მურმან დუმბაძე: „მოლაპარაკებებით ივანიშვილის გაშვება შეუძლებელია“
ჩაშლილმა მოლაპარაკებებმა ყველა ცუდ ხასიათზე დააყენა. პოზიცია და უმრავლესობა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ ჩაშლილი მოლაპარაკებებიდან გამარჯვებული გამოვიდა ოპოზიცია. მისივე მტკიცებით, ყველაფერი ძალიან მაგრად მიდის. ოპოზიციონერი ამბობს, რომ მოლაპარაკებების გზით ივანიშვილის გაშვება შეუძლებელია. ის გამოსავალს საპროტესტო აქციებში ხედავს, რომელიც, მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიმართოს. მურმან დუმბაძეს იმედი აქვს, რომ ოპოზიცია და ხალხი თავისას მაინც გაიტანს. ჩატარდება თუ არა რიგგარეშე არჩევნები არ იცის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ საქართველოში ამიერიდან არჩევნების გაყალბებას ვერავინ გაბედავს.
რატომ არის ჩაშლილი მოლაპარაკებები ოპოზიციის გამარჯვება? რა ტრიუკი ჩაეშალა ბიძინა ივანიშვილს? რატომ ვეღარ იყიდის ის ოპოზიციას? რატომ არის საჭირო პარტიების გამსხვილება? რატომ არ ააყირავა ოპოზიციამ უშედეგო მოლაპარაკებების მაგიდა? _ ამის შესახებ მურმან დუმბაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ მაშინ, როცა მთელი საქართველო და ევროპა უმრავლესობა-ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლის გამო წუხდა, თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ყველაფერი მიდის ძალიან მაგრად.
_ თქვენთან საუბარშიც იგივეს გავიმეორებ, რომ ყველაფერი მიდის ძალიან მაგრად და მოლაპარაკებები დასრულდა კარგად. ბიძინას ტრიუკი, როგორმე ოპოზიცია შეეთრია პარლამენტში, ჩავარდა. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პლებისციტის მიბმა, 2022-ის გაზაფხულზე არჩევნების ჩატარება და ამისთანა სისულელეები ჩავარდა. დამტკიცდა, რომ ბიძინას ეშინია მხოლოდ პუტინის. ასევე დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი განუსაზღვრელად დიდია. ამ პროცესებმა დაგვანახა, რომ საქართველო ევროპისთვის მნიშვნელოვანია. გავიგეთ ისიც, რომ ამერიკის იმედი ისევ უნდა გვქონდეს. ყველამ გაიგო, რომ რეჟიმი მოლაპარაკებებით არ იცვლება და რაც მთავარია, ხალხს დავუმტკიცეთ, რომ ოპოზიცია არ იყიდება.
_ ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ უკეთესი არ იქნებოდა, შეთანხმებისთვის მიგეღწიათ?
_ ვფიქრობ, რომ უამისოდაც ყველაფერი ძალიან მაგრად და კარგად მიდის. ვერანაირი დოკუმენტი ვერ დაიდებოდა, რომელიც მოსახლეობაში კითხვის ნიშნებს არ გააჩენდა. ჩვენ არ გვინდა, იმ ხალხს გაუჩნდეს კითხვის ნიშნები, რომელმაც 2020 წლის 31 ოქტომბერს ივანიშვილი ხელისუფლებიდან გააძევა. არასდროს მითქვამს, რომ არჩევნები გაყალბდა და არც ახლა ვიტყვი ამას.
_ რას ნიშნავს, არჩევნები არ გაყალბდა? გაყალბებული არჩევნების გამო არ უცხადებს ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს?
_ მე მაინც არ ვიტყვი, რომ არჩევნები გაყალბდა. ვამბობ, რომ ხელისუფლება არის მიტაცებული. ვთქვათ, ბიულეტენები არ ჩაუყრიათ, ფული არ დარიგებულა და არც ძალადობა ყოფილა. ცესკოს ოფიციალური მონაცემები ამბობს, საქართველოს მოსახლეობის 52%-მა გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდანო. ხელისუფლებაში კი ის ხალხი უნდა მოვიდეს, ვინც ახლა ღამეებს ათენებს კარვებში.
ბიძინა ივანიშვილს არ უნდა იმის აღიარება, რომ მას ამომრჩევლის 52%-მა უარი უთხრა. ამის გამო ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ევროპელების მედიაციით გაფორმდებოდა, ხალხის თვალში ვერ იქნებოდა მყარი. ევროპამაც და საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა აღიაროს, რომ ოპოზიციამ 52% მიიღო. ჩვენ, ოპოზიციას, უფრო მეტი ხალხი გვიჭერს მხარს, ვიდრე _ „ქართულ ოცნებას“.
ისე არ გავიგოთ, თითქოს 52%-მა გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნების“ მომხრე 48% ქვეყნიდან გავაძევოთ. 52%-მა გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნება“ აღარ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ხალხს ასე უცბად არ უთქვამს ივანიშვილისთვის უარი. ეს არის აზვირთებული ტალღა, რომელიც ამ წლების მანძილზე ნელ-ნელა გროვდებოდა და 2020 წლის 31 ოქტომბერს თავი მოიყარა საარჩევნო უბნებზე. ეს არჩევნები ჩვენ მოგებული გვაქვს.
_ იძახეთ, მოგებული გვაქვსო, ქვეყანას კი „ქართული ოცნება“ მართავს.
_ ეს იმიტომ, რომ ხელისუფლება მიტაცებულია. საქართველოს მოქალაქეები მიტაცებულ ხელისუფლებას არ შეეგუებიან. ეს, უბრალოდ, გამორიცხულია, ეს წარმოუდგენელია.
_ ჯერჯერობით „ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ე. ი. მიტაცებულ ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეები ეგუებიან.
_ დამიჯერეთ, რომ ხალხი ამას არ შეეგუება. ხალხი მათ აუცილებლად გაუშვებს. ვერ გეტყვით, ეს როდის იქნება _ წელს თუ მომავალ წელს, მაგრამ აუცილებლად მოხდება. პოლიტიკაში 30 წელიწადზე მეტია, რაც ვარ და ბევრი რამე გამეგება. ამიტომაც ვამტკიცებ, რომ ხალხი მიტაცებულ ხელისუფლებას არ შეეგუება. პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე ვარ მშვიდად და არსად მეჩქარება. ივანიშვილზე კი დრო ძალიან ცუდად მუშაობს.
_ რატომ მუშაობს ივანიშვილზე დრო ცუდად?
_ რაც უფრო გვიან მიხვდება ივანიშვილი, რომ ხელისუფლების მიტაცება არ შეიძლება, მით უარესი იქნება მისთვის. ეს მის პოლიტიკურ დასასრულს აახლოებს.
_ დარწმუნებული ხართ, რომ აახლოებს?
_ დარწმუნებული ვარ და ეს რომ ასეა, ამაში ვერავინ გადამარწმუნებს.
_ ივანიშვილს აქვს ძალიან ბევრი ფული. თქვენ წლების წინათ მის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენდით და იცით, რომ მას ამ ფულის წყალობით შეუძლია ხალხის, მათ შორის, პოლიტიკოსების მოსყიდვა. გაქვთ იმის გარანტია, რომ ვინმეს არ მოისყიდის? ზემოთ კი მითხარით, ოპოზიცია არ გაიყიდაო, მაგრამ ბოლომდე ასე იქნება?
_ აქამდე თუ არ გაიყიდა ოპოზიცია, არც ახლა გაიყიდება. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას ასეთი სერიოზული შედეგი არ უჩვენებია. პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის ბრწყინვალე შედეგი და სერიოზული გამარჯვება.
_ რას გულისხმობთ ბრწყინვალე შედეგში?
_ ბრწყინვალე შედეგში ვგულისხმობ იმას, რომ ოპოზიცია არის ერთიანი და ბარიერგადალახული პარტიები პროტესტის ნიშნად არ შედიან პარლამენტში. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ პარტიებს განიხილავს, როგორც საქონელს, რომელიც შეგიძლია იყიდო ან გაყიდო. მას დიდი ფული აქვს, მაგრამ ქართული ოპოზიცია არ გაიყიდა. ივანიშვილმა ვერ შეძლო ოპოზიციის პარლამენტში შეტყუება.
_ რამდენიმე ოპოზიციონერი შევიდა პარლამენტში.
_ ელისაშვილი და ის მეორე (ლევან იოსელიანი, _ შ. მ.) რომ შეძვრნენ პარლამენტში, ეს არაფერს ცვლის.
_ მათ გარდა სხვა ოპოზიციონერებიც შევიდნენ პარლამენტში. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებზე ვსაუბრობ.
_ არც მათი შესვლა ნიშნავს რამეს. იმისთვის, რომ იქ მოხვედრილიყვნენ, პარტიას სახელი გამოუცვალეს. ძირითადი ოპოზიცია ქუჩაშია. ამხელა ფულის პატრონმა ივანიშვილმა მათი ყიდვა ვერ მოახერხა. და რაკი აქამდე ვერ შეძლო, აწი მათი ყიდვა უკვე შეუძლებელია.
_ რატომ გგონიათ, რომ შეუძლებელია?
_ იმიტომ, რომ ოპოზიციას ძალიან დიდი ფასი დაედო.
_ ივანიშვილს შეუძლია ძალიან დიდი თანხის გადახდა.
_ ეს საქმეს არ უშველის. ოპოზიციის ფასი ძალიან მაღალია. ამდენს ივანიშვილი ვერ გადაიხდის. არ ვიცი, როდის ჩატარდება არჩევნები _ ვადაზე ადრე, თუ 2024 წელს, მაგრამ ოპოზიციამ გააკეთა ის, რომ არც ერთი არჩევნები აღარ გაყალბდება. ვერც ერთი საარჩევნო ადმინისტრაცია ვეღარ გაბედავს არჩევნების გაყალბებას. ეს არის ოპოზიციის მთავარი მიღწევა.
_ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ არჩევნების გაყალბებას ვეღარავინ გაბედავს?
_ იმიტომ ვეღარ გაბედავს, რომ საქართველოში შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც პოლიტიკური ძალები არ აღიარებენ გაყალბებას და არ შედიან პარლამენტში. ოპოზიცია, როგორც არასდროს, დღეს ისეთი მტკიცეა და ეს საქართველოს მომავლისთვის ძალიან კარგია.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ოპოზიცია მტკიცედ დგას? რაღაც ხმები გამოდის, რომ ვიღაცები ხელისუფლებასთან ვაჭრობენ.
პოლიტიკური პარტიები პარლამენტში არ შედიან. ეს არის გარკვევით ნათქვამი. ვიღაცებთან ვაჭრობა მიდის.
_ ჩემი აზრით, ეს სერიოზული პრობლემა არაა და ამის გამო ნერვიულობა და განგაშის ატეხა არ ღირს.
_ რატომ არ არის პრობლემა?
_ ვაჭრობის დაწყება იმას არ ნიშნავს, რომ ეს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დასრულდება. ალეკო ელისაშვილს თუ მომიყვანთ მაგალითად, გეტყვით, რომ ის ახალბედა იყო და რაღაცნაირი უხეირო ფორმულით შეიტყუეს პარლამენტში. ამით მან მხოლოდ საკუთარი თავი დააზარალა. მის პარტიასაც კი ბევრი არაფერი დაჰკლებია. ელისაშვილის პარტიას არ განვიხილავ პარტიად.
_ რატომ არ განიხილავთ? ფაქტია, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახეს და 2 კაცი გაიყვანეს პარლამენტში.
_ 1%-იანი პარტია პარტიად არ ითვლება. სამწუხაროა, მაგრამ ეს რეალობაა. მომავალში ოპოზიციას უფრო მეტი სიმტკიცის გამოჩენა ჰმართებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პატარ-პატარა პარტიებს გაერთიანება მოუწევთ. ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, ამდენ პარტიას ვერ დაიტევს. ეს ჩემი ახირება არაა, ამას პოლიტიკური ბაზარი გვეუბნება. ჩვენს პოლიტიკურ არენაზე 3-4 მსხვილი პარტია სავსებით საკმარისი იქნება.
პარტიების გამსხვილება ხელოვნურად და მათრახით წარმოუდგენლად მიმაჩნია, მაგრამ საქმეს ასე სჭირდება. რამდენიმე მსხვილი პარტია უფრო მიმზიდველს გაგვხდის ამომრჩევლის თვალში. საელექტორატო ბაზარი ამას პირდაპირ გვკარნახობს. მაგალითად ავიღოთ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ამ ორ პარტიას შორის, ფაქტობრივად, არანაირი გასხვავება არ არის. მათი ერთ პარტიაში გაერთიანება მოქალაქეებს უფრო გამოიყვანს არჩევნებზე.
ასე მგონია, პოლიტიკოსებმა ჩვენი მოქალაქეები დავღალეთ ამდენი პარტიით. მე მაგალითად, შექმნილი მაქვს პარტია „ემსახურე საქართველოს“. ეს პარტია ძალიან ღირსეულ ქალბატონ მედეა ვასაძესთან ერთად შევქმენი. შეიძლება, არ ვარ თბილისელი, მაგრამ მთელი საქართველო მიცნობს, ახმეტიდან დაწყებული _ მესტიით დამთავრებული, თუმცა როგორც კი „ნაციონალების“ სიაში ჩავეწერე, არ მივუთითე ჩემი პარტია, მივიწერე უპარტიო. რახან ვერთიანდებით, შინაარსობრივად გავერთიანდეთ და მოქალაქეებს აღარ ავურიოთ პარტიებით ტვინი. საქართველოში 3-4 პარტია სავსებით საკმარისი იქნება. მსხვილ პარტიებს უფრო მტკიცე მხარდამჭერები ეყოლება. ეს მომავალში უნდა გავაკეთოთ. ახლა სხვა საქმე გვაქვს. ახლა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიხიოთ უკან.
_ უკან არდახევაში რას გულისხმობთ? ამბობთ, რომ პარლამენტში არ შეხვალთ და კიდევ რამე უნდა გააკეთოთ?
_ ის უნდა გავაკეთოთ რასაც ზვიად გამსახურდია აკეთებდა მერაბ კოსტავასთან ერთად გაგანია კომუნისტების დროს _ გამსახურდიამ სწორედ მაშინ დაიწყო საპროტესტო აქციები. ის აქციებს მხოლოდ თბილისში, რუსთაველზე არ მართავდა. მან საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გამართა წვრილ-წვრილი ლოკალური აქციები. ამ აქციებმა მოიტანა უპრეცედენტო რამ და საბჭოთა კავშირში, კომუნისტების ზეობის დროს, ისინი აიძულა, შეეცვალათ საარჩევნო კოდექსი და 1990 წელს ჩაატარა პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები.
_ ასეთი დემოკრატიული არჩევნები საქართველოში აღარ ჩატარებულა.
_ იყო კიდევ ერთი ასეთივე დემოკრატიული არჩევნები. ესეც გამსახურდიას სახელს უკავშირდება. ოღონდ ეს არჩევნები ჩატარდა მაშინ, როცა ზვიად გამსახურდია უკვე ხელისუფალი იყო. ვგულისხმობ თვითმმართველობის არჩევნებს. მაშინდელ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება არ უცდია. ყველაფერი ისე იყო, როგორც საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა. მაშინ მე რესპუბლიკურ პარტიაში ვიყავი.
_ რესპუბლიკელები გამსახურდიასთან თავიდანვე დაპირისპირებული იყავით.
_ ასე გამოვიდა. 1991 წელს გამსახურდია და მისი „მრგვალი მაგიდა“ მთელ ქვეყანაში დომინირებდა. ჩვენ ბათუმში, ხელვაჩაურსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „მრგვალ მაგიდას“ არჩევნები მოვუგეთ. იმიტომ არ მოგვიგია, რომ ძალიან ძლიერები ვართ. მოვიგეთ იმიტომ, რომ ამომრჩეველი აღმოჩნდა ძლიერი. ჩვენი გამარჯვება გამსახურდიას სიძლიერემაც განაპირობა. როდესაც მან არჩევნების შედეგები გაიგო. თქვა, _ მერე რა, თუ რომელიმე საკრებულოში სხვა პარტია იქნება დომინანტიო. ჩვენ ამაშიც უნდა მივბაძოთ გამსახურდიას და იმაშიც, რომ საქართველოს მასშტაბით ჩავატაროთ პატარ-პატარა აქციები. მოდით, ეს აქციები დავიწყოთ ახმეტიდან.
_ რაღაც ხშირად ახსენებთ ახმეტას და რა ხდება?
_ ახმეტაში მყავს ძმაკაცი, ის არის ოპოზიციის მხარდამჭერი. მას ძალიან უნდა, რომ თბილისში გამართულ აქციებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ვერ ჩამოდის, რადგან ფული არ აქვს. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია უფულოდ. თბილისში რომ ჩამოხვიდე აქციაზე, ღამის გასათევიც ხომ გინდა, სადაც დაიძინებ და ელემენტარულად თავს მოიწესრიგებ? უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხალხი უფულობის გამო ვერ მოდის თბილისში აქციებზე. ამიტომ ჩვენ უნდა ვიაროთ რეგიონებში და ადგილზე ჩავატაროთ აქციები. საქართველოში 50-60 გამოკვეთილი ოპოზიციური ლიდერია, ისინი უნდა წავიდეთ რეგიონებში. ამით ქვეყნის მასშტაბით ჩვენი ცნობადობაც გაიზრდება.
_ ეს აქციები ხალხმრავალი არ იქნება.
_ მერე რა? გამსახურდიას მიერ რეგიონებში გამართული აქციებიც არ იყო ხალხმრავალი, მაგრამ მან ამ აქციებით შეუძლებელი შეძლო და კომუნისტებს საარჩევნო კოდექსი შეაცვლევინა. ჩვენც უნდა წავიდეთ რეგიონებში. 200 ლოკაცია მაინც უნდა შევქმნათ საქართველოში. ერთ ლოკაციას 50 პოლიციელი მეურვე ხომ მაინც დასჭირდება.
_ შეიძლება, მეტიც გამოიყვანონ.
_ ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს დარბევას გადაწყვეტენ. მარტო წესრიგის დაცვა თუ იქნება მიზანი, 50 პოლიციელიც საკმარისია. ივანიშვილს, ამ პუტინის მონასა და შნირს, არაქათი უნდა გამოვაცალოთ. ეს ის კაცია, რომელიც ასე მომწონდა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე და ახლა ყველაზე მეტად მძულს.
ივანიშვილი პუტინის შნირი რომ არ იყოს, ის ციხიდან გამოუშვებდა ნიკა მელიას, რომელიც იქ მხოლოდ იმიტომ ზის, რომ საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლა გააპროტესტა. მელიას დაკავებით საქართველოში მტერი შეაგულიანეს. ივანიშვილი არის საზიზღარი. მან ყველა ის ლიდერი დააკავა, ვინც გავრილოვის ღამეს აქტიურობდა. ჯერ ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირა, მერე გიგი უგულავა მიაყოლა, ახლა ნიკა მელია გაუშვა ციხეში. იმ ორსაც არ გამოუშვებდა, მაგრამ მათ დაკავებას მსოფლიოში ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა და სალომე ზურაბიშვილს უთხრეს, შეეწყალებინა ისინი. ნიკა მელია თუ ვერ გამოვიყვანეთ და ივანიშვილი გამაგრდა, ირაკლისა და გიგის ციხცეში შეაბრუნებენ.
_ რაღაზე შეაბრუნებენ, ხომ ახეხინეს გავრილოვის გამო ციხე?
_ ეს ივანიშვილისთვის საკმარისი არ არის. კიდევ უნდა დაისაჯონ. უნდა დაისაჯონ იმისთვის, რომ გაბედეს და პროტესტი გამოთქვეს. ივანიშვილი ყველაფერზე მიდის. მას არაფრის ეშინია, არც ხელისუფლების დაკარგვის, არც სანქციებს და ქონების დაყადაღება აშინებს, მას მხოლოდ პუტინის ეშინია. ეს შიში მის ტვინშია ჩამჯდარი და ვერაფერს უხერხებს.
ეს შიში რომ არ ჰქონდეს, მაშინ ადგებოდა და ნიკა მელიას გამოუშვებდა. არ დაგვავიწყდეს, რომ მთელი დასავლეთი ითხოვს მის ციხიდან გამოშვებას. ივანიშვილი ამას ვერ აკეთებს, რადგან ეს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. ამას ის ვერასდროს გაბედავს. ის არის პუტინის მონა და ის ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ.
_ გასაშვები რომ არის, ამაზე ყველა თანხმდებით, მაგრამ რომ ვერ უშვებთ?
_ ვერ ვუშვებთ. ჩაშლილმა მოლაპარაკებებმაც დაამტკიცა, რომ მოლაპარაკებებით მისი გაშვება წარმოუდგენელია. რეჟიმი მოლაპარაკებებით არ იცვლება. აქამდე თავს ვიკავებდი და ახლა უკვე შემიძლია ღიად ვთქვა, რომ ამ მოლაპარაკებების ყოველთვის ნაკლებად მჯეროდა. ასევე ნაკლებად მჯეროდა თალაკვაძისა და ახლად გამოჩეკილი პოლიტიკოსისა, ირაკლი კობახიძე რომ ჰქვია. სამაგიეროდ, მჯერა საქართველოს მოქალაქეების.
_ საქართველოს მოქალაქეების რატომ გჯერათ?
_ ამხელა ზეწოლის, ტერორისა და მოსყიდვის ცდუნების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე წავიდნენ და „ქართულ ოცნებას“ უარი უთხრეს. ეს არ არის პატარა საქმე. ამიტომ, ისევ და ისევ, დიდი მადლობა მათ! ყოველთვის ვიტყვი, რომ მათი იმედი მაქვს.
_ მოლაპარაკებების ნაკლებად მჯეროდაო. ფიქრობთ, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეცდომა იყო?
_ შეცდომა არ იყო, ესეც უნდა გვეცადა. თუნდაც იმიტომ, რომ დავრწმუნებულიყავით, ივანიშვილი მოლაპარაკებების გზით არ წავა. საჭიროა აქციები.
_ მოლაპარაკებების გამო ოპოზიციამ რამდენჯერმე გადადო დაანონსებული აქციები. არც ეს არის შეცდომა?
_ ვფიქრობ, ეს გზაც უნდა გაგვევლო და მოლაპარაკებები დაგვეწყო. სხვა თუ არაფერი, შუამავლები ჩვენი დასავლელი პარტნიორები იყვნენ. მათ ითხოვეს, დასხედით მოლაპარაკებებზეო. მათი ხათრით მაგიდის აყირავება არ გამოდიოდა. მათ დღე და ღამე იშრომეს იმისთვის, რომ რაღაც შედეგი მიგვეღო. ივანიშვილისთვის მართლა რამეს რომ ნიშნავდეს ეს ქვეყანა, ის ნიკა მელიას გირაოს პირადად გადაიხდიდა.
_ ნიკა მელია არ დასთანმხდებოდა ამას.
_ ვიცი, რომ არ დასთანხმდებოდა, მაგრამ ეს ჩაითვლებოდა ივანიშვილის კეთილ ნებად. ის იტყოდა, მე არ მსურს ქვეყნის პოლარიზება და ამიტომ ვიხდი ნიკა მელიას გირაოსო. ამის გაკეთებაც კი ვერ გაბედა. ივანიშვილი პუტინის მონაა და არ შეიძლება, ქვეყანას მონა მართავდეს.
შორენა მარსაგიშვილი