მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? – შვილმკვდარი დედა სიმართლის ძიებაში
გიგა გელხვიიძე
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? რა მოხდა 2023 წლის პირველი იანვრის ღამეს, როდესაც ახლობელი გოგონას მანქანაში იარაღის გასროლით გარდაცვლილი შაკო ბოგველი იპოვეს?
გაზეთ „ქრონიკა+“-ს ბოგველის დედა, იზა ბოგველი დაუკავშირდა, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდგომ ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნდა და გადაწყვიტა, რომ არსებულ კითხვებზე, რომლებიც სხვადასხვა გარემოებიდან გაუჩნდა, პასუხები შესაბამისი უწყებებიდან მოიპოვოს.
რა მდგომარეობაა შაკო ბოგველის საქმის ირგვლივ გამოძიების დაწყებიდან შვიდი თვის თავზე და რა დეტალები გაარკვია შვილმკვდარმა დედამ, რომელსაც გამოძიება მალავდა? _ ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:
_ ქალბატონო იზა, სულ თავიდან რომ დავიწყოთ ამბის თხრობა, რათა მკითხველისთვის უფრო გასაგები იყოს მომხდარი და ის, თუ რას იძიებთ დღეს საკუთარი ძალებით.
_ 2023 წლის პირველ იანვარს ჩემი შვილის ცხედარი იპოვეს მისი ყოფილი მეგობარი გოგონას მანქანაში. ეს გოგონა აცხადებს, რომ ჩემმა შვილმა მის თვალის წინ გაისროლა ვინჩესტერის 12-კალიბრიანი იარაღი და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარი ოჯახს მას შემდეგ შეგვატყობინეს, რაც ეს პირველი იანვრის ღამე გათენდა. გამიჭირდება გითხრათ ზუსტი დრო, თუ რომელ საათზე მოხდა ეს ყველაფერი, თუმცა ვიცი, რომ ჩემმა მეუღლემ ეს ორ რიცხვში გაიგო, მაგრამ იყო გარკვეული საეჭვო სიტუაციები და ბუნდოვანება.
_ თავდაპირველი ვერსია რა იყო, რომელიც თქვენ მოგაწოდეს?
_ მე მითხრეს, რომ ჩემი შვილი გარდაიცვალა ავტოავარიაში და ამ დროს იმყოფებოდა მარტო, სხვის ავტომანქანაში. სწორედ ეს იყო პირველი, რამაც ჩემში ეჭვები გააჩინა.
_ თქვენ მაშინვე ჩამოხვედით საქართველოში, როგორც კი ეს ამბავი შეიტყვეთ. რა მოხდა მას შემდეგ?
_ როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემს შვილს სახე სრულიად შეფუთული ჰქონდა და აკრძალული იყო მისი ნახვა. მითხრეს, რომ მიცვალებული გაიხსნებოდა, თუ მას სახვევებს მოვხსნიდი სახეზე, რამაც კიდევ დამატებითი ეჭვები გამიჩინა. გამომდინარე იქიდან, რომ 58 საათი თითქმის მორგში იყო ნამყოფი, პლუს, თუ რაიმე დაზიანება იყო, ის გაიკერებოდა და ვერ ვხდებოდი, რა იყო პრობლემა.
ტანსაცმელი უკვე ჩაცმული ჰქონდა, შემდგომ ჩავრთე დედის ინსტინქტი და ცოტა არტისტიზმი, რომ მას არ უხდებოდა ეს ტანსაცმელი და უნდა გამომეცვალა მისთვის. როდესაც ამას ვაკეთებდი, პარალელურად ვათვალიერებდი სხეულს, ჰქონდა თუ არა მას რამე სახის დაზიანება და რაც შევამჩნიე, ეს იყო სილურჯე მარცხენა ხელის სახსართან, ფოტოსურათიც გადავუღე. ეგონათ, რომ ამას ვერ შევძლებდი, როგორც დედა, თუმცა გამოვუცვალე ტანსაცმელი და მაინც შევძელი ეს. შემდეგ უკვე დასაფლავების საღამოს გავხსენი ჩემი შვილი და გადავიღე ფოტომასალა. როდესაც სახვევები გავხსენი, სულ სხვა სურათი დამხვდა: შეიძლებოდა მსგავსი ტიპის გვამს თავიდანვე მოხსნილი ჰქონოდა სახვევები, მას დაზიანება ჰქონდა ცხვირიდან შუბლამდე, წარბებს შორის, ეს არის ჭრილობა, არაფერი სხვა. სავარაუდოდ, რაღაცის დაფარვას ცდილობდნენ, ის არ იყო დასახიჩრებული.
უბრალოდ, ეს არ უნდა მენახა მე, არ უნდა ენახა სხვას, ვინც იცოდა, თუ როგორი სურათი უნდა ყოფილიყო დახურულ სივრცეში გასროლილი 12-კალიბრიანი ვინჩესტერის შემდგომ. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იყო გათვლილი, მაგრამ მე ვერაფერი გამაჩერებს, უნდა გავიგო ყველაფერი.
_ რას ამბობს მისი ყოფილი მეგობარი გოგონა, რომლის მანქანაშიც აღმოაჩინეს თქვენი შვილის ცხედარი? როგორც მან თქვა, უბედურება მის თვალწინ მოხდა. ახსნა თუ არა, რა იყო მიზეზი?
_ პანაშვიდის პერიოდში მკითხეს, დასაფლავებამდე, მინდოდა თუ არა მისვლა ამ გოგოსთან? მაგრამ მე მარტო ვტიროდი ჩემს შვილს, ისე როგორც დედა ტირის.
_ ანუ არანაირი ინფორმაცია არ გაქვთ გარდა იმისა, რომ ის ამტკიცებს თვითმკვლელობის მისი თანდასწრებით განხორციელებას?
_ არა, არანაირი.
_ როდის იფიქრეთ, რომ თქვენი შვილი არც ავარიის და არც თვითმკვლელობის მსხვერპლი არ იყო?
_ დასაფლავების ღამეს, როდესაც ცხედარი გავხსენი და ფოტოები გადავუღე ჩემს შვილს, სწორედ მაშინ ვთქვი ჩემს ახლობლებთან, რომ შვილი მომიკლეს. სწორედ ამ დროს მითხრა ჩემმა ახლობელმა გოგონამ, _ იზა დეიდა, მეც ასე ვფიქრობ, მას შემდეგ რაც ეს ფირი ვნახეო. უცებ ვიკითხე, თუ რა ფოტო ჰქონდა და საიდან, რადგანაც როდესაც უნდა გამეხსნა, ყველას მოვთხოვე, რომ გასულიყვნენ და მარტო დავეტოვებინე ჩემი შვილის ცხედართან. იქ იყო კიდევ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი, რომელიც ანიშნებდა ამ გოგონას, რომ არ უნდა გაემხილა ეს ჩემთვის, მაგრამ მე ვერავინ, ვერაფერი შემაკავებს და მომიტანეს ამის შემდგომ მანქანაში გადაღებული ფოტო, ხოლო თუ ვისი გადაღებული იყო, არ ვიცი. ფაქტი არის, რომ გარდაცვალებიდან მეშვიდე დღეს სისხლის სამართლის საქმიდან გამოდის გარეთ ფოტოსურათები და ვისაც უნდა, ყველა ნახულობს ამ ფოტოებს.
_ რამე კონკრეტულის მანიშნებელი იყო ფოტოზე აღბეჭდილი კადრი?
_ ამ დღის შემდგომ ყოველდღე ვათვალიერებდი ამ ფოტოს და იქ კეპი აქვს ჩემს შვილს თავზე, იქ ვინჩესტერის გასროლის დროს რა ხდება, ეს ინფორმაციები მოვიძიე.
ვინჩესტერი უდევს ჩემს შვილს მარცხენა ხელში, მანქანის ფანჯრები არ არის დაზიანებული, სისხლი რამდენადაც ვნახე, არც ისე დიდი ოდენობით არის, ჩამონაღვენთს ჰგავს. ამ სურათის ყველა დეტალს ვსწავლობდი. მეცხრე დღეს გადავუხადე პანაშვიდი და ამის შემდგომ მივედი პოლიციაში, სადაც ჩემი შვილის საქმის გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იყო დაწყებული. მე არავინ მითვლიდა, რომ გამოკითხვაზე უნდა მივსულიყავი. იქნებ, მე ვარ დამნაშავე და მე მივიყვანე ჩემი შვილი ამ ზომამდე, ხომ? რამის შემოთვლა ხომ შეიძლება, რომ უნდა მოვიდე, მაგრამ არა.
_ რა გითხრათ გამომძიებელმა, როდესაც პოლიციაში მიხვედით?
_ როდესაც პოლიციის განყოფილებაში მივედი, გამომძიებელს განვუცხადე, რომ მე არ ვარ მგლოვიარე დედა, არ ვარ მტირალა დედა და მაშინვე ვუთხარი, რომ ამოღებული ყოფილიყო მიმდებარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერები, ასევე ვინც საქმეში იყო თვითმხილველი, მკაცრად გაკონტროლებულიყო, რომ მას არ გადაეკვეთა საზღვარი, რატომ იდგა მანქანა შეუფუთავი და მივახვედრე, რომ მე არ ვაპირებდი გაჩერებას და საქმისთვის შესაბამისი მსვლელობა უნდა მიეცათ.
მოვთხოვე ჩემი დაკითხვა, რაზედაც მითხრა, რომ მეორე დღეს მივსულიყავი და დამკითხავდა. მივედი მეორე დღეს და არ დამხვდა ადგილზე. შემდგომში მოვითხოვე მისი პირადი ტელეფონის ნომერი და მითხრა, რომ არ ეცალა, ამიტომაც წამოვედი გენერალურ პროკურატურაში.
_ როგორ გაგრძელდა საქმე პროკურატურაში მისვლის შემდეგ?
_ როდესაც პროკურატურაში მცირე პანიკა ავტეხე, მერე მიმიღეს. მითხრეს, რომ ეს იყო პროკურორების ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ ჩემი შეცდომაა ის, რომ არ არის ოფიციალური განაცხადები ჩემს სახელზე გაკეთებული. ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო, მათ ვესაუბრე, ავუხსენი, რაც მინდოდა. როგორც გითხარით, ვიდეოკამერების ჩანაწერები უნდა ამოეღოთ და ამ გოგოსთვის ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დაეწერინებინათ, რადგანაც ამ ამბის ერთადერთი თვითმხილველია.
_ როგორ წარიმართა მოვლენები?
_ ამის შემდგომ რეკავს ტელეფონი და მეუბნებიან, რომ უნდა შევხვდე პოლიციის გამომძიებელს, რათა გამესაუბროს, რაზედაც ვუთხარი, რომ ეს არ იქნებოდა რამდენიმე წუთიანი გასაუბრება, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა გავცნობოდი საქმის მასალებს, რა ჰქონდათ მათ ხელჩასაჭიდი და მეც უნდა მეთქვა გარკვეული სახის ინფორმაცია მათთვის, რასაც ვფლობდი. შევხვდით ერთმანეთს და ჩემს დაკითხვამდე იქით ვიკითხე, ჰქონდა თუ არა ვიდეომასალები, ფოტო და ა. შ.? მითხრა, რომ ჰქონდათ ასამდე ფოტო, მაჩვენა ფოტოები, ჩემი შვილის, როგორც არის ავტომანქანაში. პირველი კადრი როგორც კი გაიხსნა, საჭესთან, თუ არ ვცდები, „ტორპედოს“ ეძახიან ამ ადგილს, იქ არის თეთრი პატარა მასა და მითხრა, ქალბატონო ეს არის ტვინი. მე ტვინის ინტერესი კი არ მქონდა, ის პატარა ნაწილაკი რა იყო, მით უფრო, რომ ეს ფოტო მე უკვე ნანახი მქონდა და ამ ფოტოსთან ერთად მძინავს, რადგანაც ვსწავლობ მას. მე ვუთხარი, რომ ეს არ მაინტერესებდა, მე მაინტერესებდა გასროლის შედეგად იყო თუ არა დაზიანებული ფანჯარა, იყო თუ არა დაზიანებული მანქანის ჭერი. მითხრა, რომ არ იყო დაზიანებული არც ფანჯარა და არც ჭერზე იყო სისხლი. ამის შემდეგ მიმეორებს ისევ იმავეს და მივხვდი, რომ ჩემი წყობილებიდან გამოყვანა უნდა, რადგანაც შვილმკვდარი დედა ვარ. შემდგომ ვკითხე, ეს პისტოლეტი რატომ არის ასე ჩახუტებული, ანუ გაისროლა და მერე ხელი მიიხუტა, არ გადმოვარდა ხელი-მეთქი? შემდგომ სავარძლებს შორის ხომ არის პატარა სიცარიელე და იქ არის კიდევ თეთრი ნაწილაკი და კვლავ მიხსნის, რომ ქალბატონო, ეს არის ტვინი, რაზეც გავბრაზდი და ავუხსენი, რომ ეგ ტვინი კი არა, ჩემი შვილი კბილია-მეთქი.
ამის შემდეგ ვეკითხები ისევ, რატომ არ არის დავარდნილი იარაღი-მეთქი? დახურულ სივრცეში გასროლა სხვაგვარია, ჭრილობა სხვაგვარია, დენთის კვალიც სხვაგვარად არის, ტყვია 30-სმ-ის შემდგომ იშლება, მაგრამ გარე და დახურულ სივრცეს განსხვავებული ტრაექტორიები აქვს-მეთქი. ავუხსენი, რომ საჭირო იყო კამერების ჩანაწერები.
_ რამდენადაც ცნობილია, შემთხვევა ე. წ. ჰუალინგის დასახლებაში მოხდა. იმ პერიმეტრზე თუ შეეცადეთ ვინმესთან ინფორმაციის მოძიებას?
_ დიახ, ამის შემდეგ გავიგე, რომ მანამდე მოხდა ჩხუბი და მერე გადააყენეს მანქანა. ჩავედი „ჰუალინგის“ შენობასთან, „კარფურის“ მიმდებარედ და გავესაუბრე რამდენიმე ადამიანს. მაინტერესებდა და ვიბრძოდი იმისთვის, გამეგო კამერების წაშლის ვადები. როგორც გაირკვა, „კარფურის“ დაცვის თანამშრომელი ადასტურებს, რომ იყო ჩხუბი, მათი თანამშრომელი გარეთ გავიდა ამის გამო, მაგრამ ვინ ჩხუბობდა, იყო თუ არა იქ ჩემი შვილი, ამის ჩანაწერები არ არის, რომ დამიმტკიცონ, რაზე ვდაობთ, აქ არ არის თქვენი შვილი.
_ ანუ ამ საქმეში კამერების ჩანაწერები არ არსებობს?
_ არაფერი არ არის. დამიდასტურეს ის საკითხი, რომ კამერების ჩანაწერები აღარ არის და ეს ნაწილი უნდა დავივიწყო.
_ სხვა რამე თვალში საცემი გარემოება თუ შეამჩნიეთ ამ პერიოდში, რამაც შეიძლება დამატებითი ეჭვის საფუძველი მოგცათ?
_ მეცხრე დღიდან ჩართული ვარ ამ საქმეში და ვეძებ ყველაფერს, რაც შეიძლება დამეხმაროს. გარდა ამისა, მივდივარ მანქანასთან, რომელშიც შემთხვევა მოხდა, მანქანაზე არ არის პლომბი. 13 იანვარს გახსნილი იყო, მივდივარ 27-ში, ისევ გახსნილი დამხვდა. ამის შემდგომ წავედი პროკურორთან და ვეუბნები, მომცეს ტელეფონის ატანის საშუალება. მას ვაჩვენე, თუ რა იყო იქ და რას ხედავდა. ვეუბნები, რომ მანქანა არის გახსნილი-მეთქი. მითხრა, რომ თოვლი და წვიმიანობა დაემთხვა იმ პერიოდს და პლომბებს წვიმა დააზიანებდაო. სხვა კადრებზე კი მითხრა, რომ, სავარაუდოდ, ექსპერტიზამ დამატებითი მასალები მოითხოვა ამის გამო, რადგან პლომბი დაზიანებულიაო.
ამის შემდგომ ვიკითხე, რომ მე, შვილმკვდარი დედა, რომელსაც ჯერაც არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული, უნდა ვაგებინებდე გამომძიებელს და პროკურორს, რომ მანქანაზე, რომელშიც სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა, პლომბებია ამძვრალი-მეთქი? ამ საუბრის შემდგომ მითხრა, რომ საქმის გამომძიებელი გამოიცვლებოდა და ასეც მოხდა. ამის შემდეგ უნდა დაწერილიყო გახსნის ოქმი და შემდგომში უნდა დაწერილიყო ოქმი მანქანის კვლავ დალუქვაზე. ახლა კი ვიგებ, _ ოქმი შემდგარი არ იყო, რადგანაც 26 იანვარს რომ დაინიშნა ახალი გამომძიებელი, აპრილში ვეკითხები, დაწერილია თუ არა ოქმი გახსნილ მანქანაზე-მეთქი? მითხრა, რომ არ იყო დაწერილი. ახლა კი პროკურატურაში მითხრეს, რომ პირველ იანვარს კრიმინალისტების მისვლის დროინდელი ოქმის გარდა არაფერი არის შექმნილი.
_ ამ დროისთვის რა არის ძირითადი მოთხოვნა და გაქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, მიგიღებთ და მოისმენს თქვენს სათქმელს?
_ ვიცი, რომ ბრძოლაში ვარ ჩართული და ისიც ვიცი, რა მოლოდინები შეიძლება მქონდეს. ბოლოს, როდესაც პროკურატურაში მივედით, სულ სხვა ექსპერტიზის დასკვნა დამიდეს იმასთან შედარებით, რაც იყო. როდესაც შემდგომში მედიასაშუალებებით გაშუქდა ის მდგომარეობა, რომელშიც ვართ, დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენს ადვოკატებს შეეძლოთ, მეშვიდე თვის თავზე მისულიყვნენ საგამოძიებო უწყებაში და მათ მისცემდნენ ყველა იმ დოკუმენტაციას, რომელიც ჩვენ გვჭირდება, საქმის ყველა მასალას, ფოტოსურათსა და ა. შ.
ჩვენი ადვოკატების ჯგუფი უკვე მივიდა და ველოდებით შედარებებს.
არ ვკარგავ იმედს და მგონია, რომ ეს იმედი გამაძლებინებს. აღარ მაქვს არავის ნდობა ამ ქვეყანაზე. ერთადერთი, ვისაც უპირობოდ ვენდობოდი, ეს ჩემი შვილი, შაკო ბოგველი იყო, ყველაზე მართალი, ეკლესიური და ყველაზე სუფთა ადამიანი. ახლა უბრალოდ ვიჯერებ ადამიანებისას და ეჭვით ვუყურებ მათ. მე ვიქნები იქ, სადაც საჭიროა, სანამ არ მივიღებ ზუსტ პასუხებს ჩემს კითხვებზე.
_ ერთი კითხვა მაქვს: თქვენ ახსენეთ, რომ გარდაცვლილს სილურჯე ჰქონდა მარცხენა ხელზე და იარაღიც ასევე მარცხენა ხელში ეჭირა. შაკო მარცხენა ხელს უფრო მოიხმარდა, ვიდრე მარჯვენას? ამას გეკითხებით იმიტომ, რომ შესაძლოა, ესეც, გარკვეულწილად, აჩენს კითხვის ნიშნებს თქვენში.
_ მარჯვენა ხელი არის კარებთან ჩაჭედილი, რაც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, ეს არის პირველი იანვრის სილურჯე. ჩემი ვარაუდით, მას მოუვიდა ჩხუბი, იგერიებდა და თავს იცავდა, მარჯვენა ხელს ვერ ხმარობდა, რადგანაც ხშირად უვარდებოდა და მარცხენა ხელით სანამ შეეძლო, იბრძოლა.
„ქრონიკა+“ აღნიშნულ საკითხზე მუშაობას არ წყვეტს და მომდევნო ნომრებში უკვე შემოგთავაზებთ იმ დასკვნებს, რომლებსაც შაკო ბოგველის ოჯახის ადვოკატები წარმოადგენენ მათთვის გადაცემული საქმის მასალების მიხედვით.