ნიკა ჩიტაძე: „ბაიდენი უფრო მტკიცე პოზიციას დაიკავებს საქართველოს მიმართ!“

ექვსმა ევროპარლამენტარმა: ვიოლა ფონ კრამონმა, სვენ მიქსერმა, ანდრიუს კუბილიუსმა, მარკეტა გრეგოროვამ, მიხაელ გალერიმ და პეტრას ოსტრავიჩიუსმა არჩილ თალაკვაძის სახელზე ღია წერილი გაავრცელეს. წერილი კრამონის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
ევროპარლამენტარები თალაკვაძისთვის გაგზავნილ წერილში პარლამენტში ადამიანის პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების დარღვევაზე ამახვილებენ ყურადღებას. სავარაუდოდ, ისინი თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან ნიკა გვარამიას პირადი ტელეფონის ნომრის გამოცხადების ფაქტს გულისხმობენ.

წერილის სრული ვარიანტი კი ასეთია:
„პატივცემულო ბატონო თალაკვაძე,
გასულ კვირას, როდესაც საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული წევრები ბრიუსელში გვეწვივნენ, მათ გაგვაცნეს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების ამბიციური გეგმა. ჩვენ თქვენს კოლეგებს მეგობრულად შევახსენეთ, რომ ამბიციური პოლიტიკური მიზნები ასეთივე ამბიციურ დემოკრატიულ სტანდარტებს საჭიროებს.
მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით გამოწვეული საშიშროების შესამსუბუქებლად, თქვენივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, მუდმივად მოვუწოდებდით თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, დაეკავებინათ თავიანთი მანდატები და, ამავე დროს, მოველოდით, რომ მხარეებისგან ადგილი აღარ ექნებოდა პოლიტიკურ თავდასხმებსა და დამაპირისპირებელ განცხადებებს.
ამის გათვალისწინებით, სამწუხაროა, ძალიან უსიამოვნოა და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა თქვენი დაწესებულების კედლებში. თანაბრად სამწუხაროა და, უბრალოდ, ცუდი ტონია, როდესაც ევროკავშირის ელჩის მიერ მოვლენების ზუსტ შეფასებას თქვენი კოლეგების მხრიდან მოყვება ახსნა-განმარტების მოთხოვნა.
ელჩი ჰარცელი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არ ზოგავდა ძალისხმევას, რათა საქართველოს ჰქონოდა მოქმედი, პლურალისტური და დემოკრატიული პარლამენტი, არ გამოხატავს მხოლოდ „მის პირად აზრს“, არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც წესით, თვენი ქვეყანაც ისწრაფვის.
საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური მხრის მიერ კეთილსინდისიერი მოქმედება და ენერგიული ძალისხმევის ხელახლა გამოჩენა, რათა მოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი. ამ პროცესში ადგილი არ უნდა ჰქონდეს დამაპირისპირებელ განცხადებებს, პირად შეტევებსა და შევიწროებისკენ წაქეზებას. თქვენი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მანდატი მოითხოვს, რომ სხდომათა დარბაზში სუფევდეს წესიერების მაღალი ხარისხი, რათა უზრუნველყოფილ იქნას კონსტრუქციული დებატები და საკანონმდებლო პროცესის ეფექტიანი ზედამხედველობა.
ვიმედოვნებთ, რომ მალე ვიხილავთ გამჭვირვალე და პლურალისტულ პარლამენტს, სწორედ ისეთს, როგორსაც ქართველი ამომრჩეველი მოელოდა.
პატივისცემით,
საქართველოს მეგობრები, ევროპარლამენტის წევრები“.

რა არის ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილი თალაკვაძისა და მმართველი გუნდის მისამართით? გამოიწვევს თუ არა მომხდარი ურთიერთობების დაძაბვას? რა გავლენას იქონიებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ცვლილება საქართველოზე?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა:

_ 2 თებერვალს თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას ნომერი გააჟღერა. ამ საკითხის შეფასებისას ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა წულუკიანის შეფასებას არაეთიკური უწოდა, წულუკიანსა და ჰარცელს შორის შეხვედრა შედგა, რის შემდეგაც წულუკიანმა განაცხადა, რომ ჰარცელის კომენტარი მხოლოდ მის პოზიციას გამოხატავდა. სწორედ ამას მოჰყვა ევროპარლამენტარების წერილი. რაზე მეტყველებს წულუკიანის საქციელი და მისი განცხადება? როგორ შეაფასებთ ევროპარლამენტარების წერილს?
_ თვითონ ევროპარლამენტარების წერილშია მითითებული, რომ ევროპარლამენტარების დეპუტატთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ იზიარებს ქალბატონი თეა წულუკიანის პოზიციას და აცხადებს, რომ კარლ ჰარცელის განცხადება სწორედ ევროკავშირის პოზიციას გამოხატავს, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რა თქმა უნდა, არის დემოკრატია, ადამიანის უფლებათა დაცვა და ადამიანის ღირსების შეუვალობა. ამიტომაც მათ გამოხატეს მხარდაჭერა კარლ ჰარცელის მიმართ. რაც შეეხება, თეა წულუკიანის მხრიდან კარლ ჰარცელის მისამართით ახსნა-განმარტების მოთხოვნას, ბუნებრივია, კარლ ჰარცელს არ მოეთხოვება ახსნა-განმარტების ჩატარება. ის არის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და როდესაც ქვეყანასა და კონკრეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას შორის რამე უთანხმოებაა, სხვა პროცედურები არსებობს, ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროა ჩართული. რაც მოხდა, ეს ძალიან არასასიამოვნოა და ბუნებრივია, ევროკავშირი ღიად გამოხატავს საკუთარ პოზიციას და მიმართავს არჩილ თალაკვაძეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს. შესაბამისად, ეს არის ევროპარლამენტარების პოზიცია, რომ ისინი ვერ შეეგუებიან დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფას.
_ ჩვენ გვახსოვს 2019 წელს არაერთი მწვავე წერილი კონგრესმენებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ბოლო პერიოდში კი სულ უფრო ნაკლებ კრიტიკას ვისმენთ. ეს ფაქტი შესაძლებელია თუ არა გახდეს მორიგი მწვავე კრიტიკის დასაწყისი ან გარკვეული სიგნალი?
_ რა თქმა უნდა, შესაძლებელია, გარკვეული კრიტიკა დასავლეთის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაიზარდოს. კრიტიკული წერილები იგზავნებოდა განსაკუთრებით 2019 წლის შემოდგომაზე, როდესაც გაირკვა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩერდებოდა და ასევე კრიტიკა მოჰყვა საქართველოს პარლამენტის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, რომელიც უკავშირდებოდა საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას. ამის შემდეგ თითქოს, ურთიერთობა შედარებით დათბა და ბოლო პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ზეიმობდა იმ ფაქტს, რომ დასავლეთის შესაბამისი სტრუქტურები, ევროკავშირი თუ ევროპის საბჭო, ამერიკელი კოლეგები მოუწოდებდნენ ოპოზიციას, რომ პარლამენტში შესულიყვნენ. ახლა კი არ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკა გაიზარდოს. შესაძლებელია, დასავლელი პარტნიორები უფრო საფუძვლიანად გაეცნონ სხვადასხვა სამართალდარღვევას, რომელიც მოხდა 2020 წლის 31 ოქტომბერს. შესაძლოა, აცნობიერებენ კიდეც ამ ყველაფერს, უბრალოდ, დასავლელი პარტნიორები შეიძლება ფიქრობენ, რომ ოპოზიცია მმართველ ძალას პარლამენტის შიგნით უფრო საფუძვლიან წინააღმდეგობას გაუწევს და არა პარლამენტის ფარგლებს გარეთ, მიტინგებითა და დემონსტრაციებით. რა თქმა უნდა, დასავლელი პარტნიორები აცნობიერებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. მგონია, რომ უფრო მეტი ინტერესი იქნება დასავლეთის მხრიდან გამოხატული არჩევნებზე არსებული დარღვევებისა და საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური თუ პოლიტიკური პროცესების მიმართ. ევროკავშირისთვის, გარკვეულწილად, შეურაცხმყოფელია, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი ევროკავშირის ელჩს სთხოვს ახსნა-განმარტებას. ეს ხდება იმ პირობებში, როცა ევროკავშირმა საქართველოს დიდი დახმარება გაუწია. განსაკუთრებით, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში და არა მხოლოდ. ჩვენ ვიცით, რამდენი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ასეთ ვითარებაში, ევროკავშირის წარმომადგენლის მიმართ კრიტიკა აღიქმება ევროკავშირის კრიტიკად, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ევროპარლამენტს, არამედ ევროპის საბჭოს, ევროკომისიას. ანალოგიურად, 2019 წლის შემოდგომაზე, დასავლეთმა პირად შეურაცხყოფად მიიღო „ქართული ოცნების“ შეუსრულებელი დაპირება: როდესაც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ პირობა დაიდო, რომ არჩევნები 2020 წელს წმინდად პროპროციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა. პირადად ვიყავი ერთ-ერთი მომხსენებელი, „ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAD)-ის პროექტის ფარგლებში, სადაც საარჩევნო სისტემაზე ვსაუბრობდი. ეს კონფერენცია 2019 წლის ოქტომბერში ჩატარდა, სადაც აღვნიშნე, რომ ჯერ პარლამენტს არ აქვს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება, ამიტომაც ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას-მეთქი. თქვენთან ინტერვიუშიც მითქვამს, _ არსებობდა იმის გარკვეული საფუძველი, რომ პარლამენტი იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებდა და შემდეგ ივანიშვილი ამ ყველაფერს პარლამენტს დააბრალებდა, იტყოდა: მე მინდოდა, რომ საქართველო გადასულიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მაგრამ პარლამენტმა ჩააგდოო. საბოლოო ჯამში, ასეც მოხდა. იმ პერიოდში დასავლეთი დარწმუნებული იყო, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდებოდა და მეტიც: USAD-მა თანხაც კი გამოყო წინასწარ, რამდენიმე მილიონი დოლარი, რომ დაწყებული პროექტი განხორციელებულიყო და საქართველოს მოსახლეობა გასცნობოდა საარჩევნო სისტემას. როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, დასავლეთმა ეს პირად შეურაცხყოფად მიიღო, რომ ის მოატყუეს. სწორედ მაშინ გაიზარდა დასავლეთის მხრიდან კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით. დღესაც, შესაძლებელია, კარლ ჰარცელის მიმართ თეა წულუკიანის განცხადება უშუალოდ ევროკავშირმა, მათ შორის, ევროკავშირში შემავალმა ევროპარლამენტმა, მიიღოს პირად შეურაცხყოფად. აუცილებელია აღვნიშნოთ ისიც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ცვლილება ასევე მოახდენს გავლენას აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებზე და ასე მგონია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გაცილებით უფრო მომთხოვნი იქნება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რათა საქართველოში დაცული იყოს დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატები უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ ადამიანის უფლებათა დაცვაზე, მათ შორის, მოკავშირე სახელმწიფოებში. მით უმეტეს, ბაიდენმა პირდაპირ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დროს ამერიკა არ იყო საკმარისად მკაცრი რუსეთის მიმართ და რუსეთს საშუალება მიეცა, რომ თავისი აგრესია განეხორციელებინა, რომელიც გამოიხატა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაში, კიბერშეტევებში. ბაიდენი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ უფრო მომთხოვნი უნდა იყოს რუსეთის მიმართ.
რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც კავშირებია საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთს შორის. თუნდაც ამ ნაწილში რატომ მოხდა, რომ დავითგარეჯის საქართველო-აზერბაიჯანის 1939 წლის რუკები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩამოიტანეს რუსეთიდან? ეს ერთ-ერთი მაგალითია. 8 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და აზერბაიჯანთან მოლაპრაკების პროცესში გამოეყენებინა ეს რუკები 2013 წლიდან, რატომ გამოჩნდა მაინცდამაინც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ რამდენიმე თვით ადრე?! მგონია, რომ ამერიკას ეს ყველაფერი შესწავლილი აქვს. ჩვენს ქვეყანაში აშშ-ის საელჩო ფუნქციონირებს და ბუნებრივია, კონკრეტულ ინფორმაციას აგროვებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი უწყებები გათვიცნობიერებული არიან, რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატებიც უფრო მომთხოვნი იქნება საქართველოს მიმართ, ეს უკავშირდება ანაკლიის პორტს, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და ა. შ. მით უმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI)-სა და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI)-ს კრიტიკული დასკვნები, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა 3 თებერვალს „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მოლაპრაკებისთვის სივრცის დატოვებას ნიშნავს. დეგნანის თქმით, ეს პრობლემა მალე უნდა გადაიჭრას. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ელჩი, უბრალოდ, სხვა შინაარსის განცხადებას არ გააკეთებს. თქვენი შეფასებებით, ელჩის განცხადებები დიპლომატიური პროტოკოლით აიხსნება?
_ 1961 წელს მიიღეს „ვენის კონვენცია“ დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ, მანამდე არსებობდა დიპლომატიური ჩვეულება, რომელმაც შემდგომში საერთაშორისო კანონის სახე მიიღო. იქ საუბარია იმაზე, რომ ელჩი სარგებლობს იმუნიტეტით და იგი დიპლომატიური პერსონაა, თუმცა, მეორე მხრივ, მოწოდებაა, რომ ელჩმა არ უნდა გააკეთოს ისეთი განცხადება, რომელიც აღიქმება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად. აქედან გამომდინარე, კელი დეგნანს დიპლომატიური პროტოკოლი არ აძლევს საშუალებას, პირდაპირ გამოვიდეს და მმართველი გუნდი გააკრიტიკოს. შესაბამისად, მისი განცხადება მეტ-ნაკლებად დაბალანსებული უნდა იყოს. ერთია, ის რას ფიქრობს, მაგრამ კონვენციის კონკრეტული პირობები ითვალისწინებს იმას, რომ დაბალანსებული განცხადებები გააკეთოს. დიპლომატიური პერსონა ვერ მოუწოდებს ოპოზიციას: მიდით, ახლა ბევრი ხალხი შეკრიბეთ, რუსთაველზე დადექით, გზა გადაკეტეთ და გამგეობის შენობასთან მოაწყვეთ აქციებიო. გარდა ამისა, NDI-ის კვლევებიც ადასტურებს, რომ მოსახლეობის 80%-ს სურს ოპოზიციის პარლამენტში ხილვა. მეც მსურს ეს. ოღონდ კონკრეტული წინაპირობა უნდა არსებობდეს, რომ ოპოზიცია პარლამენტში იყოს. არჩევნებზე როცა სერიოზული დარღვევები ხდება, ბუნებრივია, ოპოზიციის მხარდამჭერ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ სურს, ოპოზიციის პარლამენტში შესვლით აღიარებულ იქნეს არჩევნებისა და მეათე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობა, საერთო ჯამში, მეც და ყველას უნდა, რომ პარლამენტის შიგნით გაგრძელდეს პოლიტიკური ბრძოლა და არა აქციებით. საერთო ჯამში, ამ აქციებით სახელმწიფო ზარალდება, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ არც აქციები და საპროტესტო დემონსტრაციები იქნება, ხელისუფლებას, რომელსაც ავტორიტარიზმისკენ აქვს მიდრეკილება ყველაფერი გაუვიდა, მაშინ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები ვერ განვითარდება და პირიქით, სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად სახელმწიფოებრიობა დასუსტება. მაგალითად, ყველაზე სტაბილური ვითარება კომუნისტური მმართველობის დროს იყო, ძალიან იშვიათად იმართებოდა დემონსტრაციები, 80-იანი წლების ბოლომდე არ იმართებოდა აქციები, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ მმართველობა კარგი იყო, პირიქით, _ გამოხატვის თავისუფლება არ ეძლეოდა ადამიანებს.
_ თქვენ ახსენეთ ბაიდენის ადმინისტრაცია, აღნიშნეთ, რომ საქართველოსთან მიმართებით ის უფრო მომთხოვნი იქნება. კონკრეტულად როგორ აისახება ჩვენს ქვეყანაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ცვლილება?
_ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დროსაც არსებობდა ურთიერთობები, მათ შორის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პირადად შეხვდა დონალდ ტრამპს და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძეც ეწვია ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში იყო ჩამოსული, მეორე მხრივ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი არ იყო დანიშნული, ეს დიდ პრობლემას ქმნიდა, თუმცა ელიზაბეტ რუდის მიმართ, რომელიც ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იყო, პრეტენზია ნაკლებად მაქვს. ჯერ კიდევ ტრამპის დროსაც იყო კონტაქტები, სამხედრო წვრთები „ღირსეული პარტნიორი“. რაც შეეხება ბაიდენის ადმინისტრაციას, ბაიდენი ტრამპისგან განსხვავებით საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტია, ჯო ბაიდენი დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიეტეტის თავმჯდომარე გახლდათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც 2009 წლის ზაფხულში ბარაკ ობამა გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში მოსკოვს ეწვია, ბაიდენი სწორედ იმ დროს ჩამოვიდა საქართველოში. ფაქტობრივად, ეს იყო ჟესტი საქართველოს მიმართ, რომ ამერიკა არ მიატოვებდა საქართველოს და გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში აშშ არასდროს ცნობდა საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდ. მაშინ ბაიდენი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და ეს ყველას გვახსოვს. ამიტომაც მე ასე მგონია, რომ უახლოეს მომავალში აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობათა ფარგლებში ციკლი შეიცვლება, აშშ უფრო მეტად მომთხოვნი იქნება რუსეთის მიმართ იმ ნაწილში, სადაც შეხების წერტილები ექნება: მაგალითად, აშშ-სა და რუსეთს შორის გაგრძელდა ხელშეკრულება ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ, მაგრამ რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და რუსულ აგრესიას უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, ბაიდენის ხელისუფლება რუსეთისადმი უფრო მტკიცე იქნება. შესაძლებელია, გააძლიეროს სანქციები რუსეთის მიმართ. ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში დღეს დემოკრატები სჭარბობენ, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ საქართველოს მხარდამჭერი გარკვეული განცხადებები მიიღოს. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება მიიღო: აშშ არ გაუწევს ფინანსურ დახმარებას იმ ქვეყნებს, რომლებიც მარიონეტულ რეჟიმებს აღიარებენ. საბოლოო ჯამში, მგონია, რომ ბაიდენი, როგორც საგარეო პოლიტიკის საკითხების პროფესიონალი, უფრო მტკიცე პოზიციას დაიკავებს საქართველოს მიმართ. უახლოეს მომავალში, ალბათ, ამ ყველაფერს დავინახავთ, მით უმეტეს, ბაიდენის განცხადების ფონზე, რომ ამერიკა ბრუნდება საერთაშორისო ასპარეზზე. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი უფრო გლობალისტია და მისი მმართველობის დროს, ალბათ, განმტკიცდება აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობები და დასავლეთი უფრო მტკიცე და ერთიანი იქნება რუსეთის მიმართ, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით.

ნენე ინჯგია