მიხეილის ოინები

ამ ჩვენს ოპოზიციას, აი, იმ ოპოზიციას, ოლიგარქს რომ უნდა ედგეს კრიჭაში და რეალურად რომ ამ ოლიგარქის მიერ საქართველოდან განდევნილ მესამე პრეზიდენტს უდგას კრიჭაში, ხშირად ავიწყდება, რომ ის მესამე პრეზიდენტი კარგად იცნობს მათ მოდგმას. ჩემი აზრით, სწორედ ამ „კარგად ცნობით“ არის მსუყედ ნაკვები მიხეილ სააკაშვილის ის ინიციატივა, რომელიც ეხება დიდ ერთიან სიას.

როგორც ვიცით, მიხეილ სააკაშვილი მიესალმა ოპოზიციის კოორდინებულ მოქმედებას მაჟორიტარების კანდიდატებთან დაკავშირებით და ოლიგარქის დასამარცხებლად ერთიანი დიდი სიის გაკეთება შესთავაზა ოპოზიციას. გარკვევით ახსენა ამბიციების გვერდით გადადებისა და გაერთიანების აუცილებლობა.
ძალიან მეეჭვება, სააკაშვილს იმის ილუზია ჰქონდეს, რომ ყველა ერთბაშად ამბიციებს მოთოკავს და ერთიანი სიის შედგენა მოხერხდება. ფაქტია, ყველამ ერთად და ცალ-ცალკე რომც მოინდომოს ამგვარი რამ, საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხებს, ისევ და ისევ, იმის გამო, რომ ვერ მოთოკავენ უსაფუძვლო ამბიციებს.
იბადება კითხვა, _ თუკი მიხეილ სააკაშვილმა იცოდა და იცის, რომ ასეთი რამ ვერ მოხერხდება, რატომ წამოაყენა ამგვარი ინიციატივა?
სიმართლის გამოსააშკარავებლად კარტი აჭრა. სიმართლე კი ისაა, რომ ოპოზიციაში არიან გარკვეული ძალები, ვისაც არანაირად არ აწყობს ერთიანობა და იგი ყასიდად მხოლოდ იმისთვის უნდათ, რომ მრავალრიცხოვანი ელექტორატის მქონე ენმ კედელთან მიაყენონ (როგორც ქართლში იტყვიან, კედელთან ატრუჭონ) და აიძულონ, მაჟორიტარული ოლქები დათმოს, იქ თავისი კანდიდატები დააყენონ და ნაცელექტორატის ხმებით დამკაში, ანუ პარლამენტში გავიდნენ.
გაიხსენეთ, რა რეაქციები მოყვა ნიკა მელიას ინიციატივას თბილისის 8 ოლქიდან 6 ოლქის დათმობის თაობაზე. „ევსაქებმა“ ქოში უკუღმა ყარეს, _ ჩვენთან შეუთანხმებლად გააკეთა ეს განცხადებაო. თურმე, ნუ იტყვი და ვინმეს რომ რამეს უთმობ, წინასწარ უნდა შეუთანხმდე კიდეც.
არადა, ან შესათანხმებელი რა იყო, ან _ საწყენი? ენმ-მ ოლქები დათმო, ხომ არ წაართვა? ოლქები არ წაართვა, მაგრამ სალაპარაკო წაართვა და სწორედ ამან ააღელვა ევსაქ მონტესკიეს _ გიგა ბოკერიას მაღალღირსება. დიახ, ევსაქური სტრატეგია სწორედ იმას ეფუძნებოდა, რომ „ნაცებს“ ერთიანობა არ სურთ, „ნაცები“ ერთიანობას ჩაშლიან… მათ ძალიან კარგად იციან, რომ თუ გამოასხივებ ამ მესიჯს, რომ ენმ-ს ოპოზიციის ერთიანობა არ უნდა, ეს ადამიანთა ტვინებში პირდაპირ ითარგმნება იმად, რომ ენმ-ს ივანიშვილის დამარცხება არ სურს.
შესაბამისად, როდესაც ნიკა მელიამ 6 ოლქის დათმობა გაახმოვანა, საზოგადოებას კარგად დაანახვა, რომ ენმ არც მანდატებსაა ჩაფრენილი და არც ოპოზიციის ერთიანობის წინააღმდეგია. პირიქით, ყველაფერს აკეთებს ამ ერთობისთვის.
მელიას ამ ინიციატივამ ბოლომდე მაინც ვერ ჩააცხრო ვნებათა ღელვა. რეალობა მართლაც ურთულესია. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება სურს, მაგრამ ამ ოპოზიციის სხვადასხვა აქტორი წყალს ამღვრევს. ყველა სათავისოდ და ყველა იმ იმედით, რომ მღვრიე წყალში სწორედ თავად დაიჭერენ თევზს. შესაძლოა, ასეც მოხდეს, ოღონდ თვითონ თუ რამდენიმე მანდატიან თევზს წაავლებენ ხელს, ბიძინა ხელთ იგდებს მრავალტონიან ზვიგენს _ უმრავლესობას. ამის გაგება ბევრს არ სურს ოპოზიციაში ან ძალიან კარგად ესმით და მათი ამოცანაც სწორედ ესაა, _ გაინაღდონ რამდენიმე „კრესლო“ პარლამენტში და არა ის, რომ დაამარცხონ ივანიშვილი. უფრო გლეხურად რომ ვთქვათ, მათ ვინმეს დამარცხება კი არა, თავიანთი ერთი ადგილის სკამზე ჩამოდება სურთ. მათ ის სურთ, რაც მიხეილ სააკაშვილს შარშანწინ გახეულ „ნასკზე“ კიდია.
მას ნაკლებად კი არა, საერთოდ არ აღელვებს, რომელი ოპოზიციონერი როგორ დაისაქმებს თავს პარლამენტში. მან ეს კინო უკვე ნახა, როდესაც თავისი ელექტორატის მეშვეობით კარგა ბლომად ხალხი დაასაქმა პარლამენტში 2016 წელს.
ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ და ჩვენი ოპოზიციასავით ბევრს რომ არ მივედ-მოვედოთ, ყველაზე დიდი ელექტორალური მხარდაჭერის მქონე პერსონამ, მიხეილ სააკაშვილმა, ოინი უქნა კულუარებში ყვავის მხარშავ ფიგურანტებს.
გამოვიდა და თქვა, რომ არათუ ოპოზიციის ერთიან მაჟორიტარებს უჭერს მხარს, ოპოზიციას სთავაზობს ერთიან სიას.
მისი ეს შეთავაზება წარმოაჩენს, რეალურად ვის უნდა და ვის არ უნდა ოპოზიციის ერთიანობა.
ვიმეორებ: ოპოზიციის ნაწილი ისე ხატავდა სურათს, რომ თითქოსდა „ნაცებს“ არ უნდოდათ ერთიანობა, ახლა კი სააკაშვილმა ერთიანობა უმაღლეს ხარისხში (საერთო სია) აიყვანა და ამ გადასახედიდან გამჟღავნდება, რეალურად ვის არ უნდა ეს ერთიანობა.
ერთი ანეკდოტია: მიხო ბოსტნიდან ღობის იქით ქვებს ისვრის, მიტუა გასძახებს, _ დაიყვირე მაინც, ქვებს რომ ისვრიო. მიხო კი მიუგებს, _ მე რატომ უნდა ვიყვირო, იმან იყვიროს, ვისაც თავში მოხვდებაო.
ეს მიხოც (სააკაშვილი) ამ მიხოსავით მოიქცა _ ქვა ისროლა და ვინ იყვირა? _ ვისაც შიგ თავში მოხვდა _ ბოკერიამ და ანზორ ბიწაძემ. ორივემ იკივლა, _ არ გვინდა ერთიანი სიაო. მათ მოხვდათ, თორემ აგერ, გუბაზ სანიკიძემ, _ ძალიანაც მინდაო.
ზოგს ახლა გაახსენდა, რომ ელექტორატი მრავალფეროვანია და მრავალფეროვანი არჩევანი უნდა ჰქონდეს. ზოგს ის, რომ მომავალი რაც შეიძლება მრავალპარტიული უნდა იყოს.
ჯერ ერთი, იმ საერთო სიაში თუ ბევრი პარტიის წარმომადგენელი იქნება, ის მომავალი პარლამენტიც მრავალპარტიული გამოვა, საერთო სია რა, ვინმეს პარტიულობას იწოვს და ინელებს? თუ ელექტორატი მრავალფეროვანია და მრავალფეროვანი არჩევანი უნდა ჰქონდეს, ეს ასე უნდა იყოს როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ შემთხვევაში. თუ როგორაა თქვენი საქმე, მაჟორიტარულ ფრონტზე ერთფეროვნება უყვარს ელექტორატს და პროპორციულში მრავალფეროვნება? ლოგიკა შვებულებაშია თუ ჩეჩმაში ჩააგდეთ?
ანუ გასარკვევი გაირკვა, მარტო „ევსაქებს“ კი არა, ბევრს ოპოზიციიდან არც ერთიანი სია აწყობთ და არც საერთო მაჟორიტარები ეხატებათ გულზე, უბრალოდ, ვიმეორებ, ეს საერთო მაჟორიტარები უნდათ ერთი რამისთვის _ იმ კონკრეტულ ოლქში კანდიდატი არ დააყენოს ენმ-მ და მათმა კანდიდატმა მიიღოს ენმ-ის ელექტორატის ხმები. ენმ-ის ელექტორატი უნდათ და არა ენმ-სთან ერთიანობა!
ბოკერია თავის კომენტარში ცხადია, კორექტული იყო და მისი ლექსიკა არ გასცილებია პოლიტიკური ლექსიკონის ფარგლებს, რასაც ვერ ვიტყვით „ევსაქი“ აქტივისტების ფეისბუკურ აქტივობაზე. გამოდგნენ „ბალკონებზედ“ და ისეთი ამბავი ატეხეს, იალბუზზე ეშმაკები შეხტნენ და შემოტრიალდნენ. არც მიჰას ძახილს მოერიდნენ, არც უხამსს გინებას, არც იმის ჩაანალიზებას, რომ თურმე სააკაშვილი როგორც კი იგრძნობს, რომ რაღაც კარგად ლაგდება მის გარეშე, ეგრევე მის გაფუჭებას იწყებს.
ანუ რა იყო კარგად დალაგებული _ ის, რომ შექმნეს საზოგადოებრივი აზრი _ ოპოზიციას ერთიანობა სურს და ეს ერთიანობა არ უნდა ენმ-ს და ამ სოუსით კედელთან ჰყავდათ აყუდებული ყველაზე დიდი ელექტორატის მქონე პარტია? ეს იყო, ალბათ, მათთვის კარგად დალაგებული და ეს კარგად დალაგებული აერიათ.
ვერაფერს იტყვი, სწორად ჩაუანალიზებიათ. ესაა, თორემ აბა, ასე რამ გაამწარათ? პოლიტიკური ლიდერების პოზიცია გასაგებია _ ჟურნალისტი კომენტარს გთხოვს, ან ეს უნდა თქვა ან _ ის, პოლიციელივით ვერ ეტყვი, _ მიმართე პრესცენტრსო, მაგრამ რიგით აქტივისტს რა რჯის, ფეისბუკის მინდვრებში რომ არ გამოვარდეს და ტანზე არ შემოიხიოს?
რატომ არის ჯართში ჩაბარებული თუ წარსულში ჩარჩენილი პოლიტიკოსის ინიციატივა მათთვის ასე სენსიტიური? იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ იმ წარსულში ჩარჩენილი პოლიტიკოსის ხელშია ის ჯადო, რასაც მათი დეპუტატად ქცევა შეუძლია _ ელექტორალური მხარდაჭერა?
თუ ის აკარგვინებთ წონასწორობას, რომ სააკაშვილმა ამ ერთი ილეთით თუ ოინით სიმართლე გამოააშკარავა? არც უამისობაა. საქმე ის გახლავთ, რომ შედარებით პატარა სიმართლის დასადგენად და საჩვენებლად სააკაშვილმა გაცილებით დიდი სიმართლე გამოიყენა. დიახ, დიდი სიმართლე ისაა, რომ ყველაფერზე წამსვლელი ოლიგარქის დასამარცხებლად აუცილებელია ერთიანობა. ამ ერთიანობის ყველაზე სწორი და ზუსტი ფორმა ერთიანი სიაა.
ამ სიმართლის პედალირებამ გამოააშკარავა ის სიმართლე, რაც ხდებოდა ოპოზიციის კულუარებში. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელ ვითარებაში, პრაქტიკულად, შეუძლებელია ოლიგარქის დასამარცხებლად აუცილებელი ერთიანობის უზრუნველყოფა იმ ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმით, როგორიცაა ერთიანი სია.
ამის მიზეზი, ამბიციების გარდა, ერთი დიდი ჭეშმარიტებაცაა, დღევანდელ ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებიც ერთმანეთს ისე ვერ შეერევიან, როგორც ზეთი და წყალი. ეს არ ეხება მხოლოდ ღიად დეკლარირებულ პროდასავლურ და პრორუსულ პარტიებს. მეტიც: მათ ის მაინც აერთიანებთ, რომ ივანიშვილის დამარცხება სურთ, მაგრამ რა ვუყოთ იმ პარტიებს, რომლებიც ისევ ივანიშვილს ვერ მოიაზრებენ იმ უკურნებელ სენად? მაგალითად, „გირჩი“ ივანიშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, აგერ ხაზარაძე კი ჯერაც იმას გაიძახის, _ ემანდ, ვინმეს არ ეგონოს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ვუფასებ ღვაწლს, რომელიც მას ქვეყნის მიმართ აქვს გაკეთებულიო.
ღვაწლიო, ღვაწლიო… ისე ლაპარაკობს ღვაწლზე, ლამისაა, ხაზარაძე ცურტაველი მეგონოს, ბატონი ბიძინა კი _ შუშანიკი, რომელსაც მამუკა ცურტაველი „არქუს“: „ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ, დედოფალო…“
მოკლედ, ერთიანი სია სწორი ფორმაა, მაგრამ უტოპიური. ლამის, ისეთივე უტოპიური, როგორც გასწორებული მთა-ბარი.

რეზო შატაკიშვილი