მუსიკის ფონზე შექმნილი ნახატები და რეკორდი, რომელიც მხატვარმა დაამყარა
ბავშვობიდან მღეროდა ტყუპ ძმასთან ერთად, ხელოვნებას ეზიარა და ერთნაირი წარმატებით შეეძლო გამხდარიყო მუსიკოსიც და მხატვარიც, რადგან პატარაობიდანვე ხატვის დროს ყოველთვის მღეროდა. ტყუპ ძმასთან ერთად ნამღერი ხალხური სიმღერა ოქროს ფონდშიც კი მოხვდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ხატვის სიყვარულმა გადაწონა და დავით მურაჩაშვილი მხატვარი გახდა. მხატვარი, რომელმაც სრული რეკორდი მოხსნა _ ერთ წელიწადსა და 9 თვეში 580 ნახატი დახატა და ყველაზე მეტი პანდემიის დროს გაყიდა.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა მხატვრის პიროვნებით, მისი ცხოვრებით, ბავშვობითა და, რა თქმა უნდა, შემოქმედებით.
დავით მურაჩაშვილი:
_ გორში დავიბადე და ბავშვობა ამ პატარა და უსაყვარლესს ქალაქში გავატარე. ოჯახში სამი ბავშვი ვიყავით, ჩემზე 5 წლით უფროსი და და ჩემი ტყუპისცალი ძმა. რაც თავი მახსოვს, მე და ჩემი ძმა სულ ვმღეროდით. დედაჩემი ამბობს ხოლმე, ლაპარაკზე ადრე ორივემ სიმღერა ისწავლეთო. რა გითხრათ, მე არ მახსოვს, ალბათ, ასეა. 6 ან 7 წლის ვიქნებოდით, როცა გორში ვაჟთა გუნდი „ქართლი“ ჩამოყალიბდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა უნიჭიერესი და არაჩვეულებრივი პიროვნება გიორგი საძაგლიშვილი. მან შეგვასწავლა ურთულესი ქართული ხალხური სიმღერები „მეტივური“, „დიამბეგო“, „ბერიკაცი ვარ“, „ზამთარი“ და სხვა მრავალი. ეს ის სიმღერებია, რომლის შესრულებაც გამოცდილ მომღერლებსაც უჭირთ, არამცთუ 8-9 წლის ბავშვებს. ეს პერიოდი უბედნიერესი იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩვენი ბავშვობა 80-იანი წლების დასასრული და 90-იანი წლების დასაწყისი იყო. ქვეყანაში არეულობა დაიწყო, არ იყო გაზი, შუქი, მაგრამ ეს დრო ყველაზე ბედნიერი იყო ჩვენთვის. ჩვენს სახლში არ ციოდა, არ გვშიოდა, არ გვეშინოდა, პატარები ვიყავით და ვერ ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა ქვეყანაში და სულ გვემღერებოდა. ჩვენი სახლიდან ხშირად ისმოდა სიმღერის ხმა. ბევრჯერ უთქვამთ ჩემი ოჯახის წევრებისთვის, თქვენი სახლიდან ისეთი ხმები გამოდის, როცა გავივლით, ვჩერდებით და ვუსმენთო.
_ თავიდანვე შეგატყვეს მუსიკისა და ხელოვნებისადმი მიდრეკილება?
_ მეც და ჩემი ძმაც ძალიან ცელქები ვიყავით, უცელქესები, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ რაც არ უნდა დაგვეშავებინა, ყველა ყველაფერს გვპატიობდა. მარტო დედაჩემი გვიბრაზდებოდა ხოლმე, მამა და ბებია-პაპები ორივე მხრიდან ფიქრობდნენ, რომ საუკეთესოები ვიყავით. ისე ვმღეროდით, ჩვენთვის ყველაფრის პატიება შეიძლებოდა (სიცილი). ორივეს ძალიან გვიყვარდა ძერწვა, ხატვაზე მეტად ძერწვა გვიყვარდა, როცა თან ვმღეროდით და თან ვძერწავდით, ეს ჩვენი ოჯახის წევრებისთვის იდეალური დასვენების პერიოდი იყო.
_ როგორ გაიარა სტუდენტობის წლებმა? სწავლასა და ხელოვნებით გატაცებას ერთმანეთს როგორ უთავსებდით?
_ ერთხელ გორში „მართვესა“ და ჩვენი გუნდის, „ქართლის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა. სწორედ მაშინ მოგვისმინა ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა და შემოგვთავაზა თბილისში გადასვლა „მართვეში“, ასე აღმოვჩნდით „მართვეში“ და სწორედ „მართვესთან ერთად ჩაიწერა ქართული ხალხური სიმღერის ოქროს ფონდისთვის „ბერიკაცი ვარ“. ჩვენი არქივი ინახავს ასევე ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილის საღამოზე ჩვენ მიერ შესრულებულ „ზამთარს“, ასევე გვაქვს უნიკალური საარქივო ჩანაწერები „ქართლისა“ და ჩემი და ჩემი ძმის ერთობლივი შესრულებით. იმდროინდელი უშუქობისა და მწირი ტექნოლოგიების პირობებში რისი გადაღებაც მოახერხა ჩვენმა ოპერატორმა და რაც შემოგვრჩა, მიმაჩნია, რომ გმირობის ტოლფასია.
_ როგორ ფიქრობთ, რამ იქონია გავლენა თქვენს მხატვრად ჩამოყალიბებაზე?
_ ძალიან ბევრ ადამიანს გაუკვირდა, როცა პროფესიის არჩევის დრო დადგა და სამხატვრო აკადემია ავირჩიეთ, მანამდე უკვე დამთავრებული გვქონდა სამხატვრო სკოლა და ვსწავლობდით მუსიკალურ სასწავლებელში საგუნდო-სადირიჟოროს განხრით. არჩევანია გასაკეთებელი და ვირჩევთ ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტს, ყოველგვარი მომზადებისა და რეპეტიტორების გარეშე, სპონტანურად. მამაჩემმა ორივეს 2 თუ 3 გაკვეთილი ჩაგვიტარა, სულ ეგ იყო. ორივე ძმა ვხდებით სტუდენტები, პარალელურად ვიწყებთ სიმღერას ანსამბლ „ერისიონში“. ბატონმა ჯემალ ჭკუასელმა სიხარულით მიგვიღო, მაგრამ ამ ანსამბლს თავისი სამუშაო განაკვეთი ჰქონდა 12-დან 5 საათამდე, ჩვენ კი სტუდენტები ვიყავით და არანაირად არ გვიხერხდებოდა, ორივეს გავწვდენოდით და გარკვეული პერიოდის მერე ანსამბლისთვის თავის დანებება მოგვიწია. ასე შემოვრჩით ხატვასა და დიზაინს.
დედაჩემს ახლაც შენახული აქვს ჩემი პირველი ნახატები, რომელიც ფანქარში შევასრულე, რაც შეეხება საღებავით ხატვას, ერთი საინტერესო ამბავი მოხდა: 12 თუ 13 წლის ასაკში ავად გავხდი და წოლითი რეჟიმი დამინიშნეს. 40 დღე უნდა ვწოლილიყავი. ლოგინში რომ გავეჩერებინე, დედაჩემმა წიგნები, მუყაოსმაგვარი რაღაც მასალა (მამაჩემის მასალებიდან) და ზეთის საღებავები მომცა და მითხრა, რომ 3 წიგნი მაინც უნდა წამეკითხა და რამდენიც გამიხარდებოდა, იმდენი ნახატი დამეხატა, 3 წიგნიც წავიკითხე და 3 ნახატი დავხატე პირველად ზეთში. ეს სამივე ნახატი ახლაც დედაჩემთან ინახება.
_ თქვენ მღერით კიდეც. თქვენს ტყუპისცალ ძმასთან ერთად შესრულებული ქართული ხალხური სიმღერა „ბერიკაცი ვარ“ მე-20 საუკუნის ოქროს ფონდშია შესული. რამ განაპირობა ეს წარმატება?
_ ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რატომ არ გავაგრძელეთ სიმღერა? ეს ბედია, რომელსაც ადამიანები ეხმარებიან, რომ ასე იყოს. შენ, პატარა ქალაქიდან ჩამოსული ადამიანი, ხვდები დიდ ქალაქში, სადაც შენზე ადრე ჩამოვიდა ის ადამიანი, ვინც ის გზა უკვე გაიარა, რაც შენ ახლა უნდა გაიარო და საფრთხეს ხედავს შენში, შენ უკვე არყევ მის ამბიციებს და მის გეგმებს საფრთხეს უქმნი, ამიტომ ცდილობს, ბარიერები შეგიქმნას, რომ მასზე წინ არ წახვიდე. შენ ჯერ ვერ ხვდები, რა ხდება, მერე ეჭვი გიჩნდება, მერე გიღრმავდება, მერე რწმუნდები, რომ არ გეჩვენება, მაგრამ უკვე არჩევანის წინაშე დგახარ, _ ან ბრძოლაში ებმები, ან განზე დგები და იმ მიმართულებას ირჩევ, სადაც ასევე შეგიძლია წარმატებული იყო. ხოლო ის ვიღაცა (რა თქმა უნდა, გვარს არ ვასახელებ და არც არასოდეს ვიტყვი) რჩება იქ, იმ ადგილას, სადაც იყო, სადაც შენც უნდა ყოფილიყავი და სამივე (ანუ მე და ჩემი ძმაც) დავეტეოდით. მაგრამ ასე არ მოხდა. რას ვიზამთ? ამიტომ ვამბობ, ალბათ, ბედი იყო, ღმერთმა ყველას თავისი გზით გაუმარჯოს.
_ როგორი ხასიათის ადამიანი ხართ – რა განასხვავებს თქვენში ჩვეულებრივ პიროვნებასა და მხატვარს?
_ ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ. როცა ვინმეს გახარება შემიძლია, თავს უბედნიერესად ვგრძნობ. ვერასოდეს ვეგუებოდი, როცა ვინმეს ჩაგრავდნენ ან დასცინოდნენ და მასხრად იგდებდნენ, არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანია, ცხოველი თუ ფრინველი. მიყვარს კარგ ადამიანებთან ურთიერთობა. როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს ადამიანი, მისი ნიჭი არაფრად მიმაჩნია, თუ კარგი პიროვნება არ არის, ასეთებს ყოველთვის ვერიდები. როგორც მხატვარი, შეიძლება ითქვას, რომ არ ვიცი, როგორი ვარ, როგორი ნახატიც დავხატე, ისეთი ვარ იმ მომენტში.
_ აღწერეთ თქვენი ხატვის პროცესი…
_ არასოდეს ვიწყებ ხატვას ჩანახატით. მომინდა ხატვა? _ ვდგები, ვრთავ მუსიკას, ვიღებ ტილოს, საღებავს და ვიწყებ ხატვას ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე. რასაც ვხედავ, იმას ვხატავ, ამისთვის ჩანახატი არ მჭირდება, მხოლოდ მობილიზაცია და „ფუნჯი თავისით დარბის“, „ფერებს თვითონ არჩევს“, სტილსაც და მიმდინარეობასაც „ფუნჯი ირჩევს“, მე მხოლოდ ფუნჯი მიჭირავს ხელში. შეიძლება, ზოგს ეს გაზვიადებული ხატოვანი გამონათქვამი ჰგონია, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ასეა. არასოდეს ვტოვებ ნახატს დასამთავრებელს, თუ დავიწყე, ის აუცილებლად დამთავრდება. შეიძლება, ნახატი ნახევარ საათში დავხატო, შეიძლება, 2 საათი დამჭირდეს, ამას ვერ ვსაზღვრავ. მთავარია, ემოციურად ვიყო მზად ხატვისთვის, დანარჩენი თავისთავად მოდის.
_ მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების ყველა ჟანრში საუცხოოდ წარმოჩნდებით, მაინც რომელია თქვენთვის საინტერესო მიმდინარეობა და რას ხატავთ განსაკუთრებული გატაცებით?
_ ბევრი მიმდინარეობა მომწონს, არ ვლაპარაკობ მხოლოდ რენესანსის ეპოქის მხატვრებზე, მომწონს იმპრესიონიზმი, კუბიზმი, აბსტრაქცია. ჩემთვის მთავარია, როგორ გადმოსცემს საკუთარ ემოციას მხატვარი და რას გრძნობს ის. ძალიან მიყვარს რუსული მხატვრობა. წლების წინათ მოსკოვში ვიყავი რამდენიმე თვით. ტრეტიაკოვის გალერეაში აივაზოვსკი, შიშკინი, რუბლიოვი და სხვა მხატვრები ორიგინალში რომ ვნახე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ იყო.
ბავშვობაში საბავშვო ბაღში შესასვლელში დიდი ტილო ეკიდა ზამთრის პეიზაჟით, ყოველთვის მიხაროდა ამ სურათის დანახვა და ემოციით მავსებდა. ახლა, როცა მინდა, უბრალოდ ჩემთვის ვხატო და სულიერი საზრდო მივიღო, ზამთრის პეიზაჟს ვხატავ ხოლმე.
_ როგორ ფიქრობთ, რა ადგილის დამკვიდრება შეგიძლიათ ქართულ სამხატვრო ხელოვნებაში – სხვებისგან რა გამოგარჩევთ?
_ ვფიქრობ, რომ ამ სამყაროში ყველას აქვს თავისი ადგილი. სხვანაირად, შეუძლებელია იყოს. ხშირად მეკითხებიან, სად ხედავთ ქართულ მხატვრობაში თქვენს ადგილსო? მე გეუბნებით, რომ ვხედავ იქ, სადაც ჩემი ადგილია, მე არავისგან ვარ გამორჩეული, მე ვარ დათო მურაჩაშვილი, ვხატავ იმას, რაც მსიამოვნებს და რასაც ვხედავ და ვდგავარ იქ, სადაც მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილია. არასოდეს დავიკავებ არავის ადგილს, ვერც ჩემსას დაიკავებს ვერავინ. ღმერთი ყველას თავის წილ ადგილს აძლევს და წინ წახვალ, თუ ერთ ადგილზე დარჩები, ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული.
_ შეიძლება თუ არა, თქვენისთანა მხატვარმა საქართველოში თავისი შემოქმედებით იცხოვროს? თუ _ კი, მაშინ თქვენს მაგალითზე გვიპასუხეთ.
_ ერთ წელიწადსა და 9 თვეში 580 ნახატი დავხატე, ყველაზე მეტი ნახატი პანდემიის დროს გავყიდე, უამრავმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ შეიძინა ჩემი ნამუშევარი და ეს კარგია, მაგრამ მე მაბედნიერებს, როცა ჩემს ნახატებს ქართველები ყიდულობენ და ჩემი ნამუშევარი ჩემს ქვეყანაში რჩება. დღეს ძალიან გახსნილია მსოფლიო და პრობლემას არ წარმოადგენს შენი ნამუშევრის საზღვარგარეთ გაყიდვა, ასე რომ, შეგიძლია აქ იცხოვრო და იქ გაყიდო.
_ რა არის თქვენი მხატვრული ინსპირაციის წყარო – შეძლება ამას მუზის წყალობაც ვუწოდოთ?
_ ჩემთვის ინსპირაციის წყარო შეიძლება ისეთი მოვლენა ან ობიექტი გახდეს, რომელსაც სხვა ვერ შენიშნავს ან ვერ დაინახავს, რასაც მე ვხედავ. შეიძლება, უბრალოდ მუსიკას ვუსმენდე და ნახატი წარმოვიდგინო. ჩემი 11 წლის ძმისშვილი პიანინოსთან იჯდა და უკრავდა, შევხედე და წარმოვიდგინე „გოგონა როიალთან“ და ახლა ეს ნახატი ჩემი ძმისშვილის საკუთრებაა. უამრავი რამე შეიძლება იყოს მხატვრის ინსპირაციის წყარო. უბრალოდ, იმ მომენტისთვის მხატვარი უნდა იყოს „მწყურვალი“, რომ იმ „წყაროდან წყლის დალევის სურვილი გაუჩნდეს“.
_ თქვენ საზღვარგარეთაც ბევრს მოგზაურობთ. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს ხელოვანის თვალსაწიერის ესთეტიკურად ჩამოყალიბებაზე კითხვა და მოგზაურობა?
_ ხელოვანს მუდმივად სჭირდება საზრდო, რითიც უნდა კვებოს თავისი შემოქმედება. გააჩნია, ვისთვის რა არის ეს საზრდო. თუ გახსოვთ ფილმი „დიდი ვალსი“, შტრაუსისთვის დღეს ძალიან ცნობილი ვალსის საზრდო და ინსპირაცია ვენის ტყის შრიალი და ჩიტების ჭიკჭიკი იყო, შეიძლება ფილმში მხატვრულადაა ეს გადმოცემული, მაგრამ ხელოვანისთვის აბსოლუტური რეალობაა. ახალი ქვეყანა, ახალი ადგილები, ახალი ადამიანები _ ეს ყველაფერი საზრდოა, მთავარია, ხელოვანი რას შექმნის და როგორ შექმნის.
_ თქვენს კოლექციაში არის თუ არა ისეთი ნახატები, რომელთაც არ გაყიდით? რატომ? რა გაკავშირებთ მათთან?
_ ყველა მხატვარს აქვს თავისი საყვარელი ნახატი, რომელსაც ვერ შეელევა. მეც მაქვს ასეთი, აბსტრაქტული ნახატი, რომელიც ჩემია, მე ვხედავ, ჩემთან ერთად არის და თვითონაც არ უნდა ჩემგან წასვლა, ჩვენ ერთმანეთის გვესმის.
_ თქვენ მოსწავლეებსაც ასწავლით ხატვას – ცდილობთ თუ არა მათი გემოვნების ჩამოყალიბებას?
_ მიუხედავად პანდემიისა, მიხარია, რომ ჩემი მოსწავლეები ისევ ახერხებენ ჩემთან კომუნიკაციას, მე მათ თავისუფლებას, სილამაზის აღქმას ვასწავლი, რომ არავის მიბაძონ, იყონ ის, ვინც არიან და მუდმივად ახლის ძიებაში იყვნენ და რაც მთავარია, შრომის სიყვარული ყველა წარმატების საფუძველთა საფუძველია. ჩემს გემოვნებას არასოდეს მოვახვევ თავს, მათ საკუთარი გემოვნება აქვთ, უბრალოდ, სწორ გზას დავანახვებ.
_ რას აპირებთ ხვალ? რას გეგმავთ, სად შეძლებენ თქვენი ნახატების დათვალიერებასა და შეძენას მსურველები?
_ სექტემბერში გამოფენას ვგეგმავდი _ „სამყარო ხელისგულზე“, ასეთი იყო ჩემი გამოფენის თემა. ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო ეს გამოფენა გადაიდო, მაგრამ გეგმები ისევ ძალაშია, დღეს მართლაც ხელისგულზეა სამყარო, მაგრამ ნეგატიური კუთხით. იმედი მაქვს, მალე შეიცვლება სასიკეთოდ ყველაფერი და სამყაროც ისევ გაფერადდება, გამსუბუქდება, სინათლით და სიყვარულით აივსება და მე თქვენ ყველას მოგიწვევთ ჩემს გამოფენაზე.
გიორგი საკარული