მმართველი პარტიის სუბიექტებმა 2008-2020 წლებში წინასაარჩევნოდ რეკლამისთვის 98 მლნ. ლარი დახარჯეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევით, მმართველი პარტიის სუბიექტებმა ან მათმა მხარდაჭერილმა კანდიდატებმა 2008-2020 წლებში წინასაარჩევნოდ რეკლამისთვის 98 მლნ.-მდე ლარი დახარჯეს.

„კვლევის შედეგების მიხედვით, 2008-2020 წლებში ჩატარებული 10 არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ჯამურად 225 მლნ. ლარამდე დახარჯეს, საიდანაც 134 მლნ ლარი (59%) პოლიტიკური რეკლამის ხარჯი იყო, რაც მოიცავს რეკლამის წარმოებას, განთავსებასა და გავრცელებას.

ყველაზე მეტს რეკლამაში მმართველი პარტიის სუბიექტები ან მათი მხარდაჭერილი კანდიდატები ხარჯავენ, რაც 2008-2020 წლებში 98 მლნ.-მდე ლარს შეადგენს. ეს პოლიტიკური სუბიექტების მიერ რეკლამაში ჯამურად დახარჯული თანხის 73%-ია.

სარეკლამო ხარჯებიდან პოლიტიკური სუბიექტები ყველაზე მეტს სატელევიზიო რეკლამაში ხარჯავენ. 2008-2020 წლებში ეს ხარჯი 79 მლნ. ლარზე მეტი (რეკლამისთვის დახარჯული თანხის 59%) იყო.

საარჩევნოდ რეკლამისთვის ყველაზე მეტი – 29.1 მლნ ლარი, 2020 წლის პარლამენტის, ხოლო ყველაზე ცოტა – 3.8 მლნ ლარი, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაიხარჯა.

წინასაარჩევნო რეკლამებიდან ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინტერნეტრეკლამის ხარჯია – 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, 50 ათასი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს ამ ხარჯმა 800 ათას ლარს გადააჭარბა, ხოლო 2020 წელს – 3 მლნ. ლარს.

ყველაზე ნაკლები კი ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამის ხარჯია – 2012-2020 წლებში ჯამურად 1 მლნ. ლარამდე.

პოლიტიკური სუბიექტების მიერ საარჩევნო დეკლარაციები ხარვეზებით არის შევსებული, განსაკუთრებით 2008-2011 წლებში; ხშირად რთული ან პრაქტიკულად შეუძლებელია ცალკეული მონაცემების დამუშავება. მართალია, 2012-2020 წლებში დეკლარაციის ფორმები და შევსების სტანდარტიც შედარებით დაიხვეწა, თუმცა კვლავ ხშირად ვხვდებით არაერთგვაროვნად შევსებულ დეკლარაციებს, რაც მონაცემების ანალიზს ართულებს“, – ნათქვამია  „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის შედეგებში.

ნენე ინჯგია