ნიკა შენგელია: „პროდუქტებზე ფასები 2022 წლის პირველ კვარტალშიც გაიზრდება“
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის მაისში, 2020 წლის მაისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა. საქართველოს ხუთი თვის ჯამური (იანვარი-მაისი) ეკონომიკის ზრდის ტემპი 11.5%-ია. მაისში დაფიქსირებული ასეთი მაღალი ზრდის ტემპი, პირველ რიგში, 2020 წლის საბაზისო ეფექტით არის გამოწვეული. გასული წლის მაისში, პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე, ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. თუმცა მიმდინარე წლის მაისში ეკონომიკა, 2019 წლის მაისთან შედარებითაც, 8.8%-ით გაზრდილია. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, 2021 წლისთვის საქართველოს მთავრობა 6.5%-იან ეკონომიკურ ზრდას, მსოფლიო ბანკი კი საქართველოს ეკონომიკის 4.5%-ით ზრდას პროგნოზირებს.
რატომ არ აისახება მოსახლეობაზე ეკონომიკის ზრდა? რა კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა დგამდეს მთავრობა, როცა ქვეყანაში ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია? უახლოეს მომავალში ლარის კურსის რა შესაძლო ცვლილებას უნდა ველოდოთ?
„ქრონიკა+“ ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ ეკონომისტ ნიკა შენგელიას ესაუბრა:
_ ბატონო ნიკა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის მაისში, 2020 წლის მაისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა. რამდენად ახლოსაა რეალურ მაჩვენებელთან ეს მონაცემები და რა კუთხით აისახა მოსახლეობაზე ეკონომიკის ზრდა?
_ სანამ მაისის მაჩვენებელი გამოქვეყნდებოდა, მანამ იყო აპრილის მონაცემები, რომლის მიხედვითაც 45%-მდე ზრდა დაფიქსირდა. ეს ეყრდნობა მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემებს და შედარებულია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან. მთლიანი შიდა პროდუქტი არის წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით წარმოებული საბოლოო პროდუქციის საბაზრო ღირებულება. ბევრ ეკონომისტს მიაჩნია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ეს მართლაც ასე იყო 80-იან წლებამდე, თუმცა დღეს უკვე მთლიანი შიდა პროდუქტი არ ასახავს მოსახლეობის კეთილდღეობას. მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირ მოქმედებს შრომის მწარმოებლურობა, ანუ დროის ერთეულში გამოშვებული მომსახურებისა და პროდუქციის რაოდენობა და მათი ჯამი. რაც უფრო დიდია ეს მაჩვენებელი, მით უფრო თვალსაჩინოა მოსახლეობის კეთილდღეობაც. ჩვენ ახლა ვუბრუნდებით ისევ ძველ საწყისს, როდესაც ქვეყანაში იყო 5%-იანი ეკონომიკური ზრდები. ეს მაჩვენებლები წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა, მაგრამ, ფაქტობრივად, არსებობდა ორი ეკონომიკა: ერთი _ ფურცელზე, მეორე _ რეალური. რაც შეეხება კითხვას, როგორ აისახა მოსახლეობაზე ეკონომიკის ზრდა, ჯერჯერობით, მოსახლეობა ამას ვერ გრძნობს. მთლიანი მშპ-ს დათვლაში მონაწილეობს რამდენიმე კომპონენტი, ითვლიან ხარჯებისა და შემოსავლების მეთოდით. შემოსავლების მეთოდში მთავარ მნიშვნელობას ანიჭებენ ხელფასებს, სარგებელს, მოგებას, ხოლო ხარჯების მეთოდით დათვლაში ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენი იყო ინვესტიციები, სახელმწიფო შესყიდვები და წმინდა ექსპორტი. თუკი ამ მეთოდით გავყვებით, დავინახავთ, რომ მოთხოვნა შემცირებულია, რადგან ინფლაციაა, ასევე ინვესტიციები შემცირებულია. სახელმწიფო შესყიდვები ხორციელდება ტენდერების ჩატარებით ან მის გარეშეც, სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის კი გაზრდილია. საერთოდ, პარადოქსად მიმაჩნია ეკონომიკის ზრდის ასეთი მაღალი ციფრების გამოქვეყნება, როდესაც მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი გვაქვს და გაზრდილი ფასების გამო მოხმარება შემცირებულია. გამორიცხული არ არის, ეს ციფრები, გარკვეულწილად, შელამაზებული იყოს. ცნობისთვის ვიტყვი, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სიდიდეებს ამერიკის ეკონომიკაშიც შეალამაზებენ ხოლმე მათი სტატისტიკის სამსახურები. ეს არის ცნობილი ფაქტი. მით უმეტეს, ახლა ამერიკის ეკონომიკა აჩვენებს, რომ 6%-იანი ზრდაა, მაგრამ ამას სერიოზული ექსპერტები ძალიან სკეპტიკურად უყურებენ. იქაც მაღალი ინფლაციაა, ინფლაციის მაჩვენებელი ოდნავ შემცირებული და შელამაზებულია, აქედან გამომდინარე კი ეჭვქვეშ დგას, არის თუ არა იქ ამხელა ეკონომიკური ზრდა. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას მოსახლეობა უნდა გრძნობდეს _ ეს არის მთავარი. უნდა იზრდებოდეს მოსახლეობის შემოსავალები, მცირდებოდეს უმუშევართა რაოდენობა, იზრდებოდეს პროდუქციისა და მომსახურების რაოდენობები _ ჩვენს შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, უმუშევართა რაოდენობის მიხედვით, რეგიონში პირველ ადგილზე ვართ, მოგეხსენებათ, ასევე ბოლო მონაცემების მიხედვით, სიღარიბის ზღვარს დაბლაა მოსახლეობის 22%-მდე. იმ ადამიანის რაოდენობა კი, ვისაც კარგი შემოსავალი აქვს, დაახლოებით, 35%-ია.
წინა წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა რომ ფიქსირდება, ეს გასაკვირი არაა, რადგან წინა წელს, მაგალითად, აპრილში, მთელ საქართველოში სრული ლოკდაუნი გვქონდა, 2 კვირა საერთოდ არ გამოდიოდა ხალხი გარეთ (აკრძალული იყო), ასევე ნულამდე დავიდა ბიზნესაქტივობა. „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრი“ ვპროგნოზირებდით 6%-მდე ეკონომიკურ ვარდნას, რომელიც, ფაქტობრივად, 100%-ით გამართლდა. 2021 წელს ვპროგნოზირებთ ეკონომიკის 2%-მდე ზრდას, თუმცა აგვისტოს ბოლოს ამ პროგნოზს დავაკორექტირებთ. მოგეხსენებათ, მსოფლიოს სავალუტო ფონდმა, ევროპისა და აზიის განვითარების ბანკმა, ჩაასწორეს თავისი პროგნოზები უფრო უკეთესობისკენ, ვიდრე მანამდე გამოაქვეყნეს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 12%-იანი ზრდაც კი დაასახელა, ახლა კი 8%-მდე აკეთებს პროგნოზს. ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიცვლია ჩვენი პროგნოზი. ვფიქრობ, ნააადრევია იმაზე საუბარი, რომ დიდი ეკონომიკური ზრდა გვექნება მაშინ, როცა წინ გვაქვს ოქტომბერ-ნოემბერი და არავინ იცის, როგორ შემოტრიალდება სიტუაცია პანდემიიდან გამომდინარე. ვეცნობით სტატისტიკას და შემოსულ ტურისტებში უკვე 400-მდე კოვიდინფიცირებულია, სავარაუდოდ, ისევ იფეთქებს მორიგი პანდემიის ტალღა საკურორტო ზონებიდან. ვფიქრობ, 2021 წელიც შეზღუდვების წელი იქნება, რაც ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბრის თვეებში კვლავ დაგვიბრუნდება. ასეთი რამ თუ მოხდა, ის პროგნოზები, რასაც ჩვენი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი და სხვა ინსტიტუტები წინასწარმეტყველებენ, არ მგონია, შესრულდეს. „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრი“ დაველოდებით აგვისტოს ბოლო პერიოდს და, მაქსიმუმ, 15 სექტემბრამდე დავდებთ პროგნოზს.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მოსახლეობაზე არ აისახება ეკონომიკის ზრდა. მეტიც: საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2021 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,7%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 7,7% შეადგინა _ ფასების ზრდის ამაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2011 წლის ივლისში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაცია 8,5% იყო, ანუ ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი ვიხილეთ. ასევე კონკრეტულ პროდუქტებზე ფასები რეკორდულად გაიზრდა. რას უნდა ელოდოს მოსახლეობა ამ მიმართულებით?
_ „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ პროგნოზები ამ კუთხით, სამწუხაროდ, მართლდება. ჩვენ გამოვაქვეყნეთ, რომ 2021 წელს მსოფლიოს ინფლაციური შოკი ემუქრებოდა. მოსახლეობისთვის და ჩვენი მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, ინფლაცია კლასიკური გაგებით ეს არის თანაფარდობა ქვეყანაში არსებულ ფულს, საქონელსა და მომსახურებას შორის. თუ პირველი მეტია მეორეზე, მაშინ გვაქვს ინფლაციური პერიოდი, თუ პირიქითაა, მაშინ ხდება დეფლაცია. ინფლაციის გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი ფასების ზრდაა. მოვიყვან მაგალითს, რომელსაც არავინ აკვირდება და არავინ საუბრობს ამის შესახებ. ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს ჰიბრიდული ომი ჩინეთსა და ამერიკას შორის. მსოფლიო ქვეყნების უმეტესობას სწორედ ჩინეთიდან შეაქვს იაფი საქონელი, რადგან შიგნით წარმოება არ უღირთ, ჩინეთში უფრო იაფადაა წარმოებული და ბევრმა ქვეყანამ საერთოდ ზოგიერთი დარგი და წარმოებაც კი გააჩერა, რადგან ჩინეთიდან უფრო იაფად შემოდიოდა ეს პროდუქცია. პროდუქციის შემოტანას სჭირდება გადაზიდვა, ეს გადამზიდი კომპანიები უმეტესად ევროპული და ამერიკულია. ჩინეთში ამ ეტაპზე საქონლის ფასი იგივეა, მეტიც, ზოგან შემცირდა კიდეც, მაგრამ ტრანსპორტირების ფასი, დაახლოებით, 3-4-ჯერ გაიზარდა. თუ ადრე კონტეინერის გადმოზიდვას საქართველომდე სჭირდებოდა 4000 დოლარი, დღეს უკვე ეს ღირებულება 10 000 დოლარამდეა გაზრდილი. ევროპის მიმართულებითაც იგივეა, მაგრამ თუ ევროპიდან ტვირთი ჩინეთში იგივე კონტეინერით მიდის, მისი ღირებულება 3-ჯერ და 4-ჯერ იაფია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფასების ხელოვნური გაზრდა ხდება. ეს გამოიწვია გადამზიდავმა კომპანიებმა, რომლებიც, ძირითადად, მსოფლიოს ნომერი პირველი ქვეყნის ეკონომიკის რეზიდენტები არიან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს ინფლაციური სიტუაცია არა მხოლოდ საქართველოსა და ჩვენს სამეზობლოშია, არამედ _ მთელ მსოფლიოში.
საქართველო მთლიანი მსოფლიო ეკონომიკის ნაწილია, ღია ეკონომიკა გვაქვს, შესაბამისად, ფასებიც იზრდება, რადგან საქართველოში არ იწარმოება ისეთი პირველადი მოთხოვნილების საქონელი, როგორიცაა ზეთი, ხორბალი და ბევრი სხვა რამ. საქართველო ხორბლის მოხმარების 10-12%-ს თუ აკმაყოფილებს, დანარჩენი შემოდის იმპორტის რეჟიმით რუსეთიდან, მით უმეტეს, ზეთებსაც ნაკლებად ვაწარმოებთ და ეს საქონელი მეტწილად იმპორტირებული გვაქვს. იზრდება საიმპორტო ფასები, შესაბამისად, იზრდება საქონელზეც ფასები. პროდუქტებზე ფასები გაიზრდება როგორც 2021 წელს, ასევე 2022 წლის პირველ კვარტალში. ჩვენმა ორგანიზაციამ ერთი წლის წინათ განაცხადა, რომ ინფლაცია ვერ მოითოკებოდა. ეს არ ნიშნავს, ეროვნულმა ბანკმა იმის გამო, რომ ფასები იზრდება და ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, საპროცენტო განაკვეთები გაზარდოს. ჩვენ მივესალმეთ იმას, რომ მიუხედავად მაღალი ინფლაციისა, ეროვნულმა ბანკმა ბოლო სხდომაზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელი დატოვა. საპროცენტო განაკვეთის ცვლილება იწვევს ეკონომიკის შენელებას, რადგან ბიზნესს, რომელსაც სჭირდება დამატებითი საკრედიტო რესურსები, უძვირდებათ საპროცენტო განაკვეთი და ნაკლებ სესხს იღებენ. თუ სესხების მოცულობა შემცირდება, შესაბამისად, ეკონომიკა ვერ გაიზრდება.
_ ფასების ზრდის შესახებ მუდმივად პრეტენზიები ისმის ხელისუფლების მისამართით. რამდენად ქმედითუნარიანია მთავრობის ეკონომიკური გუნდი დღეს და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ფასების ზრდის მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდეს, რაც, ბუნებრივია, პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე?
_ მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში პანდემიის გამო კომუნალური გადასახადები შეამცირეს, ჩვენთან კი პირიქით, საგრძნობლად გაგვიზარდეს, ასევე საწვავზეც გაზრდილია ფასები, რომელიც პირდაპირ კავშირშია პროდუქტისა და მომსახურების ფასების ზრდაზე. ამ ნაწილში გავიხსენებ პრემიერ კვირიკაშვილის პერიოდს, როდესაც მან აქციზი გაზარდა, ასევე დოლარიზაციასთან დაკავშირებით შემოიღო 10 პუნქტი, რომელსაც, ფაქტობრივად, არ უმუშავია, მომდევნო პერიოდში კი უარყოფითად იმუშავა. ჩვენ მაშინვე გავაკეთეთ განცხადება, რომ აქციზზე ტარიფების მომატება მომავალში მოგვცემდა ძალიან მაღალ ფასებს. გასაგებია, იმ პერიოდში ენერგომატარებლებზე ფასები ძალიან დაბალი იყო, იგივე ნავთობსა და ქვანახშირზე, ახლა კი ეს ფასები მომატებულია.
დღეს მთავრობამ რაც უნდა გააკეთოს, ეს არის ის, რომ დროებით აქციზის გადასახადი, ფაქტობრივად, უნდა გაანულის საწვავთან მიმართებით ან, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, საგრძნობლად შეამციროს. ეს უნდა მოხდეს დროებითი პრევენციის სახით. ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი წინა წელთან შედარებით იზრდება, ეს არ ნიშნავს, რომ სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის დადებითი გვაქვს. ჩვენ უფრო მეტი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს ქვეყნიდან, ამიტომ მთავრობას, პირველ რიგში, აქციზი უნდა გაენულებინა დროებით მაინც. გარდა ამისა, მთავრობამ სხვადასხვა საწარმოო პროგრამის გამოქვეყნების დროს ყურადღება უნდა გაამახვილოს ისეთი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაზე ან მათი მოყვანის წახალისებაზე, როგორიც არის ხორბალი, მზესუმზირა, სიმინდი, საიდანაც შეიძლება მიიღოს ზეთი, ცხიმები, მეფრინველეობა-მეცხოველეობისთვის _ საკვები. ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს ხორცის წარმოებაზე. საქართველოში ძალიან ბევრი ქათმის ხორცი შემოდის, ერთი ქათმის გაზრდას თანამედროვე ტექნოლოგიებით 30-32 დღე უნდა, ამ სახის პროდუქციის გაორმაგებას კი 10 წელი ნამდვილად არ უნდა სჭირდებოდეს. რომ შევაჯამოთ, პირველი ეს არის აქციზის განულება, მეორე _ ოლიგოპოლიების მოსპობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის 6-7 ოპერატორი, იგივე საწვავის შემოტანის საკითხში და ფასები გახლავთ კარტელური, შეთანხმებით იდება მაღალი ფასები, ისევე როგორც სააფთიაქო ბიზნესში და ამაზე სახელმწიფო არ რეაგირებს. გარდა ამისა, უნდა გადახედონ ფისკალურ პოლიტიკასაც. ეს ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ, როცა ქვეყანაში ფასების მხრივ ასეთი საგანგაშო მდგომარეობაა.
_ ფისკალური პოლიტიკის ნაწილში რომ განგვიმარტოთ, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გულისხმობთ?
_ ამ კუთხით ვგულისხმობთ გარკვეული ცვლილებების შეტანას ბიუჯეტში. ეკონომიკაში სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებლად მიგვაჩნია აქციზის გადასახადის განულება საწვავზე, მთავრობის მიერ ხარჯვითი ნაწილის შემცირება, პრემიებზე, მივლინებებზე, წარმომადგენლობითი ხარჯების ნაწილში, მომსახურე ავტოპარკის განახლების ნაწილშიც და სხვ.
აქვე მინდა აღვნიშნო ის ნეგატიური ფაქტიც, რომელიც შეეხება ბიზნესიდან ვალების ამოღების მიზნით საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის ფართოდ ამოქმედებას, რომელიც ეხება „გადასახადის გადამხდელ ცრუმაგიერ პირს“.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიების უმრავლესობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ასეთი შპს-ებს, რომლებსაც ბიუჯეტის მიმართ დაედოთ დავალიანება, ზემოხსენებული საგადასახადო მუხლის ძალით უკვე ყადაყას უდებენ არა შპს-ს ქონებაზე, არამედ გადავიდნენ უკვე დამფუძნებლების ფიზიკური ქონების დაყადაღებაზეც. სასამართლოებმა უკვე გაახშირეს ასეთი ყადაღების დადება დამფუძნებლების ქონებაზე, რაც აუცილებლად გამოიღებს ნეგატიურ შედეგებს. პირველი: უკვე მმართველი პარტია კარგავს მხარდამჭერებს საშუალო და მცირე ბიზნესში; მეორეც: ეს არის უკვე ბიზნესის დაშინება. დამერწმუნეთ, ეს ნამდვილად ასე მოხდება! უკვე რამდენიმე ბიზნესმენმა პირადი საუბრებისას გამოთქვა შეშფოთება აღნიშნულთან მიმართებით.
_ მთავრობის ეკონომიკური გუნდი თქვენ მიერ ჩამოთვლილი ნაბიჯებიდან არც ერთს არ ახორციელებს. ამ ნაწილში რით აიხსნება ამ გუნდის უმოქმედობა?
_ აქციზის განულების შემთხვევაში ბიუჯეტში შემოსავლები შეუმცირდებოდათ, ამიტომ მთავრობამ უნდა იფიქროს ქამრების შემოჭერაზე, ასე გაგრძელება არ შეიძლება. პანდემიის პერიოდში მილიონზე მეტი დაიხარჯა წარმომადგენლობით ხარჯებზე, მათ შორის, რესტორნებსა და გართობაში. ამ კუთხით ხარჯვითმა ნაწილმა უნდა მოიკლოს, ამის ხარჯზე კი უნდა შემცირდეს ის გადასახადები, რომლებიც ფასების ზრდას უწყობს ხელს. ასევე უნდა შემოიღონ კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ოლიგოპოლიური და კარტელური გარიგების მოშლას. მოსახლეობამ რეალურად უნდა იგრძნოს მთავრობის კეთილი ხელი. ხალხს ძალიან უჭირს, შემცირებულია პროდუქტებზე მოთხოვნა, ადამიანები ვერ ყიდულობენ იმდენ პროდუქტსა და პირადი მომსახურების ნივთს, რამდენსაც შარშანწინ ყიდულობდნენ, რადგან შემოსავალი არ გააჩნიათ ან შეუმცირდათ და სამსახურებიც არ არის. სამწუხაროდ, გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომელიც ერთი წლის წინათ დავდეთ: როდესაც სარესტორნო ბიზნესი გაიხსნებოდა, ამ ბიზნესის 50% ვერ ამუშავდებოდა, _ ეს მართლაც ასეა დღევანდელი მოცემულობით. სარესტორნო ბიზნესი ირიბად მიბმული იყო ტურისტულ სექტორთან, აქედან გამომდინარე, შემცირდა სამუშაო ადგილები. ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდება შემწეობის მთხოვნელთა რიცხვი და 551 ათას ადამიანს უწევენ ახლა დახმარებას. ეკონომიკა კი გვეზრდება ციფრებში, მაგრამ ფაქტია _ მოსახლეობა ვერაფერს გრძნობს. ძაღლის თავი დამარხულია იმ ნიუანსებში, რასაც ჰქვია ფისკალური პოლიტიკა! აბსოლუტურად ყველაფერი არის გადასახედი. ხარჯები გადის, ვალებს ვიღებთ. დღეს საქართველოს საგარეო ვალი 20 მილიარდ 600 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ლარებში 70 მილიარდ სამასი მილიონია, ეს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 64%-ს შეადგენს. როგორც დადგენილია, 60%-ს თუ გადასცდება სახელმწიფო ვალი, საგანგაშო ვითარებაა. ჩვენი ქვეყანა ამ ზღვარს გადასცდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დეფოლტი გველოდება. ჯერჯერობით, დეფოლტის საშიშროება არ არის. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად სწორად იყო ეს ვალი გახარჯული. არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების შედეგით ვიგებთ, რომ ამ გახარჯვის ნაწილში შეინიშნება კორუფციული ნიშნები, რაც გამოძიების საკითხია, მაგრამ სულ სუფთად რომ არ არის საქმე, ეს უკვე ნათელია. ამ ხარჯვას უნდა მიექცეს ყურადღება. ფული უნდა დაიხარჯოს იქ, სადაც ეს საჭიროა. მე რომ მთავრობის ადგილზე ვყოფილიყავი, სასტუმროებს კი არ მივცემდი ფულს პირდაპირ, არამედ ამ სასტუმროებში დასაქმებულებს, _ ლოკდაუნის პერიოდში ჩავურიცხავდი თანხას და საარსებო მინიმუმს მაინც მივცემდი. სასტუმროებმა, რომლებსაც სულ 4-5 კაცი ჰყავდათ დასაქმებული, სოლიდური დახმარებები მიიღეს. ამ ნაწილში მნიშვნელოვანი იყო, რომ დასაქმებულ ადამიანებს ჩარიცხვოდათ თანხები. ეს ერთ-ერთი მაგალითია, თუმცა მსგავსი შემთხვევები ყველა სფეროში გვაქვს.
_ ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი გამყარდა. რა შემთხვევაში იმოქმედებს ეს დადებითად ფასებზე და რა პროგნოზი გაქვთ ამ ნაწილში?
_ ლარის კურსის მყისიერი გამყარება, ძირითადად, სამმა ფაქტორმა გამოიწვია: 1. რეფინანსირების სესხები აპრილის შემდეგ შემცირდა 3,3 მილიარდიდან 1.1 მილიარდამდე, ფულის მასა ეროვნულმა ბაკმა კომერციულ ბანკებში ნაკლები გაუშვა ლიკვიდურობის კუთხით; 2. გადმორიცხვები, რომლებსაც ჩვენი ემიგრანტები აწარმოებენ ახლობლებზე. გაზრდილია რეკორდულად, აპრილ-მაისში 125-145%-ით გაიზარდა. ადრე თუ, საშუალოდ, თვეში 120 მილიონამდე ირიცხებოდა, უკვე ეს ციფრი 180-194 მილიონამდე გაიზარდა. ამ ფულის 60-70% ხვდება სავალუტო ბაზარზე და მოთხოვნა ლარზე იზრდება; 3. ექსპორტის ზრდის მონაცემები გაუმჯობესებულია. ეს, წესით, ცოტა გვიან უნდა აისახოს ლარის კურსზე; ხოლო რაც შეეხება ლარის პროგნოზს, „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრს“ გვაქვს პროგნოზი: 10 ივლისამდე ლარის კურსი იქნება 3.08 და 3.18 შუალედში. ამის შემდეგ გამოჩნდება, როგორი ტენდენცია იქნება: თუ ეკონომიკა ასე დადებითად არის გაზრილი, როგორც ამას საქსტატი აქვეყნებს, ამ შემთხვევაში ლარის კურსი დაბლა _ სამიანის ნიშნულისკენ უნდა წამოვიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფასები შემცირდება. ლარის კურსს ძალიან ცუდი იმიჯი აქვს. იმპორტიორმა ან მეწარმემ უნდა იხილოს, რომ 2-3 თვე სტაბილური ლარის კურსი გვაქვს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს ფასები დაბლა დაწევას. თუ ლარის კურსი ივლისშიც შეინარჩუნებს ამ მონაცემებს და იქნება სამთან მიახლოებული, არ გამოვრიცხავ, აგვისტოდან ფასები დაკორექტირდეს.
ნენე ინჯგია