მეორედ გამკაცრებულმა რეგულაციებმა აჭარაში პრობლემები შექმნა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეჩერდა.
ასევე 22:00 საათიდან აღარ მუშაობს რესტორნები.
თუ რა პრობლემები შეექმნა ამ გადაწყვეტილებით აჭარის მოსახლეობას, „ქრონიკა+“ გაესაუბრა რამდენიმე რესტორნის მეპატრონეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძოღლებსა და რიგით მოქალაქეებს:

ბათუმში BURGER BUZZ-ის მეპატრონე გიორგი დარჩია გახლავთ. მას ახალი რეგულაციების თანახმად მოუწია ობიექტის დაკეტვა, რადგან, მისი განცხადებით, ობიექტი, ძირითადად, საღამოს საათებში იყო დატვირთული:
_ ბატონო
გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ ობიექტის დაკეტვა?
_ რეგულაციების თანახმად, ობიექტები საღამოს 10 საათზე უნდა დაიკეტოს. შესაბამისად, რადგან BURGER BUZZ-ი უფრო საღამოს საათებში იყო დატვირთული, სადაც სტუმრები 9 საათიდან მოდიოდნენ, რეგულაციებმა უფრო დაამძიმა ჩვენი მუშაობა. გარშემო, დაახლოებით, სამი ობიექტი დაიკეტა. ნათელ წერტილს ვეღარ ვხედავ. რა უნდა მოხდეს, ისიც არ ვიცი, ეს რეგულაციები რამდენი ხანი გაგრძელდება. ჩემი ვარაუდით, ალბათ, _ არჩევნებამდე. ეს ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება.
_ რამდენი თანამშრომელი გყავდათ ობიექტზე და რა ბედი ეწია მათ?
_ ობიექტზე სამი თანამშრომელი მყავდა დასაქმებული და, ფაქტობრივად, ამ რეგულაციების პირობებში, უმუშევარი დამრჩა, მაგრამ მათ ანაზღაურება ბოლომდე გადავუხადე, მოვიძიე პირადი სახსრები, რომ დასაქმებულები უხელფასოდ არ დამეტოვებინა და თანხა გადავუხადე.

„ქრონიკა+“ ასევე ესაუბრა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც ობიექტის დაკეტვის დროს პრობლემა შეექმნა:
_ ერთ-ერთ ობიექტზე ვმუშაობდი, სახელს ვერ დავასახელებ, სადაც 12 საათზე მეტ ხანს მიწევდა მუშაობა. ხელფასი არ იყო მისაღები, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა _ ოჯახი მყავდა სარჩენი. ერთ თვეზე მეტი ვიმუშავე და ხელფასის დღეს ველოდებოდი, მაგრამ რეგულაციების თანახმად ობიექტმა მუშაობა შეაჩერა. მეორე დღეს მეგონა, ჩვეულებრივად მომიწევდა სამსახურში წასვლა. ვერც კი ვიფიქრებდი, თუ დაიკეტებოდა. როცა ამის შესახებ გავიგე მეგონა, რომ უფროსი სრულად გადამიხდიდა ანაზღაურებას, რაც ვიმუშავე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა _ ძალიან ცოტა გადამიხადა. როცა პასუხი მოვთხოვე, მითხრა, _ სხვა გზა არ მაქვს და დარჩენილ თანხას როცა საშუალება მექნება, გადაგიხდიო. არ ვიცი, როდის მივიღებ სრულად თანხას, ძალიან დიდი პრობლემა შემექმნა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ, ხელისუფლებაც ვერ დამეხმარება _ ამ შემთხვეაში მხოლოდ ღმერთის იმედად ვარ დარჩენილი.

პრობლემები შექმნათ მძღოლებსაც, რომლებიც რეგულაციების თანახმად შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ნიკა ბერიძე _ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი:
_ გამარჯობა, როგორ აისახა შემოსავალზე ახალი რეგულაციებმა?
_ ძალიან ცუდად! უმუშევრები, ერთი თეთრის გარეშე დავრჩით. აქამდე პურის ფულს მაინც ვაკეთებდით, სამუშაო გვქონდა, მაგრამ ახლა? არ ვიცით, რა უნდა ვქნათ, ვის მივმართოთ?!

თენგიზ შერვაშიძე _ მძღოლი:
_ რა საჭირო იყო კვლავ ახალი რეგულაციის შემოღება? ისედაც გაღარიბებულები ვართ. შემოსავლის გარეშე დარჩენილები ადრე ხომ ჩაგვკეტეს, არ ეყოთ? ბანკის ვალი მაქვს, მცირეწლოვანი ბავშვები მყავს, რა ვაჭამო მათ, უმუშევარი დავრჩი, ვინ დამეხმარება?

ნაზი ცერცვაძე _ ბათუმელი:
_ რით ვიარო სამსახურში? იმდენი შემოსავალი არ მაქვს, რომ ტაქსი გამოვიძახო. აქამდე ავტობუსით ვსარგებლობდი, ახლა რა გავაკეთო? მესმის, რომ პანდემიაა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენზეც ხომ უნდა იზრუნოს ვინმემ? ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებდი, მაგრამ არ ყოფილა საჭირო. ახლა კი ახალი რეგულაციის მიღება გახდა აუცილებელი. ჩაკეტილები ვიყავით და ხმა არ ამოგვიღია, ახლა რა ვქნათ, ვინ დაგვეხმარება?

შეგახსენებთ: აჭარაში ამოქმედებულია ახალი რეგულაციები, რომლის თანახმადაც აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტონრებს კი მუშაობა მხოლოდ საღამოს 22:00 საათამდე შეუძლიათ.

ხვიჩა მამულაძე