ნიკა ჩიტაძე: „ბესელიას დისკრედიტაცია ივანიშვილისა და ხელისუფლების ინტერესი იყო“
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ბოლო პერიოდის განმავლობაში მთავარ თემად იქცა მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება. თავის მხრივ კი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებამ საფუძვლიანი ეჭვი გაუჩინა საზოგადოებას, რომ ამ პროცესებში თავად ბიძინა ივანიშვილი ან ხელისუფლების გარკვეული შტოა გარეული.
როგორ დასრულდება მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება? შექმნის თუ არა ბესელია პოლიტიკურ პარტიას და რა შანსები აქვს ემიგრაციაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესუბრა:
_ბ-ნო ნიკა, როგორ ფიქრობთ , კონკრეტულად, რამ გამოიწვია მმართველ გუნდში აღნიშნული დაპირისპირება?
_ მმართველი გუნდი დროდადრო საკუთარ რიგებში წმენდას ახორციელებს. გარკვეულწილად, აღნიშნული ფაქტი შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ ზოგიერთი დეპუტატი, რომელსაც რეპუტაცია, ასე თუ ისე, შეელახება ან კომპეტენტური არ არის ან ლოიალური არ არის ხელისუფლების მიმართ, მას რიცხავენ ან უკანა პლანზე წევენ. ბესელიას შემთხვევა არ არის პირველი. კარგად გვახსოვს, „ქართული ოცნების“ შემადგენლობა 2016 წლიდან საფუძვლიანად შეიცვალა. 2012 წლის პარლამენტის მოწვევის ბევრი წევრი აღარ შეიყვანეს შემდეგ საპარლამენტო სიაში, რომელსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდა მიეღო მონაწილეობა. სწორედ ამ დროს წარადგინა კვირიკაშვილმა 15-მდე ახალი ადამიანი, ძირითადად, დასავლეთში განათლება მიღებული ხალხი.
_ ამბობთ, რომ „ოცნებაში“ სერიოზული კრიზისი არ არის და ბუნებრივი წმენდაა?
_ რა თქმა უნდა, გარკვეულ კრიზისზე მიუთითებს. როგორც ასეთი, კოალიცია „ქართული ოცნება“ წინა მოწვევის პარლამენტში დაიშალა და შემდგომში ცალკე პოლიტიკური პარტიის სახელით წარდგა. თუ მანამდე კოალიციის შიგნით მიმდინარეობდა რღვევა, დღეს პარტიის შიგნით შეინიშნება გარკვეული პროცესები. რთულია ვთქვათ, რომ ეს პარტიის დაშლის პროცესია, რადგან „ქართულ ოცნებას“ ფინანსური რესურსი აქვს. შესაძლოა, თავის დროზე, ზოგიერთი დეპუტატის თავიდან მოცილება ბიძინა ივანიშვილს აწყობდა კიდეც, თუმცა დღეს ბესელია პარტიის ინტელექტუალურ და აქტიურ წევრად მიიჩნეოდა, ამ შემთხვევაში, მის პიროვნულ თვისებებზე არ ვსაუბრობ. ასევე ივანიშვილის მიმართაც ლოიალურად იყო განწყობილი. უნდა ვთქვათ ისიც, რომ შესაძლოა, „ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ბესელიას გავლენა შესუსტებულიყო. მახსოვს, როცა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა, მაშინ მედიასთან ვთქვი, _ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჩინჩალაძე-მურუსიძე არ იყო და რომ ეს გახლდათ საბაბი. როგორც ჩანს, ბესელიას მანამდე უთხრეს, რომ ის პოსტიდან უნდა წასულიყო. ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო: ერთ-ერთი ის, რომ ბესელია დამოუკიდებლად თამაშს ცდილობდა ან მისი გავლენის გაზრდა, მესამე ვარიანტი კი ის არის, რომ მისი რეპუტაცია შეილახა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბესელია პატიმრებისგან პოლიტპატიმრების სიაში მოსახვედრად ფულს იღებდა, ასევე მის შვილთან დაკავშირებით ინციდენტიც მოხდა. იმას კი არ ვამბობ, რომ ივანიშვილს მორალური პრინციპები აწუხებს, შესაძლოა, სურს, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ითამაშონ განტევების ვაცის ფუნქცია. შიდა კვლევებს „ქართული ოცნება“ ახორციელებს და ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ პრობლემები არსებობს, თუმცა მას ისეთი ადამიანი უნდა, ვინც განტევების ვაცის როლს მოირგებს. ბესელიამდე კვირიკაშვილი აღმოჩნდა ცუდი. თუ ასეთი ცუდი იყო, რატომ წარადგინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე და რომ წარადგინა, შემდეგ მასზე პასუხისმგებლობაც უნდა აეღო. ანალოგიური შემთხვევა იყო ღარიბაშვილთან დაკავშირებითაც. ცოტა ხანში, ალბათ, ბახტაძე აღმოჩნდება ცუდი. ივანიშვილს ყველა ეტაპზე სჭირდება ვიღაც განტევების ვაცი, ანუ ის, თავის დროზე, გადადგა პრემიერის პოსტიდან, მოიხსნა პასუხისმგებლობა და ახლა ცდილობს, პერიოდულად ეს პრობლემები სხვებს აჰკიდოს. ივანიშვილს მორალი რომ აწუხებდეს, მაგალითად, ფარცხალაძეს არ დააფარებდა ხელს. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მას დღეს შავი საქმეებისთვის ფარცხალაძე უფრო სჭირდება, ვიდრე _ ბესელია. თავის მხრივ, ბესელიასთანაც არსებობს კითხვები: მურუსიძე-ჩინჩალაძე 6 წელი „ქართულ ოცნებას“ ემსახურებოდა და რატომ არ აპროტესტებდა მურუსიძის დანიშვნას იუსტიციის საბჭოს მდივნად? ან სხვა მოსამართლეების ქმედებებს რატომ არ აპროტესტებდა? რამდენად დამოუკიდებელია საქართველოში სასამართლო, კარგად გამოჩნდა „რუსთავი 2-ის“ საქმეზე, როცა ურთმელიძის დედა მისი ოჯახის წევრი არ აღმოჩნდა იმდენად აბსურდული გახლდათ სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ევროპის საბჭოს სასამართლომ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილება „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ბესელიას არ შესტკიოდა გული „დამოუკიდებელ“ სასამართლოზე.
_ დაპირისპირების დასაწყისში ბესელიამ საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა. ყველა ელოდებოდა, რომ ის რაიმე მნიშვნელოვანს იტყოდა, თუმცა არაფერი ახალი არ უთქვამს. როგორ ფიქრობთ, მან უკან დაიხია თუ, უბრალოდ, გააფრთხილა ივანიშვილი და მმართველი გუნდიც?
_ რამდენიმე ვერსია არსებობს. შესაძლოა, ის ხელისუფლების რეაქციას ელოდებოდა. მეორე ვარიანტის მიხედვით კი, თავის დროზე, ვიცით, რომ ბესელიას ხელს აფარებდნენ. ამ შემთხვევაში, შეიძლება, მან იფიქრა, რომ ჯობდა, თავი შეეკავებინა, რათა მოწინააღმდეგე მხარეს საპასუხო ზომები არ მიეღო. მესამე ვარიანტის მიხედვით, ბესელიას ივანიშვილთან ხიდების დაწვა არ სურს. ის პირდაპირ ივანიშვილს არ აკრიტიკებს. შესაძლოა, ფიქრობს, რომ ივანიშვილთან დაპირისპირების შემთხვევაში მომავალ საპარლამენტო სიაში აღარ ჩასვამენ. ბესელიამ კი, როგორი პოლიტიკური პარტიაც არ უნდა შექმნას, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ამ პარტიას შანსი არ ექნება. ამიტომ შესაძლოა, ბესელიას პოლიტიკური კარიერა დასრულდეს. ფაქტია, რომ მას ამბიცია აქვს, პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი იყოს. ბესელია მუდმივად აკეთებს განცხადებას, რომ კონკრეტული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ეწინააღმდეგება. თითქოს ის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იბრძვის. კობახიძის გუნდისგან განსხვავებით პირიქით, შესაძლოა, ივანიშვილისთვისაც და „ოცნებისთვისაც“ ბესელია უფრო დადებით როლს ასრულებს.
_ თქვენ ახსენეთ, რომ ბესელია ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იბრძვის. ცხადია, რომ მოსამართლეების თემით ივანიშვილსაც და „ოცნებასაც“ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. როგორ ფიქრობთ, რატომ ირჩევს ამ გზას ივანიშვილი?
_ შეიძლება, ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში მას აწყობს მურუსიძე-ჩინჩალაძისნაირი ადამიანები იმიტომ, რომ თუ მურუსიძე-ჩინჩალაძე წინა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა, შესაბამისად, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. ივანიშვილს პრინციპული მოსამართლეები არ სჭირდება. ივანიშვილს მიაჩნია, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძე თუ წინა ხელისუფლების საქმეს აკეთებდა, ახლა დღევანდელი ხელისუფლების საქმეს გააკეთებს.
_ ამის საპირწონედ ხომ მოუწევთ პოლიტიკური ფასის გადახდა?
_ სამაგიეროდ, წონის ის, რომ მმართველი ძალა სასამართლო ხელისუფლებას დაიმორჩილებს. მეორე მხრივ კი ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამომრჩევლის ყიდვა ყოველთვის შესაძლებელია, როგორც, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოხდა. შეუძლებელია, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის პირველ ტურში 616 000 ადამიანს მიეცა ხმა და ეს რიცხი მეორე ტურში მილიონ 200 ათასამდე გაზრდილიყო. ივანიშვილს განცდა გაუჩნდა, რომ მურუსიძეს დანიშნავს თუ ღობეგლეჯიაშვილს, ხალხს მაინც მოისყიდის. ხალხს უნდა „პური და სანახაობა“, სასამართლო სისტემების დამოუკიდებლობა ნაკლებად ადარდებს. ნორმალურ ქვეყანაში, სადაც კანონის უზენაესობა არსებობს, მმართველი ძალა ყოველთვის თავის რეიტინგს გაუფრთხილდებოდა. სხვათა შორის, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ერთი წელიც მაცადეთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. უკვე 3 თვე გავიდა, დარჩა 9 თვე.
_ ამ პროცესს პარალელურად თან ახლდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, „ოცნება“ „ნაციონალების“ მისამართით იშვერდა თითს და ამბობდა, რომ მათი მმართველობის დროს ხდებოდა თვალთვალი და გადაღება, თუმცა „ნაციონალების“ დროს ფირები არ გავრცელებულა. თქვენ ვის ინტერესებს ხედავთ, ვინ „თამაშობს“ ამ კადრებით?
_ ხელისუფლების ინტერესს ვხედავ. „ნაციონალებს“ რომ სდომოდათ, მაშინ გაავრცელებდნენ. როდესაც ბესელიას განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა ბიძინა ივანიშვილთან და უშუალოდ „ქართულ ოცნებასთან“, რატომ არ გავრცელდა მაშინ და რატომ გავრცელდა ახლა, როდესაც „ქართული ოცნების“ შიგნით მოხდა დაპირისპირება?! „ნაციონალებსა“ და ბესელიას შორის დიდი ხანია, ეს დაპირისპირება არსებობს. გავრცელება რომ სდომდათ, მანამდე გაავრცელებდნენ. დღეს ბესელიას დისკრედიტება უფრო ხელისუფლებას აწყობს.
_ ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია არსებობს, მათ შორის ის, რომ კადრების გავრცელების დირიჟორი ივანიშვილია; მეორე ვერსიის თანახმად, „ახლების“ გუნდის ინიციატივით მოხდა ყველაფერი. თქვენ რომელს უფრო იზიარებთ და რატომ?
_ შესაძლოა, „ახლების“ გუნდის გავრცელებულია, მაგრამ ივანიშვილთან ისინი ბევრ რამეს ათანხმებენ. მგონია, რომ ბესელიას დისკრედიტაცია ორივეს ინტერესში შედიოდა. ვიღაცებს დააბრალეს, თუმცა მათ შესაძლოა, უბრალოდ, გააზიარეს ეს ვიდეო. სად არის წყარო, ვინც პირველად გაავრცელა, ეს არის მნიშვნელოვანი. ხელისუფლების წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს აჩვენებდნენ გაუპატიურების კადრებს, სადაც არ ჩანს, ვინ ვინ არის, სად ხდება მოქმედება და ამბობდნენ, რომ „ნაციონალები“ აკეთებდნენო. ვიმეორებ: სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქში სკოლის ბავშვებს აჩვენებდნენ ამ კადრებს _ ეს ხელისუფლების ხელწერაა!
_ საბოლოო ჯამში, ივანიშვილამდე მივდივართ?
_ ასე პირდაპირ ვერ დავაბრალებ, შემიძლია, ვერსიებით ვისაუბროთ. არ მაქვს უფლება, ივანიშვილი იქნება თუ სხვა ჩემი თანამოქალაქე, პირდაპირ დავაბრალო რაიმე. უბრალოდ, შესაძლებელია, ხელისუფლება ყოფილიყო პირადი კადრების გავრცელებით დაინტერესებული. როგორც კი ბესელია ხელისუფლებას დაუპირისპირდა, მაშინვე გაჩნდა კადრები. როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა? ვუჭერ თუ არა მხარს, „ქართული ოცნება“ მმართველი ძალაა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უჭერს მხარს და არ მინდა, ამაში „ქართული ოცნება“ ან რომელიმე პოლიტიკური პარტია იყოს მონაწილე. ძალიან დიდი სიბინძურეა ამ კადრების გავრცელება, სამწუხარო რეალობაა, რომ ხალხში ამ კადრებით მანიპულირება და ადამიანის პირად ცხოვრებაში შეღწევა ხდება.
_ რა კუთხით შეიძლება იყოს ხელსაყრელი ოპოზიციისთვის მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება?
_ ოპოზიციას რაც შეეხება, სხვანაირად უნდა იმოქმედოს. ორიენტაცია ამაზე არ უნდა აიღოს. პრინციპში, ოპოზიცია არც ჩარეულა. მგონია, რომ ოპოზიციამ განცხადება უნდა გააკეთოს, სადაც ნათქვამი იქნება, რომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით შავი პიარის აგორება მიუღებელია. ყოველ შემთხვევაში, ადრეც არსებობდა გაუპატიურების კადრები, ჟურნალისტის თუ კონკრეტული პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია. რაც შეეხება ოპოზიციის ტაქტიკას, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია „ქართული ოცნების“ დაშლაზე არ უნდ იყოს ორიენტირებული. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა იმუშაონ იმაზე, რომ საზოგადოებაში არსებული ჭორები გაფანტონ.
_ რა ჭორებს გულისხმობთ?
_ მოსახლეობის დიდ ნაწილში მაინც არსებობს აზრი, რომ „ოცნება“ კი ცუდია, მაგრამ „ნაციონალები“ მაინც არ გვინდა. განათლებულ ადამიანებს უთქვამთ ჩემთვის, რომ არ უნდათ „ნაციონალები“, რადგან ისევ წამება, გაუპატიურება დაიწყება და ა. შ.
_ ეს იმდენად არის საზოგადოების ფსიქიკაში გამჯდარი, რომ ამის გაფანტვა მარტივი არ იქნება. როგორ უნდა მოახერხოს ეს, პირველ რიგში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“?
_ მუშაობაა საჭირო. ფაქტია, რომ NDI-ის კვლევებით 24% უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“, 11% _ „ნაციონალურ მოძრაობას“. რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო არჩევნები მასობრივად გაყალბდა და ამის კადრებიც არსებობს, როგორ იყრებოდა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენები, მაგრამ ის ამომრჩევლები, რომლებიც პირველ ტურში არ მივიდნენ, მეორე ტურში მართლა მივიდნენ იმის გამო, რომ „ნაციონალები“ არ დაბრუნებულიყვნენ. ოღონდ „ნაციონალები“ არა და ნებისმიერი სხვა. ასეთ დროს გააჩნია, ვინ „სხვას“ აძლევ ხმას? თავის დროზე, ოღონდ მიშა არაო და „გრეჩიხას“ აძლევდნენ ხმას. ან რისი იმედი ჰქონდათ? მოხდა ის, რომ თბილისში „გრეჩიხამ“ მოიგო. მას საზოგადოების წინაშე დაგინებასა და შეგინებას შორის განსხვავების წარდგენა ეხერხებოდა. ასეთი შემთხვევებიც ხდება ხოლმე.
_ გასაგებია, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს ის 9 წელი განსაკუთრებით მძაფრად ახსოვს და ამაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სერიოზულად უნდა იმუშაოს, თუმცა, კონკრეტულად, რა ნაბიჯები უნდა გადადგან „ნაციონალებმა“ და, მათ შორის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ?
_ მათ ეჭვები უნდა გაფანტონ, ანუ უნდა თქვან, რომ დაგვაბრალეს რაფალიანცის ამბავი, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა, „ცოცხების“ სკანდალი, დღემდე გირგვლიანზე რომ საუბრობენ, მოხდა ტრაგედია, მაგრამ დამნაშავეები 3 წელი ისხდნენ ციხეში. რატომ 3 და არა მეტიო? იმიტომ, რომ განზრახ მკვლელობა არ დამტკიცდა. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მული, განზრახ მკვლელობა, ითვალისწინებს 15 წლამდე ან სამუდამო პატიმრობას, მაგრამ არ დამტკიცდა. ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მაჩალიკაშვილის შემთხვევაში სპეცოპერაცია ჩატარდა. ყველამ ვიცით, ვინც იყო სპეცოპერაციის მონაწილე, მაგრამ დამნაშავე არ დასჯილა, ხალხს კი მაინც გირგვლიანი ახსოვს. მაჩალიკაშვილი რომ მოკლეს, ეს ფაქტია. სპეცოპერაცია ჩატარდა და ადამიანი ჩაცხრილეს. თუ რაღაც ეჭვი არსებობდა, შეეძლოთ დაეპატიმრებინათ. ან თუნდაც სხვა შემთხვევები რომ გავიხსენოთ: თათუხაშვილი; კორტავას მკვლელობა ციხეში, სწორედ ამ თემებზე უნდა ისაუბრონ. იყო შემთხვევები, როდესაც ე. წ. პოლიტპატიმრად წოდებულმა და შეწყალებულმა პატიმრებმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორის, მკვლელობა. ამ ადამიანების სიაც არის. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს გირგვლიანიც და სხვა ჩვენი თანამოქალაქეებიც, მათ სულებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ახსოვთ გირგვლიანი და ნაკლებად _ მაჩალიკაშვილი. ამაზე სამუშაოა. მაგალითად, 7 ნოემბერს ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ იქ იყო ხელისუფლების დამხობის მოწოდებაც. მეორე მხრივ, კორცხელის ინციდენტი რომ გავიხსენოთ, იქ ხელისუფლების დამხობის მოწოდება არ იყო, ადამიანებს, რომლებიც ამ ინციდენტში ძალადობდნენ, თანამდებობები შეუნარჩუნეს ან დააწინაურეს. უნდა შეახსენონ, რომ მათ დროს, ვგულისხმობ „ნაციონალებს“, ეკონომიკა წინ მიდიოდა; ბევრი ბიზნესმენი იყო, რომელიც შევარდნაძის დროს სახელმწიფოს თანხებს უმალავდა და შემდეგ ამ თანხების დაბრუნება მოსთხოვეს; ასევე 7%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა და ლარის კურსი 1.65 იყო, ანუ ამ მიმართულებით უნდა წარმოებდეს მუშაობა. ოღონდ „ნაციონალები“ არ დაბრუნდნენ, ამ პროპაგანდით იგებს „ოცნება“, მაგრამ საქართველო მარცხდება. შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყნის ინტერესები ეწირება ამ ყველაფერს.
_ მიშას ფაქტორზეც მინდა გკითხოთ: ემიგრანტების შემოკრება და ემიგრანტებთან ერთად მოძრაობის დაწყება რამდენად რეალური გგონიათ, რომ ამით პოლიტიკური ცვლილებები დაიწყება? რაღაც ნაწილი ფიქრობს, რომ ემიგრაცია ხელისუფლებას ვერ შეცვლის. მეორე ნაწილის აზრით კი მათ რეალური რესურსი აქვთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ მეთოდით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება იმ პირობებში, როცა მიშა ემიგრაციაშია და მაჯისცემაზე არ უდევს ხელი? რამდენად რეალურია, რომ დისტანციურად შეძლოს პროცესების მართვა? ასევე საუბარია 10 მილიარდის ინვესტიციაზეც.
_ 10 მილიარდი რომ ახსენეთ, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას კონკრეტული გეგმა უნდა წარუდგინოს, ვინ საიდან დებს ამ 10 მილიარდს, ხალხს რეალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. საქართველოში წელიწადში მილიარდ _ მილიარდ-ნახევრის ინვესტიცია იდება, თუმცა ესეც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს. ვინ აპირებს ამ 10 მილიარდის ჩადებას? მე პირადად, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, დაინტერესებული ვარ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოვთხოვო. ალბათ ჩემ გარდა ამით ათეულ ათასობით ჩვენი თანამოქალაქეა დაინტერესებული. რც შეეხება ემიგრაციას, ეს ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა და, რა თქმა უნდა, არა ერთადერთი. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მილიონზე მეტი ადამიანი, სამწუხაროდ, საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მხარს უჭერს გაერთიანებულ ოპოზიციას, მაგრამ დიდი ნაწილი უჭერს მხარს. ფაქტია, ოპოზიციონერმა კანდიდატმა საზღვარგარეთის უბნებში გაიმარჯვა, ანუ იქ, სადაც ხელისუფლებამ ვერ გააყალბა.
_ რამდენად სწორადაა გათვლილი სტრატეგია, რომ ემიგრანტებს ეყრდნობა?
_ ჯერ ერთი, ეს ემიგრაცია არჩევნებში მონაწილეობს; საქართველოს საკონსულოები სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს.
_ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქტივობა ძალიან დაბალია…
_ ვიცით, რომ დაბალია, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ემიგრანტებს საქართველოში ნათესავები ჰყავთ. მათ, გარკვეულწილად, შეუძლიათ ჩაერთონ ამ პროცესში. რატომ შეიძლება იყვნენ პირადად ემიგრანტები ამ პროცესით დაინტერესებულები, გარდა იმისა, რომ ქართველები არიან და უკეთესი საქართველო უნდათ? ეგოისტურად რომ მივუდგეთ, ვიღაც, ვისაც სწამს, რომ მართლა 10 მილიარდი ჩაიდება და, ვთქვათ, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდა ხელისუფლებაში, მაშინ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უკეთესი პირობები შეიქმნება, შესაბამისად, ემიგრანტებს ემიგრაციაში ყოფნა აღარ დასჭირდებათ. მათ ნაწილს აღარ დასჭირდება მოხუცის მოვლა, ყველა ემიგრანტს შეექმნება იმის პირობა, რომ საქართველოში დაბრუნდეს. ცხადია, ემიგრანტთა უმრავლესობას საქართველოში დაბრუნება სურს, მათ შორის, სააკაშვილსაც, თუმცა მისი დაბრუნება ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში, ვფიქრობ, შეუძლებელია. შემდგომში თუ ხელისუფლება შეიცვალა, უნდა დაბრუნდეს, ოღონდ, შესაძლებელია, ის აქტიური სამოქალაქო ფიგურა იყოს. არც ის არის გამორიცხული, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს, ყოველ შემთხვევაში, მას პოლიტიკურ პროცესებზე რაღაც ზემოქმედება ექნება.
_ რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე, თუნდაც, პრემიერის ან პრეზიდენტის პოსტზე თუ იქნება რეალური?
_ პრეზიდენტის პოსტზე ცოტა არასასურველი შეიძლება იყოს. თუ საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა, შემდეგ ექნება უფლება, რომ კენჭი იყაროს. არასასურველს იმ კუთხით ვამბობ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ძალიან იშვიათია, როცა ყოფილ პრეზიდენტს ისევ ეყაროს კენჭი. ორჯერ ზედიზედ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუ კონსტიტუცია ამის საშუალებას მისცემს, შესაძლებელია, იყაროს კიდეც კენჭი. მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტობის კანდიდატმა ბოლო 5 წელი უნდა იცხოვროს საქართველოში. თუმცა თუ ასე მოიქცა, ისე გამოჩნდება, რომ ის საზღვარგარეთ სწორედ იმისთვის იბრძოდა, რომ პრეზიდენტის პოსტი დაეკავებინა.
_ უფრო და უფრო ჩნდება განცდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მის მოსაზრებებს არ იზიარებს. თვითონ გუნდის შიგნითაც მის გეგმებს სკეპტიკურად უყურებენ. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მიშამ, როგორც ლიდერმა, გუნდზე გავლენა დაკარგა?
_ რა თქმა უნდა, რაღაცაში ეთანხმებიან, რაღაცაში _ არა.
_ თუმცა უფრო მეტ ნაწილში არ ეთანხმებიან…
_ ბევრ საკითხში მაინც ეთანხმებიან, არის რაღაც საკითხები, რაზედაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ის რადიკალურ ნაბიჯებს ითხოვდა. ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია არ დაეთანხმნენ. აზრთა სხვადასხვაობაში ცუდი ნამდვილად არაფერია. „ქართულ ოცნებაში“, როდესაც ივანიშვილს უპირობოდ უკავია მონოპოლიური მდგომარეობა, არ არის სასურველი.
_ სავარაუდო პროგნოზი რომ გავაკეთოთ მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირების ფინალურ სცენართან დაკავშირებით, გამოეყოფა თუ არა ბესელია თავის თანამოაზრეებთან ერთად „ქართულ ოცნებას“ და რამდენად დიდი შანსია იმისა, რომ ახალი პარტია შექმნას?
_ ყველაზე უფრო რეალური სავარაუდო სცენარი ის არის, რომ შესაძლოა, ბესელიამ „ქართული ოცნება“ არ დატოვოს. შეიქმნება განცდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ შენარჩუნდა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ შემდგომში მას საპარლამენტო სიაში აღარ ჩასვამენ. შესაძლებელია, რომ თავის თანამოაზრეებთან ერთად გამოეყოს, მაგრამ ეს დროებითი იქნება. შეიძლება, ფრაქციამ იარსებოს პარლამენტში ან პოლიტიკური პარტია შეიქმნას, მაგრამ არა მგონია, ამ პარტიას ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდეს იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდეს. მგონია, რომ „ქართული ოცნება“ იშლება _ ამ მითქმა-მოთქმის შესაჩერებლად ბესელია „ქართულ ოცნებაში“ დარჩება. როგორც ვხედავთ, ორივე მხარე თავს არიდებს რადიკალურ დაპირისპირებას. მაგალითად, ბესელიას გარიცხვას პარტიიდან ბესელიას მხრიდან, ჯერჯერობით, რადიკალური განცხადებები არ კეთდება.
_ პოლიტიკური რესურსის კუთხით რომ შევადაროთ, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რა განსხვავებაა?
_ დღევანდელ დღეს ის განსხვავებაა, რომ ფინანსური რესურსი მაინც უფრო „ქართული ოცნების“ ხელშია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს იდეური ამომრჩეველი. მათ მხარდამჭერებს შორის არიან ისეთები, რომლებსაც, უბრალოდ, „ნაციონალები“ არ მოსწონთ ან სახელმწიფო მოხელეა და აქედან გამომდინარე, მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. „ნაციონალურ მოძრაობას“ იდეური ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც მას სტაბილურად აძლევს ხმას.
ნენე ინჯგია