მეგაკოშკები და მეგაპროექტები ქუთაისის ასაღორძინებლად

მერობის რვა კანდიდატის დაპირებები

 

ქუთაისის მერობისთვის გამართული მარათონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დარეგისტრირებული 10 კანდიდატიდან ფინიშისკენ მხოლოდ 2 აგრძელებს ბრძოლას.

 

„ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ მერობის წარმომადგენელმა, გოგიტა გოგელაშვილმა, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მოხსნა, რის შესახებაც ინფორმაცია მხარდამჭერებს სოციალური ქსელით მიაწოდა. გოგელაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების დაქსაქსვა მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს და გადაწყვეტილებაც ამის გამო მიიღო.

ბრძოლას საკუთარი ნებით გამოეთიშა „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ კანდიდატი, აკაკი ლოლომაძეც, რომელთანაც გასაუბრების საშუალება ჟურნალისტებს წინასაარჩევნო პერიოდში ვერა და ვერ მიეცათ. იგი არც ტელეფონს პასუხობდა და არც სადმე გამოჩენილა ამომრჩევლებთან შესახვედრად. როგორც ქუთაისში ხუმრობენ, ლოლომაძე ისე მოულოდნელად გაუჩინარდა საარჩევნო მარათონიდან, როგორც მოულოდნელად აღმოჩნდა მასში.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გოგიტა გოგელაშვილმა მის ყოფილ კონკურენტ ზვიად ბაღდავაძეს, ხოლო აკაკი ლოლომაძემ გრიგოლ ბახტაძეს გამოუცხადა მხარდაჭერა.

  1. „ქართული ოცნება“ _ გიორგი ჭიღვარია;
  2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ _ გრიგოლ ვაშაძე;
  3. „ევროპული საქართველო“ _ დავით გოგისვანიძე;
  4. ლეიბორისტული პარტია _ სამსონ გუგავა;
  5. „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი-ირმა ინაშვილი“ _ გიორგი ბახტაძე;
  6. „შენების მოძრაობა“ _ ალუდა გოგლიჩიძე;
  7. „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ _ გოგი წულაია;
  8. „გიორგი ვაშაძე, ერთობა ახალი საქართველო“ _ ზვიად ბაღდავაძე _ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც, ჯერ კიდევ, საპარლამენტო დედაქალაქად წოდებული ქუთაისის თავკაცობისთვის ერთმანეთს ეცილებიან.

ყველა მათგანმა უკვე წარადგინა საკუთარი გუნდი და ამომრჩევლებთან კომუნიკაციასაც აქტიურად აწარმოებს. ქუთაისში არ ჩატარებულა რაიმე სახის კვლევა, რომელიც მოსახლეობის განწყობას მეტ-ნაკლებად ნათელს მოჰფენდა, ან იმას მაინც გამოარკვევდა,  მოსალოდნელია თუ არა მეორე ტური.  ტრადიციულად, ყველა კანდიდატი თავს უპირობო ლიდერად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ სწორედ მათი მერად არჩევის შემთხვევაში ქალაქის განვითარება გარდაუვალია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, მიიჩნევს, რომ ქუთაისს ახლა ორი მთავარი რამ ჭირდება: 1. სასწრაფო დახმარებაა, ანუ ყველა რესურსის მობილიზება და არსებული მძიმე სიტუაციიდან ქალაქის გამოყვანა; 2. ქალაქის სტრატეგიული განვითარება, რათა იგი აღარ იყოს დამოკიდებული აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ტრასის ქალაქში შემოსვლა-არშემოსვლაზე, ან, თუნდაც, პარლამენტის გადატანა-დატოვებაზე.  მისი თქმით, ქუთაისს აუცილებლად უნდა შევძინოთ ფუნქციები და ამის საფუძვლების ჩაყრა 4 წელიწადში სრულიად შესაძლებელია.

გრიგოლ ვაშაძე: „ქალაქი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმ ტრანსფერებზე, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან მოდის. პროფესიონალებმა, რომლებიც მერიაში მოვლენ, მეოთხე ხელისუფლებასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად უნდა მოამზადონ კარგად, ნორმალური ინგლისურით დაწერილი პროექტები, რათა ვესაუბროთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, მოკავშირე ქვეყნების მთავრობებს, ამ ქვეყნების თვითმმართველობებს, სადაც თითქმის ყველას აქვს სპეციალური ფონდები, რომლებიც რეგიონული განვითარებისთვის და დახმარებისთვის არის გამოყოფილი“.

გრიგოლ ვაშაძეს კონკრეტული პასუხი აქვს იმ ოპონენტებისთვისაც, რომლებიც მის მერად გახდომას არაქუთაისელობის გამო გაუმართლებლად მიიჩნევენ:

„როგორც საქართველოს მოქალაქეს ისევე მეკუთვნის ქუთაისი, როგორც იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ქალაქში დაიბადნენ. თუ თბილისს შეიძლება ჰყავდეს კოკსა და სამტრედიაში დაბადებული მერები, რატომ არ შეიძლება ქუთაისს ჰყავდეს თბილისში დაბადებული მერი? მით უმეტეს მაშინ, როცა ჩემი ბებია და ბაბუაც აქ არიან დაბადებულნი. აღასანიშნავია ისიც, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქუთაისს არაქუთაისელი მერი არ ჰყოლია. ერთხელაც ვცადოთ ადამიანი, რომელიც მოვა და გარედან, უცხო თვალით შეხედავს ამ ქალაქს“.

უმუშევრობა მიჩნიათ ქუთაისის მთავარ პრობლემად „პატრიოტებს“.

გრიგოლ ბახტაძე: „გათვლა იმისა, თუ რამდენი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას, ურთულესია. ჩვენ უნდა გავთვალოთ არა იმ ხალხზე, რომელიც აქ არის, არამედ იმ ხალხის დაბრუნებაზე, რომელიც წავიდა თბილისსა თუ სადმე სხვაგან. სწორედ ამ ხალხის დაბრუნებისთვის უნდა შევქმნათ პერსპექტივა ქუთაისში.

ამ ხელისუფლებამ ძალიან ცუდი რამ შემოიღო. „ნაციონალების“ დროს  საკითხი შედარებით დარეგულირებული იყო და მაშინ მეტ-ნაკლებად ყურადღება ექცეოდა გარკვეულ პრობლემებს. ახლა თუკი პიროვნულად არ გაქვს ვინმესთან ურთიერთობა, თუ ვინმეს ინეტრესში არ არის, ყურადღება მოგაქციოს, რაიმეს გაკეთებას, თუნდაც განცხადების დაწერას, აზრი არ აქვს. ისეთ პიროვნებასაც კი, რომელიც ქალაქში შეიძლება ცნობილი იყოს, უჭირს საკითხების მოგვარება, თუკი ვინმეს ინტერესი არ არსებობს. დასამალიც არაა, რომ ქალაქში უკვე მასობრივად დაიწყო პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, დავარქვათ ქრთამია თუ რაღაც დაინტერესება, საკითხების მოგვარება. ეს არის ფაქტი, ეს არის რეალობა“.

ქალაქის განვითარებისთვის და სამუშაო ადგილების შესაქმნელად, როგორც თავად აცხადებს, რამდენიმე მეგაპროექტის განხორციელება აქვს ჩაფიქრებული „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატს.

ზვიად ბაღდავაძე: „ჩვენ ძალიან ამბიციური პროექტი გვაქვს, ეს არის მეგაკოშკი მდინარე რიონზე ბალახვნის ხიდთან, რომელსაც განვახორციელებთ ბიზნესმენთა დახმარებით და ასევე სახელმწიფოს თანადაფინანსებით. მას ექნება ტურისტული და საგანმანათლებლო დატვირთვა, სადაც უამრავი ადამიანი დასაქმდება“.

ბაღდავაძე მიიჩნევს, რომ გასული საუკუნის შემდეგ, როცა ქალაში აღმასკომი და ქალაქკომი არსებობდა,  საქმისადმი მიდგომები არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ სახელწოდებები, მანქანის მარკები, რომლებიც მაღალჩინოსნებს ემსახურება და დაიხვეწა მათი კომფორტის ზონა. სწორედ ამ ზონის რეფორმირებასა და გაბერილი კადრების შემცირებას გეგმავს იგი მერად გახდომის შემთხვევაში.

„დამცირებაა ცუდი და არა შემცირება, ამის არავის შეეშინდეს. ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ 50-კაციან საშტატო ჯგუფს, რომელიც ორიენტირებული იქნება საქმეზე. ამ ჯგუფის დასაკომპლექტებლად ადამიანები შეირჩევიან მხოლოდ კონკურსის წესით. დღეს, მაგალითად, ტრანსპორტის სამსახური უმუშევარი ძმაკაცების დასაქმების ადგილია და როცა მეკითხებიან, როგორ მოაგვარებ ამ პრობლემასო, ვპასუხობ, რომ მოვაშორებ იმას, რაც ქმნის ამ პრობლემას“.

გოგი წულაია ქუთაისისა და არა მარტო ამ კონკრეტული ქალაქის უბედურებად მიიჩნევს რეალური თვითმმართველობის არარსებობას და მერად გახდომის შემთხვევაში ადგილობრივ ხელისუფლებაში ძირეული გარდაქმნების განხორციელებას გეგმავს.

გოგი წულაია: „მერად მოსვლის პირველივე დღეს ავიღებ დოკუმენტაციას იმის გასარკევად, თუ რა არის ეკონომიკის სამინისტროსი და რა არის ქუთაისის საკუთრება. პირველივე დღეს მოვითხოვ სამინისტროსგან, ყველა ეს ობიექტი ჩვენ გადმოგვეცეს, რათა ქალაქში დამატებითი თანხების მოსაზიდად თუ მათთვის კონკრეტული დანიშნულების მოსაძებნად გამოვიყენოთ“.

მერობის კანდიდატი დაუშვებლად მიიჩნევს იმ განსხვავებას, რომელიც ანაზღაურების კუთხით თბილისსა და ქუთაისში აქვთ საბავშვო ბაღის მასწავლებლებს, მეხანძრეებს, სასწრაფო დახმარების ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს.

„მივესალმები ქუთაისის განვითარებას საუნივერსიტეტო კუთხით, მაგრამ ახლის შენება არის რესურსების ტყუილად გადაყრა და ბლეფი. ის თანხები, რის დახარჯვაზეც საუბრობენ და ამას მართლა თუ აპირებენ, ქუთაისში არსებული უნივერსიტეტის დაფინანსებისთვის გამოყონ. კერძოდ, ახალი ლაბორატორიების შესაძენად, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, სპეციალისტების მოსაწვევად. ზღაპრების მოყოლას, თითქოს ოქსფორდს, კემბრიჯს და სხვა ცნობილ უნივერსიტეტებს გადავასწრებთ, თავი უნდა დავანებოთ“.

ლეიბორისტების საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი მუნიციპალური საავადმყოფოს დაარსებას უკავია, რადგან მიიჩნევენ, რომ არსებული სამედიციონო პროგრამები არ იძლევა საშუალებას, სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა სრულყოფილი მომსახურება მიიღონ. მერობის კანდიდატი სამსონ გუგავა ადგილობრივი ბიუჯეტის გადახედვის შემთხვევაში 15 მილიონამდე თანხის გამოთავისუფლების საშუალებას ხედავს, რომელიც სწორედ სოციალურ პროგრამების გაზრდის საშუალებას მისცემს ქალაქს.

სამსონ გუგავა: „ადგილობრივი შემოსავლები არის 20-25 მილიონი და დანარჩენი _ დონაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან. რატომღაც, კარგ მერად ითვლება ის, ვინც მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, იჩალიჩებს, დაალაგებს ურთიერთობას ზემოთ. ვიღაც პრემიერის ახლობელი იქნება, ვიღაც მინისტრის და დიდ ტრანსფერს გამოუშვებს სხვადასხვა მიმართულებით“. გუგავას აზრით, დაუშვებელია ის მიდგომები, რომლითაც ადგილობრივი ხელისუფლება დღეს მართავს ქალაქს. „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში კი პროგნოზირებს, რომ ისინი საკუთარი შემოსავლების გაზრდის კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდებიან: „მმართველი გუნდის ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატის მამა არის პიროვნება, რომელიც ტენდერებს იგებს და შვილი ემისრად გამოაგზავნა, რომელიც საკრებულოში უნდა მოხვდეს და მამის კომპანიას გაუწიოს ლობირება“.

ქუთაისთან დაკავშირებით ამბიცური გეგმები აქვს „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ალუდა გოგლიჩიძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ მათი პროგრამა აბსოლუტურად  ორიენტირებულია მოქალაქეთა საჭიროებებზე. სრულფასოვანი სერვისის მიწოდებისთვის კი არსებული მართვის სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტებს.

„სასურველი ქუთაისი“ _ ასეთი სახელწოდების მეგაპროგრამას გვთავაზობს ალუდა გოგლიჩიძე, რომელიც, თავის მხრივ, 3 ქვეპროგრამისგან შედგება და როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად.

ალუდა გოგლიჩიძე: „პირველ რიგში, ქალაქი სასურველი უნდა იყოს აქ მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის. ვხედავთ, რომ გაუმართლებელი ემიგრაციაა და დღესაც კი ადამიანები განწყობილნი არიან, ქვეყნიდან გააღწიონ.  თუკი ეს სურათი არ შეიცვალა, ფიზიკურად ვერ შევძლებთ ქალაქის განვითარებას, რადგან ადამიანური რესურსი არ გვეყოლება.

ქალაქს უნდა ჰქონდეს ურბანული გეგმა, უნდა გავაკეთოთ მეორე წრიული გზა, ტრამვაი, რომელიც ქალაქის ცენტრს აეროპორტთან დააკავშირებს. ყველა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ინსტრუმენტი არსებობს. ერთია, კერძო სექტორთან თანამშრომლობა, რომელიც ასამოქმედებელია. ყოველივე ამას იმიტომ განვიხილავთ, რომ ქალაქი მიმზიდველი იყოს ინვესტორისთვის, ტურისტისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიპყრობა შევძლოთ. ყველაფერი ეს იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი შენ სწორი გზით მიდიხარ არა ერთი მიმართულებით, უბრალოდ, გზას კი არ აგებ, არამედ ამ გზას საჭიროების მიმართულებით აგებ“.

უამრავ პრობლემას ხედავს ქალაქში „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, დავით გოგისვანიძე, თუმცა მის პროგრამაში მთავარი ადგილი უჭირავს უაღრესად დამძიმებული სოციალური ფონის გამოსწორებას. მათ შორის არის 35 ათასი ქუთაისელი პენსიონერისთვის საპენსიო დანამატის გაცემაც, რის შესრულებასაც იგი ბიუჯეტში გაუმართლებელი ხარჯების აღმოფხვრის ხარჯზე აპირებს.

დავით გოგისვანიძე: „ა(ა)იპებში, სიპებსა და მერიის სტრუქტურებში ახლანდელი თანამშრომლების რაოდენობა ყოველგვარ ზღვარს აღემატება, გაორმაგებული და გასამმაგებულია. ეს მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ გვპირდებოდა, რომ ყველაფერი პირიქით იქნებოდა. საბავშვო ბაღებშიც კი თანამშრომლები ისეთი რაოდენობით არიან, რომ ვერც ერთი კაბინეტი ვეღარ იტევს. თანხების ეკონომიის მიღწევას შევძლებთ ტენდერების გამოცხადების შემდეგ. სამწუხაროდ, დღეს ტენდერებში კომპანიები შეჯიბრებითობის პრინციპით აღარ სარგებლობენ. ორი, ან, მაქსიმუმ, სამი კომპანია მონაწილეობს, რაც შესაბამისად არ იწვევს ეკონომიას. ჩვენი ინფორმაციით, ტენდერი მაქსიმალური ფასებით იწერება, რადგან გამარჯვებული წინასწარ არის ცნობილი და სხვებს, უბრალოდ, მონაწილეობის საშუალებას არც აძლევენ. სწორედ ამ მიდგომის შეცვლის შემდეგ შესაძლებელია 20-30%-იანი დანაზოგის მიღება და ამ თანხების სოციალური მიმართულებით გადასროლა“. დავით გოგისვანიძე ხელისუფლებას ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის ჩამორთმევისკენ გადადგმულ ნაბიჯებში ადანაშაულებს. სწორედ ამას უკავშირებს იგი ინვესტორების მხრიდან ქუთაისისადმი გამოხატული ინტერესის დაკარგვას და, შესაბამისად, ქალაქის განვითარების შეფერხებას.

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია. იგი მერად გახდომის შემთხვევაში ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მიღებას მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით გვპირდება, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული.

გიორგი ჭიღვარია: „აუცილებელია, რომ ქალაქს ჰქონდეს გენერალური განვითარების გეგმა. დარწმუნებული ვარ, მე და ჩემი გუნდი ამით ვიამაყებთ, რადგან ეს, ჯერჯერობით, ვერავინ გააკეთა. მნიშვნელოვანია ქუთაისის იერსახის შენარჩუნება და მისი სწორი მიმართულებით განვითარება. აუცილებელია რეკრეაციული ზონების შენარჩუნება და დამატება. მნიშვნელოვანია, შენობა-ნაგებობებს, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, ნორმალური სახე მიეცეს და განადგურებისგან დავიცვათ“.

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ პროგრამიდან, რომელსაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ახმოვანებს.

მმართველი გუნდი ქუთაისლებს 2018 წლისთვის იმ პრობლემის მოგვარებასაც ჰპირდება, რომელიც სასმელ წყალს უკავშირდება. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მომავალი წლისთვის ქალაქში 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება, რასაც მისი ოპონენტები რეალობას მოკლებულ დაპირებად მიიჩნევენ.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი უსაფუძვლოს უწოდებს ვნებათაღელვას  ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან  დაკავშირებით. მისი განცხადებით,  მშენებლობის შესახებ მერიის მხრიდან ნებართვა გაცემულია, გაჭიანურებას კი მიუნჰენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან გარკვეული კორექტივების შეტანას უკავშირებს.

მოკლედ, როგორც არჩევნებს სჩვევია, ამჯერადაც, ქუთაისლები უხვად გაცემულ დაპირებებს ისმენენ. რომელი კანდიდატი მოახერხებს მათი გულების მოგებას და პროცენტებში როგორ გამოიხატება ყოველივე, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

ხვიჩა ვაშაყმაძე