ნამუსისგან დამოუკიდებლობა
პარადოქსების ქვეყანა, სახელად საქართველო, დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. კი ვზეიმობთ, მაგრამ ამ ქვეყნის ბევრ მოქალაქეს, მათ შორის, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს ხეირიანად ვერ გაუგიათ, რას ვზეიმობთ, _ დამოუკიდებლობის გამოცხადებას თუ აღდგენას? ბევრმა დღემდე ვერ შეუშვა ტვინში, რომ 1918 წლის 26 მაისს ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სწორედ ამ 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ზოგი ისე გამოტვინდა, ისე გაბმულად გაიძახის დამოუკიდებლობის 101 წელიო, გეგონება, 1918 წელს რომ დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მას მერე ისეთი დამოუკიდებლები ვართ, კოჭლი ბუზიც არავის აუფრენია ჩვენთვის! ზოგი მაინც ირჯება და აკონკრეტებს, მაშინ საქართველომ 4 წელი იარსება დამოუკიდებლადო.
თუ ხუთის ფარგლებშიც ვერ ითვლით, რას იტენით ბუღალტრობას? და თუ ითვლით, რანაირადაა 1918 წლის 26 მაისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე 4 წელი? სამიც არაა სრული!
ეს კიდევ რა არის, ბევრმა დღემდე ვერ გაარკვია _ ან მაშინ ვინ მოუტანა ქვეყანას დამოუკიდებლობა, ან _ შემდეგ. ბევრ რეგვენს დღემდე საამაყო მამულიშვილი ჰგონია ნოე ჟორდანია. არადა, სწორედ ჟორდანია ბრძანდებოდა ის ხვითო, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, რომ სწორედ ეს არ მომხდარიყო _ არ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა! სწორედ ეგ ნოე ჟორდანია ბრძანდებოდა ის, ვინც ებრძოდა ილია ჭავჭავაძეს და ისეთი აღვირახსნილი და ისეთი უნამუსო იყო, რომ ილიას, ვისი წყალობითაც არსებობდა ქართული პრესა, თეატრი, ბანკი და მე თუ მკითხავთ, ერი, საერთოდ, პრესის გათახსირებაში ადანაშაულებდა, დიახ, სიტყვა-სიტყვით, აი, ამას ბრძანებდა ეგ თქვენი სანუკვარი ნოე ჟორდანია: „ქართული პრესა ერთიანად გათახსირებულია, როგორც გონებრივად, ისე ზნეობრივად; ხოლო ქართული პრესის ეს გათახსირება ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგია“.
ვუყურებ რა ხალხის დღევანდელ აკუნტრუშებას და ჟორდანიას ასეთ პატივისცემას, ვისაც სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის გვერდით უნდა იხსენიებდნენ, მიჩნდება შიში და ეჭვი, რომ გავა დრო და ასეთივე პატივს მიაგებენ ქართული სახელმწიფოებრიობის დღევანდელ თუ გუშინდელ მტრებს. ვინიცობაა და დარჩელის გადამბუგავი დოდო გუგეშაშვილის ძეგლიც წამომიჭიმონ კოლხეთის დაბლობზე ან ჯაბა იოსელიანის დიდი მონუმენტი ან ედუარდ შევარდნაძისა. ბევრი ხომ დღესაც ტლიკინებს ედუარდ შევარდნაძის ღვაწლსა და დამსახურებებზე.
მეტი ცინიზმი რა გინდა? დამოუკიდებლობის დღეს არც ახსენებენ ზვიად გამსახურდიას და ახსენებენ ვის? გაუთავებლად ნოე ჟორდანიას! არადა, ჩახედეთ დოკუმენტებს, ჩახედეთ ისტორიას, სწორედ ეგ ჟორდანია იყო, ვინც ყველანაირად აფერხებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და რომ არა გერმანიის კატეგორიული მოთხოვნა, არც გამოაცხადებდა.
რუსეთის მონარქია დაემხო 1917 წლის თებერვალში. საქართველოს მაშინვე შეეძლო დამოუკიდებლობის გამოცხადება, მაგრამ ნაცვლად ამისა, რუსეთის მსგავსად, აქაც ორხელისუფლებიანობა დამყარდა, ცალკე მუშათა დეპუტატების საბჭო შეიქმნა და მალევე მუშაობას შეუდგა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული ოზაკომი _ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი.
მხოლოდ აპრილში ჩნდება ეროვნული ინტერპარტიული საბჭო, რომელიც ქართული ეროვნული მოძრაობის კოორდინატორის ფუნქციას კისრულობს. ოქტომბრის რევოლუციის მერე კი, როცა აქ მოქმედება შეწყვიტა დროებითი მთავრობის მიერ დანიშნულმა ოზაკომმა, სწორედ ამ ინტერპარტიული საბჭოსთვის ცხადი ხდება, რომ საბჭოთა რუსეთი აქ ახალი ხელისუფლების დანიშვნას შეეცდებოდა. ამიტომ ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა საბჭოთა რუსეთისგან გამიჯვნა გადაწყვიტეს. დიახსთ, მაგ თქვენს ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობა კი არ ნებავდა და რუსეთი კი არ სძულდა, უბრალოდ, ბოლშევიკები და ბოლშევიკური რუსეთი არ ეპიტნავებოდა, ამიტომაც იყო, 1917 წლის ნოემბერში შექმნილ ამიერკავკასიის კომისტარიატს, სამხარეო ხელისუფლების ორგანოს ფუნქცია უნდა შეესრულებინა, არც მეტი _ არც ნაკლები, რუსეთში კანონიერი ხელისუფლების (დროებითი მთავრობის) აღდგენამდე.
დიახ, ამიტომაც იყო, რომ 1917 წლის 19 ნოემბერს, როდესაც თბილისში გახსნილმა პირველმა ეროვნულმა ყრილობამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა საბჭოთა რუსეთთან, იქვე ხაზგასმით აღნიშნეს _ თუ რუსეთში დემოკრატიული წყობილების აღდგენა დააგვიანებდა, მოწვეული იქნებოდა საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. გაიგეთ? თუ რუსეთში დემოკრატიული წყობილების აღდგენა დააგვიანებდა!!! რუსეთში თუ ის წყობა აღდგებოდა, რომელიც გულზე ეხატა მაგ თქვენს ნოე ჟორდანიას, დამოუკიდებლობას კი არ გამოგიცხადებდათ, იმ რუსეთში შევარდნას ვერავინ დაასწრებდა. აი, ეგაა თქვენი გულმხურვალე პატრიოტი ჟორდანია, რომელიც სწორედ იმ ეროვნულ ყრილობაზე არჩეულ ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს მაშინ.
საბჭოთა რუსეთმა მალევე, 1918 წლის იანვარშივე სცადა საქართველოს ოკუპაცია. არ გამოუვიდა, ახალშექმნილმა ჯარმა სასტიკად დაამარცხა რუსის ჯარი. ცალკე თურქეთი ამჟღავნებდა ინტერესს ამიერკავკასიაზე და სათავისოდ იყენებდა იმ ფაქტს, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ წარმოადგენდა. ამიტომაც გახდა მათთან მოლაპარაკებების საწარმოებლად ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება აუცილებელი. 1918 წლის 22 აპრილს ცხადდება ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა, რომელშიც შედიოდა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, მაგრამ ამ ფაქტმა ვერ გააუმჯობესა მდგომარეობა. თურქეთმა ბათუმის საზავო კონფერენციაზე უფრო მძიმე პირობები წამოაყენა. გარდა ამისა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ თანხმდებოდნენ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. საქართველო გერმანოფილურ ორიენტაციას ირჩევდა, სომხეთი _ ანგლოფილურს, ხოლო აზერბაიჯანი _ თურქოფილურს. და სწორედ ამიტომ, 1918 წლის მაისში, როდესაც თურქეთი აგრესიას აგრძელებდა, გერმანიამ უარი თქვა ანგლოფილური სომხეთისა და თურქოფილური აზერბაიჯანის დაცვაზე და საქართველოს იმ შემთხვევაში დაიცავდა, თუ დაიშლებოდა ამიერკავკასია და საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.
დიახ, ჟორდანია იძულებული გახდა, გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, თქვენ კი დღეს მას გუნდრუკს უკმევთ!
ჩახედეთ დიდი ქართველი მამულიშვილის, შალვა ამირეჯიბის მოგონებებს, რას წერს, რას იხსენებს იგი. ცნობისთვის: მწერალმა, საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწემ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრმა, 1924 წლის აჯანყების აქტიურმა მონაწილემ, შალვა ამირეჯიბმა, საქართველო 1924 წლის აჯანყების მერე დატოვა და არა მაგ თქვენი ჟორდანიასავით ბოლშევიკების შემოსვლისთანავე!
სამშობლოდან გადახვეწილი შალვა ამირეჯიბი 1918 წლის 26 მაისს დეტალურად იხსენებდა. იგი გვიამბობს, როგორ გაემართა იმ დღეს მეფისნაცვლის სასახლისკენ, როგორ დაადევნა ფანჯრიდან სიტყვა თვალებგაბრწყინებულმა მეზობელმა, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ: „აბა, თქვენ იცით, სეიმი უნდა დაიშალოს, სეიმს ტფილისთან ხელი არ აქვს, აქ საქართველოა, თუ გაჭირდა, ყველანი იქ მოვალთ!“
იაკობ ნიკოლაძეს, ისევე როგორც არაერთ ქართველს, მაშინ ნერვებს უშლიდა ნოე ჟორდანიას მიერ ეროვნულ ყრილობაზე ნათქვამი „დაგვიანება არ ვარგა, მაგრამ არც აჩქარება ვარგაო“. ჰოდა ნიკოლაძე ამირეჯიბს ჟორდანიასთან აბარებს: „უთხარი იმ კაცს, უთხარი ჩემგან, ყველასგან, მთელ საქართველოსგან, რომ ახლა მხოლოდ აჩქარება ვარგა, დაგვიანება კი მაშინაც არ ვარგოდა-თქო“.
„ყველა ჩვენი ცხადი თუ საიდუმლო დადგენილებანი იაშამ (იაკობ ნიკოლაძე) მუდამ ზეპირად იცოდა. იცოდა აგრეთვე ისიც, რომ ეროვნული საბჭო დღეს დამოუკიდებლობას აცხადებდა, მაგრამ იაშა მაინც ანჩხლობდა და იმისი ანჩხლობის მიზეზიც ისეთივე კანონიერი იყო, როგორც ბევრი სხვა ქართველის. თექვსმეტი თვე იყო, რაც რუსეთი დაიშალა, 16 თვე იყო აგრეთვე, რაც საქართველო უპატრონო ურემივით ეგდო და ჩვენი დემოკრატია ჯერ კიდევ თავის რევოლუციურ ორღობეს არ გასცლოდა.
წინა დღეებში სოციალ-დემოკრატიულ პარტიას კრება ჰქონდა, რომელზედაც დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხი სწყდებოდა, საზოგადოებაში ხმა დადიოდა, რომ კრებაზედ ბევრ დრამატულ სცენას ჰქონდა ადგილი. ლაპარაკობდნენ, რომ ვიღაცას გული შეუწუხდა, ვიღაცამ თავის აზრის პროტოკოლში შეტანა მოითხოვა, „აზრი“ კი დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო იყო… ოდესმე ისტორია იტყვის, რა მოხდა ამ კრებაზედ და ვინ იყო დანამდვილებით ის ხალხი, რომელიც ასე მისტიროდა რუსეთს. ერთი კი მაშინაც ვიცოდით: საქართველოს დამოუკიდებლობის აზრი ქართულმა სოციალ-დემოკრატიამ მიიღო არა ერთხმად, არამედ ხმის უმეტესობით. ეს „საიდუმლო“ იაშამაც იცოდა და ამიტომ ანჩხლობდა“, _ წერს თავის მოგონებებში შალვა ამირეჯიბი.
ამირეჯიბი დეტალურად იხსენებს იმ ისტორიულ სხდომას, რომელზედაც დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს:
„აღარ მახსოვს, რომელი საათი იყო, როცა სეიმში შევედი და დიდი ამბების მოლოდინში ჟურნალისტების ლოჟაში მოვთავსდი, ქართული პარლამენტის წევრობის ბილეთი უკვე ჯიბეში მედო. ამ დღეს, როგორც შემდეგ პარლამენტის პირველ სხდომაზედ ჟორდანიამაც აღნიშნა, ჩვენ ვიყავით მოწმე, როგორ მოკვდა ერთსა იმავე დარბაზში ერთი სახელმწიფო და დაიბადა _ მეორე. პირველი ამიერ-კავკასიის რესპუბლიკა იყო, მეორე _ საქართველო! სეიმის უკანასკნელი კრება დაღვრემილი, უხალისო და უფერული იყო. პირველად ვნახე ჩემს სიცოცხლეში სახელმწიფოს „სიკვდილი“. და ისიც ასე დრამატიზმს მოკლებული. სახელმწიფონი კვდებიან ომში ან რევოლუციაში. ჩვენი ამიერ-კავკასიის რესპუბლიკა ტრიბუნაზედ მოკვდა… …ამიერ-კავკასიის რესპუბლიკა კვდებოდა ისე, რომ არავისში სინანულს არ იწვევდა… სეიმის დაშლის მერე სომხები და აზერბაიჯანელები წავიდნენ, ქართველი წევრები თავის ადგილზე დარჩნენ და: „ქართული პარლამენტის დანარჩენი წევრები ლოჟებიდან სხდომის დარბაზში გადავლაგდით და პირველი ქართული პარლამენტი ასე შესდგა… საქართველოს პარლამენტი დაიწყო! დარბაზში სანახაობა უცებ შეიცვალა. ლოჟებში ისხდნენ კათალიკოსი ლეონიდე, ქართული ჯარის სარდლობა, გრაფი შულენბერგი თავისი გერმანელებით და კავკასიის ერთა წარმომადგენლები, ცარიელი იყო მთავრობის ლოჟა, რომელიც ჯერ არ გვყავდა… ჟორდანიამ, საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, „დამოუკიდებლობის აქტი“ წაიკითხა. ვერ ვიტყვი, რომ ამ აქტისთვის მაშინ დიდი ყურადღება მიმექციოს. ყველა ის, ვინც ამ 16 თვის განმავლობაში დამოუკიდებლობას ითხოვდა, ისე იყო გაწვალებული რევოლუციონერულ-დემოკრატიის ეროვნული ნიჰილიზმით, რომ ყოველი სიტყვა მისგან საქართველოზედ და საქართველოსთვის თქმული, დიდ ღვთის წყალობად მიგვაჩნდა. ყველაფერს ნაჩუქარ ცხენის ფასი ჰქონდა, რომელსაც კბილებს აღარავინ უშინჯავდა. ფეხზედ ავდექით და ტაში დავუკარით, ჰიმნი ვერ ვიმღერეთ, რადგან არცა გვქონდა… ამრიგად, საქართველო დამოუკიდებელი გახდა. …იყო რაღაცა ელდა, რომელიც ახლდა ამ სიხარულს და რომელსაც განზრახ ყველა მალავდა ამ დღეს. საქართველო დამოუკიდებელი იყო, მას ჰყავდა თავის ეროვნული მთავრობა, მაგრამ ის არ იყო გმირი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში ეროვნული ბრძოლის მოედნიდან მოვიდა… ეს იყო ხალხი, რომელმაც დიდხანს აბრეცინა თვალი საქართველოს, ვიდრე „მუშათა და გლეხთა საბჭოდან“ მერე „ამიერკავკასიის კომისარიატიდგან“ შემდეგ ამიერ-კავკასიის რესპუბლიკიდგან საქართველოს მთავრობაში მოვიდოდა. ეხლა მიღებულია, რომ თითქოს ეს ეტაპები აუცილებელი იყო, მაგრამ დავიწყებულია, რომ ეს „აუცილებლობა“ დიდი ხანია, ხელოვნურად იყო შექმნილი. ქართველი სოციალ-დემოკრატები თვითონ შეძვრნენ ოდესღაც იმ ხვრელში, რომელსაც კავკასიისა და სრულიად რუსეთის დემოკრატია ერქვა და იქიდან გამოძრომის დროს საქართველოს სახე დააკაწრეს.
როდესაც პარლამენტის კანცელარიის მდივანმა ილ. ზურაბიშვილმა ეს აქტი სასახლის აივნიდგან ტფილისის ხალხსაც წაუკითხა, არც ეს „ხალხი“ იყო მაინცდამაინც მრავალი და თვალი იქიდანაც ამ აქტს წითელ დროშაზე ჩამოხატულმა მარქსმა ჩაუკრა _ ამ დღეს ჩვენს პარლამენტზედ სოციალიზმის დროშა ფრიალებდა და ეროვნული დროშა მგონია, მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ გაჩნდა იქ!..“ _ წერს დიდი ქართველი მამულიშვილი შალვა ამირეჯიბი. ასე ვრცლად იმიტომ შემოგთავაზეთ ამონარიდები მისი ვრცელი მოგონებებიდან, რომ ვისაც აინტერესებს, იმან მაინც იცოდეს, ვინ რას წარმოადგენდა რეალურად.
და დღეს როგორ ვზეიმობთ ქვეყნის დამოუკიდებლობას? გაშლილი რუსული დროშებით და რუსების კუნტრუშით ბათუმში! დიახ, ბიუჯეტიდან მსუყედ დაფინანსებულმა და აჭარის განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულმა ფესტივალმა მოკუნტრუშეთა დასი ჩამოათრია როსტოვიდან, რომელმაც უტიფრად გაშალა რუსული დროშები და ტანცაობა-ტანცაობით იკუნტრუშა ბათუმის ქუჩებში. განათლების უტიფარი მინისტრი კი მოძრობამდე გაიძახოდა, რომ ის მოკუნტრუშეები უკრაინულ სიმღერებს მღეროდნენ და არსად რუსული დროშები არ ფრიალებდა.
მერე თქვეს, რომ მათ უკრაინიდან მოიწვიეს და არ იცოდნენ, თუ ეთნიკურად რუსების ანსამბლი იყო. არც ეს ტყუილი გაუვიდათ _ როსტოვი უკრაინა არაა და როსტოვული დასი უკრაინიდან როგორ მოიწვიეს? აი, ასე, რუსმა ოკუპანტებმა კუნტრუშით და დროშებით გაინავარდეს ბათუმის ქუჩებში და ჩვენ ერთი ბენტერა მინისტრის მოხსნის მეტი ვერც ვერაფერი ვქენით.
ვზეიმობთ დამოუკიდებლობას _ ვზეიმობთ დავითგარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენებით და ქვეყნის ურცხვი პრეზიდენტი არც მალავს, რომ ეს მოვლენები მისი როყიო, მავნებლური განცხადებებითაა გამოწვეული.
ვზეიმობთ გაფიცული მაღაროელებით! ვზეიმობთ იმ უსულგულობით, რაც დღეს ხდება ჭიათურაში! ხალხი, რომელიც სიკვდილს ჩაჰყურებს თვალებში, ითხოვს ელემენტარულს _ ხელფასების 50%-ით გაზრდას!
ეს ხალხი 700-800 ლარად უყურებს სკვდილს თვალებში, გადის სახლიდან, ისე რომ არც იცის, დაბრუნდება თუ არა, ჩადის ქვესკნელში, მუშაობს არაადამიანურ პირობებში, აჭმევენ ლარსა და 80 თეთრს, ითხოვს ელემენტარულ პირობებს, ლუკმის დამატებას იმ ორ ლუკმაზე, რომელსაც ძაღლივით უგდებს კომპანია, რომლის მენეჯმენტშიც გამოჭიმულთა ხელფასები კატასტროფულად მაღალია. დიახ, ვინც მაღაროში ჩადის და სიკვდილს უყურებს თვალებში, იღებს 700 ლარს და ვინც კაბინეტშია გამოტყლარჭული და დეკალიტრობით ცეცხლავს ყავას და იმ 700 ლარს ხანდახან ერთ დღეში ხეთქავს, იმათი ხელფასები ათასობითაა, ზოგის _ ათეულ ათასობით.
და ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენს სინდისს იმით ვაძინებთ, რომ თურმე ამ ჭიათურამ ახლა მერის არჩევნებზე „ქოცებს“ მისცა ხმა და „ქოცი“ აირჩია მერად. უკაცრავად და რა, „ნაცი“ რომ აერჩია მერად, „ნაცი“ მერი „ჯორჯიან მანგანეზს“ გააგდებდა ჭიათურიდან თუ ხელფასებს გაუზრდიდა კერძო კომპანიაში? კი გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ ამ ხალხმა თავისი ხმის ფასი და ძალა არ იცის, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სიკვდილისა და შიმშილისთვის გავწიროთ და მათ მიმართ კი არა, კომპანიის გაზულუქებული მეპატრონეების მიმართ ვიყოთ სოლიდარულნი? მათ მიმართ, ვინც მუშებს ხელფასების 50%-იანი ან თუნდაც 30%-იანი მატების ნაცვლად სთავაზობენ მხოლოდ 25%-იან მატებას, იმასაც ეტაპობრივს და ამ წინადადებას უნამუსოდ ეძახიან სოლიდურ წინადადებას და უპრეცედენტო მატებას!
ვუყურებ ამ ქვეყანას და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის რა მოგახსენოთ და ეს ქვეყანა, მგონი, ნამუსისგან კი მართლაა დამოუკიდებელი…
რეზო შატაკიშვილი