მირიან მირიანაშვილი: „ივანიშვილი ხაზარაძეს პარლამენტში 5 ადგილს სთავაზობს, ის კი 6-ს ითხოვს“
საქართველოში მალე პოლიტიკურად კიდევ უფრო დაცხება. ტემპერატურა ოქტომბრის ბოლოს მიაღწევს პიკს, თუ მთავრობამ არჩევნების გადადებით ცივი წყალი არ გადაგვასხა. „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მირიან მირიანაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების დღეს ძალადობასა და გაყალბებას მოერიდება. მისი თქმით, აშშ-ის ელჩი ბიძინა ივანიშვილს სწორედ ამ თემებზე ესაუბრა. მათ შორის შეხვედრა გასულ კვირას შედგა. მირიანაშვილის თქმითვე, მმართველი პარტია სასურველი შედეგების მისაღებად სხვა მეთოდებს გამოიყენებს. ეს მეთოდები მეოცნებეებს რუსმა პარტნიორებმა ასწავლეს. სავარაუდოდ, რჩევებისა და გარკვეული მითითებების მისაცემად იყო თბილისში ჩამოსული პუტინის მარჯვენა ხელი სურკოვიც.
რა გზით შემოვიდა სურკოვი თბილისში? რა მეთოდებს აზიარეს რუსებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება? რა პირობა მისცა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელებს? რაზე ევაჭრებიან მას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები? როდის ჩამოვა ამერიკელი დამკვირვებლების ჯგუფი თბილისში? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს მირიან მირიანაშვილი ესაუბრება:
_ გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბიძინა ივანიშვილს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ამ ვიზიტის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ყველა თანხმდება, რომ კელი დეგნანი და „ოცნების“ ლიდერი არჩევნებზე ისაუბრებდნენ. თქვენ რა იცით ამ აუდიენციის შესახებ?
_ ბიძინა ივანიშვილი კარგა ხანია, ითხოვდა ამერიკელებთან შეხვედრას. ვაშინგტონი დიდხანს უარს ამბობდა მასთან დიალოგზე. ბოლოს, როგორც იქნა, დათანხმდა. ამერიკელებს რომ დალაპარაკებოდა, ამიტომ დაბრუნდა 2 წლის წინათ პოლიტიკაში და „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, ამერიკელებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ვერ დაჯდებოდა. მას ამისთვის არანაირი სტატუსი არ გააჩნდა. ივანიშვილს აქამდეც ხომ სურდა ამერიკელებთან დიალოგი, მაგრამ ეს გრნობა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებმა უფრო გაუმძაფრა.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა კარგად იცის, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლებისგან განსხვავებით ის ვერაფერს გახდება, თუ აქ ამერიკა რამეს დაგეგმავს. ამისთვის წინააღმდეგობის გასაწევად არც სათანადო ოდენობის შეარაღებული ძალები გვყავს და არც ფინანსური შესაძლებლობები გაგვაჩნია. ლუკაშენკომ საკმაოდ ძლიერი რეჟიმი შექმნა. ივანიშვილის შემთხვევაში სხვანაირად არის საქმე _ ვისაც არ დაეზარება, ყველა უღალატებს და მარტო დარჩება. იგი გადაწყვეტილების მიღებასაც კი ვერ გაბედავს.
აქედან გამომდინარე, მისთვის ამერიკის პოზიციის გაგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ზოგიერთი ქართველი ილუზიას იქმნიდა, რომ ამერიკას პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთის გავლენის სფეროდ ჰქონდა აღიარებული. ფიქრობდნენ, რომ ამერიკელები მოვლენებს ისევ შორიდან დააკვირდებონენ და აქ არ შემოვიდოდნენ.
_ რატომ ეგონათ, რომ ამერიკა აქ არ შემოვიდოდა? ამ ქვეყანამ მილიარდობით დოლარი ჩადო საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში და გაჭირვების დროს ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა.
_ საქართველოს ისტორია არ იციან კარგად და ამიტომ ვერ განსაზღვრეს, თუ რა მოხდებოდა მომავალში. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ჩვენი ძლევამოსილების ეპოქა წარსულს ჩაბარდა, ამიერკავკასიაში 31-ჯერ ფუნდამენტურად შეიცვალა პოლიტიკური წესრიგი და ნომინაციები. რატომ ეგონა ვიღაცას, რომ 31-ე, ანუ რუსული გავლენა, ამ რეგიონზე მუდმივად შენარჩუნდებოდა, არ მესმის.
_ ისედაც დიდი ხანია, რუსეთის გავლენის ქვეშ ვართ და კიდევ როგორ უნდა გაგრძელდეს ამ მდგომარეობაში ცხოვრება? მათთან ერთად განვითარების არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს.
_ ძალიან დიდი ხანია, რუსეთის გავლენის ქვეშ ვართ. უნიათობა რომ არ გამოგვეჩინა, რამდენჯერმე გვქონდა შანსი, რომ ამ გავლენებისთვის თავი დაგვეღწია. ყირიმისა და პირველი მსოფლიო ომის შემდგომ საქართველოზე რუსეთის გავლენები ძალიან შესუსტდა. თავისუფლად შეგვეძლო გამოვსულიყავით მათი არეალიდან, მაგრამ რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩენა ისევ ქართველებმა ითავეს. ამიტომ დავრჩით ამდენი ხანი რუსეთის თათის ქვეშ. „მენშვიკებიც“ რუსებთან აპირებდნენ თანამშრომლობას. ახლა მხოლოდ ქართველებზე აღარ არის დამოკიდებული, ექნება თუ არა რუსეთს ჩვენს ქვეყანაზე გავლენა.
_ კარგია, ეს მხოლოდ ქართველებზე რომ აღარ არის დამოკიდებული. იქნებ, დასავლეთის დახმარებით როგორმე მოვწყდეთ რუსულ ორბიტას.
_ მართლა კარგია, რომ ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი აღარაა. რუსეთის გავლენების ქვეშ ჩარჩენას ქართველები აბრალებენ იმას, რომ თავის დროზე დასავლეთი საკმარისად არ დაგვეხმარა.
_ იყო დრო, როცა დასავლეთი სათანადოდ მართლაც არ გვეხმარებოდა და რუსულ ორბიტაზე დარჩენა გვიწევდა.
_ ასე იყო, დასავლეთი სათანადოდ არ გვიჭერდა მხარს, მაგრამ ეს მაინც ძალიან სუსტი არგუმენტია. მათ, ვინც ამით ამართლებს რუსულ ორბიტაზე დარჩენას მინდა, შევახსენო, რომ დასავლეთი არც ფინეთსა და ბალტიის ქვეყნებს დახმარებია, მაგრამ მათ მოსკოვის გავლენებისგან თავის დაღწევა მოახერხეს. დღეს ისინი წარმატებული ქვეყნები არიან.
_ ისტორიაზე საუბარი კარგია, მაგრამ ჩვენს მკითხველს ივანიშვილისა და ამერიკელების მოლაპარაკებების დეტალები უფრო აინტერესებს და ისევ ამ თემას დავუბრუნდეთ.
_ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებმა მოსკოვსა და ივანიშვილს თვალები საბოლოოდ აუხილა. ახლა მათ იციან, რომ ვაშინგტონისთვის რუსეთის გავლენების სფერო ბარიერს აღარ წარმოადგენს. როცა ეს გააცნობიერა, „ოცნების“ ლიდერმა მყარად გადაწყვიტა, ამერიკელებთან კომუნიკაცია დაემყარებინა. აღსანიშნავია, რომ, თავის დროზე, ვაშინგტონთან პირდაპირ კომუნიკაციას ივანიშვილს მოსკოვი უკრძალავდა.
_ რატომ და როდის უკრძალავდა ივანიშვილს კრემლი ვაშინგტონთან პირდაპირ კომუნიკაციას?
_ კომუნიკაციას იმიტომ უკრძალავდა, რომ შიშობდა, ივანიშვილი ალიევის გზას არ დასდგომოდა. ეს აკრძალვა „ქართული ოცნების“ ლიდერს მაშინვე დაუწესეს, როგორც კი იგი ხელისუფლებაში მოვიდა. პრემიერ-მინისტრის პოსტი ივანიშვილმა რუსების მოთხოვნით დატოვა. ეს ყველაფერი ისე შეიფუთა, თითქოს მისი თანამდებობიდან გადადგომა დასავლეთმა მოითხოვა. განსაკუთრებული აქცენტი ამერიკაზე კეთდება, მაგრამ ეს სისულელეა.
_ სისულელე რატომ არის? ამერიკა ვერ მოსთხოვდა, პოსტი დატოვეო?
_ სისულელეა იმიტომ, რომ თავის დროზე ივანიშვილის საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას ობამას ადმინისტრაციამ დაუჭირა მხარი. მათი ჩართულობით გადააბარა ხელისუფლება მიშამ ბიძინას და რატომ იქნებოდა ვაშინგტონი ივანიშვილის პრემიერობის წინააღმდეგი? მისი მთავრობის მეთაურად ყოფნა მოსკოვის ინტერესებში არ შედიოდა.
ამერიკელებთან კომუნიკაციის დეფიციტის შედეგი იყო ის სასაცილო გადაწყვეტილებები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იღებდა. ამ ტენდენციამ განსაკუთრებით პანდემიის დროს იჩინა თავი. როცა ხელისუფლების სათავეში ხარ, ის მაინც უნდა იცოდე, რომ არც ამერიკა და არც გავლენიანი პოლიტიკური წრეები არჩევნებამდე საქართველოში არაფერს არც გეგმავდნენ და არც დაგეგმავენ. ყველა ელოდება არჩევნების დასრულებას. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღეს გენერალური ბრძოლა მიდის ბელარუსში.
_ გინდათ თქვათ, რომ ამერიკასა და დასავლეთს ჩვენი არჩევნები აღარ აინტერესებს?
_ როგორ არ აინტერესებს, მაგრამ გენერალური ბრძოლა მიმდინარეობს მინსკში. თუ მოსკოვს ბელარუსი ნაწილობრივ მაინც დაათმობინეს, კრემლი საქართველოზე გავლენების დამყარებას აღარ შეეცდება. ამის გაკეთება, უბრალოდ, ნონსესი იქნება. ეს ნიშნავს რუსული იმპერიის აღორძინების ტრენდის მთლიანად დანგრევას. ამით ყველა გაიგებს, რომ იმპერიის აღდგენას რუსეთი ვეღარ შეძლებს.
_ რატომ ვეღარ შეძლებს?
_ სხვა პოსტსაბჭთა რესპუბლიკებზე გავლენა თუ დაეკარგება, მარტო საქართველოს ხომ არ მოეჭიდება? ეს ძალიან სასაცილო იქნება. საქართველო ამ სიტუაციაში მოვლენების შემდგომი განვითარების ადგილია და არა ბრძოლის ასპარეზი. ჩვენთვის კარგია, მოვლენები რომ ამ გზით მიდის.
ამერიკელებთან კომუნიკაციის დროს ივანიშვილი ცდილობდა გაეგო, თუ რას აპირებს ვაშინგტონი, რათა აქ რევოლუცია არ მიეღო. მას კაპიტულაციის რამდენიმე პაკეტი ჰქონდა.
_ რა კაპიტულაციაზე საუბრობთ?
_ პოლიტიკურ კაპიტულაციაზე. ის მზად იყო, ამერიკელებისთვის ეს პაკეტები შეეთავაზებინა. ამ შეხვედრების ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ ერთი რამე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილმა მაქსიმალურად გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების დირექტივა გასცა.
_ ეს, ალბათ, ამერიკელების მოთხოვნა იყო.
_ რა თქმა უნდა, ამერიკელების მოთხოვნა იყო და ივანიშვილმაც გადაწყვიტა, რომ არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდება. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გაყალბდება.
_ რას გულისხმობთ? გამჭვირვალე არჩევნები და გაყალბებები როგორ თავსდება ერთმანეთთან?
_ არჩევნების დღეს ძალადობა და ბიულეტენების ჩაყრა არ იქნება, გაყალბების სხვა მექანიზმები კი კვლავ ძალაში რჩება. არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება ხელისუფლებისთვისაც აუცილებელია და ოპოზიციისთვისაც. აქ თუ რევოლუცია მოხდა, ორივე მხარე დაზარალდება. „ნაციონალებიც“ და „ევროპული საქართველოც“ რუსული გავლენების ქვეშ იმყოფებიან და ბიძინას პოლიტიკურ კონსტრუქციაზე არიან ჩამოკიდებულები თუ პოლიტიკურად თუ ფინანსურად. ამ სურათის დანგრევა არავის უნდა.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვთქვი „ქრონიკა+“-სთან, რომ საქართველოში ამერიკიდან 400 დამკვირვებელი ჩამოვა-მეთქი. ეს რეალიზდება და დამკვირვებლები მალე საქართველოში იქნებიან.
_ პანდემია ამერიკელი დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლას ხელს ვერ შეუშლის?
_ ვერ შეუშლის. დამკვირვებლებად ამერიკას ის ხალხი ჩამოჰყავს, ვისაც ორგანიზმში ანტისხეულები აქვს, ანუ უკვე გადაიტანა კორონავირუსი. ისინი ყურადღებით დააკვირდებიან არჩევნების მიმდინარეობას. „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება, რომ არჩევნები გამჭვირვალედ ჩაატაროს. ხელისუფლება გაყალბებას სხვა მეთოდებით შეეცდება.
_ რა მეთოდებით?
_ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს კომუნიკაცია ერთ-ერთ რუსულ პოლიტტექნოლოგიების კომპანიასთან. ამ კომპანიას სთხოვეს, მათთვის არჩევნების შედეგების „გაკეთების“ პროექტი დაეწერათ. „ქართული ოცნება“ ისეთ პროექტს ითხოვდა, რომელიც არჩევნებზე ძალის გამოყენებას საჭიროს აღარ გახდიდა. ეს გეგმა უკვე შემუშავეულია. იმ პიროვნების ვინაობაც ვიცი, ვინც ეს გეგმა დაუწერა ბიძინა ივანიშვილის პარტიას.
_ ვინ არის?
_ მისი ვინაობის გამხელის უფლება არ მაქვს. ამ ადამიანმა თავის გუნდთან ერთად კარგად შეისწავლა ჩვენი საარჩევნო კოდექსი. ბიძინა ივანიშვილს კოდექსში პატარ-პატარა ცვლილებებიც შეატანინეს. ასე ჩამოყალიბდა გეგმა. ამ გეგმის თანახმად, პირველ რიგში, პირობითი მსჯავრის მქონე ადამიანებს გამოიყენებენ. ბოლო ორი წელია, რუსეთი ამ ინოვაციას რეგიონებში აქტიურად იყენებს.
_ პირობითი მსჯავრის მქონე ადამიანები როგორ უნდა გამოიყენონ?
_ ძალიან მარტივად: ისინი რაღაცაზე რომ დაითანხმონ, ამისთვის კომპრომატიც არაა საჭირო. პრობლემა სულ სხვა მიმართულებით შეიქმნა _ პირობითი მსჯავრის მქონე ადამიანების რაოდენობა „სომხური კარუსელის“ დასატრიალებლად საქართველოში საკმარისი არ იყო. მათი რაოდენობა გაზარდეს. ბოლო ექვს თვეში, პანდემიის პერიოდში, ძალიან ბევრი ადამიანის (1.100-მდე) მიმართ გამოიყენეს პირობითი მსჯავრი. დღეს საქართველოში პირობითი მსჯავრდადებულის რაოდენობა 4.000-მდე იქნება. მათ „ქართული ოცნება“ საკმაოდ აქტიურად გამოიყენებს საარჩევნო კამპანიაში.
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბების სხვა მექანიზმიც შეიმუშავა: ძალიან გამარტივდა საცხოვრებელ ფართზე რეგისტრაცია. პრობლემურ უბნებზე ათასობით ადამიანი ჰყავთ საცხოვრებელ ფართებში რეგისტრირებული. ამ საცხოვრებელი ფართების კლასტერად გამოიყენეს ის 120.000 ბინა, რომელიც ბინათმესაკუთრეებმა დაკარგეს, მაგრამ ჯერ გაყიდული არ არის. ფაქტობრივად, მთელი არმია ჰყავს „ოცნებას“ მობილიზებული არჩევნების გასაყალბებლად. დაახლოებით 10.000 ადამიანია მზად იმისთვის, რომ არჩევნების გასაყალბებლად ნებისმიერი დირექტივა შეასრულოს. ამ ადამიანებს ექნებათ უკვე შემოხაზული ბიულეტენები და მათი მისია ამ ბიულეტენების საარჩევნო ურნაში ჩაყრა იქნება.
არჩევნების გაყალბების მექანიზმების ჩამოყალიბება ზურაბ ჟვანიას დროიდან დაიწყო. 30 წელია, ეს მეთოდები სულ იხვეწება და იხვეწება. ერთ დღეში ამ სისტემის ჩამოშლა ფიზიკურად შეუძლებელია. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი გამაზოხისტებულია. არჩევნების გაყალბებაში ათი ათასობით ადამიანია ჩართული. ამ პროცესს კურირებს სუსი. საქართველოს სპეცსამსახურების ერთ-ერთი ფუნქცია არჩევნების გაყალბება გახლავთ. ეს სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.
ჩვენი სოციუმის მაზოხისტობასა და შიზოფრენიაზე დასავლეთში სერიოზული დისერტაციებია უკვე დაცული. ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩავაგდეთ საკუთარი ქვეყანა, მაგრამ რაღაც წინსვლა უკვე შეინიშნება. ისიც შედეგია, რომ საკუთრივ არჩევნების დღეს ძალადობა და გაყალბება არ იქნება.
_ არჩევნები მაინც თუ უნდა გაყალბდეს, რა მნიშვნელობა აქვს, როდის გაყალბდება?
_ სანამ ამ ჰიდრას, რომელსაც არჩევნების გაყალბების ინდუსტრია ჰქვია, ყველა თავს არ მოვაჭრით, გაყალბები მანამდე იქნება. კიდევ გავიმეორებ: არჩევნების დღეს ძალადობას ვერ ნახავთ და ეს წინგადადგმული ნაბიჯია.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ძალადობა არ იქნება?
_ ბიძინა ივანიშვილმა ასეთი ვალდებულება აიღო. მას ამერიკამ არაფერი მოსთხოვა, ეს ვალდებულება საკუთარი ინიციატივით აიღო. ის ამ დავალებას არ აიღებდა, ამერიკის აქტიურობა რომ არა.
პოსტპანდემიური საქართველო ნელ-ნელა უნდა გამოვიდეს რუსული გავლენებიდან. ერთ-ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით იქნება გაყალბებების ინდუსტრიის დემონტაჟი. ამ სისტემის დემონტაჟს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ამ ინდუსტრიაში ათეულობით ათასი ადამიანია ჩართული. ვიმეორებ: ქართველებს პოლიტიკური მაზოხიზმი ლამის სისხლში გაუჯდათ. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ამ ინდუსტრიის დაშლა დაიწყება. მომავალი წლის არჩევნები უკვე ნორმალურად ჩატარდება.
_ თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობთ?
_ არა მარტო თვითმმართველობის არჩევნებს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ერთ წელიწადში საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო. ამ არჩევნებისგან ბევრს არაფერს ველოდები. ისეთი ინფორმაციები მომდის, რომ გამიჭირდება სამართლიან არჩევნებზე საუბარი.
_ რა ინფორმაცები მოგდით და ვისგან?
_ არაქართველებისგან მომდის ინფორმაციები, ძალიან სერიოზული ხალხია და არასდროს იტყუებიან. როგორც ისინი მეუბნებიან, ივანიშვილსა და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას შორის ვაჭრობა მიმდნარეობს.
_ ვინ ევაჭრება ივანიშვილს?
_ როგორც მითხრეს, „ლელოსა“ და ბიძინას შორის მიდის დიდი ვაჭრობა.
_ რაზე ვაჭრობენ?
_ ბიძინა ლელოს მომავალ პარლამენტში სთავაზობს 5 ადგილს, მაგრამ, როგორც ამბობენ, ხაზარაძე არ თანხმდება, ის მეექვსე კაცსაც ითხოვს. ამაზე მიდის ახლა მოლაპარაკებები. ეს ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია. ყველა ვაჭრობს ივანიშვილთან.
_ კიდევ ვინ ვაჭრობს?
_ თითქმის ყველა პარტიასთან მიდის ვაჭრობა. ყველას გაუნაწილა ივანიშვილმა მომავალ პარლამენტში ადგილები.
_ რანაირად გაუნაწილა ადგილები, ხალხს არავინ ეკითხება?
_ ჩვეულებრივად გაუნაწილა. მარტო ადგილებზე კი არ ვაჭრობენ, არამედ ის უბნებიც გარკვეულია, სადაც ამა თუ იმ პარტიისთვის სასარგებლო შედეგი უნდა დაფიქსირდეს. როცა გაყალბების ინდუსტრია ასეთ მაღალ დონეზეა, იქ სამართლიან არჩევნებზე ლაპარაკი ზედმეტია. მხოლოდ მიამიტ ამომრჩეველს ჰგონია, რომ არჩევნების შედეგები მის აქტიუობაზე არის დამოკიდებული. სამართლიან არჩევნებს არა, მაგრამ იმას კი ველოდები, რომ არჩევნებზე ძალადობა აღარ იქნება. ივანიშვილმა დასავლეთს ამის პირობა მისცა.
_ ბიძინა ივანიშვილი გასულ წელს დასავლეთს იმასაც დაჰპირდა, რომ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებაო, მაგრამ „ამბოხებულმა“ მაჟორიტარებმა ეს ცვლილება ჩააგდეს. ახლა რატომ არ გადააგდებს დასავლეთს?
_ მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. ივანიშვილი საკმაოდ კარგად აფასებს ბელარუსში მიმდინარე პროცესებს და იცის, რაც ელოდება, თუ ძალადობის გზას აირჩევს. ამას ის ხალხიც კარგად აცნობიერებს, რომელიც რუსეთის კურატორობით ივანიშვილთან ერთად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს.
_ ვისთან ერთად იღებს ივანიშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს?
_ ჩხარტიშვილთან, ხაზარაძესთან, ბოკერიასთან. ძალიან სერიოზული ხალხისგან გავიგე, რომ თბილისში საიდუმლო მისიით იმყოფებოდა პუტინის მარჯვენა ხელი სურკოვი. ის საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთიდან შემოვიდა. მან, სავარაუდოდ, მითითებები და რჩევები მისცა „ქართულ ოცნებას“ და ქართველ პოლიტიკოსებს. ამ არჩევნებზე განსაკუთრებული არაფერი მოხდება, მომავალ წელს კი სერიოზული არჩევნები იქნება. საქართველო რუსულ ორბიტას დატოვებს. სააკაშვილი ისევ არ ჩამოვა. ამას დასავლეთი არ დაუშვებს. დღეს მიშა საქართველოში დაბრუნებას რომ ვერ ახერხებს, ეს დასავლეთის დამსახურებაა. მიშა მათ ნებას ემორჩილება. განცხადებებს დაბრუნებაზე მხოლოდ პიარისთვის აკეთებს.
შორენა მარსაგიშვილი