მიხეილ გრიშაშვილი: „სანამ „ჰამასი“ ღაზის სექტორში ძალაუფლებას შეინარჩუნებს, მშვიდობა არ იქნება“
მიხეილ ხაჩიძე
ისრაელ-ჰამასის ომის 101-ე დღეა. მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში, უკრაინასთან ერთად, უკვე სამ თვეზე მეტია, ისრაელიცაა. უკრაინის მსგავსად ისიც ბოროტებას ებრძვის, ბოროტებას, რომელსაც „ჰამასი“ ჰქვია.
პალესტინელი ტერორისტების მიერ მოწყობილი 7 ოქტობრის შავი შაბათის შემდეგ „ცახალი“ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციებს აწარმოებს: ყოველდღიურად ათობით ტერორისტს კლავს, იჭერს, ანადგურებს ტერორისტების ინფრასტრუქტურას, მიწისქვეშა გვირაბებსა თუ იარაღის საწყობებს. პარალელურად, ისრაელი ებრძვის ჩრდილოეთით მეზობელი ქვეყნიდან, ლიბანიდან, „ჰეზბოლას“ ტერორისტებს. ლიბანი „ჰამასის“ მხარდაჭერის მიზნით ისრაელისკენ პერმანენტულად უშვებს რაკეტებს. ვითარება მწვავეა და ყოველდღიურად ესკალირდება.
ამ ფონზე მიმოვიხილავთ კონფლიქტის სიღრმეებს: რა არის „ჰამასი“? ვინ არიან მისი წევრები? რა არის მათი მიზანი და როგორ ცდილობენ მის მიღწევას?
ისრაელ-ღაზის კონფლიქტზე „ქრონიკა+“-მა ჩაწერა მშვიდობის პროექტის ფარგლებში არსებული მშვიდობის სინაგოგის თანადამფუძნებელი, საქართველოს პროგრესული იუდაიზმის ცენტრ „დორ ლედორის“ თანადამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი, მიხეილ გრიშაშვილი:
„სანამ ღაზის სექტორში „ჰამასი“ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, მშვიდობა არ იქნება. ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიწურულს „ჰამასი“ ან მთლიანად უნდა განადგურდეს, ან იმდენად შესუსტდეს, რომ რამალის მთავრობა („ფათხი“) შეძლებს მასზე კონტროლის დაბრუნებას. ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რა ბედი ეწევა ტყვეობაში დარჩენილ 7 ოქტომბრის თავდასხმის მსხვერპლებს… შემიძლია, მარტო იმედი მქონდეს, რომ ისინი მშვიდობით დაბრუნდებიან საკუთარ ოჯახებში“, _ ამბობს იგი.
მიხეილ გრიშაშვილი დეტალურად გვიხსნის ვითარებას ახლო აღმოსავლეთიდან, რომელიც ახლა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია:
_ ბატონო მიხეილ, დავიწყოთ თავიდან, აგვიხსენით, რა არის „ჰამასი“ და ვინ არიან მისი წევრები?
_ „ჰამასი“ არის ექსტრემისტული ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც 2007 წელს დაიწყო სამოქალაქო ომი პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე. ამ ომის შედეგად მან დაამყარა ტოტალიტარული კონტროლი ღაზის სექტორზე და მის მოსახლეობაზე. ამ ორგანიზაციის ლიდერები საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობენ კატარში და მათი პირადი ქონება შეადგენს არაერთ მილიარდ აშშ დოლარს, რომელიც მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებისთვის იყო განკუთვნილი. დღეს ყოველი იქ შესული ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც განკუთვნილია პალესტინელი მოსახლეობისთვის, ძალადობრივი გზით გადადის „ჰამასის“ ხელში.
_ „ჰამასის“ ლიდერი სინვარი, როგორც ვიცით, ისრაელის ციხეში იყო და იქ განკურნეს კიბოსგან და გადაარჩინეს სიკვდილის. ამაზეც რომ მოგვიყვეთ.
_ იაჰია სინვარი „ჰამასს“ 1980-იანი წლების ბოლოს შეუერთდა და, ფაქტობრივად, იქცა შიდა აპარატის მზვერავად, რომელიც ცნობილია, როგორც მაჯდი. 1988 წელს ის დააპატიმრეს ორი ისრაელელი და 4 პალესტინელი ჯარისკაცის მკვლელობაში მონაწილეობისთვის, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ ისრაელთან თანამშრომლობაში. სინვარიმ 2 ათწლეული ისრაელის ციხეში გაატარა. სწორედ ამ პერიოდში მან მოახერხა, კარგად შეესწავლა თავისი მტერი ისრაელელების სახით, მათ შორის, ძალიან კარგად ისწავლა ივრითი. სინვარი 2011 წელს 22-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ის იმ 1000 პალესტინელი პატიმართაგანი იყო, რომელიც გაცვალეს გილათ შალითში. შალითი 5 წლის განმავლობაში იყო დატყვევებული ღაზაში „ჰამასის“ მიერ. იმ დროს სინვარმა ამ გაცვლას უწოდა „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მონუმენტი ჩვენი საქმის ისტორიაში“. 2008 წელს პატიმრობაში მყოფ სინვარის ისრაელში გაუკეთეს თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია.
_ ამ კონტექსტში, 7 ოქტომბერს მომხდარ მასშტაბურ და ბრუტალურ თავდასხმაზე რომ გვიამბოთ, რა ქნეს ტერორისტებმა და როგორ ფასდება ყოველივე ეს?
_ არ ვიცი, რანაირად შეიძლება შეფასდეს ის, რაც მოხდა 7 ოქტომბერს… წარმოიდგინეთ, რა რეალობაში ცხოვრობენ მანდ ჩვენი მეგობრები და ნათესავები, როცა ამ დღეს ასე იხსენებენ: „ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივი სარაკეტო თავდასხმით“… მერე ვიგებდით დაუზუსტებელ წარმოუდგენელ ინფორმაციას, ვუკავშირდებოდით მეგობრებს, ნათესავებს.
განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული უდანაშაულო მოსახლეობა: მოხუცები, ქალები, ბავშვები… ტყვედ წაყვანილია ასობით ადამიანი… მიჭირს ამაზე საუბარი. როგორც ვიცი, ისრაელის ხელში არის ტერორისტების მიერ გადაღებული დიდი რაოდენობით ვიდეომასალა, ე. წ. ფილმი, რომლის ჩვენებაც მოაწყვეს პრესის წარმომადგენლებისთვის. დარწმუნებული ვარ, მათ შეუძლიათ დეტალურად მოგიყვნენ, თუ რა მოხდა 7 ოქტომბერს. თუმცა, ჩემი შეფასებით, ეს იყო ვერაგი თავდასხმა უიარაღო ხალხზე, განსაკუთრებით კი ქალებზე, მოხუცებსა და ბავშვებზე. _ დღეს ისრაელი მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ახორციელებს ტერორისტების წინააღმდეგ და მძევლების გასათავისუფლებლად. როგორ მიმდინარეობს პროცესები ფრონტზე? ისრაელის პრემიერმა არაერთგზის თქვა, რომ ისინი უკან არ დაიხევენ, ბოლომდე იბრძოლებენ, რომ მიზანი არის „ჰამასის“ განადგურება და არა პალესტინის ოკუპაცია. ამაზეც რომ გვითხრათ ცოტა რამ.
_ ეს არ არის პირველი ოპერაცია, რომელსაც ახორციელებს ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზის სექტორის ტერიტორიაზე. სხვა ოპერაციების დამთავრების შემდეგ ისრაელს არ მოუხდენია ამ ტერიტორიის ოკუპირება, არც ამჯერად მოახდენს. ეს არასდროს წარმოადგენდა ისრაელის სახელმწიფოს მიზანს.
რაც შეეხება მიმდინარე ოპერაციას, ისრაელის ჯარი ყოველდღიურად მიიწევს წინ ღაზის სექტორის სიღრმეში. არა მგონია, ვინმეს აქვს ილუზია, რომ ეს ოპერაცია „ცახალის“ წარმატებით არ დასრულდება. თუმცა ამ კონფლიქტით გამოწვეული მსხვერპლი დიდი ტრაგედიაა ორივე მხარისთვის. „ჰამასმა“ ძალიან კარგად იცოდა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა იმას, რაც განახორციელა 7 ოქტომბერს, მაგრამ მათთვის პრიორიტეტულია ებრაელების განადგურება, ვიდრე პალესტინელებისთვის სიმშვიდის უზრუნველყოფა.
_ „ცახალი“, ისრაელის არმია, ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში, ასევე ისრაელის დაზვერვა „შინ ბეტი“, „მოსადი“ და ა. შ. ყველაზე ძლიერი და ელიტურია. როგორ მოხდა, რომ მათ „7 ოქტომბრის ამბები გამორჩათ და გამოეპარათ?
_ რაც ეს ტრაგედია დატრიალდა, არა მგონია, მსოფლიოში დარჩენილიყო ვინმე, ვისაც ეს კითხვა არ დაუსვამს სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის… თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელს მისი ისტორიის მანძილზე დაშვებული აქვს არაერთი სამწუხარო შეცდომა, მაგალითად: „იომ ქიფურის ომი“, რომლის დროსაც ისრაელი ისე იდგა განადგურების საფრთხის წინ, როგორც არასდროს.
გილად შალითის გატაცება, რომლის შედეგად ისრაელი მთელი თავისი სამხედრო და სადაზვერვო პოტენციალით ვერ აბრუნებდა მას 5 წლის განმავლობაში.
ისრაელი ახალგაზრდა სახელმწიფოა, რომელმაც მოახერხა, დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, რეგიონში ზესახელმწიფო გამხდარიყო. რა თქმა უნდა, ეს გზა ისრაელს შეცდომების გარეშე არ გაუვლია, 7 ოქტომბერი ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. ოპერაციის დამთავრების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ჩატარდება გამოძიება და ამ შეცდომაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან, თუკი ასეთი რამ საერთოდ მოხდა.
_ დიდი სირთულეების მიუხედავად, ებრაელებმა სრულფასოვანი, ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო ჩამოაყალიბეს. გვიამბეთ, რა საფეხურები, დაბრკოლებები, სირთულეები გამოიარეს მათ, აქამდე რომ მოსულიყვნენ?
_ ისრაელის, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება და უკავშირდება სიონისტებს, პირველ რიგში, მის „სიონიზმის მამას“, თეოდორ ჰერცლს. „დრეიფუსის საქმის“ დროს ჰერცლმა საბოლოოდ გაიაზრა, რომ ებრაელებს უნდა ჰქონოდათ თავისი კერა და ეს უნდა ყოფილიყო სიონის მიწა, რომელზედაც დიასპორებში მცხოვრები ებრაელები საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდნენ. თუმცა ამაზე საუბარი ძალიან დიდხანს შეიძლება. ამავე პერიოდში ევროპელმა ებრაელმა ფილანტროპებმა ძალიან დიდი თანხები გაიღეს და ოსმალეთისგან დიდი რაოდენობის მიწების შესყიდვა მოახერხეს. ისრაელის ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრ ადგილს ნახავთ, სადაც მოგიყვებიან, რომ ესა თუ ის ქალაქი ან, მაგალითად, იერუსალიმის უბნები, თავის დროზე, ნაყიდი ჰქონდა სხვადასხვა ევროპელ ებრაელს _ დღესაც ჰქვიათ ქალაქებსა თუ უბნებს მათი სახელები.
მოგვიანებით, მაგალითად, მეოცე საუკუნის 10-20-იან წლებში, პირველი და მეორე ალიის (ალია, იგივე ამოსვლა ისრაელში, რედ.) წარმომადგენლებმა, რომელთაგანაც ზოგი ევროპიდან „პოგრომებს“ გამოექცა და ზოგმაც სიონიზმის იდეებით ანთებულმა მიაშურა აღთქმულ მიწას, დაარსეს სასოფლო-სამეურნეო კომუნა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეურნეობის საერთო საკუთრება და შრომა-მოხმარებაში თანასწორობა. კიბუცი დღესაც განაგრძობს არსებობას და საკმაოდ წარმატებულადაც. იმ დროს, როცა მეორე მსოფლიო ომის წლებში ნაცისტები ევროპაში 6 მილიონ ებრაელს ანადგურებდნენ, მაშინდელი პალესტინის ტერიტორიაზე, რომელიც პირველი მსოფლიო ომის მერე ბრიტანულმა მანდატმა ჩაიგდო ხელში, ჩნდებოდა ლოგიკური კითხვები და ისმებოდა საკითხი, რომ შექმნილიყო სახელმწიფო ებრაელებისთვის საკუთარი ჯარით. 1948 წლისთვის ერთა ლიგის მიერ ბრიტანეთზე გაცემულ მანდატს ვადა ამოეწურა. აქედან წამოვიდა იდეა, რომ პალესტინის ტერიტორიაზე შექმნილიყო ორი ეროვნული სახელმწიფო: არაბული და ებრაული. რატომ ებრაული? იმიტომ, რომ ისტორიულად ეს ერი აქ წარმოიშვა და შემდეგ არა თავისი სურვილით მოუწია საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს გარეთ ცხოვრება. რატომ არაბები? იმიტომ, რომ ებრაელების შემდეგ სწორედ ისინი დასახლდნენ აქ. ბრიტანული მანდატის პერიოდში აქ, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ებრაელი ჩამოდის. ამ ებრაელთაგან უმეტესობა არის განათლებული და შეძლებული. ისინი მასობრივად ყიდულობდნენ არაბებისგან მიწებს და ამუშავებდნენ მათ დიდი შრომის ფასად. შესაბამისად, აქ ცხოვრების დონე ძალიან მალე იზრდება. 1948 წლის 14 მაისს ისრაელმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და უკვე მეორე დღეს მთელმა არაბულმა სამყარო მას ომი გამოუცხადა. ომი, ფაქტობრივად, მიმდინარეობს დღევანდელ დღემდე. მიუხედავად ამისა, როგორც თქვენ ახსენეთ, შექმნეს ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო, ის სტარტაპების ქვეყანაა და ბევრი რამე სწორედ ისრაელმა გამოიგონა და აჩუქა მსოფლიოს. ისრაელი ბევრ რამეს ქმნის ცხოვრების შეზღულ პირობებში. მაგალითად მოგიყვანთ ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელ მათ მიერ შექმნილ ორ პროდუქტს: ტყვიამფრქვევი „უზი“ და პომიდორი ჩერი. „უზი“ ისრაელმა მაშინ შექმნა, როცა არაბულ ქვეყნებთან დაიწყო ომი დამოუკიდებლობისთვის, ანუ მაშინ, როცა მას იარაღის მწვავე დეფიციტი ჰქონდა. ებრაელები იძულებულები იყვნენ, იმ დანადგარებით შეექმნათ ეს პისტოლეტი ტყვიამფრქვევი, რომელიც ასევე მორგებული უნდა ყოფილიყო უდაბნოს პირობებზეც. უზიელ გალი ამ ამოცანას ყველაზე წარმატებულად გაუმკლავდა. რაც შეეხება ჩერის: ცხადია, რომ თავად პომიდორი ჩერი წარმოშობით ამერიკიდანაა, თუმცა ზუსტად იმ ჩერის სახეობა, რაც არის ახლა პოპულარული მთელ მსოფლიოში _ რომელიც არის ტკბილი და ერთნაირად მორგებული გვალვაზეც და სიცხეზეც _ შეიქმნა სწორედ ისრაელში 1973 წელს. 2009 წელს გამოიცა წიგნი „ტარტუპ ნატიონ“, რომელშიც ორი ჟურნალისტი აღწერს ისრაელის ეკონომიკურ სასწაულს. იმ დროისთვის ამერიკულ ბირჟა „მასდარზე“ ვაჭრობს 63 ისრაელის კომპანია (7,5 მლნ. მოსახლეობის პირობებში ეს არის სასწაული). რა შეიცვალა დღეს? _ ისრაელი სავაჭრო კომპანიებით მეშვიდე ადგილზეა გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.
რატომ არის ისრაელი სტარტაპების ქვეყანა? მიუხედავად იმისა, რომ ის არის ძალიან ძვირი ქვეყანა, იქ არის მუდმივი კონფლიქტი? ჰავაც არც ისე ხელსაყრელია? იმიტომ, რომ ისრაელი მუშაობს ექსპორტზე. მაგალითად, ტაქსის კომპანია „გეტმა“ პირველი ტესტირება გაიარა თელ-ავივში 2011 წლის ზაფხულში და სულ მალე გავრცელდა ევროპის დიდ ქალაქებში. ისრაელს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი: როდესაც არ არის რესურსი, თავად ისრაელელები ქმნიან ამ რესურსს. ამის ნათელი მაგალითი არის ისრაელის ქალაქები, რომლებიც უდაბნოს ლანდშაფტის მიუხედავად მთელი წელი აყვავებულ ბაღებს ჰგვანან. ეს არ არის ოაზისის მაგიური ძალა, არამედ ისრაელელების მიერ წვეთოვანი სისტემის წარმატებულად გამოყენების შედეგია.
ისრაელში ებრაელების დაბრუნებას ჰქვია „ალია“, რომლის პირველი ტალღა დაიწყო მე-19 საუკუნის 80-იანებში და ის დღესაც გრძელდება. ისრაელი სათანადოდ აფასებს ყველა ებრაელს, ვინც კი უბრუნდება თავის ისტორიულ სამშობლოს და, თავის მხრივ, სწორედ ამ ხალხს შეაქვს უდიდესი წვლილი ისრაელის ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში. ისრაელი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დემოგრაფიული ზრდის საკითხებს და ყველაფერს აკეთებს, რომ მისი მომავალი თაობა გაიზარდოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. ისრაელის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ადამიანის, თავისი მოქალაქის წინ დაყენებაა და ის არის სახელმწიფოს მთავარი რესურსი. ამის მაგალითია ის, რომ ახალჩამოსულ მოქალაქეს ქვეყანა უზრუნველყოფს ფინანსური სუბსიდიით და თუ მას, დავუშვათ, რაიმე არ გამოსდის ისრაელში, თავისუფლად შეუძლია დაუბრუნდეს იმ ქვეყანას, საიდანაც ჩამოვიდა.
_ როგორია დღეს მსოფლიოს პოზიციონირება ისრაელის მიმართ, რამდენად არის სოლიდარული მის მიმართ?
_ ძალზე რთული კითხვაა… ერთი მხრივ, გვაქვს მსოფლიო ქვეყნების უმეტესობის სოლიდრობა და მხარდაჭერა 7 ოქტომბერს მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო, რიგი არაბული სახელმწიფოებისგანაც. მიხარია, რომ საქართველოც ამ ქვეყნებს შორისაა.
რაც შეეხება ისრაელის სპეცოპერაციას, აქ უკვე სულ სხვა სიტუაციაა. ქვეყნების უმეტესობა, გამონაკლისი რამდენიმე დასავლური ქვეყნის გარდა, გმობს ისრაელის 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხო ქმედებებს. ეს გამოიხატება ქვეყნების პირველი პირების ინტერვიუებში, მოსახლეობის განწყობასა და ა. შ. სოციალური ქსელიც სავსეა ანტიისრაელური და იუდოფობიური პოსტებით და კომენტარებით. ზოგადად, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის ძნელია საინფორმაციო ომის მოგება, რადგან 15 მილიონი მსოფლიოს ებრაელი სოციალურ ქსელებში ხვდება 1 მილიარდ მსოფლიო მუსლიმს. შესაბამისად, ყოველ ერთ პროისრაელურ პოსტზე მოდის 66-ზე მეტი ანტიისრაელური პოსტი.
_ რას ფიქრობთ, როგორ განვითარდება პროცესები, რა პროგნოზები გაქვთ, რას უნდა ველოდოთ?
_ ცხადია ერთი რამ: სანამ „ჰამასი“ ღაზის სექტორში ძალაუფლებას შეინარჩუნებს, მშვიდობა არ იქნება. ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიწურულს „ჰამასი“ ან მთლიანად უნდა განადგურდეს, ან იმდენად შესუსტდეს, რომ რამალას მთავრობა („ფათხი“) შეძლებს მასზე კონტროლის დაბრუნებას. ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რა ბედი ეწევა ტყვეობაში დარჩენილ 7 ოქტომბრის თავდასხმის მსხვერპლებს… შემიძლია მარტო იმედი მქონდეს, რომ ისინი მშვიდობით დაბრუნდებიან საკუთარ ოჯახებში.