ნიკა ვარდოშვილი: „სალომე სამადაშვილი არის ქართული პოლიტიკის სირცხვილი“

თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პოლიტიკური პროცესები უნდა დუღდეს. საქართველოში კი სხვაგვარად არის საქმე. მართალია, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს, მაგრამ განსაკუთრებული სამზადისი მათი მხრიდან არ შეიმჩნევა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს ვადამდელი არჩევნები სულაც არ აწყობს.

ლეიბორისტული პარტიის წევრი ნიკა ვარდოშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში შესული ოპოზიციის დიდი ნაწილი ცოცხალი თავით არ დათანხმდება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მისი აზრით, ახლა ბიძინა ივანიშვილი ქმნის ხელოვნურ ოპოზიციას. ვარდოშვილის განცხადებით, გიორგი გახარია ივანიშვილის პროექტია.

რატომ დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა გახარიას ლანძღვა მეგრულად? რატომ არ აკრიტიკებს ყოფილი პრემიერი „ნაციონალებს“? რატომ არ ემზადება ოპოზიცია სათანადოდ არჩევნებისთვის? აქვს თუ არა აზრი ამ არჩევნებს? _ ამის შესახებ ნიკა ვარდოშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო ნიკა, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გახარიასთვის მაზაკვალად შერაცხვას. თქვენი აზრით, რისთვის დასჭირდა მოქმედ პრემიერს წინამორბედის მეგრულად ლანძღვა?

_ ირაკლი ღარიბაშვილმა რომ კარგი გინება იცის, ეს ცნობილი ამბავია. მისი გინება მთელ საქართველოს აქვს მოსმენილი _ თავის თანამებრძოლებს რომ აგინებდა. გინებაში ნამდვილად ხუთიანი ეკუთვნის, მაგრამ მეგრულიც თუ იცოდა, ამას ვერ წარმოვიდგენდი. ჩემთვის ბევრად გასაგები იქნებოდა, თუკი ის ფრანგულად დაიწყებდა ლანძღვასა და ლაპარაკს. მისი ანტონი თუ ანტუანიც ყველას მოსმენილი გვაქვს. მეგრული ნამდვილი სიურპრიზი იყო. არ გამიკვირდება, ხვალ ჩვენება შეცვალოს და თქვას, ეს არ მიგულისხმია და თქვენ მოგესმათ რაღაცო.

_ რას გულისხმობთ


_ მისი ტრი-ტრი და ანტონი ხომ მოვისმინეთ, ახლა რომ გვიმტკიცებენ მინისტრები კი არა, მილისტრები იყო ნახსენებიო. მაზაკვალზეც შესაძლოა, იგივე თქვას, _ სხვა სიტყვა ვთქვი და თქვენ გაიგეთ მაზაკვალიო. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა პოზიციას დაიკავებს გახარიასთან მიმართებით ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, ველოდოთ, შესაძლოა, მეგრულშიც იპოვონ მაზაკვალის შესატყვისი სტყვა.

_ ჩვენ ახლა ვხუმრობთ, მაგრამ სერიოზულად შვხედოთ ამ საკითხს. რატომ დაუწყეს „ოცნების“ წევრებმა ყოფილ პრემიერს ლანძღვა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ უბადლო კრიზისმენეჯერს უწოდებდნენ? ამ ფონზე ეს ლანძღვა, სულ მცირე, ულამაზოდ გამოიყურება.

_ მარტო ულამაზოდ არა, ამას კომიკური სახეც აქვს. არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ ჩემთვის „ქართული ოცნება“ და გიორგი გახარია ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. ისინი ერთი ბატონის მსახურები არიან. მათი ბატონი ვლადიმირ პუტინი გახლავთ. ჩემთვის ესაა მთავარი და არა ის, ერთმანეთის ოპონენტები და კონკურენტები რომ არიან.

_ არიან თუ არა ერთმანეთის კონკურენტები, ესეც საკითხავია. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი ერთ თამაშს თამაშობენ.

_ მართლა საკითხავია, არიან კი ისინი მართლა ერთმანეთის კონკურენტები? ამ კითხვაზე პასუხი 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გვეცოდინება. ახლა მათ პუტინის კარზე აქვთ ჯიბრი გამართული.

_ რაში ეჯიბრებიან ერთმანეთს?

_ რომელი უფრო დიდ მზაკვრობას ჩაიდენს და რომელი უფრო მაგრად უღალატებს საკუთარ ქვეყანას. რომელიც უფრო დიდი მოღალატე გამოდგება, ის მეტ ნდობას დაიმსახურებს პუტინის კარზე.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში „ქართული ოცნება“ გამუდმებით ლანძღავდა გიორგი გახარიას. ყოფილი პრემიერი „ნაციონალების“ გინებაში იყო. ეს რაღაც ეჭვებს ბადებდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს „ოცნება“ ცდილობდა, გახარია წარმოეჩინა მთავარ ოპოზიციურ ძალად. რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერმა უკვე დაიწყო „ქოცების“ ღია კრიტიკა. ეტყობა, მიხვდა, რომ მარტო „ნაციონალების“ ლანძღვა ბევრ კითხვას უჩენდა ამომრჩეველს.

გიორგი გახარიას გაოპოზიციონერება ბიძინა ივანიშვილის პროექტია. მან ეს ამბავი ჯერ კიდევ მაშინ დააანონსა, როცა პოლიტიკაში შემოვიდა. ახლად გაპრემიერებულმა განაცხადა, როგორც კი მივხვდები, რომ „ქართული ოცნება“ ასცდა იმ იდეალებს, რისი ერთგულიც მე ვარ, პირველი ვიქნები, ვინც „ოცნების“ ოპოზიციას შექმნისო. ამის პარალელურად ლანძღავდა ოპოზიციას, რომ ის სუსტი და ცუდია. ვიღაცას მოკლე მეხსიერება აქვს და დაავიწყდა ოლიგარქის ეს სიტყვები, მე კი კარგად მახსოვს. ამიტომ გახარია ოპოზიციონერად ვერ აღვიქვამ. მართლა გულწრფელად რომ დაუპირისპირდეს ივანიშვილს, მაინც არ ვაღიარებ ოპოზიციად.

_ გულწრფელად თუ დაუპირისპირდება, რატომ არ აღიარებთ ოპოზიციად?

_ ბევრ რამეზე შეიძლება დამეხუჭა თვალი, მაგრამ მაკო გომურის გამოთხრილ თვალს გახარიას ვერასდროს ვაპატიებ. მიკვირს იმ ადამიანების, ვინც გახარიაზეა გადარეული. ვიღაცამ შესაძლოა, სექსიზმში ჩამითვალოს, მაგრამ ჩემი სათქმელი აუცილებლად უნდა ვთქვა: ფეისბუქზე ვუყურებ, რომ შუახნის ასაკს მიღწეული ქალები გახარიაზე ეცემიან.

_ გახარიაზე კაცებიც კარგად ეცემიან.

_ ქალები განსაკუთრებით. ამ ქალებს უფლება აქვთ, ვინც მოსწონთ, იმაზე დაეცნენ, მაგრამ მაკო გომური და მისი გამოთხრილი თვალი როგორ ავიწყდებათ? გავრილოვის ღამის დავიწყება არ შეიძლება. ვიღაცებმა ეს სისხლიანი მოვლენები დაივიწყეს, ამის გამო ძალიან მწყდება გული.
ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა პრინციპი, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, ცხოვრების წესად აქცია. ეს ამ ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. არ შეიძლება, ადამიანებს ყველა ცოდვა ჩამოაწერო იმის გამო, რომ მან თანამდებობა დატოვა. ყოფილ პრემიერს ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და მისი გმირად ქცევა არ შეიძლება. არ მინდა, რომ ქართველ ერს მოკლე მეხსიერება ჰქონდეს. საკმარისია, ვიღაც ბოროტმოქმედი ოპოზიციაში გადავიდეს, ერთი ყიჟინა ტყდება ხოლმე.

_ ივანიშვილის შემთხვევაშიც იგივე არ მოხდა? ეს კაცი იმ ცხრა წლის მანძილზე ჩვეულებრივი „ნაციონალი“ და მათი მთავარი დამფინანსებელი იყო, მაგრამ როგორც კი სააკაშვილს ზურგი შეაქცია, მთელი ერი მასზე დაეცა.

_ 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. 2007 წლის 7 ნოემბერს მე რიყეზე თავი გამიტეხეს. ჩემს მდგომარეობაში ამოჩნდა უამრავი ადამიანი: ხალხის ნაწილი რუსთაველზე დაარბიეს, ნაწილი _ რიყეზე. ამ მარბიელებს პრემიები ბიძინა ივანიშვილმა გამოუწერა. რუსი ოლიგარქისგან განსხვავებით მე ვერავინ დამადანაშაულებს სააკაშვილთან ალიანსში. 18 წელია, ოპოზიციაში ვარ. ვიღაც-ვიღაცები გამოდიან და იმ სისხლიან ცხრა წელზე მთელ პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებენ. ამ ადამიანებს ვეკითხები, 2003-2012 წლებში ჩადენილ საშინელებებზე რატომ არ აკისრებენ პასუხისმგებლობას ივანიშვილს? ის იყო „ნაციონალების“ იდეოლოგიც და მთავარი დამფინანსებელიც. 2011 წელს სააკაშვილი და რუსი ოლიგარქი რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ. ეს უკანასკნელი ამიტომ განუდგა „ნაციონალებს“. იმ კონკრეტულზე რომ შეთანხმებულიყვნენ, დღესაც მშვენივრად იქნებოდნენ ერთად.

_ ლეიბორისტებს რატომ ვერ გიტანთ ივანიშვილი? პოლიტიკაში, ფაქტობრივად, თქვენი ლანძღვით შემოვიდა.

_ ეს ბუნებრივი ამბავია. პოლიტიკაში შემოსული ივანიშვილი, პირველ რიგში, ოპოზიციას რომ დაარტყამდა, ეს მოსალოდნელიც იყო. ჩვენ ვართ მემარცხენე პარტია და ოლიგარქის კლასობრივ მოწინააღმდეგედ ვითვლებით. როგორც კი ამ ადამიანმა პოლიტიკური განაცხადი გააკეთა, ვთქვით, რომ ოლიგარქიის პოლიტიკასთან გაკარება არ შეიძლებოდა. ნებისმიერი ოლიგარქი თავისი ბუნებით არის ჩარჩ-ვაჭარი. ის მხოლოდ საკუთარ მოგებაზეა ორიენტირებული. მარტო იმაზე ფიქრობს, რა წაიღოს და რა მიითვისოს. მისთვის უცხოა ქველმოქმედება და ქვეყნის კეთილდღეობის შექმნა. ოლიგარქებს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებთ.
2011 წელს როცა ამაზე დავიწყეთ საუბარი, ბევრი მოვიმდურეთ. საქართველოში ჩვენს განცხადებებს მტრულად და კომიკურად უყურებდნენ. ამბობდნენ, რომ ლეიბორისტები სისულელეებს ვლაპარაკობდით. ეს ხალხი ამტკიცებდა, რომ ივანიშვილი თითო სოფელს 5 მილიონს მოახმარდა. დღეს ყველა დარწმუნდა, რომ ჩვენ ვიყავით მართლები.

ხშირად ვტრაბახობთ, რომ ქართველი ერი ბრძენია. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ძალიან მიამიტი აღმოჩნდა და ეს გულდასაწყვეტია, _ გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთში გამდიდრებულ კაცს დაუჯერა. ყველამ კარგად იცოდა, თუ როგორ იშოვებოდა მაშინ დიდი ფული რუსეთში. ფულს რუსეთში ვიღაცის მოტყუებისა და გადაგდების ხარჯზე ვერ იშოვიდი. მაშინ ნაშოვნ ფულს სისხლის სუნი ასდის. ასეთ ფულს მკვლელობების ხარჯზე შოულობდნენ. კონკურენტებს, უბრალოდ, კლავდნენ. მოკლედ რომ გითხრათ, რუსეთში 90-იანებში მილიარდებს გვამების ხარჯზე შოულობდნენ. ასეთი გზით ნაშოვნ ფულს ივანიშვილი ქვეყანას რომ არ მოახმარდა, ეს ჩვენს საზოგადოებას უნდა სცოდნოდა.

მიამიტობა იყო იმის გაუთვალისწინებლობა, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთში ნაშოვნი მილიარდები ასე იოლად გამოატანეს. ეს, უბრალოდ, სასაცილოა. ივანიშვილი იმასაც გვიმტკიცებს, რომ მედასავლეთე იყო ყოველთვის. პუტინი პროდასავლურებს როგორც ექცევა, ყველამ იცის. ამას კიდევ მილიარდები გამოატანა. ამას ბავშვიც კი არ დაიჯერებს. საკმარისია, ივანიშვილმა რუსეთის ინტერესებს უღალატოს, რომ ის მილიარდების გარეშე დარჩება. მას რუსული КГБ მათხოვრად აქცევს.

ასეთი წარსულის კაცისთვის როგორ შეიძლებოდა სახელმწიფო სადავეების გადაცემა? ეს იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის ტოლფასი გადაწყვეტილება. ხშირად გვესმის, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ია ოკუპირებული. ამას რომ ვისმენ, მეცინება.

_ რატომ გეცინებათ?

_ 20% რომ იყოს ოკუპირებული, რაღა გვიჭირდა. საქართველო მთლიანად არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. 20% სამხედრო გზით არის ოკუპირებული, დანარჩენი 80% ხრიკებით, ფულით და გაყალბებით არის წაღებული. დღეს საქართველოზე სრულ კონტროლს რომ რუსეთი ახორციელებს, ეს ჩვენი უგუნურობის ბრალია. ივანიშვილს ან მზაკვარმა მისცა ხმა, ან უგუნურმა. მესამე ვარიანტს ვერ ვხედავ.

_ ხმის მიცემა ვახსენეთ და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც ვისაუბროთ. ოპოზიცია თითქოს არ ემზადება არჩევნებისთვის. თქვენ რას იტყვით?

_ კახეთის მაგალითზე ვისაუბრებ: ლეიბორისტულ პარტიას კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ექნება პარტიული სია. ეს იმას გულისხმობს, რომ ლეიბორისტული პარტია სრულყოფილად მიიჩნევს არჩევნებში მონაწილეობას. ეს ასეც უნდა იყოს. ამას თუნდაც იმიტომ გავაკეთებთ, რომ არავინ თქვას, ლეიბორისტებმა მონაწილება რომ არ მიიღეს, ოპოზიციური ხმები დაიქსაქსაო.
დანარჩენი ოპოზიცია რას აკეთებს ან რას იზამს, არ ვკითხულობთ. ლეიბორისტები კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ვიყრით კენჭს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით რამხელა გაყალბება იქნება, მაინც არ გვეშინია არჩევნების. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, დანარჩენი ამომრჩეველზეა დამოკიდებული.

_ მთლიანად ოპოზიციის სამზადისზე რას იტყვით?

_ ოპოზიციის წინასაარჩევნო ტაქტიკა სრულიად გაუგებარია. ორიოდე წლის წინათ შალვა ნათელაშვილმა გადალახა ყოველგვარი ბარიერი და ჩვენს ოფისში უხმო მთელ ოპოზიციას, მათ შორის, მისთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალებს. ოპოზიციური შეკრებები ჩვენს ოფისში იმართებოდა. შალვამ ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციური პარტიების შერიგება და მათი ერთ მაგიდასთან დასმაც შეძლო. ჩვენთვის მთავარი იყო ქვეყნის ინტერესები. ამით ლეიბორისტულ პარტიას არაფერი მოუგია. გვინდოდა, საქართველოს მოეგო. სამწუხაროდ, დანარჩენ ოპოზიციას არ სდომია, რომ საქართველოს მოეგო.
საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ ოპოზიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ამ ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით რადენიმე თვე. კიდევ ერთი თვე რომ გაეძლო ოპოზიციას ცდუნებისთვის, მიზანს მივაღწევდით. ოპოზიციამ ცდუნებას ვერ გაუძლო და პარლამენტში შევარდა. ახლა რაღაც რეფერენდუმზე გველაპარაკებიან. ოპოზიციას ერთი თვეც რომ გაეძლო და თავის მყარ პოზიციაზე დამდგარიყო, არანაირი რეფერენდუმი არ დაგვჭირდებოდა, ისე დაინიშნებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩხარტიშვილის მოწოდებას აჰყვა, ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნით შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. ვიმეორებ: ოპოზიციას ერთი თვეც რომ გაეძლო, დღეს ივანიშვილი უკვე დავიწყებული გვეყოლებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვიღას გაახსენდებოდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სამზადისში ვიქნებოდით.

_ პარლამენტში ოპოზიციის შესვლაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, შევყარეთო. მერე ჩაასწორა, მაგრამ სინამდვილეში, ალბათ, მართლა შევყარეთო იგულისხმა. პრინციპში, მართლა შეყარეს ოპოზიცია პარლამენტში.

_ „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ღარიბაშვილის სტაჟიანი ოპონენტი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე ვეთანხმები პრემიერს. მან ის თქვა, რაც სინამდვილეში იყო. ოპოზიცია მართლა შეყარეს პარლამენტში. ზოგი ვანო ჩხარტიშვილის ფულით, ზოგიც დასავლეთისა და ელჩების ზეწოლით. დასავლეთმა ოპოზიციაზე ზეწოლა რომ განახორციელა, ეს თავად ოპოზიციის ბრალია.

_ ოპოზიციის ბრალი რატომ არის?

_ ჩემი აზრით, საერთაშორისო პარტნიორს, იქნება ის ევროპელი თუ ამერიკელი, უნდა ელაპარაკო როგორც თანასწორს და არა როგორც უფროსს. თუ პარტნიორს ისე ელაპარაკები, როგორც უფროსს, მაშინ შენ თავმოყვაე ერად არავინ აღგიქვამს. თუ ფიქრობ, რომ პარლამენტში შესვლა ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამ ნაბიჯს დგამ, რადგან რომელიღაც ელჩმა გითხრა, მაშინ შენ საქართველოს ინტერესების დამცველი არ ხარ. პარტნიორის ჭკუაზე რომ დადიხარ, ეს ნიშნავს, რომ პირად ინტერესებს აყენებ წინა პლანზე.
ჭეშმარიტი და წესიერი პოლიტიკოსისთვის არსებობს მხოლოდ ორი ინტერესი: ესაა პარტიული და ქვეყნის ინტერესი. რომელი პოლიტიკოსიც პარტიულ ინტერესზე მაღლა ქვეყნის ინტერესს აყენებს, ის იწვევს ჩემში ნდობას და მას მივიჩნევ ერის კაცად. ვერანაირად მივიღებ იმ არგუმენტს, რომ შარლ მიშელმა მითხრა და ამიტომ შევედი პარლამენტშიო.

_ ისე, ბოროტი ხმები ამბობენ, რომ შარლ მიშელი მხოლოდ საბაბია და ოპოზიციას უკვე თებერვალში ჰქონდა გადაწყვეტილი პარლამენტში შესვლა და ამისთვის ხელსაყრელ დროსა და საბაბს ეძებდა.

_ რა თქმა უნდა. ღარიბაშვილს დავესესხები და პარლამენტში შეყრილების ძალიან დიდ ნაწილს საერთოდ აღარ უნდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. შეყრილებიდან ბევრი იქცევა უღირსად, მაგრამ ერთი მათგანი არის გამორჩეულად სამარცხვინო. მე მას ქართული პოლიტიკის სირცხვილის ვუწოდებ. ვიცი, ამის გამო სექსიზმში დამდებენ ბრალს, მაგრამ სათქმელი უნდა ვთქვა.

_ რომელიმე ქალი პოლიტიკოსის დაგმობას აპირებთ?

_ დაგმობას არა, ვიტყვი იმას, რაც რეალობაა: ჩვენთან, რატომღაც, ტრადიციად იქცა, რომ მხოლოდ კაც პოლიტიკოსებს აკრიტიკებენ და ქალებზე ხმას არ იღებენ. მათი გაკრიტიკება სექსიზმის გამოვლენად მიიჩნევა. მომაწებონ ეს იარლიყი, მაგრამ ხმამაღლა ვიტყვი, რომ სალომე სამადაშვილი არის ქართული პოლიტიკის სირცხვილი.

_ ამის გამო რატომ უნდა დაგდონ სექსიზმში ბრალი?

_ ბოლო დროს ასეთი ტენდენციაა, როგორც კი ქალ პოლიტიკოსზე რამეს იტყვი, მაშინვე იწყება კივილი, _ ვაიმე, ეს როგორ აკადრე, ის ხომ სუსტი სქესის წარმომადგენელიაო. არ მესმის, კაც პოლიტიკოსებს თუ ვაკრიტიკებთ, ქალი პოლიტიკოსების ცუდ ქცევაზე რატომ არ უნდა ამოვიღოთ ხმა? სექსიზმი რომ არავის დაბრალდეს, ამიტომ არ იღებენ ქალ პოლიტიკოსებზე ხმას.

_ კრიტიკის დროს ხდება ქალი პოლიტიკოსი სუსტი სქესის წარმომადგენელი? აკი, გენდერული თანასწორობაო?

_ საქმეც ეგ არის, რომ სულ გენდერულ თანასწორობაზე კეთდება აქცენტი. ამბობენ, ქალებიც ისევე უნდა იყვნენ პოლიტიკაში ჩართული, როგორც კაცებიო. იყვნენ, ბატონო, ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ამ ქალი პოლიტიკოსების გაკრიტიკების გამო ადამიანები სექსიზმში არ უნდა დაადანაშაულო. სალომე სამადაშვილი შეუძლებელია, რომ არ გააკრიტიკო. ამ ქალმა არაერთი სამარცხვინო განცხადება გააკეთა. მე თუ მკითხავთ, ეს ქალი სახელმძღვანელოებში უნდა შეიტანონ,
რადგან ყველამ გაიგოს, თუ როგორი არ შეიძლება იყოს პოლიტიკოსი.

_ ოპოზიციისგან ელოდით, რომ პარლამენტში „შეეყრებოდნენ“? მეც ღარიბაშვილს დავესესხები.

_ დიდი იმედი მქონდა, რომ არ შევიდოდნენ. საშინელი გაყალბების გამო არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ სცნო გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ამასთან დაკავშირებით ოფიციალურად გააკეთეს განცხადებები.

_ მარტო განცხადებები არ გააკეთეს, მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი.

_ კი ბატონო, ხელიც მოაწერეს. ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბოლომდე ასე იქნებოდა.

_ ასეთი დარწმუნებული რატომ იყავით? ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა.

_ ყველაფრის მიუხედავად მჯეროდა, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში დარჩებოდა. ვერ წარმოვიდგენდი, ეს ადამიანები საჯაროდ დადებულ პირობას უღალატებდნენ. როცა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა, ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, _ ასეთი კეთილგონიერი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ჰყოლია და ამის გამო ძალიან ამაყი ვარ-მეთქი.

_ ახლაც ამაყი ხართ? ახლაც მიგაჩნიათ ოპოზიცია კეთილგონიერად?

_ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციის ლანძღვას ვერ დავიწყებ, მაგრამ ოპოზიციით ამაყი აღარ ვარ.

_ საკუთარი პარტიით თუ ხართ ამაყი? თქვენ არ შესულხართ პარლამენტში.

_ ჩემი პარტიით რომ არ მეამაყა, დღეს ლეიბორისტი აღარ ვიქნებოდი. მე ვამაყობ ჩემი პარტიით. ჩვენ შევასრულეთ ის პირობა, რომელიც ამომრჩეველს მივეცით. შალვას იმიტომ არ ვაქებ, რომ ჩემი ლიდერია. ამ კაცმა მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ არასდროს გადაუხვევს სიტყვას. მისთვის პირველ ადგილზეა ქვეყანა, შემდეგღაა პარტიული და პირადი ინტერესი. მე თამამად ვუწოდებ მას ჭეშმარიტ პოლიტიკოსსა და ერისკაცს.
ჩვენ უარი ვთქვით პრივილეგიებზე, უარი ვთქვით საპარლამენტო მანდატებზე და ამის გამო დაგვსაჯეს. შგვიჩერეს ყველა ის პრივილეგია, რაც საქართველოს კანონმდებლობით გვეკუთვნოდა. წაგვართვეს კომისიის წევრი, წაგვართვეს წარმომადგენლებს, გვართმევენ საეთერო დროს, გვართმევენ მწირ დაფინანსებას, რომლითაც ძირითადად ოფისის კომუნალურ ხარჯებს ვფარავდით. ივანიშვილმა, ფაქტობრივად, ჩვენი აკრძალვა გამოაცხადა. მძიმე დღეში ჩავვარდით, მაგრამ ეს ამად ღირდა. შალვა ნათელაშვილმა როგორც თქვა, ივანიშვილი ვეღარ იტყვის, რომ მთელი ოპოზიცია იყიდა და მუხლებზე დააჩოქა.

შორენა მარსაგიშვილი