მიხეილ ბატურინი: „რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს“
მიხეილ ხაჩიძე
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაიორია და უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღიდან ფრონტის წინა ხაზებზეა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ბატურინი უკრაინაში ტაქტიკურ დანაყოფ „სარანგის“ მეთაურია. ცოტა ხნის წინათ ის და მისი თანამებრძოლები უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა მიიღო და ჯილდო გადასცა.
ბატურინი საქართველოში რუსეთის ჰიბრიდულ ომზე საუბრობს, ხედავს რისკებსა და საშიშროებებს, ამბობს, რომ „ოცნების“ მთავრობა კრემლის გეგმით მართავს ქვეყანას და სამშობლოს ყიდის.
„საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, ჰყავს რუსეთის ადმინისტრაცია, რომელიც აწარმოებს არა საქართველოს პოლიტიკას, არამედ ასრულებს კრემლის დირექტივებს და კრემლის გეგმით მოქმედებს“, _ აცხადებს ქართველი მეომარი.
რაც შეეხება უკრაინაში ომსა და მის ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, ბატურინი განმარტავს, რომ უკრაინელებში მოტივაცია დიდია, იგი დაიბრუნებს ყოველ გოჯ მიწას და მტერს გაანადგურებს. ამასთან, ქართველი მეომარი დასძენს, რომ ომის მოსაგებად უკრაინას მეტი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა სჭირდება. „რაც უფრო მალე მიაწვდიან მეტ შეიარაღებას უკრაინას, მით უფრო სწრაფად დაიწყება მისი დეოკუპაცია და რუსეთის დამარცხება“, _ ამბობს იგი.
_ ბატონო მიხეილ, რა ვითარებაა ახლა ფრონტზე? როგორია უკანასკნელი პოზიციონირება?
_ ბრძოლები ისევ მიმდინარეობს. სიცივეებია, ზამთარია, რამაც ცოტა შეანელა ტემპი, რა თქმა უნდა. ძირითადად პოზიციური ბრძოლებია. უკრაინის არმიას აქვს მცირე წარმატებები სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა არასაკმარისია სრული დეოკუპაციისთვის. რუსეთი გააქტიურებულია, ცდილობს გაარღვიოს უკრაინელების დაცვის არე. აშკარად ჩანს, რომ შემოემატათ „შაჰიდებო“, ბოლო პერიოდში უფრო მასობრივად უშვებენ. მათ უმრავლესობას უმკლავდება უკრაინა. თუმცა აშკარად ჩანს, რომ მიიღეს დახმარებები მეგობარი ქვეყნებიდან: ჩინეთიდან, კორეიდან, ირანიდან და ა. შ. ცდილობენ, გაარღვიონ ფრონტის ხაზი. მადლობა ღმერთს, არ გამოსდით და ვერც შეძლებენ. უკრაინული ჯარი მყარად დგას და იბრძვის. რაც უფრო მალე მიაწვდიან მეტ შეიარაღებას უკრაინას, მით უფრო სწრაფად მოხდება მისი დეოკუპაცია და რუსეთის დამარცხება.
_ ყველზე მწვავე წერტილები სად არის? ფრონტის რა ხაზებია მასშტაბურად დაძაბული?
_ ბახმუტი, ავდეევკა, კლიშოვკა _ ამ მიმართულებით ყველაზე კონცენტრირებულია რუსეთის ჯარი და ცდილობს, გაარღვიოს ხაზი. მადლობა ღმერთს, არ გამოსდით, პირიქით, უკრაინის ჯარს აქვს პატარ-პატარა წარმატებები და მყარად დგას ოკუპანტების წინააღმდეგ.
_ ამინდები როგორ აისახება ბრძოლებზე, ფერხდება შეტევები?
_ ზამთარი თავისას შვრება, ცოტა შენელებულია ტემპი. რთულია თოვლსა და უამინდობაში გარკვეული ოპერაციების ჩატარება. ყველაფერს აქვს თავისი პლუსი და მინუსი. უკრაინის ჯარში მოტივაცია მაღალია.
ბიჭებმა იციან, რომ იცავენ სამშობლოს, ქვეყანას, სახლს. მოტივაციასა და ჯარის განწყობას ეს ხელს არ უშლის. პირიქით, ველით მეტ იარაღს, რათა სწრაფად დავამთავროთ ომი.
_ ტექნიკის თვალსაზრისით რა საჭიროება აქვს დღეს უკრაინას, რისი დეფიციტია?
_ შეფარდებითია ყველაფერი: თუ ჩვენ შევადარებთ რუსეთის ჯარს, ის უფრო დიდია. შესაბამისად, პოტენციალი რუსებს მეტი აქვთ, ვიდრე _ უკრაინას. თუ ცივილიზებული სამყარო არ დაეხმარა უკრაინას, ისე როგორც საჭიროა, გაგვიჭრიდება. რაც უფრო მეტი იარაღი გვექნება და რაც უფრო სწრაფად, ომი მალე დამთავრდება და დეოკუპაცია მოხდება. ამას ალტერნატივა არ აქვს. უკრიანა გაიმარჯვებს და დაიბრუნებს ყველა ტერიტორიას, საკითხი არის ის, რა პერიოდში ვიხილავთ ამას. ეს მიბმულია იმაზე, როდის მიიღებს უკრანია დახმარებას და თან ხარისხიანად. ძნელია მოუგო სახელმწიფოს, რომელიც შენზე 4-ჯერ და მეტჯერ დიდია. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა გადაიბარა საბჭოთა კავშირის სიმდიდრეები და ვეომებით იმ ქვეყანას.
და რა თქმა უნდა, რუსეთმა თავისი სამხედრო ქარხნები აამუშავა, დაალაგა ურთიერთობა ზოგ ქვეყნებთან. ვიცით, რომ ეხმარება ირანი, კორეა, ჩინეთი სხვადასხვა დონეებით, ეს მას კიდევ უფრო აძლიერებს. ამიტომ უკრიანას მოტივაცია დიდი აქვს, იცავს თავს სახლს, მაგრამ თუ გვინდა, რომ ომი მალე დამთავრდეს და რუსეთი დამარცხდეს ისე, რომ აღარ შეუქმნას საფრთხე სხვა ქვეყანას, იგივე საქართველოს, მსოფლიომ უნდა მოინდომოს, რომ პირველ რიგში დაეხმაროს უკრიანას და შემდეგ დაიკავოს მტკიცე პოზიციები რუსეთის წინაშე და იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ეხმარებიან მას. ეს ორი გადაბმული ელემენტია, რომლის გარეშეც სწრაფ დეოკუპაციამდე ვერ მიმავლთ.
_ რა სახის ტექნიკა სჭირდება უკრაინას, რათა სწრაფად შეიცვალოს ფრონტზე ვითარება?
_ პირველ რიგში, ავიაცია, საარტილერიო დანადგარები, რომლებიც შორსმსროლელი არის, რა თქმა უნდა, ტანკები და ჯავშანტექნიკა. ყველაფერი გვჭირდება, რაც უფრო მეტი ერთეული ექნება უკრაინას, ომი უფრო მალე დამთავრდება _ ეს ძალიან მარტივია, ჩვეულებრივი არითმეტიკაა. მოტივაციაში კი უკრაინა სჯობნის ბევრად რუსეთს, იმიტომ, რომ უკრაინელები იცავენ თავის სამშობლოს, მაგრამ ძნელია ეომო 21-ე საუკუნის არმიას, სიტყვაზე ვამბობ, მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის იარაღით. რა თქმა უნდა, არ ჰყოფნის, რადგან უკრაინა ბევრად პატარაა რუსეთზე, როგორც მოსახლეობით ისე ტერიტორიით.
უკრაინაში ახლა ყველა არის მიმართული იქითკენ, რომ დამთავრდეს ომი და გაათავისუფლონ ქვეყანა. ეს ყველას ამოცანაა. ერი არის შეკრული, გაერთიანებული, რასაც ვერ ვიტყვით, სამწუხრაოდ, ჩვენს საქართველოზე. უკრაინა, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს, დაიბრუნებს ყველა ტერიტორიას და ერთ გოჯა მიწასაც არ დაკარგავს, მაგრამ რაც ახლა ხდება საქართველოში ბოლო წლების მანძილზე არის სამწუხარო და ტრაგიკული.
_ კონკრეტულად რას გულისხმობთ, უფრო ცხადად რომ განგვიმარტოთ?
_ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს. ეს ომი 90-იანებში დაიწყო, 2008-ში მასშტაბური სახე მიიღო და ახლაც გრძელდება. რაში გამოიხატება ეს? _ პირველ რიგში, საქართველოს ჰყავს რუსეთის ადმინისტრაცია, რომელიც ფარისევლურად ატყუებს საქართველოს მოსახლოებას და შეჰყავს ილუზიაში, ყველანაირი ბერკეტით ცდილობს მის მანიპულაციას. მაგალითად მოვიყვანოთ ცნობილი ნარატივი, _ აბა, ომი გინდათ? _ რუსეთი თავს დაგვესხმება და ვერაფერს ვუზამთ. ნახეთ, პარალელი _ როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს 24 თებერვალს, მას არ ჰქონდა შესაბამისი შეიარაღება და ჩვეულებრივ მოსახლოებას უწევდა სანადირო თოფებითა და მოლოტოვის კოქტეილებით თავიანთი სამშობლოს დაცვა და დაიცვეს კიდევაც. გაყარეს კიდევაც. პირველი დარტყმა მიიღო ჩვეულებრივმა ხალხმა. უმრავლესობას არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, ჯარშიც არ იყო ნამსახურები. მერე წამოვიდა დახმარებები. პირველივე დღიდან ვეხმარებოდი და ვხედავდი გულანთებულ, პატრიოტიზმით სავსე ასაკოვან და ახალგაზრდა ხალხს. არცერთს არ უთქვამს, რომ რუსეთი დიდია, ძლიერია და ყველას მოგვკლავს _ პირიქით, ყველა იყო განწყობილი, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი სახლი. სწორედ ეს პრინციპულობა და მოტივაციაა, რომ შედეგს გვაძლევს _ გაყარეს კიევიდან და უმეტესი დაკავებული ტერიტორიიდან რუსები. დარწმუნებული ვარ, რომ თუ საჭირო იარაღს მივიღებთ, დეოკუპაცია სრული მალე მოხდება.
საქართველოში კი რას ვხედავთ? _ სრულ ნიჰილიზმს, სრულ ნეგატივს, ხალხში გამჯდარია მომაკვდინებელი აზრი, რომ ვერ მოვუგებთ რუსეთს, ისინი მეტნი არიან. არანაირ პოლიტიკურ სწორ სვლაზე არ აქვთ საუბარი, პირიქით, უნისონში უკრავენ ტაშს რუსეთს და ეხმარებიან გამაგრებაში. პლუს, 100 ათასს რუსს აქვს საქართველოში ცხოვრების უფლება და ბიზნესის კეთების საშუალება, ეს არის 3% საქართველოს მოსახლეობის, რაც საგანგაშოა. ვალდებულები ვართ, ოკუპანტს, რომელიც გვჩაგვრავს და გვავიწროებს, ხელი შევუშალოთ, თუ ამას არ ვიზამთ, ეს იქნება მოღალატეობრივი ქმედება ჩვენგან. ეს არ არის სტუმარ-მასპინძლობა. თუ არ მოვედით გონს, სხვანაირი ოკუპაცია და დაპყრობა მოხდება საქართველოსი. თუ გადავხედავთ ისტორიას, ყოველთვის ვიყავით უმცირესობაში და ბევრად ძლიერ არმიებს ვებრძოდით, ოსმალეთის იყო თუ სპარსეთის, მაგრამ სულ ვიგებდით. როგორ? _ ერის შეკრულობით, თავდადებითა და სამშობლოს მიმართ სიყვარულითა თუ პრინციპულობით. რუსეთი ამას გვართმევს, ცდილობს დაქსაქსოს, გახლიჩოს, მოსპოს სამშობლოს მიმართ სიყვარული.
თუ ჩვენ ვითამაშეთ ის თამაში, რომელიც უნდა რუსეთის ადმინისტრაციას საქართველოში, დავკარგავთ სამშობლოს. ეს რომ არ მოხდეს, ყველა ვალდებულია, არა მხოლოდ სადღეგრძელოში, არამედ რეალურად იმოქმედოს. ელემენტარულად, როცა მაღაზიაში მიდიხარ და რუსეთში გამოშვებულ პროდუქტს ყიდულობ, ეხმარები რუსეთის ჯარს შენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჰყიდი შენს სამშობლოს.
_ ჩაგეკითხებით: რამ გამოიწვია ხალხის ასეთი სიმხდალე თუ სიფრთხილე თუ შიშები? რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
_ ეს არის სწორედ ჰიბრიდული ომის შედეგი. ახალ ველოსიპედს რუსეთი არ ქმნის, ძველი მეთოდით მოქმედებს. სხვადასხვა საარჩევნო დაპირებით ერს შეაპარეს რუსეთის ოლიგარქი, რომელმაც არაფერი შეასრულა. თავისი პოლიტიკით „ოცნება“ სპობს ერს, ქვეყნიდან გააქციეს ხალხი, შემდეგი ნაბიჯი იყო სასამართლოს სრულიად დამორჩილება. ეს არის НКВД-ეს „ტროიკა“ და არა სასამართლო. შემდეგ დაიწყეს რუსული კანონების მიღება. მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც გამოვიდნენ და არ მისცეს პარლამენტს ამის უფლება. მერე „ოცნებამ“ ეკონომიკა მიაბა რუსეთს. პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობდა, რუსეთზე არ ყოფილიყო დამოკიდებული, ევროპაზე ვიყავით გასულები, ახლა კი 98% რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია რუსების ჩამოსახლება საქართველოში _ ეს ყველაფერი და სხვა მრავალი არის კრემლში დაწერილი გეგმა, რომელსაც რუსეთის ადმინისტრაცია საქართველოში ახორციელებს.
_ რა საშიშროებას შეიცავს რუსების ასე მასშტაბური შემოდინება და ყოფნა საქართველოში?
_ ისტორია მეორდება და არაერთხელ: აფხაზეთში, სამაჩაბლოში, უკრაინაში, დონეცკი იქნება თუ მარიუპოლი _ ყველგან არის ერთი გამოცდილი ხერხი, რასაც აწარმოებს რუსეთი: შედიან რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის მიზნით, ეს ყველგან ასე ხდება. თავის ქვეყანაში მოაწყვეს, გროზნოში შევიდნენ ფართომასშტაბიანი სვლით, ჯარებით შევიდნენ და გაანადგურეს გროზნო. იგივე მეთოდია მომართული საქართველოსკენაც, არის უდიდესი საფრთხე. ნებისმიერ დროს მოაწყობენ სპეცოპერაციას რუსეთის სპეცსამსაუხრები და საბაბს მისცემენ, რომ რუსეთის ჯარი ფართომასშტაბიანად შევიდეს საქართველოში თავისი ხალხის დასაცავად. დიახ, უკვე ჩანერგეს ეს გეგმა რუსებმა. ამასთან, ეკონომიკურად მიმბმული ვართ რუსეთზე და პლუს პროპაგანდა, რაც დამანგრეველია ჩვენთვის. ყველა ხერხს უნდა მივმართოთ, დიპლომატიურ თუ საერთაშორისო დონეზე. ჩვენი მთავრობა არ საუბრობს და ამერიკასა და საფრანგეთში თუ მთავრობამ არ მიიტანა ამბავი, ისინი ვერც გაიგებენ.
_ ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ბაზის გახსნას აპირებენ. ეს რა რისკების შემცვლელია?
_ პირველი, შესაძლებელია, რომ რუსეთმა თავად განახორციელოს იერიში ოჩამჩირის ბაზაზე. სპეციალურად დაარტყას ზღვიდან საქართველოს, გამოიწვიოს მსხვერპლი და დააბრალოს უკრაინას. სადაც თავისი კორპუსები ააფეთქეს და მოსახლეობა ამოხოცეს, საქართველოს მოსახლეობა მათთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. ამის პრეცედენტი უკვე ვნახეთ. მეორე, აძლიერებენ რუსულ კონტინგენტს შავ ზღვაში. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, როცა საქართველოს გაუჩნდება რეალური შანსი, მოახდინოს სრული დეოკუპაცია აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი _ ეს იქნება დიდი პრობლემა, გაძლიერებული რუსული ბაზები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.
_ პოლიტიკურ ვითარებასაც შევეხოთ საქართველოში: როგორ აფასებთ ზოგად პოლიტიკურ ფონს ქვეყანაში?
_ საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, ჰყავს რუსეთის ადმინისტრაცია, რომელიც აწარმოებს არა საქართველოს პოლიტიკას, არამედ ასრულებს კრემლის დირექტივებს და კრემლის მიერ დაწერილი გეგმით მოქმედებს.
ქვეყანაში ყველა უნდა იყოს ყურადღებით, აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში, მოდის არჩევნები და უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანამ დაიბრუნოს ნამდვილი სახე. ბოლოს და ბოლოს, საქართველო დაიბრუნებს ღირსებას.