ნიკა ჩიტაძე: „შესაძლოა, ივანიშვილის წინააღმდეგ დასავლეთში სანქციები აამოქმედონ“
ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ყველა კვლევის თანახმად მიიჩნევდა, რომ ცვლილებების დრო იყო, პირველ ნოემბერს აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩა.
მმართველმა გუნდმა რომ არჩევნები იყიდა, ოქმები უტიფრად გააყალბა და ყველაფერი იკადრა, რისი კადრებაც შეეძლო, ეს ფაქტებით დასტურდება, მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად, ოპოზიციურ სპექტრს „ეძინა“.
პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ „ქრონიკა+“-სთან საუბარში 2012 წელს გავრცელებული ფრაზა გაიხსენა: „ახლა მოვა ბიძინეო, ჭამე, სვი და იძინეო“, _ ქვეყანაში, სადაც, თავის დროზე, მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდათ ოლიგარქის მიმართ და ზოგიერთი დღემდე სცემს თაყვანს კერპად ქცეულ ბიძინას, კიდევ ბევრი წელი, ალბათ, არ უნდა გვქონდეს ცვლილებების პრეტენზია.
ფაქტია, რომ ოპოზიციის უმოქმედობამ და საზოგადოების ნიჰილიზმმა ოლიგარქის მმართველობა 4 წლით გააფორმა.
რა ბერკეტები რჩება ოპოზიციას სამოქმედოდ? აქვთ თუ არა კოორდინებულად მოქმედების უნარი? რა როლი ენიჭება ამ პროცესებში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა:
_ ბატონო ნიკა, დავიწყოთ 31 ოქტომბრის შეფასებით: დგება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა?
_ სამწუხაროა, როგორც განვითარდა მოვლენები 31 ოქტომბერს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა წინასაარჩევნო კამპანია, რომელმაც დარღვევების ფონზე ჩაიარა. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ დღეს ბიზნესი შეკრულია ხელისუფლებასთან, გარკვეული ჰიბრიდია შექმნილი. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართულმა ოცნებამ“ ე. წ. შემოწირულობების სახით 17 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას იმაზე მეტი შემოწირულობა ერგო, ვიდრე სხვა ყველა პარტიას ერთად. ეს შემოწირულობები ნებაყოფლობით რომ ხდებოდეს, ვიტყვით: სამეწარმეო სუბიექტს მოსწონს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მათი კომპანიები ტენდერებში იმარჯვებენ, შემდგომში კი მმართველ პარტიას წინასაარჩევნოდ სწირავენ თანხებს. გარდა ამისა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლინდა ძალადობის ფაქტები ქვემო ქართლსა და სხვა რეგიონებში. ამ ყველაფერმა გააფერმკრთალა წინასაარჩევნო პროცესი. მეორე მხრივ, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას შეეძლო წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების პროცესში მასმედიის საშუალებების გამოყენება. 31 ოქტომბერსაც ისეთი სახის დარღვევები იყო, თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროც აღიარებს ამას. ძალადობის ფაქტები გამოვლინდა და 12 შემთხვევაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამასთანავე, სხვა საკითხებიც საგულისხმოა, მათ შორის, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის პასიური დამოკიდებულება, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე.
_ სანამ საზოგადოების ამ ნაწილზე ვისაუბრებთ, თქვენ ახსენეთ წინასაარჩევნო პერიოდი, რომ ნიადაგი მომზადდა იმ ყველაფრისთვის, რაც 31 ოქტომბერს მოხდა. როგორ ფიქრობთ, ოპოზიციურმა სპექტრმა წინასაარჩევნო კამპანიისას სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია „ქართულ ოცნებას?
_ არაერთხელ მითქვამს, მათ შორის, „ქრონიკა+“-სთან: „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ბევრი ნეგატიური მოვლენა მოხდა, რაც უკავშირდება 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებას, როდესაც რამდენიმე ადამიანმა მხედველობა დაკარგა; ასევე მაჩალიკაშვილის საქმე, როცა ახალგაზრდა ადამიანი ჩაცხრილეს და პროკურატურამ საქმის გამოძიება შეწყვიტა; იყო შემთხვევა, როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატის შვილი, 21 წლის ახალგაზრდა, გორის ტრასაზე დაიღუპა პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობის გამო; ქუთაისში 21 წლის ბიჭი მოკლეს, რომელიც ასევე პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა; ლუკა სირაძე, მოზარდი, როომელიც პოლიციელმა მიიყვანა თვითმკვლელობამდე, _ ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლება მაინც უგებდა და დღესაც უგებს საინფორმაციო ომს „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ბევრი რამ დაბრალდა, იგივე რაფალიანცის, ჟვანიას მკვლელობები, ასევე თითქოს სააკაშვილი და მისი მეუღლე ორგანოებით ვაჭრობდნენ, _ უამრავი ტყუილი დააბრალეს. ოპოზიციამ ამ მიმართულებით, ჭორების გასაფანტავად ვერ იმუშავა. მათ მოსახლეობისთვის უნდა აეხსნათ, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. 7 ნოემბერი, რომ მოხდა, მოსახლეობისთვის უნდა აეხსნათ, რომ ეს იყო ცუდი მოვლენა, ხელისუფლების დამხობის ლოზუნგებით გამოდიოდნენ. ძალას კი გადაამეტა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილმა საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება და გადადგა, ერთი წლით შეიმცირა საპრეზიდენტო ვადა და დანიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ კი „ქართულ ოცნებას“ ბოდიშიც არ მოუხდია მოსახლეობისთვის და მეტიც: ადამიანი, რომელმაც დარბევის ბრძანება გასცა, დააწინაურეს და პრემიერი გახდა. ვხედავთ, რომ განსხვავება აშკარაა.
განვიხილოთ სხვა შემთხვევებიც: რობაქიძისა და გირგვლიანის საქმეებთან დაკავშირებით დამნაშავეებმა აგეს პასუხი. ვინ დაისაჯა მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემთხვევაში?! აღსანიშნავია ისიც, რომ 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა „ქართულ ოცნებას“. ახლა კი ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ეგუება ხელისუფლების დაკარგვას და ყველანაირად ებღაუჭება ძალაუფლებას. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ საინფორმაციო ომს უგებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ოპოზიციას უნდა განესაზღვრა, რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, როგორ უნდა აღმოეფხვრა პრობლემები და არა ის, რომ ყოველდღე ეძახა: ივანიშვილის რეჟიმი უნდა დასრულდეს. მხოლოდ ამის თქმამ შედეგი ვერ მოიტანა. „მთავარმა არხმა“ და „ტვ პირველმა“ იმუშავეს, ჩაატარეს ჟურნალსტური გამოძიებები, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ივანიშვილი უნდა წავიდეს! _ ეს მესიჯი გასაგები იყო, მაგრამ ოპოზიციას მომავლისკენ უნდა წაეყვანა საქმე და ხალხისთვის დაენახვებინა, რას სთავაზობდნენ.
_ თქვენ აღნიშნეთ საზოგადოების პასიური დამოკიდებულება. არ არის მოსახლეობა საკმარისად იმედგაცრუებული და გაბრაზებული ივანიშვილის რეჟიმზე? არ უნდა დაგვავიწყდეს, დიდი ნაწილი თანხმდებოდა იმაზე, რომ ცვლილებები საჭირო იყო…
_ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისიც უნდა გაეთვალისწინებინა, რომ 200 ათასზე მეტი საჯარო მოხელე ჰყავს საქართველოს, რომელთაც ჰყავთ ნათესავები და ახლობლები. ჩვენს რეალობაში სწორედ ახლობლების ხათრით აძლევენ ამა თუ იმ პარტიას ხმას. შესაბამისად, ინდივიდუალიზმის პრობლემაა. საჯარო მოხელეები, ასევე სიპები და მუნიციპალური ორგანოები, _ მმართველი გუნდის ეს რესურსი ოპოზიციას უნდა გაეთვალისწინებინა. „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყვანა. ალბათ, მათ უთხრა, რომ თუ დავმარცხდებით, თქვენც დაკარგავთ სამსახურსო, შესაბამისად, ისინიც გამოვიდნენ. ამ დროს ოპოზიციას მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მობილიზება უნდა უზრუნველეყო. ეს ნაწილი ფიქრობს, „ქართული ოცნება“ კი ცუდია, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ რატომ დავუჭიროთ მხარიო? ამიტომაც 31 ოქტომბერს, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 45% იყო გამოცხადებული. მნიშვნელოვანი ნაწილი არ მოვიდა არჩევნებზე. თავის დროზე ციცერონი ამბობდა, შემდეგ ჩერჩილმა გაიმეორა: „ხშირ შემთხვევაში ცრუ ქმედებაზე უარესი უმოქმედობააო“. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იყიდება, მათ შორის, პროდუქტზე. ამ შემთხვევაში თავი და თავი არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დანაშაული, სხვა პრობლემაც არის. 2012 წელს თავად ბიძინა კი არ იყო უბედურება, არამედ _ ბიძინიზმი, კერპად გაიხადეს იგი. საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ხუმრობაც კი იყო ასეთი: „ახლა მოვა ბიძინეო, ჭამე, სვი და იძინეო“.
_ 8 წლის თავზე ოპოზიციამ ვერ შეძლო ბიძინიზმის დასრულება?
_ მათ ვერ მოახერხეს საინფორმაციო ომში გამარჯვება. ისევ და ისევ ეს პრობლემაა. 8 წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება ეჭვების გასაქარწყლებლად და ინფორმაციულ ომში „ქართული ოცნების“ დამარცხება.
_ 31 ოქტომბრის ღამეს პარალელური რეალობა მივიღეთ: ერთ მხარეს „ქართული ოცნება“ აღნიშნავდა გამარჯვებას, მეორე მხარეს _ ოპოზიცია. რა მოცემულობის წინაშე ვდგავართ დღეს და როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ?
_ მოცემულობა არის ის, რომ პროპორციული არჩევნების ფარგლებში „ქართულ ოცნებას“ აქვს 62 მანდატი. გარდა ამისა, რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში მათ გაიმარჯვეს. ამიტომაც ერთია, ოპოზიცია დაირაზმოს და თუნდაც, თბილისისა და რამდენიმე სხვა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში შეძლოს გამარჯვება. მეორე ტურში, მაჟორიტარულ ოლქებში, ყველა ოპოზიციურმა კანდიდატმა უნდა მოუწოდოს ხალხს, რომ მეორე ტურში გასულ ოპოზიციონერ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. მაგალითად, უგულავამ მოუწოდოს ზუგდიდის მოსახლეობას, რომ მეორე ტურში ხმა მისცენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს და ამ პრინციპით იმოქმედონ იქ, სადაც მეორე ტური იქნება. თუ ოპოზიცია ამ პრინციპით იმოქმედებს მეორე ტურში და გააგრძელებს ბრძოლას, შემდეგ უნდა შევიდეს პარლამენტში და იქ გაუწიოს ოპონირება ხელისუფლებას. როგორც მე-9 მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დატოვეს უმრავლესობა, შესაძლებელია, ეს შემთხვევა განმეორდეს და თუ ეს ასე მოხდა, პარლამენტის შიგნით უმრავლესობა იქნება ოპოზიცია, რაც მას საშუალებას მისცემს, უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, _ ეს ერთ-ერთი სავარაუდო სცენაა, რომლითაც შესაძლებელი იქნება პოლიტიკური პროცესების წარმართვა.
_ აქტიურად განიხილება ვარიანტი, რომ ოპოზიციამ უარი თქვას მანდატებზე. ასეთ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ ვერ გამოუცხადებს ნდობას მთავრობას, ეს რამდენად სწორი ტაქტიკა იქნება?
_ ამ ნაბიჯის შემთხვევაში პლუსი ის იქნება, რომ ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, აღნიშნული არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა გაუწიონ ოპონირება „ქართულ ოცნებას“? მათ უნდა იმუშაონ დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან, რომ განახორციელონ ზეწოლა ხელისუფლებაზე. ამ ნაწილში უნდა განვიხილოთ ის, რომ თუ კვორუმი შედგა, პარლამენტი შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას.
_ თქვენი აზრით, შედგება კვორუმი?
_ სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო. ამიტომ ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს მეორე ტურებში და შეძლოს გამარჯვება. მეორე ვარიანტია, რომ მათ უარი განაცხადონ პარლამენტში შესვლაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურშიც არ მიიღებენ მონაწილეობას. მეორე ვარიანტის შემთხვევაში რა ოპონირების გზა არსებობს?! პარლამენტში კი ოპოზიციას ჰყავს ძალიან ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსი. იმ შემთხვევაში თუ შევლენ საკანონმდებლო ორგანოში, ამით აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას, სამაგიეროდ, მომავლისკენ, რომ გაიხედონ, შესაძლებელია, ვადამდელი არჩევნებიც კი დაინიშნოს და „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლამდეც ვერ გასტანოს. შესაძლებელია ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის შედეგად წმინდა პროპორციული არჩევნები გაიმართოს, არა 2024 წელს, არამედ 2022 წელს. თუ ოპოზიცია არჩევნებს არალეგიტიმურობას უცხადებს, მაშინ რა ალტერნატიული გზა რჩებათ? _ შესაძლებელია, ხელისუფლებამ კვორუმის შექმნა მოახერხოს და შემდეგ მთავრობასაც დააკომპლექტებს. თუ 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი წარმომადგენელი გაიყვანა, ხელისუფლებას 92 ხმა ექნება, აქედან გამომდინარე, ოპოზიციისთვის რთული იქნება ბრძოლა. ამ ნაწილში ძალიან საინტერესოა, რას იტყვიან საერთაშორისო დამკვირვებლები და როგორი იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია საერთო ჯამში. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება უფრო მეტად კონცენტირებულია ამერიკაში გასამართ არჩევნებზე. მსოფლიო საზოგადოებას უფრო მეტად აინტერესებს ამერიკის არჩევნები. რაც შეეხება საქართველოს, იმედი მაქვს, რომ საქართველო ყურადღების მიღმა არ დარჩება. არ არის გამორიცხული, დასავლეთში გარკვეული სანქციები აამოქმედონ ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორც ეს მოხდა მოლდოვის ოლიგარქ პლოხოტნიუკის შემთხვევაში.
_ დღეს არის ისეთი მოცემულობა, რომ მოლდოვის პრეცედენტი განმეორდეს? რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ გამორიცხული არაფერია, მათ შორის, არც სანქციების ამოქმედება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ყველაფერი შესაძლებელია.
_ ჩვენ ვისაუბრეთ ვარიანტებზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ, მაგრამ რამდენად აქვთ მათ იმის რესურსი, რომ ერთიანობა შეინარჩუნონ?
_ ოპოზიციამ კოორდინებულად უნდა იმოქმედოს _ ან არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში, ან ყველა უნდა დასთანხმდეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. რაც შეეხება მათ რესურსს, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ყველა სხვა პარტია, ალბათ, კოორდინებულად იმოქმედებს. სავარაუდო სცენარი ასეთია, რომ ოპოზიცია მეორე ტურში გამარჯვებისთვის მაინც იბრძოლებს, რათა არჩევნების გზით მიაღწიოს თავის საწადელს, _ ბოლომდე ეცდება 21 ნოემბრის ჩათვლით ბრძოლას. შემდეგ კი პარლამენტში შევიდეს შესაბამისი რაოდენობით და იქ გაუწიოს ოპონირება „ქართულ ოცნებას“. ასევე შესაძლებელია პარლამენტის შიგნითაც მოხდეს გარკვეული ცვლილებები. არ არის გამორიცხული ან მეორე ვარიანტია, თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს და არალეგიტიმურად ცნობს არჩევნების შედეგებს, მაშინ შესაძლებელია, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვას. ასე მგონია, რომ ბრძოლა ჯერჯერობით საჭიროა არჩევნების გზით.
_ ამ ბრძოლის ნაწილში რა როლი აქვს პროტესტსა და ქუჩის აქციებს? ასევე რამდენად გამოვა ხალხი გასაპროტესტებლად? არის საკმარისი საპროტესტო მუხტი?
_ ნაწილი გამოვა, მაგრამ „ვარდების რევოლუციისგან“ განსხვავებული ვითარებაა, _ მაშინ პოლიცია განზე გაიწია, არც ჯარი და არც პოლიცია არ ექვემდებარებოდა ხელისუფლებას. დღეს კი განსხვავებული ვითარებაა. გასაგებია, რომ ქუჩაში გააპროტესტებს ოპოზიცია, მაგრამ ეს არ არის მეთოდი. მხოლოდ ქუჩის პროტესტი შედეგს ვერ მოიტანს. ყველას გვინდა მშვიდობა და სტაბილურობა, მაგრამ როდესაც იძულებული ხარ და სხვა გზას არ გიტოვებენ, პროტესტი ქუჩაში გადადის. შესაძლებელია, ოპოზიცია პარლამენტის წინ შეიკრიბოს, სახელმწიფო უწყებების ბლოკირებას მიმართოს, მაგრამ ეს არ არის ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი. მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მეორე ტურში ბრძოლაა საჭირო, რადგან ოპოზიციას გამარჯვების შანსი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციურ ხმებს გააერთიანებს, ამისთვის კი კოორდინებული მოქმედებაა საჭირო. ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობა. საერთაშორისო დამკვირვებლები კენჭისყრის დღეს კი მიდიოდნენ და აკვირდებოდნენ პროცესს, მაგრამ აუცილებელია, მათ კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. მაგალითად, არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე „ევროკავშირის“ წარმომადგენელი მოვიდა, რიგში რომ ვიდექით რამდენიმე ადამიანი გამოკითხეს და წავიდნენ, თუმცა უშუალოდ საარჩევნო უბანზე არ შესულან. მოვიდნენ, ვითარებას ზოგადად დახედეს და წავიდნენ, ამიტომაც მგონია მნიშვნელოვანი, რომ საერთაშორისო საზოგადოებას კონკრეტული, დარღვევის ამსახველი კადრები წარუდგინონ. ერთ-ერთი გამოსავალი იქნება კონსენსუსის მიღწევა იმის შესახებ, რომ ვადამდელი არჩევნები გაიმართოს, რომელიც წმინდა პროპორციული წესით წარიმართება. ალბათ, ესეც ერთ-ერთი გამოსავალი იქნება. მგონი, ცუდად არავინ გამიგებს, საზოგადოების პოლიტიკური კულტურის ამაღლება მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, საკუთარ თავსაც ვგულისხმობ. კულტურის ამაღლება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს ხელისუფლების უზურპირება, ეს მხოლოდ ივანიშვილის ბრალი არ არის, საზოგადოებამ გააბედინა მას _ თავის დროზე ის გააკერპა გარკვეულმა ნაწილმა.
_ თავის დროზე და 8 წლის შემდეგ საზოგადოებასთან ერთად ოპოზიციამაც გააბედინა…
_ ოპოზიციამ დიდი მუშაობა გასწია, მაგრამ მისი სუსტი მხარე საინფორმაციო ომის წაგება იყო. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ოპოზიციას გარკვეული დასკვნები უნდა გამოეტანა, პირველ ტურში ზურაბიშვილს 615 ათასმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, მაგრამ მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა გზით შეძლო სათანადო ხმების მიღება. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობაც ნიჰილისტურად არის განწყობილი. რა არის ამის მიზეზი? რატომ აგებს ოპოზიცია საინფორმაციო ომს? რა უნდა გაკეთდეს? _ ამ კითხვებზე პასუხი და ამის გააზრებაა საჭირო, ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს ოპოზიციამ. მხოლოდ იმის თქმა, რომ ივანიშვილი ცუდია, შედეგს ვერ მოიტანს, ოპოზიციამ მომავლისკენ უნდა წაიყვანოს საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა მუდმივად იქნება, მით უმეტეს, სიღარიბისა და შიმშილის პირობებში ფულს მეტად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ხანდახან კი 5 კილო კარტოფილსაც. ეს არის პრობლემა.
ნენე ინჯგია