მერობის კანდიდატი ზუგდიდში _ საჯილდაო ქვა ენმ-სთვის

თბილისის მერობის კანდიდატთან მიმართებით წამოჭრილი დილემა ენმ-მ ორიგინალურად გადაჭრა. ზალიკო უდუმაშვილი, შესაძლოა, სწორედ ის აღმოჩნდეს, ვინც კახა კალაძესთან ერთად, მინიმუმ, მეორე ტურში გავა. საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების რეიტინგული მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ენმ-ს ლიდერშიპი ფრიად კმაყოფილია შიდაპარტიული კვლევით, რომლის თანახმადაც, უდუმაშვილის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და, ამ ეტაპზე, კახა კალაძისას, ლამისაა, უთანაბრდება.

ამ კვლევების რეიტინგის მიხედვით, მესამე ადგილზე მყოფი ალეკო ელისაშვილი კალაძესა და უდუმაშვილს ძალიან დიდი სხვაობით ჩამორჩება, თუმცა, რასაკვირველია, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ელისაშვილი მარათონში ახლახან ჩაება. პარტიული შიდა კვლევების რეიტინგის მიხედვით, დღეს უკვე ცნობილ კანდიდატებს შორის ბოლო ადგილზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარიაა. თუმცა „ევროპული საქართველო“ არც მალავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ეს არჩევნები და, კონკრეტულად, თბილისის მერის არჩევნები, მათი ამბიციის საგანი არ არის და მხოლოდ პარტიული, სამომავლო საქმიანობის წარმატების საწინდრადაა განხილული. ანუ „ევროპულ საქართველოს“ თბილისში გამარჯვების (და, შესაძლოა, მეორე ტურში გასვლისაც) პრეტენზია არ გააჩნია.

არის თუ არა იგივე სიტუაცია რეგიონებში, ძნელი სათქმელია. „ქართულ ოცნებას“ რომ ყველაზე მეტად სამეგრელოში გაუჭირდება, ეს, ცხადია, თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ სხვაზე უკეთ იცის. ალბათ, სწორედ ამითაა გამოწვეული, რომ სამეგრელოს ბევრ მუნიციპალიტეტში მათ, ფაქტობრივად, თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ. კაცმა რომ თქვას, გადაჯგუფებები არც დასახელების მერე წყდება და ამას წინა არჩევნებიც ცხადყოფს, როცა, მაგალითად, ხობში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდი რიხით წარადგინეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი მოულოდნელად შეცვალეს.

სამეგრელოს რეგიონში შემავალი თვითმმართველი ქალაქების კუთხით, ცხადია, ყველაზე დიდ ინტერესს ზუგდიდი იწვევს. ყველაფრიდან ჩანს, რომ აქ „ქართული ოცნების“, ენმ-სა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის მეტად საინტერესო პოლიტიკური დაპირისპირება გაიმართება. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ს საბოლოო არჩევანი ჯერაც უცნობია, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი _ უკვე დასახელებული.

„ევროპულმა საქართველომ“ ზუგდიდში არჩევანი ქალზე შეაჩერა _ მერობისთვის ლელა ქებურია იბრძოლებს.

ლელა ქებურია, ერთგვარად, წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო პოლიტიკურ ასპარეზზე ენმ-ს რიგებში გამოჩენის დღიდანვე. წინა ხელისუფლების დროს ის ზუგდიდში განათლების სამინისტროს რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც ამ თანამდებობაზე დარჩა. სწორედ ამას საყვედურობდა მას ენმ-ს ადგილობრივი მხარდამჭერების ნაწილი, რომელთაგან ზოგი იქამდეც მივიდა, რომ პირდაპირ წერდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ლელა ქებურიამ სააკაშვილის სურათი ჩამოხსნაო. შესაძლოა, ეს უტრირებაა, მაგრამ შემდგარი ფაქტია, რომ გიორგი მარგველაშვილის განათლების მინისტრობის პერიოდში ის ზუგდიდში იმყოფებოდა, მისი მასპინძელი კი ლელა ქებურია გახლდათ _ ამ სტუმრობის ამსახველი ვიდეოც არსებობს. რა თქმა უნდა, არც ამაშია რამე უცნაური _ რესურსცენტრის ხელმძღვანელი განათლების მინისტრს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ენმ-ს მომხრე რადიკალები, ლელა ქებურიას ენმ-ში გააქტიურების შემდეგ, იმაზე აკეთებდნენ აქცენტს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრმა დატოვა თანამდებობა, რადგან იდეოლოგიურად შეუთავსებლად მიიჩნია იმ შემადგენლობასთან მუშაობა, რომლის ოპოზიციაშიც იყო.

ლელა ქებურიას ბრალდებებზე არ უპასუხია. სამაგიეროდ, მის ნაცვლად პასუხს მისივე თანამებრძოლები, მაშინ, ჯერ კიდევ, ენმ-ს წევრები, თენგიზ გუნავა და ლაშა დამენია იძლეოდნენ.

მოგვიანებით, ლელა ქებურია ზუგდიდის ენმ-ს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელიც გახდა. სწორედ ამ დროს დაიძაბა ურთიერთობა მასსა და კიდევ ერთ, ადგილობრივი ენმ-ს აქტიურ წევრს _ ანი წითლიძეს შორის. ბევრი მიიჩნევდა, რომ სხვებისგან გამორჩევა, თუნდაც ქალთა ორგანიზაციის ლიდერობა ან საპარლამენტო სიაში მოხვედრა ზუგდიდის კვოტით, სწორედ, ანი წითლიძისთვის იყო ზედგამოჭრილი. წითლიძე ხშირად ხვდებოდა საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში, მხარს უჭერდა და არა მარტო მხარს უჭერდა, მათთან ერთადაც ათევდა ღამეს, როცა ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები ბაზრის შესაძლო გადატანის მცდელობას აპროტესტებდნენ, გვერდით ედგა მძღოლებს, როცა ისინი მათ საწინააღმდეგო ქმედებად აღიქვამდნენ თბილისის მიმართულებით „მეტროს“ ტრანსპორტის შეყვანას, ხვდებოდა დევნილებს და ისმენდა მათ პრობლემებს…

მაგრამ მაშინ არჩევანი ლელა ქებურიას სასარგებლოდ გაკეთდა. როგორც ახლა ენმ-ში დარჩენილები ამბობენ, ეს იმ ფრთის გათვლა იყო, ვინც, მოგვიანებით, ენმ დატოვა და მათთან ერთად ლელა ქებურიაც აღმოჩნდა. ოფიციალურად კი, როგორც ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ასევე საპარლამენტო სიაში ლელა ქებურია სამეგრელოს აქტივმა აირჩია. ვინ, ვინ და ანი წითლიძემ ძალიან კარგად იცოდა, რა ხდებოდა კულუარებში, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ოფიციალურად ყველაფერი ისე მოხდა, როგორც პარტიის წესდება ითვალისწინებდა: ლელა ქებურიას მოქმედმა დელეგატებმა მისცეს ხმა და ის პარტიის ნდობის მანდატით აღჭურვილი პირი იყო. სხვა საქმეა, რომ დელეგატების დაკომპლექტების პროცესი დავას იწვევდა _ ეს სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც სპორტის სასახლეში ცნობილი ყრილობა გაიმართა, ენმ-მ კი არსებობა ძველი ლიდერშიპის გარეშე გააგრძელა.

მოკლედ, ისე მოხდა, რომ ანი წითლიძემ მაშინ შეძლო, შიდაპარტიულ დაპირისპირებაში არ ჩართულიყო და ლელა ქებურიასთან საერთო ენა გამოენახა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მოსახლეობასთან სანდრა რულოვსის შეხვედრების დროს, ლელა ქებურია და ანი წითლიძე მასთან ერთად ჩნდებოდნენ ხოლმე.

ხელმეორედ ლელა ქებურიას ფაქტორი მაშინ გახდა აქტუალური, როცა უკვე თითქმის ყველაფერი გაირკვა _ ზუგდიდში შეხვედრის დროს, სადაც სკაიპით მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო. ამ დროს ლელა ქებურია უკვე პარლამენტის წევრია, მაგრამ „დიდი გაყრა“ ოფიციალურად არაა მომხდარი. ამ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველად მოიხსენია გამიჯნულები „ყოფილ თანამებრძოლებად“:

„ასეთ სიტუაციაში, როცა აქ ასეთი ბრძოლაა, როცა ამდენი ადამიანი ერთვება, ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლის მხრიდან… მინდა ვთქვა, რომ ყოფილი თანამებრძოლის მხრიდან, რადგან თანამებრძოლად მე ვერ ჩავთვლი ისეთ ადამიანს, რომელიც ასეთ სიტუაციაში ასეთ რაღაცას მიმართავს… ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ რაღაც რყევები არსებობს, რაღაცა ის, რომ სააკაშვილს ახლა აგდებენ, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემზე აქ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ასევე.

მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ: ვისი თამაშია ეს, ძალიან კარგად ვხვდები. და თუ ვინმე ნებით თამაშობს ამ თამაშს, ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს არის პირდაპირ, ყველაზე ცუდი ხალხის თამაში, რაც შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში“, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეხვედრა და მიხეილ სააკაშვილის ჩართვა, საბოლოოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მათ შორის იყო დეპუტატ ლელა ქებურიას გამოსვლაც:

„მე ვფიქრობ, რომ არც მიშას გუნდს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება მარტო და არც გიგას გუნდს შეუძლია მარტო. მე ვიცი, რატომაც არის აგრესია წამოსული ჩემ მიმართ და თქვენ ყველაზე ჭკვიანი ბრძანდებით, ბატონო პრეზიდენტო და იცით თქვენც, რატომაც არის და მინდა გთხოვოთ, რომ აქ დასახელდა რამდენიმე გვარი, (დარჩიაშვილი, ნოდია, ჩერგოლეიშვილი) და არც ერთ მათგანს ამ პარტიაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ჩვენ, ნებისმიერ აქ მყოფს, იმაზე ნაკლები პასუხისმგებლობა გვეკისრება, ვიდრე თქვენ, როგორც ამ პარტიის ლიდერს… აქ ძალიან ბევრი სიბინძურე იყო, როგორც ერთი მხრიდან წამოსული, ასევე მეორე მხრიდანაც. ძალიან მტკივნეულია სიტყვა ჯოგი და ასევე მტკივნეულია განსაკუთრებით თქვენი მხრიდან გაჟღერებული „პეროიანი“, „ბლანჟეიანი“ და ა. შ. ძალიან გთხოვთ, დაამთავროთ ეს…“ _ თქვა ლელა ქებურიამ.

მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატ ლელა ქებურიას იმ ნაწილშიც უპასუხა, სადაც ის აცხადებდა, რომ პარტიაში არც სააკაშვილისა და არც ბოკერიას გამო არ შესულა. სააკაშვილი დაინტერესდა, რატომ არ უთხრა ეს სიტყვები ლელა ქებურიამ მას, როცა კიევში იყო ჩასული და შეხვდა:

„აი, მაშინ რომ ჩაგეხედათ ჩემთვის თვალებში და გეთქვათ, რასაც ახლა მეუბნებით, გეტყოდით იმას, რასაც ახლა გეუბნებით: უნდა შეგექმნათ სხვა პარტია, მაგალითად, ქებურიას პარტია, მიგეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მიიღებდით 27 მანდატს? _ მიიღებდით. ჩვენც მივიღებთ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არჩევნებში მონაწილეობას და თუ ავიღებდით 5 ან 6 მანდატს (აბა, რას აიღებდა მეტს „ნაციონალური მოძრაობა“ ქებურიას გარეშე), მოვიდოდით თქვენთან და გეტყოდით, გავერთიანდეთო“.

„პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს“, _ ეს არის ივანიშვილის თამაშის წესები. რანაირად ებრძვით თქვენ ივანიშვილს, თუ მის წესებს იღებთ, რომ პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს? ეს არის ივანიშვილთან თქვენი ბრძოლა? ის, რომ უკრაინაში ამ ბოლო პერიოდში ოლიგარქების პრესამ აიტაცა, _ აი, საქართველოში თავისი პარტია გაემიჯნა სააკაშვილსო, _ ეს არის ივანიშვილთან თქვენებური ბრძოლა? მისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგისა და მტრის გვერდზე გაწევა? მე ამას ვერ გავიზიარებ!“ _ მკაცრი იყო სააკაშვილი, ბოლოს კი ლელა ქებურიას მიმართა:

„ძვირფასო ლელა! ის ხალხი, ვისთვისაც თქვენ „პეროიანების“ წოდება გწყინთ, პარლამენტში სწორედ ამ ხალხმა მოიყვანა, ვისაც ახლა თავად ჯოგს ეძახიან. პარლამენტში დაჯდომიდან მეორე დღესვე ამ ხალხის ფურთხება არაა სწორი საქციელი. ამ ხალხმა დაგსვათ თქვენ პარლამენტში და არა თქვენ _ ისინი. იქ დაგსვათ და თვითონ დარჩნენ უბედურებაში, უფულობაში, სიცივეში… თქვენ გაქვთ მათი ვალი და არა მათ _ თქვენი“…

ლელა ქებურიას დასახელება მერობის კანდიდატად 9 ივნისს „ევროპული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე გადაწყდა, სადაც ქალთა ორგანიზაციის ლიდერად ხათუნა გოგორიშვილი აირჩიეს. ლელა ქებურია ამომრჩეველთან შეხვედრის აქტიურ რეჟიმზე, სავარაუდოდ, მალე გადავა.

რაც შეეხება ენმ-ს, აქ სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია. კანდიდატი ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა რეალური სამი კანდიდატიდან თითოეულს თავისი მხარდამჭერები ჰყავს. ენმ-ს პოლიტსაბჭო ჯერაც ფიქრობს, რა მოუხერხოს ამდენ ნაწილად დაყოფილ მომხრეებს და არაა გამორიცხული, სიტუაციის დასალაგებლად პოლიტსაბჭოს წევრებს ზუგდიდში კიდევ ერთხელ ჩასვლა დასჭირდეთ, როგორც ეს პოლიტსაბჭოში სამეგრელოს წარმომადგენლების დასახელების დროს გააკეთეს.

ყველაზე დიდი ალბათობით, მერობის კანდიდატად ლევან კონჯარია დასახელდება. ის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა, რომელმაც ყველაზე ძნელ დროს უხელმძღვანელა თვითმმართველობის ამ ორგანოს და ზეწოლათა მთელი წყებაც გადაიტანა. თუმცა მისი მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ის მერყევი პიროვნებაა და თუ აქამდე შემორჩა ენმ-ს, არა მისი, არამედ ენმ-ს სხვა წევრების დამსახურებაა. ამ მხრივ ლაშა დამენიას ასახელებენ, რომელიც ლევან კონჯარიას მეგობარია. სწორედ მასზე ამბობენ, რომ ღამის სამ საათზე წამოვიდა თბილისიდან, რათა მეორე დღეს, 12 საათზე, დაგეგმილი ბრიფინგი ჩაეშალა, სადაც ლევან კონჯარია გადადგომის შესახებ განაცხადებდა. ენმ-ს მომხრეთა ამ ნაწილის ვერსიით, ლევან კონჯარიასთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეთანხმება უკვე არსებობდა და კონჯარიას ფარ-ხმალი ჰქონდა დაყრილი, თუმცა კონჯარიას მომხრეები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ხმებია და სინამდვილეში არც ბრიფინგი იგეგმებოდა, არც ლევან კონჯარია აპირებდა სადმე წასვლას.

რა იყო და როგორ, ამაზე მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ კონჯარია არსად წასულა არც მაშინ და არც მერე, როცა ენმ-ს ლიდერშიპის ნაწილი გამოეყო. თუმცა დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ ენმ-ს პოლიტსაბჭო ლევან კონჯარიას დასახელებას გადაწყვეტს, ამან, შესაძლოა, ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს შორის განხეთქილება გამოიწვიოს _ ნიშნები უკვე სახეზეა, თუმცა ლოკალურად _ სოციალური ქსელების სტატუსებსა და ჯგუფებში.

მეორე კანდიდატი ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ანი წითლიძეა. მასზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, თუმცა უნდა დავამატოთ, რომ წითლიძესაც უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს. მის მთავარ ნაკლად „ახალაიების ფრთისგან“ გამიჯვნას მიიჩნევენ და ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ხისტი და უხეშია, რასაც მისი პირადი წერილების გამოქვეყნებით ადასტურებენ. ანი წითლიძის იმპულსურობა ცოტა ხნის წინათაც გამოვლინდა, როცა მან საჯაროდ, ქალაქის ცენტრში, სილა გააწნა პირს, ვინც, მისი თქმით, მას შეურაცხყოფა მიაყენა. „მიიღო პასუხი და კიდევ მიიღებს. ყველა მიიღებს, ვისაც ჰგონია, რომ ქალებს თავის დაცვა არ შეგვიძლია“, _ ამბობს ანი წითლიძე.

მესამე კანდიდატს ზუგდიდის გამგებლობის გამოცდილება უკვე აქვს. და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ზუგდიდი სწორედ მისი გამგებლობის დროს დაემსგავსა ქალაქს. ალექსანდრე ქობალია ზუგდიდში ცნობილი პირის, საქართველოში პირველი საკაბელო ტელევიზიის დამფუძნებლის, აწ გარდაცვლილი პარლამენტის ყოფილი წევრის, გრიგოლ ქობალიას შვილია. გრიგოლ ქობალიას ძალიან ბევრი ისეთი იდეა ეკუთვნის, რომელთა განხორციელებისთვის სიცოცხლეში ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ვერ მოასწრო. მაგალითისთვის ზუგდიდის აეროპორტისა და ანაკლიის პორტის პროექტიც გამოდგება. შეიძლება ითქვას, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ლაზიკის პროექტის წინამორბედია. ალექსანდრე ქობალია თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული მამამისის იდეების განხორციელებაში, მეურნის ნიჭი და უნარებიც სწორედ იქიდან დაჰყვა. მისი მთავარი ღირსება უჩუმრად საქმის კეთებაა: მისი ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ, რომ გამგებლობის პერიოდში მას ხშირად ღამის საათებშიც კი ხედავდნენ იქ, სადაც ქალაქის ინფრასტრუქტურის დეტალები იყო მოსაწესრიგებელი. თავად აკონტროლებდა თითქმის ყველაფერს: ქვაფენილის დაგებიდან დაწყებული, გადამწვარი ლამპიონის შეცვლით დამთავრებული და ვერ გამოაპარებდი ვერაფერს, ვერ მოატყუებდი, რადგან ნებისმიერი დონე პირადად ჰქონდა გავლილი და ყველაფერში კარგად ერკვეოდა. სხვათა შორის, ალიკა ქობალიას ერთი კომიკური დეტალიც უკავშირდება, რომელიც კარგად წარმოაჩენს „ქართული ოცნების“ სახეს: როცა მან გამგებლის თანამდებობა დატოვა და რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქში საკუთარი მანქანით გამოვიდა, რომლითაც მანამდეც გადაადგილდებოდა, პატრულმა გააჩერა და დააჯარიმა _ დასაშვებზე მეტად საქარე მინების ჩამუქებისთვის…

ზემოთ აღწერილი თვისებებისა და იმის გამო, რომ ბოლომდე იდეის ერთგული დარჩა, ზუგდიდში ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ ალექსანდრე ქობალია უნდა იყოს ენმ-ს მერობის კანდიდატი. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მისაღებია, სადაც, ზოგი ვერსიით, ვერტიკალში ქობალიას, მაინცდამაინც, არ სწყალობენ, თუმცა რატომ, ამას ვერ ხსნიან.

„ქართული ოცნების“ წინაშე ზუგდიდში მდგარი დილემა ჯერ გადაჭრილი არ არის. ამ ფონზე, შესაძლოა, დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდეს ზვიად სიჭინავა, რომელიც, დარეგისტრირების შემთხვევაში, ერთობ მრისხანე მეტოქე იქნება ნებისმიერი სხვა კანდიდატისთვის. მისი აქტივობები ამჟამად მხოლოდ ზუგდიდს უკავშირდება, რაც ხელისუფლებას ძალიანაც აშფოთებს. იმდენადაც კი, რომ მას ბოტანიკური ბაღის მოხალისეებთან ერთად დასუფთავების საშუალებაც არ მისცეს. სამაგიეროდ, ამის უფლება სულ სხვა კომპანიას მისცეს. სიჭინავამ არც მერე ჩაიქნია ხელი და უცხოეთში 6 გედი შეუკვეთა ბოტანიკური ბაღის ტბისთვის. ასე რომ, თუ ბოტანიკური ბაღი ზუგდიდში ბიძინას დენდროლოგიურ ვნებებს გადაურჩა, მის ტბაში ექვსი გედი ინარნარებს, როგორც ზვიად სიჭინავა ამბობს _ სამი თეთრი და სამი შავი. ამას სიჭინავა იმის მიუხედავად გააკეთებს, იქნება თუ არა კანდიდატი. ის ამ დრომდე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიების მხრიდან კანდიდატების ოფიციალურად დასახელების შემდეგ მიიღებს: „გადავხედავ კანდიდატებს და თუ მივიჩნიე, რომ რომელიმე მათგანი ქალაქისთვის ღირსეული კანდიდატურაა, ჩემსას არ დავაყენებ, თუ არადა, დავფიქრდები“, _ ასეთია მისი პოზიცია.

ჯერჯერობით კი ზუგდიდში, როგორც უკვე ვთქვით, ერთი კანდიდატია ცნობილი. დანარჩენის განხლილვა პარტიულ და „ფეისბუქის“ კულუარებში მიმდინარეობს…

 

ლაშა ბერულავა