მიხეილ ქუმსიშვილი: „ახალი ხედვებით რუსთავში გარდამტეხ რეფორმებს გავატარებთ!“
10 წელზე მეტია, პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული. პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ლეიბორისტული პარტიის წევრია. ამასობაში, 6 არჩევნების სტაჟის მქონეა და ამ კუთხით გამოცდილებაც აქვს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე აქტიური ახალგაზრდული მოძრაობის თავმჯდომარეა.
როგორც თვითონ ამბობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა. კონკრეტულად კი ლეიბორისტული პარტიიდან რუსთავის მაჟორიტარულ ოლქშია წარდგენილი და ასევე საარჩევნო სიის მესამე ნომერია. ახალგაზრდა პოლიტიკოსის თქმით, უნიათო ძალას ახალგაზრდული, ენერგიით სავსე გუნდით უპირისპირდება.
რა აძლევს პოლიტიკაში ყოფნის მოტივაციას? რას ჰპირდება ამომრჩევლებს და როგორი მოლოდინები აქვს რუსთავის მაჟორიტარს? _ აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ მიხეილ ქუმსიშვილს ესაუბრება:
_ მიხეილ, 10 წელიწადზე მეტია, პოლიტიკაში ხართ. რა გაძლევთ პოლიტიკაში ყოფნის მოტივაციას?
_ საქმიანობის სიბინძურე განისაზღვრება იმ ადამიანებით, რომლებიც ამ საქმიანობის მონაწილეები არიან. შესაბამისად, არ არსებობს სფერო, ეს იქნება პოლიტიკა, სპორტი თუ ხელოვნება, სადაც კი იქნებიან ბინძური ადამიანები, არცთუ მაინცდამაინც სუფთა წარსულის მქონე ხალხი და არცთუ მაინცდამაინც კეთილი განზრახვის ადამიანები, ბუნებრივია, ყველა სფეროში იქნება სიბინძურე. პოლიტიკა არის საჯარო სფერო, განსაკუთრებით დიდია მის მიმართ მედიის ყურადღება, ამიტომ იგი უფრო მეტად გამჭვირვალეა და, შესაბამისად, ამოტივტივდება ხოლმე სიბინძურე და ხალხისთვის ეს მეტად შესამჩნევია. პოლიტიკაში საჭიროა სწორი ხალხი, ახალი სახეები და ახალი სისხლი; ადამიანები, რომლებსაც წარსულში არ აქვთ ბოროტება ჩადენილი და რომლებსაც გულწრფელად სურთ, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს. ამ პროცესში, ბუნებრივია, გადამწყვეტი იქნება ახალგაზრდების ჩართულობა. ვინაიდან ახალგაზრდა თაობა, რომელიც დაბადებულია თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში, რომელმაც იცის ეროვნული ფასეულობები და რომელსაც არ ეშინია სიახლეებისა და გლობალიზაციის, შეძლებს იმას, რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენოს. სწორედ ეს არის ჩემი მოტივაცია, რომ პოლიტიკაში ჩავრთულიყავი. როდესაც დავინახე, რომ ახალი სახეების საჭიროებაა, იმ დღიდან მოყოლებული ყველაფერს ვაკეთებ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთო პოლიტიკაში და შემდეგ უკვე შევქმნა მძლავრი გუნდი, რომელსაც თავისი წონა ექნება და საკუთარ სათქმელს იტყვის. ეს ნაწილობრივ გამომივიდა კიდეც. ძალიან ვამაყობ ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციით, რომელიც ბევრ აქტიურ სახეს მოიცავს. მუდმივად ორიენტირებულები ვართ, რომ, ერთი მხრივ, ქვეყნისთვის საქმე გავაკეთოთ და, მეორე მხრივ, განვვითარდეთ ამ პროცესში, ვისწავლოთ და უფრო ეფექტიანად ჩავერთოთ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. პარტიამ ეს ყველაფერი დააფასა კიდეც და მე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ, აგრეთვე პარტიის საარჩევნო სიის მესამე ნომერი გახლავართ. ამ შემთხვევაში არა ინდივიდუალურად ვარ ეს ფიგურა, არამედ პარტიის ახალგაზრდულ გუნდს წარმოვადგენ, რომელმაც უნდა გააჟღეროს ახალგაზრდების ხედვა და ხმა საკანონმდებლო ორგანოში.
_ რატომ ხართ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი?
_ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ჩემი აქტივობებით რუსთავთან ვასოცირდები. გასულ წელს აქტიურად ვაპროტესტებდი მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდას, როცა კერძო კომპანიამ ტარიფს მოუმატა და რუსთავის საკრებულო ხელის შეშლის ნაცვლად დაეხმარა ამაში. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საკრებულო თავადაც არის ჩართული სხვადასხვა კორუფციულ სქემაში. ამ ყველაფერს შევეწინააღმდეგეთ, რამაც შედეგი გამოიღო და პროცესი შეჩერდა. გარდა ამისა, აქტიურად ვარ ჩართული ლოკალური პრობლემების მოგვარებაში და ვცდილობ, მაქსიმალურად დავუდგე მოსახლეობას გვერდით. გარდა ამისა, რუსთავში მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ახლობელი. ისინი ჩემი გუნდის წევრები არიან და ერთად ვიბრძვით პრობლემების აღმოსაფხვრელად.
რუსთავში ბევრი სირთულეა, იგი თბილისთან ახლოსაა და კულტურულად მასთან ინტეგრირებულია, მაგრამ, მეორე მხრივ, სოციალურ-ეკონომიკურად აბსოლუტურად მოწყვეტილია დედაქალაქს. რუსთავი არის ევროპის ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქი, რაც ძალიან მაღალ რისკებს შეიცავს იმისას, რომ მოსახლეობას განუვითარდეს სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადება. აქ ასევე არის ტრანსპორტის პრობლემა: 20 000-მდე სტუდენტს ყოველდღიურად უწევს თბილისში სიარული და ნორმალურად ვერ გადაადგილდება; არ არსებობს ახალგაზრდებისთვის გასართობი ადგილები, არ არის კინოთეატრი, კაფე-ბარები. ბევრი ისეთი პრობლემაა, რასაც ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანის ბრძოლა სჭირდება, რათა ეს პრობლემები უმაღლესს ეშელონებამდე მიიტანოს და რუსთაველების ინტერესები დაიცვას. აქედან გამომდინარე, პარტიაში გადაწყდა, რომ მე ვყოფილიყავი რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატი. რუსთავში ჩვენი პარტია ყოველთვის გამოირჩეოდა მხარდაჭერით. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ჩვენი პარტიის ერთგული მომხრეები არიან. მათთან ერთად შევეცდები, კიდევ უფრო მეტი ხალხი დავარწმუნო ჩვენი პარტიის ხედვების სისწორეში.
_ რა არის მთავარი გზავნილი რუსთაველი ამომრჩევლების მისამართით და რა უპირატესობა გაქვთ სხვა კანდიდატებთან შედარებით?
_ ჩვენი სლოგანია: „მომავალი შენია“. თითოეული ადამიანის ხელშია მომავალი და მათ თავად უნდა განკარგონ საკუთარი მომავალი და თავადვე დაგეგმონ იგი. მომავალი არ იარსებებს იმ შემთხვევაში, თუკი ერთსა და იმავე სახეებს, რომლებიც უკვე ათწლეულებია პოლიტიკაში არიან, კვლავ მივცემთ საშუალებას, ისევ ისინი მოასხდნენ რუსთავს, საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ხელახლა დაიკმაყოფილონ და არაფერი გააკეთონ ხალხისთვის. ჩვენ სიახლეები გვჭირდება ნათელი მომავლისთვის. სწორედ ეს არის ჩვენი გზავნილი, რომ ახალგაზრდები ახალი ძალით, ახალი ხედვებით, რუსთავში გარდამტეხ რეფორმებს გავატარებთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა მოგვეცემა.
_ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია? თუ არის ხელის შემშლელი ფაქტორები მმართველი გუნდის მხრიდან?
_ სამწუხაროდ, აქტიურად აშინებენ ხალხს, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებსა და სოციალურად დაუცველებს. ფაქტობრივად, მათ აიძულებენ, რომ „ქართული ოცნების“ სასიკეთოდ გააკეთონ არჩევანი, რაც პირდაპირ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლაა და არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს. არის მოსყიდვის ფაქტებიც: მაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ თავის მხარდამჭერებს წინასაარჩევნოდ სასურსათო კალათებს ურიგებს, იმისთვის, რომ ნამდვილად მათ დაუჭირონ მხარი. ეს კანონით აკრძალულია და სისხლის სამართლის დანაშაულია. სხვა პარტიების მომხრეებს კი, ბუნებრივია, არაფერს აძლევენ. როგორც ჩანს, ხელისუფლება ვერ იაზრებს, რომ იგი თანაბრად არის ანგარიშვალდებული თითოეულ მოქალაქეზე. ასეთი სამარცხვინო ხელისუფლებაა და სამარცხვინო მეთოდებით ცდილობს არჩევნებში მხარდაჭერის მოპოვებას, თუმცა წლების განმავლობაში ეს ერთი და იგივე მეთოდები მოძველდა. ხალხმა მათ უნდა გამოართვას სასურსათო კალათა, მაგრამ არჩევანი გააკეთოს მათ საწინააღმდეგოდ, ვინაიდან ასეთი მეთოდებით ცდილობენ ამომრჩევლის მოსყიდვას.
_ რას უპირისპირებთ ხელისუფლების ამ მეთოდებს?
_ ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ ენთუზიაზმს, იდეალისტობასა და იდეების ერთგულებას. გარდა ამისა, მოსახლეობასთან კარდაკარ დავდივართ. უკვე ყველა კარზე დავაკაკუნეთ, ზოგან მე, ზოგან ჩვენი გუნდის წევრებმა და პირადად გავესაუბრეთ რუსთავის ყველა მოქალაქეს. მათ გადავეცით ჩვენი ფლაერები, გავაცანით პროგრამა, აქტიური კამპანია გვაქვს სოციალურ მედიაში, რუსთავის მოსახლეობას ამ ფორმითაც ვაწვდით ჩვენ შესახებ ინფორმაციას, რასაც ნაკლები ხარჯი და დიდი ენერგია სჭირდება. ამ საკითხებში აქტიურად ვართ ჩართული და ფულს ამით ვუპირისპირდებით _ „ქართულ ოცნებას“ რუსთავში 10-მდე ოფისი აქვს და სადმე თუ ბილბორდია, ყველგან მათი კანდიდატის სახეა გამოხატული, მაგრამ მხოლოდ ბილბორდის გაკვრა ვერ უშველის მათ. თუ არადა, დაამტკიცონ საქმით, რომ ისინი არიან ღირსეული კანდიდატები. ამ ხნის განმავლობაში მათ ერთი საქმეც კი არ გაუკეთებიათ, რითაც შეუძლიათ, რომ დაიკვეხნონ. უმაქნისს, უნიათო ძალას ვუპირისპირდებით ახალგაზრდული, ენერგიით სავსე გუნდი. დანარჩენი მოსახლეობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
_ თქვენი პარტიის საარჩევნო პროგრამაში რა კუთხით არის ახალგაზრდების პრობლემები გათვალისწინებული?
_ პირველ რიგში, ეს არის განათლება. სწავლა სტუდენტებისთვის უფასო უნდა იყოს, იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს, რაც აღმოფხვრის სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემას. მათმა რაოდენობამ 40 ათასს გადააჭარბა. ამ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე კიდევ უფრო მძაფრდება ეს პრობლემა. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ის, რომ ყველას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე; ასევე ვგეგმავთ, რომ სკოლებში მოსწავლეების ერთჯერადი კვება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს, რასაც მხოლოდ 200 მილიონი ლარი სჭირდება და იგი საქართველოს ბიუჯეტის 1.8%-ს შეადგენს. ეს სავსებით რეალისტურია, _ ერთი მხრივ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რასაც ბავშვების შიმშილი ჰქვია და გაეროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად, 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, ხოლო, მეორე მხრივ, მოგვცემს განათლების სისტემაში სიღრმისეული რეფორმების გატარების საშუალებას; ასევე ახალგაზრდებისთვის გვაქვს შემუშავებული სპეციალური პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს 50 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. ვითანამშრომლებთ როგორც კერძო სექტორთან, ასევე საჯარო უწყებებთან, რათა გამოიყოს სპეციალური კვოტები ახალი კურსდამთავრებულებისთვის, _ მათ შესაბამისი გამოცდილება უნდა მიიღონ და ანაზღაურება ჰქონდეთ. ყველა ბიზნესი, რომელიც ახალგაზრდებს დაასაქმებს, საგადასახადო შეღავათებს მიიღებს, რომ უღირდეს ახალი კადრების აყვანა. ეს არის ძირითადი მიმართულებები; ასევე ვგეგმავთ მთელი ქვეყნის ინტერნეტიზაციას, სკოლის მოსწავლეების კომპიუტერებით აღჭურვასა და ა. შ.; კონკრეტულად რუსთაველი ახალგაზრდებისთვისაც გვაქვს გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვითაც აუცილებლად უნდა გაიხსნას კინოთეატრი. სირცხვილია, რომ ასეთ დიდ ქალაქში დღემდე არ არის კინოთეატრი! ასევე მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი რუსთავში ღამის ცხოვრების განვითარებას.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ამომრჩეველთან კარდაკარ დადიხართ. როგორია მოსახლეობის განწყობა? როგორ გხვდებიან ახალგაზრდა პოლიტიკოსს?
_ საკმაოდ პოზიტიური განწყობა აქვს ამომრჩეველს. ეს როგორ აისახება საარჩევნო ხმებში, ბუნებრივია, არ ვიცით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ დადებითი განწყობა გადმოვიდეს მხარდაჭერაში. ადამიანებს სჭირდებათ რწმენა და მომავლის იმედი, ისინი უკვე დაღლილები არიან ამდენი ტყუილითა და ცრუ დაპირებით, შესაბამისად, მათი ნდობის მოპოვება საკმაოდ რთულია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პოზიტიური განწყობა მხარდაჭერაში აისახოს, რათა ისევ ხალხის ინტერესები გავაჟღეროთ საკანონმდებლო ორგანოში. ვატარებთ შიდაპარტიულ კვლევებს, რომლის მიხედვითაც ვიცით, რომ საზოგადოების მხარდაჭერა გვაქვს. ზუსტ პროცენტებს წინასწარ მართლა ვერ გეტყვით, ყველაზე ნამდვილი კვლევა არჩევნებია. 31 ოქტომბერს გამოვლინდება, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ოლიგარქიის დასრულებას, ახალი სახეების პოლიტიკაში ჩართვასა და პატიოსანი ხალხისთვის მანდატის მიცემას. პოზიტიური მოლოდინი მაქვს, თუმცა ძალიან ბრძოლისუნარიანი მიდგომაა საჭირო. დარჩენილი სამი კვირის განმავლობაში მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რათა ხალხი დარწმუნდეს ჩვენი პარტიის აუცილებლობაში.
_ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ოლიგარქის მმართველობა დასრულდება?
_ იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს, ოლიგარქიული სისტემა ამ პროცესს აფერხებს, უკან ხევს და, სამწუხაროდ, ჩნდება დიდი უფსკრული მდიდარსა და ღარიბ ფენას შორის. მცირე ჯგუფები მდიდრდება, ხალხის უმრავლესობა კი ღარიბდება. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ოლიგარქიული სისტემა დასრულდება. ხალხი წინ იყურება, თუკი ეს ხალხი ორიენტირებულია მომავალზე, უარი უნდა ვთქვათ საარჩევნო ხმის სანაცვლოდ დღეს მოცემულ 5 კილოგრამ კარტოფილსა და 20 ლარზე. თუკი სწორ პოლიტიკურ ძალას მოვიყვანთ ხელისუფლებაში, შედეგიც შესაბამისი იქნება.
ვფიქრობ, მკითხველი დაინტერესდება ამ ინტერვიუთი. დარწმუნებული ვარ, რუსთავში ბევრი ერთგული მკითხველი ჰყავს „ქრონიკა+“-ს და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ჩემი აზრები გავაცანი რუსთაველებსა და არა მხოლოდ მათ.
ნენე ინჯგია