მურმან დუმბაძე: „სააკაშვილი ჩვენ უნდა ჩამოვიყვანოთ“

ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, კიდევ ერთხელ დააანონსა საქართველოში ჩამოსვლა. ზოგი ფიქრობს, რომ ეს მორიგი ცრუ დაპირებაა; ზოგი დარწმუნებულია, რომ ის არჩევნების წინ მართლაც ჩამოვა საქართველოში. პარტია „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი კი არ უნდა ჩამოვიდეს, არამედ ის ხალხმა უნდა ჩამოიყვანოს. დუმბაძე მზადაა პირადად დახვდეს სააკაშვილს.

რატომ არის საქართველოში აუცილებელი სააკაშვილის დაბრუნება? რატომ არ უნდა გარბოდნენ ქვეყნიდან არჩევნებში დამარცხებულები? დაიჭერენ თუ არა ივანიშვილს ხელისუფლების შცვლის შემთხვევაში? _ ამის შესახებ მურმან დუმბაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო მურმან, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადააგდო ოპოზიცია. ამდენი გადაგდების მიუხედავად, რატომ ვერ ისწავლეთ ჭკუა?

_ მე არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიცია გადააგდო. გადაგდებული თავად „ქართული ოცნება“ დარჩა. გავრილოვის სისხლიანი ღამიდან რამდენიმე დღეში, 2019 წლის 24 ივნისს, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა მიკროფონთან და მსოფლიოს უთხრა, რომ ის საქართველოში არჩევნებს სრულად პროპორციული წესით ჩაატარებდა. რამდენიმე დღეში შეეცადა გადავეგდეთ პარლამენტის მეშვეობით, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გადაგვაგდო. მივიღეთ პრინციპი 120/30-ზე. აქ მთავარი ისაა, რომ ივანიშვილმა ვერ გადაგვაგდო.
გადაგდების მცდელობა იქნება 2021 წლის 2 ოქტომბრის შემდეგაც. მესიჯები, რომლებიც „ქართული ოცნებიდან“ მოდის, შემთხვევითი არ არის. ამბობენ, რომ 3%-იც რომ ავიღოთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მაინც არ დავნიშნავთო. ეს მესიჯები ივანიშვილთან არის შეთანხმებული. მის გარეშე კობახიძე ასეთ რამეს საკუთარ თავში ვერ მოხარშავდა, ეს გამორიცხულია. კობახიძე ივანიშვილის იდეების გამხმოვანებელია. თავად ივანიშვილი მხართეძოზეა წამოწოლილი აბასთუმანში. მცდელობა ექნებათ ჩვენი გადაგდებისა, მაგრამ ვერ გადაგვაგდებს.

_ დარწმუნებული ხართ რომ ვერ გადაგაგდებთ?

_ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ 43%-ზე ნაკლებს თუ აიღებს, ვერ გადაგვაგდებს. ოპოზიცია თუ მთლიანობაში 57%-ს აიღებს, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. აბა, ერთი გაბედოს ივანიშვილმა და არ დანიშნოს ხელახალი არჩევნები.

_ რას იზამთ, თუ ივანიშვილი გაბედავს და არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს?

_ ივანიშვილი მიიღებს საკადრის პასუხს. 13 წლის განმავლობაში ვეუბნებოდი ასლან აბაშიძეს, რომ დათმობაზე თუ არ წავიდოდა, ცუდად დაამთავრებდა. მართლა ცუდად დაამთავრა, მას 2004 წლის 6 მაისს საქართველოდან მოუწია გაქცევამ. თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მის წინააღმდეგ მთელი ბათუმი გამოვიდა? ასე არ ყოფილა.
ჟურნალისტები ოპოზიციას ხშირად გვსაყვედურობენ, ქუჩაში ვერ გამოგყავთ მოსახლეობაო. ხალხი ქუჩაში არც არასდროს გამოსულა. არც 2003 წლის 22 ნოემბერს გამოსულა მთელი თბილისი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ. მთელ დღეებს რუსთაველზე ვატარებდი და 40.000 კაცზე მეტი არ გამოსულა. 40.000 კაცი ოპოზიციის აქციებზე სხვა დროსაც მოსულა.
ისევ ასლან აბაშიძის მოშორებას დავუბრუნდები და არც იმ დროს გამოსულა ბევრი ხალხი ქუჩაში. დავიწყეთ 15-მა კაცმა, მერე გავხდით 150, მერე 300 და ა. შ. შევიკრიბეთ, ბათუმის უნივერსიტეტის წინ რუსთაველის ქუჩაზე. იქ ძალიან მჭიდროდ რომ დააყენო ადამიანები, 2.500 კაცზე მეტს ვერ დატევ. ბევრნი არ ვიყავით, მაგრამ ასლან აბაშიძის გაგდება მოვახერხეთ. ეს გამარჯვება ჩვენმა მტკიცე ნებამ მოიტანა.
საქართველოს მოქალაქეებს თუ მტკიცე ნება ექნებათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დაამთავროს, ის ამას აუცილებლად დაამთავრებს. ამ შემთხვევაში საქმე ისე არ დგას, რომ ივანიშვილმა ხელისუფლება უნდა დაამთავროს. ჩვენ ორი არჩევანი გვაქვს: ან ვრჩებით საბჭოთა კავშირში, რომელიც 1991 წელს დაიშალა, ან ვაგრძელებთ ცხოვრებას ისე, როგორც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას შეეფერება.
ნორმალურ ქვეყანაში უნდა საქართველოს მოქალაქეს ცხოვრება? მაშინ მან ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას მისცეს ხმა. ძალიან ბევრი პარტია მონაწილეობს არჩევნებში და მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ. მთავარია, ოპოზიციამ ჯამში 57%-ზე მეტი აიღოს და მერე ერთად მივაყურადოთ ივანიშვილის განმარტებებს. თუ გაბედავს ჩვენს გადაგდებას, ის საკადრის პასუხს მიიღებს.

_ ჯერ ეს პასუხი ვერ მიიღო.

_ ამ შემთხვევაში მიიღებს. 30 წელია, პოლიტიკაში ვარ. უზარმაზარი გამოცდილება დამიგროვდა. ამ გამოცდილების გათვალისწინებით გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი პასუხს მიიღებს. საქართველოში აუცილებლად მოიძებნება 100.000 ღირსეული მოქალაქე. ისინი გამოვლენ ქუჩაში და ივანიშვილს თავის კაბინეტიდან გამოიტანენ.

_ 100.000 ადამიანის გამოყვანა ქუჩაში რამდენად გამართლებულია პანდემიის დროს?

_ კორონა პანდემიის თემაზე კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს უნდა ველაპარაკოთ.

_ თეა წულუკიანს რატომ?

_ იმიტომ, რომ უზარმაზარ თანხებს ხარჯავს კონცერტების მოწყობაზე. თუ წულუკიანის კონცერტებზე არაა საშიში კორონა, საპროტესტო აქციაზე რატომ იქნება საშიში? ხალხი პირბადეს გაიკეთებს და სოციალურ დისტანციას დაიცავს. კორონა უკან დაიხევს, როცა ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება. ახლა ღირსებაა აღსადგენი და კორონას შიშით სახლში დარჩენა გამართლებული არ არის. ღირსეული ადამიანები თუ არ მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, აქ კორონა არასდროს დამარცხდება. ღირსეული ადამიანები ამარცხებენ ინფექციებს და ავითარებენ ქვეყანას. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გადაგდების შემთხვევაში ხალხი ქუჩაში გამოვა.
ასე გაგრძელება შეუძლებელია. საქართველოს ხელისუფლება ღიად შეჯდა რუსულ ორბიტაზე. ჩვენ ახლა რეალურად გვყავს რუსის ხელისუფალი, რომელიც ძალიან მოსწონს პუტინს. მოსკოვიდან მოსდით მესიჯები და ამ მესიჯებით მართავენ საქართველოს.
ჩვენს მოსახლეობას აღარ სურს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება, ამიტომ ოპოზიცია, საერთო ჯამში, აიღებს 57%-ზე მეტს. ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს თუ არ დანიშნავს, ისინი მიიღებენ რევოლუციას. ხალხი მათ კაბინეტებიდან გამოიტანს. სიტყვა რევოლუცია ძალიან არ მოსწონს კობახიძეს, მაგრამ თუ გაჯიუტდებიან, მიიღებენ. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეიგნოს, რომ როცა ქვეყანაში ტოტალური უსამართლობაა, იქ აუცილებლად მოხდება რევოლუცია.

_ ზედმეტად ოპტიმისტურად ხომ არ ხართ განწყობილი? სიტყვა რევოლუცია ხალხსაც აფრთხობს.

_ ზედმეტად ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. მე იმ ხალხის მჯერა, ვისაც გადამწყვეტ მომენტში საქართველოში მოუხდენია ცვლილებები. მინიმალურმა კრიტიკულმა მასამ გააგდო ასლან აბაშიძე აჭარიდან, მინიმალურმა კრიტიკულმა მასამ გააგდო შევარდნაძე. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, რამდენიმე დღის მანძილზე, შევარდნაძეს ვემუდარებოდით, ეღიარებინა ის შედეგები, რაც ქაღალდზე იყო დაფიქსირებული. არაო! _ მოიკლა შევარდნაძემ თავი. მისი გაჯიუტება ცოტა უცნაური იყო, რადგან მას პოლიტიკის ანი და ბანი კარგად ესმოდა.

_ პოლიტიკის ანი და ბანი თუ ესმოდა, რატომ გაჯიუტდა?

_ არ ვიცი. შეიძლება იმიტომ, რომ ასაკოვანი იყო უკვე, შეიძლება იმიტომ, რომ გარემოცვა არ უვარგოდა. არ აღიარა არჩვნების შედეგები და მიიღო რევოლუცია. 8 ნოემბერს დავიწყეთ აქციები და 15 დღეში დავამთავრეთ შევარდნაძის ხელისუფლება.
მე არ მინდა, რომ მოვლენები რევოლუციური სცენარით განვითარდეს. არ მინდა, რომ საქართველოში დაპირისპირება გაგრძელდეს. ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვარ, „ქართული ოცნების“ წევრებს ჩამოვართვა ხელი. ეს ქვეყანა „ოცნებასაც“ ეკუთვნის და ბიძინა ივანიშვილსაც. ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ, რათა უკეთესი ქვეყანა მივიღოთ. ამის შანსი ახლა გვაქვს. ახლა მთავარია, არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და ხელისუფლებამ პირობა შეასრულოს. სამართლიანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იქნება სამართლიანობა? ყველაფერი მშვიდობიანად წავა. არ გვექნება სამართლიანობა? მივიღებთ მუდმივ ბუნტს.

_ მზად ვარ, „ოცნებას“ ხელი ჩამოვართვაო, ამბობთ და „ოცნებას“ უნდა ოპოზიციისთვის ხელის გაწვდენა?

_ „ოცნებას“ ყველაზე მეტად უნდა, რომ ხელისუფლების სათავეში დარჩეს. მთელი 9 წელი არაფერი უკეთებიათ გარდა იმისა, რომ „ნაციონალებს“ სისხლისმსმელებს ეძახდნენ. ამ ტერმინის დამამკვიდრებელი იცით, ვინ არის? ახლა ის ერთ-ერთი ყოფილი ოპოზიციონერია და „ნაციონალებთანაც“ ზის ხოლმე მოლაპარაკებებზე.

_ ვინ არის?

_ ქალბატონი ეკა ბესელია. მან დაამკვიდრა ეს ტერმინი. ძალიან ხშირად იმეორებდა სისხლისმსმელებიო. ერთხელ შევედი მასთან კაბინეტში და ვუთხარი, დაანებე ამ 9 წელზე საუბარს თავი-მეთქი. მიმაჩნდა, რომ 2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ 9 წელზე უნდა შეგვეწყვიტა საუბარი და იმაზე გვეზრუნა, რომ შემდეგი წლები უკეთესი ყოფილიყო საქართველოსთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ისევ 9 წელზე ამჯობინა საუბარი და შედეგი ვერ დაიდო.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. ახლავე ვაცხადებ, ჩვენ „ოცნებას“ არ უნდა დავემსგავსოთ და მხოლოდ წარსულზე არ ვილაპარაკოთ. ეს ხელისუფლება იმიტომ კი არ უნდა შევცვალოთ, რომ შემდეგ ჩავწიხლოთ და გავანადგუროთ. ეს ხელისუფლება იმიტომ უნდა შევცვალოთ, რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ტრადიცია, რომ არჩევნებში დამარცხებული ძალა ქვეყნიდან გარბის. ჩვენ ასე მოვკალით ზვიად გამსახურდია. ის არჩევნებით არ შეუცვლიათ, ის ჩამოაგდეს, მაგრამ ხომ მოკლეს. ეს დაღი ჩვენ სამუდამოდ დაგვრჩა. ჩვენ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი მოვკალით. ჩვენ არც მიხეილ სააკაშვილი უნდა გაგვეძევებინა და მის წინააღმდეგ სასამართლოები არ უნდა დაგვეწყო.

_ დანაშაული თუ აქვს ჩადენილი, რატომ არ უნდა გაიმართოს მის წინააღმდეგ სასამართლო?

_ დანაშაული თუ აქვს ჩადენილი, მაშინ უნდა გასამართლდეს, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, როდის გაიმართა ეს სასამართლო? სააკაშვილი თუ დამნაშავე იყო, „ოცნებას“ მის წინააღმდეგ ძიება ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა დაეწყო. „ოცნებამ“ მის წინააღმდეგ საქმე მაშინ აღძრა, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველი შედეგი დადო არჩევნების წაგების შემდეგ. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მიხვდნენ, რომ ყოფილ ხელისუფლებას კიდევ ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა. ამის შემდეგ დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაენეიტრალებინათ სააკაშვილი.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ოცნების“ მმართველობის 9 წელი იყო ქვეყნის დაპაუზება და ბრეჟნევის პერიოდი. არჩევნები სამართლიანად თუ ჩატარდა, ამ 9 წლის გამო საყვედურს არავინ მიიღებს.

_ სააკაშვილზე ვსაუბრობდით და ამ ადამიანმა კიდევ ერთხელ დააანონსა საქართველოში ჩამოსვლა. ამბობს, არჩევნების წინ ჩამოვალო. ჩამოსვლა ბევრჯერ დააანონსა, მაგრამ არ ჩამოსულა. ახლაც იგივეს ხომ არ გააკეთებს?

_ გეთანხმებით, მან ბევრჯერ დააანონსა ჩამოსვლა, მაგრამ არ ჩამოვიდა. მოგეხსენებათ, თუ როგორ მიყვარს ხალხთან შეხვედრები. მოსახლეობა სულ იმას მეკითხება, ჩამოვა თუ არა სააკაშვილი. მე მათ მარტივად ვპასუხობ და თქვენც იმავეს გეტყვით, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ჩამოვიდეს, ის უნდა ჩამოვიყვანოთ ჩვენ.

_ ვინ ჩვენ?

_ იმათ, ვინც სააკაშვილს მხარს უჭერს. მას, სულ მცირე, ნახევარი მილიონი ამომრჩეველი უჭერს მხარს. ამ ადამიანებს თუ სურთ, რომ მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდეს, მაშინ ის ჩვენ თავად უნდა ჩამოვიყვანოთ. მე მისი ჩამოყვანის ძალიან მარტივ ლოგარითმს გთავაზობთ. ავიღოთ 200 ლოკაცია და იქ მოვაწყოთ აქცია. 200 ლიდერი გავიფანტოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს აქციები ერთ დღეს უნდა გაიმართოს. დარწმუნებული ვარ, 200.000 კაცი მაინც გამოვა ქვეყნის მასშტაბით. როცა ამ აქციას გავმართავთ, მაშინ მიხეილ სააკაშვილს უნდა მივმართოთ, რომ საქართველოში დაბრუნდეს.
ისე არავინ იფიქროს, რომ სააკაშვილი აქ ივანიშვილისთვის პანღურის ამოსაკრავად ჩამოგვყავს. მე არ მინდა, რომ დაბრუნებულმა სააკაშვილმა კვლავ იბელადოს. ის აქ ბალანსის დასამყარებლად უნდა დაბრუნდეს. მას უნდა მიეცეს პოლიტიკური საქმიანობის უფლება. ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები. ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტსაც უნდა ჰქონეს.

_ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს და არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

_ მას მოქალაქეობა უკანონოდ წაართვეს. სააკაშვილს სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, მივიდეთ და მივულოცოთ. დამარცხებულის დევნა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილის.

_ ივანიშვილს დანაშაული თუ აქვს ჩადენილი, არც სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს მის წინააღმდეგ?

_ დანაშაული თუ აქვს ჩადენილი, მაშინ სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. დამნაშავეა თუ არა, ეს სამართლიანმა სასამართლომ უნდა დაადგინოს. ოღონდ მისი სასამართლო 4 წლის მერე არ უნდა ჩატარდეს, როგორც ეს სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა. „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა 2012 წელს, მესამე პრეზიდენტის სასამართლო კი 2016 წელს ჩატარდა. ადამიანს თუ დანაშაული აქვს ჩადენილი, მაშინ იმ წუთში გაასამართლე.
ახლავე ვთქვათ, თუ რა დანაშაული აქვს ივანიშვილს ჩადენილი. მან ააფეთქა საყდრისი. ამის გამო ის უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე. საყდრისი იყო უძველესი ძეგლი. ფრანგი და გერმანელი მეცნიერები ეხვეწებოდნენ, არ დაანგრიოთო, მაგრამ ივანიშვილმა საყდრისი აგვიფეთქა. ამაზე მან უნდა აგოს პასუხი.

_ „გავრილოვის ღამის“ გამო არ უნდა მოეკითხოს? მართალია, მას ოფიციალურად ბრძანება არ გაუცია, მაგრამ ყველამ იცის, რომ ბრძანებებს ის გასცემდა.

_ ამაზეც უნდა მოვთხოვოთ პასუხი. 2019 წლის 20 ივნისს ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრაზე ივანიშვილი აგებს პასუხს. ოღონდ 2021 წლის 2 ოქტომბერს რომ დამარცხდება, 2026 წელს კი არ უნდა მოვკითხოთ, 2021 წლის 3 ოქტომბერს უკვე უნდა დაიბარონ დაკითხვაზე. თუ გამართლდება, ღმერთმა ხელი მოუმართოს. თუ მისი დანაშაული გამოიკვეთება, წავა ციხეში. ამით ქვეყანა არ დაიქცევა.
მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს და არა იმიტომ, რომ ბელადი გახდეს. მისი ჩამოსვლა იმიტომაა საჭირო, რომ ივანიშვილი დააბალანსოს. დღეს ივანიშვილს საპირწონე არ ჰყავს. სააკაშვილი იყო ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. მას საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი პატივს სცემს. ის იმსახურებს საქართველოში ცხოვრებას.
დღეს სალომე ზურაბიშვილი სრულიად უგუნურ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, ის საქართველოდან არ უნდა გავაგდოთ.

_ ზურაბიშვილის რომელ განცხადებას მიიჩნევთ უგუნურად?

_ ბევრი უგუნური განცხადება აქვს გაკეთებული. მე ერთს გამოვარჩევდი. ამ ქალბატონმა რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. ეს იყო ყოვლად გაუგონარი და ძალზე უგუნური განცხადება. ამის გამო შეგვიძლია ის კონკურენციულ წნეხში მოვაქციოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გაგდება.
საქართველოს მხრიდან მიშას დაბრუნებაზე დაანონსება არის არასწორი. ის კი არ უნდა ჩამოვიდეს, არამედ ჩვენ უნდა ჩამოვიყვანოთ. ვიმეორებ: ამისთვის ერთ დღეს საქართველოს მასშტაბით 200 ადგილზე აქცია უნდა მოვაწყოთ. ვფიქრობ, საქართველოში მოიძებნება 200 ლიდერი, რომლებიც ამ აქციებს გაუძღვებიან. ასეთ შემთხვევაში მიშა მშვიდად დაბრუნდება საქართველოში და პოლიტიკურ საქმიანობას დაიწყებს. მანამდე მას საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნონ, რომელიც უსამართლოდ ჩამოართვეს.

_ 2011 წელს მიხეილ სააკაშვილმაც უსამართლოდ ჩამოართვა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა.

_ ესეც ულამაზო იყო. მაშინდელმა ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ამაზე ყვირილი ატეხა. მიხეილ სააკაშვილი განსხვავდება ბიძინა ივანიშვილისგან და მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. მალევე შეეცადა ამ შეცდომის გამოსწორებას. მაშინდელმა პარლამენტმა მიიღო ცვლილება, რომლის, თანხმადაც, პირს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქეყნის მოქალაქეა, საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება მიეცა. ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო და მან შეძლო პოლიტიკური საქმიანობის წარმოება. მისგან განსხვავებით სააკაშვილმა თავის უგუნურ გადაწყვეტილებაზე კი არ იჯიუტა, არამედ მოძებნა გამოსავალი. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ივანიშვილმა წაიკითხოს. არ დაიჯეროთ, რომ ის პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს არ ეცნობა. ტელევიზიებსაც უყურებს და პრესასაც კითხულობს. „ქრონიკა+“-ს ნამდვილად ეცნობა. ამიტომ მინდა, რომ აქედან გაიგოს, რა მოხდება, თუ ის გაჯიუტდება.
თქვენი გაზეთით მივმართავ ბიძინას, არ შეუშალოს ხელი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას და რამენაირად გამოასწოროს ის შეცდომა, რაც მისთვის მოქალაქეობის წართმევით დაუშვა. მან ასევე უნდა ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიიღებს რევოლუციას.
ჩვენ ერთხელ უკვე შევცვალეთ ხელისუფლება არჩევნების გზით. ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს. ჩავატაროთ 2 ოქტომბრის არჩევნები მშვიდად და ყოველგვარი წიხლების გარეშე. ასევე მშვიდად დავითვალოთ ხმები და გამარჯვებულს წარმატება ვუსურვოთ.

_ „ქართულმა ოცნებამ“ თუ გაიმარჯვა, მასაც ვუსურვებთ გამარჯვებას?

_ სამართლიან არჩევნებში თუ გაიმარჯვებენ, მათაც წარმატებას ვუსურვებ. მეეჭვება, „ოცნებამ“ სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვოს. ივანიშვილს ვურჩევ, ხელი არაფერზე წაუცდეს და ხალხის გადაგდებას არ ეცადოს, თორემ ბუნტი იქნება გარდაუვალი. იმის იმედი ნუ ექნება, რომ პანდემიაა და ბევრი ხალხი არ გამოვა ქუჩაში. მე თავში გითხარით, რომ არც შევარდნაძისა და არც აბაშიძის გაგდებისას ბევრი ხალხი გარეთ არ გამოსულა. ერთიც და მეორეც მინიმალურად კრიტიკულმა მასამ გაუშვა ხელისუფლებიდან. მინიმალური კრიტიკული მასა ამჯერადაც გამოვა გარეთ და ივანიშვილს მოუწევს გაქცევა. მე არ მინდა, რომ ის გაიქცეს. მე მინდა, რომ ცვლილებები მოხდეს ცივილიზებულად.

შორენა მარსაგიშვილი