ნინო გოგუაძე: „მოვლენების განვითარების ლოგიკა ვადამდელ არჩევნებამდე მიგვიყვანს“
16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ცალმხრივად აწერს ხელს.
თალაკვაძემ ისიც განმარტა, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერის გადაწყვეტილება საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განსამტკიცებლად მიიღეს, „რათა არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით“.
კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტს მოიცავს:
- პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
ტექსტის ამ ნაწილში საუბარია იმაზე, რომ მოლაპარაკებების დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც შეეხება 2019 წლის 20-21 ივნისის „პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას“. ამავდროულად, პარლამენტმა უნდა შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში, რათა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას დასჭირდეს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.
ამ პუნქტში ნახსენები არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე“, ნიკა მელია, რომლის წინააღმდეგ აღძრული საქმეც სწორედ „გავრილოვის ღამეს“ უკავშირდება, თუმცა როგორც პარტიების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წევრებმა განმარტეს, ეს პუნქტი მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოიცავდა – მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გირაოს გადაიხდიდა; - ამბიციური საარჩევნო რეფორმა
ეს პუნქტი აერთიანებს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებულ პაკეტს, რომელზედაც პარტიების დიდი ნაწილი თანახმა იყო. ამ პუნქტის მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს სრულად პროპორციული, მომდევნო ორ არჩევნებზე კი საარჩევნო ბარიერი უნდა მერყეობდეს ბუნებრივიდან 2%-მდე.
პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარ ჯგუფს უნდა შეეძლოს საპარლამენტო ფრაქციის შექმნა, რომელშიც სხვა პარტიებიდან დეპუტატების ჩართვა შესაძლებელი იქნება. პუნქტი ასევე მოიცავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმასაც. მაგალითად, ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტმა უნდა აირჩიოს ხმების 2/3-ით; - კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა
დოკუმენტის მესამე პუნქტი მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს აერთიანებს, რომლის მიხედვითაც, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ახალი კანდიდატებისგან განცხადებების მიღება ხელახლა უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ამოქმედდება. შემუშავებული ტექსტი ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეულ რეფორმას და პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაიზარდოს გამჭვირვალობა. პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის 2019 წლის დასკვნა.
ამავე პუნქტის მიხედვით, „საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, გააგრძელონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დასანიშნად საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები“; - პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
ამ პუნქტის მიხედვით, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი შერჩეული იქნება შემდეგი სიიდან: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი; საგარეო საქმეთა კომიტეტი.
ამასთან, ოპოზიციის წევრები დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის ერთ პოზიციას საპარლამენტო დელეგაციებში.
„სამომავლოდ, სხვა პოზიციები განაწილდება ისეთი ინკლუზიური ფორმულის გამოყენებით, როგორიცაა D’Hონდტ მეთოდი (რომელიც არაპროპორციულობის მინიმუმამდე დაყვანისთვის გამოიყენება)“, – წერია დოკუმენტში; - მომავალი არჩევნები
„პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით: „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და, ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. (…) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება“.
პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე.
2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას“.
რაზე მეტყველებს „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი და როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა? ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტიკოს ნინო გოგუაძეს ესაუბრა:
_ ქალბატონო ნინო, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ცალმხრივად მოაწერა ხელი. რას ნიშნავს მმართველი გუნდის ეს ნაბიჯი?
_ არჩილ თალაკვაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, დასავლეთთან კონსტრუქციულობა ითამაშოს, რომ თითქოს ისინი მზად არიან ამ დოკუმენტზე ხელმოსაწერად. თალაკვაძემ თვითონ მოაწერა ხელი, არადა, შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე აწერს ხელს. ამ დოკუმენტში, დანიელსონის დოკუმენტისგან განსხვავებით, თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა ვადამდელი არჩევნების თემა, ოღონდ ის მექანიზმი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა, გულისხმობს თვითმმართველობის შედეგების მიხედვით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. თვითმმართველობის არჩევნები თავისი არსით აბსოლუტურად განსხვავებულია და სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა მიებას საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს? თან 40% თუ მიიღო თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“, ვადამდელი არ ჩატარდებაო, _ ეს აბსოლუტურად მიუღებელია ოპოზიციისთვის. ამით მმართველი გუნდი თვითონვე ადასტურებს, რომ მათ იციან: მოსახლეობაში 40%-ზე მეტი არ აუღიათ, ანუ ადასტურებენ ოპოზიციის იმ მოსაზრებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 48% 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაყალბებით დაიწერა. მეორე უმნიშვნელოვანესი პუნქტი ოპოზიციისთვის არის პოლიტიკური პატიმრების: მელიასა და რურუას ციხიდან გამოშვება, ასევე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, რადგან ვიცით, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმეა აღძრული, იგივე ნიკა გვარამიაზე, მამუკა ხაზარაძეზე, ასევე გარეჯის საქმე და ა. შ. ამ პუნქტებში არანაირი სიცხადე არ არის, პირიქით სრულიად ბუნდოვანი ფორმულირებაა. ასე რომ, ოპოზიცია ყოველთვის მზად არის მოლაპარაკებისთვის, ოღონდ ეს მოლაპარაკება უნდა იყოს კრიზისის განსამუხტად. „ქართული ოცნება“ კი, როგორც ხელისუფლება, პასუხისმგებელია ყველანაირ კრიზისზე, რომელიც ამ ქვეყანაშია შექმნილი. ჩვენს ქვეყანაში კი მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი რომ არ არის, ეს ცხადია. საპარლამენტო რესპუბლიკაში, როგორიც დღეს კონსტიტუციით და ვითომ ვართ, ნებისმიერი კრიზისის განმუხტვის მექანიზმი არის ვადამდელი არჩევნები. ხელისუფლების მხრიდან ვადამდელ არჩევნებზე ასეთი გაჯიუტება, ცოტა სასაცილოა.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ კრიზისზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ამბობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც თალაკვაძემ განაცხადა, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერდნენ, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონმა ტვიტერზე დაწერა: „საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ „ოცნების“ მაგალითს უნდა მიბაძოს“. მსგავსი შინაარსის არაერთი გზავნილი გავრცელდა ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ამ მოცემულობაში გაითვალისწინებთ თუ არა ოპოზიცია დასავლეთის გზავნილს?
_ დიახ, ეს არის პიარსვლა _ დასავლეთისთვის თავის მოწონების მცდელობა და იმის ჩვენება, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ არის კონსტრუქციული, ოპოზიცია კი _ რადიკალური. მესმის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და იმასაც ვხვდები, რომ გარკვეულ პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ კარგად იციან: ხელისუფლებაა მთავარი პასუხისმგებელი ყველანაირ კრიზისზე, რაც ამ ქვეყანაშია შექმნილი. დასავლეთისთვის ბოიკოტი არ არის მოსაწონი ფორმა, მაგრამ ჩვენთვის ეს გახლავთ ბრძოლისა და ამ ხელისუფლების არსის გაშიშვლების მეთოდი, რადგან ერთპარტიული პარლამენტი არსობრივად იმ ხელისუფლების სახეა, რომლითაც დღეს ბიძინა ივანიშვილი მართავს ამ სახელმწიფოს. მესმის ჩვენი დასავლელი პარტნიორების, როცა ამბობენ, გამოიყენეთ ინსტიტუტები და დემოკრატიული პროცედურებიო, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ეს დემოკრატიული ინსტიტუტები არ გაგვაჩნია, მათ შორის, არ გვაქვს სასამართლო და პარლამენტი. პარლამენტში „ქართული ოცნება“ წარმოდგენილია იმ პროცენტით, რომელიც ივანიშვილმა მოინდომა და დაწერა. ამ ნაწილში ოპოზიციის პასუხისმგებლობა თუ ის არის, რომ ამ თამაშის წესებს არ იღებს, _ იყოს ეს ჩვენი პასუხისმგებლობა. ამ თამაშის წესებს არ მივიღებთ, რადგან ეს თუ დამკვიდრდა და ამ ხელისუფლებას გაუვიდა, ეს კრიზისი არათუ განიმუხტება, გაცილებით ბნელ ჩიხში შევალთ, ბევრად მძიმე დასასრულით. ამის თავიდან არიდება რომ გვინდა, ამიტომაც არის ოპოზიცია ასეთი თანმიმდევრული. როდესაც გვეუბნებიან, დათმეთ რამეო, ოპოზიციას ერთადერთი დასათმობი რაც ჰქონდა, ეს იყო მანდატები და დათმო! სხვა რა ბერკეტი აქვს ოპოზიციას, მე არ ვიცი! ყველა ბერკეტი ხელისუფლების ხელშია. ოპოზიცია ვერ დააშორებს სახელმწიფოს ევროატლანტიკურ გზას _ ესეც მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი შეიძლება იყოს. მხოლოდ ხელისუფლების ხელთაა ეკონომიკური და პანდემიური კრიზისის გადალახვა. ოპოზიცია ვამბობთ, რომ სანამ თამაშის წესები არ შეიცვლება და ჩვენს მოქალაქეებს არ დაუბრუნდებათ არჩევანის უფლება, ანუ იმის უფლება, რომ თავისუფალ, სამართლიან გარემოში თვითონ აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება და სანამ ეს ქვეყანა ნამდვილად არ დაადგება დემოკრატიული განვითარების გზას, მანამ ჩვენ თავის მოტყუებას ამ ვითომ მრავალპარტიული პარლამენტით არ ვაპირებთ. არც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ვაპირებთ თვალის ახვევას იმ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტური ძალაუფლების წყალობით.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ პიარსვლა. შეძლებენ თუ არა ისინი ამ ნაბიჯით საკუთარი გეგმის ბოლომდე მიყვანას _ დასავლეთისთვის თვალის ახვევას?
_ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და იმ თავისუფალი სამყაროსთვის, რომლისკენაც მივისწრაფით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის სტაბილურობა, დემოკრატიული განვითარება, _ ეს არის დასავლეთის სტრატეგიული ინტერესი საქართველოში და ისიც გასაგებია, რომ მათ სურთ, რაც შეიძლება მშვიდობიანად განვითარდეს პროცესები. „ქართული ოცნება“ ვითომ კონსტრუქციულობას თამაშობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დღეს თუ არა ხვალ კვლავ გამოაჩენენ რეალურ სახეს. რაც შეეხება დასავლეთის მოწოდებებს ოპოზიციის მიმართ, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენს ძალიან დიდი ხნის მეგობრებთან, უახლოეს პარტნიორებთან ქართულ ოპოზიციას აქვს ბრძოლის მეთოდებზე სხვადასხვა წარმოდგენა. გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა, თუმცა მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ უნდა ეთამაშო დემოკრატიულობა იმ მოედანზე, სადაც არც ერთი დემოკრატიული პროცესი არ მიმდინარეობს. ისიც გვესმის, რომ კრიზისის განმუხტვა ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს ბერკეტიც მხოლოდ „ოცნების“ ხელშია. მან უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და გამოუშვას პოლიტიკური პატიმრები, ამ უმძიმესი კრიზისის განსამუხტად კი დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
_ გასულ კვირას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს პოლიტპატიმრების გამოშვებას?
_ „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, არ აღიარებს, რომ პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, მეტიც: მათ შეთხზეს ზღპარი, რომ 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალება უნდოდათ, სწორედ ამ მიზეზით, გავრილოვისა და რუსეთის საამებლად, აღძრეს საქმე მელიას წინააღმდეგ. ეს საქმე რომ თავიდან ბოლომდე შეთხზულია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ახლა მელია პატიმრობაშია თითქოს იმიტომ, რომ გირაო მეორედ არ გადაიხადა. რასაკვირველია, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე. „ქართული ოცნება“ დღეს რას ამბობს, ამით არ განისაზღვრება ის, თუ რას გააკეთებს ხვალ. ვიცით, რომ „ოცნება“ ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს პოლიტიკური პატიმრების გარეთ გამოშვება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მიუხედავად იმისა, დღეს აღიარებს თუ არა პოლიტიკური პატიმრების არსებობას. ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით კიდევ ერთხელ დემონსტრაციულად გვითხრეს, რომ მათ ოპოზიციის, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების აზრი არ აინტერესებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, დასავლეთს ისინი სხვანაირად ელაპარაკებიან და სწორედ დასავლეთისთვის მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს, დასავლეთის თვალში ვითომ კონსტრუქციულად რომ გამოიყურებოდნენ, მაგრამ მაინც მოუწიათ გარკვეულ დათმობაზე წასვლა, რადგან ამ დოკუმენტში თვითონ დაუშვეს ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობა, თუმცა აბსურდული წინადადება შემოგვთავაზეს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად.
_ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე ასე დარწმუნებული ხართ?
_ ამის თქმის საფუძველს მაძლევს მოვლენების განვითარების ლოგიკა, „ოცნების“ არაკომპეტენტურობა. ის, რომ „ოცნებას“ ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ მისი წევრები თუ ლიდერები, თუმცა დიდი ხანია, „ოცნებაში“ ლიდერები და პოლიტიკოსები აღარ არიან. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა და ხალხი ძალიან გაჭირვებულია, თითქოს პროტესტის მუხტი არ ჩანს, იგივე არჩევნებმა გვიჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან ამ ხალხმა უკვე გაისტუმრა და რომ არა გაყალბებული არჩევნები, დღეს გვეყოლებოდა კოალიციური ხელისუფლება. ასე რომ, მოვლენების განვითარების ლოგიკა მიგვიყვანს ვადამდელ არჩევნებამდე.
_ მაშინ, როცა გახარია პრემიერობიდან გადადგა და ამის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა, თქვენ მისი ეს ნაბიჯი დადებითად შეაფასეთ. ახლა უკვე გახარია თავისი გუნდით ოპოზიციურ რიგებს უერთდება და გასულ კვირას „ოცნება“ 6-მა დეპუტატმა დატოვა. მათ გახარიას გუნდში გადაინაცვლეს. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის „ოცნება2“. თქვენ აღიქვამთ თუ არა მას რეალურ ოპოზიციად?
_ დიახ, მაშინ გახარიას ეს ნაბიჯი შევუქე, სწორედ იმიტომ, რომ ვიცოდი, რა პრემიერ-მინისტრიც იყო. ის რომ რეალური პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო და გავლენა ჰქონოდა ძალოვან სტრუქტურებზე, მაშინ კი არ გადადგებოდა, გადააყენებდა გომელაურს და თავად მიიღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ არ დაეკავებინათ ნიკა მელია, მაგრამ იმ მომენტში, რადგან გადადგა და არ მიიღო ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრის გადაწყვეტილება, მისი ეს საქციელი დადებითად შევაფასე. რაც შეეხება მის გუნდს, სიმართლე გითხრათ, ცოტა ღიმილის მომგვრელია მასზე, როგორც ოპოზიციურ გუნდზე საუბარი, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ექვსივე დეპუტატმა იმუნიტეტი მოუხსნა ნიკა მელიას და მეორე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ, როცა გიორგი გახარია გადადგა, ეს გუნდი დარჩა „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში და მათ ხმა მისცეს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობას. ე. ი. მათ პასუხისმგებლობა აიღეს ღარიბაშვილის პრემიერობაზე. ისინი თუ გახარიას მიჰყვებოდნენ პროტესტის გამო, ღარიბაშვილის კანდიდატურას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდნენ ხმას. გარდა იმისა, რომ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს და მას მოუწევს, როგორც პოლიტიკოსს, ღიად საუბარი იმის შესახებ, თუ რა მოხდა 20 ივნისს, ასევე მას ძალიან ბევრი ცუდი საქმე უკავშირდება, მათ შორის, ზვიად რატიანის ინციდენტი, როცა გახარიამ ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა და სისტემა დაუპირისპირა ერთ ადამიანს, მისი დისკრედიტაცია მოახდინა ყველა მეთოდით, მათ შორის, სატელევიზიო გზით, როცა ზვიად რატიანზე გააშვებინეს დამონტაჟებული მასალა. ასევე მნიშვნელოვანია კითხვაზე პასუხი, ვინ გასცა 20 ივნისს ბრძანება? იმ დღეზე პასუხისმგებლობა გახარიამ აიღო და ფორმალურად ის იყო ამ დარბევაზე პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ყველაზე გასაკვირია, რომ ამ დეპუტატებმა, რომლებმაც გახარიას გუნდში გადაინაცვლეს, მხარი დაუჭირეს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობას. ახლა მათ რომ ვუსმენთ, შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მათ სურთ ისეთი ოპოზიციური ნიშა დაიკავონ, ბიძინას რომ მოეწონება. ანუ ეს იქნება ოპოზიციური პარტია, რომელიც დაუპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, ოღონდ არ დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს. პუტინსაც ჰყავს რამდენიმე პარტია პარლამენტში, რომელიც პუტინის წინააღმდეგ არ არის. ჩემთვის უკვე ასეთ „კონსტრუქციულ“ ოპოზიციად გამოიკვეთა ის გუნდი, რომელიც, ვიმეორებ: ყველაფერში ამართლებს გახარიას პრემიერობას და რომელმაც მხარი დაუჭირა ღარიბაშვილის კანდიდატურას პრემიერობის პოსტზე მაშინ, როდესაც მათი ლიდერი გადადგა პრემიერობიდან.
_ როგორც ვიცი, რეგიონებში მოსახლეობას ხვდებით. როგორია მათი განწყობა და როგორ ემზადებით 15 მაისის აქციისთვის?
_ მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ პოლიტიკოსები დავშორდით ელექტორატს. ხალხს არ ესმის, რა კავშირშია ყველაფერი ის, რაც პოლიტიკაში ხდება მათი ყოფის გაუმჯობესებასა და ყოველდღიურ პრობლემებთან? სწორედ ამის ახსნით ვართ დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია მძვინვარებს, ამ ხელისუფლებას აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ, რომ არ შერჩებათ ავტოკრატია, საქართველოს ევროატლანტიკური სივრციდან დაშორება. ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები, რომლებიც უნდა ვცხოვრობდეთ დეოკრატიულ სახელმწიფოში. მინდა მჯეროდეს, რომ 15 მაისი იქნება ამის გამოძახილი და დიახ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ. ჩემი ლოზუნგი ეს არის, რომ ხელისუფლებას ვაჩვენოთ: არ შერჩებათ ის, რომ აბსოლუტურად შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე ადამიანი უფსკრულისკენ მიაქანებს ამ ქვეყანას. ქვეყანას, რომელშიც არსებობს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ღირებულებითი და პანდემიური კრიზისი. ამ კრიზისების გადაჭრის კომპეტენცია და უნარი ამ ხელისუფლებას არ გააჩნია, სწორედ ამისთვის არის აუცილებელი ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
_ საბოლოო ჯამში, მსგავსს აქციებზე ხელისუფლება თავების დათვლით არის დაკავებული და ხშირად ოპოზიციას ირონიულად მიანიშნებენ აქციებზე ხალხის რაოდენობის შესახებ. ელოდებით თუ არა მასშტაბურ პროტესტს?
_ იმედი მაქვს, რომ ბევრი ხალხი გამოვა, მაგრამ გაცილებით მეტია პროტესტის მქონე მოქალაქე, რომლებიც არჩევნებზე მიდიან და ირჩევენ ოპოზიციურ პარტიებს, ხმას არ აძლევენ „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც აქციებზე გამოდის. იმედია, ბევრი ხალხი მოვა, მაგრამ ხელისუფლებამ არ უნდა დაიწყოს თავების დათვლა, _ ამ ხელისუფლების მიმართ მიუღებლობა გაცილებით დიდია მოსახლეობაში, ვიდრე მმართველ გუნდს წარმოუდგენია.
ნენე ინჯგია