მიხეილ სააკაშვილი: „ვინც უკანონოდ შევიდა პარლამენტში, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან“

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „მნიშვნელოვანია, ვინც უკანონოდ შევიდა  პარლამენტში, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან“.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

„დღეს რაც მოხდა თბილისში, ეს არის დიდი გამარჯვება. დიდი გამარჯვება პირველი – ქართველი ხალხის. არავის სჯეროდა, რომ მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა, პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური ძალა გაერთიანდებოდა ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია, რაც არავის უნდა შერჩეს. ამიტომ ეს მართლაც სასწაულია, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება!  ძალა არის ერთობაში!

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა ოპოზიციიდან, პრაქტიკულად, არავინ შევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც  უკანონოდ შევიდა პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან და საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური პარლამენტი და რომ გააგრძელოს განვითარება და გადაწყვიტოს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ახლა არის ჩვენს ქვეყანაში“, – აცხადებს სააკაშვილი  საკუთარ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

ნენე ინჯგია