

_ ისტორია ჩემთანაც ისევე დაიწყო, როგორც სხვებთან: მივედი, გავაფორმე ფორმალურად ხელშეკრულება, თანხა ჩავრიცხე, ამის შემდგომ დაიწყო პატარა მშენებლობა, გადის რაღაც დრო და უცვლელია ეს ყველაფერი. რაც არის ახლა საძირკველში, ის იყო სამის წლის წინათაც და დღემდე ვხედავთ ამ სურათს. ამის შემდგომ ყველა ჩვენგანმა დავიწყეთ თანხის ამოღების საქმეები, დავრეკეთ, შევხვდით, ყველანაირ ხერხს მივამართე, თუმცა მპასუხობდნენ: ახლა, ხუთ დღეში, ათ დღეში, ორ თვეში, თანხას გაგინაწილებთ და ა. შ. მე ყველა ამ კომპრომისზე მივდიოდი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვერაფერს ვიღებდი, გარდა ცრუ დაპირებებისა, რაც გრძელდება დღემდე.

დღეს, როდესაც ყველა მობინადრე ვცდილობთ, რომ ამ ხალხთან დაამყაროს კონტაქტი, არა რაიმე აგრესიული კონტაქტი, არამედ უბრალოდ შეხვედრა, გასაუბრება, რომ გვითხრან, ჩვენც რა გზას დავადგეთ, გვტოვებენ უპასუხოდ ან გვპასუხობენ აგრესიით, გვითიშავენ ტელეფონს და ასე გრილდება. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვინდა, კომპრომისზე წავიდეთ ამ ადამიანებთან. თითქმის ყველას, ვისაც ბინა აქვს ნაყიდი, ქირას ვიხდით და ისე ვცხოვრობთ, ძალიან რთულად გვაქვს საქმე, ყველანაირ ხერხს მივმართეთ და ისევ რაიმე კომპრომისის იმედზე ვართ, მაგრამ არანაირ ყურადღებას არ გვაქცევენ ეს ადამიანები, ძაღლადაც არ გვაგდებენ, რომ რაღაც გვითხრან და შეთანხმებას მივაღწიოთ. კორპუსში, სადაც უნდა გვეცხოვრა უკვე, მხოლოდ საძირკველია ჩაყრილი.

_ ხომ არ აქვთ ამ ადამიანებს ვინმესთან მეგობრული კავშირები, სახელმწიფოს იმედად ხომ არ აკეთებენ ამ ყველაფერს?

_ არ ვიცი, მე ასე დაზუსტებულად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ამ ადამიანებს ჰყავთ „ზურგი“ და ვიღაც მფარველობს. ოთხი წელია, ეს საძირკველი არის და არაფერი ემატება, ამის უკან კი მინიმუმ სამოცი ოჯახი ვართ დაზარალებული და მათი ნაწილი ემიგრანტები არიან, რომლებიც ოჯახების სარჩენად საზღვარგარეთ არიან გადახვეწილები.

_ რატომ ჰქონდათ სამართლებრივი დავა, თუ გაქვთ ინფორმაცია?

_ სამი კონკრეტული ადამიანი არის, რომლებსაც ჰქონდათ ბინა შეძენილი და თანხა გადახდილი. იმ სამი ადამიანის ბინა ამ პირებმა გადაყიდეს სხვებზე. სწორედ ამ ადამიანებმა უჩივლეს და საზღვარზე დააკავეს რამაზი და ვანო, თუმცა 20 000-ლარიანი გირაოებით გამოუშვეს ორივე.

„ქრონიკა+“ შეეცადა, რამაზ კაკაბაძესა და ივანე ლიპარტელიანს გასაუბრებოდა, თუმცა არცერთმა მათგანმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

შესაბამისად, მათ მიმართ ღიად დარჩა კითხვები:

_ რატომ ვერ დასრულდა მშენებლობა დათქმულ ვადებში?

_ თუ ვერ ახერხებდნენ მშენებლობის დასრულებას, რატომ არ დაუბრუნეს კუთვნილი თანხები მეპატრონეებს?

_ რატომ ეუბნებიან უარს ინვესტორებს?

_ რა ეტაპზეა საქმე, რომელიც სწორედ წარუმატებელი მშენებლობისა და თაღლითური სქემის გამო ჯერ კიდევ სასამართლოშია?