ნინო ბურჯანაძე: „ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მარსზე არ ვცხოვრობ, საქართველოში ვარ!“

11

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, „ქრონიკა+“-თან წინასაარჩენო პერიოდს აფასებს. ბურჯანაძის თქმით, მისი პარტია საქართველოს პარლამენტში საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება.

ნინო ბურჯანაძე:

_ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა. როგორ შეაფასებთ საარჩევნო გარემოს, რამდენად სამართლიანია იგი?

_ შემიძლია ვთქვა, რომ ახლა უფრო, მშვიდი და თავისუფალი გარემოა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო, როდესაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ეწყობოდა პროვოკაციები, ჩასაფრებები, ადამიანების მასობრივი ტერორიზება… ასეთი მასშტაბებით ხელის შეშლა აღარ არის, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ საარჩევნო გარემო სამართლიანია. თუ გავიხსენებთ „ქართული ოცნების“ განცხადებებს, ვიდრე ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ყველა ის პარტია, რომელიც კოალიციაში შედიოდა, ცალ-ცალკე და ერთად აცხადებდა, რომ თუ არ შეიცვლება საარჩევნო გარემო, თუ არ იქნება რადიკალური ცვლილებები, ასეთ საარჩევნო გარემოში და ამ კოდექსით ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება სამართლიანადო. ვინაიდან საარჩევნო კოდექსში, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ (თავად „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებიდანაც კი), რომ ეს არჩევნები სამართლიანად ვერ ჩაითვლება. თუმცა მე ძალიან ბევრი სხვა პრეტენზია მაქვს. არათუ გაუმჯობესდა საარჩევნო კოდექსი, არამედ, მთელი რიგი დებულებები გაუარესდა. მაგალითად, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია გაცილებით ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეს, ვიდრე ვიყავით.

_ კონკრეტულად?

_ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, კანონის მიხედვით, ჩვენ ტელეეთერში თავისუფალი სარეკლამო დრო გვეკუთვნოდა, „ქართულმა ოცნებამ“ კი ეს კანონი არჩევნების გამოცხადების შემდეგ ისე შეცვალა, რომ ჩვენ, „ლეიბორისტულ პარტიასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო დროის მესამედი დაგვიტოვა და დანარჩენი დრო მის ბლოკში არსებულ პოლიტიკურ პარტიებზე გადაანაწილა, რომ მათთან ევაჭრა. ივიგე „რესპუბლიკელებს“ რომ უკან გაეტანათ ე. წ. გერმანული მოდელი, რომლითაც მაჟორიტარული სისტემა უნდა შეცვლილიყო, რაც არ აწყობდა „ქართულ ოცნებას“, კარგად ივაჭრეს და ჩვენი საეთერო დრო მოგვპარეს, წაგვართვეს, საეთერო ბადეში 27 წამი დაგვიტოვეს, ნაცვლად ერთი წუთისა, რითაც ძალიან გააუარესეს ჩვენი მდგომარეობა. გარდა ამისა, აუდიტის სამსახურმა ბრძანება მიიღო, რომლის მიხედვითაც, პარტიები დაავალდებულა, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, რომ, მაგალითად, გარე ბანერების, ან სარეკლამო განთავსების თანხა კომერციული ორგანიზაციებისთვის 100%-ით წინსწრებით გადაგვეხადა, მაშინ როცა წინა არჩევნებზე ეს დამოკიდებული იყო ჩვენსა და კომერციულ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებაზე, წინასწარ ვიხდიდით 25-30%-ს, ხოლო არჩევნების შემდეგ, როდესაც პარტია უკვე სულმოთქმული იყო, ამ თანხების დაფარვის საშუალება გვქონდა. ძალიან ბევრი სხვა დეტალია, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის საარჩევნო სია. ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, თავისი ჯიბიდან რომ დასჭირვებოდა ფულის ამოღება, საარჩევნო სიებს აუცილებლად მოაწესრიგებდა. ამ დროს ვნახეთ, რომ 3 მილიონ 200 000 ადამიანი არის ხმის მიმცემი, ანუ არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ეს დაფიქსირებულია მაშინ, როდესაც 3 მილიონ ნახევარი და 3 მილიონ 200 000, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მოსახლეობა არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, მინიმუმ, 500.000-700.000 მკვდარი სული ჰყავს, რომლის ხმებიც, შეიძლება, სათავისოდ გამოიყენოს. კიდევ შემიძლია მოვიყვანო ერთი მაგალითი: როდესაც არჩევნები დაიწყო, აბსოლუტურად ყველა ბანკს თხოვნით მივმართეთ, რომ კრედიტი მოეცათ ერთი მილიონი ლარის ფარგლებში. ეს არის ის თანხა, რომლის გადახდაც პარტიას ოფიციალურად შეუძლია იმ საბიუჯეტო შემოსავლებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს. აბსოლუტურად ყველა ბანკისგან უარი მივიღეთ. ამ დროს, 3 კვირის წინათ, როგორც აღმოჩნდა, „ქართუ ბანკმა“ ერთი მილიონი ლარის კრედიტი მისცა „ქართულ ოცნებას“. ივლისში „ქართუ ბანკშიც“ შევიდა ჩვენი წერილი, მაგრამ კრედიტი არ მოუციათ. ასე რომ, თანაბარი და სამართლიანი გარემო, რა თქმა უნდა, არ არის, ორი აზრიც კი არ არსებობს. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ცალკეულ პარტიებს საკუთარი ტელევიზიები აქვთ: „ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“, „პატრიოტთა ალიანსსაც“ კი. ჩვენ, სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ შესაძლებლობებში, რომ ტელეეთერებში ადეკვატურად წარმოდგენილი ვიყოთ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა იმ უმსგავსობაზე, რასაც „რუსთავი 2“ აკეთებს: თავისი ბადიდან ამოგვაგდო ვითომ იმ არგუმენტით, რომ ის აჩვენებს ყველაზე პოპულარულ და რეიტინგულ პარტიებს და, რატომღაც, ამ რეიტინგულ პარტიებში აღმოჩნდა „რესპუბლიკური პარტიაც“ კი, რომელსაც 3%-ზე მეტი არასოდეს აუღია. ამას ემატება ის გამალებული და გააფთრებული ბრძოლა, რომელიც არის ჩვენი პარტიის წინააღმდეგ IღI-ის, NDI-ის, „რუსთავი 2“-ის, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული ე. წ. შიდა კვლევებით, რომლითაც ცდილობენ, რომ ადამაინებს იმედი წაართვან ჩვენს მომავალთან და პერსპქტივასთან დაკავშირებით. ისინი ეუბნებიან, რომ ბურჯანაძეს რეიტინგი არ გააჩნია, მხარდამჭრები არ ჰყავს, 1% აქვს, 2% აქვს და ა. შ. კიდევ კარგი, ადამიანების მეხსიერება საკმაოდ მყარია და მათ ახსოვთ, ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების წინაც 1%-ს გვიწინასწარმეტყველებდნენ და 10% მივიღეთ; ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც გვიწინასწარმეტყველებდნენ 1,5%-ს და 11% მივიღეთ, ახლა გვიწინასწარმეტყველეს 2%, ე. ი. უნდა ვივარაუდოთ, რომ, სადღაც, 20%-ის ფარგლებშია ჩვენი რეიტინგი. კიდევ ერთი: მე ვერ ვიტყვი, რომ მასობრივია ადამიანებზე ზეწოლა და დაშინებები, მაგრამ შემიძლია რამდენიმე მაგალითი მაინც მოვიყვანო: წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არავინ დაისაჯა, სამართლიანობა არ აღდგა, ამიტომ ადამიანებს გამოყოლილი აქვთ შიში და ფიქრობენ, რომ თუ მათ ვინმე დააშანტაჟებს, პასუხს ასევე არ აგებენ. მაგალითად, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ტყიბულის გამგებელი ზეწოლას ახორციელებდა ჩვენს მომხრეებზე, ხელისუფლებას არავითარი ზომები არ მიუღია. წალკის გამგებელთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გავაკეთე და ხელისუფლებისგან, ასევე, არავითარი რეაგირება არ ყოფილა. რამდენიმე დღის წინათ იმდენად გათავხედდა სენაკის ადგილობრივი ხელმძღვანელობა, რომ როდესაც შეხვედრას ვატარებდი, ფოტოგრაფი შემოაგზავნეს, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს სურათებს უღებდა, რომ მათი სახეები დაეფიქსირებინა. ინფორმაცია მოგვივიდა, რომ გუშინ და დღეს ამ ადამიანებს სახლებში მიაკითხეს და დაშანტაჟება დაიწყეს. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, _ თუ არ შეწყდება მათი მხრიდან მსგავსი ნაბიჯები, ამ ერთი კვირის განმავლობაში ეს ნეგატიურ და უარესს შედეგს გამოიღებს. უამრავ ადამიანს შევხვდით, მოვიარე მთელი საქართველო, ამ ეტაპზე გავაკეთე აქცენტი, რომ რამდენჯერმე ჩავსულიყავი თითო რაიონში და უფრო კომპაქტური ჯგუფებით შევხვედროდი ხალხს, იყო 500-700-800-კაციანი შეხვედრებიც, მაგრამ იყო შეხვედრები, სადაც 200-300 ადამიანი ესწრებოდა, მინდოდა მათთან უფრო უშუალო დიალოგი მქონოდა, მეც დამენახა მათი რეალური განწყობა და შეფასებები, რასაც ისინი აკეთებდნენ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მხარდამჭერების ძალიან სერიოზული რაოდენობა გვყავს! ვაფრთხილებ ხელისუფლებას: თუ ისინი შეეცდებიან მანიპულირებას და ჩვენი ხმების გაყალბებას, ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ და ყველა ხმას დავიცავთ!

_ ამბობთ, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი გყავთ. თქვენს შანსებს როგორ აფასებთ? შეგიძლიათ კონკრეტული რიცხვის დასახელება?

_ ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მარსზე არ ვცხოვრობ, საქართველოში ვარ, არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვალთ და 100 დეპუტატს გავიყვანთ, მაგრამ ძალიან სერიოზული წარმომადგენლობა გვეყოლება პარლამენტში, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ისეთი წარმომადგენლობა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გადაწყვეტილების მიღებაზე და ქვეყნის განვითარებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოვახდენთ. ჩვენ პარლამენტში აუცილებლად მოვხვდებით, ამის პრობლემა არ გვაქვს, ერთი კვირის წინათ 150 000-მდე ხელმოწერა იყო უკვე უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ, მინიმუმ, ამდენი ადამიანი გვიჭერს მხარს. ბოლო ორ კვირაში კიდევ დაემატება ამ რიცხვს და გარწმუნებთ 200 000-ზე მეტი ხელმოწერა გვექნება მხოლოდ უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით. ასე რომ, პარლამენტში მოხვედრის პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენლობა გვყავდეს პარლამენტში.

_ თქვენ ამბობთ, რომ ამომრჩევლები უბლოკო სტატუსის გამო გიჭერენ მხარს?

_ არა მხოლოდ ამიტომ. ჯერ ერთი, საქართველოს მოსახლეობამ, როგორც იქნა, დაინახა, რომ პოლიტიკას უნდა აკეთებდნენ პოლიტიკოსები და არა მომღერლები, ფეხბურთელები და ბიზნესმენები… მიუხედავად იმისა, რამდენად მოსწონს ვინმეს ბურჯანაძე ან არა, ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი ხვდება იმას, რომ ბურჯანაძე არის ის პოლიტიკოსი, ვისაც შეუძლია, ქვეყანა სწორ გზაზე წაიყვანოს და სწორი პოლიტიკა წარმართოს. ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვიჭერს მხარს სწორედ იმიტომ, რომ უბლოკო სტატუსი არის ჩვენი ინიციატივა, თუმცა არიან სხვებიც, რომლებიც უბლოკო სტატუსის გამოცხადების გარეშეც ჩვენი მხარდამჭერები არიან. მოსახლეობის 10% გაყალბებულ არჩევნებშიც კი მუდმივად გვიჭერდა მხარს. ძალიან კარგად იცით, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის 10-11% ყოველთვის მხარს გვიჭერდა. რა თქმა უნდა, უბლოკო სტატუსმა გაამყარა და გაადიდა ჩვენი ამომრჩევლების რიცხვი, ადამიანებს ესმით, რომ ეს არის საქართველოს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან გავიდეს რუსული ჯარები. ერთადერთი პოლიტკოსი ვარ მე და ჩემი თანაგუნდელები, რომლებმაც გავბედეთ და ვთქვით, რომ ნატო არის ილუზია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი პარტია მხოლოდ ამით განსხვავდება სხვა პარტიებისგან. არც ერთი სხვა პარტია არ ამბობს, რომ ჩვენ ნატოში შესვლაზე უარი უნდა ვთქვათ, ყველა ამბობს, რომ საქართველოს გზა არის ნატო და ევროკავშირი. ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო არ არის საქართველოს გზა. ნატოსთან თანამშრომლობა, კი ბატონო, მაგრამ ნატოს წევრობა არ არის საქართველოსთვის ხელსაყრელი, მეტიც, 2008 წლის შემდეგ ეს მავნებელიც კი არის საქართველოს ინტერესებისთვის. არც ერთი პარტია არ ამბობს იმას, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა წარიმართოს. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ამბობს, რომ ჩვენც გვინდა და მოვაგვარებთო; „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ რუსეთთან ლაპარაკს, საერთოდ, აზრი არ აქვს; „პატრიოტთა ალიანსი“ ამბობს, რომ ბრიუსელიდან მოაგვარებს; ბურჭულაძე ამბობს, რომ ვაშინგტონიდან მოაგვარებს ურთიერთობას; ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც აბსოლუტურად ნათლად ვამბობთ იმას, რომ ჩვენი პარტია პირდაპირ დაელაპარაკება რუსეთის ხელისუფლებას. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც შემიძლია, პირდაპირ დაველაპარაკო რუსეთის პრეზიდენტს და მოვაგვარო რუსულ-ქართული ურთიერთობები. ეს ადამიანებმა დაინახეს და ზუსტად ამიტომ ძალიან ბევრი გვიჭერს მხარს. დიდი ხანია, ცრუ დაპირებებს ვეძლევით, დიდი ხანია, საქართველო ოცნებობს… ოცნებებისა და ცრუ დაპირებების დრო ნამდვილად დასრულებულია და ახლა კონკრეტული საქმის კეთებაა საჭირო, კონკრეტული საქმის კეთება კი მხოლოდ ჩვენს პარტიას შეუძლია.

_ რა იქნება ის პირველი საკითხები, რომლის მოგვარებას პარლამენტში შესვლისთანავე დაიწყებთ?

_ საგარეო ურთიერთობების საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას სტაბილურობა და მშვიდობა სჭირდება. მშვიდობა კი ქვეყანაში შეიძლება იყოს უბლოკო სტატუსის გამოცხადება რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით. ეს, ამავდროულად, არის ძალიან სერიოზული ბიძგი იმისთვის, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემები მოგვარდეს, ჩვენი ლოზუნგი შემთხვევითი არ არის: ერთიანი საქართველო, ძლიერი ეკონომიკა, მაგრამ რადგან ერთიანი სქართველო ჩვენი სლოგანის პირველ ნაწილში გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური საკითხების მოგვარებას მხოლოდ ტერიტორიული გამთლიანების შემდეგ დავიწყებთ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დრო სჭირდება. ჩვენს მოსახლეობას ვპირდები, ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისე დალაგდება რუსეთთან ურთიერთობა, რომ რუსული ჯარიც გავა და მავთულხლართებიც აღარ იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, ნამდვილად მოხდება საქართველოს დეოკუპაცია და გამთლიანება. პარალელურად ძალიან სერიოზულად ვიზრუნებთ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისთვის. ჯერ ერთი, უბლოკო სტატუსი ნამდვილად არის საქართველოს ეკონომიკისთვის ჟანგბადი იმიტომ, რომ ის მოგვცემს შესაძლებლობას, რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების შედეგად ვიზები გავაუქმოთ და სრულყოფილად გავხსნათ რუსული ბაზარი. რაღაც სეგმენტი რუსულ ბაზარზე ახლა ღიაა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი. ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის ამოსუნთქვა ზუსტად ის არის, რომ გაიხსნას რუსული ბაზარი, შესაბამისად, ადამიანებმა ნახონ გასაღების საშუალება, მანამდე სოფლად გაჩნდეს გადამამუშავებელი საწარმოები და ადამიანები დასაქმდნენ. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელსაც მოსახლეობას შევპირდი, რომ აუცილებლად დავაყენებ, ეს არის პენსიებთან დაკავშირებით. დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც კი შესაძლებელია, რომ პენსია იყოს საარსებო მინიმუმის რეალურად შესატყვისი, ანუ 250 ლარი, ეს დღევანდელი ბიუჯეტის პირობებში აბსოლუტურად შესაძლებელია და, ამავდროულად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც განვაცხადეთ, რომ პენსია უნდა იყოს მიბმული ლარის კურსის მერყეობასთან. როდესაც ლარის კურსი 1,75-დან 2,50-მდე ავიდა, მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა იმიტომ, რომ პენსია იგივე დარჩა და მსყიდველობითი უნარიანობა, პრაქტიკულად, განახევრდა. ძალიან ბევრი სხვა დაპირება გვაქვს. შეგიძლიათ აიღოთ 2013 წლის საპრეზიდენტო პროგრამა და იქ ნახავთ, რამდენი ჩვენი დაპირებაა აღებული დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე და სხვა პოლიტიკურ პარტიებში გახმოვანებული. გნებავთ, 500-ლარიანი მინიმალური დაუბეგრავი ხელფასი; გნებავთ,  გადასახადის არგადახდა იმ საწარმოებისთვის, რომელთაც 200 000-მდე აქვთ ბრუნვა; გნებავთ, სტარტაფის ეტაპზე მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესის საწყისი გადასახადებისგან განთავისუფლება; 500 ლარამდე ხელფასის არდაბეგვრა და ა. შ. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ ჩვენი პროგრამიდან კარგ დებულებებს აიღებენ სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები და გააკეთებენ, მაგრამ ვიცი, რომ არც ერთ მათგანს ამის გაკეთების შესაძლებლობა არ გააჩნია. ძალიან საინტერესო ინიციატივა გვაქვს უმუშევართათვის 6-თვიანი შემწეობის დაწესების თაობაზე და შესაძლებელია, რომ ეს ბიუჯეტმა აიტანოს, ასევე გვაქვს უნიკალური ინიციატივა, ე. წ. დედის ხელფასი, _ გათვალისწინებით საქართველოში არსებული დემოგრაფიული ინიციატივისა, 3 წლამდე ბავშვის გამზრდელ დედას ეს ხელფასი უნდა ჰქონდეს და ის ჩაეთვალოს შრომით სტაჟში. ეს არის ის თემები, რომელსაც აუცილებლად დავაყენებთ, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა საბანკო კრედიტები. ადამიანები ბანკის ვალებში იხრჩვებიან, მათ შევპირდი, რომ ის უმსგავსობა, რაც ახლა ხდება და, პრაქტიკულად, საქართველო არის იმ უმცირეს სახელმწიფოებს შორის, სადაც საბანკო კრედიტი შეიძლება იყოს 20-30 და 50%-იც კი, ეს არის ყაჩაღობა. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში კრედიტი შეგიძლია აიღო 2-3, მაქსიმუმ 5-7%-ის ფარგლებში, ყოვლად წარმოუდგენელია, რომ ბანკებს საშუალება აქვთ, ადამიანები უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოასახლონ და ქუჩაში დაყარონ. ეს იმ დროს, როდესაც საქართველოს ბანკებმა შემოსავალი მიიღეს 680 მილიონი ლარი იანვრიდან აგვისტომდე და ბიუჯეტში გადაიხადეს 46 მილიონი. შევისწავლეთ ასევე უფასო სასადილოების საკითხი, სადაც ადამიანი დღეში სახელმწიფოს უჯდება 1,80 ლარი. ეს არის წარმოუდგენელი, პატიმრის კვება უფრო მეტი უჯდება სახელმწიფოს, 4 ლარი იხარჯება დღეში თითოეულ მათგანზე. არ ვამბობ, რომ პატიმრებს კვება შევუმციროთ, მაგრამ ამის საკანონმდებლო რეგულაციაც უნდა მოხდეს. ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონდეთ რიგით მოქალაქეებზე მეტი ხელფასი, 100 000-იანი პრემიები, უზარმაზარი ხარჯები ძვირადღირებული მანქანებისა და პირადი მომსახურებისთვის. მაგალითის მოტანა შემიძლია ბიუჯეტის ყაირათიან ხარჯვასთან დაკავშირებით: გახსოვთ, როდესაც მარგველაშვილის გაპრეზიდენტება სურდათ, ლაპარაკი დაიწყო უფასო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. მაშინ გამოვედი და ვთქვი, რომ ეს არის არასწორი ინიციატივა იმიტომ, რომ უფასო სახელმძღვანელო ყველა ოჯახს კი არ უნდა მისცე, უნდა დათვალო და მისცე იმ ოჯახებს, რომელთაც შეძენა არ შეუძლიათ და არა იმას, ვისაც სახელმძღვანელო კი არა, საკუთარი მანქანის ყიდვა შეუძლია სკოლის მოსწავლისთვის. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ არასწორად იხარჯება საბიუჯეტო ხარჯები. ჩვენ გვაქვს იმის ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ტიპის ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში. ვისაც არანაირი გამოცილება არ გააჩნია, არაფერი უნახავს და პარლამენტში აპირებს თავისი ცხოვრების მოწყობას, ასეთი ხალხი ვერასოდეს გამოადგება ჩვენს მოსახლეობას. ჩვენს პარტიაში არიან გამობრძმედილი, მცოდნე ადამიანები და პარლამენტში არ მოდიან იმისთვის, რომ პირადი პრობლემები მოიგვარონ. ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში შემიძლია ვიჯდე, მშვიდად და წყნარად ვმუშაობდე და ადიგენში, წალკაში, ქედაში თუ სენაკში არ დავდიოდე 24-საათიან რეჟიმში, მაგრამ ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ მიმაჩნია, შემიძლია ჩემი ქვეყნისთვის ძალიან ბევრის გაკეთება, უსინდისობა და დეზერტირობა იქნება ჩემი მხრიდან ამ პრობლემებზე თვალის დახუჭვა და არგაკეთება იმისა, რისი გაკეთებაც შემიძლია. ვხედავდე იმას, დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არის ვინმე, ან რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენზე უკეთესად შეუძლია საქართველოს პრობლემების მოგვარება, გავაკეთებდი იგივეს, რაც გავაკეთე 2012 წელს, როდესაც დავინახე, რომ სააკაშვილის უსისხლოდ მოშორება შეეძლო ივანიშვილს. მან თქვა, სხვამ ხელი არ შემიშალოსო, თუმცა ვერ ვხვდები, რაში ვუშლიდით ხელს? როგორც ჩანს, მომავალ კოჰაბიტაციაში, რადგან დავინახეთ, მას ჰქონდა იმის რესურსი, რომ უსისხლოდ მოეშორებინა სააკაშვილი ხელისუფლებიდან, ჩვენ დავდექით გვერდზე, არაფერი მოგვითხოვია, პოლიტიკურად ყველგან დავიხიეთ უკან, მაგრამ ღიად და აქტიურად ვმუშაობდით „ქართული ოცნების“ ყველა ოფისში, ვეხმარებოდით, რომ სააკაშვილის რეჟიმი მოგვეშორებინა. რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ვახსენე, რა თქმა უნდა, მთავარი პრეტენზია „ქართული ოცნების“ მიმართ მაქვს ის, რომ მან ქვეყნის ვერც ეკონომიკური, ვერც სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესა, ვერც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემაში, ან რომელიმე სხვა საკითხში ნაბიჯი ვერ გადადგა წინ, მთავარი პრეტენზია მაინც ის არის, რომ არ აღადგინა სამართლიანობა და დღეს დამნაშავე, კრიმინალი „ნაციონალური მოძრაობა“ თითის ქნევას და იმაზე ლაპარაკს ბედავს, რომ კიდევ ხელისუფლებაში აპირებს მობრუნებას.

 

 

                                                                                                        თამარ ბატიაშვილი