„მონასტერში მგლური კანონი მოქმედებს, _ სანამ შენ შემჭამ, მე შეგჭამ“
გთავაზობთ ჯვრის მამის მონასტრის მონაზვნის, დედა თამარის ღია წერილს, რომელსაც „ქრონიკა+“ უცვლელად აქვეყნებს.
„დაუსრულებელია ჩემი სულიერი და ხორციელი ტკივილი, რაც მონასტერში მოვედი, თითქოს ერში მაკლდა სიკვდილიანობა, ტკივილიანობა და მწარე ცხოვრება. მეგონა, გამოვიქეცი და გამოვერიდე ამ დიდ სიმწარეს და უფლის სახლს შემოვაფარე თავი. ვიფიქრე, აქ დიდი სიყვარული იქნებოდა და გაჭირვების ჟამს დედები ერთმანეთს მოვეფერებოდით, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მონასტერში მგლური კანონი მოქმედებს, _ სანამ შენ შემჭამ, მე შეგჭამ. გაოცდებით, იმდენ რამეს მოისმენთ ჩემგან _ სრულ სიმართლეს!
საოცარია, ამ პატარა გოგოებს რატომ აღკვეცენ მონაზვნებად, ისეთი დიდი სიძულვილი აქვთ ერთმანეთისა და ადამიანების მიმართ. ჩემი ერთი მაგალითიც საკმარისია იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს, რა ხდება. თითქმის უკვე რვა წელია, რაც ლოგინში ვწევარ, მძიმედ ავად ვარ. რომელ დედაოსაც არ უნდა უთხრა, რომ შემოვიდეს და წყალი მომაწოდოს, მეუბნებიან, _ სულიერად უძლური ვარ და არ შემიძლიაო. ვერ ვიგებ, მონასტერია თუ სულიერად დაავადებულთა თავშესაფარი. ერთხელ შემოვიდა ერთ-ერთი დედაო, ჰერკულესის ფაფა გამიკეთა, დარიშხანი ჩამიყარა და მომწამლა. საავადმყოფოში გადამიყვანეს და ის ღამის 3 საათზე მონასტრიდან გაიპარა. ამბობდა, რომ მძიმედ ავად ვარ და თბილისის გარდა ვერსად ვიცხოვრებო, ახლა კი ბედნიერად ცხოვრობს ერთ-ერთ ეპარქიაში, სადაც იღუმენიად აკურთხეს, გულზე დიდი ჯვარი დაკიდეს და ნეტარ დედაოდ აქციეს. ადამიანის მოწამვლაში აქ ჯვრებს არიგებენ. იმ მეუფემ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც აკურთხა იღუმენიად. ასე მგონია, რომ ყველა ადამიანი დაბადებულია იმ მისიით, რომ გვიყვარდეს და სასიკვდილოდ არ გავიმეტოთ ერთმანეთი, თუმცა ჩვენი უწმინდესის მოწამვლის შემდეგ უკვე აღარაფერი მიკვირს. გასაოცარი ვინმეა დეკანოზი გიორგი მამალაძე, _ იმიტომ ზის ციხეში, რომ თურმე შორენას მოწამვლა გაუფიქრებია . მე რომ უკვე მოწამლული ვარ და ლოგინად ჩამაგდეს, ამაზე პასუხი, რატომღაც, არავის უგია. ჩემს ახლობელს უწმინდესთან წერილი გავატანე და ყველაფერი მოვუყევი. ამ წლების მანძილზე უამრავი წამება გადავიტანე ამ მონასტერში. ჯერ კიდევ 10 დღის წინ, რვა თვის წამების შემდეგ, ძლივს შეაკეთეს ე. წ. ლიფტი, რომელიც რეალურად, ამწეკრანია, ისევ მოწყდა და ჩავვარდი, ისედაც დამტვრეული ხერხემალი დამიზიანდა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება საპატრიარქოში, ჰკითხონ რეზო შარაბიძეს, ჰკითხონ ინჟინერ კოტეს და ლიფტიორ ბატონ ზაზას. წერილში აღწერილი მქონდა, თუ როგორ არ მიშვებენ უწმინდესამდე. არადა, ჩვენი პატრიარქი საოცრად ყურადღებიანი და გულისხმიერია. შორენა თეთრუაშვილს ეს წერილი გულზე მოხვდა. უამრავი ოპერაცია და მკურნალობა დამჭირდა, მაგრამ არასოდეს შევუშვივარ უწმინდესთან დასალოცად და კურთხევის ასაღებად. გამოდის, რომ ჩემი პატრიარქი შორენა იყო, რადგან მისი კურთხევით დავდიოდი ყველგან. ქორეპისკოპოსმა იაკობმა შემომითვალა, რომ შეგიძლია, თავი მოიკლა, ჩემგან ვერაფერს ეღირსებიო. ეს ყველაფერი უწმინდესს გავაგებინე და ამან დიდი დარტყმა მიაყენა შორენას. გამწარებულმა შორენამ, როგორ თუ იაკობი ვახსენე, პატრიარქის დაცვის უფროსთან, ვინმე ვანოსთან გადამამისამართა და მითხრა: ვანომ შეგიშვას უწმინდესთან, არაფერში მოგხედავო. ქალი, რომელიც შვილივით მიყვარდა და ბავშვივით ვეფერებოდი, მეცოდებოდა, რადგან არ ჰყავდა დედა, მამა, და, ძმა , ეს ჩემთვის იყო ნაცნობი მდგომარეობა და პარალელურად ძალიან დიდი უბედურება მაქვს _ ერთადერთი უსაყვარლესი შვილი გარდამეცვალა. სწორედ ამიტომ ვექცეოდი თითქმის ჩემს ტოლ ქალს შვილივით. ამ ფოტოს შეხედეთ და ეს ფოტო გეტყვით ყველაფერს. შორენას, რომელსაც იაკობი შეეძლო, დღეში 10-ჯერ ენახა, მეუბნებოდა, _ ერთი თვეა, არ მინახავსო. ამ დროს შორენამ ძალიან კარგად იცის ჩემი ხედვების შესახებ ყველაფერი. ჩემო შორენა, ალბათ, გახსოვს, მამა ნოდარ ქათამაძეზე როგორ მეუბნებოდი, რომ დიდი ოდენობის ნარკოტიკი აქვს გადმოტანილი და მაგას ციხიდან არავინ გამოუშვებსო, ხოლო მე ვეუბნებოდი, რომ აგერ ნახავ, თუ სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ სახლში არ გაუშვან-მეთქი და ასეც მოხდა. მაშინ მამა ნოდარს თავდებად დავუდექი. ახდა დედაოს ნათქვამი თუ არა? ეს ერთი!
მეორე _ როდესაც უწმინდესი გერმანიაში მიბრძანდებოდა ოპერაციისთვის, შენ დამირეკე და დამემშვიდობე, თუ გახსოვს, რა გითხარი? _ უწმინდესს ძალიან გაუფრთხილდი და ასევე შენს თავსაც, ძალიან ცუდი ამბები უნდა დატრიალდეს-მეთქი. იყო ეს ასე თუ არა? იმასაც გეუბნებოდი, რომ ეს „ციანიდის საქმე“ შეთითხნილია, თუმცა მამალაძის დამცველად ვერ გამოვდგები. რამდენჯერ მითქვამს ეს შენთვის?
მესამე _ როდესაც ვახტანგ სურგულაძეს საპატრიარქოს საავადმყოფოდან ათავისუფლებდით, გეუბნებოდით, მანდ ისეთ ვინმეს დანიშნავთ, რომ თავზე დაგამხობთ ყველაფერს-მეთქი, ეს ასეც მოხდა, უბრალოდ, მანდ დასწრებაზე იყო საქმე, _ სანამ ის ვინმეს ამხელდა, თვითონ მოხვდა ციხეში. რომელი ერთი ჩამოვთვალო? უამრავი რამ ახდა, რაც წინასწარ ვთქვი. შენ ერთხელ მანანა სოტკილავასაც უთხარი, რომ ეს ადამიანი ლოგინში წევს და საიდან იცის ამდენი რამეო? გიჭირდა იმის დაჯერება, რომ ნამდვილად ვხედავდი, თუმცა ყველაფერი გიხდებოდა. შენც გთხოვ პასუხს, ჩემო შორენა, რამდენი დღე და ღამე გამათენებინე ტყეში ჩემი შვილის საფლავზე, ყინვასა თუ სიცხეში. რამდენჯერ გამომიშვი საპატრიარქოდან ღამის 3 საათზე ტირილით და არ მანახე უწმინდესი. რატომ გადამამისამართე პატრიარქის დაცვის უფროს ვანოსთან? რა დაგიშავე? სიყვარულის გარდა შენთან რა მქონდა გასაყოფი? იქნებ, ის, რომ ორჯერ ცილი დამწამე და არ მოვკვდი. ერთხელ რომ ვითომ უსახელო წერილი დავწერე და ვიღაც უშიშროების ხალხთან რაღაცას ვამბობდი შენზე. ალბათ გახსოვს, მწარე ბოდიში რომ მოიხადე ამის გამო. მეორედ კი უარესი მაკადრე, ვითომ აფრიკაში ვიღაც ბარამიძეს, უშიშროების თანამშრომელს შენზე ველაპარაკებოდი. შენი გონიერება, ნიჭიერება და გამჭრიახობა უშიშროებას ვერ გასცდა. გასაოცარია, ადამიანს რომელსაც არ ვიცნობ და წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის, როგორ უნდა დავლაპარაკებოდი შორენაზე, იქნებ, ამიხსნათ.
მინდა, კიდევ ერთი რამე შეგახსენო, ჩემო შორენა: მე რომ ჩაფიძის კლინიკაში დავწექი, მეორე დღეს კელიაში დავბრუნდი და ძვირფასი ფარდა რაღაც საშინელი სითხით დამხვდა დასვრილი. შენ რომ დამირეკე, მითხარი, რომ არ მიეკარო, ეს სიკვდილზე გაკეთებული ჯადოაო. ჩემი კელიის გასაღები ვისაც ჰქონდა იმ საღამოს, შენ ძალიან კარგად იცი. მითხარი, რომ გამოგიგზავნი ქალს და მაგ ფარდას მტკვარში გადააგდებსო. შენ მართლაც გამომიგზავნე ქაშუეთის ეკლესიიდან სასანთლეების გამწმენდი ქალი, ვინმე მაყვალა, რომელმაც ეს ფარდა ჩამოხსნა და რა ვიცი, გადააგდო კი მტკვარში? თან მითხარი, როცა ოთახს ვალაგებინებ, ხატებს უკან სულ ჯადოებია გაკეთებულიო. იქნებ, ამიხსნათ, ეკლესიაში ვართ თუ ჯადოების სამყაროში?! მერე ისიც მითხარით, რა გიკვირს, უწმინდესის სავარძლის ქვეშ იმდენი ჯადო ყრია, რომ მუჭებით გამოგვაქვსო. საინტერესოა, ასეთი ვინ შემოდის საპატრიარქოში, რომ არ მიშვებს, პატრიარქს ვისგან იცავთ, ჩემგან ხომ არა? თქვენ გარდა ვინ ტრიალებს და ვინ უნდა გაუკეთოს ჯადო პატრიარქს? ჰკითხე ბატონ ვანოს, _ ჩემგან იცავს პატრიარქს? ამიტომ ხართ ცოდოები, რომ უღმერთოდ ცხოვრობთ.
ვის ვისზე აქვს საპატიებელი, საკითხავია კიდევ. მე რომ იაკობი გადამეკიდა, შენც კარგად იცი, რატომ, მაგრამ სამარცხვინოა, რომ შენ ამას ხელი შეუწყვე. მე და იაკობს უსიამოვნება მოგვივიდა, ამაში შენ ლომის წვლილი მიგიძღვის, რადგან შენ მეუბნებოდი, რომ ვერაფერს ეტყოდი და სთხოვდი. თუმცა შენი ერთი სიტყვა იაკობისთვის დაუწერელი კანონია.
როდესაც იაკობი ტრანსპორტს დამპირდა ექიმებთან გადაადგილების მიზნით, მან რეზო შარაშიძეს დაურეკა და უთხრა, დედაოს სასწრაფოდ მოვუძებნოთ ტრანსპორტიო და რეზომ მაშინვე დაიწყო მანქანის მოძებნა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ იაკობი შეიცვალა და შენც მას აჰყევი. შვიდი თვე მან მაწვალა, ერთი თვე შენ მალოდინე, მე კი გითხარი, ტყუილად მალოდინებ-მეთქი, რადგან მე კარგად ვიცოდი, რომ შენ და იაკობს მოლაპარაკება გქონდათ, ჩემთვის სიცოცხლე გაგემწარებინათ. შენი და იაკობის პირადი პატიმარი ვიყავი 8 თვე. ლიფტი გაფუჭებული იყო და შეგნებულად არ აკეთებდით, რომ გარეთ არ გავსულიყავი. არც ის დაივიწყოთ, როგორ გადმომაგდეთ ეტლიდან და საპატრიარქოში არ შემიშვით. მითხარი, ეტლის გარეშე შედიო, რა დაგიშავე, რომ ასე გასამწარებლად გამიმეტე? ზვიადისტები ისე გძულს, რომ ყველა მათგანში ზვიადს ხედავ. ჩვენ მაგის გამო ბევრჯერ მოგვივიდა შელაპარაკება. მე რომ გითხარი, ქაშუეთიდან გამოვარდნილი ტყვიით მომიკვდა ბიძაშვილი ციცინო ქევხიშვილი-მეთქი, შენ მიპასუხე, როგორ გამოვარდებოდა იქიდან ტყვია, როცა ტაძრის გასაღები მე მედო ჯიბეშიო? ახლა გეკითხები, _ რა უნდოდა ტაძრის გასაღებს შენს ჯიბეში? შენ იყავი ტაძრის მმართველი თუ წინამძღვარი? გული მატკინე, როცა ეკლესიაში ჩემი შვილის გახსენების წერილი მივიტანე. გამწარებული დედა ჩემს შვილს ვეფერებოდი და არ ვიცი, ეს წერილი როგორ აღმოჩნდა შენს ხელში. დამირეკე და მითხარი, რომ თავი და ბოლო უნდა ამომეღო. ყველაფერი შენ როგორ გეკუთვნის, რომ წერილიც შენ უნდა ჩაასწორო? შენ როგორ გავიწყდება, ერის მდივანი ხარ? მე გითხარი, რომ როგორც მეწვის, ისე დავწერ, რადგან მონაზონი ვარ, სული და გული კი არ გადამინერგავს-მეთქი.
მინდა, ხალხს შევახსენო, რა იყო ეს თავი და ბოლო. ადრე მითქვამს, _ დაბადე და თვითონ ტიროდი, მოკვდი და ახლა სხვები ტირიან. იქნებ, ეს ასე არ არის? ხოლო ბოლოს ნარი ფოცხაშვილის ლექსით ვამთავრებდი: „და ერთადერთი შვილის საფლავზე, სამარადჟამოდ დასახლდა დედა და დაელოდა საკუთარ სიკვდილს“.
მე ნამდვილად ველოდები საკუთარ სიკვდილს ჩემი შვილის საფლავზე, მაგრამ შენ და იაკობი ამას ვერ გაიგებთ, რადგან თქვენ არ იცით, რა არის შვილი და მით უმეტეს, შვილის სიკვდილი. შენ მომახსენე ესენი, რომ მოაშორე წერილი, ნამდვილი ბესტსელერი გამოვიდაო და როგორი ბესტსელერი იყო, ეს კიდევ საკითხავია.
ერთი რამეც მინდა, შეგახსენო: შენ მითხარი, _ დედაო, იქნებ, მამა გიორგი ზვიადაძეს სთხოვო და იაკობს შენს ტრანსპორტზე დაელაპარაკოსო. რა თქმა უნდა, მე შევასრულე შენი “კურთხევა” და დავურეკე მამა გიორგის, შემდეგ მამა გიორგიმ იაკობს დაურეკა, იაკობმა მოახსენა, რომ რაც უნდა, ის ქნას, მე მაგას არაფერს გავუკეთებო. მერე კი უცებ მითხარი, _ უი, ნეტავ, არ დაგერეკა, ესენი კარგად არ არიან ერთმანეთში და მამა გიორგიმ საქმე უფრო გაგიფუჭაო. ვერ გავიგე, რა თამაშს თამაშობდით შენ და იაკობი, თუმცა ზევით ღმერთია, დედამიწაზე კი _ ხალხი მსაჯული. მადლობა უფალს, მეც მიცნობენ და თქვენც. სწორედ აი, ეს ყველაფერი იყო დაწერილი პატრიარქის წერილში. ასე ძალიან რომ გაინტერესებდა, რა მეწერა იაკობზე. დიახ, დავწერე ის, თუ როგორ მაწამებდა. იქნებ, მანდ გგონიათ, რომ არ ჩამოვდივარ, შენი და იაკობის ფეხის დაბაკუნების მეშინია. მანდ რომ ჩამოვიდე, იცი, რაც მოხდება. კატეგორიულად გაფრთხილებთ ორივეს, ერთი თმის ღერი რომ ჩამომივარდეს, მთელმა საქართველომ იცის, დამნაშავეები თქვენ იქნებით. გაიხსენე ჩემი ნეკნების ჩამტვრევა? როგორ მეუბნებოდი, გატეხილი არაა, დაბეჟილიაო და გერმანიაში ჩასულს ექიმმა მითხრა, როგორ გაუძელით მგზავრობასო. ჩემი არანაირი ტკივილის რომ არ გჯეროდათ, შიოს მოადგილემ, ანდრიამ, უცებ წარმოიდგინა, რომ პატრიარქის მოადგილეა და ტელეფონზე დარეკვის დროს ლანძღვა დამიწყო, _ როგორ ბედავ აქ დარეკვასო. რატომ? მისი ბავშვი ვარ? იმ დღისით ანდრიამ ჩემი შვილის მეგობარსა და ადვოკატ მიშა რამიშვილს უთხრა, რომ დედაო ყველაზე კარგად გვყავს მიხედილიო. იქნებ, რამე გამიკეთა და არ მახსოვს? ანდრიას, ეტყობა, არ უნახავს, დედაოები კაბრიოლეტებით როგორ დაჰქრიან და მეუფეებთან ერთად საზღვარგარეთ კონცერტებზე როგორ დადიან. 10 წელი ნესტსა და წყალში რომ დამაწვინეს, ამას ეძახის კარგად მოვლას? მიშა რამიშვილს უთხრა, რომ ლიფტი კარგა ხანს არ გაკეთდება და წავიდეს, ერთი თვე დაისვენოს, მანქანაც იქირავოსო. ერთი თვე იმ თანხით როგორ უნდა დამესვენა, ბინა მექირავებინა, მანქანა ამეყვანა და თან მომვლელისთვის მეჭმია? იქნებ, ამის გეგმა შეადგინოს და გამომიგზავნოს, რომ შემდეგში გავითვალისწინო. ჩემი დანაშაული ის არის, ანდრიამ ასე რომ მატკინა გული, ამ გულგახეთქილმა რეზო შარაბიძეს ტელეფონზე მესიჯი მივწერე, მაგრამ მესიჯის წერა რომ არ ვიცი, ეს რეზომაც კარგად იცის და შორენამაც. მესიჯი ახლობელს ვუკარნახე, თუმცა სწორად ვერ დაწერა. წერილში ეწერა, რომ ამ საღამოს დედაო გარდაიცვალა, სინამდვილეში კი ვუკარნახე, რომ ამ საღამოს ანდრიამ თავისი სიტყვებით დედაო მოკლა. ეტყობა, ბევრმა იმ საღამოს ციხეში გამოკეტილი წარმოიდგინა თავი. ესენი ისე მექცეოდნენ, შესაძლოა, იფიქრეს, გული მართლა გაუსკდაო და მიზეზიც ისინი იქნებოდნენ. ამ ამბის შემდეგ ბატონმა ანდრიამ გიჟად შემრაცხა და ერთ-ერთ ჟურნალისტს უყვება, რომ დედაო ძალიან მძიმედ არის ავადო. თავისი ჭკუით, გიჟად მომნათლა. ამის გამო ცნობის ასაღებად ვიყავი საგიჟეთში მისული და ექიმები სიცილით დაიხოცნენ. ცნობა 700 ლარი ღირდა და ვეღარ ავიღე, რათა ანდრიასთვის ამეფარებინა სახეზე. სულიერად თვითონ არიან ავად. ცილისწამება რომ დიდი ცოდვაა, ეტყობა, ანდრიამ არ იცის. ამდენ დედაოს და მორჩილებს რომ აგროვებენ, ყველა თავის ჭკუაზე რომ დადის, რატომ უნდა მჭირდებოდეს ყოველ წუთს მომვლელის ძებნა? ამას ჰქვია უფლის სიყვარული? ამას ჰქვია მართლმადიდებლობა და ადამიანობა? ესაა ღვთის სიყვარული და პატრიარქის პატივისცემა? უკვე მემუქრებიან, პატრიარქი რომ აღარ გეყოლება, მერე როგორ იქნებიო? ღმერთმა არ მაღირსოს ის დღე, რასაც ესენი ელოდებიან. ძალიან დიდი ხნის წინ ვთქვი, რომ ჩვენი პატრიარქი დიდხანს იცოცხლებს-მეთქი და იქნებ, ამას არ მპატიობენ?
შორენა, მინდა, მადლობა გადაგიხადო ასეთი დიდი სიყვარულისთვის, ამდენი სიმწარე რომ მანახე.
შურთ, რომ ხალხს ვუყვარვარ და იმიტომ მეძახიან ერის დედაოს. მადლობა უფალს, რომ ერის დედაო ვარ. ერს ვუყვარვარ. იქ კიდევ არის სიყვარული, ბერში კი საშინელი სიძულვილი გაქვთ. მიყვარს ღმერთი, სამშობლო, ჩემი ენა, სარწმუნოება _ ეს მართლმადიდებლობაა. უფალი ჩემთანაა და ამას ყოველ წუთს ვგრძნობ. მიყვარხართ, ყველანი ჩემი შვილები ხართ და თუ ვინმეს დედაოს ნუგეში დასჭირდება, მზად ვარ, რომ სულიერი სიმშვიდე და მართალი სიტყვა, გზა დაგანახოთ“.
სიყვარულით, დედა თამარი