ნინო გოგუაძე: „გახარიამ შეაჩერა „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი სისხლისღვრა“
18 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, მიზეზად კი ნიკა მელიას საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
შეიძლება ითქვას, გახარიამ აღიარა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება გვაქვს. მან ამ ნაბიჯით სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
სავარაუდოდ, მისი ეს გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მმართველ გუნდთან. ამ ყველაფერზე სახტად დარჩენილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სახეებიც მეტყველებს.
პროცესების პარალელურად, დასავლეთმა რიტორიკა შეცვალა. ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენების მხრიდან მორიგი კრიტიკული გზავნილების სერია დაიწყო.
ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი საპროკურორო და მართლმსაჯულების სისტემები.
პოლიტიკოსი ნინო გოგუაძე „ქრონიკა+“-სთან გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მან ამ ნაბიჯით ცოტა ხნით შეაჩერა ის სისხლისღვრა, რაც დაგეგმილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
რაზე მიგვანიშნებს ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა პრემიერის პოსტზე? რა გავლენას მოახდენს დასავლეთის კრიტიკა რიგგარეშე არჩევნების კონტექსტში? რა სამოქმედო გეგმა აქვს ოპოზიციას?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ ნინო გოგუაძეს ესაუბრა:
_ ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ გახარიამ თავისი გადაწყვეტილებით საკუთარი თავი გადაირჩინა და პასუხისმგებლობას გაექცა. თქვენ იზიარებთ თუ არა ამ პოზიციას?
_ არ მივეკუთვნები ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც არ შეუძლიათ, ოპონენტის კარგი საქციელი დადებითად შეაფასონ. თუ კონკრეტულ ქმედებებს სახელებს არ დავარქმევთ, ცუდზე არ ვიტყვით ცუდს და კარგზე _ კარგს, მაშინ ზღვარი ცუდსა და კარგს შორის წაიშლება. შესაბამისად, ადამიანებს აღარ ექნებათ მოტივაცია, რომ კარგად მოიქცნენ. გიორგი გახარიას პრემიერობის დროს და მაშინაც, როცა ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ძალიან მკვეთრი ოპონენტი ვიყავი. ყველა მისი საქმის ჩამოთვლისას ვიწყებდი ზვიად რატიანით, რადგან ის იყო პირველი მსხვერპლი მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, როცა საპოლიციო რეიდი განახორციელა და შემდეგ ვნახეთ, როგორ გაუსწორდა ერთ ადამიანს მთელი სისტემა. ასევე არასდროს დაგვავიწყდება 20 ივნისი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 18 თებერვალს გახარია გადადგა ყოველგვარი ნებართვის გარეშე. ვგულისხმობ, ბიძინა ივანიშვილის ნებართვას. გახარიამ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და ცოტა ხნით შეაჩერა ის შტურმი, რომელიც დაგეგმილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე, სადაც ჩვენ თითქმის ყველა პოლიტიკოსი და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი ვიმყოფებოდით. გახარიას მხრიდან ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ამბობენ, რომ იგი პასუხისმგებლობას გაექცა, მე კი ასე ვიტყვი: ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ჩვენს სახელმწიფოში რა ფუნქციები აქვს ოფიციალურ პრემიერს, სამწუხაროდ, იგი ვერ აკონტროლებს ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ანუ ძალოვან უწყებებს იგი ვერ აკონტროლებს. ასევე ცნობილი იყო მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების შესახებ. გახარიას გადადგომის შემდეგ „ქართული ოცნების“ განრისხებული სპიკერატი ამბობდა, რომ მისგან ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთო. სხვათა შორის, ესეც ბიძინა ივანიშვილის ფრაზაა, რომ თითქოს არგუმენტები ვერ მოისმინეს. დარწმუნებული ვარ, გახარიამ თანამდებობიდან გადადგომით იმის მაქსიმუმი გააკეთა, რაც შეეძლო. 20 ივნისის დარბევის შემდეგ სულ ვამბობდი, რომ გიორგი გახარია ვერ გადადგა. მას ჰქონდა გაცნობიერებული ის სისხლისღვრა, რაც მოხდა და თავიდან პასუხისმგებლობაც ეტყობოდა, მაგრამ თავისუფლების ის ხარისხი არ ჰქონდა, რომ გადამდგარიყო. ხშირად ვკითხულობდი, ნუთუ როგორ შეიძლება, რომ გადადგომის უფლება არ ჰქონდეს, ასე როგორ უნდა შეიზღუდოს თავისუფლება? 18 თებერვალს მან ეს უფლება დაიბრუნა და გადადგა, ამიტომაც ვნახეთ გამწარებული რეაქცია „ქართული ოცნების“ წევრების, რომლებიც თავს დაესხნენ საკუთარი სიის პირველ ნომერს და გუნდის პრემიერ-მინისტრს. ეს თავდასხმები ჩვენ ნანახი გვაქვს, ზუსტად ასე დაესხნენ თავს გიორგი კვირიკაშვილს, სწორედ იმიტომ, რომ გიორგი კვირიკაშვილი შეეწინააღმდეგა ბიძინა ივანიშვილს. მანაც გადადგომის მიზეზად ბიძინა ივანიშვილთან მთელ რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობა დაასახელა. ასე რომ, ვიმეორებ: გიორგი გახარიამ მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რაც კარგია და მან ცოტა ხნით შეაჩერა ის სისხლისღვრა, რაც დაგეგმილი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ გახარიამ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა ამის შემდეგ მმართველმა გუნდმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ეს მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ ივანიშვილი კულისებიდან მართავს პროცესებს?
_ ივანიშვილი რომ არსად წასულა, ამას იმ მომენტიდან ვამბობ, რაც 39-გვერდიანი წერილი წავიკითხე და ინტერვიუ მისცა, რომ წავიდა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიც კი არ არის. რაღაც მომენტში სხვებს ეჭვი შეეპარათ, _ იქნებ, მართლა წავიდა პოლიტიკიდან ივანიშვილიო. მე კი არც ერთი წამით არ დამიშვია, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდოდა. იგი გადავიდა მისთვის ყველაზე კომფორტულ ადგილას _ კულისებში, სადაც ფლობს მართვის ყველა ბერკეტს. ქვეყანა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურებითა და პოლიტიკური სასამართლოთი იმართება. ყველა ეს ბერკეტი მიდის ბიძინა ივანიშვილთან და მხოლოდ ის იღებს ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ასე რომ, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ის ჩამოშორდა მართვის ბერკეტებს. რა თქმა უნდა, ის ყოველდღიურობაში არ მონაწილეობს, არც აინტერესებს, რა ხდება განათლებაში, ჯანდაცვასა და გარემოს დაცვაში. მაგრამ ასეთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებს და მიიღებს ბიძინა ივანიშვილი მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არსებობს. ივანიშვილი, რომ პოლიტიკიდან არ წასულა, ამის დასტურად მხოლოდ ის კმარა, რომ „ქართული ოცნების“ სრული მობილიზაცია იყო ნიკა მელიას მანდატის შეწყვეტის დროს. 88 დეპუტატმა მისცა ხმა, ორი დეპუტატი ვერ დაესწრო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუმცა მათაც დააწიეს ხმა, რომ მომხრე იყვნენ, მელიასთვის იმუნიტეტი მოეხსნათ. ვერ წარმომიდგენია, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობდეს ადამიანი, რომელმაც იცის, პროკურატურა კი არ არის პარლამენტი, არამედ პარლამენტი არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და იმუნიტეტი სწორედ იმისთვის აქვს დეპუტატს, რომ არ განხორციელდეს პოლიტიკური მიზეზით მისი დევნა. იმუნიტეტი არის პარლამენტარის ერთ-ერთი მთავარი დამცველი. როდესაც დეპუტატს ასე დაჭერისთვის იმეტებ და იმუნიტეტს უხსნი, გარდა იმისა, რომ ინსტიტუტს არ სცემ პატივს, ასევე შენ დგები იმ რეპრესიული ინსტიტუტების რიგში, სადაც პარლამენტის ადგილი არ არის. როდესაც 88 დეპუტატმა გადაწყვეტილება მიიღო ოკუპანტის საამებლად, თავისი კოლეგა მეორეჯერ დაიჭირეს, ამ 88 კაცის მობილიზაცია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეეძლო. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ ამ ადამიანებს თავიდანვე არც ერთს არ ჰქონოდა მორალური საყრდენი და ყველას უარი ეთქვა საკუთარ სინდისზე, მიმხვდარიყვნენ, რომ ამ გუნდში არ არსებობს დამოუკიდებელი ადამიანი, თავისუფალი ნება. აქ ბიძინა ივანიშვილის ხელი ერია, სასამართლოს გადაწყვეტილებაც ივანიშვილის მიერ არის მიღებული. რასაკვირველია, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დაბრუნებაც ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, ორი აზრი არ არსებობს.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ გახარიამ საკუთარი ნაბიჯით სისხლისღვრა შეაჩერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა დაგეგმილი. ის, რაზედაც არ დათანხმდა გახარია, ღარიბაშვილი გააკეთებს. გაბედავენ თუ არა მელიას დაპატიმრებას და მდგომარეობის გამწვავებას? მით უმეტეს, ვიცით მისი ხისტი და აგრესიული დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.
_ ირაკლი ღარიბაშვილი პიროვნულად, როგორც ინდივიდი, არ არსებობს. ის არის ივანიშვილის სურვილების, ლექსიკის, რიტორიკის, გამხმოვანებელი და მისი დავალებების უბადლო შემსრულებელი. მისი ერთადერთი რეფლექსი არის, რამდენად კარგად ასრულებს ბატონი ბიძინას დავალებას. მისი ეთიკაც, დამოკიდებულებაც, კულტურაც _ ყველაფერი ივანიშვილია. ამიტომ ღარიბაშვილის წინ წამოწევით ივანიშვილმა გვითხრა, რომ: მე ვაპირებ რეპრესიების ახალი ტალღის წამოწევას, ამ სახელმწიფოს კრიზისიდან კი არ გამოვიყვან, არამედ დაპირისპირებას გავაღრმავებ. როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა და როგორ არ უნდა სცემდე პატივს საკუთარ საზოგადოებას, რომ მას ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ აკადრო პრემიერ-მინისტრად?! ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა სიძულვილით გაჟღენთილი, ერთმანეთთან დაპირისპირებული ტომების მოთარაშე ტერიტორია ჰგონია. ამას კი ყველაზე კარგად ღარიბაშვილი შეასრულებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას ეს არ გამოუვა.
_ ამ პროცესების პარალელურად, დასავლეთიდან გზავნილების რიტორიკა შეიცვალა. ევროპარლამენტარები, კონგრესმენები და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს. რა გავლენას მოახდენს ეს გზავნილები რიგგარეშე არჩევნების კონტექსტში?
_ ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად ჩატარდებოდა აქ რიგგარეშე არჩევნები. ახლა ორი რამ აწუხებს ბიძინა ივანიშვილს: პირველი _ უნდა ძალის დემონსტრირება და მელიას დაკავება; მეორე _ დასავლეთის კრიტიკა. დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთის კრიტიკა და ზეწოლა გაიზრდება, ოღონდ უნდა გაიზარდოს პირადად ბიძინა ივანიშვილზე. ყველამ უნდა დაინახოს, რომ ეს ვითომ წასული ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პასუხისმგებელი აღარ არის ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, არის ბლეფი, ისევ ბიძინა ივანიშვილია ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომელსაც აქვს აბსოლუტურად შეუზღუდავი ძალაუფლება. რაც უფრო მეტი წნეხი შეეხება ივანიშვილს, მით მეტი იქნება შანსი იმისა, რომ ეს დაპირისპირება, შტურმი, რომლის განხორციელებაც ირაკლი ღარიბაშვილს აქვს დავალებული, შეჩერდეს. რომელი გადაწონის, ვნახავთ. მოინდომებს მელიას დაპატიმრებას? _ ჩვენ ყველანი, განსხვავებული წარსულისა და მომავლის პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო საზოგადოება, ვიქნებით მელიას გვერდით. ეს გამოწვევა კარგად უნდა გაიგოს ქართულმა საზოგადოებამ, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების გამოწვევა და მელიას წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლა. ამ ბრძოლაში წყდება, გადარჩება თუ არა საქართველოში დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა. ასე რომ, ეს საზოგადოების გამოწვევაც არის და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება, რომელმაც ამხელა მსხვერპლი გაიღო 30 წლის განმავლობაში, რათა დაშორებულიყო რუსეთის ვექტორს, არასდროს იქ არ დაბრუნდება. რომ ჩამოვთვალოთ: თავად ბიძინა ივანიშვილის პერსონა; პრორუსული ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად; აზერბაიჯანთან გაფუჭებული ურთიერთობები; ანაკლიის პორტის ჩაშლა; პუტინის მეთოდებით ამ ქვეყნის მართვა, _ ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ვბრუნდებით რუსეთის გავლენის სფეროში და ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც იმაში, რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაგვიუქმა და მჯერა, ხალხს არჩევნები დაუბრუნდება. სწორედ ხალხი გადაწყვეტს, ვინ იქნება მისი ხელისუფლება და ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება თავისუფალი სამყაროს წევრი.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ვბრუნდებით რუსეთის გავლენის სფეროში და ხალხი ამას არ დაუშვებს. ოპოზიციის მისამართით მმართველი გუნდი ყოველთვის ირონიულად აღნიშნავდა, რომ მხარდამჭერები ქუჩაში ვერ გამოგყავდათ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც ვნახეთ ქუჩის პროტესტი, თუმცა ეს არ ყოფილა მასშტაბური აქციები. დამეთანხმებით, რომ ახლა დიდი მნიშვნელობა ექნება საზოგადოების პროტესტს. რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში? სათანადოდ ვერ აცნობიერებს მდგომარეობის სირთულეს და არ სჯერა ოპოზიციის?
_ სიმართლე გითხრათ, ხალხი თვითონ გამოდის ქუჩაში. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ ხალხთან, მაგრამ როდესაც თავისუფლების, დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე ჩნდება და საკითხი ქართველი ადამიანის ღირსებას ეხება, როგორიც იყო „გავრილოვის ღამე“, ასეთ დროს ხალხი აუცილებლად თვითონ გამოდის ქუჩაში. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, როდის უნდა გამოვიდეს. ის, რომ არჩევნების შემდეგ არ გამოვიდა ქუჩაში, ეს ბუნებრივიც იყო, რადგან, პირველ რიგში, პანდემია მძვინვარებდა, შემდეგ იყო ბოიკოტის პროცესი, რომელიც არ არის უმნიშვნელო ფაქტორი, პირიქით _ ეს ძალიან დიდი ბერკეტია, რომ ოპოზიციამ შეძლო და შეინარჩუნა ბოიკოტის რეჟიმი, რაც ხანგრძლივი პროცესია. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი რადიკალიზაციისკენ მიდის და ამ ხალხს ერთმანეთს აპირისპირებს, ეს, რა თქმა უნდა, უკურეაქციასაც გამოიწვევს. ჩვენს ხალხს აქვს თავისი ბიოლოგიური რიტმი. დღეს თუ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში. უბრალოდ, მინდა მჯეროდეს, რადგან ეს ჩემი, ჩვენი, თქვენი ქვეყანაა, რომ „ქართული ოცნება“, რომელსაც ახლა გონი არ მოეკითხება, ქვეყანას არ გადააყოლებს თავის ძალაუფლებას და იძულებული გახდება, შეისმინოს დასავლელი პარტნიორების წუხილი და რეკომენდაციები, მოუსმინოს ოპოზიციას და საზოგადოებას, საბოლოოდ წამოვიდეს მოლაპარაკებაზე. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მუდმივად ამას ვაცხადებთ. მელიასთანაც სრულიად მშვიდობიანად ვისხედით, უბრალოდ, მზად ვიყავით, მასთან ერთად ჩვენც დავეპატიმრებინეთ და თუ დარბევა იყო, ჩვენც დავერბიეთ. ჩვენ აგრესიულ ქმედებებზე არასდროს გადავსულვართ. ასეთი მშვიდობიანი, ერთიანი და მტკიცე პროტესტი ყველაზე მძიმეა ამ ხელისუფლებისთვის. იგი, დღეს თუ ხვალ, აუცილებლად წავა დათმობაზე. ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა, რადგან სხვა გამოსავალი არ გააჩნია. არ მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ ეკონომიკური გაჭირვების, პანდემიური კრიზისისა და, ზოგადად, ყველანაირი კრიზისის ფონზე ჩუმად შეხვდებიან იმას, რომ საქართველო ასე ნელ-ნელა აღმოჩნდეს თავისუფალი სამყაროს ნაცვლად პუტინის რუსეთის გავლენის ორბიტაზე. ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება!
_ თქვენ განმარტეთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მშვიდობიანად ისხედით და თუ საჭირო იქნებოდა, მზად იყავით, თქვენც დაეპატიმრებინეთ. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით იბრძოლებს და ის რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს მელიას დასაპატიმრებლად, როგორია ოპოზიციის სამოქმედო ტაქტიკა? რას ეტყვით იმ ხალხს, რომელსაც დაპირისპირებისა და სიტუაციის გამწვავების ეშინია?
_ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელია ხელისუფლება. როდესაც მმართველი გუნდი საუბრობს იმაზე, რომ თითქოს მელიას მიზანი იყო პროვოკაციის მოწყობა, უკაცრავად, მაგრამ ვინ წამოწია ახლა გავრილოვის შეთითხნილი საქმე? ანტისაოკუპაციო პროტესტს გადაარქვეს სახელმწიფო გადატრიალება და ამის გამო მელიაზე აღძრეს საქმე, ახლა კი ეს საქმე გააცოცხლეს _ ეს ყველაფერი ხელისუფლებამ გააკეთა. ანუ მელიამ კი არ მოაწყო პროვოკაცია, ხელისუფლებამ მოაწყო. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვამბობთ, რომ არანაირ ძალადობას არ ვაპირებთ. ვსხედვართ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. როგორ შეიძლება, რომ ამ ოფისში გადავატრიალოთ ხელისუფლება ან რამე ტიპის ძალადობა დავგეგმოთ? უბრალოდ, ვამბობთ, რომ როდესაც კანონის სახელით უსამართლობას გვიკანონებენ, დგება დრო, რომ სამართლიანობა დავიცვათ ამ უკანონო კანონის დაუმორჩილებლობით. ჩვენ არ ვემორჩილებით ხელისუფლების უკანონობას. იგი კუნთების თამაშს ახორციელებს, რომელსაც ზურგს უმაგრებს მთელი ძალოვანი სტრუქტურები. ოპოზიციას რა ბერკეტი აქვს კუნთების სათამაშოდ? _ არანაირი. რომელი ძალოვანი სტრუქტურა გვაქვს ჩვენ?! ასე რომ, როგორ უნდა ავყვეთ კუნთების თამაშში ხელისუფლებას?! კუნთებს ხელისუფლება მთელი თავისი რეპრესიული სისტემით ათამაშებს, მათ შორის, სუსით, შსს-თი, პროკურატურით. ოპოზიციას კი გვაქვს მხოლოდ სიტყვა და პრინციპულობა. ერთ სიბრტყეზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობას ვერანაირად ვერ დავაყენებთ.
ნენე ინჯგია