ნარიყალა ინგრევა! – სად წავიდა კომპლექსზე დახარჯული მილიონები?

ნარიყალას ციხესიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა. თითოეული ძეგლი შეირჩა როგორც გამორჩეული კულტურული ღირებულების, ასევ მის მიმართ არსებული მნიშვნელოვანი საფრთხის მიხედვით. გარდა ამისა, შერჩევისას განიხილებოდა ამ ძეგლების გადასარჩენად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონე, საჯარო თუ კერძო სექტორის პასუხისმგებლობა, ძეგლის პოტენციალი სოციალურეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 12 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საერთაშორისო საკონსულტაციო კომისიამ შეარჩია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ისტორიის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, კონსერვაციის, პროექტის ანალიზისა და ფინანსების ექსპერტები.

ასევე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფარგლებში საბოლოოდ შერჩეული ძეგლები 2021 წლის მარტში დასახელდება.

როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, წლების განმავლობაში აღნიშნული კომპლექსის აღდგენაზე, გარემონტებასა და შეკეთებაზე მილიონობით ლარი დაიხარჯა. ყველა ჩვენგანს კარგად ახსოვს, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხარაჩოებში მოქცეული ნარიყალა. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ 2020 წლის მიწურულს ეს უნიკალური კომპლექსი განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლებს შორის აღმოჩენილიყო.

 თბილისის ისტორიულ ცნობებში ნარიყალას ციხე-სიმაგრე პირველად IV საუკუნის ბოლოს მოიხსენიება. ამ დროიდან თბილისი ევროპულ რუკებზე ტრანსკავკასიის მნიშვნელოვან ქალაქად აღინიშნება. 1827 წელს ძლიერმა მიწისძვრამ ნარიყალას გამაგრების შიდა ნაწილი თითქმის გაანადგურა, ხოლო მისი გარე კედლები საგრძნობლად დააზიანა. ამჟამად ნარიყალა ორ ნაწილად – ქვედა და ზედა გამაგრებად იყოფა. ქვედა გამაგრების ნაწილობრივი აღდგენის შედეგად გადაკეთდა კოშკები, კედლები და რამდენიმე ბასტიონი. თუმცა, მთლიანობაში,  ნარიყალას ციხე-სიმაგრეს ნგრევის საფრთხე ემუქრება.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ  7 ძეგლი იმყოფება. დედაქალაქის მერია თავს იმით იმშვიდებს, რომ აღნიშნულ ჩამონათვალში ასევე შევიდა: ახენზის რკინიგზა ავსტრიის ქალაქ ტიროლში, მოდერნ თეატრის შენობა ბულგარეთის ქალაქ სოფიაში, მიროგოის სასაფლაო კომპლექსი ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, სან დენის ეკლესია საფრანგეთის ქალაქ სენტ ომერში, მწვანე სისტემა გერმანიის ქალაქ კიოლნში,  სამხრეთ ეგეოსის ხუთი კუნძული საბერძნეთში, ჯუსტის ბაღი იტალიის ქალაქ ვერონაში, პალაცო ძენობიო იტალიის ქალაქ ვენეციაში, დეჩანის მონასტერი კოსოვოში, ცენტრალური ფოსტის შენობა მაკედონიის ქალაქ სკოპიეში და სან ხუანის სამლოცველო ესპანეთის ქალაქ კანტაბრიაში. მერე რა, რომ ჩვენი ნარიყალაც ამათ რიცხვში მოხვდაო. კი ბატონო, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამხელა თანხა (რაც ნარიყალაზე იხარჯებოდა ყოველ წელს) არც ერთ ჩამოთვლილ ძეგლზე არ დახარჯულა.

თამარ როსტიაშვილი