მისი აღმატებულება იან კელის „ოქროს ბილიკი“
მისი აღმატებულება იან კელი _ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტის ბოლოს დიპლომატიურ კარიერას დაასრულებს. თითქოს არაფერი _ ელჩების როტაცია ჩვეულებრივია დიპლომატიურ სამსახურში, მაგრამ არა კელის შემთხვევაში. იგი მართლაც გამორჩეული ელჩი იყო.
ასე, ერთი შეხედვით, თითქოს, არაფერი განსაკუთრებული, თუნდაც ელჩ მაილსის მოღვაწეობის პერიოდთან შედარებით, რომელიც ასევე გამორჩეული იყო თავისი დიპლომატიური წონითა და ავტორიტეტით. სხვათა შორის, მაილსს ცალკეული პერსონები „ვარდების რევოლუციის“ არქიტექტორსაც ეძახდნენ, მავანი კი მას ამის გამო კიცხავდა კიდეც. რეალობასთან ახლოს არც ერთი მხარე იყო და არც _ მეორე, რადგან „ვარდების რევოლუცია“ სპონტანურად მოხდა და მას სტრატეგი არ ჰყოლია. მოვლენები დაგეგმილი სცენარით არ განვითარებულა, რომლის მიხედვითაც იმჟამინდელ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობისთვის“ წართმეული მანდატები უნდა დაებრუნებინა, ხოლო პოლიტიკური პროცესები ევოლუციის გზით უნდა განვითარებულიყო. საერთაშორისო თანამეგობრობაც და ბატონი მაილსიც, ანუ აშშ საქართველოში პოლიტიკური პროცესების განვითარების ამ გზას უჭერდნენ მხარს. მოკლედ, მაილსი მაილსად და ახლა იან კელის დავუბრუნდეთ.
რატომ აღმოჩნდა იგი განსაკუთრებული? მის განცხადებებზე ქვემოთ უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებ, მაგრამ ამჯერად უმთავრესზე _ მისმა აღმატებულებამ მოახერხა და საკუთარი პერსონის აფილირება არ მოახდინა არც საქართველოს ხელისუფლებასთან, არც მის რომელიმე გამორჩეულ პერსონასთან, არც არაფორმალურ მმართველთან და არც ოპოზიციასთან.
სიმართლე გითხრათ, ქართული პოლიტიკური სინამდვილისა და წარსულის გათვალისწინებით ასეთი რამ მისი საქმიანობის დასაწყისში ცოტაზე მეტად წარმოუდგენელიც იყო. მის ცალკეულ წინამორბედებზე, მით უფრო, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების საწყის ეტაპზე საქართველოში მოვნილებულ ელჩებზე თბილისში ბევრ რამეს მოგიყვებიან _ კულინარიული მიდრეკილებებიდან დაწყებული და პოლიტიკური განცხადებებით დასრულებული. თუმცა აქვე ვაღიაროთ, რომ აშშ-მ და მისმა დიპლომატებმა მნიშვნელოვანი _ გადამწყვეტი როლი შეასრულეს ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში. არც სხვა ქვეყნის ელჩებს _ მათი ავტორიტეტისა და გავლენის გათვალისწინებით _ დაუკლიათ ხელი ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის. თუმცა პრობლემა მუდამ იყო ცალკეული დიპლომატების სიახლოვე მმართველ თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან. ხელისუფლებასთან კავშირი თუ ადვილად დასანახია, ეს, მეტ-ნაკლებად, რთულია ოპოზიციასთან კონტაქტის ჭრილში. ამ მიმართულებით მზერაგამახვილებულ პერსონებს კარგად ახსოვთ საფრანგეთის ყოფილი ელჩის, ერიკ ფურნიეს ახლო ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილთან, ამ უკანასკნელისთვის მეტად მნიშვნელოვან პერიოდში.
დიახ, იან კელის დამსახურებად უნდა ჩაითვალის მისი მაღალი დიპლომატიური კლასიც და პიროვნული თვისებები. მან მოახერხა აერჩია სწორი გზა _ „ოქროს ბილიკი“ და არც ხელისუფლებისთვის გადაუსვამს თავზე ხელი დაუმსახურებლად და არც ოპოზიციისთვის მოუჩლექია ენა მისი ცალკეულ „ავარდნებისას“.
რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ იმას, რომ სამომავლოდ ყველა ელჩი შეინარჩუნებს ამ მაღალ სტანდარტს და, შესაბამისად, შეუვალ ავტორიტეტს არა მხოლოდ საკუთარი პერსონის, არამედ იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც წარმოადგენს. თუმცა ფაქტი ყოველთვის ფაქტად დარჩება: იან კელიმ ახალი დიპლომატიური სტანდარტი შესთავაზა ქართულ პოლიტიკას და მისი შენარჩუნება და განვითარება ქართულ სახელმწიფოს და უცხო ქვეყნის მისიებსა და დიპლომატებს ნამდვილად წაადგებათ.
ახლა კი დიპლომატისა და ელჩ კელის პოლიტიკური განცხადებებისა და ქმედებების შესახებ.
2015 წლის 17 სექტემბერს ელჩმა კელიმ რწუნებათა სიგელი გადასცა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პირველი საჯარო განცხადებაც გააკეთა: „მოხარული ვარ, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართვერლოს პრეზიდენტმა ასე სწრაფად მიმიღო, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ენიჭება. ჩვენი შეხვედრის დროს განვიხილეთ უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის საკითხები, მათ შორის, საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის საკითხიც. აღვნიშნეთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია კავშირების გაღრმავება ამ და სხვა სფეროებში. ასვე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ენიჭება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას“.
ამის შემდეგ იყო უდიდესი რუტინული სამუშაო, რომელიც ელჩმა გაწია. პუბლიკა რასაც ისმენს დიპლომატისგან, ეს ერთია, მეორეა რეალური საფრთხეების ანალიზი და მათზე რეაგირება, კულტურული და ეკონომიკური კავშირები და ა. შ.
ჩემთვის კონკრეტულად არის ცნობილი ორი ფაქტის შესახებ, როდესაც ელჩმა კელიმ შიდა დაპირისპირება, მოვლენების ესკალაცია და შესაძლო სისხლისღვრა საქართველოს იმდენად ფილიგრანულად ააცილა, რომ პროცესებში გათვითცნობიერებული ვიწრო წრე გაოგნებული და აღფრთოვანებული დატოვა. იმედს ვიტოვებ, რომ მისი აღმატებულება, ოდესმე, მემუარებში აღწერს ამ ამბებს, თან ისე, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასა და ცალკეულ პოლიტიკოსებს სახეს შეუნარჩუნებს.
უნდა ითქვას, რომ აშშ-ის ელჩ კელის უმთავრესი საზრუნავი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ხელშეწყობა.
ამ მიმართულებით ელჩის უდავო დამსახურებად უნდა ჩაითვალოს საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი და მისი გაჟღერებული მესიჯები. დიპლომატიაში გარკვეულ ადამიანებს კარგად ესმით ასეთი ვიზიტებისა და სპიჩების მომზადებაში ელჩის როლი და წონა.
თავად კელის განცხადებები საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით იმაზე მკაფიო იყო, ვიდრე რომელიმე ადრე გაჟღერებული განცხადება და დროსა და ვადაში სწორად გათვლილი მესიჯი, არა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისა და რუსეთის მიმართ: „მე კიდევ ერთხელ და ყოველდღიურად გავიმეორებ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ასე იყო, არის და იქნება მომავალში“.
მნიშვნელოვანია ელჩის განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებისა და რუსეთთან ურთიერთობების შესახებ. ამ კონტექსტში კი საქართველოს ხელისუფლების, ხშირ შემთხვევაში, გაუგებარი ქმედებების, მართლაც რომ, უაღრესად ზუსტი და დელიკატური შეფასებები.
აი, რამდენიმე ამონარიდი ელჩის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებიდან:
„ჩვენ პირობა დავდეთ, რომ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში. ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თქვა და მეც ვიმეორებ: აშშ გმობს მცოცავ ოკუპაციას და ყველა მხარემ უნდა გამონახოს საშუალება ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“;
„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არის მტკიცე მხარდამჭერი იმისა, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. თვითონ ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველოს წევრობამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის გაღიზიანება, თუმცა საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელმაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა სურს და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს, მის სუვერენულ გადაწყვეტილებას“;
„ნატო არ არის რისკი არც რუსეთისთვის და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის. ჩვენ არ უნდა დავაფუძნოთ ჩვენი გადაწყვეტილებები იმაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთი. ნატოს აქვს ღია კარის პოლიტიკა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, საქართველოს აქვს ყველანაირი ინსტრუმენტი, გახდეს ნატოს წევრი“;
„საქართველოს სუვერენული უფლებაა, ურთიერთობა ჰქონდეს ნებისმიერ ქვეყანასთან, ასევე ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად. რაც შეეხება განცხადებას, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მაღალ დონეზე უნდა ავიდეს, შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ უნდა მოხდეს ურთიერთობის ნორმალიზაცია, აღმოიფხვრას პრობლემები, რაც ადამიანებს ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებაში, ურთიერთობებში და ამის შემდეგ გადავიდეს სხვა ეტაპზე. ვიმეორებ, საქართველოს სუვერენული უფლებაა, ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, გადაწყვიტოს, რა გაერთიანებებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ საფუძველი ურთიერთობის ნორმალიზაცია უნდა გახდეს“;
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ საზოგადოების მხარდაჭერა და მკაფიო მესიჯები გქონდეთ, რომ თქვენს ხალხს ესმოდეს, თუ რატომ შედის თქვენს ინტერესებში დასავლურ და არა ჩრდილოეთ საზოგადოებაში გაერთიანება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სტრატეგიული გეგმა გამოიმუშაოს კომუნიკაციისთვის როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს გარეთ. ეს მესიჯები ისე უნდა გააჟღეროთ, რომ ხალხს ის ესმოდეს. უნდა მოქმედებდეთ პრინციპით, ერთი გუნდი, ერთი მისია, ერთი მესიჯი. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან თქვენ უნდა განსაზღვროთ ნარატივი თქვენი ქვეყნისთვის. თუ თქვენ არ განსაზღვრავთ, ვინმე სხვა განსაზღვრავს ჩრდილოეთისკენ მას თქვენთვის ან მავნე ძალებს დააფინანსებს ქართულ საზოგადოებაში, რათა განსხვავებული ნარატივი განსაზღვრონ, რომელიც თქვენს ინტერესებში არ შედის“;
ძალიან მნიშვნელოვანი იყო იან კელის განცხადებები სამართლიანობისა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ელჩი საკმაოდ გასაგებად აღნიშნავდა, რომ არ არსებობს პერსონა, რომლის მიმართაც უნდა დაირღვეს სამართლიანობა და რომ ქვეყანაში ყველა მოქალაქის უფლება უნდა იყოს დაცული. ამ კონტექსტში მკითხველს გავახსენებთ ერთ განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს უკავშირდება: „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ იყოს სამართლიანი და ზედმიწევნით დაცული პროცესი, _ რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქის მიმართ და არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ“.
უმნიშვნელოვანესია აშშ-ის დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადების კომენტარი, რომელიც ბატონმა კელიმ გააკეთა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის გარეთ საქართველოს მთავარი საფრთხე რუსეთია, ხოლო ქვეყნის შიგნით არსებობს საფრთხე, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ ოპოზიცია ჩიხში მოიქციოს.
„საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ეს არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც დესტაბილიზაციის საშიშროებას ქმნის საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ხელი მოაწერა სხვადასხვა შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯარები უნდა გაეყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, უკვე 10 წელი გავიდა კონფლიქტის შემდგომ და მისი ჯარები კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება“, _ განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ აშშ-ს ელჩის პოზიცია და დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით თანმიმდევრულია და აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„რაც შეეხება მეორე საკითხს ამ განცხადებისა, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიცია აუცილებელი კომპონენტია. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს და თავისუფალი მონაწილე იყოს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა. შესაბამისად, მჯერა, რომ საქართველო მზად არის ამისთვის. არსებობს და უნდა არსებობდეს პოლიტიკური სურვილი რეფორმების გაგრძელებისა და პლურალისტული გარემოს შექმნისა, სადაც ყველა ძალას ექნება მოსაზრების გამოთქმის საშუალება“, _ აღნიშნა იან კელიმ.
ამ განცხადების გაშუქებისას, სავარაუდოდ, ბატონი კელი დარწმუნდა, რომ ხელისუფლებაში სწორად და სრულფასოვნად ვერ გაიგეს მისი დიპლომატიური გზავნილი და მას, ფაქტობრივად, ღია ტექსტით მოუწია მთელ რიგ საკითხებზე საუბარი 33-წლიანი დიპლომატიური კარიერის შეჯამებისას.
ბატონმა კელიმ რეალურად გააშიშვლა ხელისუფლება არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და მის მომავალ შემცვლელს კონკრეტული გზავნილებიც დაუტოვა. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გააცნობიერებს ამ განცხადებების სიმძიმეს, მის შინაარსსა და დატვირთვას, რადგან დასავლური და, კონკრეტულად, აშშ-ის დიპლომატიას არ სჩვევია ასე ღია ტექსტებით საუბარი. ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რა საგანგაშო ვითარება აქვს ქვეყანაში მრავალი მიმართულებით და იმასაც, რომ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი და სტრატეგიული პარტნიორი დიდხანს ვერ მოითმენს „ოცნების“ მოხელეებისა თუ ჩინოვნიკების თავგასულობას.
იან კელიმ თქვა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედი _ სასამართლო _ დისკრედიტებულია და მას ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად იყენებს.
„უახლოეს წარსულში ამერიკულმა კომპანიებმა რამდენჯერმე გამოთქვეს წუხილი, რომ სასამართლოებში მათ სამართლიანად არ ეპყრობოდნენ. მიუკერძოებელი და გარე ზეგავლენისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა უმნიშვნელოვანესია უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის განსავითარებლად აუცილებელია. ასევე, აუცილებელია, ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ. სასამართლო სისტემა არ უნდა გამოიყენოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იარაღად ოპონენტების წინააღმდეგ ან თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად. მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული, როგორ გამოავლენს თავშეკავებას“, _ განაცხადა კელიმ.
ელჩმა ყურადღება მიაპყრო მეოთხე ხელისუფლების _ მედიის მდგომარეობასაც:
„საქართველომ უნდა განავითაროს და დაიცვას თავისუფალი და პლურალისტური მედია. არ უნდა დავუშვათ მედიის დაშინება და ალტერნატიული მოსაზრების ჩახშობა. არავინ უნდა შეეხოს ხალხის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და უზრუნველყოფდეს საკუთარი არჩეული ლიდერების ანგარიშვალდებულებას“, _ განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
და უმთავრესი ფაქტორი, რომელსაც რეალურად აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმის აღიარებაც შეიძლება ვუწოდოთ _ საქართველოს ხელისუფლების ხელში კონცეტრირებული დიდი ძალაუფლება.
„არის გარკვეული საკითხები, რაც გვაფიქრებინებს, რომ მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალს. მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს დამკვირვებლების შეფასებით, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, შეფასებაში ასევე აღინიშნა, რომ ზოგადი საარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობით, მათ შორის შეინიშნებოდა კანდიდატთა და ამომრჩევლთა დაშინების შემთხვევების ზრდა. 2018 და 2020 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი ტესტი“.
ამ საკითხზე ელჩმა ნათელი რეკომენდაციები მისცა საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ სპექტრს: „მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ პროცესმა სრულად დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები და უზრუნველყოს თანაბარი გარემო. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის როგორც სრულად დამოუკიდებელი და სანდო ინსტიტუტის ფუნქციონირებას, რომელიც პოლიტიკაზე მაღლა დგას“.
ცესკო რომ დისკრედიტებული ორგანოა, ამაზე საუბარს მხოლოდ არჩევნების შემდგომ პერიოდში ვისმენთ ხოლმე, მეტწილად, დამარცხებული პარტიებისგან, სხვა მხრივ, ქვეყნისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, არჩევნების პროცესში მხოლოდ ორგანიზაციულ და არჩევნების შედეგების ფალსიფიკატორ ორგანოდ არის ქცეული.
რა თქმა უნდა, ხელისუფლებისადმი მიმართული იყო გზავნილი ოპოზიციის შესახებაც, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავად ოპოზიცია ამ განცხადებამ ნირვანაში ამყოფოს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების უმნიშვნელოვანესმა ნაწილმა თავად მოახდინა საკუთარი დისკრედიტაცია და ზოგიერთმა კი მარგინალიზება, რაც ოპოზიციისგან საკუთარი მისწრაფებების გადახედვას და პერსონალურ თუ თვისობრივ ცვლილებებს მოითხოვს.
„ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიციის არსებობა უმნიშვნელოვანესია. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოხატავდეს საკუთარ აზრს და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი იყოს. მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას აცნობიერებს და ნება აქვს, რომ დემოკრატიული სისტემა განავითაროს, რომელიც პლურალისტული იქნება“, _ განაცხადა იან კელიმ.
დაბოლოს, იან კელი მიდის. მაგრამ ის რჩება, რადგან როგორც თავად აცხადებს: „საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა ჩემთვის და ეს ის ადგილია, რომელსაც, სინამდვილეში, ვერასდროს დავემშვიდობები“.
იგი საქართველოში პირველად 1976 წელს ჩამოვიდა, როგორც სტუდენტი. იმ დროს ქვეყანას რთული დღეები ედგა.
„მაშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველმა ხალხმა და ქვეყნის მდიდარმა კულტურამ, თუმცა ათწლეულების წინათ მისი მშვენიერება და სიცოცხლისუნარიანობა რკინის ფარდის უკან იყო მომწყვდეული. მკაცრი, ნაცრისფერი საბჭოთა ინდუსტრიული ჩრდილოეთიდან ჩამოსულმა, საქართველოში ამ უმშვენიერესი ქვეყნის სიხალასე და სიმსუბუქე შევიგრძენი; ეს ის მახასიათებლებია, რაც ყოველთვის განსაკუთრებულობას ანიჭებდა საქართველოს და გამოარჩევდა მას სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან“, – განაცხადა ელჩმა.
დიპლომატიური კარიერის მანძილზე იან კელი საქართველოს ბევრჯერ ესტუმრა და აკვირდებოდა, როგორ თავისუფლდებოდა ქვეყანა საბჭოთა უღლისგან, როგორ ესწრაფოდა დემოკრატიულ განვითარებასა და თავის განსაკუთრებულ ხვედრს, ისე როგორც არც ერთი სხვა საბჭოთა რესპუბლიკა.
„მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა და რამდენიმე ტრაგიკული კონფლიქტისა, საქართველომ შეძლო გადარჩენა და წარმატებული განვითარებაც, _ აცხადებს ელჩი და დასძენს, _ საქართველოს რეგიონულ ცენტრებში მოგზაურობისას განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევდა ქვეყნის სწრაფი სვლა მომავლისკენ“.
მოკლედ, იან კელიმ საქართველოში „ოქროს ბილიკზე“ გაიარა. არა, არ შემშლია „ოქროს შუალედი“ არც მიგულისხმია, როდესაც მას მოუწევდა არჩევანის გაკეთება და როგორც ჩვენებურად იტყვიან, არც მწვადს დაწვავდა და არც შამფურს. მან, დიახაც, მოახერხა ფილიგრანული დიპლომატიური გაკვეთილის ჩატარება არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრისთვის, არამედ ქართული საზოგადოებისთვისაც და ხშირ შემთხვევაში ამბობდა იმას, რაც მისთვის, როგორც დიპლომატისთვის, შესაძლოა, საზიანოც ყოფილიყო, მაგრამ სასიკეთო იყო ქართული სახელმწიფოსთვის. ამბობდა ქართული საზოგადოებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ამისთვის მას მართლაც ეკუთვნის ღირსეული მადლიერება.
მადლობა, ბატონო ელჩო და მომავალ შეხვედრამდე ჩვენსა და თქვენს საქართველოში.
გოჩა მირცხულავა