ნინო ბურჯანაძე: „მიშელის დოკუმენტი ოპოზიციისთვის ხაფანგი იყო“

„ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ერში. პარლამენტის ყოფილ თავმჯდმარე ნინო ბურჯანაძეს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია. მისი თქმით, გადაგდება ამ ხელისუფლების სტილია. ბურჯანაძეს ის უკვირს, თუ რატომ ითმენს ჩვენი ხალხი ამდენს?

რატომ არ ივსება ქართველების მოთმინების ფიალა? რატომ არ არის საშიში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება? რას უნდა ველოდოთ დასავლეთიდან და რას ელოდება დასავლეთი ჩვენგან? რატომ ბედავს ივანიშვილი ამდენს? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ესაუბრება:

_ ქალბატონო ნინო, ხელისუფლების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე რას ფიქრობთ? ოპოზიციის ნაწილისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა.

_ ჩემთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ამ დოკუმენტის გაფორმების შემდეგ არაერთ ინტერვიუში განვაცხადე, რომ „ქართული ოცნება“ ახლაც ისე გადააგდებდა ოპოზიციასა და საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც ეს სხვა დროს გაუკეთებია. ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა შარლ მიშელის დოკუმენტზე მოაწერა ხელი. ეს დოკუმენტი ხელისუფლებამ ხაფანგად გამოიყენა. ევროპელებს ოპოზიციისთვის ხაფანგის დაგება არ უნდოდათ და ამიტომ მოუწოდებდნენ ოპოზიციას, ხელი მოეწერათ ამ დოკუმენტზე.
ევროპელებმა კარგად არ იციან, თუ რა პროცესები მიდის საქართველოში. ევროპელი პოლიტიკოსებისთვის წარმოუდგენელია ქცევის ის მანერა და სტილი, როგორც „ქართული ოცნება“ იქცევა. ჩვენთვის ეს არ არის სიურპრიზი. გავიმეორებ, რომ მიშელის დოკუმენტი იყო სიურპრიზი, რომელშიც ოპოზიცია ჩაითრია ხელისუფლებამ. ამით მოკლა ერთიანობის მუხტი. იყო ერთი რაუნდი, მეორე რაუნდი, მესამე რაუნდი… შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ზოგადად, ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. კარგი იქნებოდა, ოპოზიცია ისმენდეს იმ ადამიანების სიტყვას, რომელთაც აქვთ გამოცდილება და რომლის პროგნოზებიც თითქმის ყოველთვის მართლდება.

_ ვის გულისხმობთ? ვის აზრს უნდა იზიარებდეს ოპოზიცია?

_ უკაცრავად არათავმდაბლობისთვის, მაგრამ ჩემს თავს ვგულისხმობ.

_ თქვენი პოლიტიკური პროგნოზები ძალიან ხშირად მართლდება. ხელისუფლების ზრახვები სხვა ოპოზიციონერებმა რატომ ვერ ამოიცნეს? მათი ნაწილი, ძირითადად „ნაციონალები“, კარგად იცნობენ ივანიშვილს. მათთან როცა იყო, მაშინ არ გახლდათ ივანიშვილი ასეთი გადამგდები?

_ ხელისუფლების დამახასიათებელი თვისებაა, _ როდესაც ის უკონტროლო ხდება, ირყვნება. ეს დაემართა ივანიშვილის ხელისუფლებასაც. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში ასეთი არ იყო, ამდენს ვერ ბედავდა. როდესაც დაინახეს, რომ აბსოლუტურად დაუსჯელები არიან, ყველაფერი გაუვიდათ, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა ყველაფერზე გაჩუმებულია, რა თქმა უნდა, სრულიად გათავხედდნენ.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი არათუ სხვა ქვეყანაში, სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ. ისინი არად დაგიდევენ საკუთარ მოსახლეობას, არად დაგიდევენ საერთაშორისო თანამეგობრობას. ცხოვრობენ პრინციპით _ მე ვარ და ჩემი ნაბადი. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჯერჯერობით, ყველაფერი გასდით.

_ იმ ვითარებაში, როცა პრინციპით _ მე ვარ და ჩემი ნაბადი ცხოვრობენ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აქვს რაიმე აზრი? ხელისუფლება აღარ ასრულებს იმ პირობას, რომლის მიხედვითაც თუ 43%-ზე ნაკლებს აიღებენ, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.

_ ოპოზიციამ და ხალხმა, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობამ, თუ არ ვაიძულეთ ხელისუფლება, დაუბრუნდნენ 43%-იან ბარიერს, მაშინ ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები, უბრალოდ, აზრს კარგავს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით არაფერი იცვლება. ხელისუფლება დაშინებით, მოსყიდვით შეძლებს რეგიონებში მათთვის სასურველი კანდიდატების გაყვანას.
ოპოზიციის მომხრეებს მოტივაცია ექნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეცოდინებათ, რომ ეს არის რეფერენდუმი და ხელისუფლება იძულებული გახდება, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს განცდა თუ არ მივეცით ხალხს, მაშინ ოპოზიციის მომხრეები აქტიურები და მოტივირებულები არ იქნებიან. ახლა ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, ნებისმიერ ფასად აიძულოს ხელისუფლება, დაუბრუნდეს თავის ვალდებულებას 43%-ის თაობაზე. ამ ეტაპზე ეს იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი.

_ როგორ უნდა აიძულოს ოპოზიციამ ხელისუფლება, რომელიც არაფრის დათმობას არ აპირებს და როგორც თავად აღნიშნეთ, საერთაშორისო თანამეგობრობასაც კი არად აგდებს?

_ სირთულეების მიუხედავად, ოპოზიცია თუ შეძლებს ერთ მუშტად შეკვრას, ის ხელისუფლებას დათმობაზე წასვლას აიულებს. ამის გარდა, საზოგადოებაც უნდა გააქტიურდეს. მე, უბრალოდ, შოკში ვარ, როდესაც ვუყურებ, როგორი მოთმინებით უყურებს ჩვენი საზოგადოება იმას, რომ საქართველოში ყველა მიმართულებით კატასტროფული ვითარებაა. აღარაფერს ვლაპარაკობ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ადამიანებს უკვე არსებობის საფრთხე დაუდგათ. კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. სიკვდილიანობა ერთ სულ მოსახლეზე 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე აზერბაიჯანში და 8-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე _ რუსეთში.
ეს არის სრული კატასტროფა და ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ენა უბრუნდებათ თქვან, „ქართული ოცნება“ კოვიდს კარგად მართავსო. მე არ მესმის, ვინ შეიძლება ეს მოითმინოს. ნახეთ, რომელ ქვეყნებთან ერთად ვართ კოვიდის გავრცელების პირველ ოთხეულში. ერთადერთი ქვეყანა, რომლის სახელიც მეცნო, იყო მექსიკა.
ამ ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაგვაკარგვინა. „ოცნების“ მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავიდა საქართველოდან. გასულ კვირას ძალიან ცუდი რამე მოხდა: რუსეთმა ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობას. ეს ყველაფერი ამათ სინდისზეა. ამ დროს არიან ადამიანები, რომლებიც „ოცნებას“ ამართლებენ. ეს არის გზა არსაით. უფრო სწორად, ესაა გზა უფსკრულისკენ. მე არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც უფსკრულში უნდა ჩავვარდეთ, რომ შემდეგ იქიდან ამოსვლაზე ვიზრუნოთ.

_ თქვენ ამბობთ, რომ წარმოუდგენელია, რატომ ითმენს მოსახლეობა ამდენსო. ისევ სააკაშვილის დაბრუნების ფაქტორი ხომ არ მუშაობს? რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია, მესამე პრეზიდენტის დაბრუნებით წარმატებით აშინებენ საზოგადოებას.

_ გარკვეულწილად, ეს მომენტიც მუშაობს. მოსახლეობის რაღაც ნაწილს მართლაც ეშინია სააკაშვილის დაბრუნების. ხელისუფლება ამით სპეკულირებს. ახლა რაციონალურად ვიმსჯელოთ: დავუშვათ და დაბრუნდა სააკაშვილი, რა უნდა ქნას? ხომ ვერ შევარდება კანცელარიაში და თავს პრემიერად ვერ გამოაცხადებს? არჩევნები ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს. მოსახლეობა თუ იმდენ ხმას არ მისცემს სააკაშვილს, რომ ერთპიროვნული მმართველი გახდეს, როგორ მობრუნდება ხელისუფლების სათავეში? მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანები ვისაც ბრძოლა არ სურს, თავიანთ შემგუებლობას სააკაშვილის შიშით ამართლებენ. სააკაშვილის დაბრუნების შიშით თუ გვინდა ყველაფრის ჩაყლაპვა, რასაც ხელისუფლება გვაყლაპებს, ეს გამოსავალი არ არის.

_ „ოცნების“ მომხრეებს სააკაშვილის დაბრუნების არ უნდა ეშინოდეთ. ძალიან ბევრი ყოფილი ბობოლა „ნაციონალი“ დღეს ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზეა.

_ მათი მხრიდან ეს მართლა გასაკვირია. ოპოზიციას გვაძახებდნენ, „ნაციონალების“ გვერდით როგორ ხართ მოლაპარაკებებზეო? ოპოზიცია ერთი მაგიდის გარშემო იმიტომ დავსხედით, რომ 8 მარტის შეთანხმება დაგვეცვა. მართალია, სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ პროპორციული არჩევნები გამოვგლიჯეთ ხელისუფლებას. ამას ცალკე ვერც „ნაციონალური“ მოძრაობა გააკეთებდა და ვერც სხვა რომელიმე პარტია. შემდეგ ერთობლივად ვაპროტესტეთ გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები. ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას რომ არ ეჩქარა და სულსწრაფობა არ გამოეჩინა, მიშელის დოკუმენტიც სხვანაირი იქნებოდა და ვადამდელ არჩევნებსაც მოვიპოვებდით.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩახუტებას რაც შეეხება, ყოფილ ხელისუფლებასთან „ქართული ოცნება“ იყო ჩახუტებული. „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა კოჰაბიტაცია. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ „ნაციონალების“ გადარჩენა საქართველოში დემოკრატიის გადარჩენააო. ოღონდ მე რომ მებრძოდა ბიძინა ივანიშვილი, მაშინ არავის უთქვამს, „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ გადარჩენა სჭირდება ქართულ დემოკრატიასო. მთავარი აქცენტი „ნაციონალების“ გადარჩენის აუცილებობაზე კეთდებოდა.

_ არადა, ივანიშვილი პოლიტიკაში 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ მოვიდა. ეს აქცია კი სახალხო კრების მიერ იყო ორგანიზებული, რომლის ერთ-ერთი ლიდერი თქვენ იყავით.

_ პოლიტიკაში ამ ამბის მერე მოვიდა. შემდეგ გამოაცხადა, შუა უნდა გავკრიფოო. დაიწყო სახალხო კრების განადგურებით, გადასწვდა ჩემს პარტიასაც. ეს გააკეთა იმიტომ, რომ ბურჯანაძე მისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. პირდაპირ არ დაეტაკა „ნაციონალურ მოძრაობას“. როდესაც სხვა პარტიები დაასუსტა, მერე მოიცალა მათთვის. ახლა ყველა არჩევნებზე ყოფილ ხლისუფლებას იყენებს საფრთხობელად. საფრთხობელად იყენებს მის ლიდერ მიხეილ სააკაშვილსაც.
ჩვენი ხალხი, არც განათლებით, არც ნიჭით და არც ინტელექტით მსოფლიოს არც ერთ ერს არ ჩამოუვარდება. ახლა ეს ხალხი, რატომღაც, დაბინდული უყურებს ამ ყველაფერს. გეგონებათ, რომ რაღაც ჰიპნოზის ქვეშ არიან. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. იმედი მაქვს, რომ ეს ჰიპნოზი მალე გაივლის.

_ ზემოთ თქვენ აღნიშნეთ, რომ რუსეთმა ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა. ეს საკმაოდ საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებაა. ჩვენს ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ ჰქონია. ვერ აცნობიერებს, რასთან გვაქვს საქმე?

_ ჩვენი ხელისუფლება რაზე ახდენს რეაგირებას, რომ ამაზე მოეხდინა? „ქართული ოცნება“ მხოლოდ იმაზე რეაგირებს, რასაც სათავისოდ გამოიყენებს. ვითომ ეროვნული ინტერესები ამოძრავებდათ, ადგნენ და ლგბტქ თემის საწინააღმდეგო დროშა აღმართეს. ეს იმისთვის არ გაუკეთებიათ, რომ ასე ფიქრობენ. თუ დასჭირდათ, პირველები თავად ააფრიალებენ ლგბტქ დროშას. უბრალოდ, არჩევნების წინ ხალხის გაყოფა აწყობდათ. ამ დროშის აფრიალებით ხალხი მართლაც გაყვეს და მოსახლეობას უთხრეს, _ ჩვენ ვართ ქართული ტრადიციების დამცველი, ხოლო ოპოზიცია _ არატრადიციული ორიენტაციის მომხრე… რაც, რა თქმა უნდა, ტყუილი იყო, მაგრამ საზოგადოების ნაწილზე ამანაც იმუშავა.
სირცხვილია, როდესაც „ქართული ოცნება“ თავს საპატრიარქოს დამცველად აცხადებს. რაც მათ ქართულ ეკლესიას დამართეს, ასეთი რაღაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც არ მომხდარა.

_ გინდათ თქვათ, რომ ეკლესიას მიხეილ სააკაშვილიც ებრძოდა?

_ მიხეილ სააკაშვილს სურდა, რომ მას ეკლესიაზე მეტი ავტორიტეტი ჰქონოდა. თუმცა მისი მმართველობის დროს ეკლესიის წინააღმდეგ ისეთი სიბინძურეები არავის ჩაუდენია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა. ესენი უშუალოდ პატრიარქს ებრძვიან. ესენი არიან ეკლესიისა და პატრიარქის დამცველები? ესენი არიან საქართველოს ინტერესების დამცველები? სულ ტყუილად რომ ქულებს იწერენ დასავლეთთან, ვინმემ განსაზღვრა, რა შედეგი მოჰყვებოდა ერთობლივი წვრთნების ჩატარებას? არ იცოდნენ, რომ ამაზე რუსეთს მყისიერი რეაქცია ექნებოდა? მოსკოვს ჰქონდა კიდევაც მყისიერი რეაქცია.
ასეთი მყისიერი რეაქცია რუსებს წინა წლებშიც ჰქონდათ. პირველად მაშინ, როცა თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გამოაცხადა, რომ საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები განთავსდებოდა. მაშინ პირველად მოეწერა ხელი მოსკოვსა და სოხუმს, მოსკოვსა და ცხინვალს შორის პირდაპირ ხელშეკრულებას. ალასანიას ამ განცხადების შემდეგ პუტინი პირველად ჩავიდა სოხუმში. მანამდე ის სოხუმში არასდროს ჩასულა.
ამ ამბიდან ცოტა ხანში რუსეთმა ცხინვალთან და მოსკოვთან სამხედრო თანამშრომლობაზე მოაწერა ხელი. დღეს მივიღეთ ორმაგი მოქალაქეობა. ყოველდღიურად თუ არა, რაღაცა პერიოდულობით საზღვარი აქეთ იწევს. ამაზე აქვს საქართველოს ხელისუფლებას რეაგირება? არანაირი. რუსეთს ძალიანაც აწყობს, საქართველოს ასეთი ხელისუფლება რომ ჰყავდეს.

_ ჩვენი ხელისუფლება პრორუსულია?

_ გნებავთ, პრორუსული დაარქვით „ქართულ ოცნებას“ და გინდათ, პროამერიკული, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

_ მნიშვნელობა რატომ არ აქვს?

_ იმიტომ, რომ ესენი არც პრორუსულები არიან და არც პროდასვლურები, ისინი არიან პროთავისები. ისე არ გაიგოს მკითხველმა, რომ პროქართულები არიან. ისინი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ქონება დააგროვონ. სხვა მათ არაფერი აინტერესებთ. პრორუსულები არ არიან, მაგრამ რუსეთის ინტერესებში შედის, რომ საქართველოს ასეთი ძალა მართავდეს.

_ პრორუსულები თუ არ არიან, რუსეთს რაში აწყობს, რომ ასეთმა ძალამ მართოს საქართველო?

_ რუსეთს ასეთი ხელისუფლება იმაში აწყობს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, საქართველოს ხელისუფლებას რეაგირება არ აქვს. ობიექტურობისთვის ვიტყვი, რომ ხელისუფლების მსგავსად არც საქართველოს მოსახლეობა რეაგირებს რამეზე, მათ შორის, არც საზღვრების გადმოწევაზე.

_ 5 ივლისის დარბევის შემდეგ დასავლეთიდან ისეთი განცხადებები წამოვიდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესება თითქოს გარდაუვალი იყო. სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმაც გაამძაფრა ეს მოლოდინი. პრეზიდენტი თითქოს ცდილობს, გაემიჯონოს „ოცნებას“. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მას თავის გადარჩენა სურს.

_ დავიწყებ სალომე ზურაბიშვილით: მე მისი განცხადებები არ მაინტერესებს. ზუსტად ვიცი, რომ ის იმ დოზით იქნება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული, რა დოზითაც ბიძინა ივანიშვილი მასზე ნაკლებად გაბრაზდება. სხვანაირად ვერც იქნება, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარ, გნებავთ, ნაყიდ სავარძელში ზის.
საქართველოს დღეს პრეზიდენტი არ ჰყავს. ის არაფერში ჩართულა. არ მესმის, რატომ აჩუქა ოპოზიციამ მას მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისას ლიდერობის ფუნქცია? მას ეს ნამდვილად არ ეკუთვნოდა. ამ ადამიანს საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია და არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ ქვეყანაში დაძაბულობა განმუხტულიყო. არც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უთამაშია შუამავლის ფუნქცია.
სალომე ზურაბიშვილს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს დასავლეთისკენ. მხოლოდ განცხადებებს აკეთებდა. საერთოდ, პროდასავლურობაზე ბტყელ-ბრტყელი განცხადებების გაკეთება ძალიან აზიანებს ჩვენს ქვეყანას.

_ რატომ აზიანებს?

_ ამ ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს რეალური შედეგი არ მოაქვს და ძალიან ბევრი მიმართულებით ვზარალდებით. განცხადებებს რეალური პროდასავლური ნაბიჯები რომ მოსდევდეს, მაშინ სხვანაირი სიტუაცია იქნებოდა ქვეყანაში.

_ სხვანაირი, როგორი?

_ სხვანაირი სასამართლო იქნებოდა, სხვანაირი ხელისუფლება გვეყოლებოდა, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდებოდა, კოვიდით სიკვდილიანობით მსფლიოში მეოთხე ადგილზე არ ვიქნებოდით.
სამარცხვინო სიტუაციაშია დღეს საქართველო. ეროვნულ მუზეუმებს და საგანძურსაც კი საფრთხე შეუქმნა „ქართულმა ოცებამ“. ბიძინა ივანიშვილმა საყდრისი ააფეთქა და ეს შერჩა. შერჩა და ამიტომაც ბედავს კიდევ უფრო მეტს. ეროვნულ მუზეუმს მხოლოდ იმიტომ ანგრევს, რომ მისი მახინჯი ნაგებობა კარგად გამოჩნდეს.

_ პანორამა თბილისს გულისხმობთ?

_ დიახ. თავისუფლების მოედანზე ააშენა კატასტროფული საზიზღრობა. ახლა ეროვნული მუზეუმის შენობა უნდა გაიტანოს აქედან, რომ ყველამ დაინახოს ეს სიმახინჯე. არავის აინტერესებს, იმ მუზეუმში დაცული საგანძური რა მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეროვნული საგანძურს რომ ასე ექცევიან, იმათ როგორ შეიძლება ეროვნული ხელისუფლება ვუწოდოთ? როგორ შეიძლება, „ქართული ოცნება“ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალა იყოს?

_ დასავლეთის რეაქციაზე გავაგრძელოთ საუბარი. იქნება სანქციები? თუ ევროპა და ამერიკა განცხადებების იქით აღარ წავა?

_ დასავლეთიდან წამოსულ განცხადებებს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ უფრო მწვავე უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ დასავლეთსაც ყელში ამოუვედით უკვე.

_ რას ნიშნავს, ყელში ამოუვედით?

_ ხომ არ შეიძლება, რომ ქვეყანაში დღეგამოშვებით კრიზისი იყოს და დასავლეთს მივჩერებოდეთ, _ არიქა, მიშველეო. დასავლელმა მეგობრებმა ძალიან ნათლად გვითხრეს, _ საქართველოს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ამ ქვეყანაში დემოკრატიას ჩვენ ვერ ავაშენებთ და თქვენ მაგივრად ვერ ვიბრძოლებთო. ეს განცხადებები ბრიუსელსა და სტრასბურგში გაკეთდა.
5 ივლისის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა გააკეთა განცხადება. მან გვითხრა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ თქვენი პრემიერ-მინისტრის ბედიო. ამ ადამიანმა მიგვანიშნა, რომ იმაზე, რაც 5 ივლისს მოხდა, სხვაგან სახელმწიფო აგებდა პასუხს.
ჩვენ რა გავაკეთეთ? ვზივართ და მივჩერებივართ დასავლეთს, როდის რას გააკეთებს. არადა, ქუჩაში ჩვენ უნდა გამოვიდეთ და ჩვენ უნდა გავაპროტესტოთ უკანონობა და უსამართლობა. ყველამ კარგად უნდა შევიგნოთ, რომ დასავლეთს ჩვენ გარდა სხვა საქმეებიც აქვს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ საქართველო არაა დედამიწის ჭიპი, რომ მხოლოდ ჩვენზე იფიქროს ევროპამ და ამერიკამ.
დასავლეთი ჩვენს გასაკეთებელს ვერ და არ გააკეთებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათ მიერ დაწესებული სანქციები. საქართველო ბელარუსზე უკეთეს მდგომარეობაში არ არის. ბელარუსის ოპოზიციას დასავლეთი ღიად უჭერს მხარს. არადა, ქართულმა ოპოზიციამ გაცილებით მეტი ხმა აიღო, ვიდრე _ ბელარუსულმა. სამართლიანი იქნება, რომ დასავლეთმა ჩვენ უფრო დაგვიჭიროს მხარი.
დიახ, სანქციები უნდა დაწესდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ჟურნალისტებს დასდევენ და კლავენ. დარწმუნებული ვარ, მათ ჟურნალისტების დახოცვა არ სურდათ, მაგრამ ასეთ ძალადობას სიკვდილი რომ შეიძლება მოჰყოლოდა, ამის რისკი ნამდვილად იყო. რითია საქართველო რომელიმე იმ ქვეყანაზე წინ, ვისაც დასავლეთი სანქციებს უწესებს? _ სამართლიანი სასამართლო ჩვენ არ გვაქვს, ჟურნალისტების უფლებები აქ არ არის დაცული, არჩევნები ყალბდება. ასე რომ, დროა, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. წინააღმდეგ შემთხვეაში, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. აუცილებლად მოხდება ცუდი რამე.

_ ცუდ რამეში რას გულისხმობთ?

_ მოვლენები არასასურველი სცენარით განვითარდება, რაც ყველა ჩვენგანს, პირველ რიგში, ქვეყანას, ძალიან ძვირი დაუჯდება. ისეთ უფსკრულში შეიძლება აღმოვჩნდეთ, საიდანაც ამოსასვლელად ათწლეულები დაგვჭირდება.

შორენა მარსაგიშვილი