ნანუკა ჟორჟოლიანამდე რამდენი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი იყო დეპუტატი?
ნანუკა ჟორჟოლიანის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებას, რასაც ჰქვია, დიდი მიეთმოეთი მოყვა. მითქმა-მოთქმა გამოიწვიაა იმ ფაქტმა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა იმ ოლქებში (ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს) გენერალი დევი ჭანკოტაძე ჩაანაცვლა. ზოგიერთმა ივარაუდა რა გენერლის განაწყენება, მის ადვოკატობაზე დადო თავი და აყაყანდა. ცხადია, მათი მიზანი ნანუკა ჟორჟოლიანზე შტურმი იყო.
მაგალითად, თამარ ჩერგოლეიშვილმა კინაღამ თმა დაიშალა და თალხი ჩაიცვა – არიქა, დევი ჭაკნოტაძე გადააგდესო, მაგრამ მალევე ჭრელი კაბის ჩაცმა მოუწია _ ტრაგედია არ შედგა, თემა გაბერწდა, დევი ჭანკოტაძე სიაშია და არც წყენისა ეტყობა რამე.
ამის შემდეგ კი ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ უკვე მის ჟურნალისტობასა და ტელეწამყვანობას იყენებენ და ისე აბრახუნებენ ტაშტებსა და ძირგავარდნილ „ლახანკებს“, გეგონება ან აქამდე არც ერთი ჟურნალისტი არ მჯდარა პარლამენტში, ან ჟურნალისტს უფლება არ ჰქონდეს, გინდა პოლიტიკაში მოსვლის, გინდა, პარლამენტში კენჭისყრის.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღევანდელი, ჯერაც კიდევ მოქმედი პარლამენტი, გამოტენილია წარსულში ჟურნალისტებითა და წამყვანებით.
ზოგს შესაძლოა, იგივე გიგა ბოკერია პოლიტიკოსად ან ენჯეოშნიკად დაბადებული ჰგონია, მაგრამ გიგა ბოკერია 1992 წლიდან ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას _ 1992 წელს გაზეთ „შვიდი დღის“ ჟურნალისტი იყო, შემდეგ გაზეთ „მიმომხილველის“ პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი (1992-93 წწ.), მუშაობდა რადიოში და იყო „პიკის საათის“ ჟურნალისტი (1993 წელს), რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი (1994), გაზეთ „არგუმენტის“ პოლიტიკური რედაქტორი 1995-1996 წლებში, „რუსთავი 2-ის“ სადისკუსიო პროგრამა „აქცენტების“ წამყვანი (1996).
2005-2007 წლებში საპატრიარქოს რადიოს წამყვანი იყო პარლამენტარი ზაზა გაბუნია. დეპუტატი გიორგი კანდელაკი კი ინგლისურენოვან ყოველდიურ გაზეთ „24 საათის“ რედაქტორის მოადგილე (2003-2005 წლებში). პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და მუშაობდა კიდეც ტელევიზიაში: 1993-2005 წლებში „პირველ არხზე“, 2003 წლიდან კი „ობიექტივში“. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული დეპუტატ ენძელა მაჭავარიანსაც, რომელიც 1989-1990 წლებში გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ კორესპონდენტი იყო, 1990-1992 წლებში _ გაზეთ „კაბადონის“ განყოფილების გამგე, 1992-95 წლებში „ქართველი ერის“ რედაქტორი, 2014-2016 წლებში ტელეკომპანია „ჯიდიესის“ მთავარი პროდიუსერი. დეპუტატ გიორგი მოსიძეს სამედიცინო განათლება აქვს და ამ სპეციალობით მუშაობდა კიდეც, მაგრამ, პარალელურად, 1996 წლიდან იყო ავტორი და წამყვანი გადაცემისა „რა? სად? როდის?“, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არხზე გადიოდა. დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილს ფილოსოფიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ 1993-1997 წლებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა გაზეთ „რეზონანსსა“ და გაზეთ „მიმომხილველში“. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი არც დეპუტატ ირმა ნადირაშვილს აქვს დამთავრებული, მაგრამ იგი, თავის დროზე, ცნობილი ტელეჟურნალისტი იყო _ „რუსთავი2-ის“ კორესპოდენტი გახლდათ 1994-2005 წლებში, 2008-2009 წლებში გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ მთავარი პროდიუსერი იყო, 2009-2010 წლებში საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი 1995-2003 წლებში ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გენდირექტორი იყო, 2004-2008 წლებში ტელეკომპანია „მზეზე“ მუშაობდა, იყო საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე (2008), ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ სამხატვრო ხელმძღვანელი (2009-2011), ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გენდირექტორის მრჩეველი (2011-2012).
წლების მანძილზე ტელევიზიაში სხვადასხვა პოზიციაზე (რედაქტორი, უფროსი რედაქტორი, განყოფილების გამგე, მთავარი რედაქტორი) მუშაობდა დეპუტატი თეიმურაზ ჭკუასელი. დეპუტატი ზაზა ხუციშვილი 2000-2002 წლებში მუსიკალურ პროექტებს ხელმძღვანელობდა „სტუდია მაესტროში“, 2008-2010 წლებში რადიო „უცნობში“ „მონკავშირი“ მიჰყავდა, 2012-2013 წლებში „მაესტროზე“ მიჰყავდა გადაცემა „პირდაპირი საუბარი“, 2015-2016 წლებში საზოგადოებრივ რადიოში „პიკის საათი“ მიჰყავდა. ამ მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და შემდეგ უფლებამოსილება შეუჩერდა (პირადი განცხადების საფუძველზე) ოთარ ჩრდილელს, რომელიც 1997-2003 წლებში იყო გაზეთ „ალიას“ ჟურნალისტი, 2004-2005 წლებში კი საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის კორესპონდენტი.
2012-2016 წლების პარლამენტი
ოთარ ჩრდილელი წინა მოწვევის, ანუ 2012-2016 წლების პარლამენტის დეპუტატიც იყო, ისევე როგორც გიორგი კანდელაკი, თეიმურაზ ჭკუასელი, ერეკლე ტრიპოლსკი, ირმა ნადირაშვილი. მათ გარდა იმ პარლამენტში სხვა ჟურნალისტებიც იყვნენ. მაგალითად, ანი მიროტაძე, რომელსაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. 1996-2002 წლებში გაზეთ „ახალი თაობის“ ჟურნალისტი იყო, 1998-2000 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „თბილისის სიახლენს“, 2002-2003 წლებში პირველ არხზე მიჰყავდა გადაცემა „პრეს-ეკრანი“, შემდეგ მუშაობდა ტელეკომპანია „202“-ზე, შემდეგ თავისი საინფიორმაციო სააგენტო ჰქონდა _ „პირველი“.
იმ მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ცნობილი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, რომელიც გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი და რედაქტორის მოადგილე გახლდათ 18 წლის მანძილზე _ 1994 წლიდან 2012 წლამდე. ბევრს შეიძლება აღარც კი ახსოვს, რომ გიგა ბოკერიას მსგავსად, პოლიტიკოსობამდე და ენჯეოშნიკობამდე, სამი მოწვევის (2004-2008, 2008-2012, 2012-2016) პარლამენტარი გივი თარგამაძეც ჟურნალისტი იყო. გივი თარგამაძე ქართულენოვანი „ჯორჯიან თაიმსის“ ჟურნალისტი იყო 1993-1995 წლებში, გაზეთ „არგუმენტის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე 1994-95 წლებში, „დილის გაზეთის“ ჟურნალისტი 1995-1996 წლებში. ბევრს არც ის ემახსოვრება, რომ გოკა გაბაშვილი ტელეგადაცემა „აზრის“ ავტორი იყო 2000-2002 წლებში. იმ მოწვევის დეპუტატი დავით დარჩიაშვილი კი 1990-1991 წლებში რედაქტორობდა ტრადიციონალისტების გაზეთ „ქართველ ერს“, 1992-1993 წლებში კი საავტორო გადაცემა მიჰყავდა „იბერვიზიაზე“. დეპუტატი ნუგზარ წიკლაური კი გაზეთ „თავისუფალი საქართველოს“ კორესპონდენტი იყო 1995-1997 წლებში. ხოლო დავით ბერძენიშვილი „რადიო თავისუფლების“ პოლიტიკური მიმომხილველი 1998-2003 წლებში. ჟურნალისტიკიდან იყო გოგა ხაჩიძეც, რომელიც 1994 წლიდან მოყოლებული მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე, „იბერვიზიაში“, „რუსთავი 2-ში“, „202-ში“, რადიო 105-ში, რადიო „რეზონანსში“, გაზეთ „რეზონანსში“… იმ მოწვევის პარლამენტის წევრი იყო მარიკა ვერულაშვილი, რომელიც პირველ არხზე „მაცნეს“ კორესპონდენტი გახლდათ 1994-1997 წლებში.
2008-2012 წლების პარლამენტი
ჟურნალისტები და წამყვანები არც მანამდელ, ანუ 2008-2012 წლების პარლამენტს აკლდა. არათუ აკლდა, იქ, საერთოდ, ცალკე იყო წარმოდგენილი ჟურნალისტების პარტია _ ქრისტიან-დემოკრატების სახით. ამ პარტიიდან იყო მაგდალინა ანიკაშვილი, რომელიც დილის გადაცემების წამყვანი იყო ჯერ „მეცხრე არხზე“, შემდეგ „რუსთავი 2-ზე“, 2006-2008 წლებში კი „ქრონიკა“ და „ღია ეთერი“ მიჰყავდა „ტელეიმედზე“. ამავე პარტიას წარმოადგენდა გიორგი ახვლედიანი, რომელიც „ტელეიმედამდე“ პირველ არხზე მუშაობდა 1994 წლიდან. იყო „მოამბის“ ჟურნალისტი, 1997-2000 წლებში „მოამბე“ მიჰყავდა, შემდეგ _ „ალიონი“. შემდეგ „ტელეიმედის“ ჟურანლისტი და წამყვანი იყო 2008 წლამდე. ამავე პარტიას წარმოადგენდა ტელეპროდიუსერი ლევან ვეფხვაძე, რომელიც „ტელეიმედამდე“ ჯერ „მოქალაქეთა კავშირის“ პრესმდივანი იყო, შემდეგ თBჩ-თV სტუდიის გადაცემა „რას ფიქრობს ხალხის“ მთავარი კონსულტანტი, შემდეგ საინფორმაციო გადაცემა „მზერის“ პროდიუსერი ტელეკომპანია „მზეზე“, 2003-2008 წლებში კი „დროების“ პრიოდიუსერი „იმედზე“. ამ მოწვევის პარლამენტში იყო ამავე პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელიც 1992-93 წლებში „იბერვიზიაში“ მუშდაობდა, იყო დიქტორი, საინფორმაციო პროგრამა „მონიტორის“ მთავარი რედაქტორი, 1993-95 წლებში აჭარის დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანიის დირექტორი, შემდეგ, 1995-97 წლებში, ტელესტუდია „ბათუმის“ დირექტორი, 1997-99 წლებში ხელმძღვანელობდა აჭარის უზენაესი საბჭოს პრესსამსახურს, ასევე იყო საქტელერადიო კორპორაციის აჭარის განყოფილების კორესპონდენტი, 2003 წლიდან „დროების“ წამყვანი და არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამის დირექტორი. საქართველოს ტელერადიო დეპარტამენტის საინფორმაციო გადაცემების წამყვანი იყო დეპუტატი გიორგი გოდაბრელიძეც (ენმ) 1992-1993 წლებში. დეპუტატი თამაზ დიასამიძე (ენმ) 1992-1994 წლებში იყო გაზეთების _ „თავისუფალი სიტყვისა“ და „ქართული კარიბჭის“ გამომცემელი და რედაქტორი.
განსვენებული ნიკა რურუა კი გაზეთ „24 საათის“ იურიდიული ექსპერტი იყო 2002-2004 წლებში. ლეიბორისტების სიით გასული ნუგზარ ერგემლიძე კი აჭარის ტელევიზიის პროდიუსერი 2005-2007 წლებში, 1983-2004 წლებში კი საქტელერადიო კომიტეტში მუშაობდა. ამავე პარლამენტის წევრები იყვნენ ზემოთ უკვე ნახსენები გივი თარგამაძე, მარიკა ვერულაშვილი, გოკა გაბაშვილი, დავით დარჩიაშვილი, გიორგი კანდელაკი, ნუგზარ წიკლაური.
2004-2008 წლების პარლამენტი
ამ მოწვევის პარლამენტის წევრები იყვნენ ზემოთ უკვე ნახსენები ნიკა რურუა, გოგა ხაჩიძე, გივი თარგამაძე, მარიკა ვერულაშვილი, თამაზ დიასამიძე, გიგა ბოკერია, დავით ბერძენიშვილი. მათ გარდა ამ მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო ჟურნალისტი ვან ბაიბურთი, რომელიც გახლდათ საქართველოში გამომავალ სომხურენოვან გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი 1987-1999 წლებში, მანამდე კი გაზეთ „სოვეტსკი სპორტის“ საკუთარი კორესპონდენტი სომხეთში (1967-1968 წწ.), „კომსომოლეცის“ განყოფილების გამგე (1968-1969 წწ.), გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტი (1969-1974 წწ.), მოსკოვის ახალი ამბების სააგენტოს საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში (1977-1986 წწ.).
ამ მოწვევის პარლამენტარი იყო განსვენებული ნოდარ გრიგალაშვილი, რომელიც, თავის დროზე, რედაქტორობდა ჯერ „სახალხო ფრონტის“ გაზეთ „საქართველოს“, შემდეგ კი მის მიერვე დაფუძნებულ „ახალ საქართველოს“.
ამავე მოწვევის პარლამენტის წევრი ბრძანდებოდა ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც იყო გაზეთ „კავკასიონის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ამავე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო ფიქრია ჩიხრაძე, რომელიც 1995 წელს რედაქტორობდა გაზეთ „ივერია-ექსპრესს“, ამის გარდა რეალურად სწორედ იგი გახლდათ იმ ტელესიხშირის მესაკუთრე, რომელზედაც მაუწყებლობდა „რუსთავი 2“.
ამ მოწვევის დეპუტატი იყო ტელეკომპანია „თრიალეთის“ გენდირექტორი ბადრი ნანეტაშვილი. ასევე დავით ზურაბიშვილი, რომელიც 1995-96 წლებში გაზეთ „არგუმენტს“ რედაქტორობდა, ასევე ივლიანე ხაინდრავა, რომელიც სააგენტო „პრაიმ-ნიუსს“ წარმოადგენდა 1997-98 წლებში, 1998-99 წლებში რადიო „საქართველოს“, 1999-2003 წლებში კი _ რადიო „თავისუფალი ევროპა _ თავისუფლებას“.
1999-2004 წლების პარლამენტი
ამ მოწვევის პარლამენტში იყვნენ ზემოთ უკვე ნახსენები ნოდარ გრიგალაშვილი, ვან ბაიბურთი, ვასილ მაღლაფერიძე, ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი თარგამაძე,
მათ გარდა იმ მოწვევის პარლამენტის წევრი იყო არჩილ გოგელია, რომელიც სხვადასხვა დროს იყო გაზეთ „ლელოს“, ჟურნალ „სკოლა და ცხოვრების“ რედაქტორი, გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორის მოადგილე, გაზეთ „თბილისის“ რედაქტორი, გაზეთ „დრონის“ რედაქტორი, 1992 წელს საქართველოს ბეჭდვითი სიტყვისა და ინფორმაციის მინისტრი, საქართველოს რესპუბლიკის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე, შემდეგ 1999 წლამდე საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარე.
ამავე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო დალი აბაშიძე, რომელიც თელავის რაიონულ გაზეთ „ალაზნის განთიადის“ რედაქტორი (1988-1990 წწ.) გახლდათ.
ამავე მოწვევის დეპუტატი იყო ილია თავბერიძე, რომელიც ჯერ გაზეთ „თვალსაწიერში“ მუშაობდა, შემდეგ _ ტელეკომპანია „გურიაში“. ასევე ნანა დევდარიანი, რომელიც 1996-1998 წლებში გაზეთ „სამშობლო ფორტეს“ რედაქტორობდა, მანამდე კი წლების მანძილზე მუშაობდა ტელევიზიაში.
ამავე მოწვევის დეპუტატი იყო გენო კალანდია, რომელიც სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტი, სოხუმის რაიონული გაზეთის კორესპონდენტი, აფხაზეთის რადიოს დიქტორი.
ამ პარლამენტის წევრი იყო პოეტი მუხრან მაჭავარიანი, რომელიც სხვადასხვა დროს გახლდათ ჟურნალების „დილასა“, „პიონერის“ რედაქტორი; ასევე ელიზბარ ჯაველიძე, რომელიც რედაქტორობდა „ლიტერატურულ საქართველოს“, „საქართველოს სამრეკლოს“. ისევე როგორც ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელიც სხვადასხვა დროს სათავეში ედგა ჟურნალ „დროშას“, ჟურნალ „ცისკარს“, ჟურნალ „დილას“.
1995-1999 და 1992-1995 წლების პარლამენტები
1995-1999 წლების პარლამენტში წარმოდგენილი იყვნენ ზემოთ უკვე ხსენებული ჯანსუღ ჩარკვიანი, ფიქრია ჩიხრაძე, გენო კალანდია, დალი აბაშიძე; 1992-1995 წლების პარლამენტში კი თამაზ დიასამიძე, გენო კალანდია, ჯანსუღ ჩარკვიანი, ნანა დევდარიანი.
რაც შეეხება ივლიანე ხაინდრავასა და დათო ბერძენიშვილს, ისინი იმ მოწვევის პარლამენტში კი იყვნენ, მაგრამ ჟურნალისტური მოღვაწეობა მაშინ არ ჰქონდათ აქტივში, შემდეგ დაიწყეს.
1992-95 წლების პარლამენტში მათ გარდა წარმოდგენილი იყვნენ „ტელევიზიონშიკი“ ლუიზა შაკიაშვილი და წამყვანი ვალერი კვარაცხელია, ასვეე „ვესტნიკის“ ცნობილი წამყვანი მარკ რივკინი.
უზენაესი საბჭო
უზენაესი საბჭოს წევრი იყო აკაკი ძიძიგური, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა
საქართველოს რადიოს რედაქტორად, პასუხისმგებელ რედაქტორად, მთავარ რედაქტორად, საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ და თბილისის ტელესტუდიის დირექტორად, ჟურნალ „დროშის“ რედაქტორად, საქართველოს ტელევიზიის ხელმძღვანელად.
უზენაესი საბჭოს წევრი იყო პოეტი მუხრან მაჭავარიანი (რომელზედაც უკვე მოგახსენეთ), ასევე მწერალი ნოდარ წულეისკირი, რომელიც სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ტელევიზიის რედაქტორი, უფროსი რედაქტორი, ჟურნალ „დილის“ პასუხისმგებელი მდივანი, ჟურნალებ „მნათობისა“ და „ცისკრის“ განყოფილების გამგე და ა. შ.
უზენაესი საბჭოს წევრი იყო გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორი მინდია უგრეხელიძე, ასევე მერაბ ბალარჯიშვილი, რომელიც ტელევიზიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა 1974-1985 წლებში, 1988 წლიდან კი გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტს“ (შემდგომში „ახალგაზრდა ივერიელი“) რედაქტორობდა. უზენაესი საბჭოს წევრი იყო მწერალი ირინა ტალიაშვილი, რომელიც თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან, მუშაობდა ტელერადიომაუწყებლობაში სხვადასხვა პოზიციაზე. უზენეს საბჭოში იყო ჟურნალ „საქართველოს კომუნისტის“ რედაქტორი ვარლამ კეშელავა, გაზეთ „სახალხო განათლების“ კორესპონდენტი ემზარ გოგუაძე, საგარეჯოს რაიონული გაზეთის რედაქტორის მოადგილე ალექსი არაბული, წალენჯიხის რაიონული გაზეთის კორესპონდენტი ზურაბ გუჩუა, ჟურნალ „საქართველოს კომუნისტის“ რედაქტორის მოადგილე ვალერიან შარიქაძე, გაზეთ „ეკრანის ამბების“ თანამშრომელი სალომე ზვიადაძე, გალის რაიონული გაზეთის თანამშრომელი ჯემალ შონია, წარსულში „ზარია ვოსტოკას“ რედაქტორი გურამ კანკავა…
რეზო შატაკიშვილი