მირიან მირიანაშვილი: „დასავლეთი სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების წინააღმდეგია“

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, მირიან მირიანაშვილი, გადაჭრით აცხადებდა, რომ 31 ოქტომბერს არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებდა. მისივე თქმით, ოპოზიცია აქციებს დაიწყებდა, მაგრამ ეს შედეგს არ გამოიღებდა. მიაჩნდა, რომ ვითარება მხოლოდ მომავალ წელს შეიცვლებოდა. მისი მტკიცებით, მომავალ წელს საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს. არჩევნები, ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო. ოპოზიციაც ქუჩაშია. თუმცა ახლა მირიანაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, 2021 წელს საქართველოში ვადამდელი არჩევნები აღარ ჩატარდეს. მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთთან კომუნიკაციის დამყარება და რაღაცების დალაგება შეძლო.

გადაიფიქრა თუ არა დასავლეთმა ოპოზიციის მხარდაჭერა? რატომ არ მიუშვა მათთან ივანიშვილმა თბილისში საიდუმლო მისიით მყოფი სურკოვი? ვინ უშლის ხელს პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას? რაზე შეუთანხმდა დასავლეთს „ოცნების“ ლიდერი? _ ამის შესახებ მირიან მირიანაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.

_ ბატონო მირიან, რამდენიმე კვირის წინ თქვენ ჩვენთან საუბარში თქვით, რომ არჩევნებს მოიგებდა „ქართული ოცნება“, ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდოდა, მაგრამ ვერაფერს შეცვლიდა. სიტუაცია 2021 წელს შეიცვლებოდა. ვარაუდობდით, რომ მომავალ წელს აქ ვადამდელი არჩევნები ჩატარდებოდა.
_ „ქართული ოცნება“ არჩევნებს რომ მოიგებდა, ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. ისიც ცნობილი იყო, რომ ამ შედეგებს ოპოზიცია ქუჩაში გააპროტესტებდა. რაც შეეხება 2021 წლის ვადამდელ არჩევნებს, აქამდე საქმე შეიძლება აღარ მივიდეს, რადგანაც ბიძინა ივანიშვილმა მეტ-ნაკლებად შეასრულა ის პირობები, რაც მან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მისცა.
_ გინდათ თქვათ, რომ ივანიშვილმა დასავლეთთან მოაგვარა?
_ ივანიშვილსა და დასავლეთს შორის რაღაც კომუნიკაცია შედგა. მიღწეულია შეთანხმება, რომ ის აქ შეინარჩუნებდა იმ პარიტეტს, რაც პანდემიამდე იყო. ვვარაუდობდი, რომ „ოცნება“ არჩევნებში 50%-მდე აიღებდა, „ნაციონალებ“ს კი 27-28% ექნებოდა. ეს ინფორმაცია ჩემთვის თუ იყო ცნობილი, ოპოზიციურ პარტიებსაც ხომ უნდა სცოდნოდათ? თუ ვერ გაიგეს, ეს მათი პრობლემაა. ახლა ჩვენ თუ ქვეყანაში არეულობას მივიღებთ, ეს იმის ბრალი იქნება, რომ პარტიებს წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება საქართველოს გარშემო. მათ ისიც კი არ იციან, რომ დღეს არსებული პარიტეტის შენარჩუნება გლობალური ტრენდია.
_ არსებული პარიტეტის შენარჩუნება რაკი გლობალური ტრენდია, ოპოზიციამ არჩევნების გაყალბება არ უნდა გააპროტესტოს?
_ არჩევნების გაყალბება როგორ არ უნდა გააპროტესტოს, მაგრამ ეს არეულობაში არ უნდა გადაიზარდოს. ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ დასავლეთი მათ მხარს არ დაუჭერს.
_ რატომ არ დაუჭერს მხარს? დასავლეთი ხომ სამართლიანი არჩევნებისკენ მოგვიწოდებდა?
_ ასე იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ოპოზიციას სხვა მიზეზით არ დაუჭერს დასავლეთი მხარს. ამ მიზეზის სახელი მიხეილ სააკაშვილია. დასავლეთს არ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდეს. დღეს ყველა ასეთი არჩევანის წინაშე დგას _ ან ივანიშვილი, ან სააკაშვილი.
_ გინდათ თქვათ, რომ დასავლეთი ივანიშვილს უჭერს მხარს?
_ მე ამას არ ვამბობ, იმას ვამბობ, რომ დასავლეთს ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნება არ სურს. ოპოზიციამ უნდა გააცნობიროს, რომ ახლა თავისი აქტიურობით, ფაქტობრივად, სააკაშვილის დასაბრუნებლად იბრძვის.
_ სააკაშვილის დასაბრუნებლად როგორ იბრძვიან, ისინი არჩევნების შედეგების გადასინჯვას ითხოვენ.
_ ზოგიერთი ძალა მართლა არჩევნების გადასინჯვას ითხოვს, მაგრამ ისინიც კი სააკაშვილის დასაბრუნებლად იბრძვიან, რასაც დასავლეთი მხარს არ დაუჭერს. დასავლეთს არ სჭირდება, რომ საქართველოს სათავეში მიხეილ სააკაშვილი იყოს.
_ სააკაშვილმა გარკვევით თქვა, რომ ის უარს ამბობს პრემიერობის კანდიდატობაზე. მან ეს განცხადება არჩევნების საღამოს „მთავარი“ არხის ეთერში გააკეთა.
_ სააკაშვილმა პრემიერობაზე უარი რომ თქვა, ეს არაფერს ნიშნავს. ამ ადამიანს კარგად ვიცნობ. მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი თავმჯდომარე და ჩვენ სერიოზული კომუნიკაციები გვქონდა. მიშა სააკაშვილს სიმართლის თქმა ფიზიკურად არ შეუძლია. ეს მისი ბრალი არაა. არიან ადამიანები, რომლებიც სულ ტყუილებს ლაპარაკობენ. მიშას ელემენტარულ რამეზეც კი შეუძლია ტყუილის მოგონება. მაგალითად, ხაჭაპური შეჭამა და ლიმონათი დააყოლა. იტყვის, ხინკალი ვჭამე და მინერალური წყალი დავლიეო. აქედან გამომდინარე, არ მჯერა, რომ ის უარს ამბობს პრემიერობაზე. ის ძალიან ენერგიულია, დაჯილდოვებულია ადამიანებზე მანიპულაციის ნიჭით, მაგრამ სიმართლის თქმა ფიზიკურად არ შეუძლია.
_ სიმართლეს არც სხვა პოლიტიკოსები ლაპარაკობენ. ივანიშვილიც სულ იტყუება.
_ ტყუილს ყველა ვამბობთ, მაგრამ სააკაშვილი ტყუილის სენით არის დაავადებული. როგორც უკვე გითხარით, მას სიმართლის თქმა არ შეუძლია. ეს ყველამ იცის. მათ შორის, ცნობილმა პოლიტტექნოლოგებმაც. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა კიდევაც, თუ გინდა გაიგო, მიშა რას ფიქრობს, მისი ნალაპარაკევი უნდა აიღო და 180 გრადუსით შემოატრიალოო.
_ არც ეგრეა საქმე. 2012 წლის არჩევნების შემდეგ თქვა, ოპოზიციაში გადავდივართო და გადავიდა კიდევაც.
_ ოპოზიციაში თავისი ნებით არ გადასულა. მაშინ მან ძალაუფლება ივანიშვილს გადააბარა. მას ძალაუფლება ჯო ბაიდენმა გადააბარებინა. კავკასიის მიმართულებას ობამას ხელისუფლებაში ბაიდენი კურირებდა. როცა შენი ამბებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტია დაინტერესებული, ეს პატარა ამბავი არაა.
_ სამაგიეროდ, ახლა აღარ აინტერესებთ ასეთი რანგის ჩინოსნებს საქართველო.
_ მე ვერ ვიტყოდი, რომ აღარ აინტერესებთ საქართველო. უბრალოდ, ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსები ხშირად აღარ ჩამოდიან საქართველოში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კი სჯერათ, რომ პროდასავლურები არიან, მაგრამ დასავლეთში ამ ძალას როგორც პრორუსულს, ისე განიხილავენ.
_ აბა, პროდასავლურ ძალად ვის განიხილავენ, „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს?
_ ივანიშვილის მიმართ დასავლეთმა დამოკიდებულება შეცვალა. ეს იმ კომუნიკაციების დამსახურებაა, რომელიც ბოლო თვეებში შედგა. ამ კომუნიკაციების შემდეგ „ოცნების“ ლიდერმა შეძლო და საქართველოში რუსულ-ამერიკული ინტერესები დააბალანსა.
_ და ამის გამო დახუჭავს დასავლეთი თვალს არჩევნების გაყალბებაზე?
_ არჩევნების გაყალბებაზე თვალს არავინ დახუჭავს, მაგრამ დასავლეთი სააკაშვილის დაბრუნებას მხარს არ დაუჭერს. მე არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ წელს აქ საჭირო გახდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. როგორ განვითარდება მოვლენები, ეს დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა შედეგით დასრულდება ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები. ახალ რეალობას ივანიშვილი შეიძლება, კარგად მოერგოს და ასეთ შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები საჭირო აღარ იქნება. საქართველო პოლიტტექნოლოგიურად კარგად იმართება.
_ ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილი რუსეთზეა დამოკიდებული. თქვენი საუბრიდან თუ ვიმსჯელებთ, ის ამერიკისკენ გადაიხარა. რუსეთმა ასე იოლად გაუშვა თავისი კაცი?
_ ცალსახად არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ რუსეთმა ივანიშვილი ამერიკას დაუთმო. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება კულისებში. ძალიან მწირი ინფორმაციები გამოდის და აქედან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ დასკვნები. დასავლეთთან რა კომუნიკაციები აქვს ივანიშვილს, ამის შესახებ რაღაცები ვიცით. მისი და რუსების კომუნიკაცია კი ბურუსით არის მოცული.
ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ გამოჟონა ინფორმაციამ, რომ დასავლეთთან კომუნიკაციის შემდეგ მოსკოვმა ივანიშვილს ბევრად მეტი თავისუფლება მისცა, ვიდრე ეს მას აქამდე ჰქონდა(?!).
_ სურკოვი საქართველოში ამის სათქმელად ჩამოვიდა საიდუმლოდ?
_ არ არის გამორიცხული, რომ სურკოვი სწორედ ამის სათქმელად ჩამოვიდა.
_ მარტო ამის სათქმელად ამხელა გზას არ გამოივლიდა. სხვა მითითებებსაც გასცემდა.
_ ცხადია, ერთი სიტყვის სათქმელად არ ჩამოვიდოდა აქ. მე რამდენადაც ვიცი, მას ოპოზიციასთანაც უნდოდა შეხვედრა, მაგრამ იგი არ შედგა. ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ შეხვედრა არ შემდგარიყო.
_ სურკოვს მთელ ოპოზიციასთან სურდა საუბარი, თუ რომელიმე პარტია ჰყავდა შერჩეული?
_ როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის იმ პარტიებთან აპირებდა საუბარს, რომლებიც პროდასავლურებად ითვლებიან და ქართულ პოლიტიკაში რაღაც ამინდს ქმნიან.
_ გასაგებია, რომელ პარტიებსაც გულისხმობთ.
_ თქვენ იგულისხმეთ, მე ამ პარტიებს არ დავასახელებ, თუნდაც იმიტომ, რომ მათ შორის კომუნიკაცია არ ყოფილა.
_ სურკოვი და ბიძინა ივანიშვილი რამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან? ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ელდარ გოგოლაძე ამბობს, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სურკოვმა ივანიშვილს ურჩია, საქართველოს პრეზიდენტად ეყარა კენჭი.
_ სურკოვი კარგად იცნობს ბიძინა ივანიშვილს. მას სხვა ქართველ პოლიტიკოსებთანაც აკავშირებს ნაცნობობა. 2002-2004 წლებში ის საქართველოში ძალიან ხშირად ჩამოდიოდა. სწორედ სურკოვი ითვლება „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედად. „ნაციონალური მოძრაობაც“ მისი პროექტი იყო. სურკოვი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ღიად ამბობდა, ჩემი აქტივიაო. როცა მე ეს პარტია წამართვეს და მის დასაბრუნებლად დავიწყე ბრძოლა, სურკოვისგან მივიღე შემონათვალი _ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა უკვე „ეფესბეს“ აქტივია და ჩვენთან ბრძოლა თუ შეგიძლია, იბრძოლეო.
_ სურკოვი საქართველოში არჩევნების წინ იყო და საარჩევნოდ ჩამოიტანა მითითებები. ეს შედეგებიც სურკოვის მითითებით ხომ არ დაიდო?
_ არა, შედეგები სურკოვის მითითებით არ დადებულა. დღეს სურკოვს საქართველოზე ისეთი დიდი გავლენა აღარ აქვს, როგორიც მას 2002-2004 წლებში ჰქონდა. სურკოვის გავლენები საქართველოზე მას შემდეგ გაძლიერდა, რაც უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ საჯაიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
_ ნუგზარ საჯაიას სიკვდილის მერე ბევრი რამ შეიცვალა ამ ქვეყანაში.
_ ბევრი რამ შეიცვალა მისი გარდაცვალების შემდეგ. სურკოვი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს პირდაპირ აძლევდა მითითებებს. „ვარდების რევოლუციაც“ მისი პროექტი იყო.
_ „ვარდების რევოლუციას“ ბიძინა ივანიშვილიც უჭერდა მხარს.
_ არაა გასაკვირი. სურკოვი და ბიძინა კარგად იცნობენ ერთმანეთს. თქვენს მკითხველს მინდა, ის 100-მეტრიანი ხუთჯვრიანი დროშაც გავახსენო, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ დღეს მიტინგს გადააფარეს. ეს დროშა იმ დღეს ერევნიდან ჩამოიტანეს მატარებლით. ერევნის ერთ-ერთი სამკერვალო ამ დროშას, სულ მცირე, ერთი კვირა კერავდა.
_ ამ დროშას რატომ იხსენებთ?
_ იმიტომ, რომ თქვენს მკითხველს ავუხსნა _ „ვარდების რევოლუცია“ სპონტანურად არ მომხდარა. ის კარგად და წინასწარ დაგეგმილი სცენარით წარიმართა. რევოლუციის სცენარი რუსეთმა, კერძოდ კი სურკოვმა დაწერა.
_ ამაში დასავლეთმაც მიიო მონაწილეობა.
_ დასავლეთი მინიმალურად ჩაერია. მაშინ ამერიკა და ევროპა საქართველოს უყურებდა, როგორც რუსეთის გავლენის ობიექტს. 2012 წელს ბაიდენმა აიძულა სააკაშვილი, რომ ხელისუფლება ივანიშვილისთვის გადაებარებინა. ახლა მსგავსი სცენარის განვითარებას არ ველოდები. 2021 წლის 20 იანვრამდე ამერიკას საქართველოსთვის არ ეცლება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დროის ამ მონაკვეთში აქ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ ქაოსი და არეულობა არ უნდა დაუშვას. ეს თუ მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება. ეს ყველაფერი სწორედ იმისთვის არის ატეხილი, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს.
_ თქვენ გინდათ თქვათ, რომ ოპოზიცია საკუთარ ხმებს კი არ იცავს, არამედ სააკაშვილის დაბრუნებას ითხოვს?
_ ასე გამოდის. 3-4%-იან პარტიებს ტყუილად აქვთ იმის იმედი, რომ პარლამენტში რამეს გააკეთებენ ან კოალიციას შექმნიან ან ვინმე მათთან თანამშრომლობას მოისურვებს. აქ თუ არეულობა მოხდა და ხელისუფლება ჩამოიშალა, დასავლეთიც და რუსეთიც იძულებული გახდება, სააკაშვილთან დაიჭიროს საქმე.
_ სააკაშვილთან რატომ? სხვა პოლიტიკოსები აღარ არიან საქართველოში?
_ როგორ არ არიან, მაგრამ აქ თუ ხელისუფლება ჩამოიშალა, არავის გაახსენდება „გირჩი“, „ლელო“ და ვაშაძე. ყველა სააკაშვილთან დაიწყებს საუბარს. დასავლეთში კარგად იციან ჩვენი ბუნება. ჩვენნაირ ქვეყნებში ერთი კაცი უნდა იპოვო ისეთი, რომელსაც ყველა ვალდებულებას აჰკიდებ. 2-3%-იანი პარტიების ლიდერებს ასეთ ვალდებულებას არავინ აჰკიდებს. ვალდებულებას აჰკიდებენ იმ პარტიის ლიდერს, რომელსაც მაღალი ციფრები აქვს. ოპოზიციიდან ყველაზე სერიოზული შედეგი „ნაციონალურმა“ მოძრაობამ აიღო. მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის ლიდერი გახლავთ.
თქვენს მკითხველს და არა მარტო მას მინდა მივმართო, რომ გადადონ ემოციები და ცივი გონებით განსაჯონ, თუ რა ხდება ქვეყანაში. დღეს საქართველო დგას არჩევანის წინაშე, _ ან ივანიშვილი უნდა ავირჩიოთ, ან _ სააკაშვილი. სააკაშვილის მოსვლა ხელისუფლებაში ნიშნავს ქაოსს.
_ თქვენ რისი თქმა გინდათ, რომ ოპოზიციამ ხმების დაცვა შეწყვიტოს?
_ ოპოზიციას სამართლებრივადაც შეუძლია დავა. ახლა ქუჩაში აქციების მოწყობა შეიძლება, ქაოსით დასრულდეს. ივანიშვილის ჩამოშლის შემთხვევაში ხელისუფლებაში მოდის მიშა სააკაშვილი. 2-3%-იან პარტიებთან დასავლეთი საქმეს არ დაიჭერს. მიშას ხელისუფლებაში დაბრუნებას კი ქაოსი და უბედურება მოჰყვება. ამიტომ ვთხოვ ყველას, რომ გადაწყვეტილება ცივი გონებით მიიღოს. მომავალი წლის იანვრამდე არ უნდა მოხდეს ხელისუფლების ჩამოშლა. 2021 წელს შესაძლებელი იქნება, რომ სააკაშვილიც გვერდზე დარჩეს და ივანიშვილიც.
_ 2021 წელს 2-3%-იანი პარტიები დასავლეთისთვის მისაღები გახდება?
_ არა. აქ გაჩნდება ახალი ძალა, რომელიც შეძლებს ვადამდელ არჩევნებში წარმატების მიღწევას.
_ ასე უცბად როგორ უნდა გაჩნდეს ახალი ძალა და თან ისეთი, რომ „ნაცებსაც“ აჯობოს და „ქოცებსაც“.
_ საქართველოში ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენა ძალიან მარტივია. ასევე მარტივია ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა. სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ძალად, სულ რაღაც, 9 თვეში ჩამოყალიბდა. მანამდე ის იყო პოლიტტექნოლოგიური პროექტი და პროდუქტი.
_ ახალი პარტიის გამოჩენას უნდა ველოდოთ? ამის კონტურები რომ არ ჩანს?
_ გამოჩნდება. პოლიტიკოსები და პარტიებიც ისე იყიდება საქართველოში, როგორც სუპერმარკეტში სხვადასხვა სახის საქონელი. ისე არ გაიგოთ, რომ პოლიტიკოსები და პარტიები საკუთარ თავს თავად ყიდიან. მათ ყიდიან ისინი, ვის საკუთრებასაც წარმოადგენენ.
ჩვენთან ხშირად დარბიან ადამიანები ერთი პარტიიდან მეორეში, ამას საზოგადოება აღშფოთებით, ირონიითა და დაცინვით ხვდება. მინდა მათ ვუთხრა, რომ ეს სასაცილო ამბავი არაა. ადამიანები პარტიიდან პარტიაში საკუთარი სურვილით არ გადადიან. ისინი ამის შესახებ მითითებას ღებულობენ.
_ ჯაჭვლიანისთვის ვის უნდა ეთქვა, „ქართული ოცნება“ დატოვეო?
_ ჯაჭვლიანი არც არის პოლიტიკური ფიგურა. ის „ოცნებამ“ აიძულა, რომ მისგან წაულიყო. სერიოზული მოთამაშეები მართლა მითითებებს ღებულობენ, თუ სად უნდა წავიდნენ. აი, ასე ხდება პოლიტიკოსების ტრანსფერი საქართველოში. პოლიტიკური პარტია ჩვენთან არის პროდუქტი, ხოლო პოლიტიკური პროცესი _ სერვისი. ჩვენნაირ ქვეყანაში პოლიტიკური პროდუქტის გაკეთება ძალიან ადვილია. მთელი უბედურება ის არის, რომ ხშირად ცვლილებების შემდეგ იმაზე უარესს მოცემულობას ვღებულობთ, ვიდრე ადრე იყო.
ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნისთვის საჩუქარი ნამდვილად არ არიან, მაგრამ ისე ნუ ვიზამთ, რომ ხელისუფლებაში მათზე უარესი მივიღოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: აქ ქაოსის დაწყება ნიშნავს, რომ მიშა დაბრუნდება ხელისუფლებაში, რაც კიდევ უფრო დიდ ქაოსს მოგვიტანს.
ჩვენ ერთი კანონზომიერებაც უნდა ვიცოდეთ, რომელიც მიტინგებით ხელისუფლების შეცვლას უკავშირდება. პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუ ოპოზიციას ამერიკა მხარს არ უჭერს, მაშინ ის მიტინგებით ხელისუფლებას ვერ ცვლის. საქართველოში არსებულ ოპოზიციას დღეს ამერიკისგან მხარდაჭერა არა აქვს. აქედან გამომდინარე, არ ღირს ქაოსის მოწყობა. ამ ქაოსის დალაგება მხოლოდ ამერიკას შეეძლება. 2021 წლის 20 იანვრამდე, ანუ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, ვაშინგტონი ჩვენთვის ვერ მოიცლის. სამთვიანი ქაოსი ამ ქვეყანას დააქცევს. საქართველო ისედაც მძიმე დღეშია და დამატებითი პრობლემები საჭირო აღარ არის.
_ ანუ სახლში უნდა დავსხდეთ და 2021 წელს დაველოდოთ?
_ სახლში არ უნდა დავსხდეთ, მაგრამ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ შექმნილ სიტუაციას. ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ივანიშვილი უარესით შევცვალოთ. ხალხმა ისიც უნდა იცოდეს, რომ არსებულ ვითარებაში ივანიშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორება ადვილი არ იქნება. როგორც საუბრის დასაწყისში უკვე მოგახსენეთ, მან დასავლეთთან კომუნიკაცია მოახერხა. რაღაც პირობები შეასრულა და ამის სანაცვლოდ გარანტიები მიიღო. გითხარით ისიც, რომ ამერიკის მხარდაჭერა თუ არ იქნა, მიტინგებით საქართველოში ხელისუფლება ვერ შეიცვლება. ამ მომენტისთვის ამერიკა და ევროპა მხარს არ უჭერს მიტინგებს. მათ არ უნდათ სააკაშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში. იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოხდა არეულობა და ხელისუფლება ჩამოიშალა, დასავლეთი იძულებული გახდება, სააკაშვილს დაუჯდეს მოლაპარაკებებზე. 2-3%-იან პარტიებს არც კი გაიხსენებენ.

შორენა მარსაგიშვილი